-
სახელგატეხილი მეძავის გასამართლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
4. ა) როგორ მეძაობდა ძველი ისრაელი? ბ) როგორ მეძაობს „დიდი ბაბილონი“?
4 ბაბილონმა (რაც „არევ-დარევას“ ნიშნავს) დიდების მწვერვალს ნაბუქოდონოსორის მეფობის დროს მიაღწია. ბაბილონი იყო რელიგიურ-პოლიტიკური სახელმწიფო, სადაც ათასზე მეტი ტაძარი და სამლოცველო იდგა. ქურუმები დიდი ძალაუფლებით სარგებლობდნენ. მართალია, ბაბილონმა, როგორც მსოფლიო მპყრობელმა, დიდი ხნის წინათ შეწყვიტა არსებობა, მაგრამ დიდი ბაბილონი, როგორც რელიგიური სამყარო, დღემდე არსებობს და თავისი წინამორბედის მსგავსად კვლავაც ცდილობს, გავლენა იქონიოს პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. იწონებს ღმერთი რელიგიის ჩარევას პოლიტიკაში? ებრაულ წერილებში ისრაელს მეძავი ეწოდებოდა მაშინ, როცა ის ცრუ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობდა და სხვა ერებთან ამყარებდა კავშირს, ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას მინდობოდა (იერემია 3:6, 8, 9; ეზეკიელი 16:28—30). „დიდი ბაბილონიც“ მეძაობს. ის არაფერს ერიდება, ოღონდ გავლენა მოახდინოს და იბატონოს დედამიწის მეფეებზე (1 ტიმოთე 4:1).
5. ა) რა უყვარს სამღვდელოებას? ბ) რატომ ეწინააღმდეგება პოპულარობისკენ სწრაფვა იესო ქრისტეს სიტყვებს?
5 დღეს რელიგიური წინამძღოლები მიზანმიმართულად ისწრაფვიან მაღალი თანამდებობის დასაკავებლად; ზოგიერთი ქვეყნის მთავრობაში მათ არცთუ ისე უმნიშვნელო თანამდებობები უკავიათ. 1988 წელს ორი ცნობილი პროტესტანტი მღვდელი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდა. „დიდი ბაბილონის“ წინამძღოლებს ყურადღების ცენტრში უყვართ ყოფნა. პრესაში ხშირად ჩნდება ცნობილ პოლიტიკოსებთან ერთად გადაღებული მათი სურათები. იესო უარს აცხადებდა პოლიტიკაში მონაწილეობაზე; მან თავის მოწაფეებზე თქვა: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 6:15; 17:16; მათე 4:8—10; იხილეთ აგრეთვე იაკობის 4:4).
თანამედროვე „მეძაობა“
6, 7. ა) როგორ ჩაიგდო ძალაუფლება ხელში ჰიტლერის ნაცისტურმა პარტიამ? ბ) როგორ დაეხმარა ჰიტლერს ვატიკანსა და ნაცისტურ გერმანიას შორის დადებული კონკორდატი მსოფლიო ბატონობისკენ სწრაფვაში?
6 პოლიტიკაში ჩარევით დიდმა მეძავმა ენით აუწერელი ტკივილი მიაყენა კაცობრიობას. მაგალითად, განვიხილოთ ის ფაქტები, რომლებიც გერმანიის სათავეში ჰიტლერის მოსვლას უკავშირდება. ბევრი სიამოვნებით ამოშლიდა ამ ფაქტებს ისტორიის ფურცლებიდან. 1924 წლის მაისში ნაცისტურ პარტიას გერმანიის პარლამენტში 32 ადგილი ჰქონდა, 1928 წლის მაისისთვის ამ ადგილების რაოდენობა 12-მდე შემცირდა. 1930 წელს, როცა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, ნაცისტურმა პარტიამ ამით ისარგებლა და ძალები მოიკრიბა. გერმანიაში 1932 წლის ივლისში ჩატარებულ არჩევნებში ნაცისტებმა 608 ადგილიდან 230 ადგილი მოიპოვეს. ამის შემდეგ ფაშისტებს მხარში ამოუდგა ყოფილი კანცლერი, პაპის რაინდის ორდენოსანი ფრანც ფონ პაპენი. ისტორიკოსების აზრით, ფონ პაპენი ახალი წმინდა რომის იმპერიის გამოჩენას ელოდა. მისი კანცლერობის ხანმოკლე პერიოდი წარუმატებელი იყო, და იმის იმედი ჰქონდა, რომ ძალაუფლებას ნაცისტების დახმარებით ჩაიგდებდა ხელში. 1933 წლის იანვრისთვის მისი წყალობით ჰიტლერმა სამრეწველო მაგნატების მხარდაჭერა მოიპოვა. მან ჰიტლერს ბინძური ინტრიგებით მოუმართა ხელი, რათა ის 1933 წლის 30 იანვარს გერმანიის კანცლერი გამხდარიყო. თვითონ ვიცე-კანცლერი გახდა და ჰიტლერმა ის გერმანელი კათოლიკების მხარდაჭერის მოსაპოვებლად გამოიყენა. ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან ორ თვეში ჰიტლერმა პარლამენტი დაშალა, ოპოზიციის ათასობით ლიდერი საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნა და დაუფარავად დაიწყო ებრაელების დევნა.
7 ვატიკანის დაინტერესება ნაციზმით, რომელიც ძალას იკრებდა, აშკარად გამოჩნდა 1933 წლის 20 ივლისს, როცა კარდინალმა პაჩელიმ (მოგვიანებით პაპი პიუს XII) რომში ხელი მოაწერა ვატიკანსა და ნაცისტურ გერმანიას შორის დადებულ კონკორდატს. ფონ პაპენმა, როგორც ჰიტლერის წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა დოკუმენტს და პაჩელიმ მას პაპის მიერ დაწესებული უდიდესი წარჩინების ნიშანი ანუ პიუსის ორდენის დიდი ჯვარი გადასცაb. თავის წიგნში ტიბორ კოევესმა ამის შესახებ დაწერა: „ეს კონკორდატი დიდი გამარჯვება იყო ჰიტლერისთვის. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მან მორალური მხარდაჭერა მიიღო გერმანიის ფარგლებს გარეთ და თანაც ასეთი ძლიერი ძალისგან“ („Satan in Top Hat“). კონკორდატი ვატიკანისგან მოითხოვდა, რომ უარი ეთქვა გერმანიის ცენტრალური კათოლიკური პარტიის მხარდაჭერაზე, ამგვარად, ის აღიარებდა ჰიტლერის „ერთიან სახელმწიფოს“, სადაც მხოლოდ ერთი პარტია იქნებოდაc. კონკორდატის მე-14 სტატიაში ნათქვამი იყო: „არქიეპისკოპოსები, ეპისკოპოსები და სხვა სასულიერო პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნებიან, თუ რაიხის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი დარწმუნდება, რომ კანდიდატი პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის საეჭვო პირი“. 1933 წლის დასასრულისთვის (პაპმა პიუს XI-მ ეს წელი წმინდა წლად გამოაცხადა) ვატიკანის მხარდაჭერა ჰიტლერისთვის მსოფლიო ბატონობისკენ სწრაფვის მთავარი საფუძველი აღმოჩნდა.
8, 9. ა) როგორ შეხვდა ვატიკანი და კათოლიკური ეკლესია სამღვდელოებასთან ერთად ნაცისტურ ტირანიას? ბ) რა განაცხადეს გერმანელმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში? გ) რა გამოიწვია რელიგიისა და პოლიტიკის ურთიერთობამ?
8 თუ არ ჩავთვლით მღვდლებისა და მონაზვნების მცირე ჯგუფს, რომელიც ჰიტლერის სისასტიკის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა და იტანჯებოდა კიდეც, მთლიანობაში ვატიკანიცა და კათოლიკური ეკლესიაც თავის მრავალრიცხოვან სამღვდელოებასთან ერთად აქტიურად ან პასიურად მხარს უჭერდა ნაცისტურ ტირანიას, რასაც ისინი მსოფლიო კომუნიზმის შეჩერების ერთადერთ საშუალებად მიიჩნევდნენ. ვატიკანში მოკალათებული პაპი პიუს XII უკმაყოფილებას არ გამოთქვამდა ებრაელების გენოციდის, იეჰოვას მოწმეებისა თუ სხვების სასტიკი დევნის გამო. ამის გათვალისწინებით პარადოქსად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ 1987 წელს გერმანიაში ჩასულმა იოანე პავლე II-მ ღირსეულად მოიხსენია ერთი გულწრფელი მღვდელი, რომელიც არ დაეთანხმა ნაცისტურ პოლიტიკას. რას აკეთებდა ათასობით გერმანელი მღვდელი ჰიტლერის სასტიკი რეჟიმის დროს? ამ კითხვას პასუხობს 1939 წლის სექტემბერში, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანელი კათოლიკე ეპისკოპოსების მიერ დაწერილი წერილი: „ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენს კათოლიკე ჯარისკაცებს მოვუწოდებთ, რომ მოიხადონ თავიანთი ვალი, დაემორჩილონ ფიურერს და თავი მიუძღვნან მას. ჩვენ მოვუწოდებთ სამწყსოს, მხურვალედ ილოცონ, რომ ღვთის განგებით წარმატებული იყოს ეს ომი“.
9 კათოლიკების მიერ გამოყენებული ასეთი დიპლომატია კარგად აჩვენებს, როგორ მეძაობდა რელიგია ბოლო 4 000 წლის განმავლობაში, როცა ძალაუფლებისა და უპირატესობის მისაღებად „ეკეკლუცებოდა“ მთავრობას. რელიგიასა და პოლიტიკას შორის ასეთმა კავშირმა დიდად შეუწყო ხელი ომებს, დევნასა და უბედურებას. ადამიანებს სიხარულის დიდი მიზეზი აქვთ, რადგან მალე აღსრულდება იეჰოვას განაჩენი „დიდ მეძავზე“. დაე, მალე აღსრულდეს ის!
მრავალ წყალზე მჯდომი
10. რას წარმოადგენს „მრავალი წყალი“, რისი იმედიც „დიდ ბაბილონს“ აქვს, და რა ემართება ამ „წყლებს“?
10 ძველი ბაბილონი მრავალ წყალზე — მდინარე ევფრატსა და არაერთ არხზე — იყო გაშენებული. ეს წყლები იცავდა მას და მისი სიმდიდრის წყარო იყო, თუმცა ეს წყლები ერთ ღამეში დაშრა (იერემია 50:38; 51:9, 12, 13). „დიდ ბაბილონსაც“ იმის იმედი აქვს, რომ „მრავალი წყალი“ დაიცავს და გაამდიდრებს. ეს სიმბოლური წყლები არიან „ხალხები, ჯგუფები, ერები და ენები“, ანუ მილიარდობით ადამიანი, რომლებზეც ძალაუფლება აქვს „დიდ ბაბილონს“ და რომლებიც მატერიალურად უჭერენ მას მხარს. მაგრამ ეს წყლები შრება და ძველებურად მას აღარ უჭერენ მხარს (გამოცხადება 17:15; შეადარეთ ფსალმუნის 18:4; ესაიას 8:7).
11. ა) როგორ „ათრობდა“ დედამიწას ძველი ბაბილონი? ბ) როგორ „ათრობს“ მთელ დედამიწას „დიდი ბაბილონი“?
11 ძველ ბაბილონს ეწოდებოდა ოქროს თასი იეჰოვას ხელში, „მთელი დედამიწის დამათრობელი“ (იერემია 51:7). ძველი ბაბილონი ძალით ასმევდა მეზობელ ერებს იეჰოვას რისხვას, როცა იპყრობდა და მთვრალ კაცს ამსგავსებდა მათ. ამ გაგებით ის იარაღი იყო იეჰოვას ხელში. „დიდი ბაბილონიც“ დამპყრობელი იყო, რის შედეგადაც მსოფლიო მპყრობელი გახდა; ამ შემთხვევაში, ის არ არის იარაღი ღვთის ხელში. ის ემსახურება „დედამიწის მეფეებს“, რომლებთანაც, რელიგიური თვალსაზრისით მეძაობს. ის აამებს მეფეებს, რადგან თავისი ცრუ მოძღვრებებითა და წეს-ჩვეულებებით ადამიანთა უმეტესობას ანუ „დედამიწის მკვიდრებს“ მთვრალ კაცს ამსგავსებს და მმართველებს უმორჩილებს.
12. ა) როგორ გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში დიდ სისხლისღვრაში დამნაშავე „დიდი ბაბილონის“ ერთ-ერთი ნაწილი? ბ) როგორ იკლო იაპონიაში „დიდი ბაბილონის“ მხარდამჭერმა „წყლებმა“ და რა იყო ამის შედეგი?
12 სინტოისტური იაპონია ამის თვალსაჩინო მაგალითია. სინტოისტური პათოსით აღზრდილი ჯარისკაცისთვის უდიდესი პატივი იყო იმპერატორისთვის, უზენაესი სინტოისტური ღვთაებისთვის, თავის გაწირვა. მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით მილიონ-ნახევარი იაპონელი ჯარისკაცი დაიღუპა; უმეტესობას ტყვედ ჩაბარება ესირცხვილებოდა. იაპონიის დამარცხების შემდეგ იმპერატორ ჰიროჰიტოს თავის ღვთაებრიობაზე უარის თქმა მოუწია. ამის შედეგად „დიდი ბაბილონის“ სინტოისტური ნაწილის მხარდამჭერმა „წყლებმა“ საგრძნობლად იკლო. სამწუხაროდ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წყნარ ოკეანეში გაჩაღებული ომის დროს სინტოიზმმა ხელი შეუწყო სასტიკ სისხლის ღვრას. ბოლო წლებში სინტოიზმის მოსუსტების შედეგად 200 000-ზე მეტი იაპონელი, რომელთაგან უმეტესობა სინტოისტი და ბუდისტი იყო, უზენაესი უფლის, იეჰოვას მიძღვნილი და მონათლული მსახური გახდა.
მხეცზე მჯდომი მეძავი
13. რა გამაოგნებელ სურათს ხედავს იოანე, როცა ანგელოზს სულის ძალით უდაბნოში გადაჰყავს?
13 კიდევ რას ვიგებთ წინასწარმეტყველებიდან დიდ მეძავსა და მის მომავალზე? იოანე ასეთ ცოცხალ სურათს გვიხატავს: „მან [ანგელოზმა] სულის ძალით გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე ქალი, რომელიც ღვთისმგმობელი სახელებით სავსე შვიდთავიან და ათრქიან ალისფერ მხეცზე იჯდა“ (გამოცხადება 17:3).
14. რატომ გადაიყვანეს იოანე უდაბნოში?
14 რატომ გადაჰყავს ანგელოზს იოანე უდაბნოში? ადრე ძველი ბაბილონისთვის გამოტანილ განაჩენს „ზღვის უდაბნოსთვის გამოტანილი განაჩენი“ ეწოდა (ესაია 21:1, 9). ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ წყლების სიუხვის მიუხედავად, ძველი ბაბილონი გაუდაბურდებოდა. იოანე სწორედ იმიტომ გადაჰყავს ანგელოზს უდაბნოში, რომ დაინახოს, რა დაემართება „დიდ ბაბილონს“, რომელიც ძველი ბაბილონივით უნდა გაუდაბურდეს და გახრიოკდეს (გამოცხადება 18:19, 22, 23). იოანე გაოგნებულია ნანახით; ის მარტო მეძავს კი არ ხედავს, არამედ იმასაც, რომ მეძავი შემზარავ მხეცზე ზის.
15. რა სხვაობაა გამოცხადების 13:1-სა და გამოცხადების 17:3-ში მოხსენიებულ მხეცებს შორის?
15 ამ მხეცს შვიდი თავი და ათი რქა აქვს. ეს ის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცია, რომელიც იოანემ ადრე იხილა? (გამოცხადება 13:1). არა, ამ მხეცებს შორის არის სხვაობა. ეს მხეცი ალისფერია და პირველი მხეცისგან განსხვავებით გვირგვინები არ ადგას. მას არა მარტო შვიდ თავზე აქვს ღვთისმგმობელი სახელები, არამედ ‘სავსეა ღვთისმგმობელი სახელებით’. მიუხედავად ამისა, ამ ორ მხეცს შორის არის საერთო, რასაც შემთხვევითს ვერ ვუწოდებთ.
16. რას წარმოადგენს ალისფერი მხეცი და რა იყო მისი მიზანი?
16 რას განასახიერებს ალისფერი მხეცი? ის უნდა იყოს მხეცის ქანდაკება, რომელიც ინგლის-ამერიკის სიმბოლოდ წარმოდგენილი კრავის რქებიანი მხეცის ხელშეწყობით შეიქმნა. ქანდაკების შექმნის შემდეგ ორრქიან მხეცს ნება მიეცა, მხეცის ქანდაკებისთვის სული ჩაედგა (გამოცხადება 13:14, 15). იოანე ახლა გაცოცხლებულ ქანდაკებას ხედავს. ის განასახიერებს ერთა ლიგას, რომელიც 1920 წელს გააცოცხლა ორრქიანმა მხეცმა. აშშ-ს პრეზიდენტმა, უილსონმა აღნიშნა, რომ ერთა ლიგა იქნებოდა ფორუმი, რომელიც ყველასთვის დაამყარებდა სამართალსა და სამუდამოდ მოსპობდა ომის საშიშროებას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ორგანიზაცია აღდგა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახით მოგვევლინა. მისი მიზანი იყო „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება“.
17. ა) რა გაგებით არის სიმბოლური ალისფერი მხეცი ღვთისმგმობელი სახელებით სავსე? ბ) ვინ ზის ალისფერ მხეცზე? გ) თავიდანვე როგორ თანამშრომლობდა ბაბილონური რელიგია ერთა ლიგასთან და მის მემკვიდრესთან?
17 რა გაგებით არის ეს სიმბოლური მხეცი ღვთისმგმობელი სახელებით სავსე? ადამიანებმა ამ მრავალეროვან კერპს ღვთის სამეფოს ფუნქცია დააკისრეს, რათა აღესრულებინა ის, რასაც ღვთის სიტყვების თანახმად მხოლოდ მისი სამეფო შეძლებდა (დანიელი 2:44; მათე 12:18, 21). ამ ხილვიდან აღსანიშნავია ის, რომ „დიდი ბაბილონი“ ალისფერ მხეცზე ზის. წინასწარმეტყველების თანახმად ბაბილონური რელიგია, განსაკუთრებით კი ქრისტიანული სამყარო, თანამშრომლობს გაეროსთან, ისევე როგორც მის წინამორბედ ერთა ლიგასთან. 1918 წლის 18 დეკემბერს საბჭომ, რომელსაც ამჟამად ეწოდება „ამერიკაში ქრისტეს ეკლესიების ეროვნული საბჭო“, მიიღო დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამი იყო: «ეს ლიგა მხოლოდ პოლიტიკური იარაღი როდია. ის ღვთის სამეფოს განასახიერებს დედამიწაზე. . . ეკლესიას შეუძლია აღასრულოს კეთილი ნება, რის გარეშეც ვერავითარი ერთა ლიგა დიდხანს ვერ იარსებებს. . . ერთა ლიგა დასაბამს სახარებიდან იღებს. როგორც სახარების, ისე ერთა ლიგის მიზანია „მშვიდობა დედამიწაზე და სათნოება კაცთა შორის“ ».
18. როგორ უჭერდა მხარს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ერთა ლიგას?
18 ერთ-ერთი გაზეთის 1919 წლის 2 იანვრის გამოცემაში პირველ გვერდზე მოცემული სტატია ასე იყო დასათაურებული: „პაპი მხარს უჭერს უილსონის გეგმას ერთა ლიგის შექმნის თაობაზე“ („San Francisco Chronicle“). 1919 წლის 16 ოქტომბერს შეერთებული შტატების სენატს წარუდგინეს ძირითადი რელიგიების 14 450 წინამძღოლის მიერ ხელმოწერილი პეტიცია, რომლითაც სენატს სთხოვდნენ ვერსალის საზავო ხელშეკრულების რატიფიცირებას, რისი შემადგენელი ნაწილიც ერთა ლიგის წესდება იყო. მართალია, შეერთებული შტატების სენატს ეს ხელშეკრულება არ დაუმტკიცებია, მაგრამ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება კვლავ ერთა ლიგის მხარდასაჭერად გამოდიოდა. როგორ დაიწყო ფუნქციონირება ერთა ლიგამ? 1920 წლის 15 ნოემბერს შვეიცარიიდან იტყობინებოდნენ: „ერთა ლიგის პირველი ასამბლეის გახსნა დილის თერთმეტ საათზე ჟენევის ყველა ეკლესიის ზარების რეკვამ გვამცნო“.
19. როდის გამოაშკარავდა ალისფერი მხეცის ვინაობა და რა პოზიცია დაიკავა იოანეს კლასმა?
19 მიაგო პატივი ალისფერ მხეცს ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად იოანეს კლასმა, ერთადერთმა ჯგუფმა დედამიწაზე, რომელიც მზადყოფნით ელოდა მესიის სამეფოს? არა. 1919 წელს სიდარ-პოინტში ჩატარებული კონგრესის 7 სექტემბრის ანუ კვირის პროგრამის ნაწილი იყო საჯარო მოხსენება სათაურით „იმედი ტანჯული კაცობრიობისთვის“. მეორე დღეს სანდასკიში გამომავალ ჟურნალში აღინიშნა, რომ ჯ. ფ. რუტერფორდმა დაახლოებით შვიდი ათასი კაცის წინაშე „განაცხადა, რომ ერთა ლიგა ღვთის უკმაყოფილებას დაიმსახურებს. . . რადგან, როგორც კათოლიკურმა, ისე პროტესტანტულმა სამღვდელოებამ, რომელიც თავს ღვთის წარმომადგენლად აცხადებს, უარყო ღვთის განზრახვები, მხარი დაუჭირა ერთა ლიგას და მას დედამიწაზე ქრისტეს სამეფოს განსახიერება უწოდა“ („Star–Journal“).
20. რატომ იყო ღვთის გმობა სამღვდელოების განაცხადი, რომ ერთა ლიგა დედამიწაზე ღვთის სამეფოს წარმოადგენდა?
20 ერთა ლიგის სამარცხვინო წარუმატებლობას სამღვდელოებისთვის უნდა დაენახვებინა, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ორგანიზაციები არ წარმოადგენს ღვთის სამეფოს დედამიწაზე. ასეთი განაცხადი ხომ აშკარად ღვთის გმობაა. ისე გამოდიოდა, თითქოს ღმერთმა თავისი წვლილი შეიტანა ისეთი დიდი და უხეირო ორგანიზაციის შექმნაში, როგორიც ერთა ლიგა იყო. ღმერთზე ნათქვამია, რომ „სრულყოფილია მისი ნამოქმედარი“. ისევე როგორც ზეცაში, იეჰოვა დედამიწაზე მშვიდობის დასამყარებლად და თავისი ნების შესასრულებლად ათეისტ და კამათის მოყვარულ პოლიტიკოსებს კი არ გამოიყენებს, არამედ ზეციერ სამეფოს, რომელსაც ქრისტე უდგას სათავეში (მეორე კანონი 32:4; მათე 6:10).
21. საიდან ჩანს, რომ დიდი მეძავი მხარს უჭერს ერთა ლიგის მემკვიდრეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, და იწონებს მას?
21 რა შეიძლება ითქვას ერთა ლიგის მემკვიდრეზე, ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე? თავისი არსებობის დასაბამიდან ამ ორგანიზაციას დიდი მეძავი ეჯდა ზურგზე, მასთან აშკარად თანამშრომლობდა და მის მართვასაც კი ცდილობდა. მაგალითად, 1965 წლის ივნისში, გაეროს 20 წლისთავზე, რომის კათოლიკური ეკლესიის, მართმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, პროტესტანტები, იუდეველები, ინდუსები, ბუდისტები და მუსლიმანები (მაშინდელი მონაცემებით ამ რელიგიების აღმსარებელთა რიცხვი 2 მილიარდს შეადგენდა) შეიკრიბნენ სან-ფრანცისკოში, რათა მხარი დაეჭირათ გაეროსთვის და აღფრთოვანება გამოეხატათ. 1965 წლის ოქტომბერში გაეროში სტუმრობის დროს პაპმა პავლე VI-მ მას „უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა: „მთელი მსოფლიო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შეჰყურებს, როგორც თანხმობისა და მშვიდობის უკანასკნელ იმედს“. პაპმა, იოანე პავლე II-მ კი 1979 წლის ოქტომბერში თავისი ვიზიტის დროს ასე მიმართა გაეროს წარმომადგენლებს: „ვიმედოვნებ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყოველთვის იქნება მშვიდობისა და სამართლიანობის უმაღლესი ფორუმი“. აღსანიშნავია, რომ პაპს თავის სიტყვაში დიდი ყურადღება არ გაუმახვილებია იესო ქრისტესა და ღვთის სამეფოზე. 1987 წლის სექტემბერში შეერთებულ შტატებში სტუმრობის დროს „იოანე პავლემ დიდხანს ისაუბრა მსოფლიო სოლიდარობის მიღწევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე“ („The New York Times“).
-
-
სახელგატეხილი მეძავის გასამართლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
b უილიამ შირერი თავის ისტორიულ ნაშრომში „მესამე რაიხის აღზევება და დაცემა“ აღნიშნავს, რომ ფონ პაპენს „ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის გერმანიის სათავეში ჰიტლერის მოსვლაში“. 1933 წლის იანვარში ყოფილმა კანცლერმა ფონ შლაიხერმა ფონ პაპენის შესახებ აღნიშნა: „ის ისეთი მოღალატეა, რომლის ფონზეც იუდა ისკარიოტელიც კი წმინდანია“.
-
-
სახელგატეხილი მეძავის გასამართლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
[ჩარჩო 237 გვერდზე]
ჩერჩილი ამხელს მეძაობას
თავის წიგნში უინსტონ ჩერჩილი აღნიშნავს, რომ ჰიტლერის მიერ ვენაში გერმანიის ელჩად ფრანც ფონ პაპენის დანიშვნის მიზანი „ან ავსტრიის წამყვანი პოლიტიკოსების საქმიანობისთვის ძირის გამოთხრა იყო ან მათი გულის მოგება“. ჩერჩილი ციტირებს ავსტრიაში შეერთებული შტატების ელჩის სიტყვებს, რომელმაც ფონ პაპენის შესახებ თქვა: „პაპენმა მოურიდებლად და ცინიკურად მითხრა. . . რომ განზრახული აქვს, კარგი კათოლიკის რეპუტაცია ავსტრიელებზე, კერძოდ, კარდინალ ინიცერზე ზეგავლენის მოსახდენად გამოიყენოს“ („The Gathering Storm“, 1948 წ.).
ავსტრიის კაპიტულაციის შემდეგ, როცა ჰიტლერის მოიერიშე ჯარებმა შეაბიჯეს ვენაში, კათოლიკე კარდინალმა ინიცერმა განკარგულება გასცა, რომ ავსტრიის ყველა ეკლესიაზე სვასტიკიანი დროშები აღემართათ, ზარები დაერეკათ და ადოლფ ჰიტლერის დაბადების დღეს ელოცათ მისთვის.
-
-
სახელგატეხილი მეძავის გასამართლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
[ჩარჩო 238 გვერდზე]
ამ სათაურით გამოჩნდა სტატია 1941 წლის 7 დეკემბრის „ნიუ-იორკ ტაიმზის“ პირველ ნომერში:
„საბრძოლო ლოცვა“ რაიხისთვის
«ფულდაში კათოლიკე ეპისკოპოსები კურთხევასა და გამარჯვებას შესთხოვენ ღმერთს. . . გერმანელი კათოლიკე ეპისკოპოსების შეკრებაზე ფულდაში მიიღეს გადაწყვეტილება „საბრძოლო ლოცვის“ შემოღების შესახებ, რომელიც ყოველი ღვთისმსახურების დასაწყისსა და დასასრულს წაიკითხება. ლოცვაში განგებას სთხოვენ, რომ ღმერთმა აკურთხოს და გაამარჯვებინოს გერმანელთა იარაღს და დაიცვას ჯარისკაცთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეპისკოპოსებმა მითითება მისცეს კათოლიკურ სამღვდელოებას, რომ კვირა დღეს ქადაგებისას, სულ მცირე, თვეში ერთხელ მაინც მოეხსენიებინათ „ხმელეთზე, ზღვაში თუ საჰაერო სივრცეში“ მყოფი გერმანელი ჯარისკაცები».
ეს სტატია ამოვარდა გაზეთის იგივე ნომრებიდან, რომლებიც მოგვიანებით დაიბეჭდა. 1941 წლის 7 დეკემბერს ნაცისტური გერმანიის მოკავშირე იაპონია პერლ-ჰარბორში თავს დაესხა შეერთებული შტატების ფლოტს.
-