როგორ მოვემზადოთ ჟურნალის შეთავაზებისთვის
1 შეიძლება ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია ჟურნალის შეთავაზებისთვის მომზადება, თუკი შეთავაზებები ისედაც მოცემულია „ჩვენს სამეფო მსახურებაში“. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთავაზებები ბევრისთვის დამხმარე აღმოჩნდა, მომზადება მაინც აუცილებელია. შეთავაზებამ, რომელიც ეფექტურია ერთ მხარეში, სხვა ტერიტორიაზე შეიძლება ნაყოფი ვერ გამოიღოს. ამიტომ, აუცილებელი არ არის შეთავაზება ზუსტად იმ სიტყვებით გავაკეთოთ, რა სიტყვებითაც ის მოცემულია „ჩვენს სამეფო მსახურებაში“. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ნიმუშად მოცემულ შეთავაზებას ვიყენებთ, უმჯობესი იქნება, თუ აზრებს ჩვენი სიტყვებით გადავცემთ.
2 შეარჩიე სტატია: ჟურნალის წაკითხვის შემდეგ შეარჩიე სტატია, რომელიც შესაფერისი იქნებოდა შენი ტერიტორიისთვის და რომელიც შენთვისაც ძალიან საინტერესო იყო. როდესაც მობინადრეს დამაჯერებლად და ენთუზიაზმით შესთავაზებ სტატიას, შესაძლოა მასაც გაუჩნდეს მისი წაკითხვის სურვილი. თუნდაც ჟურნალის შეთავაზებისას იმ სტატიაზე გაამახვილო ძირითადი ყურადღება, რომელიც შენს მხარეში უმრავლესობას დააინტერესებს, კარგი იქნება, ჟურნალში მოცემული სხვა სტატიების შინაარსიც იცოდე. ეს საშუალებას მოგცემს, საჭიროების შემთხვევაში შეცვალო შეთავაზება, თუ შეხვდები ისეთ ადამიანს, რომელსაც სხვა თემა უფრო დააინტერესებს.
3 დაუსვი კითხვა: მნიშვნელოვანია, როგორ დაიწყებ საუბარს. კარგი იქნება, მობინადრეს მიმართო ისეთი კითხვით, რომელიც მასში ინტერესს გააღვიძებს იმ სტატიისადმი, რომლის შეთავაზებაც გსურს. ჩვეულებრივ, ეფექტურია ისეთი კითხვების დასმა, რომელთა დახმარებითაც მობინადრის თვალსაზრისს გაიგებ. მოერიდე ისეთ კითხვებს, რომელთა გამოც ის თავს უხერხულად იგრძნობდა ან შეგეკამათებოდა.
4 წაიკითხე მუხლი: დაბოლოს, შეარჩიე მუხლი, რომელსაც წაუკითხავდი მობინადრეს, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემოდა. ეს მუხლი შეიძლება იყოს იმ სტატიიდან, რომლის შეთავაზებასაც აპირებ. მუხლის ამოკითხვით მობინადრეს დაანახვებ, რომ ჩვენ ღვთის სიტყვას ვქადაგებთ (1 თეს. 2:13). თუნდაც მობინადრემ ჟურნალები არ გამოგართვას, ბიბლიური მუხლი მაინც თავის სათქმელს ეტყვის. ზოგი მაუწყებელი მობინადრის ინტერესს კითხვის დასმამდე მუხლის წაკითხვით აღძრავს. შეგეძლო ასეთი სიტყვებით გეცადა საუბრის დაწყება: „მაინტერესებს, რას ფიქრობთ ამ ბიბლიურ მუხლში მოცემულ აზრზე“. შემდეგ, ჟურნალის შეთავაზებამდე, მოსაუბრის ყურადღება გაამახვილე ჟურნალში მოცემულ მსგავს აზრზე და მოკლე კომენტარით გააღვივე მისი ინტერესი.
5 არ არის მკაცრად დადგენილი, თუ რა უნდა თქვა ჟურნალების შეთავაზებისას. კარგი იქნება, თუ შეთავაზებას მოკლედ და მარტივი სიტყვებით გააკეთებ. ისეთი მიდგომა გამოიყენე, რომელიც შენთვის ყველაზე მოსახერხებელი და ეფექტურია. ყურადღება გაამახვილე ჩვენი ჟურნალების პრაქტიკულ ღირებულებაზე და ენთუზიაზმით ილაპარაკე. თუ კარგად მოემზადები, უფრო ეფექტურად გადასცემ ჟურნალებს „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს მათ, ვინც ‘მარადიული სიცოცხლისთვისაა განწყობილი’ (საქ. 13:48).
[სასწავლო კითხვები]
1. რატომ არის უმჯობესი, მოვემზადოთ შეთავაზებისთვის ნაცვლად იმისა, რომ ზეპირად გავიმეოროთ „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მოცემული შეთავაზება?
2. რა უნდა გაითვალისწინო, როცა არჩევ, რომელ სტატიაზე გააკეთო შეთავაზება?
3. როგორ შესავალს იყენებ საუკეთესო შედეგების მისაღწევად?
4. რატომ არის კარგი, მობინადრეს ბიბლიური მუხლი წაუკითხო, თუ ამის საშუალება მოგეცემა?
5. რა უნდა გახსოვდეს, როცა ემზადები ჟურნალის შეთავაზებისთვის?