-
ვალდენსები — ერეტიკოსობიდან პროტესტანტობამდესაგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მარტი
-
-
ვალდენსები — ერეტიკოსობიდან პროტესტანტობამდე
იდგა 1545 წელი. პროვანსის ოლქის (სამხრეთ საფრანგეთი) მშვენიერ ქალაქ ლიუბერონში ჯარისკაცები შეკრებილიყვნენ. ისინი შემაძრწუნებელი მისიის შესრულებას აპირებდნენ რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე. დაიწყო დაუნდობელი და სისხლიანი კვირა.
სოფლები მიწასთან იქნა გასწორებული, მათი მკვიდრნი კი ზოგი საპყრობილეში ჩაყარეს, ზოგიც სიცოცხლეს გამოასალმეს. სისხლმოწყურებულმა ჯარისკაცებმა საშინელი მხეცობები ჩაიდინეს და მათ მიერ გამართულმა ხოცვა-ჟლეტამ მთელ ევროპას დასცა თავზარი: 2700 ადამიანამდე იქნა მოკლული, 600-მდე კი გალერებზე გააგზავნეს სამუშაოდ — თუ აღარაფერს ვიტყვით ქალებისა და ბავშვების მიერ განცდილ ენით აუწერელ ტანჯვაზე. მეთაურმა, რომელმაც ეს სისხლიანი სამხედრო ოპერაცია განახორციელა, საფრანგეთის მეფისა და რომის პაპისგან ქება დაიმსახურა.
გერმანია უკვე შთანთქმული იყო რეფორმაციით გამოწვეული შფოთითა და არეულობებით, როდესაც პროტესტანტიზმის გავრცელებით შეფიქრიანებულმა საფრანგეთის კათოლიკე მეფემ, ფრანცისკ I-მა, თავის სამეფოში ეგრეთ წოდებული ერეტიკოსების მოძიება დაიწყო. როგორც მეფის ხელქვეითებმა გამოააშკარავეს, განსხვავებულ რელიგიურ შეხედულებას მხოლოდ რამდენიმე ცალკეული ადამიანი კი არ იზიარებდა, არამედ პროვანსის ოლქში მათით დასახლებული მთელი სოფლებიც კი იქნა აღმოჩენილი. გაცემულ იქნა განკარგულება ყოველგვარი ერესის აღმოფხვრის შესახებ. ეს განაჩენი სწორედ 1545 წელს გამართული ხოცვა-ჟლეტის დროს იქნა სისრულეში მოყვანილი.
-
-
ვალდენსები — ერეტიკოსობიდან პროტესტანტობამდესაგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მარტი
-
-
კათოლიკეობიდან ერეტიკოსობამდე
იმ ხანად ქადაგების უფლება მხოლოდ სამღვდელოებას ჰქონდა და სხვა პირებისთვის ქადაგებაზე ნებართვის მიცემაც მხოლოდ ეკლესიას შეეძლო. სამღვდელოება ვალდენსებს გაუნათლებელ და უწიგნურ ადამიანებად მიიჩნევდა, თუმცა 1179 წელს პაპ ალექსანდრე III-ისგან ვალდომ მაინც მიიღო ქადაგებაზე ოფიციალური ნებართვა. თანხმობა კი მიიღო, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუკი ადგილობრივი მღვდლებიც მოიწონებდნენ ამ წამოწყებას. ისტორიკოსი მალკოლმ ლამბერტი შენიშნავს, რომ ასეთი პირობის მიცემა „თითქმის მტკიცე უარის ტოლფასი იყო“. მართლაც, ლიონის არქიეპისკოპოსმა ჟან ბელმენმა არც აცია და არც აცხელა — ოფიციალურად აკრძალა არასამღვდელოთა ქადაგება. ვალდომ კი, ამის პასუხად, საქმეების 5:29 მოიშველია, სადაც ნათქვამია: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“. ვალდო არ დაემორჩილა ამ აკრძალვას, რის გამოც 1184 წელს ეკლესიიდან განკვეთეს.
მიუხედავად იმისა, რომ ლიონის ეპარქიიდან მოკვეთეს და ქალაქიდანაც დევნიდნენ, როგორც ჩანს, ვალდენსების დაგმობა თავდაპირველად რაღაც უფრო თეორიულ ხასიათს ატარებდა. ბევრ უბრალო ადამიანს ხიბლავდა ვალდენსების სიალალე და თავისებური ცხოვრება; თვით ეპისკოპოსებიც კი არ თაკილობდნენ მათთან საუბარს.
როგორც ისტორიკოსი უან კამერონი ამბობს, სავარაუდოა, რომ ვალდენსი მქადაგებლები „როგორც ასეთი, ოპოზიციაში არ ედგნენ რომის კათოლიკურ ეკლესიას“. მათ უბრალოდ „ქადაგება და სწავლება სურდათ“. ისტორიკოსები ამბობენ, რომ ამ მიმდინარეობის მიმდევრები, ფაქტობრივად, მაშინ აღმოჩნდნენ ერეტიკოსების როლში, როდესაც ეკლესიის მიერ ზედიზედ მიღებულმა მთელმა რიგმა დადგენილებებმა თანდათან სულ უფრო და უფრო შეასუსტა მათი ძალა და გავლენა. მათმა განკიცხვამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც ვალდენსები მეოთხე ლატერანულმა საბჭომ 1215 წელს ანათემას გადასცა. რა გავლენა იქონია ამან მათ სამქადაგებლო მოღვაწეობაზე?
საიდუმლო მოღვაწეობა
ვალდო 1217 წელს გარდაიცვალა და დევნისგან შევიწროვებული მისი მიმდევრები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ — ზოგმა საფრანგეთის ალპებს, ზოგმაც გერმანიას, ჩრდილოეთ იტალიასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შეაფარა თავი. დევნამ ვალდენსებს სოფლებში გადასვლაც აიძულა, რის გამოც მათი სამქადაგებლო საქმიანობა ბევრგან შეიზღუდა.
1229 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ სამხრეთ საფრანგეთში კათარების ანუ ალბიგოელების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა დაასრულა, რის შემდეგაც მათი თავდასხმების მორიგი სამიზნეები ვალდენსები გახდნენc. ეკლესიის ყველა მოწინააღმდეგეს მალე ულმობელი ინკვიზიციის მსხვერპლად გახდომა ემუქრებოდა, ამიტომაც შეშინებული ვალდენსები საიდუმლო მოღვაწეობაზე გადავიდნენ. 1230 წლისთვის ისინი უკვე აღარ ქადაგებდნენ სახალხოდ. ოდისიო განმარტავს: «იმის მაგივრად, რომ ახალი „ცხვრები“ მოეძებნათ, ისინი მთელ ძალებს ახლად მოქცეულებზე ზრუნვას ახმარდნენ, ოღონდაც კი ეს ახლები მათ მრწამსს არ გადასულიყვნენ დევნისა და წინააღმდეგობების მიუხედავად“, იგი დასძენს: „თუმცა ძველებურადვე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვალდენსების ქადაგებამ სულ სხვანაირი იერსახე მიიღო“.
-
-
ვალდენსები — ერეტიკოსობიდან პროტესტანტობამდესაგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მარტი
-
-
კათოლიკური ეკლესია დევნას განაგრძობდა, ამიტომაც ვალდენსების დიდი ნაწილი საფრანგეთის სამხრეთში, შედარებით უსაფრთხო პროვანსში გადავიდა საცხოვრებლად. აქვე დასახლდნენ პროტესტანტი იმიგრანტებიც. ასეთმა გადაადგილებამ მალე სამეფო კარის შეშფოთება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქებით იხსენიებდა ვალდენსებს და მოხიბლული იყო მათი ცხოვრების სტილითა და ზნეობრიობით, ზოგი ეჭვქვეშ აყენებდა მათ ერთგულებას და საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნაში სდებდნენ ბრალს. მალე მიღებულ იქნა მერინდოლის ედიქტი, რასაც შედეგად სტატიის დასაწყისში ნახსენები შემზარავი სისხლისღვრა მოჰყვა.
კათოლიკეებსა და ვალდენსებს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო უარესდებოდა. თავდასხმაზე საპასუხოდ ვალდენსები შეიარაღებულ თავდაცვაზეც კი გადავიდნენ. ამ კონფლიქტის გამო ისინი პროტესტანტთა რიგებში აღმოჩნდნენ.
-