-
მრავალმხრივ გამოვცადეთ ღვთის წყალობასაგუშაგო კოშკი — 2017 | თებერვალი
-
-
როცა სკოლებს ვატარებდი, მერი პორტუგალიელთა საქმიან უბნებში ქადაგებდა, სადაც ადამიანთა მთავარი საზრუნავი ფულის კეთება იყო. მან ვერავისთან შეძლო ბიბლიურ თემებზე საუბრის წამოწყება, ამიტომ რამდენიმე ბეთელელთან თქვა: „დედამიწის ზურგზე პორტუგალიის გარდა ყველგან ვიცხოვრებდი!“. ჩვენდა გასაოცრად, ამის შემდეგ მალევე მივიღეთ წერილი, რომელშიც პორტუგალიაში მსახურებას გვთავაზობდნენ! თავიდან მერი საგონებელში ჩავარდა. ჩვენ მაინც მივიღეთ ეს მოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს პორტუგალიაში ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო.
ჩვენი მსახურება პორტუგალიაში
1964 წლის აგვისტოში პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში ჩავედით. ვინაიდან ჩვენს და-ძმებს პორტუგალიის საიდუმლო პოლიცია დევნიდა, გადავწყვიტეთ, არავინ მოსულიყო ჩვენ შესახვედრად და არც ჩვენ გვეცადა ადგილობრივ მოწმეებთან დაკავშირება. ბინადრობის ნებართვის მიღებამდე პატარა სასტუმროში დავრჩით, მისი მიღების შემდეგ კი ბინა ვიქირავეთ. ბოლოს, 1965 წლის იანვარში, ფილიალს დავუკავშირდით. ძალიან ბედნიერები ვიყავით, როცა ხუთი თვის თავზე პირველად დავესწარით კრების შეხვედრას!
გავიგეთ, რომ პოლიცია ყოველდღე ჩხრეკდა ძმების სახლებს. სამეფო დარბაზები დაკეტილი იყო, ამიტომ ძმები კრების შეხვედრებს კერძო სახლებში ატარებდნენ. ასობით იეჰოვას მოწმე დასაკითხად და ვინაობის დასადგენად პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ძმებს განსაკუთრებით ცუდად მაშინ ეპყრობოდნენ, როცა კრების პასუხისმგებელი ძმების სახელების გაგება უნდოდათ. ამის გამო, ძმები ერთმანეთზე საუბრისას გვარების ნაცვლად მხოლოდ სახელებს იყენებდნენ, მაგალითად ჟუზეს ან პაულუს. ჩვენც ასე ვიქცეოდით.
ჩვენი მთავარი საზრუნავი ძმებისთვის სულიერი საზრდოს მიწოდება იყო. მერის ევალებოდა მიმეოგრაფისთვის „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიებისა და სხვა პუბლიკაციების შაბლონების მომზადება.
სასიხარულო ცნობის დაცვა სასამართლოში
1966 წლის ივნისში ლისაბონში მნიშვნელოვანი სასამართლო საქმის განხილვა მოხდა. კერძო სახლში უკანონო შეხვედრაზე დასწრებისთვის ფეიჟუს კრების ორმოცდაცხრავე წევრი სასამართლოში მიიყვანეს. ისინი სასამართლო მოსმენისა და ჯვარედინი დაკითხვისთვის მოვამზადე, ვითომ ბრალმდებელი ვიყავი. ვიცოდით, რომ საქმეს წავაგებდით, თუმცა ისიც გვესმოდა, რომ ამ დროს დამოწმების კარგი საშუალება მოგვეცემოდა. ჩვენმა გაბედულმა ადვოკატმა თავისი სიტყვა პირველ საუკუნეში მცხოვრები გამალიელის სიტყვებით დაასრულა (საქ. 5:33—39). ამ საქმეზე სიახლეები ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. 49 და-ძმას საპატიმროში ყოფნა 45 დღიდან ხუთთვე-ნახევრამდე მოუწია. გვიხარია, რომ ჩვენმა გაბედულმა ადვოკატმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო და სიკვდილამდე კრების შეხვედრებსაც ესწრებოდა ხოლმე.
1966 წლის დეკემბერში ფილიალის ზედამხედველად დამნიშნეს. დროის დიდ ნაწილს იურიდიულ საქმეებს ვუთმობდი. დავაგროვეთ საფუძვლიანი მტკიცებები, რომ იეჰოვას მოწმეებს უფლება ჰქონდათ, თაყვანისცემის თავისუფლებით ესარგებლათ (ფილ. 1:7). ბოლოს, 1974 წლის 18 დეკემბერს, ჩვენი საქმიანობა კანონიერად ცნეს. მსოფლიო მთავარი სამმართველოდან ძმები ნეითან ნორი და ფრედერიკ ფრენცი გვეწვივნენ, რათა პორტუსა და ლისაბონში ჩატარებულ ისტორიულ შეხვედრაზე ჩვენი სიხარული გაეზიარებინათ. ამ შეხვედრას მთლიანობაში 46 870 ადამიანი დაესწრო.
იეჰოვამ სამქადაგებლო საქმიანობის გასაფართოებლად კარი გაგვიხსნა რამდენიმე კუნძულზეც, სადაც პორტუგალიურ ენაზე ლაპარაკობენ. მათ შორისაა: აზორის კუნძულები, კაბო-ვერდე, მადეირა, სან-ტომე და პრინსიპი. შედეგად, უფრო დიდი ფილიალის აშენება გახდა საჭირო. 1988 წლის 23 მარტს ძმა მილტონ ჰენშელი თავმჯდომარეობდა ახალი ფილიალის მიძღვნის პროგრამას, რომელსაც 45 522 დამსწრე აღფრთოვანებული უსმენდა. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ამ ისტორიულ შეხვედრას ესწრებოდა 20 და-ძმა, რომლებიც ადრე პორტუგალიაში მისიონერებად მსახურობდნენ.
ერთგულთა მაგალითებით გაძლიერებულნი
წლების მანძილზე ერთგულ ძმებთან ურთიერთობამ ჩვენი ცხოვრება ძალიან გაამდიდრა. მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლე, როცა ძმა თეოდორ იარაჩთან ერთად სამხარეო მონახულებაზე ვიყავი. ფილიალი, რომელსაც ვინახულებდით, სერიოზული პრობლემის წინაშე იდგა, რომლის მოსაგვარებლადაც ფილიალის კომიტეტმა შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთა. ძმა იარაჩმა დაამშვიდა ძმები და უთხრა: „ახლა წმინდა სულს უნდა მივცეთ მოქმედების საშუალება“. მრავალი წლის წინ ბრუკლინში ყოფნის დროს მე და მერი ერთ საღამოს ძმა ფრენცთან და კიდევ რამდენიმე თანამორწმუნესთან ერთად ვისხედით. როცა საუბრის ბოლოს ძმა ფრენცს ვთხოვეთ, რამე გაეზიარებინა იეჰოვასადმი მრავალწლიანი მსახურების გამოცდილებიდან, მან გვითხრა: „ჩემი რჩევაა: რაც არ უნდა მოხდეს, დარჩით იეჰოვას ხილულ ორგანიზაციასთან. ეს არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს იესოს მიერ მოწაფეებისთვის დავალებულ საქმეს, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას!“.
მე და ჩემს ცოლს სწორედ ამ საქმის კეთება გვანიჭებს დიდ სიხარულს. დიდი სითბოთი ვიხსენებთ სხვადასხვა ფილიალში ჩვენს სამხარეო მონახულებებს. ამ მონახულებების დროს შესაძლებლობა გვეძლეოდა, ახალგაზრდებისა თუ ხანდაზმულების მიმართ მადლიერება გამოგვეხატა მათი ერთგული მსახურებისთვის და წაგვეხალისებინა იეჰოვასადმი ამ განსაკუთრებული მსახურების გასაგრძელებლად.
წლები გავიდა და ახლა ორივენი 80-ს გადაცილებულები ვართ. მერის ჯანმრთელობა აწუხებს (2 კორ. 12:9). განსაცდელებმა გაგვიძლიერა რწმენა და ერთგულების შენარჩუნების გადაწყვეტილება. როცა განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობთ, ვხედავთ, რომ იეჰოვას წყალობა მრავალმხრივ გამოვცადეთ.a
a როცა ეს სტატია გამოსაცემად მზადდებოდა, ძმა დუგლას გესტი 2015 წლის 25 ოქტომბერს დაიღუპა. მან ბოლომდე შეინარჩუნა იეჰოვასადმი ერთგულება.
-