საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ერეოდა თავად იესო პოლიტიკაში?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მაისი
    • ერეოდა თავად იესო პოლიტიკაში?

      სახარებების დამწერებმა იესოს მსახურებიდან რამდენიმე შემთხვევა მოიხსენიეს, საიდანაც გამოჩნდა, რომ ხალხმა არაერთხელ სცადა, იესო პოლიტიკაში ჩაებათ. მაგალითად, მას შემდეგ, რაც 30 წლის იესო მოინათლა, ეშმაკმა მას შესთავაზა, გამხდარიყო მთელი მსოფლიოს მმართველი. მოგვიანებით ხალხმა მოისურვა მისი გამეფება. ცოტა ხნის შემდეგ კი მორიგი მცდელობა ჰქონდათ, რომ იესო პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაებათ. როგორ მოიქცა იესო? მოდი, ახლა დაწვრილებით ვისაუბროთ თითოეულ ამ შემთხვევაზე.

      მთელი მსოფლიოს მმართველი. როგორც სახარებებიდან ვიგებთ, ეშმაკმა იესოს შესთავაზა, „მსოფლიოს ყველა სამეფოს“ მმართველი გამხდარიყო. წარმოიდგინეთ, რამხელა სიკეთის გაკეთებას შეძლებდა იესო გაწამებული ხალხისთვის, მთელი მსოფლიოს მმართველი რომ გამხდარიყო! ხალხის კეთილდღეობით დაინტერესებული რომელი პოლიტიკოსი იტყოდა უარს ასეთ შემოთავაზებაზე?! იესომ ამ წინადადებაზე ცივი უარი განაცხადა (მათე 4:8—11).

      მეფე. იესოს თანამედროვეთაგან ბევრი ნატრობდა ისეთ მმართველს, რომელიც სიდუხჭირისგანაც იხსნიდა მათ და რომის მონური უღლისგანაც გაათავისუფლებდა. ხალხი მოხიბლული იყო იესოს განსაკუთრებული უნარით და ამიტომაც სურდათ მისი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმა. რას ფიქრობდა თავად იესო ამაზე? სახარების დამწერი იოანე ამბობს: „იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი მისვლას აპირებდნენ მის შესაპყრობად და გასამეფებლად, კვლავ განმარტოვდა მთაზე“ (იოანე 6:10—15). აშკარაა, რომ იესო უარს ამბობდა პოლიტიკაში ჩაბმაზე.

      პოლიტიკური აქტივისტი. ყურადღება მიაქციეთ, რა მოხდა იესოს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე. ფარისეველთა მოწაფეები, რომელთაც სურდათ რომის უღლის გადაგდება, და ჰეროდეს მომხრეები, რომლებიც რომის იმპერიას უჭერდნენ მხარს, იესოსთან მივიდნენ. მათ უნდოდათ, იესოს თავისი პოლიტიკური პოზიცია დაეფიქსირებინა. მათ ჰკითხეს, უნდა გადაეხადათ თუ არა იუდეველებს რომისთვის გადასახადები.

      მარკოზმა თავის სახარებაში დაწერა, თუ რა პასუხის გასცა იესომ მათ: «„რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი“. მათაც მიუტანეს. მან ჰკითხა: „ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“ „კეისრისა“, — უპასუხეს მათ. მაშინ იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“» (მარკოზი 12:13—17). ერთი წიგნი იესოს პასუხის თაობაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს: „იესომ უარი განაცხადა, რომ პოლიტიკური მესია ყოფილიყო. მან ცალსახად გამიჯნა კეისრისა და ღვთის მსახურება“ (Church and State—The Story of Two Kingdoms).

      იესო გულგრილად ვერ უყურებდა იმას, რომ იუდეველებს უწევდათ ისეთ პრობლემებთან ჭიდილი, როგორიც იყო სიღარიბე, მოქრთამვა და უსამართლობა. ბიბლიიდან ჩანს, რომ იესოს გული ეწვოდა, როცა თავის გარშემო გაწამებულ ხალხს ხედავდა (მარკოზი 6:33, 34). მაგრამ იმ დროს იესოს უსამართლობის წინააღმდეგ არ გაულაშქრია მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობდა მის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმას.

      ამ შემთხვევებიდან აშკარად დავინახეთ, რომ იესო არ ერეოდა პოლიტიკაში. რა შეიძლება ითქვას დღევანდელ ქრისტიანებზე? როგორ უნდა იქცეოდნენ ისინი?

  • რა პოზიცია უნდა დაიკავონ დღეს ქრისტიანებმა?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მაისი
    • რა პოზიცია უნდა დაიკავონ დღეს ქრისტიანებმა?

      ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ერევიან პოლიტიკაში. ისინი იესოს მაგალითს მიჰყვებიან. იესომ საკუთარ თავზე თქვა: „მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“. თავის მიმდევრებს კი უთხრა: „ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ“ (იოანე 15:19; 17:14). ახლა განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ერეოდნენ ქრისტიანები პოლიტიკაში.

      1. ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ადამიანს არც უნარი აქვს და არც უფლება, რომ საკუთარი თავი მართოს. „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“, — დაწერა წინასწარმეტყველმა იერემიამ (იერემია 10:23).

      როგორც ფრენის უნარით არ იყო შექმნილი ადამიანი, ისე არც იმის უნარით იყო შექმნილი, რომ ემმართველა. ისტორიკოსმა დეივიდ ფრომკინმა ადამიანური ხელისუფლებების შეზღუდულ შესაძლებლობებზე საუბრისას, შემდეგი სიტყვები თქვა: „ხელისუფლების სათავეში ადამიანები არიან. ამიტომ, მთავრობები დაზღვეული არ არიან შეცდომებისგან და წინასწარ არაფრის განჭვრეტა არ შეუძლიათ. მართალია, მათ აქვთ გარკვეული ძალაუფლება, მაგრამ მათი ძალაუფლება შეზღუდულია“ (The Question of Government). გასაკვირი არ არის, რომ ბიბლია გვაფრთხილებს, ადამიანებზე არ ვიყოთ დაიმედებული (ფსალმუნი 146:3).

      2. მათზე ბოროტი სულიერი ძალები ახდენენ გავლენას. როდესაც სატანამ იესოს შესთავაზა, მთელი მსოფლიოს მმართველი გამხდარიყო, მას არ უარუყვია ის ფაქტი, რომ სატანას მართლაც შეეძლო მთელი მსოფლიოს სამეფოების შეთავაზება. მოგვიანებით, იესომ სატანას „ქვეყნიერების მმართველიც“ კი უწოდა. რამდენიმე წლის შემდეგ პავლე მოციქულმა სატანა „ამ ქვეყნიერების ღმერთად“ მოიხსენია (იოანე 14:30; 2 კორინთელები 4:4). პავლემ თანაქრისტიანებს მისწერა: „ვიბრძვით . . . ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფესოელები 6:12). ადამიანები ვერც კი წარმოიდგენენ, რომ სინამდვილეში ბოროტი სულიერი ძალები მართავენ მთელ მსოფლიოს. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს პოლიტიკის მიმართ, თუ მხედველობაში მივიღებთ ამ ფაქტს?

      როგორც ზღვის მღელვარე ტალღები ათამაშებს ნავს, ისე ბოროტი სულიერი ძალები მარიონეტებივით ათამაშებენ მიწიერ მმართველებს. როგორც მეზღვაურები ბევრს ვერაფერს ხდებიან ზვირთებთან, ისე პოლიტიკოსები არიან უძლურნი ბოროტი სულიერი ძალების წინაშე. მათი მიზანია, უკიდურესად გარყვნან ადამიანები და დედამიწას უბედურება დაატეხონ თავს (გამოცხადება 12:12). აქედან გამომდინარე, ძირეული ცვლილებების მოხდენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც სატანასა და მის დემონებზე გაცილებით ძლიერია. ეს პიროვნება კი იეჰოვა ღმერთია (ფსალმუნი 83:18; იერემია 10:7, 10).

      3. ჭეშმარიტი ქრისტიანები სრულ ერთგულებას მხოლოდ ღვთის სამეფოს უცხადებენ. იესომ და მისმა მოწაფეებმა იცოდნენ, რომ იეჰოვა ღმერთი დანიშნულ დროს ზეცაში შექმნიდა მთავრობას, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებდა. ბიბლია ამ მთავრობას ღვთის სამეფოს უწოდებს, რომლის მეფედაც ღმერთმა იესო ქრისტე დანიშნა (გამოცხადება 11:15). ვინაიდან ეს სამეფო ყველა ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, სწორედ ამიტომ იყო „სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ“ იესოს სწავლების დედაარსი (ლუკა 4:43). ის აგრეთვე ასწავლიდა თავის მოწაფეებს, ასე ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო“. იესოს მოწაფეებს იმიტომ უნდა ელოცათ სამეფოზე, რომ სწორედ მისი მეშვეობით შესრულდებოდა ღვთის ნება ზეცაში და დედამიწაზე (მათე 6:9, 10).

      რა ბედი ეწევათ ადამიანურ მთავრობებს? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „მთელი მსოფლიოს“ მთავრობები განადგურდება (გამოცხადება 16:14; 19:19—21). თუ ადამიანს სჯერა, რომ ღვთის სამეფო მიწიერ მთავრობებს ბოლოს მოუღებს, ლოგიკურია, რომ ის აღარ ჩაერევა პოლიტიკაში და აღარც რომელიმე ადამიანური მთავრობის მხარეს დაიკავებს. და თუ მაინც ვინმეს მხარეს დაიკავებს, ეს ღვთის წინააღმდეგ წასვლის ტოლფასი იქნება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება