საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მოდი, გავიგოთ იესოს აზრი
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მაისი
    • მოდი, გავიგოთ იესოს აზრი

      ბევრი ღვთისმოშიში ადამიანი ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ რელიგია პოლიტიკაში ჩაერიოს. ისინი ფიქრობენ, რომ რელიგიას კაცობრიობის პრობლემების გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. მაგრამ სხვა გულწრფელ ქრისტიანებს სჯერათ, რომ რელიგია პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს. პირადად თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? უნდა ჰქონდეს ამ ორ ძლიერ „გიგანტს“ ერთმანეთისთვის ხელი ასე მძლავრად ჩაკიდებული?

      იესო ქრისტეზე ამბობენ, რომ „რელიგიის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი ფიგურაა“. წარმოიდგინეთ, მისთვის რომ შეგვეძლოს კითხვის დასმა, უნდა ერეოდეს თუ არა რელიგია პოლიტიკაში, რას გვიპასუხებდა იგი? დედამიწაზე ყოფნის დროს მან ამ კითხვაზე პასუხი თავისი სიტყვითა და საქმით გასცა. მაგალითად, მთაზე ქადაგებისას, რომელიც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, იესომ მითითებები მისცა თავის მიმდევრებს, თუ რისი გაკეთება მართებდათ გარშემომყოფთათვის. განვიხილოთ ამ მითითებებიდან რამდენიმე.

      ნუ გაერიყებით საზოგადოებას!

      იესომ აღნიშნა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ მის მიმდევრებს ქვეყნიერების მიმართ. მან თქვა: „თქვენ ხართ მიწის მარილი და თუ მარილი ძალას დაკარგავს, როგორღა დაუბრუნდება სიმლაშე? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ გადასაყრელად, რომ ხალხმა ზედ იაროს. თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე . . . თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“ (მათე 5:13—16). რატომ შეადარა იესომ თავისი მიმდევრები მარილსა და სინათლეს?

      ამ სიტყვებში იესო გულისხმობდა, რომ მისი მიმდევრები მხოლოდ ადამიანთა პატარა ჯგუფისთვის კი არ იქნებოდნენ მარილის მსგავსი, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. იმავეს თქმა შეიძლება სინათლეზეც; ისინი არა მარტო ადამიანთა მცირე ჯგუფისთვის იქნებოდნენ სინათლე, არამედ ყველასთვის, ვისაც მკაფიოდ დანახვის სურვილი ექნებოდა. ამ შედარებით იესომ თავის მიმდევრებს დაანახა, რომ არ უნდა გარიყულიყვნენ საზოგადოებისგან.

      აღსანიშნავია, რომ მარილი პროდუქტს ვერ შეინახავს, თუ არ დაამარილებ მას. ლამპა სიბნელეში ვერ გაანათებს, თუ მას ბნელ ოთახში არ შეიტან. ამიტომ, იესო არასდროს მოუწოდებდა მოწაფეებს, რომ სადმე გადახვეწილიყვნენ და მორწმუნეთა საზოგადოება ჩამოეყალიბებინათ. არც იმისკენ მოუწოდებდა მათ, რომ განდეგილებივით მონასტრებსა თუ ტაძრებში გამოკეტილიყვნენ. პირიქით, როგორც მარილი უნდა შეერიოს საკვებს და ნათელმა გაანათოს ბნელი, ისე ქრისტიანებიც უნდა გაერიონ ხალხში და მათ კეთილდღეობაზე იზრუნონ.

      „არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“

      როგორც უკვე აღვნიშნეთ, იესომ მოუწოდა თავის მიმდევრებს, არ გარიყოდნენ საზოგადოებას. მაგრამ იბადება მნიშვნელოვანი კითხვა: რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანს პოლიტიკის მიმართ? სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ ლოცვაში ღმერთს სთხოვა: „იმას კი არ გთხოვ, ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ იმას, რომ ბოროტისგან დაიცვა. ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:15, 16). მაშ, როგორ შეიძლება ქრისტიანები არ იყვნენ ქვეყნიერების ნაწილი და ამავე დროს, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ? ამ კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ, დავფიქრდეთ სამ საკითხზე:

      • ერეოდა თავად იესო პოლიტიკაში?

      • რა პოზიცია უნდა დაიკავონ დღეს ქრისტიანებმა?

      • როგორ მოქმედებს ქრისტიანული სწავლებები ხალხზე?

      [ჩანართი 4 გვერდზე]

      იესომ ნათლად აჩვენა, რომ არ სურდა, მისი მიმდევრები საზოგადოებას გარიყოდნენ

  • ერეოდა თავად იესო პოლიტიკაში?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მაისი
    • ერეოდა თავად იესო პოლიტიკაში?

      სახარებების დამწერებმა იესოს მსახურებიდან რამდენიმე შემთხვევა მოიხსენიეს, საიდანაც გამოჩნდა, რომ ხალხმა არაერთხელ სცადა, იესო პოლიტიკაში ჩაებათ. მაგალითად, მას შემდეგ, რაც 30 წლის იესო მოინათლა, ეშმაკმა მას შესთავაზა, გამხდარიყო მთელი მსოფლიოს მმართველი. მოგვიანებით ხალხმა მოისურვა მისი გამეფება. ცოტა ხნის შემდეგ კი მორიგი მცდელობა ჰქონდათ, რომ იესო პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაებათ. როგორ მოიქცა იესო? მოდი, ახლა დაწვრილებით ვისაუბროთ თითოეულ ამ შემთხვევაზე.

      მთელი მსოფლიოს მმართველი. როგორც სახარებებიდან ვიგებთ, ეშმაკმა იესოს შესთავაზა, „მსოფლიოს ყველა სამეფოს“ მმართველი გამხდარიყო. წარმოიდგინეთ, რამხელა სიკეთის გაკეთებას შეძლებდა იესო გაწამებული ხალხისთვის, მთელი მსოფლიოს მმართველი რომ გამხდარიყო! ხალხის კეთილდღეობით დაინტერესებული რომელი პოლიტიკოსი იტყოდა უარს ასეთ შემოთავაზებაზე?! იესომ ამ წინადადებაზე ცივი უარი განაცხადა (მათე 4:8—11).

      მეფე. იესოს თანამედროვეთაგან ბევრი ნატრობდა ისეთ მმართველს, რომელიც სიდუხჭირისგანაც იხსნიდა მათ და რომის მონური უღლისგანაც გაათავისუფლებდა. ხალხი მოხიბლული იყო იესოს განსაკუთრებული უნარით და ამიტომაც სურდათ მისი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმა. რას ფიქრობდა თავად იესო ამაზე? სახარების დამწერი იოანე ამბობს: „იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი მისვლას აპირებდნენ მის შესაპყრობად და გასამეფებლად, კვლავ განმარტოვდა მთაზე“ (იოანე 6:10—15). აშკარაა, რომ იესო უარს ამბობდა პოლიტიკაში ჩაბმაზე.

      პოლიტიკური აქტივისტი. ყურადღება მიაქციეთ, რა მოხდა იესოს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე. ფარისეველთა მოწაფეები, რომელთაც სურდათ რომის უღლის გადაგდება, და ჰეროდეს მომხრეები, რომლებიც რომის იმპერიას უჭერდნენ მხარს, იესოსთან მივიდნენ. მათ უნდოდათ, იესოს თავისი პოლიტიკური პოზიცია დაეფიქსირებინა. მათ ჰკითხეს, უნდა გადაეხადათ თუ არა იუდეველებს რომისთვის გადასახადები.

      მარკოზმა თავის სახარებაში დაწერა, თუ რა პასუხის გასცა იესომ მათ: «„რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი“. მათაც მიუტანეს. მან ჰკითხა: „ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“ „კეისრისა“, — უპასუხეს მათ. მაშინ იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“» (მარკოზი 12:13—17). ერთი წიგნი იესოს პასუხის თაობაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს: „იესომ უარი განაცხადა, რომ პოლიტიკური მესია ყოფილიყო. მან ცალსახად გამიჯნა კეისრისა და ღვთის მსახურება“ (Church and State—The Story of Two Kingdoms).

      იესო გულგრილად ვერ უყურებდა იმას, რომ იუდეველებს უწევდათ ისეთ პრობლემებთან ჭიდილი, როგორიც იყო სიღარიბე, მოქრთამვა და უსამართლობა. ბიბლიიდან ჩანს, რომ იესოს გული ეწვოდა, როცა თავის გარშემო გაწამებულ ხალხს ხედავდა (მარკოზი 6:33, 34). მაგრამ იმ დროს იესოს უსამართლობის წინააღმდეგ არ გაულაშქრია მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობდა მის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმას.

      ამ შემთხვევებიდან აშკარად დავინახეთ, რომ იესო არ ერეოდა პოლიტიკაში. რა შეიძლება ითქვას დღევანდელ ქრისტიანებზე? როგორ უნდა იქცეოდნენ ისინი?

  • რა პოზიცია უნდა დაიკავონ დღეს ქრისტიანებმა?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მაისი
    • რა პოზიცია უნდა დაიკავონ დღეს ქრისტიანებმა?

      ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ერევიან პოლიტიკაში. ისინი იესოს მაგალითს მიჰყვებიან. იესომ საკუთარ თავზე თქვა: „მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“. თავის მიმდევრებს კი უთხრა: „ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ“ (იოანე 15:19; 17:14). ახლა განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ერეოდნენ ქრისტიანები პოლიტიკაში.

      1. ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ადამიანს არც უნარი აქვს და არც უფლება, რომ საკუთარი თავი მართოს. „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“, — დაწერა წინასწარმეტყველმა იერემიამ (იერემია 10:23).

      როგორც ფრენის უნარით არ იყო შექმნილი ადამიანი, ისე არც იმის უნარით იყო შექმნილი, რომ ემმართველა. ისტორიკოსმა დეივიდ ფრომკინმა ადამიანური ხელისუფლებების შეზღუდულ შესაძლებლობებზე საუბრისას, შემდეგი სიტყვები თქვა: „ხელისუფლების სათავეში ადამიანები არიან. ამიტომ, მთავრობები დაზღვეული არ არიან შეცდომებისგან და წინასწარ არაფრის განჭვრეტა არ შეუძლიათ. მართალია, მათ აქვთ გარკვეული ძალაუფლება, მაგრამ მათი ძალაუფლება შეზღუდულია“ (The Question of Government). გასაკვირი არ არის, რომ ბიბლია გვაფრთხილებს, ადამიანებზე არ ვიყოთ დაიმედებული (ფსალმუნი 146:3).

      2. მათზე ბოროტი სულიერი ძალები ახდენენ გავლენას. როდესაც სატანამ იესოს შესთავაზა, მთელი მსოფლიოს მმართველი გამხდარიყო, მას არ უარუყვია ის ფაქტი, რომ სატანას მართლაც შეეძლო მთელი მსოფლიოს სამეფოების შეთავაზება. მოგვიანებით, იესომ სატანას „ქვეყნიერების მმართველიც“ კი უწოდა. რამდენიმე წლის შემდეგ პავლე მოციქულმა სატანა „ამ ქვეყნიერების ღმერთად“ მოიხსენია (იოანე 14:30; 2 კორინთელები 4:4). პავლემ თანაქრისტიანებს მისწერა: „ვიბრძვით . . . ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფესოელები 6:12). ადამიანები ვერც კი წარმოიდგენენ, რომ სინამდვილეში ბოროტი სულიერი ძალები მართავენ მთელ მსოფლიოს. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს პოლიტიკის მიმართ, თუ მხედველობაში მივიღებთ ამ ფაქტს?

      როგორც ზღვის მღელვარე ტალღები ათამაშებს ნავს, ისე ბოროტი სულიერი ძალები მარიონეტებივით ათამაშებენ მიწიერ მმართველებს. როგორც მეზღვაურები ბევრს ვერაფერს ხდებიან ზვირთებთან, ისე პოლიტიკოსები არიან უძლურნი ბოროტი სულიერი ძალების წინაშე. მათი მიზანია, უკიდურესად გარყვნან ადამიანები და დედამიწას უბედურება დაატეხონ თავს (გამოცხადება 12:12). აქედან გამომდინარე, ძირეული ცვლილებების მოხდენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც სატანასა და მის დემონებზე გაცილებით ძლიერია. ეს პიროვნება კი იეჰოვა ღმერთია (ფსალმუნი 83:18; იერემია 10:7, 10).

      3. ჭეშმარიტი ქრისტიანები სრულ ერთგულებას მხოლოდ ღვთის სამეფოს უცხადებენ. იესომ და მისმა მოწაფეებმა იცოდნენ, რომ იეჰოვა ღმერთი დანიშნულ დროს ზეცაში შექმნიდა მთავრობას, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებდა. ბიბლია ამ მთავრობას ღვთის სამეფოს უწოდებს, რომლის მეფედაც ღმერთმა იესო ქრისტე დანიშნა (გამოცხადება 11:15). ვინაიდან ეს სამეფო ყველა ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, სწორედ ამიტომ იყო „სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ“ იესოს სწავლების დედაარსი (ლუკა 4:43). ის აგრეთვე ასწავლიდა თავის მოწაფეებს, ასე ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო“. იესოს მოწაფეებს იმიტომ უნდა ელოცათ სამეფოზე, რომ სწორედ მისი მეშვეობით შესრულდებოდა ღვთის ნება ზეცაში და დედამიწაზე (მათე 6:9, 10).

      რა ბედი ეწევათ ადამიანურ მთავრობებს? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „მთელი მსოფლიოს“ მთავრობები განადგურდება (გამოცხადება 16:14; 19:19—21). თუ ადამიანს სჯერა, რომ ღვთის სამეფო მიწიერ მთავრობებს ბოლოს მოუღებს, ლოგიკურია, რომ ის აღარ ჩაერევა პოლიტიკაში და აღარც რომელიმე ადამიანური მთავრობის მხარეს დაიკავებს. და თუ მაინც ვინმეს მხარეს დაიკავებს, ეს ღვთის წინააღმდეგ წასვლის ტოლფასი იქნება.

      მართალია, ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ერევიან პოლიტიკაში, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ მათ გარშემომყოფთა მდგომარეობა არ აღელვებთ? ამაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

      [ჩანართი 7 გვერდზე]

      იეჰოვას მოწმეები აქტიურად უჭერენ მხარს ღვთის სამეფოს და არა რომელიმე ადამიანურ ხელისუფლებას

  • როგორ მოქმედებს ქრისტიანული სწავლებები ხალხზე?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მაისი
    • როგორ მოქმედებს ქრისტიანული სწავლებები ხალხზე?

      წინა სტატიებში ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ არ ერევიან ნამდვილი ქრისტიანები პოლიტიკაში. მაშ, როგორ აჩვენებენ ქრისტიანები, რომ ინტერესდებიან გარშემომყოფთა კეთილდღეობით? მაგალითად, ისინი მიჰყვებიან იესოს მითითებას: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20).

      იესოს დავალება, „მოემზადებინათ მოწაფეები“, პირდაპირ უკავშირდება მისსავე მოწოდებას, რომ მისი მოწაფეები ქვეყნიერებისთვის მარილივით და სინათლესავით უნდა ყოფილიყვნენ (მათე 5:13, 14). რა კავშირია ამ ორ მითითებას შორის? როგორ მოქმედებს ხალხზე ეს საქმიანობა?

      ქრისტეს ცნობა იცავს და გზას უნათებს ადამიანებს

      მარილი იცავს საკვებს გაფუჭებისგან. მარილის მსგავსად, იმ ცნობასაც, რომლის გაცხადებაც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა მთელ მსოფლიოში, მავნე გავლენისგან დაცვა შეუძლია. ისინი, ვინც ითავისებენ იესოს სწავლებებს და მიჰყვებიან მის მითითებებს, დაცულნი არიან უზნეობისგან, რომელიც დღეს ასეა გავრცელებული. როგორ იცავს ეს ცნობა ხალხს? ისინი თავს ანებებენ სიცოცხლისთვის საზიანო ჩვევებს, მაგალითად, სიგარეტის მოწევას. ამავე დროს, ხდებიან მოსიყვარულე, მშვიდობისმყოფელი, მომთმენი და კეთილი ადამიანები (გალატელები 5:22, 23). სწორედ ამ თვისებების გამო არიან იეჰოვას მოწმეები საზოგადოების ღირსეული წევრები. ქრისტიანები, რომლებიც ამ ცნობას მოყვასს უზიარებენ, საზოგადოების კეთილდღეობას მნიშვნელოვანწილად უწყობენ ხელს.

      რატომ შეადარა იესომ თავისი მიმდევრები სინათლეს? როგორც მთვარე ირეკლავს სინათლეს მზისგან, ისე ქრისტეს მიმდევრები ირეკლავენ „სინათლეს“ იეჰოვა ღმერთისგან. ისინი იეჰოვას „სინათლეს“ მაშინ ირეკლავენ, როცა სასიხარულო ცნობას გადასცემენ სხვებს და სიკეთეს უკეთებენ მათ (1 პეტრე 2:12).

      მოგვიანებით იესომ ხაზი გაუსვა იმას, თუ რა მსგავსება იყო სინათლესა და მის მიმდევრობას შორის: „ლამპარს რომ ანთებენ, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე, და ისიც ყველას უნათებს სახლში. თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე“. სალამპრეზე დადგმული ანთებული ლამპარი ყველას უნათებს. მსგავსად ამისა, სამქადაგებლო საქმიანობა და ნამდვილი ქრისტიანების კარგი საქმეებიც ყველასთვის ნათელია. იესომ თქვა, რომ ყველა, ვინც ხედავს ქრისტიანთა კარგ საქმეებს, თავად მათ კი არა, ღმერთს განადიდებს (მათე 5:14—16).

      თითოეული ქრისტიანის მოვალეობა

      როდესაც იესომ თქვა — „თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე“ და „თქვენი სინათლე ანათებდეს“ — მან ყველა თავის მოწაფეს მიმართა. იესოს დავალებას ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფი ვერ შეასრულებდა, რომლებიც სხვადასხვა რელიგიებში იქნებოდნენ მიმოფანტული. ნაცვლად ამისა, ყველას უნდა „ენათებინა“. შვიდ მილიონ იეჰოვას მოწმეს, რომლებიც 235-ზე მეტ ქვეყანაში ცხოვრობენ, სჯერათ, რომ თითოეული მათგანის მოვალეობაა, თავიანთ მოყვასს გაუზიარონ ცნობა, რომლის ქადაგებაც მათ იესომ დაავალა.

      რა ცნობას გადასცემენ იეჰოვას მოწმეები ხალხს? როდესაც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, ექადაგათ, მას არ უთქვამს მათთვის, რომ ესაუბრათ სოციალურ თუ პოლიტიკურ რეფორმებზე, ეკლესიისა და სახელმწიფოს გაერთიანებაზე ან მსგავს საკითხებზე. ნაცვლად ამისა, მან იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათე 24:14). ამგვარად, ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც მიჰყვებიან იესოს მითითებებს, ქადაგებენ ღვთის სამეფოს, ერთადერთი მმართველობის შესახებ, რომელიც სატანის ბოროტ ქვეყნიერებას სამართლიანი ახალი ქვეყნიერებით ჩაანაცვლებს.

      როდესაც სახარებებს ვკითხულობთ, იესოს მსახურების ორ განსაკუთრებულ მხარეს ვხედავთ, რაც დღევანდელი ჭეშმარიტი ქრისტიანების მსახურებიდანაც იკვეთება. ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

  • როგორ შეიძლება ქრისტიანი ნამდვილი მორწმუნეც იყოს და კანონმორჩილი მოქალაქეც?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მაისი
    • როგორ შეიძლება ქრისტიანი ნამდვილი მორწმუნეც იყოს და კანონმორჩილი მოქალაქეც?

      რით იყო განსაკუთრებული იესოს მსახურება და ამ მხრივ რომელ ორ მხარეს გამოვყოფდით? პირველი, იესო ცდილობდა, ადამიანთა გულში მოეხდინა ცვლილება და არა პოლიტიკურ სისტემაში. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ, რა აღნიშნა იესომ მთაზე ქადაგების დროს. სანამ მსმენელებს ეტყოდა, რომ საჭირო იყო მარილისა და სინათლის მსგავსი გამხდარიყვნენ, მან უთხრა მათ, რომ ნამდვილად ბედნიერნი „სულიერს მოწყურებულნი“ იყვნენ. შემდეგ კი დასძინა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი . . . სუფთა გულისანი . . . მშვიდობისმყოფელნი“ (მათე 5:1—11). იესომ დაანახვა თავის მიმდევრებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო, შეეცვალათ თავიანთი აზროვნება და გაეთავისებინათ ღვთის თვალსაზრისი სიკეთესა და ბოროტებაზე, და მთელი გულით ემსახურათ ღვთისთვის.

      მეორე, როდესაც იესო ხედავდა, როგორ იტანჯებოდნენ ადამიანები, თანაუგრძნობდა მათ და ცდილობდა მათთვის ტანჯვის შემსუბუქებას. მაგრამ მას მიზნად არ დაუსახავს, რომ დედამიწაზე ყოფნის დროს ადამიანთა ტანჯვა-წამებისთვის ერთხელ და სამუდამოდ მოეღო ბოლო (მათე 20:30—34). იგი კურნავდა სნეულთ, მაგრამ ავადმყოფობა მაინც ცხოვრების მწარე რეალობად რჩებოდა (ლუკა 6:17—19). იესო შვებას ჰგვრიდა ჩაგრულებს, მაგრამ ადამიანები მაინც უსამართლობის მსხვერპლი ხდებოდნენ. ის აპურებდა მშიერ-მწყურვალთ, მაგრამ შიმშილობა კვლავ გაუსაძლისს ხდიდა ხალხის ცხოვრებას (მარკოზი 6:41—44).

      იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან ხალხს, შეიცვალონ გულის მდგომარეობა და გაიყუჩონ ტკივილი

      რატომ ცდილობდა იესო, ადამიანთა გულში ცვლილება მოეხდინა და შეემსუბუქებინა მათთვის ტკივილი მაშინ, როცა შეეძლო შეეცვალა პოლიტიკური კლიმატი და ამგვარად გადაეჭრა ხალხის პრობლემები? იესომ იცოდა, რომ ღვთის განზრახვის თანახმად, ღვთის სამეფო მომავალში ყველა მიწიერ მთავრობას გაანადგურებდა და ერთხელ და სამუდამოდ მოუღებდა ბოლოს ყოველგვარ ტანჯვას (ლუკა 4:43; 8:1). ამიტომ, როცა ერთხელ მოწაფეებმა იესოს სთხოვეს, უფრო მეტი დრო გამოეყო ავადმყოფების განკურნებისთვის, მან მიუგო: „წავიდეთ სადმე სხვაგან, ახლომახლო დაბებში, რომ იქაც ვიქადაგო, რადგან ამისთვის ვარ მოსული“ (მარკოზი 1:32—38). იესო ბევრ სნეულს კურნავდა, მაგრამ იგი პირველ ადგილზე ღვთის სიტყვის ქადაგებასა და სწავლებას აყენებდა.

      დღეს იეჰოვას მოწმეები ჰბაძავენ იესოს და ქადაგებენ. ისინი ცდილობენ, შეუმსუბუქონ სხვებს ტკივილი და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინონ, მაგრამ არ ილაშქრებენ მთელ მსოფლიოში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ. მათ სჯერათ, რომ ყველანაირ ტანჯვას ღვთის სამეფო მოუღებს ბოლოს (მათე 6:10). იესოს მსგავსად, ისინი ცდილობენ, ადამიანთა გულში მოახდინონ ცვლილება და არა პოლიტიკურ სისტემაში. ასეთი პოზიცია ნამდვილად არ არის ლოგიკურ საფუძველს მოკლებული, რადგან ადამიანების პრობლემის თავი და თავი პოლიტიკა კი არა, მათი ზნეობრიობაა.

      კანონმორჩილი მოქალაქეები

      ამავე დროს, იეჰოვას მოწმეებს კარგად ესმით, რომ მოვალენი არიან, კანონმორჩილი მოქალაქეები იყვნენ. ამიტომ, ისინი პატივს სცემენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. უფრო მეტიც, თავიანთ პუბლიკაციებში და ქადაგების დროს ისინი ყოველთვის მოუწოდებენ მოყვასს, რომ კანონმორჩილი მოქალაქეები იყვნენ. მაგრამ, როცა ხელისუფლება მათგან ისეთ რამეს მოითხოვს, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ღვთის კანონს, მოწმეები არ ემორჩილებიან მათ. იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ „ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დაემორჩილონ“ (საქმეები 5:29; რომაელები 13:1—7).

      იეჰოვას მოწმეები ყველას სთავაზობენ ბიბლიის უფასოდ შესწავლას. ასეთი განათლების წყალობით, მილიონობით ადამიანმა გულის მდგომარეობა შეიცვალა. ყოველ წელს იეჰოვას მოწმეები ასობით ათას ადამიანს ეხმარებიან ისეთი მავნე ჩვევის დაძლევაში, როგორიცაა სიგარეტის მოწევა, ლოთობა, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, აზარტული თამაშებით გატაცება და აღვირახსნილობა. დღეს ისინი ზნეობრივად სუფთა ცხოვრებას ეწევიან და კანონმორჩილი მოქალაქეები არიან, რადგან ბიბლიური ნორმებით ცხოვრობენ (იხილეთ სტატია „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ ამავე ჟურნალის მე-18 გვერდზე).

      გარდა ამისა, ბიბლია ოჯახის წევრებს ეხმარება, ერთმანეთის მიმართ მეტი პატივისცემა გამოავლინონ; აგრეთვე კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან მეუღლეებს, მშობლებსა და შვილებს და და-ძმებს. სწორედ ეს აძლიერებს ოჯახურ კვანძებს. შედეგად კი, ძლიერი ოჯახები ძლიერ საზოგადოებას ქმნის.

      ამ სტატიებში მოცემული აზრების განხილვის შემდეგ რას ფიქრობთ: ბიბლიის თანახმად, გამართლებულია, რომ რელიგია პოლიტიკაში ერეოდეს? პასუხი ნათელია — რა თქმა უნდა, არა. მაგრამ უნდა იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები კანონმორჩილი მოქალაქეები? რასაკვირველია. როგორ შეძლებენ ისინი ამას? ამას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მიჰყვებიან იესოს მითითებას და ქვეყნიერებისთვის მარილისა და სინათლის მსგავსი იქნებიან.

      ვინც ქრისტეს ამ პრაქტიკულ რჩევებს ცხოვრებაში იყენებს, თავად მათთვისაც კარგია და მათი ოჯახებისთვისაც; ეს ხელს უწყობს მათ გარშემომყოფთა კეთილდღეობასაც. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით მოგაწვდიან დამატებით ინფორმაციას ბიბლიის შესწავლის თაობაზე.a

      [სქოლიო]

      a თუ გსურთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იეჰოვას მოწმეებს შემდეგ ვებ-გვერდზე: www.watchtower.org

      [ჩანართი 10 გვერდზე]

      იესო ცდილობდა, ადამიანთა გულში მოეხდინა ცვლილება და არა პოლიტიკურ სისტემაში

      [ჩანართი 11 გვერდზე]

      იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ მოვალენი არიან, კანონმორჩილი მოქალაქეები იყვნენ

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება