-
იგრძნობენ ოდესმე შვებას ტანჯული ადამიანები?საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 აპრილი
-
-
იგრძნობენ ოდესმე შვებას ტანჯული ადამიანები?
ისურვებდი, გენახა არა მხოლოდ შენი, არამედ მთელი კაცობრიობის ტანჯვა-წამების ბოლო? განიხილე ეს მაგალითები:
სონია მეტისმეტად იტანჯებოდაa. ჯერ გაიგო, რომ ქმარი ათი წლის მანძილზე ღალატობდა. მოგვიანებით მისი უმცროსი ვაჟი აივ-ით გახდა ინფიცირებული და შიდს-ით მოკვდა. ორი წლის შემდეგ მისი მეორე ვაჟი დაავადდა და ცოტა ხანში ისიც შიდს-მა მოკლა. „მისი ავადმყოფობის ბოლო სტადია ძალიან დიდხანს გაგრძელდა, — იხსენებს სონია. — ის საშინელ დეპრესიაში იყო, თმა გასცვივდა და მხედველობა დაუქვეითდა. ეს საშინელება იყო“.
ფებიანას, ბრაზილიის უნივერსიტეტის სტუდენტს, მსოფლიო საზოგადოებრივი უსამართლობა აწუხებდა. შემდეგ მის ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა. მისმა ძმამ, რომელიც დეპრესიაში იყო, თავი მოიკლა. როცა ფებიანამ სამუშაო დაკარგა, მეგობარმა შესთავაზა „პი-დე-სანტუ“-სთან (გრძნეული) მისვლა, რადგან ფიქრობდა, რომ ფებიანას ასეთი უბედურების მიზეზი ჯადო უნდა ყოფილიყო! მაგრამ „პი-დე-სანტუ“-მ ვერაფერი უშველა. ნაცვლად ამისა, ფებიანა იტანჯებოდა და უბედურებამ ძილი დააკარგვინა.
ანას ცხოვრებაში ტანჯვა ბევრად უფრო ადრე დაიწყო. „ერთი წლის რომ ვიყავი, — ამბობს ის, — დედამ მიმატოვა, ასე რომ ბებიამ მიშვილა“. შემდეგ, როცა ანა სულ მხოლოდ სამი წლის იყო, ბებია დაეღუპა. ის რიო-დე-ჟანეიროში არსებულ ობოლთა თავშესაფარში გააგზავნეს, სადაც 13 წლის ასაკამდე დარჩა. „იქ ძალიან ცუდად გვექცეოდნენ და დაუმორჩილებელი გავხდი, — ამბობს ანა. — რაც უფრო ვიზრდებოდი, თითქმის ყველაფრის წინააღმდეგ ვიბრძოდი“.
როგორც ვხედავთ, ცხოვრებაში, ასე თუ ისე, ყველა იტანჯება. მართლაც, ადამიანების ტრაგიკულ შემთხვევებს ყოველდღიურად ვაწყდებით — როცა კი ვუყურებთ, ვკითხულობთ ან ვუსმენთ ახალ ამბებს. „ჩვენმა მასობრივი კომუნიკაციის ხანამ პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა ცუდი ცნობებით დაბომბვისგან თავის დახსნა, — წერს დოქტორი მერი სიკს უილი. — ომები, სტიქიური უბედურებები, საწარმოო და ავტოკატასტროფები, დამნაშავეობა, ტერორიზმი, სექსუალური შეურაცხყოფა, გაუპატიურება, ძალადობა ოჯახში — ყოველივე ეს ტრავმას XX საუკუნის საშინელ და ყოველდღიურ ლაიტმოტივად ხდის“. ქრისტიანმა მოციქულმა პავლემ რეალურად შეაჯამა ის, რასაც ადამიანი განიცდის: „მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება“ (რომაელთა 8:22).
რა შეიძლება ითქვას შენზე? შენც იტანჯები? რა შვებას შეგიძლია მოელოდე? მიაღწევ ოდესმე ნამდვილ მშვიდობას? სონიამ, ფებიანამ და ანამ ჰპოვეს ჭეშმარიტი ნუგეში და ნამდვილი მშვიდობა! ამის შესახებ შეგიძლია წაიკითხო შემდეგ სტატიაში.
-
-
„მშვიდობის ღმერთი“ ზრუნავს ტანჯულ ადამიანებზესაგუშაგო კოშკი — 1997 | 15 აპრილი
-
-
„მშვიდობის ღმერთი“ ზრუნავს ტანჯულ ადამიანებზე
ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ მოხუცი დავითისთვის უცხო არ იყო ტანჯვა. ის რამდენიმე წელი ცხოვრობდა როგორც ლტოლვილი, რომელსაც ულმობლად დევნიდა მისი მოკვლის მსურველი ბოროტი და ჯიუტი მეფე. ასეთი ტანჯვის დროს დავითი მივარდნილ ადგილებში იმალებოდა. მაგრამ ის უფრო მეტსაც აკეთებდა. იგი დაჟინებით ევედრებოდა იეჰოვას თავის გასაჭირზე. „ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, — წერდა ის მოგვიანებით საკუთარი განსაცდელის შესახებ. — გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს მის წინაშე ვილაპარაკებ“ (ფსალმუნი 141:2, 3).
