-
რას ნიშნავს სიღატაკე?საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ივნისი
-
-
რას ნიშნავს სიღატაკე?
უკიდურესი სიღატაკე საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. იყო ღატაკი ნიშნავს არ გქონდეს საკმარისი საჭმელი, სასმელი, საწვავი, არ გაგაჩნდეს თავშესაფარი, არ შეგეძლოს ჯანმრთელობაზე ზრუნვა და განათლების მიღება. სწორედ ასეთ მდგომარეობაშია ერთი მილიარდი ადამიანი, დაახლოებით იმდენი, რამდენიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობს. თუმცა ისეთ ქვეყნებში მცხოვრები ხალხის უმეტესობისთვის, როგორიცაა დასავლეთი ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა, სიღატაკე უცხოა. მოდი, გავეცნოთ სიღატაკეში მცხოვრები ზოგიერთი ადამიანის მდგომარეობას.
მბარუშიმა რუანდაში (აფრიკა) ცხოვრობს ცოლთან და ხუთ შვილთან ერთად. მისი მეექვსე შვილი მალარიით დაიღუპა. ის გვიყვება: „მამაჩემმა მიწის ნაკვეთი ექვს და-ძმას გაგვიყო. მე იმდენად პატარა ნაკვეთი მერგო, რომ იძულებული გავხდი, მეზობელ ქალაქში გადავსულიყავი. მე და ჩემი ცოლი მტვირთავებად ვმუშაობთ — ქვებითა და ქვიშით სავსე ტომრები გადაგვაქვს. ჩვენს სახლს ფანჯრები არა აქვს. წყალი ჭიდან მოგვაქვს, რომელიც პოლიციის განყოფილებასთან არის. საჭმელს დღეში ერთხელ ვჭამთ, მაგრამ, როცა სამუშაო არა გვაქვს, მთელი დღე მშივრები ვართ. ასეთ დროს სახლიდან გავდივარ, რადგან არ შემიძლია ატირებული ბავშვების ყურება, რომლებიც საჭმელს ითხოვენ“.
ვიქტორი და კარმენი ფეხსაცმლის შემკეთებლები არიან. ისინი ბოლივიის ერთ მივარდნილ ქალაქში ცხოვრობენ ხუთ შვილთან ერთად. ნახევრად დაშლილ შენობაში ერთ ოთახს ქირაობენ, რომელსაც სახურავი და ელექტრობა არა აქვს. სკოლაში იმდენად ბევრი ბავშვია, რომ ვიქტორმა თავის გოგონას მერხი თვითონ გაუკეთა, რათა გაკვეთილებზე დასწრება შეძლოს. ვიქტორსა და კარმენს 10 კილომეტრის გავლა უწევთ, რომ საჭმლის მოსამზადებლად და სასმელი წყლის ასადუღებლად შეშა მოაგროვონ. „საპირფარეშო არა გვაქვს, ამიტომ მდინარეზე გვიწევს ჩასვლა, — ამბობს კარმენი. — დასაბანადაც მდინარის წყალს ვიყენებთ და ნაგავსაც იქ ვყრით. ბავშვები ხშირად ავადდებიან“.
ფრანცისკო და ლიდია მოზამბიკის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ. მათი მეხუთე შვილი მალარიით დაიღუპა, რადგან სავადმყოფოში მკურნალობაზე უარი უთხრეს. პატარა ნაკვეთში მათ სამი თვის სამყოფი ბრინჯი და ბატატი მოჰყავთ. „ზოგჯერ მოსავალს გვალვა გვინადგურებს ან ქურდები გვპარავენ. ამიტომ ოჯახის სარჩენად ვჭრი ბამბუკს და სამშენებლო მასალად ვყიდი. გარდა ამისა, ფიჩხის მოსაგროვებლად სახლიდან ორი საათის სავალზე მივდივართ. ფიჩხს მეც მოვათრევ და ჩემი ცოლიც. ნახევარს ვყიდით, ნახევარს კი საჭმლის მოსამზადებლად ვიყენებთ“, — ამბობს ფრანცისკო.
ბევრი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ყოველი შვიდიდან ერთი მბარუშიმას, ვიქტორისა და ფრანცისკოს მსგავსად სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაშინ როცა მილიონობით ადამიანი ფუფუნებით ტკბება. ზოგი ცდილობს, რომ ეს პრობლემა რამენაირად გადაჭრას. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა გზებს მიმართავენ ისინი და რისი იმედი აქვთ.
[სურათი 2, 3 გვერდებზე]
კარმენი თავის ორ შვილთან ერთად მდინარიდან წყალს იღებს
-
-
რა კეთდება სიღარიბის აღმოსაფხვრელადსაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ივნისი
-
-
რა კეთდება სიღარიბის აღმოსაფხვრელად
მდიდრებმა დაამარცხეს სიღარიბე, ოღონდ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. მაგრამ გლობალური მასშტაბით სიღარიბის აღმოფხვრის ყოველგვარმა მცდელობამ დღემდე უშედეგოდ ჩაიარა. მიზეზი მარტივია: მდიდრებს უბრალოდ არ სურთ თავიანთი მდგომარეობისა და ქონების დათმობა. ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა დაწერა: „აი, ჩაგრულთა ცრემლები; არავინ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი. ძალა მათ მჩაგვრელთა ხელში იყო, მათ კი ნუგეშისმცემელი არ ჰყავდათ“ (ეკლესიასტე 4:1).
შეძლებენ გავლენიანი ადამიანები მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრას? სოლომონმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „აჰა, ყველაფერი ამაოებაა და ქარის დევნა. გამრუდებულს ვერ გაასწორებ“ (ეკლესიასტე 1:14, 15). სიღარიბის დაძლევის დღევანდელი მცდელობები კარგად ადასტურებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას.
თეორიები ყველას საკეთილდღეოდ
მე-19 საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ზოგმა ქვეყანამ ვაჭრობისა და ინდუსტრიის წყალობით არნახული სიმდიდრე მოიპოვა, არაერთმა გავლენიანმა პირმა სერიოზულად დაიწყო ფიქრი სიღარიბის აღმოფხვრაზე. შესაძლებელია დედამიწის რესურსების თანაბრად გადანაწილება?
ზოგი იმედოვნებდა, რომ სოციალიზმი და კომუნიზმი დაამსხვრევდა კლასობრივ ბარიერებს და სიმდიდრე სამართლიანად გადანაწილდებოდა. ცხადია, მდიდრებისთვის მიუღებელი იყო მსგავსი იდეები. თუმცა ბევრმა აიტაცა კომუნისტების ლოზუნგი: „თითოეულისგან უნარის მიხედვით, თითოეულს — მოთხოვნილების მიხედვით“. ბევრი იმედოვნებდა, რომ ყველა ქვეყანა შეითვისებდა სოციალისტურ იდეებს და მსოფლიოში უტოპია ანუ იდეალური საზოგადოებრივი წყობა დამყარდებოდა. რამდენიმე მდიდარ ქვეყანაში კომუნისტური იდეების დანერგვის შემდეგ ცხოვრების დონემ მნიშვნელოვნად აიწია. ხელისუფლება თითოეულ მოქალაქეს იმის გარანტიას აძლევდა, რომ „აკვნიდან სამარემდე“ მასზე იზრუნებდა. ისინი აცხადებდნენ, რომ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებს არასოდეს მოუწევდათ სიღარიბეში ცხოვრება.
მაგრამ სოციალიზმმა ვერ განახორციელა თავისი იდეა — შეექმნა ისეთი საზოგადოება, რომლის წევრებიც უანგაროდ იზრუნებდნენ ერთმანეთზე. მათი მიზანი, რომ თითოეულ მოქალაქეს საკუთარ თავზე მეტად საზოგადოების კეთილდღეობაზე ეზრუნა, განუხორციელებელი დარჩა. ზოგისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ღარიბებისთვის დახმარების გაწევის იდეა, რადგან მათი აზრით, ეს ზოგ ღარიბს მუშაობის სტიმულს დაუკარგავდა. ამ შემთხვევაშიც გამართლდა ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვები: „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს . . . ჭეშმარიტმა ღმერთმა ადამიანები მართლებად შექმნა, მაგრამ ისინი ბევრ სხვა გეგმას აწყობენ“ (ეკლესიასტე 7:20, 29).
კიდევ ერთი განუხორციელებელი იდეა „ამერიკული ოცნება“ ანუ ისეთი ქვეყნის შექმნა იყო, სადაც ყველა შრომისმოყვარე ადამიანი გამდიდრდებოდა. ბევრმა ქვეყანამ აირჩია ეს პოლიტიკური კურსი — დემოკრატია, თავისუფალი მეწარმეობა და თავისუფალი ვაჭრობა, რამაც, როგორც ამბობდნენ, ამერიკის შეერთებული შტატები გაამდიდრა. მაგრამ ყველა ქვეყანას არ აუხდა „ამერიკული ოცნება“, რადგან ჩრდილოეთ ამერიკის გამდიდრება მხოლოდ პოლიტიკამ არ განაპირობა. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბუნებრივი რესურსების სიუხვემ და ამ კონტინენტის გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რამაც საერთაშორისო ვაჭრობას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, კონკურენტუნარიან მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში არსებობენ არა მარტო მოგებულები, არამედ — წაგებულებიც. რამ შეიძლება აღძრას მდიდარი ქვეყნები, რომ ღარიბ ქვეყნებს დაეხმარონ?
აღმოფხვრა მარშალის გეგმამ სიღარიბე?
II-ე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა მიწასთან იყო გასწორებული, ხალხის უმეტესობა შიმშილობდა. შეერთებული შტატების მთავრობა შეშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ ევროპაში სოციალიზმი პოპულარობას იხვეჭდა. ამიტომ შეერთებული შტატების მთავრობამ დიდი თანხები გამოყო იმ ქვეყნების ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის აღსადგენად, რომლებიც მხარს უჭერდნენ მათ პოლიტიკას. ევროპის აღდგენის ამ ოთხწლიან პროგრამას, რომელიც „მარშალის გეგმის“ სახელით იყო ცნობილი, იმედის თვალით უყურებდნენ. დასავლეთ ევროპაში გაიზარდა ამერიკის გავლენა და სიღარიბე საგრძნობლად შემცირდა. მაგრამ გადაჭრა მარშალის გეგმამ მსოფლიო სიღარიბის პრობლემა?
მარშალის გეგმის წარმატებამ ამერიკის მთავრობა აღძრა, დახმარება სხვა ღარიბი ქვეყნებისთვისაც შეეთავაზებინა, რათა განევითარებინათ სოფლის მეურნეობა, სამედიცინო, სატრანსპორტო და განათლების სისტემა. შეერთებულ შტატებს არ დაუმალავს, რომ ამ ყველაფერს პირადი მიზნებისთვის აკეთებდა. სხვა ქვეყნებიც ცდილობდნენ, დახმარებოდნენ ღარიბ ქვეყნებს და ამით თავიანთი გავლენა გაეძლიერებინათ. 60 წლის განმავლობაში მათ არაერთხელ გამოყვეს იმ რაოდენობის თანხა, რაც „მარშალის გეგმის“ განხორციელების დროს დაიხარჯა, მაგრამ შედეგებით მაინც იმედგაცრუებულნი დარჩნენ. ზოგი ღარიბი ქვეყანა ძალიან გამდიდრდა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიაში. მაგრამ ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ უკიდურესი სიღარიბე მძვინვარებს, მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა და განათლების დონემაც აიწია.
რატომ არ გაამართლა მოლოდინი საერთაშორისო დახმარებამ?
მდიდარი სახელმწიფოებისთვის ღარიბ ქვეყნებში სიღარიბის დაძლევა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში ომის შედეგად გაპარტახებული ეკონომიკის აღდგენა. ომამდე ევროპაში უკვე განვითარებული იყო მრეწველობა, ვაჭრობა და სატრანსპორტო სისტემა. აღდგენას მხოლოდ ეკონომიკა საჭიროებდა. ღარიბ ქვეყნებში კი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დახმარების წყალობით გაიყვანეს გზები, ააშენეს სკოლები და საავადმყოფოები, ხალხი დღემდე სიღატაკეში ცხოვრობს. ამის მიზეზი კი ბუნებრივი რესურსების ნაკლებობა, სავაჭრო გზების უქონლობა და ბიზნესის განუვითარებლობაა.
სიღარიბემდე ადამიანი ბევრმა რამემ შეიძლება მიიყვანოს, სიღარიბეს კი, თავის მხრივ, მრავალი პრობლემა სდევს თან, ამიტომ მისი დაძლევა ადვილი არ არის. მაგალითად, სერიოზული დაავადება იწვევს სიღარიბეს, სიღარიბე კი — დაავადებას. ბავშვები, რომლებიც შიმშილობენ, ფიზიკურად და გონებრივად იმდენად სუსტები იზრდებიან, რომ მათ საკუთარ შვილებზე ზრუნვა არ შეუძლიათ. აგრეთვე, როცა მდიდარი ქვეყნები ღარიბ ქვეყნებს დიდი რაოდენობით დახმარებას უგზავნიან, ადგილობრივი ფერმერები და მცირე მოვაჭრეები თავიანთ საქონელს ვეღარ ყიდიან; ეს კი უფრო მეტად აღარიბებს ქვეყანას. ფინანსურ დახმარებას კიდევ ერთი პრობლემა შეიძლება მოჰყვეს: ფული ადვილად შეიძლება მოიპარონ, ეს კორუფციას უწყობს ხელს, რასაც საბოლოო ჯამში ქვეყანა სიღატაკემდე მიჰყავს. საერთაშორისო დახმარება თავის მიზანს ვერ აღწევს, რადგან ის სიღარიბის გამომწვევი მთავარი მიზეზის აღმოსაფხვრელად არ არის გამიზნული.
სიღარიბის მიზეზი
ქვეყნები, მთავრობები თუ ცალკეული პირები მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე რომ არ ზრუნავდნენ, სიღარიბე არ იქნებოდა. მაგალითად, მდიდარი ქვეყნის მთავრობებს ნაკლებად აინტერესებთ მსოფლიო სიღარიბის აღმოფხვრა, რადგან ისინი დემოკრატიული გზით არიან არჩეულნი და ვალდებულნი არიან საკუთარ ამომრჩევლებზე იზრუნონ. სწორედ ამიტომ, ისინი ღარიბი ქვეყნის ფერმერებს არ აძლევენ უფლებას თავიანთი საქონელი მდიდარ ქვეყნებში შეიტანონ, იმ მიზეზით, რომ საკუთარ ქვეყანაში ბიზნესი არ ჩავარდეს. გარდა ამისა, მდიდარ ქვეყნებში ხელისუფლება ყველანაირად ხელს უწყობს ფერმერებს, რომ მათი პროდუქცია უფრო სწრაფად გაიყიდოს, ვიდრე ღარიბი ქვეყნის ფერმერების.
ნათელია, რომ სიღარიბის მიზეზი ისევ თავად ადამიანები და მთავრობები არიან, რადგან ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. მეფე სოლომონმა ეს შემდეგი სიტყვებით აღწერა: „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).
უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ სიღარიბე ოდესმე აღმოიფხვრება? შეუძლია რომელიმე მთავრობას ადამიანის ბუნების შეცვლა?
[ჩარჩო 6 გვერდზე]
კანონი სიღარიბის აღმოსაფხვრელად
იეჰოვა ღმერთმა ისრაელ ერს მისცა კანონთა კრებული. თუ ისრაელები ამ კანონებს დაიცავდნენ, ერში სიღარიბე არ იარსებებდა. კანონის თანახმად, ლევიანთა სამღვდელო შტოს გარდა, თითოეული ოჯახი მემკვიდრეობით მიწის ნაკვეთს იღებდა. ოჯახის მემკვიდრეობა დაცული იყო, რადგან მისი სამუდამოდ გაყიდვა არ შეიძლებოდა. ორმოცდამეათე წელს გაყიდული მიწის ნაკვეთი თავდაპირველ მფლობელს ან მის ოჯახს უბრუნდებოდა (ლევიანები 25:10, 23). თუ ვინმე ავადმყოფობის, უბედური შემთხვევის ან სიზარმაცის გამო მიწას გაყიდდა, საიუბილეო წელს სრულიად უსასყიდლოდ უბრუნდებოდა უკან. ამ კანონის წყალობით, სამუდამო სიღარიბისთვის არც ერთი ოჯახი არ იყო განწირული.
ღვთის გულმოწყალების მაჩვენებელი იყო ისიც, რომ კანონი გაჭირვებულ ადამიანს იმის უფლებას აძლევდა, რომ თავი მონად გაეყიდა. საფასურს მონას მაშინვე აძლევდნენ, რათა ვალები გადაეხადა. თუ მონა ვერ შეძლებდა თავის გამოსყიდვას, მეშვიდე წელს ის უნდა გაეთავისუფლებინათ და თან გაეტანებინათ მარცვლეული და საქონელი, რათა ცხოვრების ხელახლა დაწყება შეძლებოდა. გარდა ამისა, კანონი კრძალავდა ღარიბი მოძმისთვის ფულის სარგებლით სესხებას. კანონის თანახმად, მოსავლის აღებისას ხალხს მინდვრის ნაპირები ღარიბებისთვის უნდა დაეტოვებინა. ამგვარად, არც ერთ ისრაელს აღარ მოუწევდა მათხოვრობა (კანონი 15:1—14; ლევიანები 23:22).
ისტორიიდან ვიგებთ, რომ ზოგიერთი ებრაელი გაჭირვებული იყო. რატომ? იმიტომ, რომ ისინი არ ემორჩილებოდნენ იეჰოვას კანონს. შედეგად, როგორც უმეტეს ქვეყნებში, ზოგი ებრაელი მდიდარი მიწათმფლობელი გახდა, ზოგი კი — უმიწაწყლოდ დარჩა. ისინი იმიტომ გაღარიბდნენ, რომ ზოგმა ისრაელმა უგულებელყო ღვთის კანონი და სხვების ინტერესებზე მაღლა საკუთარი ინტერესები დააყენა (მათე 22:37—40).
-
-
სასიხარულო ცნობა ღარიბებისთვისსაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ივნისი
-
-
სასიხარულო ცნობა ღარიბებისთვის
ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „ყოველთვის არ იქნება საწყალი დავიწყებული“ (ფსალმუნი 9:18). ბიბლიაში ჩვენს შემოქმედზე შემდეგ სიტყვებსაც ვკითხულობთ: „შლი შენს ხელს და აკმაყოფილებ ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“ (ფსალმუნი 145:16). ღვთის სიტყვაში აღწერილი ეს იმედი მხოლოდ ოცნება როდია. ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია, რომ სიღარიბე აღმოფხვრას. რა სჭირდებათ ღარიბებს?
ერთმა აფრიკელმა ეკონომისტმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ღარიბ ქვეყნებს „დიდსულოვანი მმართველი“ სჭირდებათ. ამაში ის იგულისხმება, რომ სიღარიბის დასამარცხებლად საჭიროა ძლიერი და მზრუნველი პიროვნება. მმართველი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მოუღებს ბოლოს სიღარიბეს, აუცილებლად მსოფლიოს მმართველი უნდა იყოს, რადგან სიღატაკეს საერთაშორისო უთანასწორობა იწვევს. მას აგრეთვე უნდა შეეძლოს მოსპოს სიღარიბის თავი და თავი — ეგოიზმი. სად შეიძლება ასეთი იდეალური მმართველის პოვნა?
ღმერთმა გამოგზავნა იესო ქრისტე, რათა ღარიბებისთვის სასიხარულო ცნობა ემცნო. როცა იესო წამოდგა და ხალხს წაუკითხა, რა ჰქონდა ღვთისგან დავალებული, თქვა: „იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო“ (ლუკა 4:16—18).
რა არის სასიხარულო ცნობა?
ღმერთმა იესო მეფედ დანიშნა. ეს ნამდვილად სასიხარულო ამბავია. ის შესანიშნავი მმართველია რადგან 1) მას მიცემული აქვს ძალაუფლება, რომ კაცობრიობას უხელმძღვანელოს; 2) ის თანაგრძნობით ეპყრობა ღარიბებს და თავის მიმდევრებს მათზე ზრუნვას ასწავლის; 3) მას შეუძლია სიღარიბის გამომწვევი მთავარი მიზეზის, ეგოიზმის აღმოფხვრა. მოდი, სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბროთ.
1. იესოს მიცემული აქვს ძალაუფლება ერებზე. ღვთის სიტყვაში იესოზე ნათქვამია: „მას მიეცა მმართველობა . . . რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს“ (დანიელი 7:14). დაფიქრებულხართ, რა შესანიშნავი იქნება, როცა მსოფლიოს მხოლოდ ერთი მმართველი ეყოლება? დედამიწის რესურსების გამო ადამიანები აღარ დაუპირისპირდებიან და აღარ დახოცავენ ერთმანეთს. ყველა თანაბარი უფლებით ისარგებლებს. იესომ თავად დაგვარწმუნა, რომ იქნებოდა ისეთი მმართველი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. მან თქვა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“ (მათე 28:18).
2. იესო თანაგრძნობით ეპყრობა ღარიბებს. დედამიწაზე მსახურებისას, იესო თანაგრძნობით ეპყრობოდა ღარიბებს. მაგალითად, ერთხელ ქალი, რომელმაც მთელი თავისი ქონება ექიმებში დახარჯა, იესოს ტანსაცმელზე შეეხო იმ იმედით, რომ განიკურნებოდა. ის 12 წელი სისხლდენით იტანჯებოდა და უეჭველია, მწვავე ანემია ექნებოდა. კანონის თანახმად, ყველა ვისაც ის შეეხებოდა უწმინდური ხდებოდა. მაგრამ იესომ მას თბილად მიმართა: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით. განიკურნე მძიმე დაავადებისგან“ (მარკოზი 5:25—34).
იესოს სწავლებების შედეგად ადამიანები იცვლებოდნენ და უფრო თანამგრძნობი ხდებოდნენ. მაგალითად დაფიქრდით, რა უთხრა იესომ კაცს, რომელსაც აინტერესებდა, რა უნდა გაეკეთებინა, რომ ღვთისთვის ესიამოვნებინა. კაცმა იცოდა, რომ ღმერთი მისგან მოყვასის სიყვარულს მოითხოვდა, მაგრამ იესოს ჰკითხა: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“.
პასუხად იესომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი მაგალითი მოუყვანა კაცზე, რომელიც იერუსალიმიდან იერიხონში მიდიოდა. ის გაძარცვეს, სცემეს და „ცოცხალმკვდარი დატოვეს“. გზაზე მღვდელმა ჩაიარა, დაინახა ის და გზის მეორე მხარეს გადავიდა. ლევიანიც მსგავსად მოიქცა. „მაგრამ გზად მიმავალმა ერთმა სამარიელმა დაინახა იგი და გული დაეწვა“. მან კაცს ჭრილობები მობანა, სასტუმროში წაიყვანა და სასტუმროს პატრონს ფული გადაუხადა, რომ მასზე ეზრუნა. „რომელია ამ სამიდან ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“, — ჰკითხა მას იესომ. „ის, ვინც გულმოწყალება გამოავლინა მის მიმართ“, — უპასუხა მან. შემდეგ იესომ უთხრა: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“ (ლუკა 10:25—37).
იეჰოვას მოწმეები სწავლობენ იესოს ამგვარ მოძღვრებებს და გაჭირვებულებისადმი თანაგრძნობას ავლენენ. ერთი ლატვიელი მწერალი თავის წიგნში „ქალები საბჭოთა ციხეებში“, მოგვითხრობს, რომ 60-იან წლებში პოტმის ბანაკში იხდიდა სასჯელს და იქ დაავადდა. „ჩემი ავადმყოფობის პერიოდში [მოწმეები] უანგაროდ ზრუნავდნენ ჩემზე. უკეთეს მოვლას ვერც კი ვინატრებდი. იეჰოვას მოწმეები თავს ვალდებულად თვლიან, დაეხმარონ ნებისმიერი ეროვნებისა თუ რწმენის ადამიანს“.
ფინანსური კრიზისის დროს ანკონში (ეკვადორი) ზოგიერთი მოწმე სამუშაოსა და შემოსავლის გარეშე დარჩა. თანამორწმუნეებმა გადაწყვიტეს, მათ რამენაირად დახმარებოდნენ ფინანსურად. ისინი ამზადებდნენ საჭმელს და ყიდდნენ მეთევზეებზე, რომლებიც ღამით ბრუნდებოდნენ თევზაობიდან (ნაჩვენებია მარჯვნივ). ამ საქმეში კრების ყველა წევრი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ბავშვებიც. ისინი მუშაობას იწყებდნენ ღამის პირველ საათზე, რათა დილის ოთხი საათისთვის საჭმელი მზად ჰქონოდათ. აღებულ ფულს მოწმეები საჭიროებისამებრ ანაწილებდნენ.
ეს მაგალითები ნათლად აჩვენებს, რომ იესოს სწავლებების შედეგად ადამიანებს აზროვნება ეცვლებათ და იმის სურვილი უჩნდებათ, რომ გაჭირვებულებს დახმარების ხელი გაუწოდონ.
3. იესოს შეუძლია ადამიანის ბუნების შეცვლა. ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანები ეგოიზმისკენ ვართ მიდრეკილნი. ბიბლია ამას ცოდვას უწოდებს. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ამრიგად, ასეთ კანონს ვპოულობ ჩემში: მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი“. შემდეგ დასძინა: „ვინ დამიხსნის სხეულისგან, რომელიც ამ სიკვდილით კვდება? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!“ (რომაელები 7:21—25). მოციქულმა პავლემ ამ სიტყვებით კარგად აღნიშნა, რომ ღმერთს იესოს მეშვეობით შეუძლია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ცოდვილი მდგომარეობისგან გათავისუფლება, მათ შორის ეგოიზმისგან, რომელიც სიღარიბის მთავარი გამომწვევი მიზეზია. როგორ გააკეთებს ის ამას?
იესოს მონათვლის შემდეგ იოანე ნათლისმცემელმა ირგვლივ მყოფ ხალხს იესოზე შემდეგი სიტყვები უთხრა: „აი ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!“ (იოანე 1:29). მალე დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები თავისუფლები იქნებიან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან, მათ შორის ეგოიზმისგან (ესაია 11:9). იესო ძირფესვიანად აღმოფხვრის სიღარიბის მიზეზს.
რა სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ მალე ყველას მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება! ბიბლიაში ვკითხულობთ: „თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს“ (მიქა 4:4). ეს სიტყვები მხატვრულად აღწერს იმ დროს, როცა ყველას ექნება დამაკმაყოფილებელი სამუშაო და უსაფრთხოდ იცხოვრებს, აღარავინ იქნება ღარიბი და ყველა განადიდებს იეჰოვა ღმერთს.
-