-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
იატაკქვეშა სტამბები ციმბირში
ბიბლიური ლიტერატურის გამრავლება ადვილი არ იყო, მაგრამ იეჰოვა მხარს უჭერდა ამ საქმეს. მხოლოდ 1949—1950 წლებში ძმებმა გაამრავლეს და კრებებს გაუგზავნეს სხვადასხვა პუბლიკაციის 47 165 ეგზემპლარი. გარდა ამისა, ძლიერი დევნის მიუხედავად, ქვეყნის კომიტეტის მონაცემებით ამ პერიოდში ქვეყანაში 31 488 შეხვედრა ჩატარდა.
ლიტერატურაზე მზარდი მოთხოვნილების გამო საჭირო იყო ახალი სტამბები. სტახ სავიცკი ამბობს: «1955 წელს ჩვენს სახლში ფარული სტამბა მოაწყვეს. მამაჩემი იეჰოვას მოწმე არ იყო, ამიტომ მისგან ნებართვის აღება დაგვჭირდა. დაახლოებით ორი თვე ვთხრიდით პარმაღის ქვეშ მიწას ოთახისთვის, რომელიც 2X4 მეტრზე უნდა ყოფილიყო. ჩვენ დაახლოებით 30 კუბური მეტრი მიწა ამოვთხარეთ. საჭირო იყო ამ მიწის სხვებისგან შეუმჩნევლად გატანა და დამალვა. 1,5 მეტრის სიღრმეზე რომ ჩავედით, მიწა გაყინული იყო; როცა სამსახურში ვიყავით, დედა პატარა კოცონს ანთებდა და მიწას ალღობდა ისე, რომ მეზობლებს არ შეემჩნიათ. შემდეგ იატაკზე და ჭერზე ფიცრები დავაკარით. ყველაფერს რომ მოვრჩით, იქ ერთი წყვილი გადმოვიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. დედა მათთვის საჭმელს ამზადებდა, რეცხავდა და ზრუნვას არ აკლებდა მათ. ეს სტამბა 1959 წლამდე არსებობდა.
1957 წელს ლიტერატურის გამრავლებაზე პასუხისმგებელმა ძმამ მკითხა: „შეგიძლია სტამბაში მუშაობა? თვეში სულ ცოტა 200 ჟურნალი გვჭირდება“. თავიდან 200 ასლს ვამზადებდი, შემდეგ კი — 500-ს. მაგრამ ლიტერატურაზე მოთხოვნილება იზრდებოდა. სამუშაო ღამით უნდა შესრულებულიყო, რადგან გადასახლებულები დღისით წარმოებებში ვმუშაობდით. კვირაში მხოლოდ ერთი დღე ვისვენებდით.
სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ სარდაფში ჩავდიოდი სამუშაოდ. თითქმის არ მეძინა, რადგან ბეჭდვა არ უნდა შეჩერებულიყო. მელანი შრებოდა, ამიტომ სხვა დროს გაგრძელება შეუძლებელი იყო. ზოგჯერ 500 გვერდი უნდა დამებეჭდა და შემდეგ ტექსტი ნემსით გამესწორებინა, რომ ადვილად წასაკითხი ყოფილიყო. ვენტილაცია თითქმის არ იყო, რის გამოც დაბეჭდილი ფურცლები გვიან შრებოდა.
ჟურნალები ღამით მიმქონდა ქალაქ ტულუნში, რომელიც სახლიდან 20 კილომეტრით იყო დაშორებული. ზუსტად არ ვიცოდი, სად მიჰქონდათ იქიდან, მაგრამ ვიცოდი, რომ მას კითხულობდნენ და-ძმები კრასნოიარსკში, ბრატსკში, უსოლიე-სიბირსკოესა და სხვა დიდ თუ პატარა ქალაქებში.
1959 წელს პასუხისმგებელმა ძმებმა მთხოვეს, რკინიგზის სადგურთან ახლოს ტულუნში ახალი სტამბის მოწყობაში დავხმარებოდი. კიდევ ერთხელ მომიწია იმავე საქმის გაკეთება: მიწის ამოთხრა, დენის გაყვანა და ა. შ. იეჰოვამ სიბრძნე მოგვცა. დაახლოებით ერთი წლის მანძილზე იქ ერთი ოჯახი ცხოვრობდა და მუშაობდა. ბოლოს კა-გე-ბემ ჩვენი სტამბა აღმოაჩინა. ადგილობრივი გაზეთი იუწყებოდა: „დენი ისე იყო გაყვანილი, რომ გამოცდილმა ელექტრიკოსებმაც კი ვერ გაუგეს თავი და ბოლო“.
ოჯახის წევრების გარდა, მხოლოდ რამდენიმე ძმამ იცოდა, რომ სტამბაში ვმუშაობდი. ვინაიდან საღამოობით ვერ მხედავდნენ, და-ძმებმა დაასკვნეს, რომ სულიერად მოვსუსტდი. ისინი ჩემ გასამხნევებლად მოდიოდნენ, მაგრამ სახლში არასოდეს ვხვდებოდი. ინტენსიური თვალთვალის დროს სტამბის არსებობა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული».