დღეს ზოგი დასცინებდა ღმერთზე დავითის მინდობას. ისინი იტყოდნენ, რომ ლოცვა მხოლოდ ფსიქოლოგიური საყრდენია და რომ პრაქტიკული თვალსაზრისით დროის ფუჭი ხარჯვაა. მაგრამ ღმერთზე დავითის მინდობა უმართებულო არ ყოფილა, რადგანაც საბოლოოდ მისმა მტრებმა მარცხი განიცადეს. იმის გახსენებისას, რაც გადაიტანა, დავითი წერდა: „ჰა, შეჰღაღადა შეჭირვებულმა, — ესმა უფალს და ჭირთაგან იხსნა“ (ფსალმუნი 34:7, ჯ. აჯიაშვილის თარგმანი [33:7]). ჭეშმარიტ ღმერთს, რომელსაც დავითი მიმართავდა, ‘მშვიდობის ღმერთიც’ ეწოდება (ფილიპელთა 4:9; ებრაელთა 13:20). მოგვიტანს ის შვებას ტანჯვისგან, რასაც მშვიდობა მოჰყვება?
იეჰოვა ზრუნავს შენზე
იეჰოვა გულგრილად არ უყურებს თავისი ხალხის გასაჭირს (ფსალმუნი 33:16). თავის მსახურთა გაჭირვებასთან დაკავშირებით, ის მხოლოდ ჯგუფის მიმართ კი არაა ყურადღებიანი, არამედ მისი მოშიში თითოეული პიროვნების მიმართაც. ძველ იერუსალიმში ტაძრის საზეიმო გახსნისას სოლომონი ევედრებოდა იეჰოვას: „[ისმინე] ყოველი ლოცვა, ყოველი ვედრება, რომელიც იქნება თითოეული ადამიანისაგან და მთელი შენი ერისაგან, ისრაელისგან, როდესაც ყველა გაიგებს თავის უბედურებას“ (მეორე ნეშტთა 6:29). როგორც სოლომონმა დაადასტურა, თითოეულ ადამიანს სხვადასხვაგვარი რამე ტანჯავს. ერთისთვის ეს შეიძლება ფიზიკური ავადმყოფობა იყოს. მეორესთვის — ემოციური მწუხარება. ზოგს შეიძლება საყვარელი ადამიანის სიკვდილი ტანჯავდეს. ამ ძნელ დროში გავრცელებულ სატანჯველებს წარმოადგენს აგრეთვე უმუშევრობა, ეკონომიკური გაჭირვება და ოჯახური პრობლემები.
ერთი წუთით დაუფიქრდი ‘შენს უბედურებას’. დროდადრო, ალბათ, იმავეს გრძნობ, რასაც ფსალმუნმომღერალი დავითი, რომელიც წერდა: „ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და — ვერ ვპოვე“. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვას აწუხებს შენი მდგომარეობა, რადგანაც იმავე ფსალმუნში დავითი მოგვიანებით წერდა: „მოუსმენს ღატაკებს უფალი და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს (ფსალმუნი 68:21, 33).
თუ დავითის სიტყვებს ფართო გაგებით გამოვიყენებთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ კაცობრიობის შემოქმედი ისმენს იმათ ლოცვებს, ვინც, ასე ვთქვათ, სატანჯველებმა დაატყვევა. უფრო მეტიც, ის ეხმაურება მათ სავალალო მდგომარეობას. განიხილე შემდეგი მტკიცებები, რომლებიც ტანჯული ადამიანებისადმი იეჰოვას თანაგრძნობას გვიჩვენებს.
„ქვრივსა და ობოლს ნუ დაჩაგრავ. თუ დაჩაგრავ, მე შემომჩივლებენ და შევისმენ მათ ჩივილს. რისხვით ავინთები“ (გამოსვლა 22:21–23).
„განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამე მას შეჰღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?“ (ლუკა 18:7).
«იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს [„ტანჯულს“, აქ], ვისაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში» (ფსალმუნი 71:12–14).
„თქვენი [ღვთის მიწიერი მსახურების] შემხებარი მისი თვალის გუგის შემხებარია“ (ზაქარია 2:8).
ეს რამდენიმე მაგალითი გვიჩვენებს ჩვენი შემოქმედის დიდ ზრუნვას თავისი ხალხის კეთილდღეობაზე. აქედან გამომდინარე, სარწმუნო მიზეზი გვაქვს, მივყვეთ პეტრე მოციქულის გაფრთხილებას: „თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). მაგრამ როგორ დაგვეხმარება ღმერთი ტანჯვის დროს?
როგორ ეხმარება ღმერთი ტანჯულ ადამიანებს
როგორც დავინახეთ, როცა დავითი იტანჯებოდა, ლოცვაში დაჟინებით სთხოვდა ღმერთს ხელმძღვანელობას. ამავე დროს, მდევრისგან გასაქცევად ის თვითონ მოქმედებდა საზრიანად, რათა შეემსუბუქებინა სიტუაცია. ამგვარად, პირად მცდელობასთან შეთავსებულმა იეჰოვაზე მინდობამ საშუალება მისცა დავითს, გადაეტანა საკუთარი გასაჭირი. რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
ტანჯვისას, რასაკვირველია, შეცდომა არ იქნებოდა, პრობლემის გადასაჭრელად პირადად გვემოქმედა საზრიანად. მაგალითად, თუ ქრისტიანი უმუშევარია, არ შეეცდება სამუშაოს პოვნას? ან თუ ფიზიკური ავადმყოფობა აწუხებს, არ მიმართავს სამედიცინო დახმარებას? სინამდვილეში, თვით იესოც კი, რომელსაც ყველანაირი ავადმყოფობის განკურნების ძალა ჰქონდა, აღიარებდა, რომ ‘სნეულს მკურნალი სჭირდება’ (მათე 9:12; შეადარე 1 ტიმოთე 5:23). რასაკვირველია, ზოგი გასაჭირის არიდება შეუძლებელია; ისინი, უბრალოდ, უნდა გადაიტანო. მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტი ქრისტიანი ტანჯვას ღირსებად არ თვლის, როგორც ზოგს მიაჩნია ასე (შეადარე მესამე მეფეთა 18:28). პირიქით, ის ყველა ღონეს იხმარს, რომ თავი გაართვას სატანჯველს.
მაგრამ, ამავე დროს, გონივრულია, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით იეჰოვას მიმართო ლოცვით. რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ ჩვენს შემოქმედზე მინდობა ხელს გვიწყობს ‘უმჯობესის გამოცდაში’ (ფილიპელთა 1:10). მაგალითად, სამუშაოს ძებნისას ღმერთზე ლოცვით მინდობა დაგვეხმარება, რომ უარი ვთქვათ შემოთავაზებულ ისეთ სამუშაოზე, რომელიც ბიბლიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. აგრეთვე არ დავუშვებთ, რომ ფულის სიყვარულმა ‘რწმენას განგვაშოროს’ (1 ტიმოთე 6:10). ნამდვილად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას — იქნება ეს სამუშაოსთან თუ ცხოვრების სხვა სფეროებთან დაკავშირებით — გვესაჭიროება, მივყვეთ დავითის გაფრთხილებას: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 54:23).
ლოცვა აგრეთვე გვეხმარება, შევინარჩუნოთ გონებრივი წონასწორობა, ისე რომ ტანჯვამ არ გვძლიოს. პავლე მოციქული წერდა: „ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს“. რა იქნება შედეგი? „ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7). დიახ, მშვიდობა, ღვთის მშვიდობა. ეს მშვიდობა „ყოველგვარ გონებას აღემატება“, ასე რომ, როცა დადარდიანებული ვართ, მას შეუძლია ჩვენი სტაბილიზება. ის ‘დაიფარავს ჩვენს გულებსა და ფიქრებს’ და ამგვარად დაგვეხმარება, თავი ავარიდოთ წინდაუხედავ და არაგონივრულ რეაგირებას, რომელსაც ჩვენი ტანჯვა, შესაძლებელია, კიდევ უფრო დაემძიმებინა (ეკლესიასტე 7:7, აქ).
ლოცვას კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. მას შეუძლია სხვაგვარად განავითაროს სიტუაცია. განიხილე ბიბლიური მაგალითი. რომში პატიმრობისას პავლე მოციქული თანაქრისტიანებს მოუწოდებდა, ელოცათ მისთვის. რატომ? „უფრო მეტად კი შეგაგონებთ, გააკეთოთ ეს იმისათვის, რომ მალე დავბრუნდე თქვენთან“ (ებრაელთა 13:19). პავლემ იცოდა, რომ თანამორწმუნეების დაჟინებულ ლოცვებს შეეძლო სხვაგვარად განევითარებინა სიტუაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გათავისუფლდებოდა (ფილიმონი 22).
შეცვლის ლოცვა შენი ტანჯვის შედეგს? შესაძლებელია. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ იეჰოვა ყოველთვის იმ გზით არ გვპასუხობს, რომელსაც შეიძლება მოველით. მაგალითად, პავლე არაერთგზის ლოცულობდა ‘სხეულში მქონე ეკალზე’ — შესაძლებელია, მხედველობის პრობლემაზე. სატანჯველის ჩამოცილების ნაცვლად, ღმერთმა უთხრა პავლეს: „გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“ (2 კორინთელთა 12:7–9).
ამგვარად, ჩვენი სატანჯველი ზოგჯერ არ იქნება ჩამოცილებული. პირიქით, შესაძლებლობა გვექნება, დავამტკიცოთ ჩვენს შემოქმედზე მინდობა (საქმეები 14:22). გარდა ამისა, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ, თუნდაც იეჰოვამ არ ჩამოგვაცილოს სატანჯველი, ის ‘გამოსავალს მოგვცემს, რომ შევძლოთ გადატანა’ (1 კორინთელთა 10:13). დიახ, საფუძვლიანი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ იეჰოვას ეწოდება „ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში“ (2 კორინთელთა 1:3, 4). მნიშვნელოვან მშვიდობასთან ერთად ის გვაძლევს ყველაფერს, რაც გვესაჭიროება გასაჭირის გადასატანად.
მალე — ქვეყნიერება ტანჯვის გარეშე!
შემოქმედი გვპირდება, რომ თავისი სამეფოს მეშვეობით ბოლოს მოუღებს კაცობრიობის ტანჯვას. როგორ გააკეთებს ის ამას? ტანჯვის მთავარი მიზეზისა და მშვიდობის უპირველესი მტრის, სატანა ეშმაკის, ჩამოცილებით, რომელსაც ბიბლია ‘ამ წუთისოფლის ღმერთს’ უწოდებს (2 კორინთელთა 4:4). მაგრამ მალე დასრულდება კაცობრიობაზე მისი მმართველობა. მისი ჩამოშორება ღვთისმოშიშ ადამიანებს გზას გაუხსნის აურაცხელი კურთხევისკენ. ბიბლია გვპირდება, რომ იეჰოვა „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:1–4).
დაუჯერებელი ხომ არ ჩანს ქვეყნიერება ტანჯვის გარეშე? ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ გაჭირვებით ცხოვრებას, რომ გვიძნელდება მისი არარსებობის წარმოდგენა. მაგრამ შიშის, მწუხარებისა და უბედურებისგან თავისუფლება სწორედ ისაა, რაც ღმერთმა შემოქმედებისას აღუთქვა კაცობრიობას, და მისი განზრახვა მიზანს მიაღწევს (ესაია 55:10, 11).
ეს ის იმედია, რომელიც სტატიის შესავალში მოხსენიებულმა სონიამ, ფებიანამ და ანამ იპოვეს. სონიამ, რომელსაც ორი ვაჟი შიდს-ით დაეღუპა, მეტი მშვიდობა ჰპოვა ბიბლიის მიერ შეთავაზებული იმედით — მართალთა და უკეთურთა მკვდრეთით აღდგომით (საქმეები 24:15). „ერთი რამ უდავოა, — ამბობს ის, — ჩვენი იმედი ყოველგვარ ტკივილს აღემატება“.
ჯერ კიდევ ობოლთა თავშესაფარში ცხოვრებისას ანა ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ მოინახულა. „მან ბიბლიაში იეჰოვას სახელი მანახა, — ამბობს ანა, — და მე სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა. მე ძალიან მესაჭიროებოდა დახმარება და გავიგე, რომ არსებობს ღმერთი, რომელიც ზრუნავს ჩვენზე“. ობოლთა თავშესაფრის დატოვების შემდეგ ანა დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე და უფრო მეტი გაიგო იეჰოვას აღთქმებზე. შემდეგ მან სიცოცხლე იეჰოვას მიუძღვნა და ამის სიმბოლოდ მოინათლა. „იმ დროიდან მოყოლებული განვაგრძობ ლოცვის საშუალებით იეჰოვაზე მინდობას და მანუგეშებს იმის რწმენა, რომ ის დამეხმარება“.
მომავალთან დაკავშირებული ღვთის აღთქმების გაგებით ფებიანამაც დიდი ნუგეში და სულიერი სიმშვიდე ჰპოვა ტანჯვაში. „ბიბლიიდან ჭეშმარიტების გაგება ძალიან ბნელი და პირქუში ადგილიდან სუფთა, ნათელ და სასიამოვნო ოთახში გადასვლას ჰგავს“ (შედარე ფსალმუნი 117:5).
მაგრამ როგორ და როდის დამყარდება ნამდვილი მშვიდობა მთელ დედამიწაზე? მოდი ვნახოთ ეს შემდეგ სტატიებში.
-