საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიმდიდრე და კეთილდღეობა ვისი ხვედრია?
    გამოიღვიძეთ! — 2007 | მაისი
    • სიმდიდრე და კეთილდღეობა ვისი ხვედრია?

      ჩვენ მდიდარ მსოფლიოში ვცხოვრობთ. გიჭირთ ამის დაჯერება? ფაქტია, რომ ზოგ ქვეყანას იმდენი ფული აქვს, არ იციან, რაში დახარჯონ. გამოთვლების თანახმად, 2005 წელს მსოფლიო შემოსავალი, ანუ ერთი წლის მანძილზე წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება, სავარაუდოდ, 60 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ეს თანხა დედამიწის მოსახლეობაზე რომ გაყოფილიყო, თითოეულ ადამიანს 9 000 დოლარი ერგებოდა. რაც დრო გადის, ეს თანხა უფრო და უფრო იზრდება.

      მაგრამ მსოფლიოს კეთილდღეობა და სიმდიდრე მოჩვენებითია. გაეროს მიერ გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, მსოფლიოს სამი უმდიდრესი ადამიანის ქონება აღემატება 48 უღარიბესი ქვეყნის ერთად აღებულ ეროვნულ შემოსავალს. „გაეროს განვითარების პროგრამის“ თანახმად, მსოფლიოში 2,5 მილიარდ ადამიანს დღეში ორ დოლარზე ნაკლები თანხით გააქვს თავი. აქედან ასობით მილიონი ადამიანი საკვებისა და სუფთა წყლის უკმარისობას განიცდის.

      შეერთებულ შტატებში სოციოლოგები აკვირდებიან საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც პირობითად „სიღარიბის ზღვარზე მყოფთ“ უწოდებენ. იმის ალბათობა, რომ ეს ადამიანები გაღარიბდებიან, ძალიან დიდია. ქვეყანაში არსებული დიდი სიმდიდრის მიუხედავად, ასეთ მდგომარეობაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება.

      მაგრამ რატომ ხდება, რომ ერთ შემთხვევაში ხაზინებში და ბანკის ანგარიშებზე უამრავი ფული ირიცხება, მეორე შემთხვევაში კი ასობით მილიონ ადამიანს სიღარიბეში უწევს ცხოვრება? რატომ ვერ სარგებლობენ ღარიბები მსოფლიოს სიმდიდრით?

      [ჩანართი 3 გვერდზე]

      მსოფლიოს სამი უმდიდრესი ადამიანი უფრო მდიდარია, ვიდრე 48 უღარიბესი ქვეყანა ერთად აღებული.

      [სურათი 2, 3 გვერდებზე]

      ბავშვები, რომლებიც აგურის ქარხანაში მუშაობენ და დღეში დაახლოებით 50 ცენტს იღებენ.

      [საავტორო უფლება]

      © Fernando Moleres/ Panos Pictures

      [სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]

      © Giacomo Pirozzi/Panos Pictures

  • რატომ არის ამდენი ღარიბი მდიდარ მსოფლიოში?
    გამოიღვიძეთ! — 2007 | მაისი
    • რატომ არის ამდენი ღარიბი მდიდარ მსოფლიოში?

      „ღარიბები ყოველთვის თქვენთან არიან“, — თქვა იესომ პირველ საუკუნეში (მათე 26:11). იესოს დროიდან მოყოლებული დღემდე უამრავი ღარიბი არსებობს. მაგრამ რატომ არის ამდენი ღარიბი ადამიანი ასეთ მდიდარ მსოფლიოში?

      ზოგის აზრით, ადამიანის სიღარიბის მიზეზი მის ცხოვრებაში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებებია. ზოგ შემთხვევაში ეს ასეც არის. ვინც ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და აზარტულ თამაშებს ემონება, ადვილად ანიავებს თავის ქონებას. მაგრამ ყველა ღარიბი არასწორი გადაწყვეტილების გამო არ გაღარიბებულა.

      ბევრი მრეწველობის დარგში მომხდარი ცვლილებების გამო დარჩა უმუშევარი, სხვებმა ხელფასიდან გადანახული თანხა ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებაში დახარჯეს, ხოლო განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ასობით მილიონი ღატაკი ადამიანიდან უმეტესობა სიღარიბის უდანაშაულო მსხვერპლია. როგორც ქვემოთ მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, ხშირად მათ არ შესწევთ ძალა, რომ სიღარიბის მიზეზები აღმოფხვრან.

      წარსულის მაგალითი

      1930-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა, რომელიც „დიდი დეპრესიის“ სახელით გახდა ცნობილი. მხოლოდ ერთ ქვეყანაში მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩა და ასობით ათასმა ოჯახმა სახლი დაკარგა. იმ დროს, როცა ბევრი შიმშილობდა, ფერმერები დიდი რაოდენობით რძეს ღვრიდნენ და მთავრობისგან იძულებულნი მილიონობით პირუტყვს ხოცავდნენ.

      რატომ მოიქცნენ ისინი ასე? ეკონომიკური სისტემა იმ პრინციპით მუშაობდა, რომ სამეურნეო და სხვა საქონელი მომგებიან ფასში უნდა გაყიდულიყო. რძეზე, ხორცსა და მარცვლეულზე დიდი მოთხოვნა იყო, რადგან ისინი ღარიბების ძირითად საკვებს შეადგენდა. მაგრამ იმის გამო, რომ ეს პროდუქტები მომგებიან ფასში არ გაიყიდა, ისინი გამოუსადეგარი გახდა და გადაყარეს.

      საკვების უკმარისობის გამო ბევრ ქალაქში მასობრივი არეულობა დაიწყო. ოჯახისთვის ლუკმაპურის საშოვნელად ზოგმა ყაჩაღობას მიჰყო ხელი, სხვები კი შიმშილით იხოცებოდნენ. ეს ყოველივე შეერთებულ შტატებში ხდებოდა. „დიდი დეპრესიის“ დასაწყისში ამ ქვეყნის ძლიერმა ფინანსურმა სისტემამ დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები დააზარალა. ქვეყნის ეკონომიკური სისტემისთვის მოგება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მოქალაქეების საკვებით, საცხოვრებლითა და სამუშაოთი უზრუნველყოფა.

      ეკონომიკური მდგომარეობა დღეს

      მსოფლიო ეკონომიკურმა სისტემამ თავი დააღწია „დიდ დეპრესიას“. დღეს, როგორც არასდროს, ბევრი ადამიანი მდიდარი და ფინანსურად სტაბილურია. არსებული სიმდიდრის მიუხედავად, ღარიბებს ხშირად არ შეუძლიათ ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. განვითარებად ქვეყნებში შიმშილი და სიღატაკე იმდენად ჩვეული მოვლენაა, რომ ხალხს მობეზრდა ამის მოსმენა. ლტოლვილები ომის გამო შიმშილობენ, პოლიტიკური მაქინაციების გამო საკვების მარაგი ოხრდება, საბაზრო ეკონომიკაზე მოქმედი ფაქტორები იმდენად ზრდის პირველადი მოხმარების საგნებზე ფასებს, რომ ღარიბებს მათზე ხელი არ მიუწვდებათ. ყოველივე ეს მეტყველებს ისეთი ეკონომიკური სისტემის არსებობაზე, რომელსაც არ შეუძლია ყველაზე დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვა. მსოფლიო ეკონომიკური სისტემა მილიონობით ღატაკი ადამიანის მოთხოვნილებებს უგულებელყოფს.

      სინამდვილეში, ადამიანმა ვერ შეძლო ისეთი ეკონომიკური სისტემის შექმნა, რომელიც სათანადოდ უზრუნველყოფდა ყველა ადამიანის საჭიროებას. დაახლოებით 30 საუკუნის წინათ, ერთმა მამაკაცმა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას აკვირდებოდა, დაასკვნა: „კიდევ ერთხელ გადავხედე ყოველივეს, რომ მენახა ყოველგვარი ჩაგვრა, რომელიც მზის ქვეშ ხდება. და, აი, ჩაგრულთა ცრემლები; არავინ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი. ძალა მათ მჩაგვრელთა ხელში იყო, მათ კი ნუგეშისმცემელი არ ჰყავდათ“ (ეკლესიასტე 4:1). მატერიალური დოვლათის მიუხედავად, დღეს ბევრი ფინანსურად დაჩაგრულია.

      მილიონობით ადამიანს თითქმის არანაირი საშუალება არ გააჩნია, რომ თავი დააღწიონ სიღარიბეს. მიუხედავად ამისა, მრავალმა ისწავლა ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება. მათ აგრეთვე უკეთესი ცხოვრების იმედი გაუჩნდათ.

      [ჩარჩო 5 გვერდზე]

      ბრძოლა არსებობისთვის

      მწერალი და ჟურნალისტი დეივიდ შიპლერი თავის წიგნში აღწერს, თუ როგორ შეიძლება ცხოვრობდეს სიღარიბის ზღვარზე მყოფი ზოგი ადამიანი შეერთებულ შტატებში. მას შემდეგი მაგალითი მოჰყავს: „კეთილმოუწყობელი ბინის გამო ბავშვს ასთმა უმწვავდება; მას სასწრაფო დახმარება სჭირდება, მაგრამ ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების დასაფარავად დედას ფული არა აქვს; ამიტომ მისდამი, როგორც მომხმარებლისადმი, ნდობა იკარგება; ეს იწვევს მანქანის სესხის პროცენტის მკვეთრ ზრდას; დედა იძულებულია, იყიდოს ნახმარი და არასაიმედო მანქანა, რომელიც სამსახურში დაგვიანების მიზეზი ხდება; ეს ხელს უშლის მას სამსახურში დაწინაურებასა და კარგი ხელფასის გამომუშავებაში; შედეგად ის იძულებულია, კეთილმოუწყობელ ბინაში დარჩეს“ („The Working Poor — Invisible in America“). მიუხედავად იმისა, რომ ისინი მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანაში ცხოვრობენ, დედა-შვილი დაუცველია.

      [ჩარჩო 6 გვერდზე]

      საკმარისია კეთილი ნება?

      1993 წლის ნოემბერში ვაშინგტონში მთავრობის სახლში შეკრებილი სახელმწიფო მოხელეები მსჯელობდნენ სერიოზული პრობლემების გადაწყვეტაზე. მათ სურდათ შეერთებულ შტატებში მცხოვრები უსახლკაროების დასახმარებლად გამოეყოთ ასობით მილიონი დოლარი. ზუსტად იმ დროს, როცა ისინი ამ საკითხს განიხილავდნენ, გზის მეორე მხარეს პოლიციელებს, მეხანძრეებსა და სასწრაფო დახმარების მუშაკებს ავტობუსის გაჩერებაზე მოეყარათ თავი. სამედიცინო პერსონალი მანქანაში დებდა უსახლკარო ქალის ცხედარს. ის აშშ-ს დასახლებისა და ურბანიზაციის განვითარების დეპარტამენტის შენობის წინ დაიღუპა. ეს სამთავრობო უწყება ვალდებულია, იზრუნოს უსახლკარო ადამიანებზე.

      მოგვიანებით „ნიუ-იორკ ტაიმზის“ ჟურნალისტმა ამ სამთავრობო უწყების თანამშრომლისგან ინტერვიუ აიღო. თანამშრომელმა მოიხსენია შემთხვევის ადგილზე მისული უამრავი პერსონალი და მანქანა. მან თქვა: „უცნაურია, რომ ადამიანი იმ დახმარების მეასედსაც ვერ იღებს სიცოცხლეში, რასაც სიკვდილის შემდეგ მიიღებს“.

      [სურათი 4, 5 გვერდებზე]

      იმიგრანტი დედა სამ შვილთან ერთად 1930-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ დროს.

      [საავტორო უფლება]

      Dorothea Lange, FSA Collection, Library of Congress

      [სურათი 6, 7 გვერდებზე]

      ასეთ სამუშაოზე მუშებს თვეში საშუალოდ 14 დოლარს უხდიან; ისინი კვირაში შეიძლება 70 საათს მუშაობდნენ.

      [საავტორო უფლება]

      © Fernando Moleres/Panos Pictures

  • რა იმედი არსებობს?
    გამოიღვიძეთ! — 2007 | მაისი
    • რა იმედი არსებობს?

      მძიმე შრომა კარგია, როცა მშრომელი კარგ ანაზღაურებას იღებს. დაუკვირდით, რას ამბობს ბიბლიის ერთი მწერალი: „დავინახე, რომ არაფერია მათთვის იმაზე უკეთესი, რომ გაიხარონ  . . . ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლესიასტე 3:12, 13).

      მაგრამ, როგორც დავინახეთ, მსოფლიო ეკონომიკური სისტემა დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ მძიმე შრომას მოითხოვს. ბევრი ადამიანი კვლავაც ღარიბია და მათ ყოველდღიურად უწევთ არსებობისთვის ბრძოლა. გასაკვირი არ არის, რომ ასეთმა ცხოვრებამ მათ ‘სიხარულისა და სიკეთის კეთების’ სურვილი დააკარგვინა. მსოფლიოს სიმდიდრემ არნახულ მასშტაბს მიაღწია, მაგრამ მოსახლეობის ნახევარს ეს ცხოვრებას ვერ უმსუბუქებს.

      ღმერთი გულგრილი არ არის ღარიბების მიმართ

      კაცობრიობის შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, აწუხებს ღარიბების მდგომარეობა; ის თანაუგრძნობს მათ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „[ღმერთი] არ დაივიწყებს მათ ღაღადს“ (ფსალმუნი 9:12). იეჰოვა ღმერთი ზრუნავს ღარიბებზე.

      იეჰოვას შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „საწყალი, უმამო ბავშვი შენ გაბარებს თავს. შენა ხარ მისი შემწე“ (ფსალმუნი 10:14). ამ ბიბლიური მუხლიდან ჩანს, რომ ღმერთი თითოეულ გაჭირვებულ ადამიანს აქცევს ყურადღებასa. მან იცის, რა სჭირდება მათ. მისთვის თითოეული ადამიანი ძვირფასია. იეჰოვა მოუწოდებს ყველას, ღარიბს თუ მდიდარს, ისწავლონ მისგან და იმეგობრონ მასთან.

      ადამიანები ღვთისგან სწავლობენ თანაგრძნობისა და თბილი გრძნობების გამოვლენას. იეჰოვას მოწმეები ერთი დიდი სულიერი ოჯახის წევრებად მიიჩნევენ თავს. ისინი აფასებენ ერთმანეთს — მათ შორის ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული მეფობს. ერთხელ იესო ქრისტემ უთხრა თავის მიმდევრებს: „თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათე 23:8). ამრიგად, ყველა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი იმ საძმოს წევრია, სადაც არ განასხვავებენ მდიდრებს ღარიბებისგან. ისინი ზრუნავენ ერთმანეთზე და გასაჭირის დროს მხარში უდგანან ერთმანეთს.

      ბიბლიაში მოცემული პრინციპები ადამიანებს სიღარიბის ტვირთს უმსუბუქებს. წმინდა წერილიდან ვიგებთ, რომ ღმერთი გმობს სხეულის დაბინძურებას, იქნება ეს თამბაქოს მოწევა თუ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება (იგავები 20:1; 2 კორინთელები 7:1). ადამიანი, რომელიც ამ პრინციპებს ცხოვრებაში იყენებს, ზოგავს ფულს, რომელსაც სხვა შემთხვევაში მავნე ჩვევების გამო გაფლანგავდა. ის თავს აარიდებს მოწევით და სმით გამოწვეულ დაავადებებს და ამგვარად მკურნალობის თანხას დაზოგავს. ბიბლია ასევე ასწავლის ადამიანებს, უარყონ მატერიალისტური აზროვნება და სიხარბე (მარკოზი 4:19; ეფესოელები 5:3). თუ ადამიანი ამ საკითხებში აფასებს ღვთის სიტყვას, ის აზარტულ თამაშებში ფულს არ გაფლანგავს.

      ბიბლია გვთავაზობს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელ პრაქტიკულ პრინციპებს, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეშიც კი გამოსადეგია. განვიხილოთ ამის ერთი მაგალითი.

      ერთ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა სერიოზული პრობლემაა, ქარხნის ერთ მუშას შეიძლებოდა სამუშაო დაეკარგა იმის გამო, რომ უფროსს ქრისტიანულ შეხვედრებზე დასასწრებად გათავისუფლება სთხოვა. უფროსს ადვილად შეეძლო მისი სამსახურიდან დათხოვნა. მაგრამ ყველა გაოცდა, როცა უფროსმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა. უფრო მეტიც, მან ქალს ქარხანაში მუშაობის გაგრძელება სთხოვა და „სანიმუშო მუშაკი“ უწოდა. რატომ მოიქცა ის ასე?

      ეს ქალი იეჰოვას მოწმეა და ბიბლიის პრინციპების თანახმად ცხოვრობს. მას სურდა, ‘ყველაფერში პატიოსნად მოქცეულიყო’; ის არ იტყუებოდა და არ იპარავდა, ამიტომ პატიოსანი ადამიანის სახელი მოიხვეჭა (ებრაელები 13:18). ის იყენებდა კოლოსელების 3:22, 23-ში ჩაწერილ პრინციპს და თავის სამუშაოს „სულითა და გულით“ ასრულებდა. ამასთანავე, ემორჩილებოდა დამსაქმებელს და სამუშაო დროის განმავლობაში გულმოდგინედ შრომობდა.

      რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ ისეთ ეკონომიკურ სისტემაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერს ეგოიზმი მართავს და ყველაზე მთავარი — მოგებაა. შესაძლოა, მათ, ვინც იცავს ბიბლიის პრინციპებს, კვლავაც უწევთ ბრძოლა საკვების, ტანსაცმლისა და თავშესაფრისთვის. მაგრამ ამ ადამიანებს შემოქმედის წინაშე სუფთა სინდისი აქვთ და უკეთეს მომავალს ელიან, რადგან იციან, რომ იეჰოვა ‘იმედის მომცემი ღმერთია’ (რომაელები 15:13).

      სიღარიბის პრობლემა სამუდამოდ მოგვარდება

      ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთს სძულს ისინი, ვინც ღარიბებს ჩაგრავენ. ღვთის სიტყვაში წერია: „ვაი მათ, ვინც საზიანო წესებს ადგენენ, გამუდმებით წერენ და ყოველივე საზიანო აქვთ დაწერილი, რათა უარი თქვან საწყალთა სასამართლო საქმის მოსმენაზე და სამართალი წაართვან დაჩაგრულებს  . . . რათა ქვრივები გახდნენ მათი ნადავლი და გაძარცვონ უმამო ბავშვები!“ (ესაია 10:1, 2). მნიშვნელობა არა აქვს, შეგნებულად უგულებელყოფენ ღარიბებს თუ შეუგნებლად, ისინი, ვინც დღეს მსოფლიო ეკონომიკას მართავენ, იმ მჩაგვრელი სისტემის ნაწილი არიან, რომელსაც ღმერთი მალე შეცვლის.

      ესაია წინასწარმეტყველი ასეთ მჩაგვრელებს სერიოზულ კითხვას უსვამს: „რას იზამთ იმ დღეს, როცა განგიკითხავენ და როცა შორიდან მოვა უბედურება?“ (ესაია 10:3). უსამართლო სისტემის განადგურებით იეჰოვა ბოლოს მოუღებს მათ.

      მაგრამ ღვთის მიზანი მხოლოდ მჩაგვრელების წინააღმდეგ ზომების მიღება არ არის. ის ჰპირდება სამართლიან ადამიანებს, რომ უსამართლობისგან თავისუფალ ქვეყნიერებაში იცხოვრებენ. სრულყოფილი მთავრობის მეშვეობით, ის საშუალებას მისცემს ადამიანებს, გათავისუფლდნენ სიღარიბისგან და დამაკმაყოფილებელი, სიხარულით აღსავსე ცხოვრება ჰქონდეთ. მაშინ წარმატებისთვის აღარ იქნება საჭირო დიდი მემკვიდრეობა, ნაცნობობა ან ბიზნესში დიდი გამჭრიახობის გამოვლენა. საიდან ვიცით, რომ ასეთი ცვლილებები ნამდვილად მოხდება?

      იეჰოვას მიერ კაცობრიობის მმართველად დანიშნული იესო ქრისტე ამ შესანიშნავ მომავალზე ლაპარაკობდა, როგორც „ხელახლა შექმნის“ დროზე (მათე 19:28). ამაში განახლება და ახალი ცხოვრების დაწყება იგულისხმება. იესომ ამ სიტყვებით აღნიშნა, რომ მოსიყვარულე შემოქმედი შესაძლებლობას აძლევს მართალ ადამიანებს, ისე იცხოვრონ, როგორც მას თავიდან ჰქონდა ჩაფიქრებული. ერთ-ერთი კურთხევა, რომელსაც კაცობრიობა იმ დროს ღვთისგან მიიღებს, არის გათავისუფლება ფინანსური პრობლემებისგან, რაც ბევრს ცხოვრებას უმძიმებს.

      ბიბლია იესო ქრისტეს მმართველობაზე წინასწარმეტყველებს: „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, იხსნის ღარიბთა სულებს. ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს და ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმუნი 72:12—14).

      თქვენც შეგიძლიათ გაიხაროთ ამ შესანიშნავი მომავლით. მაგრამ ღვთის მოთხოვნებს რომ შეესაბამებოდეთ და ახალ ქვეყნიერებაში იცხოვროთ, მნიშვნელოვანია ისწავლოთ, რა არის ჭეშმარიტი ღვთის ნება და შეასრულოთ ის. ღვთის სიტყვიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები. იცხოვრეთ იმ შესანიშნავი მომავლის მოლოდინით, რომელსაც ღმერთი კაცობრიობას ჰპირდება. თქვენი იმედი არ გაცრუვდება. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „ყოველთვის არ იქნება საწყალი დავიწყებული; არასოდეს გაქარწყლდება თვინიერთა იმედი“ (ფსალმუნი 9:18).

      [სქოლიო]

      a ფსალმუნის 35:10-დან და 113:7-დან ჩანს, თუ როგორ ზრუნავს ღმერთი გაჭირვებულებზე.

      [ჩანართი 9 გვერდზე]

      თქვენც შეგიძლიათ გაიხაროთ შესანიშნავი მომავლით.

      [ჩარჩო/სურათი 10 გვერდზე]

      გადავიდე საცხოვრებლად იქ, სადაც „უკეთესი ცხოვრებაა“?

      ღვთის სიტყვა არ კარნახობს ადამიანებს, სად იცხოვრონ ან სად იმუშაონ. მაგრამ ბიბლიის პრინციპები ეხმარება მათ იმის განსაზღვრაში, მიზანშეწონილია თუ არა ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა. დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე და მათთან დაკავშირებულ ბიბლიურ პრინციპებზე.

      1. ხომ არ მოქმედებს ჩემზე დაუსაბუთებელი ხმები? იგავების 14:15-ში ნათქვამია: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“. ერთმა მამაკაცმა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპიდან მდიდარ ქვეყანაში გადავიდა, თქვა: „გავიგე, რომ იქ ფული ხეებზე იზრდებოდა; დღემდე ვეძებ ამ ხეებს“.

      2. მაქვს გაწონასწორებული თვალსაზრისი ჩემი ოჯახის მოთხოვნილებებზე? ხომ არ მერევა ერთმანეთში ის, რაც გვჭირდება და რაც გვსურს? ოჯახისთავი ვალდებულია, მატერიალურად უზრუნველყოს ცოლ-შვილი (1 ტიმოთე 5:8). მაგრამ მამები ღვთის წინაშე პასუხისმგებლები არიან, რომ ბავშვები ზნეობრივად და სულიერად დამოძღვრონ (კანონი 6:6, 7; ეფესოელები 6:4). თუ ოჯახისთავი სამუშაოდ სხვაგან გადავა, შესაძლოა, მან უკეთ არჩინოს ოჯახი, მაგრამ ის ვერ შეძლებს შვილების ზნეობრივად და სულიერად დამოძღვრას, თუ მათ კვირების, თვეების ან წლების განმავლობაში ვერ ნახავს.

      3. ვაცნობიერებ, რომ დიდი ხნით წასვლა მე და ჩემს მეუღლეს მრუშობის ჩადენის საშიშროების წინაშე გვაყენებს? ღვთის სიტყვა დაქორწინებულებს ურჩევს, რომ ერთმანეთის სექსუალური მოთხოვნილებები გაითვალისწინონ (1 კორინთელები 7:5).

      4. შეგნებული მაქვს, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად ჩასვლამ შეიძლება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სერიოზული პრობლემები შემიქმნას? ჭეშმარიტი ქრისტიანები ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ ქვეყნის კანონებს (რომაელები 13:1—7).

      [სურათები 8, 9 გვერდებზე]

      იმის მიუხედავად, მდიდრები ვართ თუ ღარიბები, ბიბლიის პრინციპები ყველასთვის პრაქტიკულია.

      [სურათის საავტორო უფლება 7 გვერდზე]

      Top: © Trygve Bolstad/Panos Pictures

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება