-
სიცოცხლის განსაცვიფრებელი მრავალფეროვნება ზემო ამაზონზეგამოიღვიძეთ! — 2010 | აპრილი
-
-
კულტურული დაპირისპირება
XVI—XVII საუკუნეებში ესპანელმა კონკისტადორებმა ამაზონის ტერიტორია დაიკავეს. მათ იეზუიტი და ფრანცისკელი მისიონერები მიჰყვნენ, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობის კათოლიციზმზე მოქცევა სურდათ. მისიონერებმა არაჩვეულებრივი რუკები შეადგინეს და ევროპელებს ამაზონის რეგიონისკენ გაუხსნეს გზა. თუმცა ამას რეგიონში დაავადებების გავრცელება და ნგრევა მოჰყვა.
მაგალითად, 1638 წელს ახლანდელ მაინას პროვინციაში ჩამოყალიბდა მისიონერული ორგანიზაცია. მათ თავი მოუყარეს ადგილობრივ მოსახლეობას, ღრმა ჯუნგლებში მცხოვრებ ტომთა ჩათვლით, და აიძულეს, გაერთიანებულიყვნენ. საინტერესოა, რა „კეთილშობილური“ მიზანი ამოძრავებდათ მათ? მისიონერები და კონკისტადორები ადგილობრივებს გაუნათლებელ და მდაბიო ხალხად მიიჩნევდნენ და ექსპლუატაციას უწევდნენ. ევროპელებთან ახლო კონტაქტის შედეგად ათასობით ადგილობრივი მოკვდა ისეთი დაავადებებით, როგორიცაა წითელა, ყვავილი, დიფთერია და კეთრი; ათასობით ადამიანი კი შიმშილმა იმსხვერპლა.
ბევრმა ინდიელმა თავი დააღწია მისიონერულ ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა რელიგიური ორდენების მიერ იყო დაფუძნებული; აჯანყებების დროს კი ბევრი მისიონერი დაიღუპა. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ამაზონის რეგიონში მხოლოდ ერთი მღვდელიღა იყო დარჩენილი.
-
-
სიცოცხლის განსაცვიფრებელი მრავალფეროვნება ზემო ამაზონზეგამოიღვიძეთ! — 2010 | აპრილი
-
-
შამანებისა და ცრურწმენის გავლენა
ამაზონის მკვიდრთ სჯერათ, რომ ღამღამობით ჯუნგლებში სულები დახეტიალობენ და ზოგი მათგანი ხალხს აავადებს; მდინარეებში კი ღმერთები არიან ჩასაფრებული და მსხვერპლს ელიან. აგუარუნას ტომი, რომელიც ყველაზე დიდი ტომია პერუში, ხუთ ღმერთს ეთაყვანება. ესენია, „მებრძოლი მამა“, „წყლის მამა“, „დედამიწის დედა“, „მზის მამა“ და „შამანის მამა“. ბევრს სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი მცენარედ ან ცხოველად გარდაისახება. იმის შიშით, რომ სულები არ გაანაწყენონ, ისინი ერიდებიან ზოგიერთი ცხოველის მოკვლას და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ნადირობენ.
ტრადიციულ რელიგიური წეს-ჩვეულებების დაცვასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას შამანები, იგივე ექიმბაშები განაგებენ. შამანები ადამიანების ტრანსში შესაყვანად ჰალუცინაციების გამომწვევ მცენარეებს იყენებენ. ზოგი მათ იმ მიზნით აკითხავს, რომ დაავადებებისგან განიკურნოს, გაიგოს თავისი მომავალი ან ის, თუ როგორი მოსავალი მოუვა და როგორი ნადირობა ექნება.
-