სულითა და გულით გაიღეთ იეჰოვასთვის შესაწირავი
„რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ, როგორც იეჰოვასთვის“ (კოლ. 3:23).
1—3. ა) იესოს წამების ძელზე სიკვდილი ნიშნავს თუ არა იმას, რომ იეჰოვა აღარ მოითხოვს ჩვენგან არანაირ შესაწირავს? ახსენით. ბ) რა კითხვა წამოიჭრება შესაწირავებთან დაკავშირებით?
იეჰოვამ ახ. წ. პირველ საუკუნეში თავის ხალხს გაუმხილა, რომ იესოს მიერ გაღებული მსხვერპლით მოსეს კანონი გაუქმდა (კოლ. 2:13, 14). შესაწირავები, რომლებსაც იუდეველები ასობით წლის განმავლობაში სწირავდნენ, აღარ იყო საჭირო და მათ აღარც არავითარი ფასი ჰქონდა. კანონმა შეასრულა თავისი დანიშნულება, როგორც „ქრისტემდე მიმყვანმა . . . აღმზრდელმა“ (გალ. 3:24).
2 ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანებს აღარ უნდა აინტერესებთ შესაწირავები. პირიქით, მოციქულმა პეტრემ თქვა, რომ ჩვენ „იესო ქრისტეს მეშვეობით ღვთისთვის მოსაწონი სულიერი მსხვერპლი [უნდა] შევწიროთ“ (1 პეტ. 2:5). გარდა ამისა, მოციქულმა პავლემ ცხადყო, რომ ღვთისთვის მიძღვნილი ქრისტიანის ცხოვრება, მისი ცხოვრების ყოველი მხარე, შეიძლება მართებულად ჩაითვალოს „მსხვერპლად“ (რომ. 12:1).
3 ასე რომ, ქრისტიანები მსხვერპლს იღებენ იეჰოვასთვის და მსხვერპლი შეიძლება იყოს ის, რასაც ისინი ხარჯავენ ან სწირავენ ღმერთს, ან ის, რაზეც ღვთის გამო უარს ამბობენ. ჩვენ ვიცით, რა მოითხოვებოდა ისრაელებისგან შესაწირავებთან დაკავშირებით. ამიტომ, როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ დღეს ჩვენ მიერ გაღებული შესაწირავები მისაღებია იეჰოვასთვის?
ყოველდღიურ ცხოვრებაში
4. რა უნდა გვახსოვდეს ყოველდღიურ საქმეებთან დაკავშირებით?
4 ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება რთული იყოს იმის დანახვა, თუ რა კავშირია ყოფით საქმეებსა და იეჰოვასთვის გაღებულ მსხვერპლს შორის. შეიძლება ადამიანს ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, თითქოს საოჯახო საქმეებს, სკოლას, სამსახურს, საყიდლებზე სიარულსა და სხვა მსგავს საქმეებს სულიერ საკითხებთან ცოტა რამ თუ აქვს საერთო. მაგრამ თუ უკვე მიუძღვენით თავი იეჰოვას ან ამის გაკეთებას ახლო მომავალში აპირებთ, მნიშვნელოვანია, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ყოველდღიური საქმეებისადმი. ჩვენ ქრისტიანები ვართ დღეში 24 საათი. ბიბლიური პრინციპები ცხოვრების ყოველ მხარეში უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ პავლე მოგვიწოდებს: „რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ, როგორც იეჰოვასთვის და არა როგორც ადამიანებისთვის“ (წაიკითხეთ კოლოსელების 3:18—24 ).
5, 6. რამ უნდა იქონიოს გავლენა ჩვენს ყოველდღიურ ჩაცმულობასა და საქციელზე?
5 ქრისტიანის ყოფითი საქმეები არ არის წმინდა მსახურების ნაწილი. მაგრამ პავლეს მოწოდება, ყველაფერი „აკეთეთ, როგორც იეჰოვასთვის“, აღგვძრავს, დავფიქრდეთ მთელ ჩვენს ცხოვრებაზე. როგორ შეგვიძლია ამ რჩევის პრაქტიკულად გამოყენება? ყოველთვის სათანადოდ ვიქცევით და გვაცვია, თუ ჩვენი საქციელისა და ჩაცმულობის გამო გვრცხვენია, ვთქვათ, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ? არ უნდა დავუშვათ, რომ ეს დაგვემართოს. იეჰოვას ხალხს არ სურს ისეთი რამის გაკეთება, რაც ღვთის სახელს შეურაცხყოფდა (ეს. 43:10; 2 კორ. 6:3, 4, 9).
6 განვიხილოთ, როგორ აისახება ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე ის, რომ გვსურს ყველაფერი „ვაკეთოთ, როგორც იეჰოვასთვის“. განხილვის დროს მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ნებისმიერი მსხვერპლი, რომელსაც ისრაელები იეჰოვას სწირავდნენ, საუკეთესო უნდა ყოფილიყო (გამ. 23:19).
როგორ აისახება თქვენს ცხოვრებაზე იეჰოვასთვის მსხვერპლის გაღების სურვილი
7. რა იგულისხმება ქრისტიანულ მიძღვნაში?
7 როდესაც იეჰოვას მიუძღვენით თავი, განა ღმერთს რაიმე პირობები წაუყენეთ? ფაქტობრივად, თქვენ თქვით, რომ ცხოვრების ყველა სფეროში იეჰოვას დააყენებდით პირველ ადგილზე (წაიკითხეთ ებრაელების 10:7 ). და ეს მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილება იყო! ეჭვგარეშეა, როცა იეჰოვას ნებას პირველ ადგილზე აყენებდით და შესაბამისად მოქმედებას ცდილობდით, საუკეთესო შედეგებს აღწევდით (ეს. 48:17, 18). ღვთის მსახურები არიან წმინდები და ბედნიერები, ვინაიდან ირეკლავენ თავიანთი ხელმძღვანელის, იეჰოვას თვისებებს (ლევ. 11:44; 1 ტიმ. 1:11).
8. რატომ უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ძველი ისრაელების მიერ შეწირულ მსხვერპლს წმინდად თვლიდა?
8 შესაწირავები, რომლებსაც ისრაელები იეჰოვას სწირავდნენ, წმინდად ითვლებოდა (ლევ. 6:25; 7:1). ებრაული სიტყვა, რომელიც ქართულად „წმინდად“ ითარგმნა, გამოყოფილის, განსაკუთრებულისა და ღვთისთვის განწმენდილის აზრის მატარებელია. ჩვენი შესაწირავები იეჰოვამ რომ მოიწონოს, წაუბილწავი და ქვეყნიერებიდან „გამოყოფილი“ უნდა ვიყოთ. არ უნდა გვიყვარდეს ის, რაც იეჰოვას სძულს (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:15—17 ). ეს ნიშნავს, მოვერიდოთ ნებისმიერ ურთიერთობას ან ისეთ საქმეებში მონაწილეობას, რომლებიც ღვთის თვალში გაგვაუწმინდურებდა (ეს. 2:4; გამოცხ. 18:4). ეს აგრეთვე ნიშნავს, არ ვუყუროთ იმას, რაც უწმინდური თუ ამორალურია და არ ვიფიქროთ მსგავს რამეზე (კოლ. 3:5, 6).
9. რამდენად მნიშვნელოვანია, თუ როგორ ექცევა ქრისტიანი სხვებს და რატომ?
9 პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებრ. 13:16). ასე რომ, ჩვენი კარგი საქციელი და სხვებისადმი სიკეთის გამოვლენა ის მსხვერპლია, რომელიც იეჰოვასთვის მისაღებია. ჭეშმარიტი ქრისტიანები სწორედ სხვებისადმი სიყვარულით გამოირჩევიან (იოან. 13:34, 35; კოლ. 1:10).
თაყვანისცემისას გაღებული მსხვერპლი
10, 11. როგორ უყურებს იეჰოვა ჩვენს ქრისტიანულ მსახურებასა და თაყვანისცემას და რა გავლენა უნდა იქონიოს ამან ჩვენზე?
10 ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რითაც ქრისტიანებს შეგვიძლია სხვებისთვის სიკეთის კეთება, „ჩვენი იმედის სახალხოდ გაცხადებაა“. იყენებთ ქადაგებისთვის ყველა შესაძლებლობას? პავლემ ამ მნიშვნელოვან ქრისტიანულ საქმიანობას უწოდა „ქების მსხვერპლი, ანუ ბაგეთა ნაყოფი, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის [ღვთის] სახელს“ (ებრ. 10:23; 13:15; ოს. 14:2). ბევრი რამის თქმა შეიძლება სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში დახარჯული დროის რაოდენობასა თუ ხარისხზე და ამ საკითხს სამსახურებრივი შეხვედრის არაერთი პუნქტი ეძღვნება. ვინაიდან სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა და არაფორმალურად ქადაგება „ქების მსხვერპლი“, ანუ თაყვანისმცემლობის ნაწილია, ეს მსხვერპლი შეძლებისდაგვარად საუკეთესო უნდა იყოს. ყველას მდგომარეობა განსხვავებულია, მაგრამ ის, თუ რამდენ დროს ვუთმობთ სასიხარულო ცნობის ქადაგებას, ხშირად ცხადყოფს, რამდენად ვაფასებთ სულიერ საკითხებს.
11 ქრისტიანები რეგულარულად სცემენ ღმერთს თაყვანს, იქნება ეს სახლში თუ კრებაში. ამას იეჰოვა მოითხოვს. მართალია, საჭირო აღარ არის შაბათის დაცვა ან იერუსალიმში დღესასწაულებზე სიარული, მაგრამ ამ კანონებიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ღმერთი დღესაც მოელის, რომ უსარგებლო საქმეებისგან გამოვითავისუფლებთ დროს ბიბლიის შესწავლისთვის, ლოცვისა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებისთვის. ქრისტიან ქმრებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, ჩაატარონ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო (1 თეს. 5:17; ებრ. 10:24, 25). ამიტომ კარგია, სულიერ საქმეებთან დაკავშირებით საკუთარ თავს ვკითხოთ: „შემიძლია უკეთ ვცე თაყვანი ღმერთს?“
12. ა) რას შეიძლება შევადაროთ ძველ ისრაელში თაყვანისცემის დროს საკმევლის გამოყენება? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს ლოცვების საკმეველთან შედარებამ ჩვენს ლოცვებზე?
12 მეფე დავითი იეჰოვას უმღეროდა: „საკმეველივით მომზადდეს ჩემი ლოცვა შენ წინაშე“ (ფსალმ. 141:2). წუთით დაფიქრდით თქვენს ლოცვებზე — რამდენად ხშირად და როგორ ლოცულობთ? წიგნ „გამოცხადებაში“ „წმინდათა ლოცვები“ საკმეველს არის შედარებული იმ გაგებით, რომ იეჰოვასთვის მისაღები ლოცვები მისთვის ტკბილი და სასიამოვნო სურნელივითაა (გამოცხ. 5:8). ძველ ისრაელში საკმეველი, რომელიც იეჰოვას სამსხვერპლოზე უნდა ეკმიათ, საგულდაგულოდ და ზედმიწევნით უნდა მოემზადებინათ. ამას იეჰოვა მხოლოდ მაშინ მიიღებდა, თუ ის მის მითითებების შესაბამისად იქნებოდა აღვლენილი (გამ. 30:34—37; ლევ. 10:1, 2). თუ მთელი გულით წარმოთქმული ჩვენი ლოცვებიც ასეთია, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ისინი იეჰოვასთვის მისაღებია.
გაცემა და მიღება
13, 14. ა) რა გააკეთეს ეპაფროდიტემ და ქალაქ ფილიპეს კრებამ პავლესთვის და, რა გრძნობა დაეუფლა მას? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ეპაფროდიტესა და ფილიპელებს?
13 მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად გაღებული მატერიალური შესაწირავი შეიძლება შევადაროთ მსხვერპლს, მიუხედავად იმისა, ბევრს გავცემთ თუ — ცოტას (მარ. 12:41—44). ახ. წ. პირველ საუკუნეში ქალაქ ფილიპეს კრებამ პავლეს მატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ეპაფროდიტე რომში გაგზავნა. მას, როგორც ჩანს, მოციქულთან კრების მიერ გაღებული ფულადი საჩუქარი მიჰქონდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფილიპელებმა პავლეს მიმართ ხელგაშლილობა გამოავლინეს. მათ სურდათ, მოციქული არ შეწუხებულიყო მატერიალურზე ზრუნვით, რომ მსახურებისთვის მეტი დრო დაეთმო. როგორ უყურებდა პავლე ამ საჩუქარს? მოციქულმა მას უწოდა „ტკბილი სურნელება, მოსაწონი მსხვერპლი, ღვთისთვის სასიამოვნო“ (წაიკითხეთ ფილიპელების 4:15—19 ). პავლე ნამდვილად აფასებდა ფილიპელების მიერ გამოვლენილ ამ სიკეთეს. ამას იეჰოვაც აფასებდა.
14 მსგავსად ამისა, იეჰოვა დღესაც ძალიან აფასებს ჩვენ მიერ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებულ შესაწირავებს. გარდა ამისა, ის გვპირდება, რომ, თუ განვაგრძობთ სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას, ის იზრუნებს ყველა ჩვენს მოთხოვნილებაზე, იქნება ეს სულიერი თუ ფიზიკური (მათ. 6:33; ლუკ. 6:38).
გამოავლინეთ მადლიერება
15. რატომ უნდა ვიყოთ იეჰოვას მადლიერნი?
15 დიდ დროს წაიღებდა იმ მიზეზების ჩამოთვლა, რომელთა გამოც შეგვიძლია იეჰოვას მადლიერნი ვიყოთ. განა ყოველდღე არ უნდა ვუთხრათ მადლობა იეჰოვას იმისათვის, რომ სიცოცხლე გვაჩუქა? ღმერთმა უზრუნველგვყო ყველაფრით, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია — საკვებით, ტანსაცმლით, თავშესაფრითა და ჰაერით. გარდა ამისა, საფუძვლიან ცოდნაზე დაფუძნებული რწმენა იმედს გვინერგავს. თუ მხედველობაში მივიღებთ, ვინ არის იეჰოვა და რა გააკეთა ჩვენთვის, აღძრული ვიქნებით, თაყვანი ვცეთ და ქების მსხვერპლი შევწიროთ მას (წაიკითხეთ გამოცხადების 4:11 ).
16. როგორ ვავლენთ ქრისტეს მსხვერპლისთვის მადლიერებას?
16 როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ღმერთმა კაცობრიობისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი ძღვენი გაიღო — ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად საკუთარი ძე შემოგვწირა. ეს ღვთის სიყვარულის საოცარი გამოვლინებაა (1 იოან. 4:10). როგორ ცხადვყოფთ რომ ვაფასებთ ამ ძღვენს? პავლემ დაწერა: „ჩვენ იმ სიყვარულით ვართ აღძრულნი, რომელიც ქრისტეს აქვს, რადგან ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის . . . ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორ. 5:14, 15). ფაქტობრივად, პავლემ თქვა, რომ, თუ ღვთის წყალობას ვაფასებთ, ჩვენს სიცოცხლეს ღვთისა და მისი ძის განსადიდებლად გამოვიყენებთ. ღვთისა და ქრისტეს მიმართ სიყვარული და მადლიერება შეგვიძლია მორჩილებით, ქადაგებითა და მოწაფეების მომზადებით გამოვავლინოთ (1 ტიმ. 2:3, 4; 1 იოან. 5:3).
17, 18. როგორ სწირავს ზოგი ქრისტიანი იეჰოვას უფრო მეტ ქების მსხვერპლს? მოიყვანეთ მაგალითი.
17 შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ღვთისადმი აღვლენილი ქების მსხვერპლი? მას შემდეგ, რაც მრავალი დაფიქრდა იეჰოვას მიერ მათდამი გამოვლენილ სიკეთეზე, გადაწყვიტეს, მოეხდინათ ცვლილებები, რათა მეტი მონაწილეობა მიეღოთ სამეფოს შესახებ ქადაგებასა თუ სხვა თეოკრატიულ საქმიანობაში. ზოგმა შეძლო, რომ წელიწადში ერთი ან მეტი თვე დამხმარე პიონერად ემსახურა, სხვებმა კი პიონერად დაიწყეს მსახურება. ზოგი სამეფო დარბაზების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას. განა ეს მადლიერების გამოვლენა არ არის? თუ ყოველივე ამას სწორი მოტივებით, მადლიერებით აღძრულნი, ვაკეთებთ, ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლი ღვთისთვის მისაღები იქნება.
18 იეჰოვასადმი მადლიერების გამოვლენის სურვილი მრავალ ქრისტიანს გაუჩნდა. მათ შორის ერთ-ერთია მორენა, რომელიც ერთ დროს კათოლიკე იყო. ის თავის კითხვებზე პასუხს კათოლიკურ რელიგიასა და აზიურ ფილოსოფიაში ეძებდა. მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ იპოვა. მხოლოდ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დაწყების შემდეგ შეძლო სულიერი წყურვილის დაკმაყოფილება. მორენამ ბიბლიიდან პასუხები მიიღო, რამაც მის ცხოვრებას აზრი შესძინა. მადლიერებით აღძრულმა გადაწყვიტა, იეჰოვას მსახურებაში ძალ-ღონე არ დაეშურა. ნათლობის შემდეგ მაშინვე დაიწყო რეგულარულად დამხმარე პიონერად მსახურება და, როგორც კი საშუალება მიეცა, პიონერი გახდა. ეს მოხდა 30 წლის წინათ და მორენა დღემდე სრული დროით მსახურობს.
19. როგორ შევწიროთ იეჰოვას მეტი შესაწირავი?
19 რა თქმა უნდა, იეჰოვას ბევრ ერთგულ მსახურს მდგომარეობა ნებას არ რთავს, პიონერად იმსახუროს. მაგრამ ჩვენი მდგომარეობის მიუხედავად, ყველას შეგვიძლია იეჰოვასთვის მისაღები სულიერი მსხვერპლის შეწირვა. ჩვენი საქციელი იეჰოვას სამართლიან პრინციპებს ირეკლავს და ყოველთვის გვახსოვს, რომ მისი წარმომადგენლები ვართ. გვწამს და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ღვთის განზრახვები შესრულდება. ვართ კარგი საქმეებით დაკავებული — ვმონაწილეობთ სასიხარულო ცნობის გავრცელებაში. იეჰოვას მიერ ჩვენთვის გაკეთებული სიკეთისთვის გულში მოჭარბებული მადლიერების გრძნობამ დაე, აღგვძრას, რომ განვაგრძოთ იეჰოვასთვის სულითა და გულით შესაწირავების გაღება!
[ჩანართი 25 გვერდზე]
აღგძრავთ იეჰოვას სიკეთე, რომ გააუმჯობესოთ ქების მსხვერპლი?
[სურათი 23 გვერდზე]
იყენებთ ქადაგების ნებისმიერ შესაძლებლობას?