-
‘უკეთესობის მახარობლები’საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ივლისი
-
-
‘უკეთესობის მახარობლები’
„რა მშვენიერია მთებზე მახარობლის . . . უკეთესობის მახარობლის . . . ფეხები“ (ესაია 52:7, აქ).
1, 2. ა) რა საშინელებები ხდება ყოველდღე? ბ) როგორ რეაგირებს მრავალი გამუდმებით ცუდი ახალი ამბების მოსმენაზე?
დღეს მსოფლიოს მოსახლეობა ცუდი ახალი ამბების ნიაღვარში იხრჩობა. ისინი რადიოს რთავენ და ისმენენ შემზარავ ინფორმაციას სასიკვდილო დაავადების შესახებ, რომელიც მთელი დედამიწის მოსახლეობას ემუქრება. ტელეეკრანებზე ახალ ამბებში ხედავენ შიმშილისგან ქანცგაცლილ ბავშვებს, რომლებიც შველას ითხოვენ. გაზეთებს იღებენ და კითხულობენ საცხოვრებელ სახლებში ბომბების აფეთქებისა და, შედეგად, უდანაშაულო ადამიანთა დახოცვის შესახებ.
2 დიახ, საშინელებები ყოველდღე ხდება. ამ ქვეყნიერების სცენა რადიკალურად იცვლება და უფრო და უფრო უარესდება (1 კორინთელები 7:31). დასავლეთ ევროპის ერთ–ერთი ჟურნალი, რომელშიც ახალი ამბები შუქდება, იუწყებოდა, რომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთელი მსოფლიო „ეს–ეს არის ცეცხლის ალში ჩაიფერფლება“. გასაკვირი არ არის, რომ დღითი დღე სულ უფრო მეტ ადამიანს აწუხებს შექმნილი მდგომარეობა. ახალი ამბების ტელეჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოკითხვისას, ერთ–ერთმა ადამიანმა სხვა მილიონების აზრიც გამოხატა, როდესაც თქვა: „ახალი ამბების ყურების შემდეგ თავს განადგურებულად ვგრძნობ. ერთ კარგ რამესაც კი ვერ მოისმენ. ეს ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს“.
ახალი ამბავი, რომლის მოსმენაც ყველას სჭირდება
3. ა) რა სასიხარულო ამბავს გვამცნობს ბიბლია? ბ) რატომ აფასებთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას?
3 ასეთ პირქუშ წუთისოფელში შეიძლება რაიმე უკეთესი ახალი ამბის მოსმენა? რა თქმა უნდა, დიახ! მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ბიბლია სასიხარულო ახალ ამბავს გვამცნობს. ეს არის ახალი ამბავი ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც მოსპობს ავადმყოფობას, შიმშილს, ბოროტმოქმედებას, ომსა და ყველა სახის ჩაგვრას (ფსალმუნები 45:10; 71:12). განა ამ ამბის მოსმენა ყველას არ სჭირდება? იეჰოვას მოწმეების აზრით, ეს აუცილებელია. ამიტომ მათ ყველგან იცნობენ იმით, რომ დაუღალავად ამცნობენ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ყველა ხალხს (მათე 24:14).
4. ჩვენი მსახურების რომელ მხარეებს განვიხილავთ ამ და მომდევნო სტატიებში?
4 მაშ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასე სერიოზული და მნიშვნელოვანი სასიხარულო ცნობის ქადაგება განვაგრძოთ იქაც კი, სადაც გამოხმაურება შედარებით ნაკლებია? (ლუკა 8:15). ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის სამი მნიშვნელოვანი მხარის მოკლედ განხილვა უდავოდ დაგვეხმარება ამ საკითხში. შეგვიძლია გამოვიკვლიოთ 1) ჩვენი მოტივები, ანუ რატომ ვქადაგებთ; 2) ჩვენი ცნობა, ანუ რას ვქადაგებთ და 3) ჩვენი მეთოდები, ანუ როგორ ვქადაგებთ. თუ მოტივები სუფთა გვექნება, ცნობა — ნათელი და მეთოდები — ეფექტური, მრავალ სხვადასხვაგვარ ადამიანს მივცემთ საუკეთესო სასიხარულო ცნობის — ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის — მოსმენის შესაძლებლობასa.
რატომ ვმონაწილეობთ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში
5. ა) უმთავრესად, რა აღგვძრავს, რომ ვიქადაგოთ? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ქადაგების შესახებ ბიბლიური მცნების შესრულება ღვთისადმი სიყვარულის გამოვლენაა?
5 განვიხილოთ ჩვენი მსახურების პირველი მხარე — ჩვენი მოტივები. რატომ ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას? იმავე მიზეზის გამო, რა მიზეზითაც იესო ქადაგებდა. მან თქვა: „მამა მიყვარს“ (იოანე 14:31; ფსალმუნები 39:9). უმთავრესად, ღვთისადმი სიყვარული აღგვძრავს, რომ ვიქადაგოთ (მათე 22:37, 38). ბიბლია ერთმანეთთან აკავშირებს ღვთისადმი სიყვარულსა და მსახურებას. მასში ნათქვამია: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“ (1 იოანე 5:3; იოანე 14:21). შედის ღვთის მცნებების დაცვაში ისიც, რომ ‘წავიდეთ და მოწაფეები მოვამზადოთ’? (მათე 28:19). დიახ. მართალია, ეს სიტყვები იესომ წარმოთქვა, მაგრამ, ფაქტობრივად, ისინი იეჰოვასგან მომდინარეობდა. როგორ? იესომ თქვა: „ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ“ (იოანე 8:28; მათე 17:5). ასე რომ, ქადაგების შესახებ მცნების შესრულებით, იეჰოვას ვაჩვენებთ, რომ გვიყვარს ის.
6. რა სხვადასხვა სახით აღგვძრავს ღვთის სიყვარული, რომ ვიქადაგოთ?
6 გარდა ამისა, იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს, ვიქადაგოთ იმიტომ, რომ გვსურს გავაქარწყლოთ ღვთის წინააღმდეგ მიმართული სატანის სიცრუე (2 კორინთელები 4:4). სატანამ ეჭვქვეშ დააყენა ღვთის მმართველობის სამართლიანობა (დაბადება 3:1—5). როგორც იეჰოვას მოწმეებს, მთელი გულით გვსურს, რომ მონაწილეობა მივიღოთ სატანის სიცრუის გამოაშკარავებასა და კაცობრიობის წინაშე ღვთის სახელის განწმენდაში (ესაია 43:10—12). გარდა ამისა, მსახურებაში იმიტომ ვმონაწილეობთ, რომ გავიგეთ იეჰოვას თვისებები და გავეცანით მის გზებს. ჩვენ ღმერთთან ახლო ურთიერთობა გვაქვს და ძალიან გვინდა, მის შესახებ სხვებსაც მოვუთხროთ. იეჰოვას სიკარგესა და სამართლიანობას ჩვენთვის იმდენად დიდი სიხარული მოაქვს, რომ არ შეგვიძლია მასზე სხვებს არ ველაპარაკოთ (ფსალმუნები 144:7—12). გვინდა, რომ ხოტბა შევასხათ ღმერთს და მისი „აღმატებულობის შესახებ“ ვისაუბროთ იმ ადამიანებთან, ვინც მოგვისმენს (1 პეტრე 2:9; ესაია 43:21).
7. ღვთის სიყვარულის გარდა, კიდევ რა მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ვმონაწილეობთ სამქადაგებლო საქმიანობაში?
7 არის კიდევ სხვა მიზეზი, რის გამოც განვაგრძობთ მსახურებაში მონაწილეობას — ჩვენ გულწრფელად გვსურს, ვანუგეშოთ ხალხი, რომლებიც ცუდი ახალი ამბების ნიაღვარში იხრჩობიან და, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო იტანჯებიან. ამით ვცდილობთ, მივბაძოთ იესოს. მაგალითად, ნახეთ, თუ რა არის აღწერილი მარკოზის მე–6 თავში.
8. მარკოზის მე–6 თავის თანახმად, რას გრძნობდა იესო ხალხის მიმართ?
8 მოციქულები სამქადაგებლო საქმიანობიდან ბრუნდებიან და იესოს უყვებიან, რა გააკეთეს და, რას ასწავლიდნენ. იესო ხედავს, რომ მოციქულები დაღლილები არიან და ეუბნება, რომ მასთან ერთად სადმე წავიდნენ და ‘ცოტა დაისვენონ’. ისინი ადიან ნავზე და განმარტოებული ადგილისკენ მიემართებიან. ხალხი მათ მიჰყვება — სანაპიროს გასწვრივ მისდევენ — და მალე ეწევიან კიდეც. რას აკეთებს იესო? „იესომ უამრავი ხალხი დაინახა და გული დაეწვა მათ გამო, — გვამცნობს სახარება, — რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და მრავალი რამის სწავლება დაუწყო მათ“ (მარკოზი 6:31—34). იესოს გული ეწვება ანუ მას სიბრალული აღძრავს, რომ დაღლილობის მიუხედავად, სასიხარულო ცნობა გაუზიაროს ხალხს. ცხადია, იესო მთელი გულით თანაუგრძნობს ამ ადამიანებს. მას გული შესტკივა მათთვის.
9. რას ვსწავლობთ მარკოზის მე–6 თავიდან მსახურებასთან დაკავშირებით სწორი მოტივის შესახებ?
9 რას ვსწავლობთ ამ ცნობიდან? როგორც ქრისტიანები, თავს ვალდებულად ვგრძნობთ, სასიხარულო ცნობა ვიქადაგოთ და მოწაფეები მოვამზადოთ. გვესმის, რომ გვაკისრია პასუხისმგებლობა, ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა, რადგან ღვთის ნებაა, „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს“ (1 ტიმოთე 2:4). მაგრამ ჩვენ არა მარტო ვალდებულების გამო ვქადაგებთ, არამედ თანაგრძნობის გამოც. თუ იესოს მსგავსად ძალიან გვებრალება ხალხი, გული აღგვძრავს, რომ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი გავაკეთოთ მათთვის სასიხარულო ცნობის გასაზიარებლად (მათე 22:39). ასეთი კარგი მოტივები აღგვძრავს, ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა და ქადაგების ტემპი არ შევანელოთ.
ჩვენი ცნობა — ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ახალი ამბავი
10, 11. ა) როგორ აღწერს ესაია ცნობას, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ? ბ) როგორ იყო იესო „უკეთესობის მახარობელი“ და როგორ ბაძავენ ღვთის დღევანდელი მსახურები იესოს მაგალითს?
10 რა შეიძლება ითქვას ჩვენი მსახურების მეორე მხარეზე — ჩვენს ცნობაზე? რას ვქადაგებთ? წინასწარმეტყველმა ესაიამ ასე ლამაზად აღწერა ცნობა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ: «რა მშვენიერია მთებზე მახარობლის, მშვიდობის გამომცხადებლის, უკეთესობის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის ფეხები, მისი, ვინც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!“» (ესაია 52:7, აქ).
11 ამ მუხლიდან მნიშვნელოვანი გამოთქმა „გამეფდა შენი ღმერთი“, შეგვახსენებს, თუ რა ცნობა უნდა ვიქადაგოთ — ეს არის სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ (მარკოზი 13:10). აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ, თუ რა დადებით მომენტებზეა ამ მუხლში საუბარი. ესაია იყენებს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ხსნა“, „მახარობელი“, „მშვიდობა“ და „უკეთესობის მახარობელი“. ესაიას დროიდან საუკუნეების შემდეგ, ახ. წ. პირველ საუკუნეში, ეს წინასწარმეტყველება განსაკუთრებული სახით შესრულდა იესო ქრისტეზე. მან უკეთესობის მახარობლობის — ღვთის მომავალი სამეფოს შესახებ გულმოდგინედ ქადაგების — შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა (ლუკა 4:43). დღეს, განსაკუთრებით 1919 წლიდან, იეჰოვას მოწმეები ბაძავენ იესოს მაგალითს და ღვთის უკვე დამყარებული სამეფოსა და ამ სამეფოს მიერ მოტანილი კურთხევების შესახებ გულმოდგინედ ქადაგებენ.
12. რა გავლენას ახდენს სამეფოს შესახებ ცნობა იმ ადამიანებზე, რომლებიც დადებითად ეხმაურებიან მას?
12 რა გავლენას ახდენს სამეფოს შესახებ ცნობა იმ ადამიანებზე, რომლებიც დადებითად ეხმაურებიან მას? დღეს, ისევე როგორც იესოს დღეებში, სასიხარულო ცნობა იმედის მომცემი და მანუგეშებელია (რომაელები 12:12; 15:4). ის სუფთა გულის მქონე ადამიანებს იმედს უნერგავს, რადგან ისინი იგებენ, რომ არსებობს მტკიცე საფუძველი, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ წინ უკეთესი მომავლი ელით (მათე 6:9, 10; 2 პეტრე 3:13). ასეთი იმედი ღვთისმოშიშ ადამიანებს ძალიან ეხმარება, მომავალს ოპტიმისტურად უყურონ. ფსალმუნმომღერალი ამბობს, რომ მათ ‘ცუდი ამბისაც კი არ შეეშინდებათ’ (ფსალმუნები 111:1, 7).
ცნობა „გულშემუსვრილთა განსაკურნებლად“
13. როგორ აღწერს წინასწარმეტყველი ესაია იმ კურთხევებს, რომლებიც სასიხარულო ცნობის მიღებას მოჰყვება მაშინვე?
13 გარდა ამისა, სასიხარულო ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ, მაშინვე მოაქვს შვება და კურთხევები მათთვის, ვინც ყურად იღებს მას. როგორ? ზოგ კურთხევაზე მიუთითებდა წინასწარმეტყველი ესაია. ის წერდა: „სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად. გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა“ (ესაია 61:1, 2, სსგ; ლუკა 4:16—21).
14. ა) სამეფოს ცნობასთან დაკავშირებით რაზე მიანიშნებს გამოთქმა „გულშემუსვრილთ განკურნავს“? ბ) როგორ ვბაძავთ იეჰოვას გულშემუსვრილთა მიმართ მზრუნველობის გამოვლენაში?
14 ამ წინასწარმეტყველების თანახმად, სასიხარულო ცნობის ქადაგებით იესო ‘გულშემუსვრილთ კურნავდა’. მართლაც რა გამომხატველობითი ენა გამოიყენა ესაიამ! ბიბლიის ერთ–ერთი ლექსიკონის თანახმად, «„განკურნებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ხშირად ნახვევის დადების და ამგვარად ჭრილობის მკურნალობისა და განკურნების გამოსახატავად გამოიყენებოდა». მზრუნველი მედდა პაციენტს სხეულის დაზიანებულ ნაწილზე ნახვევს (დამწოლი ნახვევი) ადებს, რათა დაეხმაროს მას. მსგავსი სახით, სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებისას, მზრუნველი მქადაგებელი ეხმარება ყველას, ვინც დადებითად ეხმაურება ამ ცნობას და ამ წუთისოფელში ამა თუ იმ სახით იტანჯება. ამ ადამიანთათვის დახმარების აღმოჩენით ისინი იეჰოვას ბაძავენ მზრუნველობაში (ეზეკიელი 34:15, 16). ფსალმუნმომღერალი ღვთის შესახებ ამბობს: „განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ“ (ფსალმუნები 146:3).
რაში ეხმარება ადამიანებს სამეფოს შესახებ ცნობა
15, 16. რომელი შემთხვევები ცხადყოფს, რომ სამეფოს შესახებ ცნობა ეხმარება და განამტკიცებს რთულ მდგომარეობაში მყოფთ?
15 მრავალი შემთხვევა ცხადყოფს, რომ სამეფოს შესახებ ცნობა ნამდვილად ეხმარება და განამტკიცებს გულშემუსვრილთ ანუ გულდამძიმებულთ. განვიხილოთ ორიანას, ერთი სამხრეთ ამერიკელი ხანდაზმული ქალის, შემთხვევა, რომელსაც სიცოცხლე მობეზრებული ჰქონდა. მასთან სიარული დაიწყო იეჰოვას მოწმემ, რომელიც ორიანას უკითხავდა ბიბლიას და წიგნს „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“b. თავიდან დეპრესიაში მყოფი ეს ქალი კითხვას საწოლში მწოლიარე, თვალებდახუჭული უსმენდა და მხოლოდ დროდადრო ახელდა თვალებს. მაგრამ მალე ქალი ცდილობდა, წამომჯდარიყო და ისე ესმინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის ბიბლიის მასწავლებელს სასტუმრო ოთახში სკამზე მჯდარი ელოდებოდა. ამ ქალმა მალე სამეფო დარბაზში ქრისტიანული კრების შეხვედრებზეც დაიწყო დასწრება. ამ შეხვედრებზე ნასწავლით გამხნევებული ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობდა ყველას, ვინც მის სახლთან ჩაივლიდა. ორიანა 93 წლის ასაკში მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. სამეფოს შესახებ ცნობამ მას კვლავ გაუღვიძა სიცოცხლის სურვილი (იგავები 15:30; 16:24).
16 სამეფოს ცნობა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს მათაც, ვინც იცის, რომ ავადმყოფობის გამო მალე მოკვდება. ავიღოთ, მაგალითად, დასავლეთ ევროპელი მარიას შემთხვევა. ის განუკურნებელი სენით იყო დაავადებული და ყოველგვარი იმედი ჰქონდა გადაწურული. მარია ღრმა დეპრესიაში იყო, როცა იეჰოვას მოწმეებს შეხვდა. მაგრამ, როდესაც ღვთის განზრახვების შესახებ შეიტყო, მის სიცოცხლეს კვლავ მიეცა აზრი. ის მოინათლა და აქტიურად დაიწყო ქადაგება. სიცოცხლის ბოლო ორი წლის განმავლობაში ის იმედითა და სიხარულით თვალებგაბრწყინებული დადიოდა. სიკვდილამდე მარიას მკვდრეთით აღდგომის მტკიცე იმედი ჰქონდა (რომაელები 8:38, 39).
17. ა) რა სასიკეთო ცვლილებები შეაქვს სამეფოს შესახებ ცნობას იმ ადამიანთა ცხოვრებაში, რომლებიც დადებითად ეხმაურებიან მას? ბ) პირადად თქვენ, რა მხრივ გამოსცადეთ, რომ იეჰოვა არის „გამმართავი ყველა წელში მოხრილისა“?
17 ასეთი შემთხვევები იმის დამადასტურებელია, რომ სამეფოს შესახებ ცნობა სასიკეთოდ მოქმედებს იმ ადამიანთა ცხოვრებაზე, რომლებიც ბიბლიურ ჭეშმარიტებას არიან მოწყურებულნი. ისინი, ვისაც საყვარელი ადამიანი ჰყავს გარდაცვლილი, ძალების მოზღვავებას გრძნობენ, როდესაც მკვდრეთით აღდგომის შესახებ იგებენ (1 თესალონიკელები 4:13). ადამიანებს, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და ოჯახის სარჩენად წელებზე ფეხს იდგამენ, საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობა და სიმხნევე უბრუნდებათ, როდესაც იგებენ, რომ, სანამ იეჰოვასადმი ერთგულები არიან, ის არასოდეს მიატოვებს მათ (ფსალმუნები 36:28). მრავალი, ვინც დეპრესიაშია, იეჰოვას დახმარებით თანდათანობით ამ დაავადებასთან გასამკლავებელ ძალას იკრებს და ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სრულიად იკურნება (ფსალმუნები 39:2, 3). მართლაც, თავისი სიტყვის მეშვეობით გადმოცემული ძალის დახმარებით, იეჰოვა დღესვე არის „გამმართავი ყველა წელში მოხრილისა“ (ფსალმუნები 144:14). როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ანუგეშებს სამეფოს შესახებ ცნობა ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ გულდამძიმებულ ადამიანებსა და ქრისტიანული კრების წევრებს, ამით ისევ და ისევ გვეძლევა შეხსენება, რომ ჩვენ დღეს საუკეთესო ცნობას ვამცნობთ ხალხს! (ფსალმუნები 51:17, აქ [50:19]).
„ვევედრები ღმერთს მათთვის“
18. როგორ მოქმედებდა პავლეზე ის ფაქტი, რომ იუდეველები არ იღებდნენ სასიხარულო ცნობას და რატომ?
18 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცნობა საუკეთესო ახალი ამბების შემცველია, მრავალი არ იღებს მას. როგორ შეიძლება ამან ჩვენზე იმოქმედოს? ისევე, როგორც მოციქულ პავლეზე. ის ხშირად ქადაგებდა იუდეველებთან, მაგრამ უმრავლესობა მათგანი არ იღებდა ხსნის შესახებ ცნობას. ეს ძალიან მოქმედებდა პავლეზე. მან გულახდილად თქვა: „დიდი მწუხარება და გაუყუჩებელი ტკივილი მაქვს გულში“ (რომაელები 9:2). პავლეს ებრალებოდა იუდეველები. მას ამწუხრებდა ის ფაქტი, რომ ისინი სასიხარულო ცნობას არ იღებდნენ.
19. ა) რატომ არის გასაგები, რომ ზოგჯერ გულისტკივილს ვგრძნობთ? ბ) რა დაეხმარა პავლეს, განეგრძო ქადაგება?
19 ჩვენც ხალხისადმი სიბრალულის გამო ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას. ამიტომ გასაგებია, თუ რატომ ვგრძნობთ გულისტკივილს, როდესაც მრავალი არ იღებს სამეფოს შესახებ ამ ცნობას. ამგვარი რეაქცია იმის მაჩვენებელია, რომ ნამდვილად ვართ იმ ადამიანების სულიერი კეთილდღეობით დაინტერესებულნი, რომლებსაც ვუქადაგებთ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს მოციქულ პავლეს მაგალითი. რა დაეხმარა მას სამქადაგებლო საქმიანობის გაგრძელებაში? იუდეველთა უმეტესობამ არ მიიღო სასიხარულო ცნობა და ეს ამწუხრებდა და ტკივილს აყენებდა მოციქულს, მაგრამ მას ხელი არ ჩაუქნევია ყველა იუდეველზე და არ უფიქრია, რომ მათ აღარაფერი ეშველებოდათ. ის იმედოვნებდა, რომ იუდეველებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მიიღებდნენ ქრისტეს. ამიტომ ცალკეული იუდეველის მიმართ თავისი გრძნობა პავლემ ასე გამოხატა: „ძმებო, გულით მსურს და ვევედრები ღმერთს მათთვის, რომ გადარჩნენ“ (რომაელები 10:1).
20, 21. ა) როგორ შეიძლება მსახურებისას პავლეს მაგალითს მივბაძოთ? ბ) ჩვენი მსახურების რომელ მხარეს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
20 ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლე ორ მნიშვნელოვან რამეს მოიხსენიებს — თავის გულისწადილს, რომ ცალკეული პიროვნებები გადარჩნენ, და ამისათვის ღმერთს მიმართავს თხოვნით. დღეს ჩვენ ვბაძავთ პავლეს მაგალითს. ჩვენ ვინარჩუნებთ გულითად სურვილს, ვიპოვოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც სასიხარულო ცნობისადმი სწორად არიან განწყობილნი. აგრეთვე ლოცვით მივმართავთ იეჰოვას და ვთხოვთ, გვაპოვნინოს ასეთი ადამიანები, რათა დავეხმაროთ მათ, ხსნამდე მიმყვან გზას დაადგნენ (იგავები 11:30; ეზეკიელი 33:11; იოანე 6:44).
21 მაგრამ იმისათვის, რომ სამეფოს შესახებ ცნობა რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ვამცნოთ, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ არა მარტო იმას, თუ რატომ და რას ვქადაგებთ, არამედ იმასაც, თუ როგორ ვქადაგებთ. ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.
[სქოლიოები]
a ამ სტატიაში განვიხილავთ ჩვენი მსახურების პირველ ორ მხარეს, მომდევნოში კი — მესამეს.
b გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
-
-
სასიხარულო ცნობა ყველა ხალხისთვისსაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ივლისი
-
-
სასიხარულო ცნობა ყველა ხალხისთვის
„იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8).
1. როგორც ბიბლიის მასწავლებლები, რას ვაქცევთ ყურადღებას და რატომ?
დახელოვნებული მასწავლებლები ყურადღებას აქცევენ არა მარტო იმას, თუ რას ეუბნებიან მოსწავლეებს, არამედ იმასაც, თუ როგორ ეუბნებიან. როგორც ბიბლიური ჭეშმარიტების მასწავლებლები, ჩვენც ასევე ვიქცევით და ყურადღებას ვაქცევთ არა მარტო ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ, არამედ იმასაც, თუ რა მეთოდებს ვიყენებთ. სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უცვლელია, მაგრამ ზოგჯერ ქადაგების მეთოდებს ვცვლით მდგომარეობის შესაბამისად. რატომ? იმიტომ რომ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვამცნოთ ეს ცნობა.
2. ვის ვბაძავთ, როდესაც ქადაგების მეთოდებს მდგომარეობის შესაბამისად ვცვლით?
2 ქადაგების მეთოდების მდგომარეობისთვის მორგებით ღვთის ძველი დროის მსახურებს ვბაძავთ. განვიხილოთ, მაგალითად, მოციქულ პავლეს შემთხვევა. მან თქვა: „იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი . . . კანონის უქონელთათვის კანონის უქონელი გავხდი . . . სუსტებისთვის სუსტი გავხდი, რათა სუსტები შემეძინა; ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი“ (1 კორინთელები 9:19—23). მდგომარეობის შესაბამისად ამგვარად მოქმედებამ კარგი ნაყოფი გამოიღო. ჩვენც კარგ შედეგებს მივაღწევთ, თუ გულისხმიერებას გამოვავლენთ და შეთავაზებებს ისე შევცვლით, რომ მისაღები იყოს იმ კონკრეტული ადამიანისთვის, ვისაც ვესაუბრებით.
‘დედამიწის ყველა კიდემდე’
3. ა) რა სირთულეს ვაწყდებით ქადაგებასთან დაკავშირებით? ბ) როგორ სრულდება ესაიას 45:22-ში ჩაწერილი სიტყვები დღეს?
3 ძირითადი სირთულე, რომელსაც სასიხარულო ცნობის მქადაგებლები აწყდებიან, ტერიტორიის სიდიდეა — მათ „მთელ მსოფლიოში“ უნდა იქადაგონ (მათე 24:14). გასული საუკუნის განმავლობაში იეჰოვას მრავალი მსახური დიდ ძალისხმევას ახმარდა სასიხარულო ცნობის ისეთ ტერიტორიებზე ქადაგებას, სადაც ეს ცნობა გავრცელებული არ იყო. რა ნაყოფი გამოიღო ამან? ეს ცნობა მთელ მსოფლიოს ემცნო. XX საუკუნის დასაწყისში ქადაგება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობდა, მაგრამ დღეს იეჰოვას მოწმეები აქტიურად მოღვაწეობენ 235 ქვეყანაში! მართლაც, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ყველგან — ‘დედამიწის ყველა კიდემდე’ — ისმის (ესაია 45:22).
4, 5. ა) ვინ ასრულებს მნიშვნელოვან როლს სასიხარულო ცნობის გავრცელებაში? ბ) რა თქვა ზოგიერთმა ფილიალმა იმ მქადაგებლების შესახებ, რომლებიც უცხოეთიდან ჩავიდნენ და მათ ტერიტორიაზე მსახურობენ?
4 რით არის განპირობებული ასე დიდი წარმატება? მრავალი რამით. ამაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მიერ მისიონერების მომზადებამ და მსახურებაში დახელოვნების სკოლის მიერ 20 000 კურსდამთავრებულის გამოშვებამ; ასევე მრავალი მოწმის მიერ საკუთარი ხარჯებით იმ ქვეყნებში გადასვლამ, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. თავგანწირვის სულისკვეთების მქონე ასეთი ქრისტიანები — კაცები თუ ქალები, ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები, დაუქორწინებლები თუ დაქორწინებულები — მთელ დედამიწაზე სამეფოს შესახებ ქადაგებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ (ფსალმუნები 109:3; რომაელები 10:18). მათ ძალიან აფასებენ. აი, რას წერს ზოგიერთი ფილიალი მათ შესახებ, რომლებიც საზღვარგარეთ საქადაგოდ წავიდნენ იმ ქვეყნებში, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა.
5 „ეს ძვირფასი მოწმეები აქტიურად ქადაგებენ დაშორებულ ტერიტორიებზე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ახალი კრებების ჩამოყალიბებასა და ადგილობრივი ძმებისა თუ დების სულიერ ზრდაში“ (ეკვადორი). „აქ მომსახურე ასობით უცხოელი თუ დატოვებდა ქვეყანას, ეს კრებების სტაბილურობაზე იქონიებდა გავლენას. დიდი კურთხევაა, რომ ისინი ჩვენთან არიან“ (დომინიკელთა რესპუბლიკა). „ჩვენს კრებებში უმრავლესობა, ზოგჯერ 70 პროცენტი, დები არიან (ფსალმუნები 67:12). მათი უმეტესობა ჭეშმარიტებაში ახლები არიან, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დაუქორწინებელი პიონერი დები ფასდაუდებელ დახმარებას უწევენ მათ და გამოცდილებას უზიარებენ. უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ეს დები მართლაც რომ დიდი საჩუქარია ჩვენთვის!“ (აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა). გიფიქრიათ ოდესმე სხვა ქვეყანაში მსახურებაზე?a (საქმეები 16:9, 10).
„ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან“
6. როგორ მიუთითებს ზაქარიას 8:23, რომ ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა ენობრივი ბარიერით შექმნილ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული?
6 სხვა დიდ სირთულეს ქმნის ენათა სიმრავლე, რომლებზედაც დედამიწის ზურგზე ლაპარაკობენ. ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებია: „იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). ამ წინასწარმეტყველების თანამედროვე შესრულებაში ათი კაცი გამოცხადების 7:9-ში ნაწინასწარმეტყველებ უამრავ ხალხს წარმოადგენს. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ ზაქარიას წინასწარმეტყველების თანახმად, „ათი კაცი“ იქნებოდა არა მარტო ყოველი ერიდან, არამედ „ყოველი ენის“ ხალხიდანაც. ვხედავთ აღნიშნული წინასწარმეტყველების ამ მნიშვნელოვანი მომენტის შესრულებას? რა თქმა უნდა.
7. რა სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ „ყოველი ენის“ ხალხს ემცნობა სასიხარულო ცნობა?
7 ვნახოთ ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი. 50 წლის წინათ ჩვენი ლიტერატურა 90 ენაზე გამოიცემოდა. დღეს ამ რიცხვმა 400-ს გადააჭარბა. „ერთგული და გონიერი მონა“ ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ლიტერატურა გამოიცეს ისეთ ენებზეც კი, რომლებზეც შედარებით მცირერიცხოვანი ხალხი ლაპარაკობს (მათე 24:45). მაგალითად, ბიბლიური ლიტერატურა ახლა ხელმისაწვდომია ისეთ ენებზე, როგორიცაა გრენლანდიური (ამ ენაზე ლაპარაკობს 47 000 ადამიანი), პალაუ (ამ ენაზე ლაპარაკობს 15 000 ადამიანი) და იაპისი (ამ ენაზე ლაპარაკობს 7 000-ზე ნაკლები ადამიანი).
ახალი შესაძლებლობის „დიდი კარი“
8, 9. რამ გაგვიხსნა „დიდი კარი“ და როგორ გამოეხმაურა ამას ათასობით მოწმე?
8 იმისათვის, რომ დღეს ყოველი ენის ხალხს ვამცნოთ სასიხარულო ცნობა, შეიძლება, საზღვარგარეთ წასვლა არ დაგვჭირდეს. ბოლო წლებში ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში მილიონობით იმიგრანტი და ლტოლვილი ჩავიდა, რის გამოც იქ მრავალ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებმა მოიყარეს თავი. მაგალითად, პარიზში (საფრანგეთი) დაახლოებით 100 ენაზე ლაპარაკობენ. ტორონტოში (კანადა) ეს მაჩვენებელი 125-ია, ხოლო ლონდონში (ინგლისი) 300-ზე მეტი. სხვა ქვეყნებიდან მოსულ ამ ადამიანთა არსებობა მრავალ კრებას ყველა ერის ხალხისთვის სასიხარულო ცნობის ქადაგების ახალი შესაძლებლობის „დიდ კარს“ უხსნის (1 კორინთელები 16:9).
9 ათასობით მოწმე სასიხარულო ცნობის ყველა ხალხისთვის გასაზიარებლად უცხო ენას სწავლობს. უმეტესობა მათგანისთვის ეს რთულია, მაგრამ გაწეული ძალისხმევა ამაო არ არის — დიდი სიხარული მოაქვს იმიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის ღვთის სიტყვაში მოცემული ჭეშმარიტების გადაცემას. გასულ წელს დასავლეთ ევროპის ერთ ქვეყანაში საოლქო კონგრესებზე მონათლულთა 40 პროცენტი უცხოელი იყო.
10. როგორ იყენებთ ბროშურას „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“? (იხილეთ ჩარჩო «ბროშურის „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“ სასარგებლო მხარეები», გვერდი 26).
10 მართალია, უმეტესობა ჩვენგანს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უცხო ენა ისწავლოს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ახალი ბროშურის „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“b გამოყენებით დავეხმაროთ იმიგრანტებს. ამ ბროშურაში მრავალ ენაზეა მოცემული მიმზიდველი ბიბლიური ცნობა (იოანე 4:37). იყენებთ მას მსახურებისას?
როდესაც ხალხის გამოხმაურება არასახარბიელოა
11. კიდევ რა სირთულეს ვაწყდებით ზოგ ტერიტორიაზე?
11 დედამიწაზე სატანის გავლენის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით კიდევ ერთ სირთულეს — ზოგ ტერიტორიაზე ხალხი ნაკლებად ეხმაურება სასიხარულო ცნობას. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რადგან იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ასეთი მდგომარეობა იქნებოდა. ჩვენი დღეების შესახებ საუბრისას, მან აღნიშნა: „მრავალს სიყვარული გაუნელდება“ (მათე 24:12). მართლაც, მრავალს გაუნელდა ღვთისადმი რწმენა და ბიბლიისადმი პატივისცემა (2 პეტრე 3:3, 4). შედეგად, მსოფლიოს ზოგ ნაწილში ხალხი შედარებით ნაკლებად ხდება ქრისტეს მოწაფე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაოა ჩვენი ძვირფასი ქრისტიანი ძმებისა და დების შრომა, რომლებიც ერთგულად ქადაგებენ ასეთ ტერიტორიებზე (ებრაელები 6:10). რატომ ვამბობთ ასე? განვიხილოთ შემდეგი რამ.
12. რა ორ მიზანს ემსახურება ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა?
12 მათეს სახარებაში ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის ორ ძირითად მიზანზე მახვილდება ყურადღება. ერთი ის არის, რომ ‘მოწაფეებად მოვამზადოთ ხალხი ყველა ერიდან’ (მათე 28:19). მეორე კი სამეფოს შესახებ ცნობის ყველას წინაშე ‘დამოწმებაა’ (მათე 24:14). ორივე მიზანი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი საყურადღებოა მეორე. რატომ?
13, 14. ა) რა არის იმის განსაკუთრებული ნიშანი, რომ ქრისტე მოსულია? ბ) რა უნდა გვახსოვდეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთ ტერიტორიაზე ვქადაგებთ, სადაც გამოხმაურება ნაკლებია?
13 მათემ, ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, მოიყვანა კითხვა, რომელიც მოციქულებმა იესოს დაუსვეს: „რა იქნება იმის ნიშანი, რომ მოსული ხარ“? (მათე 24:3). პასუხში იესომ აღნიშნა, რომ ამ ნიშნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მსოფლიო მასშტაბით ქადაგება იქნებოდა. ლაპარაკობდა ის აქ მოწაფეების მომზადებაზე? არა. მან თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათე 24:14). ამგვარად იესომ ცხადყო, რომ სამეფოს შესახებ ქადაგება იქნებოდა ამ ნიშნის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.
14 ამიტომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისას, გვახსოვს, რომ მაშინაც კი, როდესაც ყოველთვის ვერ ვამზადებთ მოწაფეებს, ‘დამოწმების’ საქმეს ვასრულებთ. მიუხედავად იმისა, თუ როგორია ხალხის გამოხმაურება, მათ იციან, რას ვაკეთებთ ჩვენ; ამგვარად კი იესოს წინასწარმეტყველების შესრულებაში ვიღებთ მონაწილეობას (ესაია 52:7; გამოცხადება 14:6, 7). ჯორდიმ, დასავლეთ ევროპელმა ახალგაზრდა მოწმემ, აღნიშნა: „ბედნიერი ვარ იმით, რომ იეჰოვა მიყენებს და მონაწილეობას ვიღებ მათეს 24:14-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულებაში“ (2 კორინთელები 2:15—17). დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენც იზიარებთ ამ გრძნობას.
როდესაც ჩვენს ცნობას ეწინააღმდეგებიან
15. ა) რის შესახებ გააფრთხილა იესომ თავისი მიმდევრები? ბ) რა გვაძლევს ძალას, რომ, წინააღმდეგობის მიუხედავად, ვიქადაგოთ?
15 სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელებისას კიდევ ერთ სირთულეს ვაწყდებით — სხვების მხრიდან ცუდ დამოკიდებულებას. იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა: „შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:9). პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, დღეს იესოს მიმდევრები სიძულვილს, წინააღმდეგობასა და დევნას აწყდებიან (საქმეები 5:17, 18, 40; 2 ტიმოთე 3:12; გამოცხადება 12:12, 17). ზოგ ქვეყანაში მათი მოღვაწეობა მთავრობის მიერ აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ღვთისადმი მორჩილების გამოვლენის სურვილით აღძრული ჭეშმარიტი ქრისტიანები განაგრძობენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას (ამოსი 3:8; საქმეები 5:29; 1 პეტრე 2:21). რის დახმარებით აკეთებენ ისინი, და მთელ მსოფლიოში სხვა მოწმეები, ამას? იეჰოვა აძლევს მათ ძალას თავისი წმინდა სულის საშუალებით (ზაქარია 4:6; ეფესოელები 3:16; 2 ტიმოთე 4:17).
16. როგორ ცხადყო იესომ სამქადაგებლო საქმიანობასა და ღვთის სულს შორის კავშირის არსებობა?
16 იესომ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა მჭიდრო კავშირი არსებობს ღვთის წმინდა სულსა და სამქადაგებლო საქმიანობას შორის. მან თქვა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8; გამოცხადება 22:17). ამ მუხლში მნიშვნელოვანია ის, თუ რა თანმიმდევრობით არის მოვლენები ჩამოთვლილი. მოწაფეებმა ჯერ წმინდა სული მიიღეს და შემდეგ დაიწყეს გლობალური მასშტაბით ქადაგება. მხოლოდ ღვთის წმინდა სულის დახმარებით ექნებოდათ მათ იმის ძალა, რომ მოთმინებით განეგრძოთ ‘ყველა ხალხისთვის ქადაგება’ (მათე 24:13, 14; ესაია 61:1, 2). ამიტომ იესომ მართებულად მოიხსენია წმინდა სული ‘დამხმარედ’ (იოანე 15:26). მან თქვა, რომ ღვთის სული ასწავლიდა და უხელმძღვანელებდა მოწაფეებს (იოანე 14:16, 26; 16:13).
17. როგორ გვეხმარება წმინდა სული, როდესაც სასტიკად გვდევნიან?
17 როგორ გვეხმარება დღეს ღვთის წმინდა სული, როდესაც სასიხარულო ცნობის ქადაგებისას დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებით? ღვთის სული გვაძლიერებს ჩვენ და წინააღმდეგობას უწევს მათ, ვინც გვდევნის. ამის თვალსაჩინოდ დასანახავად, განვიხილოთ მეფე საულის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენა.
ღვთის წმინდა სულის წინააღმდეგობა
18. ა) როგორ შეიცვალა რადიკალურად დადებითიდან უარყოფითისკენ საული? ბ) რა მეთოდებს მიმართავდა საული დავითის დევნის დროს?
18 საულმა ისრაელზე მეფობა კარგად დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით იეჰოვას ურჩი გახდა (1 მეფეთა 10:1, 24; 11:14, 15; 15:17—23). შედეგად, ღმერთი თავისი სულით აღარ ეხმარებოდა მას. საული დავითის მიმართ საშინელმა რისხვამ შეიპყრო, დავითისა, რომელიც მის შემდგომ მეფედ იყო ცხებული და ღვთის სულის მხარდაჭერა ჰქონდა (1 მეფეთა 16:1, 13, 14). ერთი შეხედვით, დავითის ხელში ჩაგდება საკმაოდ ადვილი საქმე იყო. დავითს ხელში მხოლოდ არფა ეჭირა, საულს კი — შუბი. ასე რომ, ერთ დღეს, როდესაც დავითი არფაზე უკრავდა, „ისროლა საულმა შუბი, იფიქრა, კედელს მივაგმირავო დავითს, მაგრამ ორგზის გაუსხლტა მას დავითი“ (1 მეფეთა 18:10, 11). ამის შემდეგ მან მოუსმინა თავის შვილს, იონათანს, რომელიც დავითის მეგობარი იყო, და დაიფიცა: „უფალს ვფიცავ, არ მოკვდება [დავითი]“. შემდეგ კი საულს კვლავ უნდოდა „კედელზე მიეგმირა შუბით, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელს მოხვდა შუბი“. დავითი გაიქცა, საული კი გამოუდგა. იმ მნიშვნელოვან მომენტში, ღვთის სული საულის წინააღმდეგ იყო. როგორ? (1 მეფეთა 19:6, 10).
19. როგორ დაიცვა ღმერთმა თავისი წმინდა სულით დავითი?
19 დავითი წინასწარმეტყველ სამუელთან გაიქცა, საულმა კი თავისი კაცები გაგზავნა მის შესაპყრობად. მაგრამ, როდესაც ისინი იმ ადგილას მივიდნენ, სადაც დავითი იმალებოდა, „ღვთის სულით აივსნენ ისინი და გაწინასწარმეტყველდნენ“. ისინი იმდენად მოიცვა ღვთის წმინდა სულმა, რომ სრულიად დაავიწყდათ მათთვის დაკისრებული დავალება. საულმა კიდევ ორჯერ გაგზავნა კაცები დავითის დასაბრუნებლად, მაგრამ ორივეჯერ იგივე მოხდა. ბოლოს მეფე საული თვითონ წავიდა დავითთან, მაგრამ ვერც მან შეძლო ღვთის წმინდა სულისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამ სულის გავლენით ის „ეგდო მიწაზე მთელი დღე და მთელი ღამე“, რამაც დავითს გაქცევისთვის საკმარისი დრო მისცა (1 მეფეთა 19:20—24).
20. რას გვანახვებს საულის მიერ დავითის დევნის შესახებ ცნობა?
20 საულისა და დავითის შესახებ ეს ცნობა განგვამტკიცებს, რადგან აქედან ჩანს, რომ ღვთის მსახურთა მდევნელები ღვთის წმინდა სულის წინააღმდეგობას ვერ სძლევენ (ფსალმუნები 45:12; 124:2). იეჰოვას განზრახული ჰქონდა, რომ დავითი გაემეფებინა ისრაელზე. არავის შეეძლო ამის შეცვლა. დღეისთვის იეჰოვას გადაწყვეტილი აქვს, რომ ‘სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში იქადაგონ’. არც ამ საქმიანობის შეჩერება შეუძლია არავის (საქმეები 5:40, 42).
21. ა) როგორ მოქმედებს დღეს ზოგიერთი მოწინააღმდეგე? ბ) რაში ვართ მტკიცედ დარწმუნებულნი?
21 ზოგიერთი რელიგიური და პოლიტიკური წინამძღოლი ტყუილსა და ძალადობასაც კი მიმართავს იმისათვის, რომ ხელი შეგვიშალოს. მაგრამ როგორც დავითი დაიცვა იეჰოვამ სულიერად, ისე დაგვიცავს ჩვენც დღეს (მალაქია 3:6). ამიტომ დავითის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია გულდაჯერებით ვთქვათ: „ღმერთს მივენდე — არ მეშინია; რას მიზამს კაცი?“ (ფსალმუნები 55:12; 120:1—8; რომაელები 8:31). იეჰოვას დახმარებით დაე განვაგრძოთ ნებისმიერ სირთულესთან გამკლავება და ღვთის მიერ დაკისრებული მისიის შესრულება — სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ყველა ხალხისთვის ქადაგება.
[სქოლიოები]
a იხილეთ ჩარჩო „ღრმა კმაყოფილების გრძნობა“, გვერდი 22.
b გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
-