საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შინაგანი სიმშვიდის ძიებაში
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ივლისი
    • შინაგანი სიმშვიდის ძიებაში

      ალბერტი ბედნიერი იყო, რადგან მოსიყვარულე ცოლი და ორი შესანიშნავი ბავშვი ჰყავდა. თუმცა ზოგჯერ ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს რაღაც აკლდა. იმ დროს, როდესაც სამსახურს ეძებდა, პოლიტიკაში ჩაება და სოციალისტური იდეებით დაინტერესდა. ის კომუნისტური პარტიის აქტიური წევრიც კი გახდა.

      მაგრამ მალე ალბერტს კომუნიზმმა იმედები გაუცრუა. მან პოლიტიკასთან კავშირი გაწყვიტა და მთლიანად ოჯახს მიუძღვნა თავი. ცხოვრების აზრს ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე ზრუნვაში ხედავდა. მიუხედავად ამისა, ალბერტი მაინც სიცარიელეს გრძნობდა; ნამდვილ შინაგან სიმშვიდეს ვერ პოულობდა.

      ალბერტი ერთადერთი ადამიანი არ არის, ვისაც მსგავსი გრძნობა ეუფლება. სიცოცხლის აზრის ძიებაში მილიონობით ადამიანი სხვადასხვა იდეოლოგიას, ფილოსოფიასა და რელიგიას იკვლევს. 60-იან წლებში დასავლეთის ქვეყნებში ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა — ჰიპებმა — ტრადიციული ზნეობრივი ნორმებისა და საზოგადოებრივი ფასეულობების წინააღმდეგ დაიწყო გამოსვლა. ეს ახალგაზრდები ეძებდნენ ბედნიერებასა და სიცოცხლის აზრს და ფიქრობდნენ, რომ მას გამაბრუებელ ნარკოტიკებსა და ფილოსოფიაში იპოვნიდნენ, რომელსაც, ეგრეთ წოდებული, გურუ და სულიერი მოძღვრები ასწავლიდნენ. მცდელობის მიუხედავად, ჰიპებმა ნამდვილი ბედნიერება ვერ იპოვეს. პირიქით, ახალგაზრდები ნარკოტიკებზე გახდნენ დამოკიდებულნი და სექსუალურ აღვირახსნილობას მიეცნენ. ამან დააჩქარა საზოგადოებაში ზნეობრივი ნორმების დაცემა.

      საუკუნეების განმავლობაში ბევრი ბედნიერებას სიმდიდრეში, ძალაუფლებასა თუ განათლებაში ეძებდა. საბოლოოდ ამ ყველაფერს ადამიანი იმედგაცრუებამდე მიჰყავდა. როგორც იესომ თქვა: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). ისინი, ვინც სიმდიდრის მოხვეჭით არიან დაინტერესებულნი, არ არიან ბედნიერები. ბიბლია ამბობს: „ვისაც გამდიდრება აქვს გადაწყვეტილი, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს, რადგან ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთებმა, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს . . . მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:9, 10).

      მაშ, როგორ შეიძლება შინაგანი სიმშვიდისა და სიცოცხლის აზრის პოვნა? ნუთუ ეს მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე სწავლით არის შესაძლებელი? სიცოცხლის აზრის ძიება სიბნელეში მიზანში სროლის მსგავსი ხომ არ არის? საბედნიეროდ, არა. როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, ამის მიღწევა შესაძლებელია იმ უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით, რომელიც მხოლოდ ადამიანს აქვს.

  • „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ივლისი
    • „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“

      დილაობით ჩიტები როგორც კი იღვიძებენ, ჭიკჭიკს იწყებენ, შემდეგ კი საკვების საშოვნელად მიფრინავენ. საღამოობით ბუდეებს უბრუნდებიან და კმაყოფილები უფრო დიდხანს ჭიკჭიკებენ; მერე კი ტკბილ ძილს მიეცემიან. ფრინველები წელიწადის გარკვეულ დროს წყვილდებიან, კვერცხებს დებენ და ბარტყებს ზრდიან. ცხოველებიც მსგავსად ცხოვრობენ.

