საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ივლისი
    • „ბავშვობიდან ღმერთს ვეძებდი“ — შინჯი სატო

      დაბადების წელი: 1951

      ქვეყანა: იაპონია

      წარსულში: სინტოისტი მღვდელი

      მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე ფუკუოკას პრეფექტურაში. ჩემი მშობლები ძალიან რელიგიურები იყვნენ; მათ ბავშვობიდან ჩამინერგეს, რომ პატივი მიმეგო სინტოისტური ღვთაებებისთვის. სიყმაწვილეში ხშირად ვფიქრობდი გადარჩენაზე; გასაჭირში მყოფი ხალხის დახმარების ძლიერი სურვილიც მქონდა. დაწყებით კლასში რომ ვიყავი, მასწავლებელმა გვკითხა, რა მიზნებს ვისახავდით მომავალში. ჩემმა კლასელებმა კონკრეტულად თქვეს, თუ ვის რა მიზანი ჰქონდა; მაგალითად, ზოგმა თქვა, რომ უნდოდათ, მეცნიერები გამოსულიყვნენ. მე კი ვთქვი, რომ ღვთის მსახურებაზე ვოცნებობდი. ყველას სიცილი აუტყდა ჩემს სიტყვებზე.

      სკოლის დამთავრების შემდეგ სასულიერო სასწავლებელში შევედი. სწავლის დროს გავიცანი სინტოისტი მღვდელი, რომელიც თავისუფალ დროს ერთ შავყდიან წიგნს კითხულობდა. ერთხელ მან მკითხა: „სატო, იცი, რა წიგნს ვკითხულობ?“ მანამდე უკვე შემჩნეული მქონდა, რა ეწერა ყდაზე, ამიტომ ვუპასუხე: „ბიბლიას“. მან მომიგო: „ყველამ, ვისაც სურს, სინტოისტი მღვდელი გახდეს, ეს წიგნი უნდა წაიკითხოს“.

      მაშინვე წავედი და ბიბლია შევიძინე. ის ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დავდე წიგნების თაროზე და ძალიან ვუფრთხილდებოდი. მაგრამ მის წასაკითხად დრო არ მქონდა, რადგან ძალიან დატვირთული ვიყავი სასწავლებელში. სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბავშვობის ოცნება ამიხდა — სინტოისტი მღვდელი გავხდი და ტაძარში დავიწყე მსახურება.

      მაგრამ მალე აღმოვაჩინე, რომ ვერ მივიღე ის, რასაც მოველოდი. მღვდლების უმეტესობა არ ავლენდა სიყვარულსა და მზრუნველობას სხვების მიმართ. ბევრ მათგანს რწმენაც კი არ გააჩნდა. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა იმდენად შორს შეტოპა, რომ ისიც კი მითხრა: „თუ გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო, მხოლოდ ფილოსოფიაზე უნდა ილაპარაკო. რწმენის შესახებ საუბარი აკრძალულია“.

      მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო ამიცრუა გული სინტოიზმზე. მართალია, ტაძარში მსახურებას ვაგრძელებდი, მაგრამ სხვა რელიგიების გამოკვლევაც დავიწყე. თუმცა არც ერთი მათგანი არ მთავაზობდა უკეთეს გზას. რაც უფრო მეტ რელიგიას ვიკვლევდი, მით უფრო მიტყდებოდა გული. ვფიქრობდი, რომ არც ერთი რელიგია არ ქადაგებდა ჭეშმარიტებას.

      ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: 1988 წელს შევხვდი ერთ ბუდისტს, რომელმაც მირჩია, ბიბლია წამეკითხა. გამახსენდა სინტოისტი მღვდელი, რომელიც წლების წინ იმავესკენ მომიწოდებდა. გადავწყვიტე, ყურად მეღო ეს რჩევა. დაწყებისთანავე გამიტაცა ბიბლიის კითხვამ. ზოგჯერ მთელი ღამე ვკითხულობდი, სანამ თავზე არ დამათენდებოდა და ახალამოწვერილი მზის სხივები ჩემს ფანჯარაში არ შემოანათებდა.

      წაკითხულმა აღმძრა, ბიბლიის ღმერთისთვის ლოცვით მიმემართა. იმ ნიმუშის თანახმად დავიწყე ლოცვა, რომელიც მათეს 6:9—13-შია მოცემული. ყოველ ორ საათში ერთხელ ვიმეორებდი ამ ლოცვას და ამას მაშინაც ვაკეთებდი, როცა სინტოისტურ ტაძარში მსახურებას ვასრულებდი.

      უამრავი კითხვა გამიჩნდა წაკითხულის გარშემო. იმ დროს დაქორწინებული ვიყავი და ვიცოდი, რომ იეჰოვას მოწმეები ხალხს ბიბლიას ასწავლიდნენ; ისინი ადრე ჩემს ცოლსაც აკითხავდნენ. როგორღაც მოვძებნე ერთი იეჰოვას მოწმე და ბევრი კითხვა დავუსვი. გაოცებული დავრჩი, რომ ყველა ჩემს კითხვას ბიბლიიდან უპასუხა. მან იზრუნა, რომ იეჰოვას მოწმეებს ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაეწყოთ.

      ცოტა ხანში იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე დავიწყე დასწრება. მოწმეებს შორის იყვნენ ისინი, ვისაც ადრე ძალიან უხეშად ვეპყრობოდი, მაგრამ მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი. მიუხედავად ამისა, ისინი გულთბილად მომესალმნენ და მთელი გულით მიმიღეს.

      ამ შეხვედრებზე ვისწავლე, რომ ღმერთი ქმრებისგან მოითხოვს ოჯახის წევრების მიმართ სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენას. მანამდე იმდენად გადართული ვიყავი ტაძარში მსახურებაზე, რომ საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას ჩემს მეუღლესა და ორ შვილს. თანდათანობით გონება გამინათდა და დავინახე, რომ ტაძარში თაყვანსაცემად მოსულ ხალხს ყურადღებით ვუსმენდი, მაგრამ ჩემი ცოლისთვის ერთხელაც არ მომისმენია.

      ბიბლიის შესწავლის დროს ბევრი რამ გავიგე იეჰოვას შესახებ, რამაც უფრო დამაახლოვა მასთან. განსაკუთრებით შემეხო რომაელების 10:13-ში ჩაწერილი სიტყვები: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“. მე ხომ ბავშვობიდან ვეძებდი ღმერთს და აი, როგორც იქნა, დადგა ნანატრი დრო — მე ღმერთი ვიპოვე!

      ნელ-ნელა მივედი იმ დასკვნამდე, რომ ტაძარი უნდა დამეტოვებინა. თავდაპირველად განვიცდიდი, რას იფიქრებდნენ სხვები, თუ სინტოიზმს მივატოვებდი. მაგრამ ყოველთვის ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ თუ ჭეშმარიტ ღმერთს სადმე სხვაგან ვიპოვიდი, ჩემს რელიგიაზე უარს ვიტყოდი. ამიტომ, 1989 წლის გაზაფხულზე გადავწყვიტე, ჩემი სინდისის ხმას მივყოლოდი. დავტოვე ტაძარი და იეჰოვას მივენდე.

      ტაძრის დატოვება ადვილი არ იყო. როცა ამის შესახებ სასულიერო პირებმა შეიტყვეს, დამტუქსეს და ყველანაირად შეეცადნენ, რომ ტაძარი არ დამეტოვებინა. ყველაზე მეტად ამის თქმა მშობლებისთვის მიმძიმდა. სანამ მათთან მივიდოდი, იმდენად დამძიმებული ვიყავი, რომ გულის არეში ტკივილს ვგრძნობდი, ფეხებში კი — საშინელ სისუსტეს. გზად არაერთხელ გავჩერდი და იეჰოვას ვთხოვე ძალა.

      როცა მშობლებთან მივედი, ძალიან მეშინოდა ჩემს ახალ რწმენაზე საუბრის წამოწყება. კარგა ხანს კრინტს ვერ ვძრავდი. ბოლოს, მხურვალე ლოცვის შემდეგ, მამაჩემს ყველაფერი ავუხსენი. მას ვუთხარი, რომ სინტოიზმს ვტოვებდი, რადგან ჭეშმარიტი ღმერთი ვიპოვე. ამის გაგონებაზე მამაჩემს თავზარი დაეცა და ძალიან დაღონდა. ნათესავებმა სახლში მომაკითხეს და ჩემს გადარწმუნებას შეეცადნენ. არ მინდოდა, ოჯახის წევრებისთვის ტკივილი მიმეყენებინა, მაგრამ ვიცოდი, რომ იეჰოვასთვის მსახურება სწორი არჩევანი იყო. დროთა განმავლობაში ოჯახი პატივისცემით მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას.

      მართალია, ტაძრიდან წამოვედი, მაგრამ გონებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ მქონდა დასალაგებელი. ტაძარში მღვდლად მსახურებამ ღრმა კვალი დატოვა ჩემზე. მიჭირდა წარსულის თავიდან ამოგდება; ყველაფერი ჩემს წინანდელ ცხოვრებას მახსენებდა.

      ორი რამ დამეხმარა წარსულის დავიწყებაში. თავდაპირველად მთელი სახლი გადავქექე და ვიპოვე ისეთი ნივთები, რაც ჩემს ყოფილ რელიგიას უკავშირდებოდა. შემდეგ დავწვი ყველაფერი — წიგნები, სურათები და ძვირადღირებული სუვენირებიც კი. მეორე, რაც წარსულის თავიდან ამოგდებაში დამეხმარა, იყო ის, რომ ყველანაირად ვცდილობდი, რაც შეიძლება ხშირი ურთიერთობა მქონოდა იეჰოვას მოწმეებთან. მათთან მეგობრობამ და მათმა მხარდაჭერამ ძალიან დიდი დახმარება აღმომიჩინა. თანდათანობით წარსული ამოიშალა ჩემი მეხსიერებიდან.

      კურთხევები: როგორც აღვნიშნე, ჩემს მეუღლესა და შვილებს საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას, რის გამოც ისინი ეულად გრძნობდნენ თავს. მაგრამ, როდესაც გავითვალისწინე ქმრების საყურადღებოდ ბიბლიაში ჩაწერილი რჩევა და დრო დავუთმე ოჯახს, ჩვენი ურთიერთობა უფრო განმტკიცდა. გარკვეული ხნის შემდეგ ჩემი მეუღლეც შემომიერთდა იეჰოვას მსახურებაში. დღეს ჩვენს ვაჟთან, ქალიშვილთან და სიძესთან ერთად ჭეშმარიტ ღმერთს ვცემთ თაყვანს.

      როცა ვიხსენებ ბავშვობას და ჩემს ოცნებას, ვხვდები, რომ ვიპოვე იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ვნატრობდი. სიტყვებით ვერ გამოვხატავ, რაოდენ მადლიერი ვარ იეჰოვასი.

  • ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ივლისი
    • [სურათი 13 გვერდზე]

      სინტოისტური ტაძარი, სადაც ერთ დროს ვმსახურობდი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება