ციმბირში გადასახლებული
მოგვითხრო ვასილი კალინმა
წარმოიდგინეთ, რომ საარტილერიო ჭურვების ხმაურში კაცი თავისთვის ზის და ბიბლიას კითხულობს, არ დაგაინტერესებთ, როგორ შეუძლია ასე მშვიდად ყოფნა? სწორედ ასეთი სურათი იხილა მამაჩემმა 56 წელიწადზე მეტი ხნის წინათ.
იდგა 1942 წლის ივლისი; მეორე მსოფლიო ომი ბობოქრობდა. ერთხელ, როდესაც ფრონტის ხაზი მამაჩემის სოფელ ვილშანიცაზე (უკრაინა), გადიოდა, მამა ერთ მოხუც წყვილთან შევიდა სახლში. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ყველგან საარტილერიო ჭურვები ფეთქდებოდა, კაცი ღუმელთან მიმჯდარიყო, ნედლ სიმინდს წვავდა და თან ბიბლიას კითხულობდა.
მე ხუთი წლის შემდეგ დავიბადე დასავლეთ უკრაინის მშვენიერ ქალაქ ივანო-ფრანკოვსკთან ახლოს, რომელიც იმ დროს საბჭოთა კავშირში შედიოდა. მოგვიანებით მამამ მომითხრო იმ კაცთან, იეჰოვას მოწმესთან, დაუვიწყარი შეხვედრისა და ომის საშინელებების შესახებ. ხალხი ქანცგაწყვეტილი და დაბნეული იყო, ამიტომ ბევრს აინტერესებდა: რატომ ხდებოდა ამდენი უსამართლობა? რატომ იხოცებოდა ათასობით უდანაშაულო ადამიანი? რატომ უშვებდა ამას ღმერთი? რატომ? რატომ? რატომ?
მამას და იმ მოხუცს ხანგრძლივი გულწრფელი საუბარი ჰქონდათ ამ კითხვების ირგვლივ. კაცი ბიბლიიდან პასუხობდა კითხვებზე, რომლებიც მამას დიდი ხნის განმავლობაში საგონებელში აგდებდა. მოხუცმა აუხსნა, რომ ღმერთს განზრახული ჰქონდა, მის მიერ დანიშნულ დროს ბოლო მოეღო ომებისთვის და დედამიწა მშვენიერ სამოთხედ ექცია (ფსალმუნი 45:10; ესაია 2:4; გამოცხადება 21:3, 4).
მამამ სახლში შემოსვლისთანავე წამოიძახა: „დაიჯერებთ? იეჰოვას მოწმესთან მხოლოდ ერთი საუბრის შემდეგ თვალი ამეხილა! ჭეშმარიტება ვიპოვე!“ მამა ამბობდა, რომ, თუმცა ის რეგულარულად დადიოდა კათოლიკურ ეკლესიაში, მღვდლები ვერასოდეს პასუხობდნენ მის შეკითხვებზე. ამგვარად, მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, რაშიც მალე დედაც შეუერთდა. ისინი ასწავლიდნენ თავიანთ სამ შვილსაც — ჩემს 2 წლის დას, და ორ ძმას, რომელთაგან ერთი 7-ის, მეორე კი 11 წლის იყო. მალე მათს სახლს ბომბი დაეცა და მხოლოდ ერთი ოთახიღა დარჩა საცხოვრებლად ვარგისი.
დედა დიდ ოჯახში გაიზარდა, ექვსი და და ერთი ძმა ჰყავდა. მამამისი მდიდარი კაცი იყო და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თავის სახელსა და მდგომარეობას. თავდაპირველად ნათესავები წინააღმდეგი იყვნენ ჩვენი ოჯახის მიერ შეძენილი ახალი რწმენისა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ მოწინააღმდეგეთაგან ბევრმა თავი დაანება ხატების თაყვანისცემასა და სხვა არაბიბლიურ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს და ჩემს მშობლებს შეუერთდნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში.
მღვდლები დაუფარავად აქეზებდნენ ხალხს, წინააღმდეგობა გაეწიათ იეჰოვას მოწმეებისთვის, რის შედეგადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ჩვენი სახლის ფანჯრებს ამსხვრევდნენ და მშობლებს ემუქრებოდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ბიბლიის შესწავლას განაგრძობდნენ. ასე რომ, ჩემი დაბადების დროისთვის, 1947 წლისთვის, ისინი თაყვანს სცემდნენ იეჰოვას სულითა და ჭეშმარიტებით (იოანე 4:24).
გადასახლება
მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მხოლოდ ოთხი წლის ვიყავი, 1951 წლის 8 აპრილის დილა სამუდამოდ დამამახსოვრდა. იმ დღეს ჩვენს სახლში სამხედროები შემოვიდნენ ძაღლებით. მათ გადასახლების ორდერი წარმოგვიდგინეს და გაგვჩხრიკეს. ავტომატებიანი ჯარისკაცები, რომლებსაც ძაღლებიც ჰყავდათ, კართან იდგნენ, მაგიდის გარშემო შემომსხდარი ოფიცრები კი გველოდებოდნენ; ჩვენ საჩქაროდ უნდა გავმზადებულიყავით და დაგვეტოვებინა იქაურობა, ამისთვის მხოლოდ ორი საათი მოგვცეს. მე ვერ გამეგო, რა ხდებოდა და ვტიროდი.
მშობლებს უბრძანეს, ხელი მოეწერათ საბუთზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ისინი აღარ იქნებოდნენ იეჰოვას მოწმეები, და შეჰპირდნენ, რომ, თუ ხელს მოაწერდნენ, არ შეეხებოდნენ, აღარ გადაასახლებდნენ. მაგრამ მამამ მტკიცედ განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, რომ სადაც უნდა გაგვიშვათ ჩვენი ღმერთი, იეჰოვა, ყველგან ჩვენთან იქნება“.
„ოჯახი, ბავშვები მაინც შეიცოდე, — ეუბნებოდა ოფიცერი. — ბოლოს და ბოლოს კურორტზე კი არ გგზავნიან, შორეულ ჩრდილოეთში გასახლებენ, სადაც ყველგან თოვლი დევს და თეთრი დათვები დადიან“.
იმ დროს სიტყვა „ციმბირი“ რაღაც საშინელი იყო ყველასთვის. მაგრამ იეჰოვასადმი რწმენა და ძლიერი სიყვარული ციმბირისადმი შიშზე ძლიერი აღმოჩნდა. ჩვენი ნივთები ოთხთვალაზე დატვირთეს, ქალაქში მიგვიყვანეს და სატვირთო მატარებელში ჩაგვსხეს, სადაც ჩვენს გარდა, 20—30 ოჯახი იყო. ასე გავემგზავრეთ ტაიგისკენ, ციმბირის უვალებისკენ.
რკინიგზის სადგურზე სხვა მატარებლებიც იდგა, რომლებსაც გადასახლებულები მიჰყავდა, მათ ვაგონებზე შევამჩნიეთ წარწერები: „იეჰოვას მოწმეები“. ეს თავისებური ქადაგება იყო, რადგან ასე ბევრმა გაიგო, რომ იეჰოვას ათასობით მოწმე მათი ოჯახებით ჩრდილოეთისა და შორეული აღმოსავლეთის სხვადასხვა მხარეში გადაასახლეს.
იეჰოვას მოწმეებზე 1951 წლის აპრილის თავდასხმები და გადასახლებები დასაბუთებულია. ისტორიკოსმა უოლტერ კოლარზმა თავის წიგნში „რელიგია საბჭოთა კავშირში“ დაწერა: „ეს არ იყო მოწმეებისთვის ბოლოს მოღება, ეს მათი პროზელიტური საქმიანობის ახალი თავის დასაწყისი იყო. ციმბირისკენ მიმავალ გზაზე, როდესაც მატარებლები ჩერდებოდა, ისინი სადგურებშიც კი ცდილობდნენ, თავიანთი რწმენის ქადაგებას. მოწმეების გადასახლებით საბჭოთა მთავრობამ საუკეთესოდ შეუწყო ხელი მათი რწმენის გავრცელებას. სოფლის იზოლაციიდან მოწმეები უფრო ფართო სამყაროში იქნენ გადაყვანილი, ეს საკონცენტრაციო და შრომა-გასწორების ბანაკების საშინელი სამყარო იყო“ (Religion in the Soviet Union).
ჩვენ გაგვიმართლა, რადგან ნება დაგვრთეს ცოტაოდენი საკვები — ფქვილი, მარცვლეული და ლობიო — წაგვეღო თან. პაპაჩემს ღორის დაკვლის უფლებაც კი მისცეს, რითაც ჩვენ და კიდევ სხვა და-ძმები ვიკვებებოდით. გზად ვაგონებიდან გულში ჩამწვდომი სიმღერის ხმა ისმოდა. ჩვენ იეჰოვა გვაძლევდა ძალას ყველაფრის გასაძლებად (იგავნი 18:10).
დაახლოებით სამი კვირა ვიმგზავრეთ, გავიარეთ მთელი რუსეთი და როგორც იქნა ცივ, უდაბურ, შორეულ ციმბირს მივაღწიეთ. ჯერ ირკუტსკის ოლქის ჩუნსკის რაიონში ტარეიას სადგურზე ჩამოგვიყვანეს. იქიდან კიდევ უფრო შორს ტაიგის ერთ პატარა სოფელში წაგვიყვანეს, რაც საბუთებში ჩვენს „სამუდამო გადასახლებად“ იყო მოხსენიებული. თხუთმეტი ოჯახის ბარგი თავისუფლად წაიღეს ტრაქტორზე მიბმული ერთი მარხილით. დაახლოებით ოცი ოჯახი მოგვათავსეს ბარაკებში, რომლებიც გადაუტიხრავ გრძელ დერეფნებს ქმნიდა. მთავრობის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მაცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ იეჰოვას მოწმეები საშიში ხალხი იყო. ამიტომ თავდაპირველად ხალხს ეშინოდა და არ ცდილობდნენ ჩვენს უკეთესად გაცნობას.
გადასახლებაში მუშაობა
იეჰოვას მოწმეებს ძალზე რთულ პირობებში ტყის გაკაფვაზე ამუშავებდნენ. მთელ სამუშაოს ხელით ვაკეთებდით: ვჭრიდით და ვაპობდით მორებს; შემდეგ ურმებით მიგვქონდა და ვაგონებზე ვტვირთავდით. მდგომარეობას ქინქლების ღრუბლები ართულებდა, რომლებსაც ვერსად დაემალებოდი. მამა საშინლად იტანჯებოდა ნაკბენებისგან, მას მთლიანად დაუსივდა სხეული და იეჰოვას ლოცვით სთხოვდა დახმარებას, რომ ყველაფრისთვის გაეძლო. ნებისმიერი სიძნელის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეების უმრავლესობამ მტკიცედ შეინარჩუნა რწმენა.
მალე ჩვენი ოჯახი გაგვაგზავნეს ქალაქ ირკუტსკში, სადაც ყოფილ სამხედრო ტყვეთა ბანაკში დაგვასახლეს და მშობლებს აგურის ქარხანაში დააწყებინეს მუშაობა. აგური ხელით გამოჰქონდათ პირდაპირ დიდი, გახურებული ღუმლიდან, თანაც ნორმას გამუდმებით უზრდიდნენ, ამიტომ ბავშვებსაც გვიწევდა მშობლებისთვის დახმარება. ჩვენი ყოფა ძველ ეგვიპტეში მომუშავე ებრაელი მონების ცხოვრებას გვახსენებდა (გამოსვლა 5:9–16).
ცხადი გახდა, იეჰოვას მოწმეები შრომის მოყვარულები და პატიოსნები იყვნენ და არა „ხალხის მტრები“, როგორც ამას ამტკიცებდნენ. ყველა კარგად ხედავდა, რომ იეჰოვას არც ერთი მოწმე არ შეურაცხყოფდა უფროსობას და არ ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების წარმომადგენლების გადაწყვეტილებებს. ბევრმა დააფასა კიდეც ჩვენი რწმენა.
ჩვენი სულიერი ცხოვრება
მიუხედავად იმისა, რომ მოწმეებს ყოველთვის ჩხრეკდნენ გადასახლებამდე, გზაში თუ გადასახლებაში, ბევრმა შეძლო „საგუშაგო კოშკებისა“ და ბიბლიების დამალვა. მოგვიანებით კი გადაწერით ან კიდევ სხვა საშუალებით ვამრავლებდით. ბარაკებში რეგულარულად ტარდებოდა ქრისტიანული შეხვედრები. როდესაც კომენდანტი ბარაკში შემოდიოდა და ხედავდა, ჯგუფი მღეროდა, გვიბრძანებდა, შეგვეწყვიტა სიმღერა. ჩვენ ვემორჩილებოდით ბრძანებას, მაგრამ, როგორც კი სხვა ბარაკში გადავიდოდა, ისევ ვაგრძელებდით. ჩვენი გაჩერება შეუძლებელი იყო.
სამქადაგებლო საქმიანობაც არასდროს შეწყვეტილა. მოწმეები ყველას და ყველგან ელაპარაკებოდნენ. ჩემი უფროსი ძმები და მშობლები ხშირად მიყვებოდნენ, როგორ ახერხებდნენ სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარებას. ამის წყალობით კეთილმა ცნობამ თანდათანობით გულწრფელი ადამიანების გულებს მიაღწია. ასე რომ, 50-იანი წლების დასაწყისში ცნობა იეჰოვას სამეფოს შესახებ ცნობილი გახდა მთელს ირკუტსკსა და მის შემოგარენში.
თავდაპირველად იეჰოვას მოწმეებს პოლიტიკურ მტრებად მიიჩნევდნენ, მაგრამ მოგვიანებით ოფიციალურად გვცნეს რელიგიურ ორგანიზაციად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ, შეეწყვიტათ ჩვენი საქმიანობა. ამიტომ ბიბლიის შესასწავლად ჩვენ ორი-სამი ოჯახი ვიკრიბებოდით, რომ არავის მოვხვედროდით თვალში. 1952 წლის თებერვლის ერთ დილას ზედმიწევნით გაგვჩხრიკეს, რის შემდეგაც ათი მოწმე დააპატიმრეს, დანარჩენი კი სხვადასხვა ადგილებში გადაგვაგზავნეს. ჩვენი ოჯახი ირკუტსკიდან 30 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ისკრაში მოხვდა, რომლის მოსახლეობაც 100 კაცს აღწევდა.
ახალ პირობებთან შეგუება
ჩვენდა მოულოდნელად, სოფლის ადმინისტრაციამ კარგად მიგვიღო. ხალხი უბრალო და მეგობრული აღმოჩნდა; ზოგი სახლიდანაც კი გამოვიდა დასახმარებლად. ჩვენ ერთ პატარა ოთახში შეგვასახლეს, რომლის ფართიც 17 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. ჩვენ გარდა იქ კიდევ ორი ოჯახი ცხოვრობდა. იქ ნავთის ლამპები განათების ერთადერთი საშუალება იყო.
მეორე დილას არჩევნები იყო დანიშნული. მშობლებმა განაცხადეს, რომ მათ უკვე ღვთის სამეფოს მისცეს ხმა, რაც, რა თქმა უნდა, ხალხმა ვერ გაიგო. ამიტომ ჩემი ოჯახის უფროს წევრებს მთელი დღის განმავლობაში პატიმრობაში მოუწიათ ყოფნა. მოგვიანებით ზოგმა ჩემს მშობლებს რწმენის შესახებ კითხვების დასმა დაუწყო, რამაც საშუალება მისცა მათ, აეხსნათ სხვებისთვის, რომ ღვთის სამეფო კაცობრიობის ერთადერთი იმედი იყო.
იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ამ სოფელში ვიცხოვრეთ, ახლომახლო იეჰოვას არც ერთი მოწმე არ ცხოვრობდა, რომ ურთიერთობა გვქონოდა. სოფლიდან გასასვლელად კომენდანტისგან სპეციალური ნებართვის აღება გვჭირდებოდა, ის კი იშვიათად იძლეოდა მას, რადგან ჩვენი გადასახლების ძირითადი მიზეზი ხალხისგან იზოლირება იყო. მიუხედავად ამისა, მოწმეები ყოველთვის ცდილობდნენ, კავშირი არ დაეკარგათ, რომ ერთმანეთისთვის ახლად მიღებული სულიერი საკვები გაეზიარათ.
1953 წელს სტალინის სიკვდილის შემდეგ იეჰოვას ყველა დაპატიმრებულ მოწმეს პატიმრობის ვადა 25-დან 10 წლამდე შეუმცირეს. ციმბირში გადასახლებულთათვის სადმე წასასვლელად სპეციალური ნებართვა აღარ იყო საჭირო. მაგრამ მალე ხელისუფლების წარმომადგენლებმა იეჰოვას მოწმეების ჩხრეკა დაიწყეს და, თუ ბიბლიას ან ბიბლიურ ლიტერატურას აღმოუჩენდნენ, აპატიმრებდნენ. ირკუტსკის შემოგარენში სპეციალური ბანაკები შეიქმნა იეჰოვას მოწმეებისთვის, რომლებშიც დაახლოებით 400 ძმა და 200 და მოათავსეს.
საბჭოთა კავშირში ჩვენი დევნის შესახებ ამბავი მთელი მსოფლიოს იეჰოვას მოწმეებმა შეიტყვეს. ამიტომ 1956 წლის მეორე ნახევრიდან 1957 წლის თებერვლამდე მთელ მსოფლიოში ჩატარებულ 199 საოლქო კონგრესზე ჩვენს შესახებ წერილობითი მოთხოვნა იქნა შედგენილი. მთლიანობაში 462 936-მა დამსწრემ მოიწონა მოთხოვნა, რომელიც საბჭოთა კავშირის იმ დროინდელ პრემიერ-მინისტრის ნიკოლაი ა. ბულგანინის სახელზე გაიგზავნა. სხვა საკითხებთან ერთად ამ წერილში მოვითხოვდით ჩვენს გათავისუფლებას და «ნებართვას, რომ მიგვეღო და დაგვებეჭდა ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ და სხვა ბიბლიური ლიტერატურა, რომელსაც მთელი მსოფლიოს იეჰოვას მოწმეები იყენებენ, რუსულ, უკრაინულ და სხვა ენებზე».
ამის შემდეგ ჩვენი ოჯახი გადაასახლეს ირკუტსკიდან 20 კილომეტრით დაშორებულ, სოფელ ხუდიაკოვოში სადაც შვიდი წელი ვიცხოვრეთ. 1960 წელს ჩემი ძმა ფიოდორი ირკუტსკში გადავიდა საცხოვრებლად; მომდევნო წელს უფროსმა ძმამ ცოლი შეირთო, დაც ცალკე გავიდა. 1962 წელს კი ფიოდორი სამქადაგებლო საქმიანობის გამო დააპატიმრეს.
ჩემი სულიერი ზრდა
ჩვენი სოფლიდან დაახლოებით 20 კილომეტრი უნდა გაგვევლო ფეხით ან ველოსიპედით, რომ ბიბლიის სხვა შემსწავლელებს შევხვედროდით. ამიტომ შევეცადეთ ირკუტსკში გადავსახლებულიყავით, რომ სხვა მოწმეებთან უფრო ახლოს ვყოფილიყავით. მაგრამ ადგილობრივი განყოფილების უფროსი წინააღმდეგი იყო და ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეშალა. დროთა განმავლობაში ის უკეთესად განეწყო ჩვენდამი და შევძელით სოფელ პივოვარიხაში გადავსულიყავით, რომელიც ირკუტსკიდან ათიოდე კილომეტრში მდებარეობდა. იქ იეჰოვას მოწმეების კრება ტარდებოდა და ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. პივოვარიხაში კრების წიგნის შესწავლების ჯგუფებიც იყო და იყვნენ ძმებიც, რომლებიც ზედამხედველობას უწევდნენ სულიერ საქმიანობას. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა!
ამ დროისთვის უკვე ძალიან მიყვარდა ბიბლიური ჭეშმარიტება და მონათვლა მსურდა; 1965 წლის აგვისტოში სურვილი განმიხორციელდა, ერთ პატარა მდინარე ოლხაში მოვინათლე, სადაც იმ წლებში ბევრი ინათლებოდა. უცხო თვალისთვის ეს ჩვეულებრივი დასვენება და მდინარეში ბანაობა იყო. მალე ახალი დანიშნულება მივიღე: თეოკრატიული სკოლის ზედამხედველობა ჩამაბარეს. შემდეგ კი, 1965 წლის ნოემბერში, ჩვენი სიხარული ციხიდან ფიოდორის გათავისუფლებამ გააძლიერა.
სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლა
იმავე წელს ყველა შეგვკრიბეს და გამოგვიცხადეს, რომ უფლება გვქონდა საითაც გვინდოდა იქით გავმგზავრებულიყავით, რითაც შეწყდა ჩვენი „სამუდამო გადასახლება“. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩვენი სიხარული? იმ დროს, როცა ბევრი გაემგზავრა ქვეყნის სხვა და სხვა კუთხეებისკენ, ზოგმა გადაწყვიტა იქ დარჩენილიყო, სადაც ჩვენს სულიერ ზრდასა და საქმიანობაში იეჰოვას კურთხევები და მხარდაჭერა მივიღეთ. ბევრს შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები ჰყავდა ციმბირში, რომელიც არც ისეთი საშინელი ადგილი ყოფილა.
1967 წელს გავიცანი მარია, რომლის ოჯახიც ჩვენსავით უკრაინიდან ციმბირში იყო გადასახლებული. ჩვენ ორივე სოფელ ვილშანიცაში ვცხოვრობდით. 1968 წელს დავქორწინდით; მოგვიანებით კი იეჰოვამ გვაკურთხა, იაროსლავი და ოქსანა შეგვეძინნენ.
ჩვენ დაკრძალვებსა და ქორწილებს იმისათვის ვიყენებდით, რომ უფრო ბევრნი შევკრებილიყავით და სულიერად გაგვემხნევებინა ერთმანეთი. ამ დროს იმ ნათესავებსა და მეგობრებსაც ვუხსნიდით ჭეშმარიტებას, რომლებიც მოწმეები არ იყვნენ. ამ ცერემონიებზე, როცა დაუფარავად ვაცხადებდით ბიბლიურ იმედს მკვდრეთით აღდგომის, იეჰოვას მიერ ოჯახის შექმნასა და სხვა კურთხევებზე, რაც მის ახალ ქვეყნიერებაში გვექნება, ხშირად სუკის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
ერთხელ, როდესაც გასვენებაზე მოხსენების კითხვა დავამთავრე, უცებ იქვე მანქანა გაჩერდა, კაცი გადმოვიდა და მიბრძანა მანქანაში ჩავმჯდარიყავი. არ შემშინებია. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ბოროტმოქმედები კი არა, ღმერთის მორჩილები ვიყავით. მაგრამ ჯიბეში ჩვენი კრების სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები მედო, რისთვისაც შეიძლება დავეპატიმრებინე. ამიტომ ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა ჯერ ცოლისთვის ფული გადამეცა. მან ნება დამრთო და ყველას თვალწინ მშვიდად გადავეცი მეუღლეს საფულე კრების ანგარიშებთან ერთად.
1974 წლიდან მე და მარიამ ბიბლიური ლიტერატურის სახლში საიდუმლოდ გამზადება დავიწყეთ. რადგანაც ჩვენი ბიჭი ჯერ პატარა იყო, ამას გვიან ღამით ვაკეთებდით, მას რომ არ დაენახა. მაგრამ თავისი ცნობისმოყვარეობის გამო თავს გვაჩვენებდა, თითქოს ეძინა და ამ დროს თურმე ხედავდა, რას ვაკეთებდით. მოგვიანებით მან გვითხრა: „მე ვიცი ვინ აკეთებს ღმერთის შესახებ ჟურნალებს“. ცოტა არ იყოს შეგვეშინდა, მაგრამ ყოველთვის ვთხოვდით იეჰოვას მფარველობას, რომ გაგვეგრძელებინა ეს მნიშვნელოვანი საქმე.
დროთა განმავლობაში ხელისუფლება იეჰოვას მოწმეებს უკეთესად გვეპყრობოდა და გადავწყვიტეთ ქალაქ უსოლიე-სიბირსკოეს კულტურის სახლში, სახელწოდებით „მირ“, დიდი კრება ჩაგვეტარებინა. ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუთხარით, რომ ჩვენი კრებების მიზანი მხოლოდ ბიბლიის შესწავლა და ქრისტიანული ურთიერთობა იყო. 1990 წლის იანვარში ამ კრებაზე 700-ზე მეტი კაცი დაესწრო და დარბაზი გაივსო, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
კრების შემდეგ იქ დამსწრე კორესპონდენტმა გვკითხა: „როდის მოახერხეთ ამ ახალგაზრდობის გამოწვრთნა?“ ის და სხვები გაკვირვებულები იყვნენ, რომ ამ კრებაზე, რომელიც პირველად ჩატარდა საჯაროდ და ოთხი საათი გრძელდებოდა, ბავშვები ჩუმად ისხდნენ. მალე ადგილობრივ გაზეთში იეჰოვას მოწმეებზე მშვენიერი სტატია გამოქვეყნდა. მასში ნათქვამი იყო: „მათგან [იეჰოვას მოწმეებისგან] ნამდვილად შეიძლება ბევრი ისწავლოს კაცმა“.
მსახურებაში მეტი მონაწილეობის მიღება
1991 წელს საბჭოთა კავშირში შვიდი კონგრესი ჩატარდა და 74 252 კაცი დაესწრო. მას შემდეგ, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მიიღეს, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელმა საბჭომ მოსკოვში გამაგზავნა სამსახურებრივი დანიშნულებით. იქ მკითხეს, შემეძლო თუ არა მეტი მონაწილეობა მიმეღო სამეფოს საქმეში. იმ დროს იაროსლავს უკვე ცოლ-შვილი ჰყავდა, ოქსანა კი ჯერ ჩვენთან უნდა ყოფილიყო. ასე რომ, 1993 წელს მე და მარიამ მოსკოვში სრული დროით მსახურება დავიწყეთ. იმავე წელს რუსეთის იეჰოვას მოწმეთა რეგიონალური რელიგიური ორგანიზაციის სამმართველო ცენტრის კოორდინატორად დამნიშნეს.
დღეს მე და მარია სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მშვენიერ ახალ ფილიალში ვმსახურობთ. ჩემთვის დიდი პატივია, სხვა ერთგულ ძმებთან ერთად ვიზრუნო რუსეთში სამეფოს შესახებ მაუწყებლების მზარდ რიცხვზე. დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში 260 000-ზე მეტი მოწმეა, მხოლოდ რუსეთში კი — 100 000-ზე მეტი.
მე და მარია ხშირად ვიხსენებთ ჩვენს ძვირფას ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებიც დღესაც სამეფოს ერთგული მაუწყებლები არიან ციმბირში, რომელიც ჩვენი საყვარელი სახლი გახდა. დღეს იქ რეგულარულად ტარდება დიდი კონგრესები და ირკუტსკსა და მის შემოგარენში 2 000-მდე მოწმეა. უეჭველია რომ იქაც სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველება ესაიას 60:22-დან: „მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი — ძლიერ ხალხად“.
[სურათი 20 გვერდზე]
მე, მამაჩემი, ოჯახის დანარჩენი წევრები და სხვა გადასახლებულები, 1959 წელი ირკუტსკი.
[სურათი 23 გვერდზე]
გადასახლებაში მყოფი ბავშვები ისკრაში.
[სურათი 25 გვერდზე]
ჩვენი ქორწინების წელს.
[სურათი 25 გვერდზე]
მე და მარია დღეს.