      ჩვენ, ადამიანები, მათგან განვსხვავდებით. მართალია, ჩვენც ვჭამთ, გვძინავს და გამრავლების შესანიშნავი უნარით ვართ დაჯილდოებულნი, მაგრამ უმრავლესობა ჩვენგანი მხოლოდ ამით ვერ ვკმაყოფილდებით. ჩვენ გვსურს ვიცოდეთ, რისთვის ვარსებობთ. ჩვენ სიცოცხლის აზრს ვეძებთ. ამასთანავე, გვინდა ვიცოდეთ, თუ რას გვიქადის მომავალი. ეს შინაგანი მოთხოვნილება მიანიშნებს თვისებაზე, რომელიც მხოლოდ ადამიანს აქვს. ეს არის სულიერი მოთხოვნილება და სულიერობისკენ სწრაფვის უნარი.

      ღვთის ხატად შექმნილი

      ბიბლია გვიხსნის, თუ რატომ არის ადამიანში ჩადებული სულიერი მოთხოვნილება: „შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად — ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად“ (დაბადება 1:27). „ღვთის ხატად“ რომ ვართ შექმნილნი, იმას ნიშნავს, რომ ცოდვისა და არასრულყოფილების მიუხედავად, გვაქვს ღვთის ზოგიერთი თვისების არეკვლის უნარი (რომაელები 5:12). მაგალითად, დაჯილდოებულები ვართ შემოქმედებითი ნიჭით. გარკვეულწილად გვაქვს სიბრძნე, სამართლიანობის გრძნობა და თავგანწირული სიყვარულის გამოვლენის უნარი. გარდა ამისა, შეგვიძლია გავიხსენოთ წარსული და დავგეგმოთ მომავალი (იგავები 4:7; ეკლესიასტე 3:1, 11; მიქა 6:8; იოანე 13:34; 1 იოანე 4:8).

      სულიერობისკენ სწრაფვის უნარი ყველაზე მეტად იმით ვლინდება, რომ ჩვენში ღვთისადმი თაყვანისცემის სურვილია ჩადებული. ვიდრე სათანადოდ არ დავიკმაყოფილებთ შემოქმედთან ურთიერთობის მოთხოვნილებას, ნამდვილ და ხანგრძლივ ბედნიერებას ვერ ვიპოვით. „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“, — თქვა იესომ (მათე 5:3). მაგრამ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებისას, რაც გულისხმობს ღვთის გაცნობას, მისი ნორმებისა და კაცობრიობისადმი მისი განზრახვის ცოდნას, სიფრთხილის გამოვლენა გვმართებს. სად შეიძლება სულიერი ჭეშმარიტების პოვნა? ბიბლიაში.

      „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“

      მოციქულმა პავლემ დაწერა: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად“ (2 ტიმოთე 3:16). პავლეს სიტყვები ეთანხმება იესოს სიტყვებს, რომლებიც მან ღვთისადმი ლოცვისას წარმოთქვა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“. ჩვენთვის ცნობილია, რომ ღვთის სიტყვა ბიბლიაა. გონივრული იქნება, თუ შევამოწმებთ, რამდენად შეესაბამება ჩვენი რწმენა და ცხოვრების წესი ბიბლიას (იოანე 17:17).

      ასე მოქცევით ძველ ბერეაში მცხოვრებლებს მივბაძავთ, რომლებიც პირადად დარწმუნდნენ, რომ პავლეს სწავლებები წმინდა წერილებთან იყო შეთანხმებული. „მოციქულთა საქმეების“ დაწერისას ლუკას არ გაუკრიტიკებია ბერეელები. პირიქით, ასეთი თვალსაზრისის გამოვლენისთვის მან შეაქო ისინი. ბერეელებმა „უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11). რადგან დღესუამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო რელიგიური სწავლება და ზნეობრივი ფასეულობა არსებობს, მნიშვნელოვანია, მივბაძოთ კეთილშობილ ბერეელებს.

