რატომ არ ჩანს ვარსკვლავები
ვის არ შეუხედავს ღამით ცისთვის და არ გაოცებულა მოკაშკაშე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის სილამაზით? მაგრამ ეს სასწაულებრივი სანახაობა თანდათან უხილავი ხდება. რატომ? შუქური დაბინძურების გამო.
შუქური დაბინძურება დაუძლეველია თვალისმომჭრელი ნათების გამო, რომელიც გამოიყოფა ქუჩების, სახლების, მაღაზიების, საზოგადოებრივი დაწესებულებებისა და სტადიონების განათებით. ამ სინათლის ნახევარი მაღლა, ცაში, ვრცელდება და ხელს გვიშლის ვარსკვლავების უმეტესობის დანახვაში. რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა? მაგალითად, ჩრდილოეთ ევროპაში ბნელ ღამეში მოწმენდილ ცაზე შეუიარაღებელი თვალით დაახლოებით 2 000 ვარსკვლავის დანახვა შეიძლება. მაგრამ ეს რიცხვი ქალაქის გარეუბნებში მცხოვრებთათვის 200-მდე მცირდება. გაჩირაღდნებულ ქალაქის ცენტრში კი მხოლოდ 20-ის დანახვა თუა შესაძლებელი. ზოგიერთი ასტრონომი შიშობს, რომ, თუ წინდახედულებას არ გამოვიჩენთ, 25 წლის შემდეგ ჩრდილოეთ ევროპაში ვარსკვლავების დანახვა შეუძლებელი იქნება.
რა თქმა უნდა, ზოგიერთი განათება აუცილებელია. ის ბოროტმოქმედებას უშლის ხელს და საშუალებას იძლევა, მობინადრეებმა უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. მაგრამ კაშკაშა შუქი ხელს უწყობს სტრესისა და უძილობის განვითარებას. ეს მარტო ადამიანებზე არ მოქმედებს. ფრინველებმა და მწერებმა შეიძლება ორიენტაცია დაკარგონ, მცენარეებში კი ცირკულაციის რიტმი აირიოს.
მაგრამ რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის შესამსუბუქებლად? ერთ-ერთი გამოსავალი მხოლოდ გარეთა განათების დახრასა და ნათურებზე აბაჟურების გაკეთებაშია. უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებული განათებები მუდმივი შუქის ნაცვლად შეიძლება ავტომატური იყოს. საფრანგეთის გარეუბნებში პრობლემის მოსაგვარებლად ქუჩის განათებისთვის მაღალი წნევის ნატრიუმიანი ნათურები შემოიღეს, რომლებიც უფრო დაბალ სინათლეს გამოსცემს, და ქუჩის ნათურებზე აბაჟურები გაუკეთეს, რომლებიც სინათლის ნაკადს ქვემოთ მიმართავს. გზები ხელახლა დაფარეს სინათლის მშთანთქმელი შავი გუდრონით და საზოგადოებრივ დაწესებულებებში ისე გააკეთეს, რომ სინათლე ავტომატურად ირთვებოდა 23 საათზე. ამან არა მხოლოდ ვერტიკალური შუქური დაბინძურება გამორიცხა და სინათლის არეკვლა ორი მესამედით შეამცირა, არამედ ენერგიის მარგი ქმედების კოეფიციენტი 30%-ით გაზარდა.
რა თქმა უნდა, პრობლემის ამგვარად გადაჭრას მიაქვს დრო და ფული — ყველაზე ძვირფასი რამ ჩვენს დროში. რა კარგია იმის ცოდნა, რომ მალე ღვთის სამეფო, რომელსაც მისი ძე, იესო ქრისტე, მართავს, მოსპობს ყოველგვარ დაბინძურებას! მაშინ მისი ქვეშევრდომები კიდევ ერთხელ ნათლად დაინახავენ ჩვენი შემოქმედის ხელთა ნამოქმედარს, მშვენიერ ვარსკვლავიან ცას (ფსალმუნი 18:2, 3; გამოცხადება 11:18).