მსახურებაში მოთმინება უნდა გამოვავლინოთ
1. როგორ ავლენს იეჰოვა მოთმინებას კაცობრიობისადმი?
1 იეჰოვა კაცობრიობის მიმართ დიდ მოთმინებას ავლენს (გამ. 34:6; ფსალმ. 106:41—45; 2 პეტ. 3:9). ის, თუ როგორ ავლენს იეჰოვა სიყვარულიდან გამომდინარე მოთმინებას, ჩანს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობიდან. თითქმის 2 000 წელია, რაც იეჰოვა ასეთი სახით ავლენს მოთმინებას და დღესაც განაგრძობს გულწრფელი ადამიანების მიზიდვას (იოან. 6:44). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას მოთმინებაში?
2. ჩვენს ტერიტორიაზე მსახურებისას, როგორ შეგვიძლია მოთმინების გამოვლენა?
2 კარდაკარ მსახურება: იეჰოვას მოთმინებაში ვბაძავთ, როცა დაუღალავად ვქადაგებთ ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ინტერესს ჯერ არ ავლენენ (საქ. 5:42). ჩვენ მოთმინებით ვიტანთ გულგრილობას, დაცინვასა და წინააღმდეგობას, რომელსაც მსახურებაში ვხვდებით (მარ. 13:12, 13). აგრეთვე მოთმინებას ვავლენთ როცა არაერთხელ მივდივართ დაინტერესებულთან და ვცდილობთ ჭეშმარიტების მარცვლების მორწყვას, მაშინაც კი, როცა ძნელია დაინტერესებულების სახლში პოვნა.
3. რატომ არის საჭირო მოთმინება განმეორებითი მონახულებებისა და ბიბლიის შესწავლების დროს?
3 ბიბლიის შესწავლები: მცენარე რომ გაიზარდოს, მოთმინებაა საჭირო. ჩვენ შეგვიძლია მისი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა, მაგრამ ზრდის პროცესს ვერ დავაჩქარებთ (იაკ. 5:7). მსგავსად ამისა, სულიერი ზრდაც თანდათანობით ხდება (მარ. 4:28). მათ, ვისაც ვასწავლით, შეიძლება გაუჭირდეთ ცრუ რელიგიური სწავლებებისა და არაბიბლიური ჩვეულებების მიტოვება. ჩვენ არ უნდა ვაიძულოთ შემსწავლელი, ცხოვრებაში ცვლილებები მოახდინოს, და ამგვარად არ უნდა ვეცადოთ მისი სულიერი ზრდის დაჩქარებას. მოთმინებაა საჭირო, რომ სათანადო დრო მივცეთ ღვთის სულს, იმოქმედოს შემსწავლელის გულზე (1 კორ. 3:6, 7).
4. როგორ გვეხმარება მოთმინება ეფექტურად ქადაგებაში ნათესავებთან, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ?
4 ნათესავები, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ: ყველას ძალიან გვინდა, რომ ჩვენმა ნათესავებმაც გაიგონ ჭეშმარიტება, მაგრამ ამ დროს მოთმინების გამოვლენა გვმართებს, რათა ჭეშმარიტების მათთვის გასაზიარებლად საუკეთესო დრო შევარჩიოთ. ამავე დროს, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ერთ ჯერზე მეტისმეტად ბევრი ინფორმაცია არ მივაწოდოთ (ეკლ. 3:1, 7). დროთა განმავლობაში ის დაინახავს, თუ როგორ პიროვნებებად ჩამოვყალიბდით ჭეშმარიტების წყალობით. ასევე ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რბილი ხასიათითა და ღრმა პატივისცემით გამოვხატოთ ჩვენი რწმენა (1 პეტ. 3:1, 15). მართლაც, თუ მსახურებაში მოთმინებას ვავლენთ, ის უფრო ეფექტური იქნება და იეჰოვასაც მეტად ვასიამოვნებთ.