      სულიერი ჭეშმარიტების ამოსაცნობად მეორე საშუალება იმაზე დაკვირვებაა, თუ როგორ მოქმედებს ჭეშმარიტება ადამიანის ცხოვრებაზე (მათე 7:17). მაგალითად, ის, ვინც ბიბლიური ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრობს, უკეთესი მეუღლე და მშობელი ხდება. ეს კი ხელს უწყობს ოჯახის წევრების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და მათ ბედნიერებას. „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას“ (ლუკა 11:28).

      იესოს სიტყვები გვახსენებს მისი ზეციერი მამის სიტყვებს, რომლებიც იეჰოვამ ძველ დროში მცხოვრებ ისრაელებს უთხრა: „მე ვარ უფალი [იეჰოვა], შენი ღმერთი, რომელიც გასწავლის სარგებლობას, რომელიც მიგიძღვის იმ გზაზე, რომელზეც უნდა დადიოდე. ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა, და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:17, 18). მათზე, ვისაც უყვარს სიკეთე და სამართლიანობა, უეჭველად, იმოქმედებს ასეთი თბილი მიმართვა!

      ზოგს „ყურის საამებელი“ ურჩევნია

      ღმერთმა ასე გულთბილად იმიტომ მიმართა ისრაელებს, რომ ისინი ცრუ რელიგიური სწავლებების გამო შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი (ფსალმუნები 105:35—40). ჩვენც გვმართებს სიფრთხილის გამოვლენა ცრუ სწავლებების მიმართ. პავლე მოციქულმა, ეგრეთ წოდებული, ქრისტიანების მისამართით თქვა: „დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად. ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ“ (2 ტიმოთე 4:3, 4).

      რელიგიური წინამძღოლები ადამიანებს ყურს იმით უამებენ, რომ თვალს ხუჭავენ ისეთ ცუდ საქმეებზე, როგორიცაა ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირი, ჰომოსექსუალიზმი და ლოთობა. ბიბლია აშკარად ამბობს, რომ ისინი, რომლებიც იწონებენ ასეთ საქმეებს და ისინი, რომლებიც სჩადიან ასეთ საქმეებს, „ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორინთელები 6:9, 10; რომაელები 1:24—32).

      უდავოა, რომ ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრება გამბედაობას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაგვცინიან. თუმცა ღვთის ნორმების დაცვა შესაძლებელია. იეჰოვას მოწმეებს შორის ბევრი ადრე ნარკომანი, ლოთი, მრუში, ყაჩაღი, ქურდი და მატყუარა იყო. მაგრამ მათ გულთან ახლოს მიიტანეს ღვთის სიტყვა და წმინდა სულის დახმარებით შეიცვალნენ, რათა „იეჰოვას ღირსად იარონ“ (კოლოსელები 1:9, 10; 1 კორინთელები 6:11). მათ ღმერთთან მშვიდობა აღადგინეს, შინაგანი სიმშვიდე ჰპოვეს და, როგორც ქვემოთ დავინახავთ, მომავლის რეალური იმედი ჩაესახათ.

      სამეფოს იმედი

      ბიბლიური დანაპირები, რომ მორჩილი კაცობრიობა მარადიული მშვიდობით გაიხარებს, ღვთის სამეფოს მეშვეობით განხორციელდება. „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“, — თქვა იესომ ლოცვის ნიმუშში (მათე 6:10). დიახ, მხოლოდ ღვთის სამეფო განახორციელებს ღვთის ნებას დედამიწაზე. რატომ? ღმერთი თავის უზენაეს ხელისუფლებას ზეციერი სამეფოს (რომლის მეფეც იესო ქრისტეა) მეშვეობით ანხორციელებს დედამიწაზე (ფსალმუნები 2:7—12; დანიელი 7:13, 14).

      იესო ქრისტე, როგორც ზეციერი სამეფოს მეფე, მორჩილ კაცობრიობას ყველანაირი მონობისგან გაათავისუფლებს, მათ შორის, ადამის ცოდვის მარწუხებისგან და მემკვიდრეობით მიღებული ავადმყოფობისა და სიკვდილისგან. გამოცხადების 21:3, 4-ში ნათქვამია: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთან არის. ის [იეჰოვა ღმერთი]  . . . მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“.

      მთელ დედამიწაზე სამუდამოდ დამყარდება მშვიდობა. რა გვარწმუნებს ამაში? ესაიას 11:9-ში ნათქვამია, რომ სამეფოს ქვეშევრდომები «არ იბოროტებენ და არ დაღუპავენ [„აღარაფერს მოსპობენ“, აქ] მთელს ჩემს წმიდა მთაზე, რადგან ქვეყანა სავსე იქნება უფლის ცოდნით, როგორც ზღვაა დაფარული წყლებით». დიახ, დედამიწაზე ყველას ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა ექნება მიღებული და ყველა იეჰოვას დაემორჩილება. განა ასეთი იმედი გულს სიხარულით არ გივსებთ? თუ ასეა, ახლაა „უფლის ცოდნის“ მიღების დრო.

      მოისმენთ სამეფოს შესახებ ცნობას?

      სამეფოს მეშვეობით ღმერთი აღადგენს ყველაფერს, რასაც სატანამ ზიანი მიაყენა, და ხალხს თავის სამართლიან გზებს ასწავლის. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იესოს სწავლების მთავარი თემა ღვთის სამეფო იყო. „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკა 4:43). ქრისტემ თავის მოწაფეებს დაავალა, იგივე ცნობა სხვებისთვისაც გაეზიარებინათ (მათე 28:19, 20). „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“, — იწინასწარმეტყველა იესომ (მათე 24:14). აღსასრული სწრაფად ახლოვდება. მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, გულწრფელმა ადამიანებმა მოისმინონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასიხარულო ცნობა!

      ალბერტმა, რომელიც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, სამეფოს შესახებ ცნობა მაშინ მოისმინა, როდესაც მისმა ცოლმა და ვაჟმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. თავდაპირველად ალბერტი სკეპტიკურად განეწყო. მან ადგილობრივ მღვდელს სთხოვა, მათთან სახლში მისულიყო და მეუღლესა და შვილისთვის დაემტკიცებინა, რომ მოწმეები ცდებოდნენ. მაგრამ მღვდელმა არ ისურვა ამ საქმეში ჩარევა. ამიტომ ალბერტმა გადაწყვიტა, ბიბლიურ შესწავლებს დასწრებოდა, რათა მოწმეები ცრუ სწავლებებში გამოეჭირა. მაგრამ პირველი შეხვედრის შემდეგ მან ცოლ-შვილთან ერთად დაიწყო შესწავლა, რათა უფრო მეტი გაეგო ღმერთზე. მოგვიანებით მან აღნიშნა, თუ რატომ შეიცვალა თვალსაზრისი: „ეს სწორედ ის იყო, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი“.

      ბოლოს და ბოლოს, ალბერტმა დაიკმაყოფილა სულიერი მოთხოვნილება. მას არასოდეს უნანია, რომ ეს გზა აირჩია. ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მას აპოვნინა ის, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა. კერძოდ, მან გაიგო, თუ ვინ მოსპობდა ფართოდ გავრცელებულ უსამართლობასა და უზნეობას; ასევე გაიგო კაცობრიობასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვის შესახებ. ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მას შინაგანი სიმშვიდე მოჰგვარა. თქვენ დაკმაყოფილებული გაქვთ სულიერი მოთხოვნილება? გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მე-6 გვერდზე ჩარჩოში მოცემული კითხვები. თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება