-
მოაგვარებთ უთანხმოებებს და შეუწყობთ ხელს მშვიდობას?საგუშაგო კოშკი — 2017 | ივნისი
-
-
ხასიათების მრავალფეროვნება კრებას ამშვენებს
ხასიათი არის თვისებათა ერთობლიობა, რაც ადამიანებს ერთმანეთისგან განასხვავებს და მათ ურთიერთობას უფრო საინტერესოს ხდის. თუმცა ხასიათის განსხვავებულობა შეიძლება უთანხმოების მიზეზიც გახდეს. ერთი ძმა, რომელიც დიდი ხანია უხუცესად მსახურობს, ამბობს: „მორცხვ და მორიდებულ ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს გახსნილ და უკომპლექსო ადამიანებთან ურთიერთობა. მართალია, ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო განსხვავებაა, მაგრამ ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები წარმოშვას“. ხომ არ ფიქრობთ, რომ რადიკალურად განსხვავებული ხასიათის ადამიანები უთანხმოებებს ვერ გაექცევიან? დაფიქრდით ორი მოციქულის, პეტრესა და იოანეს ხასიათზე. მაგალითად, როცა პეტრეზე ვსაუბრობთ, ხშირად თვალწინ წარმოგვიდგება პირდაპირი და იმპულსური ადამიანი. რაც შეეხება მოციქულ იოანეს, მას ალბათ მოსიყვარულე და გაწონასწორებულ ადამიანად ვთვლით. ამისთვის გარკვეული საფუძველიც გვაქვს. როგორც ჩანს, მათ განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლიდა თანამშრომლობაში (საქ. 8:14; გალ. 2:9). დღესაც სავსებით შესაძლებელია, რომ განსხვავებული ხასიათის ქრისტიანებმა ერთმანეთთან კარგად ითანამშრომლონ.
შესაძლოა კრებაში რომელიმე თანაქრისტიანის საუბარი ან საქციელი გაღიზიანებთ. თუმცა გესმით, რომ ქრისტე მისთვისაც მოკვდა და ვალდებული ხართ, მის მიმართ სიყვარული გამოავლინოთ (იოან. 13:34, 35; რომ. 5:6—8). ნაცვლად იმისა, რომ ასეთ თანაქრისტიანთან მეგობრობაზე ხელი ჩაიქნიოთ ან მასთან ურთიერთობას მოერიდოთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: მართლა აკეთებს ის ისეთ რამეს, რასაც ბიბლია განსჯის?! განზრახ ცდილობს ჩემს გაღიზიანებას თუ უბრალოდ განსხვავებულები ვართ? რა მხრივ მაძლევს ის კარგ მაგალითს? განსაკუთრებით დასაფიქრებელია ბოლო კითხვა.
შესაძლოა ეს ადამიანი ლაპარაკის მოყვარულია, თქვენ კი არა. დაფიქრდით, როგორ გაუადვილდება მას მსახურებაში საუბრის წამოწყება. თუ მასთან მსახურებას დაგეგმავთ, ბევრ რამეს ისწავლით. ან შესაძლოა ის უფრო ხელგაშლილია, ვიდრე თქვენ. დაუკვირდით, რამხელა სიხარულს ანიჭებს მას ხანდაზმულების, დაუძლურებულებისა და გაჭირვებულების დახმარება. ამით იმის თქმა გვინდა, რომ განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ თანაქრისტიანს, თუ მის დადებით თვისებებზე გაამახვილებთ ყურადღებას. შეიძლება განუყრელი მეგობრები არ გახდეთ, მაგრამ ეს დაგეხმარებათ, კარგი ურთიერთობა განივითაროთ ერთმანეთთან, შინაგანი სიმშვიდე იგრძნოთ და კრებაში მშვიდობას შეუწყოთ ხელი.
ევოდიასა და სინტიქეს შეიძლება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხასიათი და ჩვევები ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, პავლე მოციქულმა მოუწოდა მათ, ერთი აზრი ჰქონოდათ უფალში (ფილ. 4:2). აკეთებთ თქვენც ყველაფერს, რომ კრებაში მშვიდობა და ერთობა იყოს?
-