საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ულამაზესი ბაღი
    ბიბლიური მოთხრობები
    • ცხოველები, ყვავილები, ხეები, და ჩანჩქერი ედემის ლამაზ ბაღში

      მოთხრობა 2

      ულამაზესი ბაღი

      შეხედე ამ სურათს! რა ლამაზია ეს ყველაფერი — ბალახი, ხეები, ყვავილები და ცხოველები! მოდი ამ სურათზე სპილო და ლომები მოვძებნოთ.

      როგორ გაჩნდა ეს ულამაზესი ბაღი? მოდი გავიგოთ, როგორ მოგვიმზადა ღმერთმა დედამიწა.

      თავდაპირველად, ღმერთმა დედამიწაზე ბალახი აღმოაცენა. მერე პატარა მცენარეები, ბუჩქები და ხეები შექმნა, რომლებიც დედამიწას ალამაზებს. მრავალი მათგანი გემრიელ ნაყოფს იძლევა.

      შემდეგ ღმერთმა შექმნა თევზები, რომ წყალში ეცურათ, და ჩიტები, რომ ცაში ეფრინათ. მან შექმნა დიდი და პატარა ცხოველები, მაგალითად ძაღლები, კატები და ცხენები. შენ რომელი ცხოველები იცი? ხომ გიხარია, რომ ღმერთმა ისინი ჩვენთვის შექმნა?!

      ბოლოს ღმერთმა დედამიწაზე ერთი ადგილი განსაკუთრებით გაალამაზა და მას ედემის ბაღი უწოდა. ირგვლივ ყველაფერი ძალიან ლამაზი და კარგი იყო. ღმერთს უნდოდა, რომ მთელი დედამიწა ამ ლამაზ ბაღს დამსგავსებოდა.

      ახლა კიდევ ერთხელ შეხედე ამ სურათს. იცი, ღვთის აზრით, რა აკლდა ამ ბაღს? მოდი გავიგოთ.

      დაბადება 1:11—25; 2:8, 9.

  • პირველი ადამიანები
    ბიბლიური მოთხრობები
    • ადამი და ევა ედემის ბაღში

      მოთხრობა 3

      პირველი ადამიანები

      რით განსხვავდება ეს სურათი წინა სურათისგან? მართალი ხარ, აქ ადამიანები არიან. ეს პირველი კაცი და ქალია. ვინ შექმნა ისინი? ღმერთმა. იცი ღვთის სახელი? მას იეჰოვა ჰქვია. კაცს ადამი ჰქვია, ქალს კი — ევა.

      აი როგორ შექმნა იეჰოვა ღმერთმა ადამი: მან აიღო მიწის მტვერი, გამოძერწა სრულყოფილი ადამიანის სხეული, ჩაჰბერა მას სიცოცხლის სუნთქვა და ადამი გაცოცხლდა.

      იეჰოვა ღმერთმა ადამს დავალება მისცა. მან უთხრა, რომ ცხოველებისთვის სახელები დაერქმია. შესაძლოა, ადამი დიდხანს აკვირდებოდა ცხოველებს, რომ შესაფერისი სახელები შეერჩია. ერთხელ ცხოველებისთვის სახელების დარქმევისას ადამმა რაღაც შენიშნა. იცი, რა?

      ცხოველები დაწყვილებულები იყვნენ. იყო დედა სპილო და მამა სპილო, დედა ლომი და მამა ლომი. მაგრამ ადამს არავინ ჰყავდა. ამიტომ იეჰოვამ დააძინა ადამი, ერთი ნეკნი ამოუღო და ამ ნეკნისგან ცოლი შეუქმნა.

      ადამი ძალიან ბედნიერი იყო. წარმოიდგინე, ევაც რა ბედნიერი იქნებოდა ასეთ მშვენიერ ბაღში. ახლა მათ შეეძლოთ ჰყოლოდათ შვილები და ბედნიერად ეცხოვრათ.

      იეჰოვას სურდა, ადამსა და ევას მარადიულად ეცხოვრათ და მთელი დედამიწა ედემის ბაღივით გაელამაზებინათ. ადამსა და ევას, ალბათ, დიდ სიხარულს ანიჭებდა ამ დავალებაზე ფიქრი. შენ რას იზამდი, იქ რომ ყოფილიყავი? ალბათ, შენც მოგინდებოდა, მათთან ერთად გაგელამაზებინა დედამიწა. სამწუხაროდ, ადამისა და ევას ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. მოდი გავიგოთ, რატომ.

      ფსალმუნი 83:18; დაბადება 1:26—31; 2:7—25.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება