საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იესო პერეაში მსახურობს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • კრუხი თავის ფრთებქვეშ იკრებს წიწილებს

      თავი 82

      იესო პერეაში მსახურობს

      ლუკა 13:22—14:6

      • ვიწრო კარში შესასვლელად ადამიანმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს

      • იესო იერუსალიმში უნდა მოკვდეს

      იესო უკვე რამდენიმე ხანია, რაც ხალხს იუდეასა და იერუსალიმში ასწავლის, ის ავადმყოფებსაც კურნავს. ამის შემდეგ იგი მდინარე იორდანეს გაღმა გადადის და პერეას ქალაქებში ქადაგებს. თუმცა მალე ის ისევ იერუსალიმში ბრუნდება.

      კაცი ძალ-ღონეს არ იშურებს ვიწრო კარში შესასვლელად

      პერეაში ყოფნის დროს ერთი კაცი ეკითხება: „უფალო, ცოტანი გადარჩებიან?“. ამ კაცმა, ეტყობა, იცის, რომ ამ საკითხზე ფარისევლებსა და კანონის მცოდნეებს კამათი მოუვიდათ იესოსთან. იესო ცვლის თემას და ნაცვლად იმისა, რომ იმაზე ისაუბროს, თუ რამდენი გადარჩება, ყურადღებას ამახვილებს, რა არის საჭირო გადარჩენისთვის: „ძალ-ღონე არ დაიშუროთ ვიწრო კარში შესასვლელად“. დიახ, ამისთვის ძალისხმევა, ბრძოლაა საჭირო. იესო ხსნის: „გეუბნებით: ბევრი ეცდება შესვლას, მაგრამ ვერ შევლენ“ (ლუკა 13:23, 24).

      იმის ხაზგასასმელად, რომ ვიწრო კარში შესასვლელად დიდი ძალისხმევაა საჭირო, იესოს ასეთი მაგალითი მოჰყავს: «როცა სახლის პატრონი ადგება და კარს ჩაკეტავს, მაშინ თქვენ გარეთ იდგებით, დაიწყებთ კარზე კაკუნს და ეტყვით: „ბატონო, გაგვიღე!“ . . . ის კი გეტყვით: „არ ვიცი, ვინა ხართ. გამშორდით, უმართლობის მოქმედნო!“» (ლუკა 13:25—27).

      ამ მაგალითიდან კარგად ჩანს, თუ რა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება ის, ვინც დააგვიანებს მისვლას, ანუ იმ დროს მივა, როცა მისთვისაა ხელსაყრელი; ასეთ კაცს კარი უკვე ჩაკეტილი დახვდება. იგი უფრო ადრე უნდა მისულიყო იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არ იყო მისთვის ხელსაყრელი დრო. ასეთი კაცი შეგვიძლია ბევრ ისეთ ადამიანს შევადაროთ, ვისაც შეეძლო მათთან მისული იესოსთვის მოესმინა და ესწავლა მისგან. მათ არ დაუთმეს მთავარი ადგილი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას თავიანთ ცხოვრებაში. იმ ხალხის უმეტესობამ, ვისთვისაც იესო მოვიდა დედამიწაზე, უარყო ის და არ ისურვა ღვთისგან ხსნის მიღება. ამიტომ იესო ამბობს, რომ როცა ისინი გარეთ გადაიყრებიან, მოჰყვებიან „ტირილსა და კბილთა ღრჭენას“. მაგრამ ხალხი ყველა ერიდან — „აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან“ სუფრასთან იქნება „მიწვეული ღვთის სამეფოში“ (ლუკა 13:28, 29).

      იესო ხსნის: „ბოლოები [არაიუდეველები და ჩაგრული იუდეველები] პირველები იქნებიან და პირველები [იუდეველები, რომლებიც რელიგიურ წრეებში დიდად პატივდებულნი არიან და რომლებიც ამაყობენ, რომ აბრაამის შთამომავლები არიან] — ბოლოები“ (ლუკა 13:30). ეს უმადური იუდეველები იმ გაგებით იქნებიან „ბოლოები“, რომ ვერასდროს დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.

      ახლა ზოგი ფარისეველი მიდის იესოსთან და ურჩევს მას: „წადი, გაეცალე აქაურობას, ჰეროდე [ანტიპა] მოკვლას გიპირებს“. როგორც ჩანს, ამ ჭორის გავრცელებას თავად მეფე ჰეროდემ შეუწყო ხელი, რადგან სურს, რომ იესომ დატოვოს იქაურობა. იგი, ეტყობა, შიშობს, კიდევ ერთი წინასწარმეტყველის სისხლში არ გაისვაროს ხელი, როგორც ეს იოანე ნათლისმცემლის შემთხვევაში მოხდა. მაგრამ იესო ფარისევლებს ეუბნება: „წადით და უთხარით იმ მელას: დღეს და ხვალ დემონებს ვდევნი და ავადმყოფებს ვკურნავ, მესამე დღეს კი დავასრულებ“ (ლუკა 13:31, 32). იესო, როგორც ჩანს, ჰეროდეს მელას იმიტომ უწოდებს, რომ ის მელასავით ცბიერია. თუმცა იესო არც ჰეროდეს და არც სხვა ვინმეს არ მისცემს იმის უფლებას, რომ თავის ჭკუაზე ატარონ. ის მხოლოდ იმას გააკეთებს, რაც მამამ დაავალა და მხოლოდ მისი, და არა რომელიმე ადამიანის, ნებისამებრ იმოქმედებს.

      იესო ახლა გეზს იერუსალიმისკენ იღებს, რადგან, როგორც თავად ამბობს, „დაუშვებელია წინასწარმეტყველის დაღუპვა იერუსალიმის გარეთ“ (ლუკა 13:33). ბიბლიის არც ერთ წინასწარმეტყველებაში არ არის ნათქვამი, რომ მესია იერუსალიმში უნდა მოკვდეს. მაშ, რატომ ამბობს იესო ამ სიტყვებს? მიზეზი ის არის, რომ სწორედ ამ მთავარ ქალაქშია განთავსებული 71 წევრისგან შემდგარი ებრაელთა უზენაესი სასამართლო, სინედრიონი, სადაც მათ საქმეებს განიხილავენ, რომელთაც ბრალი ედებათ იმაში, რომ თვითმარქვია წინასწარმეტყველები არიან. უფრო მეტიც, სწორედ იერუსალიმში სწირავენ ცხოველურ შესაწირავს. ამგვარად იესო ხვდება, რომ დაუშვებელია, იგი სხვა ადგილას მოკვდეს.

      კრუხი თავის ფრთებქვეშ იკრებს წიწილებს

      იესო ასეთი სიტყვებით დასტირის იერუსალიმს: „იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან გამოგზავნილთა ჩამქოლავო, რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ! აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი“ (ლუკა 13:34, 35). ისრაელი ერი უარყოფს ღვთის ძეს და შედეგებსაც აუცილებლად იწვნევს!

      იერუსალიმში ჩასვლამდე იესოს ფარისევლების ერთ-ერთი უფროსი შაბათ დღეს სადილად ეპატიჟება. იქ მიწვეულები უთვალთვალებენ მას, რადგან აინტერესებთ, განკურნავს თუ არა იქ მყოფ წყალმანკით (შრატისებური სითხის ჩადგომა სხეულის რომელიმე ნაწილში, ხშირ შემთხვევაში ქვემო კიდურებში) დაავადებულ კაცს. იესო ფარისევლებსა და კანონის მცოდნეებს კითხვით მიმართავს: „ნებადართულია შაბათს განკურნება?“ (ლუკა 14:3).

      ამ კითხვაზე სამარისებური სიჩუმე ისადგურებს. იესო კაცს კურნავს და კვლავ მიმართავს მათ: „რომელიმე თქვენგანს რომ შაბათს შვილი ან ხარი ჭაში ჩაუვარდეს, განა მაშინვე არ ამოიყვანს?“ (ლუკა 14:5). ისინი ამჯერადაც ვერაფერს ამბობენ, რადგან ვერ ეწინააღმდეგებიან იესოს ლოგიკას.

  • ვის იწვევს ღმერთი ვახშამზე
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • ღარიბები, ხეიბრები, კოჭლები და უსინათლოები მოდიან დიდ ვახშამზე

      თავი 83

      ვის იწვევს ღმერთი ვახშამზე

      ლუკა 14:7—24

      • იესო თავმდაბლობას ასწავლის მსმენელს

      • დაპატიჟებულები უსაფუძვლო მიზეზებით იმართლებენ თავს

      როგორც წინა თავიდან დავინახეთ, იესომ ფარისევლის სახლში ერთი წყალმანკით დაავადებული კაცი განკურნა; იესო ჯერაც იქ არის. იგი ამჩნევს, რომ ზოგი სტუმარი საპატიო ადგილებს ირჩევს, ამიტომ თავმდაბლობას ასწავლის იქ შეკრებილთ.

      «როცა ქორწილში დაგპატიჟებენ, — ამბობს იესო. — ნუ აირჩევ ყველაზე საპატიო ადგილს. შეიძლება შენზე უფრო პატივცემულიც იყოს დაპატიჟებული, მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: „დაუთმე ამ კაცს ადგილი“. მაშინ შერცხვენილს მოგიწევს ყველაზე არასაპატიო ადგილის დაკავება» (ლუკა 14:8, 9).

      იესო განაგრძობს: «როცა დაგპატიჟებენ, მიდი და ყველაზე არასაპატიო ადგილი დაიკავე და როცა მასპინძელი მოვა, გეტყვის: „მეგობარო, გადაბრძანდი საპატიო ადგილზე“. მაშინ სხვა სტუმრების წინაშე პატივი დაგედება». იესო უბრალოდ კარგ მანერებზე არ საუბრობს, ის ხსნის: „ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება“ (ლუკა 14:10, 11). როგორც ვხედავთ, იგი მსმენელს მოუწოდებს, გამოიმუშაონ თავმდაბლობა.

      შემდეგ იესო კიდევ ერთ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, რაც უშუალოდ იმ ფარისევლისთვისაა ყურადსაღები, რომელმაც თავისთან მიიწვია სტუმრად. იესო იმაზე იწყებს საუბარს, სტუმრების დაპატიჟების დროს მასპინძლის მხრიდან როგორი საქციელი იქნებოდა ღვთისთვის მოსაწონი: „როცა სადილს ან ვახშამს მოამზადებ, ნუ დაპატიჟებ შენს მეგობრებს, ძმებს, ნათესავებს ან მდიდარ მეზობლებს. შეიძლება როდისმე მათაც დაგპატიჟონ და ეს იქნება შენი საზღაური. როცა ნადიმს გამართავ, დაპატიჟე ღარიბები, ხეიბრები, კოჭლები და უსინათლოები და ბედნიერი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ გადაგიხადონ“ (ლუკა 14:12—14).

      ბუნებრივია, რომ ადამიანს მეგობრების, ნათესავების ან თუნდაც მეზობლების დაპატიჟება სურდეს, რისი წინააღმდეგიც არც თავად იესოა. მაგრამ მას იმის ხაზგასმა სურს, რომ თუ მათ ვუმასპინძლდებით, ვინც გასაჭირშია, სიღატაკეში ცხოვრობს, ხეიბარია ან კიდევ ბრმა, ღმერთი ჩვენთვის კურთხევებს არ დაიშურებს. იესო თავის მასპინძელს ეუბნება: „მართალთა აღდგომისას გადაგეხდება“. სტუმრებიდან ერთი ეთანხმება იესოს ნათქვამს და ამბობს: „ბედნიერია, ვინც ღვთის სამეფოში ჭამს პურს“ (ლუკა 14:15). ეს კაცი ხედავს, თუ რამხელა პატივია ეს, მაგრამ, როგორც იესოს მიერ მოყვანილი შემდეგი მაგალითიდან ჩანს, ყველა მის მსგავსად როდი აფასებს ამ პატივს:

      „ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა და ბევრი დაპატიჟა . . . გაგზავნა თავისი მონა, რომ დაპატიჟებულთათვის ეთქვა, მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო. მაგრამ ყველამ რაღაცა მოიმიზეზა. პირველმა უთხრა, მინდორი ვიყიდე და სანახავად უნდა წავიდე, მაპატიეო. მეორემ უთხრა, ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, მაპატიეო. მესამემ უთხრა, ცოლი ახალი მოყვანილი მყავს და ვერ მოვალო“ (ლუკა 14:16—20).

      თავის მართლების რა უსუსური მცდელობაა! ჩვეულებისამებრ, კაცი მინდორს ან საქონელს ყიდვამდე ამოწმებს, ამიტომ ყიდვის შემდეგ მათ შესამოწმებლად წასვლა ნამდვილად არაა აუცილებელი. მოწვეულთაგან მესამე საქორწინო სამზადისში კი არ არის, როგორც ეს მისივე სიტყვებიდანაც ჩანს, არამედ უკვე დაქორწინებულია, ამიტომ ეს ნამდვილად არ უშლის ხელს, მიიღოს ეს მნიშვნელოვანი მოწვევა. ამ ყოველივეს მოსმენაზე გაბრაზებული ბატონი თავის მონას ეუბნება:

      „სასწრაფოდ გადი ქალაქში, მოიარე ყველა ქუჩა, განიერიც და ვიწროც, და წამოიყვანე ღარიბები, ხეიბრები, უსინათლოები და კოჭლები“. მონა ასეც იქცევა, მაგრამ სუფრასთან მაინც რჩება ადგილები. ამიტომ ბატონი ეუბნება: „გადი გზებზე და ორღობეებში და ძალით წამოიყვანე ხალხი, რომ აივსოს ჩემი სახლი. გეუბნებით: ვერც ერთი დაპატიჟებული ვერ გაუსინჯავს გემოს ჩემს ვახშამს“ (ლუკა 14:21—24).

      იესოს მიერ მოყვანილი ეს მაგალითი თვალნათლივ აჩვენებს, თუ როგორ დაავალა იეჰოვამ იესო ქრისტეს, ზეციერ სამეფოში უფრო მეტი ადამიანი მიეწვია. მოწვეულთა შორის იუდეველები, პირველ რიგში სამღვდელოების წარმომადგენლები იყვნენ. მათმა უმეტესობამ იესოს დედამიწაზე მსახურების დროს უარი თქვა ამ მოწვევაზე. მაგრამ ხალხის მოწვევა მხოლოდ ამით არ დასრულებულა. იესოს სიტყვები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მომავალში მეორე მოწვევა იქნება, როცა იუდეველთაგან და პროზელიტთაგან სუფრასთან უბრალო ხალხს მიიწვევენ. ამის შემდეგ კი მესამე და საბოლოო მოწვევა იქნება, როცა სუფრასთან იმ ხალხს მოიხმობენ, რომლებიც იუდეველების აზრით, ღვთისთვის მიუღებელნი არიან (საქმეები 10:28—48).

      დიახ, იესოს სიტყვები ნამდვილად ადასტურებს ზემოხსენებული სტუმრის ნათქვამის უტყუარობას: „ბედნიერია, ვინც ღვთის სამეფოში ჭამს პურს“.

  • რას ნიშნავს იესოს მიმდევრობა
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • მეფე საბრძოლველად გადის კარგად შეიარაღებულ ჯართან ერთად

      თავი 84

      რას ნიშნავს იესოს მიმდევრობა

      ლუკა 14:25—35

      • იესოს მიმდევრობა მსხვერპლს მოითხოვს

      ფარისეველთა ერთ-ერთი უფროსის სახლში სადილობის დროს იესო მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო. ახლა იესო კვლავ იერუსალიმისკენ მიმავალ გზას ადგება. მას უამრავი ხალხი მიჰყვება. საინტერესოა, რატომ. მართლა უნდათ მისი მიმდევრები გახდნენ და მზად არიან, ყველა სირთულე აიტანონ, რაც ქრისტიანულ გზაზე შეხვდებათ?

      გზად იესო ისეთ სიტყვებს ამბობს, რაც შესაძლოა ზოგის აღშფოთებას იწვევს: „ვინც ჩემთან მოდის და არ სძულს მამამისი, დედამისი, ცოლ-შვილი, ძმები, დები და თავისი სულიც კი, ვერ იქნება ჩემი მოწაფე“ (ლუკა 14:26). რას გულისხმობს იესო ამ სიტყვებში?

      იესოს სიტყვები იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ, ვინც მისი მიმდევარი ხდება, პირდაპირი გაგებით უნდა შეიძულოს თავისი ნათესავები. სინამდვილეში იესო იმას გულისხმობს, რომ მათ თავიანთი მოძღვარი სხვებზე მეტად უნდა უყვარდეთ და არ დაემსგავსონ მის მიერ მოყვანილ მაგალითში მოხსენიებულ კაცს, რომელმაც განსაკუთრებულ მოწვევაზე იმის გამო თქვა უარი, რომ ახალდაქორწინებული იყო (ლუკა 14:20). ბიბლიაში ნათქვამია, რომ იუდეველთა წინაპარს, იაკობს რახელი უყვარდა, ლეა კი „მოძულებული“ ჰყავდა, რაშიც ის იგულისხმება, რომ იაკობს რახელი უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე ლეა (დაბადება 29:31).

      როგორც უკვე შენიშნეთ, იესომ თქვა, რომ მის მიმდევარს „თავისი სულიც კი“ უნდა სძულდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას იესო საკუთარ თავზე მეტად უნდა უყვარდეს და მისთვის საკუთარი სიცოცხლის გასაწირადაც კი უნდა იყოს მზად. როგორც ვხედავთ, იესოს მიმდევრობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ამას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.

      იესოს მოწაფეებს შეიძლება მრავალი გასაჭირის და დევნის ატანა მოუწიოთ, რადგან იესომ თქვა: „ვინც არ ატარებს თავის წამების ბოძს და არ მომყვება, ვერ იქნება ჩემი მოწაფე“ (ლუკა 14:27). დიახ, იესოს ნამდვილი მიმდევრები მზად უნდა იყვნენ, ისეთივე დამცირება აიტანონ, როგორიც იესომ. მან ისიც კი თქვა, რომ მტრების ხელით მოკვდებოდა.

      პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი მამაკაცი ითვლის შენობის ასაშენებელ ხარჯებს

      ასე რომ, ხალხმა, რომელიც იესოს მიჰყვება, უნდა გაიაზროს, რას ნიშნავს ქრისტეს მიმდევრობა. ამის დასანახვებლად იესოს მაგალითი მოჰყავს: „მაგალითად, რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად? სხვაგვარად, შეიძლება საძირკველი ჩაყაროს, მაგრამ მშენებლობა ვერ დაამთავროს“ (ლუკა 14:28, 29). ამგვარად, სანამ მისი მიმდევრები გახდებიან, ხალხმა, რომელიც იესოს იერუსალიმში მიჰყვება, მტკიცედ უნდა გადაწყვიტოს, ბოლომდე იტვირთოს ეს პასუხისმგებლობა. ამ აზრის ხაზგასასმელად იესოს სხვა მაგალითი მოჰყავს:

      „რომელი მეფეა, რომ სანამ სხვა მეფესთან საბრძოლველად წავიდოდეს, არ დაჯდეს და არ მოითათბიროს, გაუმკლავდება თუ არა ათი ათასით ოციათასიან მოწინააღმდეგეს? თუ ვერ გაუმკლავდება, სანამ ის მეფე ჯერ კიდევ შორს არის, ელჩებს გაუგზავნის მას და ზავის დადებას სთხოვს“. აზრის გამოსაკვეთად იესო ამბობს: „ასევე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ დათმობს მთელ თავის საკუთრებას, ვერ იქნება ჩემი მოწაფე“ (ლუკა 14:31—33).

      რა თქმა უნდა, იესოს ნათქვამი მხოლოდ მათ არ ეხება, ვინც მას მიჰყვება. ყველამ, ვინც ქრისტეს შესახებ ცოდნას იღებს, მთელი გულით უნდა შეასრულოს მისი სიტყვები. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ნამდვილად უნდათ მისი მოწაფეები გახდნენ, მზად უნდა იყვნენ, გაიღონ ყველაფერი, რაც აბადიათ, თვით სიცოცხლეც კი. ეს ის საკითხია, რაზეც აუცილებელია ფიქრი და ლოცვა.

      ახლა იესო იმ თემას ეხება, რაზეც მთაზე ქადაგების დროს ისაუბრა. მან თავისი მიმდევრები „მიწის მარილს“ შეადარა (მათე 5:13). ამით იესოს იმის თქმა სურს, რომ როგორც მარილი იცავს საკვებს გაფუჭებისგან, ისე მისი მოწაფეები, ასე ვთქვათ, იცავენ ადამიანებს სულიერი და ზნეობრივი გახრწნისგან. ახლა, როდესაც დედამიწაზე იესოს მსახურების დრო იწურება, ის ამბობს: „მარილი, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ, თუ მარილი ძალას დაკარგავს, რაღა დაუბრუნებს მარილიანობას?“ (ლუკა 14:34). იესოს მსმენელებმა იციან, რომ ზოგიერთი სახის მარილი არ არის სუფთა და სხვადასხვა მინარევებს შეიცავს. ასეთი მარილი ნაკლებად გამოსადეგია.

      ასე რომ, იესოს იმის ჩვენება სურს, რომ მათაც კი, ვინც უკვე დიდი ხანია მისი მიმდევრები არიან, არ უნდა დაკარგონ შემართება. თუ ეს ასე მოხდება, ისინი ისევე გამოუსადეგარნი გახდებიან, როგორც მარილი, რომელმაც ძალა დაკარგა. ისინი ქვეყნიერებამ შეიძლება სასაცილოდაც კი აიგდოს. უფრო მეტიც, იეჰოვასთვის გამოუსადეგარნი გახდებიან და ჩირქსაც მოსცხებენ მის სახელს. იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თავიდან ავირიდოთ ეს ყოველივე, იესო ამბობს: „ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს“ (ლუკა 14:35).

  • მომნანიე ცოდვილის გამო ზეცა ხარობს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • ქალი ხარობს, როცა პოულობს დაკარგულ დრაქმას

      თავი 85

      მომნანიე ცოდვილის გამო ზეცა ხარობს

      ლუკა 15:1—10

      • იესოს მოჰყავს მაგალითი დაკარგულ ცხვარსა და დრაქმაზე

      • მომნანიე ცოდვილის გამო ღვთის ანგელოზები ხარობენ

      დედამიწაზე თავისი მსახურების დროს იესომ არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი თვისებაა თავმდაბლობა (ლუკა 14:8—11). მას ძალიან სურს, იპოვოს ისეთი ადამიანები, ვისაც თავმდაბალი გული აქვთ და ასეთი განწყობით უნდათ, ემსახურონ ღმერთს. ასეთი ხალხი მათ შორისაც შეიძლება იყოს, ვისაც ჯერ კიდევ ცოდვილის სახელი აქვს.

      ზიზღითა და სიძულვილით აღსავსე იუდეველი შუბლზე ფილაქტერიონით

      ფარისევლები და მწიგნობრები ამჩნევენ, რომ ასეთ ადამიანებს, რომელთაც თავად უღირსად თვლიან, იესოსკენ მიუწევთ გული და ისმენენ მის ცნობას. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ: „ცოდვილებს იღებს და მათთან ერთად ჭამს“ (ლუკა 15:2). ფარისევლები და მწიგნობრები ასეთ უბრალო ხალხს ზემოდან უყურებენ და შეიძლება ითქვას, ისე თელავენ მათ, როგორც ფეხქვეშ ტალახს. ისინი მათ „ამ-ჰაარეცს“ უწოდებენ, რაც ებრაული გამოთქმაა და „მიწის ხალხს“ ნიშნავს. ამით ეს ვითომდა იუდეველთა განმანათლებლები იმას გამოხატავენ, თუ რამხელა ზიზღის გრძნობას იწვევს ასეთი ხალხის დანახვა მათში.

      მათგან განსხვავებით, იესო ასეთ ხალხს სიკეთეს არ უკავებს, ღირსეულად ექცევა და თანაგრძნობას ავლენს მათ მიმართ. სწორედ ამის გამო სურს ბევრ დაჩაგრულს, რომლებსაც ცოდვილის სახელი აქვთ, მოუსმინონ იესოს. თუმცა საინტერესოა, რას გრძნობს იესო, რომელსაც განსჯიან იმის გამო, რომ დახმარების ხელს უწვდის ასეთებს?

      ამ კითხვაზე პასუხს თავად იესოს მიერ მოყვანილი გულის ამაჩუყებელი მაგალითი გვცემს. მან ასეთივე მაგალითი კაპერნაუმში ყოფნის დროსაც მოიყვანა (მათე 18:12—14). იესოს მაგალითიდან ისე ჩანს, თითქოს ფარისევლებს ღვთის ფარაში თავისი ადგილი აქვთ და მართლები არიან, ჩაგრული და საწყალი ხალხი კი — გზააბნეულები და დაკარგულები. იესო ამბობს:

      მწყემსი გახარებულია, რომ იპოვა დაკარგული ცხვარი და მხრებით ატარებს მას

      „რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბურ ადგილას, არ წავა და არ მოძებნის დაკარგულს, სანამ არ იპოვის? როცა იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს. სახლში რომ დაბრუნდება, მეგობრებსა და მეზობლებს დაუძახებს და ეტყვის, თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო“ (ლუკა 15:4—6).

      რის დანახვება სურს ამით იესოს? იგი განმარტავს: „ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომლებსაც მონანიება არ სჭირდებათ“ (ლუკა 15:7).

      მომნანიე ცოდვილის ხსენება, უეჭველად, საგონებელში აგდებს ფარისევლებს. ისინი საკუთარ თავს მართლებად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ არ საჭიროებენ მონანიებას. როდესაც ზოგიერთმა მათგანმა რამდენიმე წლის წინ იესო იმის გამო განსაჯა, რომ გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან ერთად ჭამდა, მან ასეთი პასუხი გასცა: „მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად“ (მარკოზი 2:15—17). საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულ ფარისევლებს არ სურთ, აღიარონ, რომ მონანიება ესაჭიროებათ, ამიტომ მათ გამო არავინ ხარობს ზეცაში. მაგრამ მაშინ, როცა ცოდვილი გულწრფელად ინანიებს, ზეცაში სიხარულის ყიჟინი ისმის!

      უფრო მეტად რომ გამოკვეთოს თავისი სათქმელი და დაანახვოს მსმენელს, თუ რამხელა სიხარულს იწვევს ზეცაში, ასე ვთქვათ, დაკარგული ცოდვილის დაბრუნება, იესოს სხვა მაგალითი მოჰყავს: „ქალს რომ ათი დრაქმა ჰქონდეს და ერთი დრაქმა დაეკარგოს, განა არ აანთებს ლამპარს, არ გამოგვის სახლს და გულმოდგინედ არ მოძებნის, სანამ არ იპოვის? როცა იპოვის, დაუძახებს ქალებს, თავის მეგობრებსა და მეზობლებს, და ეტყვის, თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, რადგან დაკარგული დრაქმა ვიპოვეო“ (ლუკა 15:8, 9).

      იესოს ამ მაგალითითაც იმავეს დანახვება სურს, რისიც დაკარგულ ცხვარზე მოყვანილი მაგალითით. ახლა ის ამბობს: „ასევე ხარობენ ღვთის ანგელოზები ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო“ (ლუკა 15:10).

      უბრალოდ დაფიქრდით: ღვთის ანგელოზების მთელი ლაშქარია დაინტერესებული შემცოდველთა მდგომარეობით! ეს განსაკუთრებით იმიტომაა აღსანიშნავი, რომ ცოდვილს, რომელიც ინანიებს და ღვთის ზეციერ სამეფოში იმკვიდრებს ადგილს, თავად ანგელოზებზე მაღალი მდგომარეობა ექნება! (1 კორინთელები 6:2, 3). თუმცა ამის გამო ანგელოზებს არ შურთ მათი. ამიტომ ისმის კითხვა: ჩვენ როგორ უნდა ვრეაგირებდეთ მაშინ, როცა ცოდვილი ღმერთთან ბრუნდება და გულწრფელად ინანიებს?

  • გზასაცდენილი შვილის დაბრუნება
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • მამა კისერზე ეხვევა თავის ვაჟს

      თავი 86

      გზასაცდენილი შვილის დაბრუნება

      ლუკა 15:11—32

      • იესოს მაგალითი მოჰყავს გზასაცდენილ შვილზე

      როგორც ჩანს, იესო ჯერ კიდევ იორდანეს აღმოსავლეთით, პერეაში იყო, როცა მაგალითები მოიყვანა დაკარგულ ცხვარსა და დრაქმაზე. ამ მაგალითებით იესოს იმის დანახვება სურდა, რომ მთელი გულით უნდა გავიხაროთ მაშინ, როცა შემცოდველი ინანიებს და იეჰოვასთან ბრუნდება. ფარისევლები და მწიგნობრები იესოს იმის გამო განსჯიან, რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობს. მაგრამ საინტერესოა, ისწავლეს კი რამე იესოს მიერ მოყვანილი მაგალითებიდან? გააცნობიერეს, რას გრძნობს ჩვენი ზეციერი მამა მომნანიე ცოდვილების მიმართ? იესოს ახლა კიდევ ერთი გულის ამაჩუყებელი მაგალითი მოჰყავს, რისი მეშვეობითაც ამავე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

      უმცროსი ვაჟი მამას სთხოვს თავის წილ საკუთრებას

      ეს მაგალითი ერთ მამაზეა, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავს. ამ მაგალითში მთავარი მოქმედი პირი უმცროსი ვაჟია. ფარისევლებსა და მწიგნობრებს სხვა შეკრებილებთან ერთად ნამდვილად ბევრის სწავლა შეუძლიათ იქიდან, რასაც იესო უმცროს ვაჟზე ჰყვება. თუმცა არც მამისა და უფროსი ვაჟის საქციელი უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რადგან მათგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ასე რომ, კარგად დაუკვირდით სამივე პერსონაჟის საქციელს.

      «ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა, — ჰყვება იესო. — უმცროსმა უთხრა მამას: „მამა, მომეცი ჩემი წილი საკუთრება“. მანაც გაუყო შვილებს ქონება» (ლუკა 15:11, 12). ალბათ, შენიშნეთ, უმცროსი ვაჟი მემკვიდრეობას იმიტომ არ ითხოვს, რომ მამამისი უკვე მოკვდა; ის ჯერ კიდევ ცოცხალია. მიუხედავად ამისა, ვაჟს თავისი წილის მიღება ახლავე სურს, რომ დამოუკიდებელი გახდეს და ისე იცხოვროს, როგორც თავად მოისურვებს.

      გზასაცდენილი შვილი ჭამს და სვამს ქალებთან ერთად

      „მოგვიანებით, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, — აგრძელებს იესო. — უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი, შორეულ ქვეყანაში წავიდა და თავისი ქონება აღვირახსნილი ცხოვრებით გაფლანგა“ (ლუკა 15:13). ნაცვლად იმისა, რომ თავის სახლში დარჩეს, სადაც მზრუნველი მამის მფარველობის ქვეშ უსაფრთხოდ იქნება, იგი სხვა ქვეყანაში მიდის. იქ ვნებას აყოლილი მთელ თავის ქონებას ანიავებს. მაგრამ შემდეგ, როგორც იესოს მონათხრობიდან ვხედავთ, რთული დღეები უდგება.

      „როცა ყველაფერი დახარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა დაიწყო და გაუჭირდა. წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი ღორების მწყემსად გაგზავნა მინდორში. ნატრობდა, ღორების საჭმელი კერატით გამძღარიყო, მაგრამ იმასაც არავინ აძლევდა“ (ლუკა 15:14—16).

      გზასაცდენილი შვილი ზის ხის ქვეშ და შესცქერის ღორებს, რომლებიც ჭამენ კერატს

      ღვთის კანონის თანახმად, ღორები უწმინდურ ცხოველებად ითვლებოდნენ. იგი კი სწორედ ღორების მწყემსი ხდება. ისეთ დღეშია, რომ შიმშილისგან ლამის სული ამოხდეს; ღორების საჭმელიც კი სანატრელი უხდება. ამ გასაჭირსა და უბედურებაში მყოფი გონს მოდის და თავისთვის ამბობს: „მამაჩემს ამდენი მოჯამაგირე ჰყავს და ყველას უხვად აქვს პური, მე კი აქ შიმშილით ვკვდები! ავდგები, წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, შევცოდე ზეცის წინაშე და შენ წინაშე. აღარა ვარ ღირსი, შენი ვაჟი მერქვას. მოჯამაგირედ დამიყენე-მეთქი“. შემდეგ დგება და მამასთან ბრუნდება (ლუკა 15:17—20).

      როგორ შეხვდება მამა თავის ვაჟს? რას გააკეთებს თავდაპირველად — დატუქსავს და განურისხდება, ასე უგუნურად რომ მოიქცა და სახლიდან წავიდა? ცივად შეხვდება და არაფრად ჩააგდებს? თქვენ როგორ მოიქცეოდით, მის ადგილას რომ ყოფილიყავით? რას გააკეთებდით, თუ ასე თქვენი ვაჟი ან ქალიშვილი მოგექცეოდათ?

      დაკარგული შვილი გამოჩნდა

      იესო აღწერს, რას გრძნობს მამა და როგორ იქცევა: „როცა [ვაჟი] ჯერ კიდევ შორს იყო, მამამისმა დაინახა და გული დაეწვა. გაიქცა, კისერზე შემოეხვია და დაკოცნა“ (ლუკა 15:20). მამას შესაძლოა გაგებული აქვს, თუ რა აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა მისი ვაჟი, მაგრამ მაინც მზადაა მის მისაღებად. დაინახავენ ამ მაგალითიდან ფარისევლები და მწიგნობრები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იცნობენ და თაყვანს სცემენ იეჰოვას, თუ რა დამოკიდებულება აქვს ზეციერ მამას მომნანიე შემცოდველის მიმართ? მიხვდებიან, რომ იესოსაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს და ამიტომ იღებს ასე გულთბილად ცოდვილებს?

      გულბრძენ მამას ნამდვილად არ გაუჭირდებოდა, შვილის ნატანჯ სახეზე ამოეკითხა, თუ როგორ ინანიებდა იგი. მამის ასეთი თბილი დახვედრა, თავის მხრივ, შვილს უფრო უადვილებს ცოდვების აღიარებას. აი, რას ეუბნება შვილი მამას: „მამა, შევცოდე ზეცის წინაშე და შენ წინაშე. აღარა ვარ ღირსი, შენი ვაჟი მერქვას“ (ლუკა 15:21).

      მამა თავის მონებს ეუბნება: „სასწრაფოდ გამოუტანეთ საუკეთესო გრძელი სამოსელი და ჩააცვით, ხელზე ბეჭედი გაუკეთეთ და ფეხზე სანდლები ჩააცვით. გამოიყვანეთ ნასუქი მოზვერი და დაუკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ, რადგან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“. ამის შემდეგ იწყება მხიარულება (ლუკა 15:22—24).

      მამა ესაუბრება უფროს ვაჟს

      ამ დროს უფროსი ვაჟი მინდორშია. იესო მის შესახებ ამბობს: «შინისაკენ მიმავალს, სახლს როცა უახლოვდებოდა, მუსიკისა და ცეკვის ხმა შემოესმა. ერთ მსახურს დაუძახა და ჰკითხა, რა ხდებაო. მან უპასუხა, შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი მოზვერი დაუკლა, რადგან ჯანმრთელი დაუბრუნდაო. ის კი განრისხდა და არ უნდოდა შიგნით შესვლა. მამამისი გამოვიდა და ეხვეწებოდა, შემოდიო. მან მიუგო: „ამდენი წელია მონასავით გემსახურები, შენი მცნება არასდროს დამირღვევია, შენ კი ერთი თიკანიც არ მოგიცია, რომ მეგობრებთან მემხიარულა. მაგრამ როგორც კი მოვიდა ეგ შენი ვაჟი, რომელმაც მთელი შენი ქონება მეძავებში გაფლანგა, ნასუქი მოზვერი დაუკალი“» (ლუკა 15:25—30).

      ვის აქვს უფროსი ვაჟის მსგავსი დამოკიდებულება და ვინ განსჯის იესოს იმის გამო, რომ გულმოწყალებას და ყურადღებას ავლენს უბრალო ხალხისა და ცოდვილების მიმართ? ესენი მწიგნობრები და ფარისევლები არიან. იესომ ეს მაგალითი სწორედ ამიტომ მოიყვანა. რა თქმა უნდა, ყველა, ვინც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ღმერთი გულმოწყალებას ავლენს, კარგად უნდა დაფიქრდეს, რის სწავლება სურს ახლა მათთვის იესოს.

      იესო მაგალითს მამის სიტყვებით ასრულებს, რომელიც თავის უფროს ვაჟს მიმართავს: „შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და რაც მაქვს, ყველაფერი შენია, მაგრამ უნდა ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“ (ლუკა 15:31, 32).

      იესო არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ საბოლოოდ როგორ იქცევა უფროსი ვაჟი. თუმცა ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესოს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ „რწმენას უამრავი მღვდელიც იღებდა“ (საქმეები 6:7). შესაძლოა ამ მღვდლებს შორის ისინიც იყვნენ, ვინც იესოს მიერ გზასაცდენილ ვაჟზე მოყვანილი ეს შთამბეჭდავი მაგალითი თავისი ყურით მოისმინა. დიახ, ასეთი ადამიანებიც კი მოეგნენ გონს, მოინანიეს და ღმერთს დაუბრუნდნენ.

      იესოს მოწაფეები მოვალენი არიან, ყურად იღონ ის, რაც იესომ ამ მაგალითით ასწავლა მათ და ეს ნამდვილად არ აღემატება მათ ძალებს. ყველაზე მთავარი კი, რაც ამ მაგალითიდან უნდა ვისწავლოთ, ისაა, რომ მოსიყვარულე და მზრუნველი ზეციერი მამის მფარველობის ქვეშ, მის ხალხს შორის უსაფრთხო გარემოში დავრჩეთ ნაცვლად იმისა, რომ ხორციელ სურვილებს აყოლილნი „შორეულ ქვეყანაში“ წავიდეთ და უგზო-უკვლოდ ხეტიალს მოვყვეთ; თუ ასე მოვიქცევით, ეს ყველაზე ბრძნული არჩევანი იქნება.

      ამ მაგალითიდან იმასაც ვსწავლობთ, რომ თუ რომელიმე ჩვენგანი ასცდება ღვთის გზას, ზეციერი მამის კეთილგანწყობის დასაბრუნებლად თავი უნდა დავიმდაბლოთ და დავუბრუნდეთ მას.

      კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე, რაც ამ მაგალითიდან იკვეთება, ისაა რომ, მამა და უფროსი ვაჟი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული განწყობით იღებენ თავიანთ ოჯახის წევრს. მაშინ, როცა მამა რბილ ხასიათს ავლენს და პატიობს შვილს, უფროსი ვაჟი გულმოსულია და თავისი ძმის დანახვაც კი არ სურს. როგორც ვხედავთ, ღვთის მსახურები მიმტევებლები უნდა იყვნენ და მთელი გულით მიიღონ ის, ვინც გზას ასცდა, მაგრამ ახლა გულწრფელად ინანიებს და ბრუნდება, ასე ვთქვათ, თავისი მამის სახლში. მოდი, ყველა ჩვენგანმა გავიხაროთ, თუ ჩვენი ძმა, რომელიც მკვდარი იყო, გაცოცხლდა, „დაკარგული იყო და გამოჩნდა“!

  • წინდახედულება სიბრძნეზე მეტყველებს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • ბატონი ითხოვს სახლის მმართველს

      თავი 87

      წინდახედულება სიბრძნეზე მეტყველებს

      ლუკა 16:1—13

      • იესოს მაგალითი მოჰყავს სახლის ერთ უმართლო მმართველზე

      • იესო მოუწოდებს მსმენელებს, მეგობრები „უმართლო სიმდიდრით“ შეიძინონ

      იესოს მიერ გზასაცდენილ შვილზე მოყვანილ მაგალითს, წესით, დიდი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა მსმენელზე, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც მებაჟეები, ისე მწიგნობრები და ფარისევლები. ამ მაგალითიდან ხომ აშკარად გამოჩნდა, რომ ღმერთი მზადაა, შემოირიგოს მომნანიე ცოდვილები?! (ლუკა 15:1—7, 11). ახლა იესო თავის მოწაფეებს მიმართავს. ამჯერად მას მდიდარ კაცზე და მის უმართლო სახლის მმართველზე მოჰყავს მაგალითი.

      1) სახლის მმართველი ფიქრობს, როგორ მოიქცეს. 2) სახლის მმართველი ბატონის მოვალეებს ვალს უმცირებს

      როგორც ამ მაგალითიდან ჩანს, სახლის მმართველს იმაში სდებენ ბრალს, რომ ბატონის ქონებას ანიავებს. ამიტომ ეს ბატონი გადაწყვეტს, დაითხოვოს ის. შეფიქრიანებული სახლის მმართველი თავისთვის ამბობს: „რა ვიღონო? ჩემი ბატონი მმართველობას ჩამომართმევს. ბარვის თავი არა მაქვს და მათხოვრობისა მრცხვენია“. საკუთარ მომავალზე ფიქრით მოცული ასეთ გადაწყვეტილებას იღებს: „ვიცი, როგორ მოვიქცე, რომ სახლის მმართველობას როცა ჩამომართმევენ, ხალხმა თავიანთ სახლებში მიმიღოს“. ის სასწრაფოდ იბარებს ბატონის ყველა მოვალეს და ეკითხება: „რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?“ (ლუკა 16:3—5).

      ერთი მოვალე პასუხობს: „ასი ბათი ზეითუნის ზეთი“, რაც დაახლოებით 2 200 ლიტრი ზეთია. როგორც ჩანს, მოვალეს ზეთისხილის დიდი ბაღები აქვს ან ზეთით ვაჭრობს. მმართველი პასუხად ეუბნება: „აიღე შენი თამასუქი, დაჯექი და სასწრაფოდ დაწერე ორმოცდაათი [1 100 ლიტრი]“ (ლუკა 16:6).

      შემდეგ სახლის მმართველი სხვა მევალეს მიმართავს: „შენ რამდენიღა გმართებს?“. მოვალე პასუხობს: „ასი ქორი ხორბალი“, რაც დაახლოებით 17 ტონა გამოდის. მმართველი კი ეუბნება: „აიღე შენი თამასუქი და დაწერე ოთხმოცი“. ამგვარად მოვალეს 20 პროცენტით ნაკლების გადახდა მოუწევს (ლუკა 16:7).

      ვინაიდან სახლის მმართველი ჯერ კიდევ თავის მოვალეობას ასრულებს, გარკვეულწილად კვლავ აქვს იმის კანონიერი უფლება, რომ ბატონის მოვალეებს ვალი შეუმციროს. მისი ასეთი საქციელი მასსა და მოვალეებს შორის მეგობრობას ჩაუყრის საფუძველს და მას შემდეგ, რაც სამსახურს დაკარგავს, ისინიც გაუწვდიან დახმარების ხელს.

      გარკვეული ხნის შემდეგ მომხდარის შესახებ ბატონი იგებს. მართალია, თავისი სახლის მმართველის საქციელის გამო მან გარკვეულწილად იზარალა, მაგრამ აღფრთოვანებას ვერ მალავს და აქებს მას, რომ წინდახედულად მოიქცა. იესო დასძენს: „ქვეყნიერების ძეები უფრო წინდახედულები არიან თავიანთი თაობის ხალხში, ვიდრე სინათლის ძეები“ (ლუკა 16:8).

      იესო არც მმართველის საქციელს იწონებს და არც იმისკენ გვიბიძგებს, რომ საქმიან ურთიერთობებში მზაკვრულ ხერხებს მივმართოთ. მაშ, რის თქმა სურს მას? იესო მოწაფეებს მოუწოდებს: „შეიძინეთ მეგობრები უმართლო სიმდიდრით, რათა, როცა ის ძალას დაკარგავს, მათ სამუდამო სამკვიდროში მიგიღონ“ (ლუკა 16:9). დიახ, ეს მაგალითი იესომ იმის დასანახვებლად მოიყვანა, რომ ადამიანი წინდახედული და გონიერი უნდა იყოს. „სინათლის ძეებმა“ ანუ ღვთის მსახურებმა გონივრულად უნდა გამოიყენონ თავიანთი ქონება, მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ წინ მარადიული სიცოცხლე ელით.

      მხოლოდ იეჰოვასა და მის ძეზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ადამიანი ზეციერ ჯილდოს ან იცხოვრებს თუ არა დედამიწაზე იესოს მმართველობის დროს. ღმერთთან და იესოსთან ახლო ურთიერთობის განსავითარებლად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და სამეფოს ინტერესების მხარდასაჭერად არანაირი სახსრები არ უნდა დავინანოთ. ამ შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა ოქრო, ვერცხლი თუ სხვა მატერიალური ქონება ყველანაირ ფასს დაკარგავს, დაპირებულს აუცილებლად მივიღებთ და მარადიულად ვიცხოვრებთ.

      იესო აგრეთვე აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით ბრძნულად იქცევა და ერთგულებას ავლენს, ის მაშინაც ერთგული იქნება, როცა გაცილებით მნიშვნელოვანს მიანდობენ. „ამიტომ, თუ უმართლო სიმდიდრეში არ ხართ ერთგული, ჭეშმარიტს [ისეთს, როგორიცაა სამეფოს საქმე] ვინ მოგანდობთ?“ (ლუკა 16:11).

      იესო მოწაფეებს უჩვენებს, რომ თუ ნამდვილად სურთ, „სამუდამო სამკვიდროში“ მიიღონ, მაშინ მზად უნდა იყვნენ, საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღონ, რადგან მათ ბევრი მოეთხოვებათ. ვერავინ შეძლებს, ღვთის მსახურიც იყო და, ამავდროულად, უმართლო სიმდიდრისაც. დასკვნის სახით კი იესო ასეთ სიტყვებს ამბობს: „ვერც ერთი მოსამსახურე ვერ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს თან გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონებიც და სიმდიდრისაც“ (ლუკა 16:9, 13).

  • იგავი მდიდარსა და ლაზარეზე
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • ძაღლი ლაზარეს წყლულებს ულოკავს

      თავი 88

      იგავი მდიდარსა და ლაზარეზე

      ლუკა 16:14—31

      • იესოს მოჰყავს მაგალითი მდიდარსა და ლაზარეზე

      ცოტა ხნის წინ იესომ საკმაოდ პრაქტიკული რჩევა მისცა თავის მოწაფეებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განეკარგათ საკუთარი ქონება. მაგრამ მხოლოდ მოწაფეები არ იყვნენ მის მსმენელთა რიგებში. იესოს ფარისევლებიც უსმენდნენ, რომელთაც მართებდათ, ყურად ეღოთ ეს რჩევა; ისინი ხომ „ფულის მოყვარულები“ არიან?! მაგრამ ფარისევლებმა დასცინეს იესოს (ლუკა 15:2; 16:13, 14).

      თუმცა იესოს არ აშინებს ეს და პირდაპირ ეუბნება: „თქვენ თქვენი თავი მართლებად მოგაქვთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გულები, რადგან, რაც ადამიანის თვალში ამაღლებულია, ღვთის თვალში ის სისაძაგლეა“ (ლუკა 16:15).

      ფარისევლები უკვე დიდი ხანია, რაც „ადამიანის თვალში“ ამაღლებულები არიან, მაგრამ ახლა დადგა ცვლილებების დრო. ისინი, ვინც დიდ ქონებას ფლობენ, პოლიტიკური ძალაუფლება აქვთ და გავლენიანი სასულიერო პირები არიან, მალე დაკარგავენ თავიანთ გავლენას და დამდაბლდებიან. უბრალო ხალხი კი, რომელნიც სულიერს არიან მოწყურებულნი, ამაღლდებიან. იესო ყველასთვის ნათელს ჰფენს იმას, თუ რა ძირეული ცვლილებები უნდა მოხდეს:

      „კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები იოანემდე იყო. მას შემდეგ სასიხარულო ცნობა ვრცელდება ღვთის სამეფოს შესახებ და ყველანაირი ადამიანი ისწრაფვის მისკენ მთელი ძალით. უფრო ადვილია, ცა და დედამიწა მოისპოს, ვიდრე კანონის ერთი ასოს ნაწილაკი დარჩეს შეუსრულებელი“ (ლუკა 3:18; 16:16, 17). რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იესოს ეს სიტყვები ცვლილებების მომასწავებელია?

      ფარისევლები და მწიგნობრები ამაყად აცხადებენ, რომ ზედმიწევნით მიჰყვებიან ღვთის კანონს, რომელიც ღმერთმა ისრაელს მოსეს მეშვეობით მისცა. ალბათ, გახსოვთ, რომ როდესაც იესომ იერუსალიმში ყოფნის დროს ერთ კაცს თვალისჩინი დაუბრუნა, ფარისევლებმა ამაყად განაცხადეს: „ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი“ (იოანე 9:13, 28, 29). ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ღმერთმა ხალხს კანონი მისცა, ის იყო, რომ თავმდაბალი ადამიანები მესიის, ანუ იესოს მოსვლისთვის მოემზადებინა. თავის დროზე იოანე ნათლისმცემელმა ამოიცნო იესო და მას ღვთის კრავი უწოდა (იოანე 1:29—34). მას შემდეგ, რაც იოანემ მსახურება დაიწყო, თავმდაბალი იუდეველები, რომლებიც მეტწილად ჩაგრულები იყვნენ, ისმენდნენ ცნობას „ღვთის სამეფოს შესახებ“. ასე რომ, „სასიხარულო ცნობის“ მოსმენა შეუძლია ნებისმიერს, ვისაც სურს ღვთის სამეფოს ქვეშევრდომი გახდეს და ამ სამეფოს მმართველობის შედეგად მოტანილი კურთხევები საკუთარ თავზე გამოსცადოს.

      ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონი შეუსრულებელი არ დარჩება. მან ხალხი მესიამდე მიიყვანა. მეტიც, მალე კანონის დაცვა სავალდებულო აღარ იქნება. მაგალითად, კანონით ნებადართული იყო სხვადასხვა მიზეზით გაყრა, მაგრამ ახლა იესო ამბობს: „ვინც ცოლს ეყრება და სხვაზე ქორწინდება, მრუშობს, და ვინც ქმარგაცილებულ ქალს ირთავს, მრუშობს“ (ლუკა 16:18). ალბათ, როგორ განარისხებს ამის მოსმენა ფარისევლებს, რომლებიც ყველაფერზე წესებს ადგენენ!

      ახლა იესოს მოჰყავს მაგალითი, საიდანაც კარგად ჩანს, როგორი ძირეული ცვლილება უნდა მოხდეს მალე. ეს მაგალითი ეხება ორ კაცს, რომელთა მდგომარეობაც რადიკალურად იცვლება. ამ მაგალითის განხილვისას მხედველობაში გქონდეთ ის, რომ იესოს მსმენელთა შორის იმყოფებოდნენ ფულის მოყვარული ფარისევლები, რომლებიც ადამიანთა თვალში იყვნენ განდიდებულნი.

      ძოწისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი მდიდარი ფანჯრიდან იყურება

      იესო ჰყვება: „იყო ერთი მდიდარი კაცი, რომელიც ძოწისფერ ტანსაცმელსა და ბისონს იცვამდა და ყოველდღე დიდად მხიარულობდა. ერთი მათხოვარი კი, სახელად ლაზარე, მის ჭიშკართან მიჰყავდათ ხოლმე, თავიდან ფეხებამდე დაწყლულებული, და მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომას ნატრობდა. მოდიოდნენ ძაღლები და წყლულებს ულოკავდნენ“ (ლუკა 16:19—21).

      ვინაიდან ფარისევლებს ძალიან უყვართ ფული, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის გულისხმობს იესო „მდიდარ კაცში“. ამ მდიდარი კაცის მსგავსად, ფარისევლებსაც მოსწონთ ძვირადღირებული და მდიდრული სამოსით შემოსვა. შესაძლოა ისინი მართლაც იყვნენ პირდაპირი გაგებით მდიდრები, მაგრამ სხვების თვალში იმიტომ ჩანან ასეთებად, რომ პრივილეგირებული მდგომარეობა უკავიათ. დიახ, იესოს მაგალითში მოხსენიებული სამეფო ძოწეული, რომლითაც მდიდარი კაცია შემოსილი, იმაზე მიუთითებს, რომ მათ მაღალი მდგომარეობა უკავიათ, ხოლო თეთრი ბისონი იმაზე, რომ საკუთარ თავს მართლებად წარმოაჩენენ (დანიელი 5:7).

      როგორ უყურებენ ეს მდიდარი და ამაყი მამაკაცები უბრალო და ღარიბ ხალხს? მათ ეზიზღებათ ისინი და „ამ-ჰაარეცს“ ანუ „მიწის ხალხს“ უწოდებენ, რომელთაც, მათი აზრით, არც კანონი იციან და არც იმას იმსახურებენ, რომ მისით იყვნენ განსწავლულნი (იოანე 7:49). ეს ზუსტად ასახავს იმ მათხოვრის მდგომარეობას, რომელსაც ლაზარე ჰქვია და რომელიც მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომას ნატრობს. თავიდან ფეხებამდე დაწყლულებული ლაზარეს მსგავსად, უბრალო ხალხსაც, რომლებსაც სულიერად დასნეულებულად მიიჩნევენ, ფარისევლები ზემოდან უყურებენ.

      ეს სავალალო მდგომარეობა უკვე რამდენიმე ხანია შეინიშნება, მაგრამ იესომ იცის, რომ დადგა ძირეული ცვლილებების მოხდენის დრო. მალე მდიდრისა და ლაზარეს მსგავსი ადამიანების მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება.

      მდიდრისა და ლაზარეს მდგომარეობა იცვლება

      ლაზარე აბრაამთან ერთად

      იესო განაგრძობს თხრობას და აღწერს, თუ როგორ იცვლება ვითარება: „გავიდა დრო, მოკვდა მათხოვარი და ანგელოზებმა აბრაამის მკერდთან მიიყვანეს. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. სამარეში, ტანჯვაში მყოფმა, აღაპყრო თვალები და შორიდან დაინახა აბრაამი და მის მკერდთან ლაზარე“ (ლუკა 16:22, 23).

      იესოს მსმენელებმა კარგად იციან, რომ აბრაამი დიდი ხნის წინ დაიღუპა და ის სამარხშია. წმინდა წერილებიდან ჩანს, რომ სამარეში ანუ შეოლში არავის, მათ შორის აბრაამს, არ შეუძლია რაიმეს დანახვა ან თქმა (ეკლესიასტე 9:5, 10). მაშ, როგორ იგებენ იესოს მაგალითს ფარისევლები? რის თქმა სურს იესოს თავისი მაგალითით უბრალო ხალხსა და ამ ფულის მოყვარულ მამაკაცებზე?

      იესომ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, თუ რა ცვლილება უნდა მომხდარიყო. მისი სიტყვების თანახმად, „კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები იოანემდე იყო. [მაგრამ] მას შემდეგ სასიხარულო ცნობა ვრცელდება ღვთის სამეფოს შესახებ“. ასე რომ, შეიძლება ითქვას სწორედ იოანეს და იესო ქრისტეს ქადაგება იწვევს ლაზარესა და მდიდრის წარსული ცხოვრებისთვის სიკვდილს, რის შემდეგაც ისინი ახალ მდგომარეობას იკავებენ ღვთის წინაშე.

      უბრალო და ღარიბი ხალხი დიდი ხნის მანძილზე იყო სულიერს მონატრებული; მაგრამ ახლა ისინი აღარ არიან სულიერად მშიერნი, რადგან ეხმაურებიან ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას, რომელსაც თავიდან იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა, შემდეგ კი — იესო. ამ დრომდე მათ უწევდათ იმ ნამცეცებს დასჯერებოდნენ, რაც, ასე ვთქვათ, ფარისევლებისა და მწიგნობრების სუფრიდან ცვიოდა. მაგრამ ახლა ისინი იკვებებიან ღვთიური სიბრძნით, განსაკუთრებით კი იმ საოცარ სწავლებებს ეზიარებიან, რომელთაც იესო ჰფენს ნათელს. საბოლოოდ, ისინი იეჰოვა ღმერთის თვალში კეთილგანწყობას პოულობენ.

      მათგან განსხვავებით, მდიდარი და გავლენიანი სასულიერო პირები არ იღებენ ცნობას სამეფოს შესახებ, რასაც იოანე აცხადებდა და რასაც იესო მთელ იუდეაში ამცნობს ხალხს (მათე 3:1, 2; 4:17). ეს ცნობა, რომელიც ღვთის მკაცრი განაჩენის გარდაუვალობაზე მიუთითებს, აღაშფოთებს ანუ სტანჯავს მათ (მათე 3:7—12). ამ ფულის მოყვარული მამაკაცებისთვის მართლაც დიდი შვება იქნებოდა, თუ იესო და მისი მოწაფეები შეწყვეტდნენ ღვთის ცნობის გაცხადებას. ფარისევლები მაგალითში მოყვანილ მდიდარს ჰგვანან, რომელიც ამბობს: „მამა აბრაამ, შემიწყალე და გამოგზავნე ლაზარე, რომ თითის წვერი დაისველოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვიტანჯები ამ მოგიზგიზე ცეცხლში“ (ლუკა 16:24).

      მდიდარი კაცი იტანჯება ცეცხლით

      მაგრამ ეს ასე არ მოხდება. ფარისეველთა უმეტესობა არ შეიცვლება; მათ არ მოუსმინეს „მოსესა და წინასწარმეტყველთ“, რომელთა წერილობით გადმოცემულ სიტყვებსაც უნდა აღეძრა ისინი, მიეღოთ იესო, როგორც ღვთის მიერ არჩეული მესია და მეფე (ლუკა 16:29, 31; გალატელები 3:24). ისინი არც თავს იმდაბლებენ და არც იმ ღარიბებს უსმენენ, რომლებმაც აღიარეს იესო და ღვთის კეთილგანწყობა პოვეს. თავის მხრივ, არც იესოს მოწაფეები წავლენ დათმობაზე და არ შეეცდებიან ჭეშმარიტების შერბილებას, რათა აამონ ამ უკანასკნელთ და შვება მოჰგვარონ. იესოს მიერ მოყვანილ მაგალითში ფარისევლების მდგომარეობა იმ სიტყვებითაა აღწერილი, რომელიც აბრაამმა მდიდარს უთხრა:

      „შვილო, გაიხსენე, რომ შენ სიცოცხლეში სრულად მიიღე ყოველივე კარგი, ლაზარემ კი — ყოველივე ცუდი. ახლა ის ნუგეშცემულია აქ, შენ კი იტანჯები. თანაც ჩვენ შორის დიდი უფსკრულია, ვერც აქედან თქვენთან გადმოსვლის მსურველები გადმოვლენ თქვენთან და მანდედან ჩვენთან გადმოსვლაც შეუძლებელია“ (ლუკა 16:25, 26).

      იუდეველი რელიგიური წინამძღოლები რისხდებიან იესოზე

      მართლაც რა მართებული და სამართლიანია ასეთი ცვლილებები! ეს კარგად გამოხატავს იმას, თუ როგორ რადიკალურად შეიცვლება ამაყი ფარისევლებისა და იმ უბრალო ხალხის მდგომარეობა, რომლებმაც დაიდგეს იესოს უღელი და სულიერად მაძღარნი და გამოცოცხლებულნი არიან (მათე 11:28—30). ეს ცვლილება უფრო აშკარა რამდენიმე თვეში გახდება, როცა კანონის შეთანხმებას ახალი შეთანხმება შეცვლის (იერემია 31:31—33; კოლოსელები 2:14; ებრაელები 8:7—13). როდესაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ღმერთი თავის ერთგულებზე გადმოაფრქვევს წმინდა სულს, არავის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ ღვთის კეთილგანწყობა ფარისევლებსა და მათ რელიგიურ მოკავშირეებს კი არა, იესოს მოწაფეებს აქვთ.

  • გზად იუდეისკენ იესო პერეაში ქადაგებს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • მართასა და მარიამის მიერ გაგზავნილი კაცი იესოს ატყობინებს ლაზარეს ავადმყოფობის შესახებ

      თავი 89

      გზად იუდეისკენ იესო პერეაში ქადაგებს

      ლუკა 17:1—10; იოანე 11:1—16

      • იესო მოუწოდებს მოწაფეებს, არავის ექცნენ დაბრკოლების ლოდად

      • იესო პატიებასა და რწმენაზე საუბრობს

      რამდენიმე ხანია, რაც იესო იორდანეს გაღმა, პერეაში იმყოფება (იოანე 10:40). ახლა ის სამხრეთით იღებს გეზს, იმ მიმართულებით, სადაც იერუსალიმი მდებარეობს.

      იესო მარტო არ არის; მასთან ერთად მისი მოწაფეები და „დიდძალი ხალხია“, მათ შორის „გადასახადების ამკრეფები და ცოდვილები“ (ლუკა 14:25; 15:1). იქ ფარისევლები და მწიგნობრებიც არიან, რომლებიც იესოს მისი სიტყვებისა და საქმეების გამო განსჯიან. ახლა მათ ბევრ რამეზე მართებთ დაფიქრება, რადგან მოისმინეს იესოს მიერ მოყვანილი მაგალითები დაკარგულ ცხვარზე, გზასაცდენილ შვილზე და მდიდარსა და ლაზარეზე (ლუკა 15:2; 16:14).

      იესოს, ალბათ, ჯერ კიდევ კარგად ახსოვს, როგორ დასცინეს და განსაჯეს მტრულად განწყობილმა ფარისევლებმა; მას ახლა თავისი ყურადღება მოწაფეებზე გადააქვს. ის ზოგ იმ საკითხს ეხება, რაზეც გალილეაში ყოფნის დროს ისაუბრა.

      იესო ამბობს: „დაბრკოლების მიზეზები აუცილებლად იქნება, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც იქნება! . . დაუკვირდით საკუთარ თავს. თუ შენი ძმა შესცოდავს, გაუწყერი, და თუ მოინანიებს, აპატიე. დღეში შვიდჯერაც რომ შესცოდოს შენ წინააღმდეგ და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას, ვინანიებო, აპატიე“ (ლუკა 17:1—4). ეს ბოლო სიტყვები, ალბათ, პეტრეს იმ მომენტს ახსენებს, როცა თავის მოძღვარს ჰკითხა, საკმარისი იქნებოდა თუ არა, რომ შვიდჯერ ეპატიებინა მწყენინებლისთვის (მათე 18:21).

      მოიქცევიან იესოს მოწაფეები მისი სიტყვების თანახმად? როცა ისინი იესოს რწმენის განმტკიცებას სთხოვენ, იგი არწმუნებს მათ: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ, ეტყოდით ამ შავი თუთის ხეს, ამოიძირკვე და ზღვაში გადაირგეო, და დაგემორჩილებოდათ“ (ლუკა 17:5, 6). დიახ, ასე ვთქვათ, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც კი საკმარისია იმისთვის, რომ, ერთი შეხედვით, შეუძლებელი შევძლოთ.

      ახლა იესო იმაზე იწყებს საუბარს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ადამიანი თავმდაბალი იყოს და საკუთარ თავზე გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდეს. იგი ეუბნება მოციქულებს: «რომელიმე თქვენგანს რომ მონა ჰყავდეს, მხვნელი ან მწყემსი, განა ეტყვის მას მინდვრიდან დაბრუნებისას, დროზე მოდი სუფრასთანო? განა არ ეტყვის, მომიმზადე ვახშამი, შემოირტყი სარტყელი და მემსახურე, სანამ ვჭამ და ვსვამ, შენ კი მერე ჭამე და სვიო? განა გადაუხდის მადლობას მონას დავალების შესრულებისთვის? ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც გევალებათ, თქვით: „უსარგებლო მონები ვართ. ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა“» (ლუკა 17:7—10).

      ღვთის ნების შესრულებას მისი თითოეული მსახურის ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი უნდა ეკავოს და ეს მათ კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული. გარდა ამისა, არ უნდა დაავიწყდეთ, რამხელა პატივია, ემსახურონ ღმერთს, როგორც მისმა სახლეულობამ.

      როგორც ჩანს, ამის შემდეგ მალე იესოსთან მარიამისა და მართას მიერ გაგზავნილი კაცი მიდის. როგორც ვიცით, მარიამი და მართა ლაზარეს დები არიან. ისინი იუდეის მხარეში, ბეთანიაში ცხოვრობენ. მათ მიერ გაგზავნილი კაცი იესოს ეუბნება: „უფალო, ის, ვინც გიყვარს, ავად არის“ (იოანე 11:1—3).

      მართალია, იესო იგებს, რომ ლაზარე ძალიან ცუდადაა, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ ვარდება. ის ამბობს: „ეს ავადმყოფობა სასიკვდილოდ არ არის, არამედ ღვთის სადიდებლად, რათა ამით განდიდდეს ღვთის ძე“. იგი ორ დღეს რჩება იქ, სადაც ამჟამად იმყოფება. შემდეგ მოწაფეებს ეუბნება: „მოდი ისევ იუდეაში წავიდეთ“. ისინი ეწინააღმდეგებიან: „რაბი, იუდეველები ახლახან ჩაქოლვას გიპირებდნენ და ისევ იქ მიდიხარ?“ (იოანე 11:4, 7, 8).

      იესო პასუხობს: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს ეჯახება, რადგან ხედავს ამ ქვეყნიერების სინათლეს, მაგრამ ვინც ღამით დადის, ისე ვერ გაივლის, თუ არაფერს დაეჯახა, რადგან სინათლე არ არის მასში“ (იოანე 11:9, 10). ის, როგორც ჩანს, იმას გულისხმობს, რომ ჯერ კიდევ არ ამოწურულა დრო, რომელიც ღვთის ნების თანახმად, იესომ დედამიწაზე მსახურებას უნდა დაუთმოს. იესოს სურს, მსახურებისთვის დარჩენილი ეს მცირე დრო საუკეთესოდ გამოიყენოს.

      იგი დასძენს: „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“. მოწაფეები, ალბათ, ფიქრობენ, რომ ლაზარე უბრალოდ ისვენებს, რის შედეგადაც ძალებს აღიდგენს, ამიტომ ეუბნებიან: „უფალო, თუ დაიძინა, გამოჯანმრთელდება“. იესო მათ პირდაპირ ეუბნება: „ლაზარე მოკვდა . . . წავიდეთ მასთან“ (იოანე 11:11—15).

      თომამ იცის, რომ იესო შეიძლება იუდეაში მოკლან, მაგრამ მაინც სურს, მხარში დაუდგეს მას; იგი სხვა მოწაფეებს მოუწოდებს: „ჩვენც წავიდეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ“ (იოანე 11:16).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება