საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პირველი სამი სასჯელი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • მოსე და აარონი ფარაონის წინაშე

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 19

      პირველი სამი სასჯელი

      ეგვიპტეში ისრაელებს მონებად ამუშავებდნენ. იეჰოვამ მოსე და აარონი გაგზავნა ფარაონთან, რომ მისთვის ეთქვათ: გაათავისუფლე ჩემი ხალხი, რომ წავიდნენ და თაყვანი მცენ უდაბნოში! ფარაონმა ამაყად უპასუხა მათ: არ მაინტერესებს, რას ამბობს იეჰოვა და არც ისრაელებს გავათავისუფლებ! ამის შემდეგ ფარაონმა უფრო გაურთულა სამუშაო ისრაელებს. დადგა დრო, იეჰოვას ჭკუა ესწავლებინა ჯიუტი ფარაონისთვის. იცი, რა გააკეთა მან? ეგვიპტეს ათი სასჯელი დაატეხა. იეჰოვამ ასეთი რამ უთხრა მოსეს: ფარაონი ჩემს სიტყვებს არაფრად აგდებს. ხვალ დილით ის ნილოსის ნაპირზე გამოვა. მიდი და უთხარი, ჩემი ხალხი რომ არ გაათავისუფლე, მდინარე ნილოსი მთლიანად სისხლად გადაიქცევა. მოსე ისე მოიქცა, როგორც ღმერთმა უთხრა. ფარაონმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ დაჰკრა აარონმა თავისი ჯოხი ნილოსს და როგორ გადაიქცა მდინარე სისხლად. მთელი ნილოსი აყროლდა, თევზები დაიხოცნენ, ნილოსიდან წყალს ვეღარავინ სვამდა. მაგრამ ფარაონმა მაინც არ გაათავისუფლა ისრაელები მონობიდან.

      შვიდი დღის შემდეგ იეჰოვამ ისევ გაგზავნა მოსე ფარაონთან და შეუთვალა: თუ არ გაათავისუფლებ ისრაელებს, მთელი ეგვიპტე ბაყაყებით აივსება. ფარაონი კვლავ გაჯიუტდა. აარონმა ჯოხი მაღლა აღმართა და დაიწყო ბაყაყების შემოსევა. ბაყაყები იყო ყველგან – სახლებში, ლოგინებში, ჭურჭელში. ფარაონი შეეხვეწა მოსეს: სთხოვე იეჰოვას, მოგვაშოროს ბაყაყები და გავუშვებ ისრაელებს. იეჰოვამ შეაჩერა მათი შემოსევა. ეგვიპტელებმა მკვდარი ბაყაყები გროვებად დაახვავეს. მთელი ქვეყანა აყროლდა, მაგრამ ფარაონმა მაინც არ გაათავისუფლა ისრაელები.

      იეჰოვამ მოსეს უთხრა: დაჰკრას აარონმა მიწას ჯოხი და მტვერი ქინქლად, პატარა მკბენარა მწერებად გადაიქცევა. მაშინვე მთელ არემარეს ქინქლა მოედო. ამის დანახვაზე ფარაონს თავისმა მსახურებმა უთხრეს: ეს სასჯელი ნამდვილად ღვთისგან არის. მაგრამ ფარაონმა მაინც არ გაუშვა ისრაელები.

      ათიდან სამი სასჯელი: მდინარე ნილოსის სისხლად გადაქცევა, ბაყაყების შემოსევა და ქინქლების შემოსევა

      „ვუჩვენებ ჩემს ძალასა და ძლევამოსილებას, და აღიარებენ, რომ იეჰოვაა ჩემი სახელი“ (იერემია 16:21).

      კითხვები: რომელი იყო პირველი სამი სასჯელი? რატომ დაატეხა ეგვიპტელებს იეჰოვამ ეს სასჯელები?

      გამოსვლა 5:1–18; 7:8–8:19; ნეემია 9:9, 10

  • შემდეგი ექვსი სასჯელი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • კალიების შემოსევა

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 20

      შემდეგი ექვსი სასჯელი

      მოსე და აარონი მივიდნენ ფარაონთან და ღვთის სიტყვა გადასცეს: გაათავისუფლე ჩემი ხალხი, თორემ მთელ შენს ქვეყანას ბუზანკალს დავასევ. მთელ ეგვიპტეს ბუზანკალი მოედო. ბუზანკალი იყო ყველგან – მდიდრის სახლშიც და ღარიბის სახლშიც. მაგრამ გოშენის მხარეში, სადაც ისრაელები ცხოვრობდნენ, ერთი ბუზანკალიც კი არ დაფრინავდა. ამ მეოთხე სასჯელიდან დაწყებული დანარჩენი სასჯელები მხოლოდ ეგვიპტელებს დაატყდათ თავს. ფარაონმა სთხოვა მოსეს: შეევედრე იეჰოვას, მოგვაშოროს ბუზანკალი და გავუშვებ შენს ხალხს. მაგრამ, როცა იეჰოვამ ეგვიპტეში ბუზანკალი მოსპო, ფარაონმა აზრი შეიცვალა. ისწავლიდა ფარაონი ოდესმე ჭკუას?

      იეჰოვამ თქვა: თუ ფარაონი არ გაუშვებს ჩემს ხალხს, მთელ ეგვიპტეში ცხოველებს ჭირი შეეყრება და დაიხოცებიან. მართლაც, მეორე დღიდანვე ეგვიპტელებს ცხოველები ეხოცებოდათ, მაგრამ ებრაელების ცხოველებს არაფერი დამართნიათ. ფარაონი ისევ გაჯიუტდა და უარი თქვა ებრაელი მონების გათავისუფლებაზე.

      შემდეგ იეჰოვამ უთხრა მოსეს, დაბრუნებულიყო ფარაონთან და მის თვალწინ ნაცარი ჰაერში აეფრქვია. ნაცარი მტვრად გადაიქცა და მთელ ეგვიპტეს მოეფინა. ამის გამო ეგვიპტელებსა და მათ ცხოველებს სხეულზე მტკივნეული გამონაყარი გამოუვიდათ. ამ ყველაფრის შემდეგაც კი არ გაუშვა ფარაონმა ისრაელები.

      მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სასჯელები: ბუზანკლები, საქონლის ჭირი, გამონაყარი

      კვლავ გაგზავნა იეჰოვამ მოსე ფარაონთან, რომ ეთქვა: კიდევ არ უშვებ ჩემს ხალხს? ხვალ სეტყვა წამოვა ეგვიპტეში. მეორე დღეს მართლა სეტყვა, ძლიერი ჭექა-ქუხილი და ცეცხლი დაატეხა ღმერთმა ეგვიპტეს. ასეთი საშინელი სეტყვა მანამდე იქ არასდროს ყოფილა. განადგურდა მთელი მოსავალი და ყველანაირი მცენარე. მაგრამ გოშენის მიწაზე სეტყვის ერთი მარცვალიც კი არ ჩამოვარდნილა. ფარაონმა უთხრა მოსეს: შეეხვეწე იეჰოვას, შეწყვიტოს სეტყვა, მერე კი გაგიშვებთ. მაგრამ შეწყდა თუ არა სეტყვა, ფარაონმა ისევ შეიცვალა აზრი.

      მოსემ უთხრა ფარაონს: კალიები შემოგესევათ და გადაჭამენ ყველა მცენარეს, რაც სეტყვას გადაურჩა. მილიონობით კალია მოედო ეგვიპტის მიწას და გადაჭამა ყველაფერი, რაც კი დარჩენილი იყო მინდვრებსა თუ ხეებზე. ფარაონი კიდევ ერთხელ შეეხვეწა მოსეს: სთხოვე იეჰოვას, მოგვაშოროს კალიები. იეჰოვამ მოაშორა კალიები, მაგრამ ფარაონმა მაინც არ შეასრულა თავისი სიტყვა.

      იეჰოვამ კვლავ უთხრა მოსეს: ასწიე ხელი ცისკენ. მაშინვე სრული სიბნელე ჩამოწვა ეგვიპტეში. სამი დღე ეგვიპტელები ვერაფერს ხედავდნენ. ისრაელებს ეს სასჯელიც არ შეხებიათ.

      მეშვიდე, მერვე და მეცხრე სასჯელები: სეტყვა, კალიები, სიბნელე

      ფარაონმა უთხრა მოსეს: შენ და შენს ხალხს გაგიშვებთ, ოღონდ ცხვარ-ძროხა აქ დატოვეთ. მოსემ მიუგო: ცხვარ-ძროხაც უნდა წავიყვანოთ, რადგან შესაწირავი მათგან უნდა ამოვარჩიოთ ჩვენი ღვთისთვის. გაბრაზებულმა ფარაონმა მოსეს დაუყვირა: გაეთრიე აქედან! იცოდე, ერთხელ კიდევ რომ გნახო, მოგკლავ!

      „კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და ბოროტს შორის, ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“ (მალაქია 3:18).

      კითხვები: კიდევ რომელი სასჯელები დაატეხა იეჰოვამ ეგვიპტეს? რით განსხვავდებოდა ისინი პირველი სამი სასჯელისგან?

      გამოსვლა 8:20–10:29

  • მეათე სასჯელი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • ებრაელი კაცი სისხლს უსვამს კარისთავს.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 21

      მეათე სასჯელი

      მოსემ უთხრა ფარაონს, რომ აღარასოდეს ნახავდა მას, მაგრამ წასვლის წინ გააფრთხილა: შუაღამისას მოკვდება ყველა პირმშო ეგვიპტეში – ფარაონის ვაჟით დაწყებული, მსახურის ვაჟით დამთავრებული.

      იეჰოვამ ისრაელებს განსაკუთრებული კერძის მომზადება დაავალა. ღმერთმა მათ უთხრა: დაკალით ერთი წლის მამალი ცხვარი ან თხა და მისი სისხლი თქვენი სახლების კარისთავებს წაუსვით. შეწვით ხორცი და ჭამეთ უფუარ პურთან ერთად. ჩაიცვით სანდლები და მზად იყავით წასასვლელად. ამაღამ გაგათავისუფლებთ მონობიდან. წარმოგიდგენია, როგორ გაუხარდებოდათ ისრაელებს ამის მოსმენა?!

      იმ ღამით იეჰოვას ანგელოზმა ჩამოუარა ყველა ეგვიპტელის სახლს და მოკვდა პირმშო ყველა იმ სახლში, რომლის კარისთავსაც სისხლი არ ჰქონდა წასმული. ანგელოზმა გვერდი აუარა იმ სახლებს, რომელთა კარებსაც სისხლი ესვა. მოკვდა ეგვიპტელთა ყველა პირმშო, მდიდრისაც და ღარიბისაც, მაგრამ ისრაელების შვილებს არაფერი დაშავებიათ.

      ფარაონსაც მოუკვდა ვაჟი, რამაც ის საბოლოოდ გატეხა. მან დაუყოვნებლივ მოუხმო მოსესა და აარონს და უთხრა: წადით, მოშორდით აქედან! ემსახურეთ თქვენს ღმერთს, წაიყვანეთ თქვენი ცხვარ-ძროხა და გაეცალეთ აქაურობას!

      იმ ღამით სავსე მთვარე იყო. დაიძრნენ ისრაელები ეგვიპტიდან და გამოვიდნენ თავიანთი ოჯახებისა და საგვარეულოების მიხედვით. მხოლოდ კაცების რიცხვი ექვსასი ათასი იყო; ქალები და ბავშვებიც ძალიან ბევრნი იყვნენ. მათ თან გაჰყვა მრავალი უცხო ხალხიც, იეჰოვასთვის რომ ეცათ თაყვანი. როგორც იქნა, ისრაელები მონობიდან გათავისუფლდნენ!

      ისრაელებს რომ არ დავიწყებოდათ, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ ისინი, ყოველ წელს უნდა მოემზადებინათ ეს განსაკუთრებული ვახშამი, რომელსაც პასექი ეწოდა.

      ისრაელები გამოდიან ეგვიპტიდან.

      „იმიტომ დაგტოვე ცოცხალი, რომ გაჩვენო ჩემი ძალა და მთელ დედამიწას ეუწყოს ჩემი სახელი“ (რომაელები 9:17).

      კითხვები: რა იყო მეათე სასჯელი? როგორ უნდა დაეცვათ ისრაელებს თავი ბოლო სასჯელისგან?

      გამოსვლა 11:1–12:42; 13:3–10

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება