-
ძალადობის საუკუნეგამოიღვიძეთ! — 2002 | მაისი 8
-
-
ძალადობის საუკუნე
ალფრედ ნობელს სჯეროდა, რომ მშვიდობის შენარჩუნება იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუკი ერებს მომაკვდინებელი იარაღი ექნებოდათ. ისინი შეძლებდნენ სწრაფად გაერთიანებას და ნებისმიერ აგრესორს ნაცარტუტად აქცევდნენ. „ეს იქნებოდა ძალა, რომელიც ომს შეუძლებელს გახდიდა“, — წერდა ის. ნობელის აზრით, საღად მოაზროვნე არც ერთი ერი არ მოახდენდა კონფლიქტის პროვოცირებას, თუკი ამას მისთვის გამანადგურებელი შედეგები მოჰყვებოდა. მაგრამ, რა გამოაშკარავა გასულმა საუკუნემ?
ნობელის სიკვდილიდან 20 წელიც კი არ იყო გასული, რაც პირველმა მსოფლიო ომმა იფეთქა. ამ კონფლიქტის დროს მიმართეს ახალ მომაკვდინებელ იარაღს, ავტომატების, მომწამლავი გაზის, ცეცხლსასროლი იარაღის, ტანკების, თვითმფრინავებისა და წყალქვეშა ნავების ჩათვლით. ათ მილიონამდე ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა ამ რიცხვს ორჯერ და კიდევ მეტად აღემატებოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს გამოვლენილმა სისასტიკემ ხალხს კიდევ უფრო მტკივნეულად აგრძნობინა მშვიდობის აუცილებლობა, რა მიზეზითაც ერთა ლიგის ჩამოყალიბება მოხდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა, რომელსაც ამ ფორმაციის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის, 1919 წელს მიიღო ნობელის პრემია მშვიდობისთვის.
თუმცა, ყოველგვარი იმედი იმისა, რომ ომი ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდებოდა, დაიმსხვრა, როდესაც 1939 წელს მეორე მსოფლიო ომმა იფეთქა. ეს ომი პირველ მსოფლიო ომზე კიდევ უფრო მრავალმხრივ შემაძრწუნებელი იყო. ამ კონფლიქტის დროს ადოლფ ჰიტლერმა ქალაქ კრიუმელში მდებარე ნობელის ქარხანა გააფართოვა და გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო ქარხნად აქცია, სადაც 9 000-ზე მეტი მუშა საბრძოლო იარაღის შექმნით იყო დაკავებული. ომის დამთავრების პირას მოკავშირეთა სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ჩატარებული რეიდის დროს, ნობელის ქარხანას ნობელისავე გამოგონებათა წყალობით შექმნილი ათასობით ბომბი დაუშინეს და მიწასთან გაასწორეს.
ნობელის სიკვდილის შემდგომ საუკუნეში არა მხოლოდ ორი მსოფლიო ომი მოხდა, არამედ ურიცხვი სხვა, შედარებით მცირე, კონფლიქტიც. ამ პერიოდში უამრავი იარაღი შეიქმნა, რომელთაგანაც ზოგი კიდევ უფრო მომაკვდინებელი იყო. ამ საომარი საშუალებებიდან განვიხილავთ რამდენიმეს, რომლებიც ნობელის სიკვდილის შემდგომ ათწლეულებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
მსუბუქი იარაღი. მათ რიცხვს მიეკუთვნება ხელის ცეცხლსასროლი იარაღები, შაშხანები, ხელყუმბარები, ავტომატები, ნაღმსატყორცნები და სხვა პორტატიული მოწყობილობები. სასროლი და მსუბუქი იარაღი შედარებით იაფია, ადვილად ინახება და გამოსაყენებლადაც რთული არ არის.
აქვს თუ არა ამ იარაღის არსებობასა და იმ საშიშროებას, რომელიც მას ხალხისთვის მოაქვს, ომის შეკავების ძალა? არანაირად! „მეცნიერ ატომმცოდნეთა ბიულეტენში“ მაიკლ კლერი წერს, რომ მსუბუქი იარაღი იქცა იმ საშუალებად, რომელსაც „ცივი ომის შემდგომ პერიოდში მიმდინარე უმეტესი კონფლიქტების დროს იყენებდნენ“. ფაქტობრივად, იმ ადამიანთა თითქმის 90 პროცენტი, ვინც ბოლოდროინდელი ომების დროს დაიღუპნენ და დაიჭრნენ, სასროლი და მსუბუქი იარაღის მსხვერპლი არიან. ამ იარაღმა მარტო XX საუკუნის 90-იან წლებში ოთხ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ხშირ შემთხვევაში მსუბუქი იარაღი მომარჯვებული აქვთ ახალგაზრდებს, რომლებსაც სპეციალური სამხედრო მომზადება არ გაუვლიათ და ომის ძალმომრეობით კანონებში საძრახისს ვერაფერს ხედავენ.
ნაღმები. XX საუკუნის მიწურულისთვის ნაღმის აფეთქების შედეგად ყოველდღიურად საშუალოდ დაახლოებით 70 ადამიანი იღუპებოდა ან სახიჩრდებოდა! მათი უმრავლესობა იყვნენ არა სამხედრო პირები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეები. ხშირად ნაღმებს იყენებენ არა მოსაკლავად, არამედ იმისათვის, რომ დაასახიჩრონ და შიშის ზარი დასცენ მათ, ვინც ნაღმის საშინელ ძალას საკუთარ თავზე სცდის.
მართალია, ბოლო წლებში მიწის განნაღმვას დიდი ძალ-ღონე მოახმარეს, მაგრამ ზოგი ამბობს, რომ მიწიდან ამოღებული ერთი ნაღმის სანაცვლოდ 20-ზე მეტი დანაღმვა ხდება, თანაც მთელ დედამიწაზე შესაძლოა 60 მილიონი ჩამარხული ნაღმი არსებობს. იმ ფაქტმა, რომ ნაღმი ვერ ანსხვავებს ჯარისკაცისა და მინდორში მოთამაშე ბავშვის ფეხის ხმას, არ შეწყვიტა ამ შემზარავი იარაღის წარმოება და გამოყენება.
ბირთვული იარაღი. ბირთვული იარაღის გამოგონებამ შესაძლებელი გახადა ის, რომ ჯარისკაცებს შორის ყოველგვარი შეტაკების გარეშე, სულ რამდენიმე წამში მთელი ქალაქი მიწასთან გასწორდეს. მაგალითისთვის გავიხსენოთ, რა საშინელი შედეგები მოჰყვა 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების ჩამოგდებას — ზოგი აუტანელმა სინათლემ დააბრმავა, სხვებმა დასხივება მიიღეს, ბევრი ცეცხლმა და სიცხემ მოკლა. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვმა ორივე ქალაქში თითქმის 300 000-ს მიაღწია!
ზოგი შეიძლება ირწმუნებოდეს, რომ ამ ქალაქების დაბომბვამ ხელი შეუწყო იმას, რომ არ დაღუპულიყო უფრო მეტი ადამიანი, რაც შესაძლოა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუკი ომს ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით განაგრძობდნენ. ამისდა მიუხედავად, ზოგიერთნი, ვინც ამდენი სიცოცხლის განადგურების შემზარავმა ფაქტმა შეძრა, ცდილობდნენ, რამენაირად ემოქმედათ პოლიტიკოსებსა და გავლენიან პირებზე, რათა ამ უკანასკნელთ კონტროლი გაეწიათ მსოფლიოში საშინელი ძალის მქონე იარაღის წარმოება-გამოყენებაზე. მართლაცდა, ბევრს იმის შიში გაუჩნდა, რომ ადამიანი უკვე იქამდე მივიდა, რომ საკუთარი თავის განადგურება ხელეწიფებოდა.
გახადა კი შესაძლებელი მშვიდობის დამყარება ბირთვული იარაღის განვითარებამ? ზოგი ამაზე დადებითად პასუხობს. ისინი იშველიებენ იმ ფაქტს, რომ ეს მძლავრი იარაღი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამოუყენებიათ. მიუხედავად ამისა, ნობელის რწმენა, რომ მასობრივი მოსპობის იარაღები ომის შეწყვეტის მიზეზი გახდებოდა, უსაფუძვლო აღმოჩნდა, ვინაიდან ომები დღესაც გრძელდება და მათ ჩვეულებრივი იარაღით აწარმოებენ. გარდა ამისა, მკვლევართა ერთი ჯგუფის აზრით, ათასობით ბირთვული იარაღი საბრძოლო მზადყოფნაშია და ისინი შეიძლება ნებისმიერ მომენტში აამოქმედონ (Committee on Nuclear Policy). და დღეს, როდესაც ტერორიზმის პრობლემა ასე მწვავედ დგას, ბევრს ეშინია იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუკი ის მასალა, რითაც ბირთვული იარაღი იქმნება, „ცუდ“ ხელში აღმოჩნდება. მაშინაც კი, როდესაც ის „საიმედო“ ხელშია, არსებობს იმის საშიშროება, რომ მხოლოდ ერთმა საბედისწერო შემთხვევამ მსოფლიო მასშტაბის თერმობირთვული კატასტროფა მოახდინოს. ცხადია, რომ ნობელის წარმოდგენის საპირისპიროდ, ასეთი დამანგრეველი ძალის მქონე იარაღის არსებობა ხელს უშლის მშვიდობის დამყარებას.
ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი. ბაქტერიოლოგიურ ომში გამოიყენება როგორც მომაკვდინებელი ბაქტერიები, ისე ვირუსები. მათი მაგალითებია ციმბირული წყლულის ბაქტერია და ყვავილის ვირუსი. ყვავილის ვირუსი განსაკუთრებით საშიშია, რადგან ადვილად გადამდებია. გარდა ამისა, არსებობს ისეთი ქიმიური იარაღის საშიშროებაც, როგორიცაა მომწამლავი გაზი. ეს მომწამლავი ნივთიერებები მრავალი სახით გვხვდება და მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების მანძილზე ისინი აკრძალულად ითვლებოდნენ, ამას მათი გამოყენებისთვის ხელი არ შეუშლია.
შეძლო თუ არა ამ საშიშმა იარაღმა და იმ საშიშროებამ, რომელიც მას თან სდევს, ხალხში იმ რეაქციის გამოწვევა, რომელსაც ნობელი წინასწარმეტყველებდა — რომ „უკან დაიხევდნენ და თავის ჯარს დაითხოვდნენ“? პირიქით, ხალხი უფრო მეტად ძრწის იმ აზრზე, რომ ერთ დღესაც ეს იარაღი შეიძლება გამოიყენონ — და შესაძლოა ის არაპროფესიონალების ხელშიც კი მოხვდეს. ათ წელზე მეტი ხნის წინ აშშ-ში შეიარაღება-განიარაღების მაკონტროლებელი დაწესებულების (U.S.Arms Control and Disarmament Agency) უფროსმა განაცხადა: „ფაქტობრივად, ყველას, ვისაც საშუალო სკოლაში ქიმიის საგანი გაუვლია, ნებისმიერ გარაჟში შეუძლია ქიმიური იარაღის შექმნა“.
არავისთვის სადაოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ XX საუკუნეში ბევრად უფრო დამანგრეველი ძალის ომები ხდებოდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ეპოქაში. და დღეს, XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, მშვიდობის დამყარების მოლოდინი კიდევ უფრო არარეალურად მოჩანს — განსაკუთრებით კი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ. „ფაქტობრივად, ვერავინ იტყვის დანამდვილებით, თუ როგორ იქნება ეს ურთულესი ტექნიკა გამოყენებული — და არსებობს იმის საშიშროება, რომ სასარგებლო მიზნების ნაცვლად ის ბოროტების აღზევებას შეუწყობს ხელს“, — წერს სტივენ ლივი ჟურნალ „ნიუსუიკში“. ის განაგრძობს: „იცის კი ვინმემ, როგორ გაართვას თავი ამ სიტუაციას? კაცობრიობას უხვად მოეპოვება იმის მაგალითები, თუ როგორ ისწრაფოდნენ ზოგიერთები, როგორც თავად თვლიდნენ, პროგრესული მიზნებისკენ და მხოლოდ შემდეგ აანალიზებდნენ, ღირდა თუ არა ამ მიზნების მიღწევა. იმ დროს, როდესაც წარმოუდგენელი კატასტროფის დატრიალების რეალურ საშიშროებაზე ფიქრიც კი არ გვსურს, მის ხელშემწყობ ვითარებებს ვქმნით“.
იმ გაკვეთილებიდან, რასაც ისტორიიდან ვსწავლობთ, ცხადად ვხედავთ, რომ საშინელი ძალის მქონე ფეთქებადი ნივთიერებებისა და მომაკვდინებელი იარაღის გამოგონებამ ოდნავადაც კი ვერ შეუწყო ხელი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას. მაშ, მსოფლიო მშვიდობა მხოლოდ ოცნებაა?
-
-
მსოფლიო მშვიდობა მხოლოდ ოცნება არ არის!გამოიღვიძეთ! — 2002 | მაისი 8
-
-
მსოფლიო მშვიდობა მხოლოდ ოცნება არ არის!
ალფრედ ნობელს რომ გასული საუკუნისთვის გადახედვა შეძლებოდა, ჩაესახებოდა კი მსოფლიოში მშვიდობის დამყარების იმედი? ეჭვგარეშეა, ის მოხარული იქნებოდა, გაეგო, რომ ომების შესაწყვეტად ბევრმა ძალ-ღონე არ დაიშურა. მაგრამ მას მაინც მოუწევდა მწარე რეალობისთვის თვალის გასწორება. პროფესორი ჰიუ ტომასი კარგად ასკვნის: „მეოცე საუკუნეში — საუკუნეში, რომელიც აღსანიშნავია დიდი მიღწევებით სოციალურ სფეროში და მთავრობის მხრიდან ღარიბთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად გაწეული უფრო მეტი ძალისხმევით — ბობოქრობდა ავტომატი, ტანკი, ბომბდამშენი „B-52“, ატომური ბომბი და, ბოლოს, რაკეტა. ყველა სხვა ასწლეულთან შედარებით, ეს საუკუნე ბევრად უფრო სისხლიანი და დამანგრეველი ომებით გამოირჩეოდა“. პროფესორი ტომასი განაგრძობს: „ამიტომაც, ჯერ კიდევ საკითხავია, ღირს კი ნამდვილად ამ ეპოქისთვის პროგრესულის სახელის მინიჭება თუ არა“.
ახლა, როდესაც უკვე XXI საუკუნეში შევაბიჯეთ, გვესახება თუ არა უფრო რეალურად მსოფლიო მშვიდობა? ოდნავადაც არა! 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მომხდარი ტერაქტების მოხსენიებისას ჟურნალ „ნიუსუიკში“ ასეთი რამ ითქვა: «მსოფლიოში, სადაც „ბოინგ-767“ მართულ რაკეტად შეიძლება იქცეს, ჩანს, რომ შეუძლებელი არაფერია და რაც ყველაზე უარესია, არც არაფრისგან ვართ დაზღვეული».
-