საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ახალგაზრდა მდიდარი მმართველის კითხვას პასუხი ეცემა
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესო კვლავ პერეას გავლით აგრძელებს გზას იერუსალიმისკენ. მასთან ერთი მდიდარი ახალგაზრდა კაცი მიდის და მის ფეხებთან ეცემა. ეს კაცი ერთ-ერთი მმართველია, რომელიც, როგორც ჩანს, სინაგოგის წინამძღოლი ან სინედრიონის წევრია. „კარგო მოძღვარო, — ეკითხება ის იესოს. — რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ (ლუკა 8:41; 18:18; 24:20).

      „რატომ მიწოდებ კარგს? — პასუხობს იესო. — არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა“. როგორც ჩანს, ეს ახალგაზრდა მამაკაცი სიტყვა „კარგს“ წოდებასავით იყენებს, როგორც ეს რაბინებს შორის იყო მიღებული. მართალია, იესო კარგი მასწავლებელია, მაგრამ მას არ სურს, რომ ამ ახალგაზრდამ მას „კარგი“ უწოდოს, რადგან მხოლოდ ღმერთს შეიძლება ეწოდოს „კარგი“.

      „თუ სიცოცხლის მიღება გინდა, მცნებები დაიცავი“, — ურჩევს მას იესო. ამაზე ახალგაზრდა კაცი ეკითხება: „რომელი მცნებები?“. იესო ათი მცნებიდან ხუთს მოიხსენიებს, რომელიც მკვლელობას, მრუშობას, ქურდობას, ცრუმოწმეობას და მშობლებისადმი პატივისცემას ეხება. ბოლოს კი უფრო მნიშვნელოვან მცნებას უსვამს ხაზს: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 19:17—19).

      „ამ ყველაფერს ვიცავ, — პასუხობს კაცი. — რაღა მაკლია?“ (მათე 19:20). ის შესაძლოა ფიქრობს, რომ რაღაც განსაკუთრებული, საგმირო საქმე უნდა ჩაიდინოს, მარადიული სიცოცხლის მიღების ღირსი რომ გახდეს. მისი გულწრფელად დასმული კითხვის მოსმენის შემდეგ იესო სიყვარულით აღიძვრება მისდამი (მარკოზი 10:21). მაგრამ არსებობს რაღაც, რაც ამ ახალგაზრდას აბრკოლებს.

      მას არ ეთმობა თავისი ქონება, ამიტომ იესო ეუბნება: „ერთი რამ გაკლია: წადი, გაყიდე რაც გაქვს, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი“. დიახ, ამ კაცს შეუძლია თავისი ფული ღარიბებს დაურიგოს, რომლებიც ვერაფერს გაუკეთებენ სანაცვლოდ, და იესოს მოწაფე გახდეს. იესოს, ალბათ, სიბრალულის გრძნობა უჩნდება, როცა ხედავს, რომ კაცი დგება და დამწუხრებული ტოვებს იქაურობას. ამ ახალგაზრდა მმართველს არ ეთმობა თავისი „დიდძალი ქონება“ და ის იმდენად უბრმავებს თვალს, რომ ნამდვილ განძს ვერ ამჩნევს (მარკოზი 10:21, 22). იესო ამბობს: „რა ძნელი იქნება ღვთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვისაც ფული აქვს!“ (ლუკა 18:24).

      მოწაფეები გაკვირვებას ვერ მალავენ ამ სიტყვების მოსმენაზე და არანაკლებ აკვირვებთ ისიც, რასაც იესო ამის შემდეგ ამბობს: „აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში“. ამაზე მოწაფეები კითხულობენ: „ვინღა გადარჩება?“. ნუთუ იმდენად ძნელია გადარჩენა, რომ ამას ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს?! იესო მზერას აპყრობს მათ და პასუხობს: „რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია“ (ლუკა 18:25—27).

      ამ დროს პეტრე იმაზე მიანიშნებს, რომ მათ ამ ახალგაზრდა მმართველისგან სრულიად განსხვავებული არჩევანი გააკეთეს: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით. ამისთვის რა გვექნება?“. იესო ხაზს უსვამს იმას, თუ საბოლოოდ რას მიიღებენ სწორი არჩევანის სანაცვლოდ: „ხელახლა შექმნისას, როცა კაცის ძე თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება, თქვენც, ვინც მე გამომყევით, თორმეტ ტახტზე დასხდებით და ისრაელის თორმეტ ტომს გაასამართლებთ“ (მათე 19:27, 28).

      იესო საუბრობს მომავალზე, როცა „ხელახლა შექმნისას“ დედამიწაზე კვლავ აღდგება ისეთივე პირობები, როგორიც ედემის ბაღში იყო. პეტრე და სხვა მოწაფეები დაჯილდოვდებიან და იესოსთან ერთად ზეციდან იმმართველებენ ადამიანებზე, რომლებიც დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებენ. რა თქმა უნდა, ასეთი ჯილდოსთვის ნებისმიერი მსხვერპლის გაღება ღირს!