ლიტერატურის გამრავლება მოსკოვში
მთავრობამ მშვენივრად იცოდა, რომ მოწმეებს ჰაერივით სჭირდებოდათ ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა. ხელმძღვანელმა საბჭომ არაერთხელ სთხოვა მთავრობას, ქვეყანაში დაებეჭდათ ან შემოეტანათ ლიტერატურა, მაგრამ მათი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ლიტერატურის დეფიციტის გამო, ძმები გამუდმებით ეძებდნენ საშუალებებს პუბლიკაციების გასამრავლებლად ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის მოსკოვში, რათა კრებებისა თუ ცალკეული ჯგუფებისთვის სულიერი საზრდო მიეწოდებინათ.
1957 წელს სტეპან ლევიცკის ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ „საგუშაგო კოშკი“ უპოვეს. ის ყვება: «სამ წელიწად-ნახევრის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გააუქმა. გათავისუფლებამდე ძმებმა მირჩიეს, მოსკოვთან ახლოს გადავსულიყავი საცხოვრებლად, რომ მექადაგა და კრების საქმეებში მიმეღო მონაწილეობა. ასეც მოვიქეცი და დავსახლდი ადგილზე, რომელიც მოსკოვიდან ორი საათის სავალით იყო დაშორებული. ვქადაგებდი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. იეჰოვამ აკურთხა ჩემი მცდელობა და რამდენიმე წლის შემდეგ მოსკოვში ჯგუფი ჩამოყალიბდა. 1970 წელს დამნიშნეს სარაიონო ზედამხედველად. ჩემს რაიონში შედიოდა მოსკოვის, ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგი), გორკის (ნიჟნი-ნოვგოროდი), ორიოლისა და ტულის კრებები; მევალებოდა აგრეთვე ამ კრებების ლიტერატურით უზრუნველყოფა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ იეჰოვას სურდა, მოსკოვსა და რუსეთის სხვა ნაწილებში კრებებს საკმარისად მიეღოთ ბიბლიური ლიტერატურა. ლოცვაში იეჰოვას ვუთხარი, რომ ამ საქმეში მეტის გაკეთება მინდოდა. ცოტა ხნის შემდეგ გავიცანი სასტამბო საქმის სპეციალისტი, რომელსაც მოსკოვის რამდენიმე სტამბაში ნაცნობები ჰყავდა. ერთხელ სასხვათაშორისოდ ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა მოსკოვის რომელიმე სტამბაში წიგნის მცირე ტირაჟით დაბეჭდვა.
— რა წიგნია? — მკითხა მან.
— „დაკარგული სამოთხიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“, — ვუპასუხე აღელვებულმა.
მისი ახლო მეგობარი ერთ-ერთ სტამბაში მუშაობდა. ის კომუნისტი და პარტიის ლიდერი იყო. ის დათანხმდა, რომ ნაღდ ფულზე წიგნების პატარა შეკვრას დაბეჭდავდა. ძმებს ძალიან უხაროდათ, რომ ბიბლიის შესასწავლი სახელმძღვანელო ხელმისაწვდომი გახდა.
ლიტერატურის ასე დაბეჭდვა ძალიან სარისკო იყო როგორც ჩემთვის, ისე მესტამბისთვის. ჩვეულებრივ, ლიტერატურა ღამით იბეჭდებოდა და ყოველი შეკვრის დაბეჭდვისთანავე შეუმჩნევლად უნდა გაგვეტანა. იეჰოვამ ხელი მოგვიმართა და დიდი რაოდენობით ბიბლიური ლიტერატურა ამ სტამბაში დაიბეჭდა, მათ შორის წიგნები: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“, „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ და სიმღერების წიგნი. ეს მართლაც დროული საზრდო იყო ჩვენთვის (მათ. 24:45). ამ სტამბაში 9 წლის განმავლობაში ვბეჭდავდით ლიტერატურას.
ერთხელ სტამბაში ჩვენი ლიტერატურა იბეჭდებოდა, როცა მოულოდნელად სტამბის უფროსი შემოვიდა. მესტამბემ უმალ სხვა ჟურნალი გაუშვა დასაბეჭდად, მაგრამ სიჩქარეში შემთხვევით ჩვენი პუბლიკაციის ექვსი გვერდი ჩაუყვა და ახლად დაბეჭდილი ჟურნალი უფროსმა თავის კაბინეტში წაიღო. კითხვის დროს მან შეამჩნია, რომ ზოგი რამ ჟურნალში საერთო თემას არ შეესაბამებოდა. მან გამოიძახა მესტამბე და ჰკითხა, როგორ აღმოჩნდა ეს მასალა ჟურნალში. რასაკვირველია, კა-გე-ბე ამ საქმით დაინტერესდა. ხანგრძლივი პატიმრობის შიშით მესტამბემ, რაც იცოდა, ყველაფერი უამბო მათ. კა-გე-ბემ ადვილად მომაგნო, რადგან მოსკოვში მათთვის ცნობილი ერთადერთი იეჰოვას მოწმე ვიყავი. მე ხუთ წელიწად-ნახევარი მომისაჯეს». მესტამბეს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
-
-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
[სურათები 150 გვერდზე]
თვითნაკეთი საბეჭდი მოწყობილობა
როტარული საბეჭდი მანქანა
ქაღალდის პრესი
საჭრელი დანადგარი
სტეპლერი
[სურათი 151 გვერდზე]
ტრამვაის მძღოლმა სტეპან ლევიცკიმ თამამად მიმართა მესტამბეს ლიტერატურის დასაბეჭდად
-