-
მინიატურული წიგნების საოცარი სამყაროგამოიღვიძეთ! — 1998 | მაისი 8
-
-
მინიატურული წიგნების საოცარი სამყარო
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ბრიტანეთში
უკიდურესობები საოცარია — ყველაზე მაღალი მთა, უღრმესი ოკეანე, უმაღლესი შენობა, უგრძესი გვირაბი — მაგრამ რას იტყოდით ყველაზე პატარა წიგნის შესახებ? მინიატურული წიგნები ძალიან საოცარია! მილიონობით ასეთი წიგნი დაიბეჭდა თითქმის ყველანაირ თემაზე და სულ მცირე 20 ენაზე. თუ არასდროს ყოფილხართ მათ სამყაროში, ახლა შევავლოთ თვალი.
რით განისაზღვრება წიგნის მინიატურულობა? მიღებული ნორმაა, რომ წიგნის არც სიგრძე და არც სიგანე 76 მილიმეტრს არ აღემატებოდეს. ეს ზომები ყდიდან იწყება, თუმცა ზოგიერთი პედანტი კოლექციონერი უპირატესობას წიგნის ფურცლების ზომებს ანიჭებს. რატომ იბეჭდებოდა ეს მინიატურული წიგნები?
ხელოვნების მრავალფეროვნება
გასაკვირია, მაგრამ მინიატურული წიგნების უმეტესობის წაკითხვა სავსებით შესაძლებელია. ამის გამო მინიატურული ალმანახების, კლასიკური ნაწარმოებების, რომანების, დრამატული ნაწარმოებების, ლექსიკონებისა და წმინდა წიგნების თან ტარება და გამოყენება ადვილია. თუმცა წლების წინ ეს იყო ასეთი პაწაწინა წიგნების შეძენის ძირითადი მიზეზი, თანამედროვე კოლექციონერს მინიატურული წიგნების უფრო სხვა მხარეები აინტერესებს, კერძოდ კი მათი ოსტატობა, ვინც ბეჭდავდა და შემდეგ ყდაში სვამდა პატარა წიგნებს.
მბეჭდავებს ბევრი ტექნიკური სიძნელის გადალახვა უხდებოდათ შრიფტის შესადგენად, რომლის წაკითხვაც შესაძლებელი იქნებოდა გამადიდებელი შუშით ან მის გარეშე. მათი უდიდესი შრომის ნაყოფი იყო წიგნების ბრწყინვალე სილამაზე. აგრეთვე ქაღალდისა და მელნის მწარმოებლებიც მთელ ძალისხმევას ახმარდნენ, რომ დაბეჭდილი ფურცლები წასაკითხად ნათელი ყოფილიყო.
დაბეჭდვის შემდეგ წიგნს ყდაში სვამენ. მინიატურული წიგნების ყდები ოსტატურადაა დამუშავებული. ხელოსნების ოსტატობა ორნამენტებიანი ტყავისგან დამზადებულ პაწაწინა ყდებში, ოქროს ან ვერცხლის ფილიგრანში, კუს ჯავშნის დამუშავებაში ან მომინანქრებულ ნამუშევრებში ჩანს. სხვა ყდები აბრეშუმისაა ან ხავერდის, ამოქარგულია ან მარგალიტითა და კილიტებითაც კია გაწყობილი, ხოლო ზოგიერთ წიგნს ბუდეც კი აქვს დასაცავად.
გრავიორები, რომლებიც ტექსტს ასურათებდნენ, ქმნიდნენ წარმოუდგენლად დეტალურ სურათებს, რომლებიც ფურცელზე ხშირად 2,5 კვადრატული სანტიმეტრს მოიცავდა! ამის მაგალითია დოქტორ სამუელ ჯონსონის, ინგლისელი ლექსიკოგრაფის, პორტრეტი, რომელიც მოცემულია XIX საუკუნის 90-იან წლებში გამოცემულ 368–გვერდიან ლექსიკონში (Bryces Thumb English Dictionary); აგრეთვე შექსპირის „რიჩარდ მესამეს“ პირველი გვერდის ილუსტრაცია, რომელიც 1909 წელს მიეძღვნა ინგლისელ მსახიობს, ელენ ტერის.
მინიატურული ბიბლიოთეკა „Bibliothèque Portative du Voyageur“, რომელზეც, ფიქრობენ, რომ ნაპოლეონ ბონაპარტს ომის დროს თან დაჰქონდა, პარიზშია გამოცემული. მისი 49 ტომი, ფრანგული კლასიკური ნაწარმოებები, ინახება ტყავგადაკრულ ყუთში, რომელიც, როდესაც დახურულია, დიდ, 30-სანტიმეტრიან, წიგნს წარმოადგენს.
ცერისოდენა ბიბლია
ცერისოდენა ბიბლიაში აუცილებელი არ არის, რომ მთელი ბიბლია იყოს. ზოგში მხოლოდ „ახალი აღთქმაა“. სხვები ბიბლიური მოთხრობების მოკლე შინაარსს შეიცავს ან შემოკლებული სახით ბიბლიის მთელ ისტორიას, კერძოდ დაახლოებით 7 000 სიტყვას. ეს წიგნები განსაკუთრებით ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. ზოგს ასეთი სახელწოდება აქვს: „მინიატურული ბიბლია“, „წმინდა ბიბლიის ისტორია“, „საბავშვო ბიბლია“.
ცერისოდენა ბიბლია — როგორ მიიღო ეს სახელი? განმარტება უბრალოა: ასეთი ბიბლია ადამიანის ხელის ცერზე ცოტათი დიდია. მაგრამ შენიშნავენ, რომ წიგნს „ცეროდენა ბიბლიების სამი საუკუნე“ (Three Centuries of Thumb Bibles) ეს სახელწოდება მიეცა სახელგანთქმული ამერიკელი ლილიპუტის, გენერალ ტომ ტამბის (ცეროდენა) სახელით ცნობილი ჩარლზ სტრატონის, ინგლისში ვიზიტის შემდეგ. ამ მტკიცებას მხარს უჭერს ის ფაქტი, რომ 1844 წელს ტომ ტამბი ეწვია ინგლისს, ხოლო ტერმინი „ცერისოდენა ბიბლია“ 1849 წელს პირველად ლონდონში გამოჩნდა.
საღვთო წერილის უჩვეულო ტომები
პატარა ბიბლიების საოცარი სამყაროს შეჯამება „თითის სიგრძე ახალი აღთქმაა“, რომელიც დაახლოებით მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოიცა. ის მხოლოდ 3 სანტიმეტრი სიგანისა და 9 სანტიმეტრი სიგრძისაა — თითის სიგრძის და სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი სახელი. მაგრამ, რადგან ის სიგრძით 76 მილიმეტრს აღემატება, ზუსტად თუ ვიტყვით, მინიატურული წიგნი არ არის, თუმცა ის ასეთ ბიბლიებს მიეკუთვნება. ამ პატარა წიგნში დაახლოებით 1, 4 მილიმეტრის სიმაღლის ასოებია გამოყენებული, რომელთა ადვილად გარკვევა და წაკითხვა გამადიდებელი შუშის გარეშე ბევრისთვის შესაძლებელია.
საინტერესო ნიმუშია „ილუსტრირებული ბიბლია“ ლექსით, რომლის სათაურიცაა: „რკინიგზა ზეცისკენ“. ეს ბრიტანეთის რკინიგზის პირველ წლებში, კერძოდ კი ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, იბეჭდებოდა. ავტორმა გამოიყენა რკინიგზა ორგვერდიან ლექსში, სათაურით „რომ გიჩვენო სხვა ხაზი“. ეს სხვა ხაზი „იესო ქრისტესთან, იეჰოვას ძესთან“, არის გაიგივებული. ლექსი ამ სიტყვებით მთავრდება: „ძეო ჩემო, — ამბობს ღმერთი, — მერწმუნე. იჩქარე, თორემ მატარებელი გაგასწრებს“.
აგრეთვე არაჩვეულებრივი წიგნია 1900 წელს გამოცემული „ჩემი დილის მრჩეველი“. მასში მოცემულია ბიბლიის ყოველდღიური მუხლები და ყოველი თვე იწყება ღვთის სახელის რაიმე ფორმით. მაგალითად, თებერვლისთვის არის „იეჰოვა-შალომ“. ეს წიგნი და „ილუსტრირებული ბიბლია“ ცხადყოფს, რომ იეჰოვას ღვთის სახელი ბრიტანეთში ასი წლის წინ ცნობილი იყო.
ყველაზე პატარა?
საუკუნეების განმავლობაში ყველაზე პატარა წიგნის დასაბეჭდად ბევრი მცდელობა იყო გაწეული. პირველად ასეთი მცდელობა 1674 წელს გამართლდა, როდესაც ს. ვან ლანგემ დაბეჭდა წიგნი (Bloem–Hofje) პაწაწინა შრიფტით. „მინიატურული წიგნები“ ამას აღწერს როგორც „ფრჩხილისოდენას“. ამ წიგნმა რეკორდი დაამყარა, რასაც ორასზე მეტ წელს ინარჩუნებდა.
დანტეს გენიალური პოემა „ღვთაებრივი კომედია“ გამოიცა 0,7-მილიმეტრიანი შრიფტით, რომელზეც ფიქრობდნენ, რომ ოდესმე გამოყენებული შრიფტებიდან ყველაზე პატარა და შეუიარაღებელი თვალისთვის ძნელად წასაკითხი იყო. ეს წიგნი 1878 წელს პადუაში (იტალია) გამოიცა. ერთი თვე დასჭირდა 30 გვერდის დაბეჭდვას, აგრეთვე ყოველი ახალი ფორმისთვის საჭირო იყო ახალი ლიტერი. მიუხედავად ამისა, 1 000 ეგზემპლარი გამოიცა.
ზომის შემცირებები გრძელდებოდა. 1978 წელს გლენიფერის სტამბამ პეიზლიში (შოტლანდია) გამოსცა საბავშვო ლექსი „სამი ბრმა თაგვი“, რომელიც „მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი“ გახდა. ის პატარა ტირაჟით გამოიცა 1985 წელს იმავე ტიპოგრაფიაში, სადაც — საბავშვო ლექსი „მოხუცი მეფე კოლი!“, რომლის 85 ეგზემპლარი დაიბეჭდა. თითოეული ეგზემპლარის ზომა 1 კვადრატული მილიმეტრია. ფურცლების გადაშლა ნემსის წვერითაა შესაძლებელი!
ასეთი პაწაწინა წიგნები, რომლებსაც ლუის ბონდი უწოდებს „თითქმის მტვრის წინწკალს“, უდიდესი ნებისყოფისა და ხელოვნების ნიმუშია. მაგრამ ეს პაწაწინა წიგნები მინიატურული წიგნების თავდაპირველ დანიშნულებას სცდება, რომლებიც იმისთვის მზადდებოდა, რომ წასაკითხად და გამოსაყენებლად ადვილი ყოფილიყო.
ამ თვალწარმტაცი მინიატურული წიგნების კოლექციების ნახვა მუზეუმებში შეიძლება. მრავალი კი კოლექციონერებს აქვთ. თუ ოდესმე ჩაეფლობით მათ მომხიბვლელ სამყაროში, გახსოვდეთ: დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ ამ პაწაწინა წიგნებს. ისინი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია!
-
-
მინიატურული წიგნების საოცარი სამყაროგამოიღვიძეთ! — 1998 | მაისი 8
-
-
ფოტომექანიკური დაპატარავება
ყველაზე პატარა „ახალი აღთქმა“ დეივიდ ბრაისის მიერ არის გამოცემული 1895 წელს გლაზგოში, შოტლანდია. ამ წიგნის სიგრძე 1,9 სანტიმეტრია, სიგანე — 1,6 და სისქე — 0,8. როგორ გახდა მისი დაბეჭდვა შესაძლებელი? „ეს უაღრესად კარგი და სუფთა ნაბეჭდი ფოტომექანიკური დაპატარავებით მომზადდა“, — ხსნის ლუის ბონდი „მინიატურულ წიგნებში“. ასი წლის წინ, ფოტოგრაფიის განვითარების პირველ ხანებში, ეს უბრალო მიღწევა არ იყო.
აგრეთვე დეივიდ ბრაისმა ცერისოდენა რამდენიმე ბიბლია დაბეჭდა ამავე მეთოდით. მათთვის, ვისაც ძალიან პატარა შრიფტის დანახვა უჭირს, ყოველ ბიბლიას ყდაში პატარა გამადიდებელი შუშა აქვს. ამის დახმარებით მონდომებული ადამიანებისთვის კითხვა შესაძლებელია.
აღსანიშნავია, რომ პუბლიკაციების ფოტომექანიკური დაპატარავება კარგად გამოიყენეს იეჰოვას მოწმეებმა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციზმის და შემდგომ კომუნისტების მიერ დევნის დროს. ილუსტრაციაზე მოცემულია ბიბლიის შესწავლისთვის დამხმარე ლიტერატურა, რომელიც ამ მეთოდითაა დაბეჭდილი. ის, ასანთის კოლოფში დამალული, ჩუმად შექონდათ მოწმეებისთვის ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში.
ის ასანთის კოლოფში ეტეოდა და საკონცენტრაციო ბანაკში ჩუმად შეჰქონდათ.
-