ნამდვილად აფასებ იეჰოვას კურთხევებს?
შუა ხნის მამაკაცს, სახელად კენიჩის, გაცივების ნიშნები ჰქონდა და წამლის საყიდლად აფთიაქს მიაშურა. წამალმა ალერგია მისცა, მთელ ტანზე გამოაყარა და წყლულები გაუჩნდა. გასაკვირი არ არის, რომ მას ეჭვები წამოეჭრა: ეტყობა, ფარმაცევტმა საკმარისი ყურადღება არ გამოავლინა.
ზოგი იეჰოვა ღმერთის შესახებ იმავეს ფიქრობს, რასაც კენიჩი ფიქრობდა ფარმაცევტზე. ისინი ეჭვობენ, რომ ყოვლისშემძლე იეჰოვა ღმერთი ნამდვილად არის თითოეული ჩვენგანით დაინტერესებული. მათ ესმით, რომ ღმერთი კეთილია, მაგრამ დარწმუნებულები არ არიან, რომ ის თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს. ასე განსაკუთრებით მაშინ ფიქრობენ, როცა მათი ცხოვრება არც ისე აწყობილია ან, როცა ბიბლიური პრინციპებისადმი ერთგულება მძიმე პრობლემებს უქმნის. მათ არა აქვთ გარჩევის უნარი და თავიანთ პრობლემებში ღმერთს ადანაშაულებენ, როგორც კენიჩი, რომელიც ფარმაცევტს ადანაშაულებდა გამონაყარისა და წყლულების გამო (იგავნი 19:3).
იეჰოვა არ უნდა შევადაროთ არასრულყოფილ ადამიანს. ადამიანის შესაძლებლობები და ცოდნა შეზღუდულია. მას არ შეუძლია სხვისი ნამდვილი მოთხოვნილებების სრულად გაგება, როგორც ეს კენიჩისა და ფარმაცევტის შემთხვევაში მოხდა. ამის საპირისპიროდ, იეჰოვა ყველაფერს ხედავს. ხშირად ჩვენ ვერ ვხვდებით და ვერ ვაფასებთ იეჰოვას დახმარებას, მაგრამ ის მაინც გვეხმარება, რადგან ჩვენ მიდრეკილი ვართ, მხოლოდ იმაზე ვიფიქროთ, რაც არა გვაქვს და თვალი დავხუჭოთ იმ მრავალ კურთხევაზე, რაც გვაქვს. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი პრობლემების გამო მაშინვე იეჰოვა დავადანაშაულოთ, უნდა შევეცადოთ მისი კურთხევების დანახვას.
„უებსტერის ახალი ლექსიკონის მეცხრე გამოცემაში“ სიტყვა „კურთხევა“ შემდეგნაირად განიმარტება: „რაც ხელს უწყობს ბედნიერებას ან კეთილდღეობას“. გესმის, რომ ეს ასეა, განსაკუთრებით კი იეჰოვას კურთხევებთან დაკავშირებით?
შეუდარებელი მზრუნველი
როდესაც ცოლი ამბობს, რომ კარგი მზრუნველი ქმარი ჰყავს, გულისხმობს, რომ, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მიზნით, ის კარგად უზრუნველყოფს ოჯახს საკვებით, თავშესაფრითა და ჩასაცმლით. რამდენად კარგად ზრუნავს იეჰოვა ჩვენზე? მოდი ახლოს განვიხილოთ პლანეტა დედამიწა — ადამიანების საცხოვრებელი ადგილი. ის 150 000 000 კილომეტრითაა მზისგან დაშორებული, ზუსტად იმდენით, რამდენიც აუცილებელია ზომიერი ტემპერატურისთვის, რაც შესაძლებელს ხდის სიცოცხლეს დედამიწაზე. დედამიწის ღერძის 23,5 გრადუსიანი დახრილობის კუთხე კი ზუსტად არის გაანგარიშებული წელიწადის დროების არსებობისთვის, რაც თავის მხრივ მოსავლის სიუხვეს უწყობს ხელს. შედეგად დედამიწა კვებავს ხუთ მილიარდზე მეტ ადამიანს. იეჰოვა მართლაც დიდებული მზრუნველია!
გარდა ამისა, ბიბლია გვარწმუნებს, რომ იეჰოვა დიდად არის დაინტერესებული თითოეული ჩვენგანით და ჩვენი კეთილდღეობით. წარმოიდგინე, იეჰოვამ ყველა, მილიარდობით, ვარსკვლავის სახელი იცის და თვით ბეღურის სიკვდილიც კი არ არის მისგან დაფარული (ესაია 40:26; მათე 10:29–31). ის გაცილებით მეტად ზრუნავს ადამიანებზე, რომლებსაც უყვართ ის და გამოსყიდული არიან მისი საყვარელი ძის, იესოს, ძვირფასი სისხლით! (საქმეები 20:28). სწორად უთქვამს ერთ ბრძენ კაცს: „უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას“ (იგავნი 10:22).
კურთხევები, რომლებიც გვამდიდრებს
ჩვენ ვფლობთ რაღაც ძვირფასს, რისთვისაც დიდად მადლიერნი უნდა ვიყოთ. რას ვფლობთ ამისთანას? ამაზე ბიბლია გვპასუხობს: „უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი“ (ფსალმუნი 118:72; იგავნი 8:10). იეჰოვას რჯული ბაჯაღლო ოქროზე ძვირფასია, ამიტომ უფრო მეტად უნდა გვსურდეს. იეჰოვა ჭეშმარიტების გულწრფელ მაძიებლებს აძლევს თავისი რჯულის ზუსტ შემეცნებას, გამჭრიახობასა და გარჩევის უნარს, რაც დიდად დასაფასებელია. მათი დახმარებით შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა, მძიმე სიტუაციებთან გამკლავება და პრობლემების წარმატებით გადაჭრა, ეს კი კმაყოფილებასა და სიხარულს გვანიჭებს.
ეს სიტყვები პატარებზეც კი მართლდება. განვიხილოთ ერთი პატარა გოგონას შემთხვევა, რომელმაც იეჰოვას კანონების დახმარებით მოაგვარა პრობლემები. აკემი ტოკიოს მახლობლად ცხოვრობს. მშობლებმა ის ბიბლიური პრინციპებით აღზარდეს და, სიტყვითა თუ პირადი მაგალითით, ჩაუნერგეს იეჰოვასადმი და მოყვასისადმი სიყვარული. მათ იცოდნენ, რომ აკემი სკოლაში პრობლემებისგან არ იქნებოდა დაზღვეული, ამიტომ, შეძლებისდაგვარად, ყველანაირად მოამზადეს. ისინი არ შემცდარან; დაწყებით კლასებში ზოგიერთი თანაკლასელი აკემის „განსხვავებულს“ ეძახდა, რადგანაც ის ჭამის წინ ლოცულობდა და შეგნებულად არ ერეოდა მათ უწესო საქმეებში. მალე, ის შარიანი ბავშვების დაცინვის ობიექტი გახდა, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ კუთხეში იმწყვდევდნენ, სახეში ურტყამდნენ, ხელებს უგრეხდნენ და დასცინოდნენ ხოლმე.
პატარა აკემი არც სამაგიეროს უხდიდა და არც უშინდებოდა მტანჯველებს. პირიქით, ის ცდილობდა შესწავლილის გამოყენებას. მისმა შესანიშნავმა საქციელმა და სიმამაცემ მრავალ თანაკლასელზე იმოქმედა და ისინი პატივისცემით განეწყვნენ აკემის მიმართ. ამან მასწავლებლის ყურამდეც მიაღწია და მას შემდეგ სკოლაში აკემის მსგავსი შემთხვევა აღარ ჰქონია.
რა დაეხმარა აკემის, წარმატებით გამკლავებოდა პრობლემას? იეჰოვას მიერ ბოძებული ზუსტი შემეცნება, გამჭრიახობა და სიბრძნე, რაც მას მშობლებმა ჩაუნერგეს. მან კარგად იცოდა იესოს მოთმინება და სურდა, მიებაძა მისთვის. ბიბლიის დახმარებით მან გაიგო, რომ ზოგიერთი უცოდინრობით სჩადის ბოროტებას, და ეს დაეხმარა, რომ შარიანი ბავშვების მიერ ჩადენილი ბოროტება შეეძულებინა და არა თვითონ ისინი (ლუკა 23:34; რომაელთა 12:9, 17–21).
რასაკვირველია, არც ერთი მშობელი არ ისურვებდა, რომ მისი შვილისთვის დაეცინათ ან ცუდად მოპყრობოდნენ. მაგრამ წარმოიდგინე აკემის მშობლების სიხარული, როდესაც ყოველივე ამას გაიგებდნენ. ასეთი ბავშვები მართლაც კურთხევაა იეჰოვასგან (ფსალმუნი 126:3; 1 პეტრე 1:6, 7).
მოთმინებით ველოდოთ იეჰოვას
ზოგჯერ შეიძლება ლოდინი მოგიწიოს, ვიდრე იეჰოვა გაკურთხებდეს. იეჰოვამ იცის შენი მდგომარეობა და ისიც, თუ როდის იზრუნოს შენს თითოეულ საჭიროებაზე შენდა სასიკეთოდ (ფსალმუნი 144:16; ეკლესიასტე 3:1; იაკობი 1:17). შენ შეიძლება გიყვარდეს ხილი, მაგრამ რას იფიქრებდი, მასპინძელს მკვახე ხილი რომ შემოეთავაზებინა? ვაშლი იქნებოდა, ფორთოხალი თუ სხვა ხილი, შენ მწიფეს უფრო ამჯობინებდი, როცა ის წვნიანი და ტკბილია. მსგავსად ამისა, იეჰოვა დროულად გვიწვდის დახმარების ხელს, არც ძალიან ადრე და არც ძალიან გვიან.
გაიხსენე იოსების შემთხვევა. სრულიად უდანაშაულო, ეგვიპტის საპყრობილეში აღმოჩნდა. ფარაონის მწდეთუხუცესს, რომელიც მასთან ერთად იჯდა საპყრობილეში, გათავისუფლების იმედი ჰქონდა და იოსებს შეჰპირდა, რომ ფარაონს გაახსენებდა მის შესახებ. მაგრამ გათავისუფლების შემდეგ იოსები არც კი გახსენებია. ერთი შეხედვით, იოსები თითქოს მიტოვებული იყო. მიუხედავად ამისა, ზუსტად ორი წლის შემდეგ, ის გათავისუფლებულ იქნა და ეგვიპტეში ფარაონის შემდეგ მეორე კაცი გახდა. იოსები მოთმინებით ელოდა იეჰოვას. ამისთვის ის კურთხეულ იქნა; მისი მეშვეობით სიცოცხლე შეუნარჩუნდა ისრაელებსაც და ეგვიპტელებსაც (დაბადება 39:1—41:57).
მასაში ჩრდილოეთ იაპონიის ერთ-ერთ კრებაში უხუცესად მსახურობდა. ის საპყრობილეში არ მჯდარა, მაგრამ მასაც მოუწია იეჰოვას ლოდინი. რატომ? მას შემდეგ, რაც იაპონიაში სამსახურებრივი დახელოვნების სკოლა დაარსდა, რომელსაც გამოცდილი ქრისტიანი მსახურები უნდა მოემზადებინა, მან მიზნად დაისახა სკოლაზე დასწრება. ის მხურვალედ ლოცულობდა ამის შესახებ. სკოლაში მიიწვიეს მისი პიონერ-პარტნიორი, მაგრამ, მისი ძლიერი სურვილის მიუხედავად, ის არ მიუწვევიათ. ის ძალიან განაწყენდა.
მიუხედავად ამისა, მასაში შეებრძოლა თავის გრძნობებს. ის სწავლობდა ბიბლიასა და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებს და მთელი ყურადღება თავმდაბლობასა და გრძნობების გაკონტროლებაზე ჰქონდა გადატანილი. მან შეიცვალა აზროვნება და უფრო მეტი სიხარული ჰპოვა მსახურებაში. ერთ დღეს, როცა ყველანაირი იმედი გადაწურული ჰქონდა, ის სკოლაში მიიწვიეს.
მოთმინებამ და თავმდაბლობამ, რომლებიც მასაშიმ განავითარა, საშუალება მისცა, უფრო მეტი სარგებლობა მიეღო სკოლიდან. მოგვიანებით, ის მიმომსვლელ ზედამხედველად დაინიშნა. დიახ, იეჰოვამ იცოდა, თუ რა სჭირდებოდა მასაშის, და სწორედ მაშინ დაეხმარა, როცა ეს მისთვის საუკეთესო იყო.
ისწრაფე მისი კურთხევებისკენ
აქედან გამომდინარე, იეჰოვა სულ არ ჰგავს სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ ფარმაცევტს. მიუხედავად იმისა, ვხედავთ თუ არა მის მზრუნველობასა და ჩვენს მიმართ ინტერესს, მისი სიკეთე სხვადასხვაგვარად ვლინდება — დროულად და ჩვენდა სასიკეთოდ. ამიტომ ყოველთვის ისწრაფე მისი კურთხევებისკენ. გახსოვდეს, რომ მადლიერებისთვის უკვე მრავალი მიზეზი გაქვს. შენ ყველა პირობა გაქვს შექმნილი დედამიწაზე საცხოვრებლად. შენ უკვე გაქვს შემეცნება იეჰოვასა და მისი სრულყოფილი გზების შესახებ. შენ გაქვს გამჭრიახობა და გარჩევის უნარი. ყოველივე ეს კი შენი კეთილდღეობისა და ბედნიერების საწინდარია.
თუ გსურს, რომ უფრო მეტად გაკურთხოს იეჰოვამ, არ შეწყვიტო ბიბლიის რეგულარულად სწავლა. სთხოვე იეჰოვას, რომ დაგეხმაროს თავისი შთაგონებული სიტყვის ძვირფასი ქვების მსგავსი სწავლებების გაგებასა და გამოყენებაში. ისინი ნამდვილად გაგამდიდრებს, ისე რომ, არაფრის ნაკლებობის გრძნობა არ გექნება. დიახ, ისინი შენი ბედნიერებისა და კმაყოფილების წყარო იქნება დღეს და უხვი სიცოცხლისა — მომავალ ახალ ქვეყნიერებაში (იოანე 10:10; 1 ტიმოთე 4:8, 9).
[სურათი 23 გვერდზე]
იეჰოვას კურთხევა ოქროზე გაცილებით ძვირფასია.