      თუმცა იესოს მიმდევრებს მხოლოდ მომავალში როდი ელით ჯილდო. ისინი ახლაც არიან დაჯილდოებულნი. იესო ეუბნება მათ: „არავინ არის ისეთი, რომ ღვთის სამეფოს გულისთვის დატოვოს სახლი ან ცოლი, ან ძმები, ან მშობლები, ან შვილები და ბევრად მეტი არ მიიღოს ახლა, მომავალში კი — მარადიული სიცოცხლე“ (ლუკა 18:29, 30).

      დიახ, სადაც არ უნდა წავიდნენ იესოს მიმდევრები, მათ ყველგან ეგულებათ თანამორწმუნეებისგან შემდგარი მოსიყვარულე საძმო. და-ძმებთან მათ შეუძლიათ უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ, რაც შესაძლოა ბევრად ღირებულია მათთვის, ვიდრე ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, ეს მდიდარი ახალგაზრდა მმართველი, როგორც ჩანს, ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, ჰყავდეს ასეთი საძმო და მიიღოს ზეციური ჯილდო.

      იესო დასძენს: „ბევრი, ვინც პირველია, ბოლო იქნება, ხოლო ბოლო — პირველი“ (მათე 19:30). რას გულისხმობს იგი?

      ეს ახალგაზრდა მდიდარი მმართველი, ერთ-ერთი „პირველია“, რადგან იგი იუდეველი სასულიერო პირია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს კაცი ღვთის მცნებებს იცავს, მისგან მეტი მოითხოვება. მაგრამ მის ცხოვრებაში ქონებასა და სიმდიდრეს უმთავრესი ადგილი უკავია. მისგან განსხვავებით, იუდას მიწაზე მცხოვრები უბრალო ხალხი ხედავს, რომ იესო ჭეშმარიტებას ასწავლის და სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე აყენებს მათ. ისინი, ერთ დროს, ასე ვთქვათ, ბოლოები იყვნენ, მაგრამ ახლა პირველებს შორის იმკვიდრებენ ადგილს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, ზეცაში იესოსთან ერთად ტახტებზე დასხდნენ და იმეფონ მაშინ, როცა დედამიწაზე სამოთხე იქნება.

  • მაგალითი ვენახის მუშებზე
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • სულ ცოტა ხნის წინ, პერეაში ყოფნის დროს იესომ თავის მსმენელებს უთხრა: „ბევრი, ვინც პირველია, ბოლო იქნება, ხოლო ბოლო — პირველი“ (მათე 19:30). ამ აზრის ხაზგასასმელად მას მაგალითი მოჰყავს ვენახის მუშებზე:

      «ზეციერი სამეფო ჰგავს სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გავიდა, რომ თავის ვენახში სამუშაოდ მუშები დაექირავებინა. მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და ვენახში გაუშვა. მესამე საათისთვის კიდევ გავიდა მოედანზე და დაინახა უსაქმოდ მდგომი სხვა მუშები. უთხრა მათ: „თქვენც წადით ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ“. ისინიც წავიდნენ. მეექვსე საათისთვის და მეცხრე საათისთვის კიდევ გავიდა და მსგავსად მოიქცა. ბოლოს მეთერთმეტე საათისთვის გავიდა და კიდევ სხვები ნახა უსაქმოდ მდგომნი. ჰკითხა მათ: „რატომ დგახართ აქ მთელი დღე უსაქმოდ?“ „არავინ დაგვიქირავა“, — უპასუხეს მათ. მან უთხრა: „თქვენც წადით ჩემს ვენახში“» (მათე 20:1—7).

      იესოს სიტყვებზე, „ზეციერი სამეფო“ და „სახლის პატრონი“, მის მსმენელს, ალბათ, იეჰოვა ახსენდება. წმინდა წერილებში იეჰოვა მოხსენიებულია როგორც ვენახის პატრონი, ვენახის, რომელიც ისრაელ ერს განასახიერებს (ფსალმუნი 80:8, 9; ესაია 5:3, 4). ისინი, ვინც კანონის შეთანხმებას ექვემდებარება, ვენახის მუშებთან არიან შედარებულნი. მაგრამ იესო ამ მაგალითით ძველ დროს კი არ გულისხმობს, არამედ ამჟამინდელ მდგომარეობას აღწერს.

      სასულიერო პირები, მაგალითად ის ფარისევლები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ იესოს გამოსაცდელად კითხვა დაუსვეს გაყრის თაობაზე, ვითომდა, განუწყვეტლივ ემსახურებიან ღმერთს. ისინი ჰგვანან იმ მუშებს, რომლებიც სრული განაკვეთით მუშაობენ და რომლებიც სრულ გასამრჯელოს ელიან — ერთ სამუშაო დღეზე ერთ დინარს.

      მღვდლები და სხვები, რომლებიც ამ ჯგუფში შედიან, საწყალ იუდეველებს ისე უყურებენ, როგორც ღვთის ვენახში არასრული განაკვეთით მომუშავეებს ანუ თვლიან, რომ ისინი ღვთის მსახურებაში მათზე ნაკლებს აკეთებენ. როგორც იესოს მაგალითშია აღწერილი, ეს ხალხი მათ ჰგავს, ვინც ბატონმა „მესამე საათისთვის“ (დილის 9 საათი) ან მოგვიანებით — მეექვსე, მეცხრე ან კიდევ მეთერთმეტე საათისთვის (საღამოს 5 საათი) დაიქირავა.

      იმ კაცებსა და ქალებს, რომლებიც იესოს მიჰყვებიან, ფარისევლები დაწყევლილ ხალხად მიიჩნევენ (იოანე 7:49). იესოს მიმდევრები თითქმის მთელი ცხოვრება მეთევზეობას ან სხვა საქმეს მისდევდნენ. მაგრამ ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე „ვენახის პატრონმა“ იესო გაგზავნა, რომ ამ უბრალო ხალხისთვის მოეხმო, რათა მისი მოწაფეები გამხდარიყვნენ და ღვთისთვის ეშრომათ. როგორც იესო აღნიშნავს, ისინი „ბოლოები“ არიან, რომლებიც მეთერთმეტე საათისთვის დაიქირავა ვენახის პატრონმა.

      ბოლოს იესო თავის მაგალითს იმის აღწერით ასრულებს, თუ რა ხდება სამუშაო დღის მიწურულს: «როცა მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა თავისი ქონების მეთვალყურეს უთხრა: „დაუძახე მუშებს და გადაუხადე გასამრჯელო, ბოლოს მოსულებით დაიწყე და პირველებით დაამთავრე“. მოვიდნენ ისინი, ვინც მეთერთმეტე საათიდან მუშაობდნენ და თითო დინარი მიიღეს. მოვიდნენ პირველები და იფიქრეს, რომ მეტს მიიღებდნენ, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს. მიიღეს და ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს: „ბოლოს მოსულებმა სულ ერთი საათი წაიმუშავეს, შენ კი ისინი ჩვენ გაგვიტოლე, რომლებმაც დღის სიმძიმე და პაპანაქება გადავიტანეთ!“ მან კი მიუგო ერთ მათგანს: „მეგობარო, არ გექცევი უსამართლოდ. ერთ დინარად არ მომირიგდი? აიღე, რაც გეკუთვნის და წადი. მე კი მინდა, ამ ბოლოს მოსულსაც იმდენივე მივცე, რამდენიც შენ. განა იმის უფლება არა მაქვს, ჩემი ქონება როგორც მინდა, ისე მოვიხმარო? თუ შენს თვალს შურს, რომ კარგი ადამიანი ვარ?“ ასე გახდებიან ბოლოები პირველები და პირველები — ბოლოები» (მათე 20:8—16).

      ამ მაგალითის ბოლო ნაწილი, ალბათ, მოწაფეებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. როგორ გახდებიან იუდეველი სასულიერო პირები, რომლებიც საკუთარ თავს პირველებად თვლიან, ბოლოები? და როგორ გახდებიან იესოს მოწაფეები პირველები?

      იესოს მოწაფეები, რომლებიც ფარისეველთა აზრით, ბოლოები არიან, პირველები გახდებიან ანუ სრულ გასამრჯელოს მიიღებენ. როცა იესო დაასრულებს დედამიწაზე ცხოვრებას, ღმერთი უარყოფს მიწიერ იერუსალიმს, რის შემდეგაც აირჩევს ახალ ერს, „ღვთის ისრაელს“ (გალატელები 6:16; მათე 23:38). იოანე ნათლისმცემელი სწორედ მათზე მიანიშნებდა, როცა წმინდა სულით ნათლობაზე საუბრობდა, რომელიც მომავალში მოხდებოდა. ისინი, ვინც ერთ დროს ბოლოები იყვნენ, პირველები მოინათლებიან ღვთის წმინდა სულით და პატივი ხვდებათ წილად, „დედამიწის კიდით კიდემდე“ იესოს შესახებ დაამოწმონ (საქმეები 1:5, 8; მათე 3:11). მოწაფეები გარკვეულწილად მიხვდნენ, რომ იესოს სიტყვები ძირეულ ცვლილებებს მოასწავებს, ამიტომ შესაძლოა ისიც განჭვრიტეს, რომ ამას იუდეველი სასულიერო პირებისგან, რომლებიც ბოლოები გახდებიან, მძაფრი რეაგირება მოჰყვება.

  • მოციქულები კვლავ პირველობისკენ ისწრაფვიან
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • იესოს და მის მოწაფეებს სამხრეთით აქვთ გეზი აღებული; ისინი პერეადან იერუსალიმისკენ მიდიან და სადაცაა ჩავლენ დანიშნულების ადგილას. ახლა მდინარე იორდანეს იერიხონის მახლობლად კვეთენ. მათთან ერთად სხვებიც მიდიან, რათა პასექი (ახ. წ. 33 წელი) აღნიშნონ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება