შეგიძლიათ უკეთ გაიცნოთ ჩვენი და-ძმების მეუღლეები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან?
1. კიდევ ვინ არის დაინტერესებული, რომ ჩვენი და-ძმების მეუღლეებმა ჭეშმარიტება გაიგონ?
1 ჰყავს შენს კრებაში რომელიმე მაუწყებელს ქმარი ან ცოლი, რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის? ალბათ, მას ძალიან სურს, რომ მეუღლე ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში შეუერთდეს. გარდა ამისა, ღვთის მსგავსად, მთელ კრებას სურს, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:4). როგორ შეგვიძლია გავიცნოთ ჩვენი კრების მაუწყებლების მეუღლეები, რომლებიც იეჰოვას არ ემსახურებიან?
2. როგორ დაგვეხმარება გამჭრიახობა, რომ ჩვენი და-ძმების მეუღლეებს დავეხმაროთ?
2 როგორ დავეხმაროთ ჩვენი და-ძმების მეუღლეებს? უპირველესად, უნდა შევეცადოთ, რომ საკითხებს მათი თვალით შევხედოთ. ბევრ მათგანს უყვარს თავისი ოჯახი და ცდილობს, კარგი მეუღლე და მშობელი იყოს. შესაძლოა, მათ გულწრფელად სწამთ თავიანთი რელიგიის. მათ შეიძლება მხოლოდ ის იციან იეჰოვას მოწმეებზე, რაც უარყოფითად განწყობილმა ან იმ ადამიანებმა უთხრეს, ვინც ბევრი არაფერი იცის ჩვენს შესახებ. ზოგს არ სიამოვნებს, რომ მისი მეუღლე თაყვანისმცემლობისთვის ხარჯავს იმ დროს, რომელსაც ადრე ოჯახთან ერთად ატარებდა. გამჭრიახობა დაგვეხმარება, რომ ასეთ ადამიანებს კეთილად და პატივისცემით მოვეპყროთ და ზედმეტად არ ვინერვიულოთ მათთან ურთიერთობისას (იგავ. 16:20—23).
3. რა დაგვეხმარება, რომ ჩვენი და-ძმების მეუღლეები ჭეშმარიტებისადმი დადებითად განვაწყოთ?
3 გამოავლინე ინტერესი: ჩვენი და-ძმების მეუღლეები ჭეშმარიტებისადმი დადებითად რომ განვაწყოთ, შესაძლოა თავიდან ჩვენი საქმეები უფრო დამხმარე იყოს, ვიდრე ბიბლიაზე მსჯელობა (1 პეტ. 3:1, 2). ამ მხრივ მნიშვნელოვანია, პირადი ინტერესის გამოვლენა. დებს კრებაში შეუძლიათ პირადად დაინტერესდნენ ჩვენი ძმის ცოლით, ძმებს კი — ჩვენი დის ქმრით. როგორ?
4. როგორ შეგვიძლია პირადი ინტერესის გამოვლენა?
4 შესაძლოა უკეთესი იყოს, სიტუაციის გასარკვევად ჯერ ქრისტიან დას ან ძმას დაელაპარაკო და შემდეგ შეხვდე მის მეუღლეს. გულს ნუ გაიტეხ, თუ თავიდან მისი მეუღლე გულგრილად შეგხვდება. ჩვენ მიერ გამოვლენილმა მეგობრულმა დამოკიდებულებამ და ინტერესმა შეიძლება ის იეჰოვას მოწმეების მიმართ უფრო დადებითად განაწყოს (რომ. 12:20). მოწიფულმა ქრისტიანებმა სადილად დაპატიჟეს ჩვენი და თავის ქმარ-შვილთან ერთად, რათა უკეთ გაეცნოთ ისინი და მათთვის წინასწარ შექმნილი აზრი გაექარწყლებინათ. ნაცვლად იმისა, რომ სულიერ საკითხებზე საუბარი დაეძალებინათ, ისინი ჩვენი დის მეუღლესთან საუბრობდნენ იმ საკითხებზე, რომლებიც მას აინტერესებდა. მოგვიანებით, როცა ეს ადამიანი თავს თავისუფლად იგრძნობს, შესაძლოა ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობაც გახდეს შესაძლებელი. ან იმის გასაგებად, თუ რას სწავლობს მისი მეუღლე, ის შეიძლება დათანხმდეს კრების რომელიმე შეხვედრაზე დასწრებას განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ უკვე იცნობს კრების რამდენიმე წევრს. მაშინაც კი, თუ ის ჯერ მზად არ არის ჭეშმარიტების შესასწავლად, ის შესაქებია, რომ ქრისტიან მეუღლეს მხარს უჭერს.
5. როგორ შეუძლიათ უხუცესებს დაუახლოვდნენ ჩვენი დების ქმრებს?
5 უხუცესები განსაკუთრებით უნდა შეეცადონ, დაუახლოვდნენ ჩვენი დების ქმრებს და ხელიდან არ გაუშვან ქადაგების შესაძლებლობა. ის ადამიანი, რომელიც ადვილად არ ერთვებოდა ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობაში, შეიძლება გაამხნეოს ბიბლიაში ჩაწერილმა სიტყვებმა, თუ საავადმყოფოში წევს ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. თუ რელიგიურად დაყოფილი ოჯახი განსაცდელს ხვდება, მაგალითად ვინმე ეღუპება, უხუცესებს შეუძლიათ ჩვენი თანამორწმუნის მეუღლის თანდასწრებით მთელი ოჯახი ანუგეშონ.
6. რა მიზეზები გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი და-ძმების მეუღლეები უკეთ გავიცნოთ?
6 წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდებათ ჩვენს კრებაში და-ძმებს, თუ მათი მეუღლეები ჭეშმარიტებას გამოეხმაურებიან და იეჰოვას მოწმეები გახდებიან! ეს აგრეთვე სიხარულს მიანიჭებს იეჰოვას, ანგელოზებსა და მთელ კრებას (ლუკ. 15:7, 10). მაგრამ თუ ასეთი ადამიანი ჭეშმარიტების მიმართ თავიდან გულგრილი რჩება, სიხარულს არ ვკარგავთ, რადგან ჩვენი ძალისხმევა გულს უხარებს იეჰოვას, რომელსაც „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9).
[ჩანართი 6 გვერდზე]
ჩვენი და-ძმების მეუღლეები ჭეშმარიტებისადმი დადებითად რომ განვაწყოთ, შესაძლოა თავიდან ჩვენი საქმეები უფრო დამხმარე იყოს, ვიდრე ბიბლიაზე მსჯელობა