-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
„დიდ სოფელში“ ქადაგება
თორმეტი წლის შემდეგ, 1951 წლის 22 სექტემბერს, როცა პორტ-მორზბის აეროპორტში ტანმაღალმა ავსტრალიელმა, ტომ კიტომ თვითმფრინავიდან ფეხი გადმოდგა, სახეში ნოტიო და ცხელი ჰაერი მიესალბუნა. ის იყო 47 წლის იეჰოვას მოწმე, რომელიც გამოეხმაურა მოწოდებას და წყნარი ოკეანის კუნძულებზე სამქადაგებლო საქმე წამოიწყო. ექვსი კვირის შემდეგ მასთან ჩავიდა მისი მეუღლე როვენა. მათ მთელ პაპუა-ახალ გვინეაში უნდა ექადაგათ.
ტომი და როვენა მალე მიხვდნენ, რომ პორტ-მორზბიში მცხოვრებ თეთრკანიანთა უმეტესობას სამეფოს ცნობა არ აინტერესებდა. თუმცა ისინი შეხვდნენ თავიანთ თანამემამულეს, ჯეფ ბაკნელს, რომელიც ახალგაზრდობაში ჩამოშორებოდა ჭეშმარიტებას. მან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მეუღლესთან, აირინთან, ერთად ღვთის ერთგული მსახური გახდა.
ტომი და როვენა მოგვიანებით საქადაგებლად წავიდნენ ჰანუაბადაში, რაც ადგილობრივ მოტუ ენაზე „დიდ სოფელს“ ნიშნავს. ეს სოფელი პორტ-მორზბის ნავსადგურთან წყალზე იყო გაშენებული. ბოძებზე აგებულ ასობით სახლს ერთმანეთთან და სანაპიროსთან ხის გადასასვლელები აკავშირებდა. „დიდძალი ხალხი იკრიბებოდა ჩვენს გარშემო სასიხარულო ცნობის მოსასმენად, — წერს როვენა. — იმდენ ადამიანს უნდოდა ბიბლიის შესწავლა, რომ ორი თვის განმავლობაში ყოველ საღამოს, ორი საღამოს გარდა, ვატარებდით ბიბლიის შესწავლებს“. ტომი დასძენს: „ამ ხალხს ძალიან მოეწონა მკვდრეთით აღდგომისა და სამოთხეში ცხოვრების იმედი. მართალია, მათ ქრისტიანული სამყაროს მისიონერები და ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები სწავლის შეწყვეტას აიძულებდნენ, ერთსაც არ უთქვამს შესწავლაზე უარი. ჭეშმარიტება მართლაც ღრმად იყო მათ გულებში ფესვგადგმული“.
მათ შორის, ვინც ამ დროს ჭეშმარიტების მხარე დაიკავა, იყვნენ რაჰო და კონიო რაკატანები, ოდა სიონი, გევა ნიოკი და მისი ქმარი ჰენი ჰენი, რომელმაც 16 წლით ადრე „სინათლის მატარებლის“ ეკიპაჟის წევრებისგან მიიღო ბიბლიური ლიტერატურა. მალე ჰენი ჰენის სახლში 30-მდე დაინტერესებული რეგულარულად ესწრებოდა შეხვედრებს. „კაცები ოთახის ერთ მხარეს ისხდნენ, ქალები კი — მეორე მხარეს, — იხსენებს ოდა სიონი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ პატარა ბიჭუნა იყო. — ქალებს ბალახისგან დამზადებული ქვედაბოლოები ეცვათ, ზემოდან კი შიშვლები იყვნენ. თავიანთი პატარები ფერად-ფერადი ბადე-ჩანთებით დაჰყავდათ. შეხვედრების დროს ამ ჩანთებს ჭერის კოჭებზე გადაჰკიდებდნენ ხოლმე; მოაწოვებდნენ ძუძუს ბავშვებს, ჩააწვენდნენ ჩანთებში და ნელ-ნელა აქანავებდნენ, რომ ჩასძინებოდათ“.
ტომ კიტო შეხვედრებს თარჯიმნის დახმარებით ატარებდა. ცხადია, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მიდიოდა. „ერთ შეხვედრაზე პროგრამას ჰენი ჰენის ძმა, ბადუ თარგმნიდა, — იხსენებს დონ ფილდერი, რომელიც პაპუა-ახალ გვინეაში 1953 წელს ჩავიდა. — თავიდან ისე ჩანდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო; ბადუ ტომის ნათქვამს თარგმნიდა და მის ჟესტებსაც კი იმეორებდა. მხოლოდ მოგვიანებით გავიგეთ, რომ ის ტომის ნათქვამიდან ვერაფერს იგებდა. ის უბრალოდ ამბობდა იმას, რაც ჭეშმარიტების შესახებ იცოდა და ბუნებრიობის შესანარჩუნებლად ტომის ჟესტებს იმეორებდა“. ამგვარი სირთულეების მიუხედავად, ეს ჯგუფი სწრაფად გაიზარდა; მალე სოფელ ჰანუაბადაში მეორე ჯგუფიც ჩამოყალიბდა; ისინი შეხვედრებს რაჰო რაკატანის სახლში ატარებდნენ.
„მოდით და ჩემს ხალხსაც ასწავლეთ“
1952 წლის დასაწყისში ბობოგი ნაიორი, რომელიც კოიარი ტომის ერთ-ერთი თავკაცი და ცნობილი ექიმბაში იყო, თავის „ვანტოკს“ (თანატომელს), ჰენი ჰენის ესტუმრა და მის სახლში ჩატარებულ შეხვედრასაც დაესწრო. ნანახმა და მოსმენილმა ის იმდენად გააოცა, რომ მოგვიანებით ტომ კიტოსთან მივიდა და დაჟინებით სთხოვა: „გთხოვთ, მოდით და ჩემს ხალხსაც ასწავლეთ ჭეშმარიტება!“
ცოტა ხნის შემდეგ ტომი და როვენა თავიანთი ძველი, პატარა სატვირთო ავტომობილით მართლაც გაუდგნენ 25-კილომეტრიან ტალახიან გზას პორტ-მორზბის ჩრდილოეთით მდებარე ბობოგის პატარა სოფელ ჰაიმასკენ. ტომმა უქადაგა იქ შეკრებილ ხალხს, თავად ბობოგიმ კი თარჯიმნობა გასწია. დაახლოებით 30-მა კაცმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა.
ცოტა ხნის შემდეგ ჰაიმაში მცხოვრებმა დაინტერესებულებმა ქრისტიანული შეხვედრების ჩასატარებლად პატარა დარბაზი ააგეს. „ეს იყო უბრალო ხის კარკასი, რომელსაც სახურავი ბალახის ჰქონდა, კედლების მაგივრობას კი დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე დაწნული ბამბუკის ლასტები სწევდა, — იხსენებს ელსი ჰორსბერგი, რომელიც მოგვიანებით ამ დარბაზში ესწრებოდა კრების შეხვედრებს. — შიგნით დარბაზში ნორჩი ხისგან დამზადებული სკამები, ნავთის ლამპა და პატარა დაფა იდგა“. ეს უბრალო ნაგებობა გახდა პაპუა-ახალ გვინეაში პირველი სამეფო დარბაზი.
ამის შემდეგ ბობოგიმ მოისურვა, რომ სასიხარულო ცნობა ახლომახლო მთებში მცხოვრებ „ვანტოკებსაც“ მოესმინათ. ასე რომ, ის და ტომი გაუდგნენ ციცაბო მთაზე გამავალ გზას და სოგერის პლატოზე ავიდნენ. მალე იქ მდებარე სამ სოფელში ისინი 90-ზე მეტ ადამიანს ასწავლიდნენ ბიბლიას.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
◼ ერთხელ ჩემმა უფროსმა დამ ტომი და როვენა კიტოები დაინახა, როცა ისინი ჰანუაბადაში ხის გადასასვლელ ხიდებზე ქადაგებდნენ, და მთხოვა, დავსწრებოდი მათ შეხვედრებს, რათა რამე გამეგო ამ „ახალი რელიგიის“ შესახებ. მაშინ ეს შეხვედრები ბიბლიის ერთ-ერთი შემსწავლელის, ჰენი ჰენი ნიოკის სახლში ტარდებოდა.
იმ დროს 13 წლისა ბუნებით ძალიან მორცხვი ვიყავი. შევედი ჰენი ჰენის სახლში, სადაც 40 ჩემი თანასოფლელი შეკრებილიყო, ჩუმად დავჯექი უკან, თავი ხელებში ჩავრგე და მთელი შეხვედრის განმავლობაში ასე ვიყავი. ძალიან მომეწონა მოსმენილი და შეხვედრებზე სიარული დავიწყე. მალე ჰენი ჰენიმ მთხოვა, რომ ტომ კიტოს მოხსენება ინგლისურიდან მოტუ ენაზე მეთარგმნა. დამსწრეთაგან უმეტესობას ეს ენა ესმოდა.
-