-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
მაგრამ, სად იქნებოდა მათი მსახურება ყველაზე ნაყოფიერი? ავსტრალიის ფილიალმა ისინი მადანგში გააგზავნა.
პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ მადანგში „ყანები“ მზად იყო მოსამკელად (იოან. 4:35). იქაურ მაუწყებელთა პატარა ჯგუფი დაინტერესებულებზე ზრუნვას ვერ აუდიოდა. მაგრამ, როდესაც ამ ქალაქში კანადელი პიონერი მეთიუ პოპი ჩავიდა თავის ოჯახთან ერთად და სახლი შეიძინა, რომლის ეზოშიც რამდენიმე პატარა სახლი იდგა, შესაძლებელი გახდა იქ უფრო მეტი პიონერის გაგზავნა.
მადანგის ოლქში რაბაულიდან რვა პიონერი ჩავიდა საქადაგებლად. ერთ-ერთმა მათგანმა, ტამულ მარუნგმა, ველოსიპედი იყიდა და გემით თავის მშობლიურ სოფელში, ბასკენში ჩავიდა, რომელიც მადანგიდან ჩრდილოეთით 48 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. ბასკენში ქადაგების შემდეგ ველოსიპედით მადანგში დაბრუნდა და გზადაგზა ქადაგებდა. მოგვიანებით ბასკენში დაბრუნდა, კრება ჩამოაყალიბა და კიდევ 25 წელი იმსახურა იქ პიონერად. ამასობაში ის დაქორწინდა და შვილებიც ეყოლა. წლების შემდეგ მისი ქალიშვილი და ძმისშვილი ბეთელში მსახურობდნენ.
იმ ხანებში ჯონ და ლინა დეივისონები მადანგში შეხვდნენ კალიპ კანაის, სოფელ ტალიდიგის სკოლის მასწავლებელს. ეს პატარა სოფელი ბასკენსა და მადანგს შორის მდებარეობდა. ცოტა ხანში ჯონი და ლინა რეგულარულად ჩადიოდნენ ტალიდიგში, რათა კალიპისა და მისი ნათესავებისთვის ბიბლია ესწავლებინათ. ეს სასტიკად არ მოეწონა სკოლის კათოლიკე ინსპექტორს. მან პოლიციას უბრძანა, რომ კალიპი და მისი ნათესავები სოფლიდან გაეძევებინათ. მაგრამ ამან ისინი ვერ შეაშინა; მათ მეზობელ სოფელს, ბაგილდიგს შეაფარეს თავი და იქ საკმაოდ ძლიერი კრება ჩამოაყალიბეს. მოგვიანებით მათ ამ სოფელში ააშენეს დიდი სამეფო დარბაზი, რომელსაც დიდი თუ პატარა კონგრესების ჩასატარებლადაც იყენებდნენ. დღეისათვის მადანგის ოლქში შვიდი კრება და ორი ჯგუფია.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 101 გვერდზე]
„არასოდეს დავთმობთ“
კალიპ კანაი
დაიბადა: 1922 წ.
მოინათლა: 1962 წ.
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ერთ-ერთი პირველი, ვინც მადანგის ოლქში ჭეშმარიტება მიიღო. მოგვითხრო მისმა ვაჟმა, ულპეპ კალიპმა.
◼ მამაჩემი თავმდაბალი და გამჭრიახი ადამიანი იყო. როცა რაიმე პრობლემაზე ესაუბრებოდი, სანამ თავის აზრს გეტყოდა, ჯერ ყურადღებით მოისმენდა და კარგად გაანალიზებდა.
თხუთმეტი წლისა ვიყავი, როცა ზვიგენმა მუხლს ქვემოთ ფეხი მომაჭამა და მადანგის საავადმყოფოში მოვხვდი. ჩემთან ჩამოსულ მამას ჯონ დეივისონი შეხვდა. მან უთხრა: „იეჰოვას შეუძლია ახალი ფეხი მისცეს შენს შვილს ახალ ქვეყნიერებაში“. მამაჩემი ძალიან დაინტერესდა, დაიწყო ბიბლიის შესწავლა, რასაც სერიოზულად ეკიდებოდა და მალე ძლიერი რწმენა შეიძინა.
მამაჩემმა და მისმა ნათესავებმა დატოვეს კათოლიკური ეკლესია. ამის გამო ეკლესიამ წააქეზა პოლიცია, სახლებიდან გავეძევებინეთ. გვქონდა ახალაშენებული თორმეტი სახლი, რომლის ირგვლივაც აყვავებული ბაღები იყო გაშენებული. პოლიციამ ცეცხლმოდებული მაშხალები ესროლა ჩალის სახურავებს და ისინიც ცეცხლის ალში გაეხვა. სახლებში შევცვივდით, რომ რაიმე მაინც გადაგვერჩინა, მაგრამ ისეთი კვამლი იდგა და ისე ბრიალებდა ცეცხლი, რომ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ყველანი ვტიროდით, როცა ვხედავდით, როგორ იქცა ჩვენი სახლები ფერფლად.
ძალზე დამწუხრებულებმა მეზობელ სოფელს, ბაგილდიგს მივაშურეთ, სადაც სოფლის თავკაცმა მიგვიღო და ერთ პატარა ქოხში დაგვაბინავა. მაშინ მამამ მთელ ოჯახს შეგვახსენა: „იესოს დევნიდნენ, ამიტომ უნდა ველოდეთ, რომ ხალხი ჩვენც გაგვდევნის. მაგრამ არასოდეს დავთმობთ ჩვენს რწმენას!“
-