საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • ბავშვები, რომლებიც პატივს მიაგებენ თავიანთ შემოქმედს

      პაპუა-ახალ გვინეაში ბევრი ბავშვი სირთულეების მიუხედავად, ბიბლიით განსწავლული სინდისით ხელმძღვანელობდა და ამით შესანიშნავად ამოწმებდა. მაგალითად, 1966 წლის დასაწყისში დაწყებითი კლასის მასწავლებელმა შვიდ იეჰოვას მოწმე ბავშვს უთხრა, რომ მომდევნო კვირას დაგეგმილ ცერემონიალზე მათგანაც მოითხოვებოდა დროშისთვის სალმის მიცემა. მაგრამ ამ ცერემონიალზე შეკრებილი დაახლოებით 300 მოსწავლის წინაშე შვიდივემ უარი განაცხადა ამ რიტუალის შესრულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათმა მშობლებმა წერილობითი თხოვნით მიმართეს სკოლის ხელმძღვანელობას, ნება მიეცათ მათი შვილებისთვის, არ დასწრებოდნენ ცერემონიალს, ეს ბავშვები სკოლიდან მაინც გარიცხეს. ადგილობრივი კრების უხუცესმა ამ საქმის მოგვარება სთხოვა პაპუა-ახალი გვინეისა და ავსტრალიის მთავრობის წარმომადგენლებს.

      23 მარტს პაპუა-ახალი გვინეის ავსტრალიელმა ადმინისტრატორმა დაურეკა სკოლის ხელმძღვანელობას და მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ ბავშვები სკოლაში. ეს იყო მცირე იურიდიული გამარჯვება, რომელიც ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლობამ მოიპოვა. დღეს პაპუა-ახალი გვინეის მთავრობა პატივს სცემს ბავშვების უფლებას, არ მისცენ დროშას სალამი, თუ მათ სინდისი არ რთავს ამის ნებას.

      „ჩვილები და ძუძუთა ბავშვები“ სხვაგვარადაც განადიდებენ იეჰოვას (მათ. 21:16). მოვიყვანოთ მთიან მხარეში მცხოვრები ნეიომის მაგალითი. მისი მშობლები, ჯოუ და ჰელენი, არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები. ნეიომი დაახლოებით სამი წლისა იყო, როცა ლაეში თავის დეიდასთან სადღაც ერთი წლით დარჩა. დეიდა აქტიური იეჰოვას მოწმე იყო. მას რეგულარულად დაჰყავდა ნეიომი მსახურებაში და ხშირად დაატარებდა მას ზურგზე აკიდებულს. ასეთი სახით ნეიომი ნელ-ნელა ეცნობოდა სამეფოს ცნობას, განსაკუთრებით კი იმის წყალობით, რომ დეიდამისი ეფექტურად იყენებდა ილუსტრაციებს წიგნიდან „ბიბლიური მოთხრობები“.

      ერთხელ, როდესაც ნეიომი უკვე თავის მშობლებთან იყო, აიღო იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთი პუბლიკაცია, გავიდა გარეთ და თავისი სახლის კარზე ხმამაღლა დააკაკუნა. „შემოდი“, — დაუძახეს მშობლებმა. ისიც შევიდა და უთხრა: „გამარჯობათ. მე იეჰოვას მოწმე ვარ და თქვენთან ბიბლიაზე სასაუბროდ მოვედი“. ჯოუ და ჰელენი გაოგნებულები უყურებდნენ, მან კი უთხრა: „ბიბლია ამბობს, რომ ამ მიწაზე სამოთხე იქნება და ჩვენ ერთი მეფე, იესო გვეყოლება. ყველაფერი, რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ, იეჰოვამ შექმნა“.

      ჯოუ და ჰელენი განცვიფრდნენ. „რას იფიქრებენ მეზობლები, — წამოიძახა ჯოუმ, — ხვალ ბავშვი სახლიდან არ გაუშვა“.

      მეორე დღეს, როდესაც მშობლები ეზოში ისხდნენ, ნეიომმა თავის საძინებელი ოთახის კედელზე ხმამაღლა დააკაკუნა. „გამოდი“, — დაუძახა ჯოუმ. ნეიომიც მაშინვე გავიდა გარეთ და სხვა სიტყვებით დაიწყო შეთავაზება: „გამარჯობათ. მე იეჰოვას მოწმე ვარ და თქვენთან საქადაგებლად მოვედი. კარგი ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე, მაგრამ ისინი, ვინც ბრაზდებიან და ცუდ რამეებს აკეთებენ, სამოთხეში არ იქნებიან“. მშობლები თავზარდაცემულნი იყვნენ. ჰელენს ტირილი აუვარდა, ჯოუ კი სახლში შევარდა და დასაძინებლად დაწვა.

      იმ ღამეს ჯოუს ცნობისმოყვარეობამ სძლია, გადაშალა თავისი ძველი ბიბლია, მეფე იაკობის თარგმანი, და სრულიად შემთხვევით წააწყდა იეჰოვას სახელს. დილას, იმის მაგივრად, რომ სამსახურში წასულიყო, დაუწერა წერილი იეჰოვას მოწმეებს და 40 კილომეტრი გაიარა ავტომობილით, რათა ჩასულიყო მაუნტ-ჰაგენში და სამეფო დარბაზში დაეტოვებინა ეს წერილი.

      ძმებმა მიაკითხეს ჯოუსა და ჰელენს და მათთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. მათ ჰელენს კითხვაც ასწავლეს. საბოლოოდ ორივენი მოინათლნენ და ჰელენი უკვე ბიბლიის სხვა შემსწავლელებს ასწავლიდა წერა-კითხვას. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ პატარა გოგონა ღვთის განდიდების ძლიერი სურვილით მოქმედებდა.

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • [სურათები 145 გვერდზე]

      ამ ბავშვებიდან ზოგიერთი სკოლიდან გარიცხეს დროშისთვის სალმის არ მიცემის გამო

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება