მალე სიღარიბეს ბოლო მოეღება
რას გულისხმობდა იესო, როდესაც ამბობდა: „ღარიბნი მუდამ თქვენთან გყავთ“? (მათე 26:11). ნუთუ იმას, რომ სიღარიბე მუდამ იარსებებდა და გამოსავალი არ იქნებოდა?
იესომ იცოდა, რომ, სანამ დღევანდელი ადამიანთა მმართველობები იარსებებდა, სიღარიბე გარდაუვალი იქნებოდა. იცოდა, რომ ადამიანთა ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი ეკონომიკური თუ სოციალური სისტემა მას სამუდამოდ ვერ აღმოფხვრიდა. ამას ისტორიული ფაქტებიც ადასტურებს.
კაცობრიობის ისტორიაში ათასეული წლების მანძილზე ყველა სახის მმართველობა და სოციალურ-ეკონომიკური წყობა იქნა მოსინჯული, მაგრამ სიღარიბეს ბოლო მაინც ვერ მოეღო. მართლაც, უდავო ფაქტია, რომ, მეცნიერებაში, მრეწველობასა და მედიცინაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, მსოფლიოში ღარიბების რიცხვი იზრდება.
იესოსთვის კარგად იყო ცნობილი, რომ სიღარიბეს მრავალი ფაქტორი განაპირობებდა, მათ შორის: შიმშილობა, გვალვა, მტრის შემოსევა, ცუდი მთავრობა, უმართავი ეკონომიკა, ღარიბებისა და სუსტების ჩაგვრა მდიდრებისა და ძლიერების მიერ, უბედური შემთხვევები და ავადმყოფობები, ქმრების სიკვდილი, რომლებიც გაღატაკებულ ობლებსა და ქვრივებს ტოვებენ. გარდა ამისა, იესომ იცოდა, რომ ადამიანს ისეთი ცუდი ჩვევებით, როგორიცაა: სიზარმაცე, ლოთობა, აზარტული თამაშები და ნარკომანია შეიძლება გაეღარიბებინა საკუთარი თავი და ოჯახი.
ამგვარად, სიტყვებში „ღარიბნი მუდამ თქვენთან გყავთ“, იესო იმას გულისხმობდა, რომ სიღარიბის აღმოფხვრა ადამიანთა ძალებს აღემატებოდა. მას მხედველობაში ჰქონდა, რომ, სანამ დღევანდელი ადამიანთა მმართველობები არსებობდა, ღარიბი ხალხიც იარსებებდა.
თუმცა სიღარიბე ძველთაგანვე არსებობს, არ უნდა დავასკვნათ, რომ იესო, ან მისი ზეციერი მამა, ღარიბების მიმართ გულგრილები იყვნენ. იესოს სიტყვებიდან არც ისეთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ სიღარიბეს არასოდეს მოეღება ბოლო. ეს ნათლად ჩანს ბიბლიის თვალსაზრისიდან ამ საკითხთან დაკავშირებით.
სიღარიბე და მოსეს რჯული
მაგალითად, განვიხილოთ რჯული, რომელიც ღმერთმა მოსეს მეშვეობით მისცა ძველ ისრაელს. როგორც რჯულით იყო გათვალისწინებული, ისრაელიანთა ყოველმა ოჯახმა მიიღო ქანაანის მიწა სამკვიდროდ (მეორე რჯული 11:8–15; 19:14). ერთადერთი გამონაკლისი, რომლებსაც მიწა არ მიუღიათ, ლევიანები იყვნენ. მაგრამ ტაძარში წმინდა მსახურების გამო ისინი მიწის მოსავლის მეათედს ღებულობდნენ და ამით საზრდოობდნენ (რიცხვნი 18:20, 21, 24).
მოსეს რჯულში მემკვიდრეობის კანონით მიწა მფლობელის ოჯახის ან საგვარეულოს წევრს უნდა გადასცემოდა (რიცხვნი 27:8–11). იმ შემთხვევაშიც კი, თუ კაცი მიწას გაყიდდა, ის მხოლოდ დროებით იქნებოდა ახალი მფლობელის საკუთრება. თავის დროზე მიწა ისევ იმ ოჯახს დაუბრუნდებოდა, რომელმაც გაყიდა.
მათ, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო გაღარიბდებოდნენ, მაგალითად, მიწას მართებულად არ მოიხმარდნენ ან ქონებას გაანიავებდნენ, რჯული უფლებას აძლევდა, საკვები მოეგროვებინათ სხვების ყანებში, ხილნარებსა და ვენახებში (ლევიანნი 23:22). გარდა ამისა, გაჭირვებულ ისრაელს შეეძლო, სარგებლის გადახდის გარეშე ესესხა ფული. სინამდვილეში, ღარიბების მიმართ გულუხვობა უნდა გამოვლენილიყო (გამოსვლა 22:24).
იესო ზრუნავდა ღარიბებზე
საუკუნეების შემდეგ, როცა იესო დედამიწაზე მოვიდა, კვლავაც გულუხვობას ავლენდა; ეს მას მამისგან, იეჰოვასგან, ჰქონდა ნასწავლი. იესო ინტერესს იჩენდა ღარიბების მიმართ. მას და თავის მოწაფეებს თანხის საერთო მარაგი ჰქონდათ, საიდანაც ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ისრაელებს (იოანე 12:5–8).
იესოს სიკვდილის შემდეგ ღარიბების მიმართ მსგავს მზრუნველობას ავლენდნენ ქრისტიანები იმით, რომ მატერიალურად ეხმარებოდნენ სულიერ დებსა და ძმებს, განსაკუთრებით კი — მეტად ღარიბებს (რომაელთა 15:26). ჭეშმარიტი ქრისტიანები დღესაც მსგავსი სიყვარულით ზრუნავენ ერთმანეთზე.
რა თქმა უნდა, ბიბლიაში თანაგრძნობაა გამოხატული ჩაგრულთა მიმართ, მაგრამ, ამავე დროს, გაკიცხულები არიან ისინი, ვინც, სიზარმაცის გამო ‘თავიანთ ხორცს ჭამენ’ (ეკლესიასტე 4:1, 5). მოციქული პავლე წერდა: „ვისაც შრომა არ სურს, ის ნუღარც ჭამს“ (2 თესალონიკელთა 3:10). ასევე თავიანთი ფულადი სახსრების ნარკოტიკებზე, თამბაქოზე ან ალკოჰოლზე გამფლანგველებმა შეიძლება თავი გაიღატაკონ. ეს მათი ცუდი საქციელის შედეგია; ისინი სინამდვილეში ‘იმას იმკიან, რასაც თესავენ’ (გალატელთა 6:7).
უზრუნველყოფა დღეს
ბიბლია გვიჩვენებს, რომ ღმერთი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათ მდგომარეობას, ვინც მისი ნების შესრულებას ცდილობს. მაგალითად, ფსალმუნის 36:25-ში (კს) დავითი ამბობს: „ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი მოდგმა პურზე ხელგაწვდილი“. მართალ ადამიანებს პირობა არ ეძლევათ, რომ მდიდრები იქნებიან, მაგრამ როგორც ეს მუხლი მიგვანიშნებს, ღმერთი იზრუნებს მათი სიცოცხლისთვის აუცილებელ მატერიალურ მოთხოვნილებებზე. ამავე ფსალმუნის 28-ე მუხლში ნათქვამია: „რადგან უფალი სამართლის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის წმიდანებს“.
დედამიწაზე ცხოვრების დროს, იესო ღარიბებზე ზრუნვას მხოლოდ მატერიალური დახმარებით არ გამოხატავდა. ის მათ არწმუნებდა, რომ, თუ ღვთის ნებას შეასრულებდნენ, ღმერთი მაშინაც და მომავალშიც იზრუნებდა, სულ ცოტა, მათი მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. აი, რა თქვა იესომ:
„შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?. . სამოსელზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? ამრიგად, ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო?. . . ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს“ (მათე 6:26–32).
დასასრულს, იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა: „თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“ (მათე 6:33). რა შესანიშნავი გამხნევებაა ეს იმ ღარიბი ადამიანებისთვის, რომლებიც ღვთის ნების შესრულებას ცდილობენ! ასევე საყურადღებოა, რომ, როგორც იესომ აჩვენა, ღვთის სამეფო უმნიშვნელოვანესი უნდა ყოფილიყო მისი მიმდევრების ცხოვრებაში. იესომ იცოდა, რომ, როცა დედამიწა ღვთის ზეციერი სამეფოს სრულ მმართველობაში იქნებოდა, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მოეღებოდა ბოლო სიღარიბეს.
ყოველთვის არ იქნებიან
ამგვარად, იესომ საოცარი იმედი მოგვცა მომავლისთვის. მაშ ასე, როცა ამბობდა, „ღარიბნი მუდამ თქვენთან გყავთო“, ის ამ სისტემაში ადამიანთა მმართველობის ქვეშევრდომებად ცხოვრებაზე მიუთითებდა. ამ სიტყვებში არ გულისხმობდა მომავალში ღვთის ზეციერი სამეფოს ქვეშევრდომობით ცხოვრებას. ბიბლიაში მოცემულია წინასწარმეტყველება, რომ “სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ დაკარგული — უპოვართა იმედი“ (ფსალმუნი 9:19). ღვთის სამეფოს მეფე იესო ქრისტე არ მოუთმენს მათ, ვინც სხვების ექსპლუატაციასა და დაჩაგვრას ცდილობს.
ღვთის ზეციერი სამეფოს მმართველობა იესოს სწავლების მთავარი თემა იყო (მათე 4:17). სამეფოს მმართველობის დროს დედამიწაზე არსებული პირობები აირეკლავს ზეცაში არსებულს. სწორედ ამიტომ ასწავლიდა იესო თავის მოწაფეებს, ევედრათ ღვთისთვის: „მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:10).
როგორ მოხდება ეს? ღვთის განზრახვაა, ადამიანთა მთელი მმართველობები დედამიწიდან აღგავოს და მის ნაცვლად ზეციერი სამეფოს მმართველობა დაამყაროს. დანიელის 2:44-ში ნაწინასწარმეტყველებია: „იმ [ახლანდელ] მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში [ადამიანთა მმართველობაში] არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა [დღევანდელ] სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“.
ახალ ქვეყნიერებაში ღვთის სამეფოს მმართველობის დროს მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და სიღარიბის ნიშანწყალიც კი გაქრება. ყურადღება მიაქციე ზოგიერთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას პირობების შესახებ, რომლებიც იმ დროს იქნება:
„გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს. . . ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით“ (ესაია 25:6). „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე“ (ფსალმუნი 71:16). „წვიმა კურთხევა იქნება. მინდვრის ხე თავის ნაყოფს გამოისხამს და მიწა მოსცემს თავის მოსავალს, და მშვიდად იქნებიან თავიანთ მიწაზე“ (ეზეკიელი 34:26, 27). „მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა“ (ფსალმუნი 66:7). „მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება“ (ესაია 35:1).
გარდა ამისა, მიქას 4:4 გვპირდება: „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“. ყველას თავისი სახლი ექნება: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ. . . არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად“ (ესაია 65:21, 22). გასაკვირი არ არის, რომ იესოს შეეძლო აღეთქვა მათთვის, ვისაც მისი სწავლებების სწამდა: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“! (ლუკა 23:43).
დიახ, ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვა ნათლად გვიჩვენებს, რომ სიღარიბეს ბოლო მოეღება. ეს დრო ახლოვდება, რადგან, ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, დღეს ქვეყნიერება ‘უკანასკნელ დღეებსა’ და ‘საზარელ ჟამშია’ (2 ტიმოთე 3:1–5, 13). მალე დღევანდელი სისტემა სამარადჟამოდ განადგურდება და სიღარიბე სამუდამოდ აღმოიფხვრება — არა ადამიანთა ძალებით, არამედ ღვთის ჩარევით. მეფე იესო ქრისტე „იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის“ (ფსალმუნი 71:12, 13).
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ყველას კარგი საცხოვრებელი და უხვი საკვები ექნება.
[სურათი 10 გვერდზე]
ახალ ქვეყნიერებაში ბავშვები აღარ იშიმშილებენ.