-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
დაუვიწყარი შეკრებები
1955 წლის ივლისში კანადელი ჯონ კატფორტი, რომელიც ავსტრალიაში მისიონერად მსახურობდა, პორტ-მორზბის ეწვია, როგორც სარაიონო ზედამხედველი. მას ძალიან მოეწონა ეს ტროპიკული ქვეყანა, იქაური თავმდაბალი ხალხი და მათი ცხოვრების სტილი. მაშინ ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პაპუა-ახალ გვინეაში 35 წელზე მეტ ხანს იმსახურებდა.
ჯონს თან ჰქონდა დოკუმენტური ფილმი „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებაში“, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორ ეწეოდა ორგანიზება იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას და როგორ ტარდებოდა მათი კონგრესები. მან თავისი სამ-კვირიანი სტუმრობის დროს 14-ჯერ მოაწყო ფილმის ჩვენება. ფილმის ჩვენებებს ასობით ადამიანი ესწრებოდა, ერთხელ კი დაახლოებით 2 000-მა ადამიანმა მოიყარა თავი. ფილმმა დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე. ბევრს მანამდე კინოფილმი საერთოდ არ ჰქონდა ნანახი.
ჯონის სტუმრობა ჰაიმაში ერთდღიანი სარაიონო კონგრესით დასრულდა. „როდესაც მონათვლის მსურველებს სთხოვეს, ამდგარიყვნენ, სამოცდაათი ადამიანი წამოდგა ფეხზე, — იხსენებს ტომ კიტო. — უდიდეს მადლიერებას ვგრძნობდით, როცა ვხედავდით მდინარის პირას ჩამწკრივებულ 40 ძმასა და 30 დას, რომელთაც იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მონათვლა სურდათ“.
მომდევნო წელს ძმებმა ჰაიმაში მეორე სარაიონო კონგრესის ჩატარება დაგეგმეს. სოფლის თავკაცს, ბობოგის, დაავალეს საჭირო ნაგებობების აგება და დამსწრეთათვის საჭმლის მომზადება. კონგრესამდე სამი დღით ადრე ახალი სარაიონო ზედამხედველი, ავსტრალიელი ჯონ (ტედ) სიუელი, შეხვდა ბობოგის, რათა სამზადისზე დალაპარაკებოდა.
— რა ააშენეთ უკვე? — პირდაპირ საქმეზე გადავიდა ტედი.
— ჯერ არაფერი, — უპასუხა ბობოგიმ.
— დღეს ხუთშაბათია ბობოგი, კვირას უკვე კონგრესი იწყება, — შეიცხადა ტედმა.
— ყველაფერი რიგზეა ძმაო, — მიუგო ბობოგიმ. — ყველაფერს შაბათს გავაკეთებთ.
ტედი თავზარდაცემული დაბრუნდა პორტ-მორზბიში. ის დარწმუნებული იყო, რომ კონგრესი არაორგანიზებულად ჩატარდებოდა.
კვირას ჰაიმაში მიმავალ ტედის იმის გაფიქრებისაც კი ეშინოდა, თუ რა დახვდებოდა იქ. ადგილზე მისული თვალებს ვერ უჯერებდა. უზარმაზარი ხის ქვეშ, რომელიც დიდ, გასუფთავებულ ადგილს გაჰყურებდა, კარგად გაკეთებული ხის სცენა იდგა. ცოტა მოშორებით წვავდნენ გოჭებს, კენგურუ-ვალაბებს, ირმებს, მტრედებს, თევზს, ჩინურ კარტოფილს და ბატატს, ღია ცეცხლზე შედგმულ ჩაიდნებში კი წყალი თუხთუხებდა. ადგილობრივი მასალით აგებულ „სასადილოში“ დიდძალი ხალხი ურთიერთობით ტკბებოდა. ამ ყველაფერს ბობოგი მშვიდად ადევნებდა თვალს. ტედი გაოგნებული იდგა!
— ბობოგი, სად ისწავლე ეს ყველაფერი? — ჰკითხა გაოცებულმა ტედმა.
— იმ ფილმში ვნახე, ჯონ კატფორტმა რომ გვაჩვენა შარშან, — უპასუხა ბობოგიმ.
კონგრესს 400-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ისინი რვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ. 73 ადამიანი მოინათლა. წლების შემდეგ ამ კონგრესს „ბობოგის კონგრესი“ უწოდეს.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
ნახატებით ქადაგება
1957 წელს ჯონ კატფორტი საცხოვრებლად გადავიდა პაპუა-ახალ გვინეაში და მიმოსვლით მსახურებას შეუდგა. მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა პირველად მოინახულა, ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ რომელი მეთოდი იქნებოდა ყველაზე ეფექტური ადგილობრივ მოსახლეობასთან ქადაგებისას, რადგან უმეტესობამ წერა-კითხვა არ იცოდა. ახლა ის უკვე მზად იყო, ხორცი შეესხა თავისი იდეებისთვის.
კრების ან დამოუკიდებელი ჯგუფის მონახულების დაწყებისას ჯონი თარჯიმნისა და თავის სახელებს დაფაზე წერდა. შემდეგ ზეცისკენ მიუთითებდა და დამსწრეებს ეკითხებოდა: „რა ჰქვია ღმერთს?“. დაფაზე დაწერდა მათ პასუხს — „იეჰოვა“ — მის ზემოთ კი წააწერდა „ფსალმუნის 83:18“-ს. ქვემოთ მარცხენა ნაწილში წერდა: „ძველი ქვეყნიერება“ და ხატავდა ორ მოჩხუბარ კაცს, მომტირალ ადამიანს, საფლავს და გვერდით „რომაელების 5:12“-ს უწერდა. დაფის მარჯვენა ნაწილში კი წერდა: „ახალი ქვეყნიერება“, ხატავდა ორ კაცს, რომლებიც ერთმანეთს ხელს ართმევდნენ, მომღიმარ სახესა და გადახაზულ საფლავს, ბოლოს კი მიაწერდა „გამოცხადების 21:4“-ს. ამის შემდეგ ენთუზიაზმით წარმოთქვამდა თავის მოხსენებას და ნახატების მნიშვნელობას ხსნიდა. ბოლოს რამდენიმე დამსწრეს სთხოვდა, გამოსულიყო და გაემეორებინა მისი ნათქვამი. მას შემდეგ, რაც ნასწავლს დაიმახსოვრებდნენ, ჯონი ეუბნებოდა მათ, ქაღალდზე გაეკეთებინათ მსგავსი ნახატები და ქადაგებისას გამოეყენებინათ.
-