საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჩვენ ვიბრძოდით სულიერი სიმტკიცის შესანარჩუნებლად
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 დეკემბერი
    • ბიოგრაფია

      ჩვენ ვიბრძოდით სულიერი სიმტკიცის შესანარჩუნებლად

      მოგვითხრო როლფ ბრიუგემაიერმა

      პირველი წერილი, რომელიც ციხეში მივიღე, მეგობრისგან იყო. ის მატყობინებდა, რომ დედაჩემიც და ჩემი უმცროსი ძმებიც — პიტერი, იოხენი და მანფრედი — დაპატიმრებულები იყვნენ, უმცროსი დები კი უპატრონოდ დარჩნენ. რატომ დევნიდა აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობა ჩვენს ოჯახს? რა დაგვეხმარა სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში?

  • ჩვენ ვიბრძოდით სულიერი სიმტკიცის შესანარჩუნებლად
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 დეკემბერი
    • მსახურება აკრძალვის პერიოდში

      აკრძალვის გამო აღმოსავლეთ გერმანიაში ფარულად შეგვქონდა ბიბლიური ლიტერატურა. მე დასავლეთ ბერლინიდან გადამქონდა ის. ბევრჯერ დავაღწიე თავი პოლიციას, მაგრამ 1950 წლის ნოემბერში მაინც დამიჭირეს.

      „შტაზის“ წარმომადგენლებმა სარდაფის უფანჯრო საკანში ჩამაგდეს. დღისით დაძინების საშუალებას არ მაძლევდნენ, ღამით კი დაკითხვებს მიწყობდნენ და ზოგჯერ მცემდნენ კიდეც. არანაირი ურთიერთობა არ მქონდა ოჯახის წევრებთან, სანამ 1951 წელს, მარტის თვეში ჩემს სასამართლო პროცესზე არ ვნახე დედაჩემი, პიტერი და იოხენი. მე ექვსი წლით პატიმრობა მომისაჯეს.

      ჩემი სასამართლო პროცესიდან ექვსი დღის შემდეგ პიტერი, იოხენი და დედა დააპატიმრეს. იმ პერიოდში 11 წლის ჰანელორეზე თანამორწმუნე ზრუნავდა, 7 წლის საბინაზე კი — დეიდა. „შტაზის“ ხალხი დედაჩემსა და ჩემს ძმებს ისე ექცეოდა როგორც საშიშ დამნაშავეებს; მათ ფეხსაცმლის თასმებიც კი ჩამოართვეს. დაკითხვების დროს ისინი ფეხზე უნდა მდგარიყვნენ. მათაც ექვს-ექვსი წელი მიუსაჯეს.

      1953 წელს ზოგიერთ პატიმარ მოწმეს დაგვავალეს სამხედრო აეროდრომის აშენება, რაზეც უარი განვაცხადეთ. ამის გამო 21 დღის განმავლობაში იზოლირებულები ვიყავით — არ გვამუშავებდნენ, წერილებს ვერ ვიღებდით და ცოტას გვაჭმევდნენ. ზოგი ქრისტიანი და თავისი მცირე ულუფიდან პურს ჩუმად გვაწვდიდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ენი, რომელიც ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ცოლად მოვიყვანე. ენი 1956 წელს გაათავისუფლეს, მე კი — 1957 წელს. ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ დაიბადა ჩვენი ქალიშვილი რუთი. დაახლოებით იმავე პერიოდში დაქორწინდნენ პიტერი, იოხენი და ჰანელორე.

      ჩემი გათავისუფლების შემდეგ სამი წელიც არ იყო გასული, რომ ისევ დამაპატიმრეს. „შტაზის“ ოფიცერი ჯაშუშობაზე ჩემს დაყოლიებას ცდილობდა. მან მითხრა: „ბატონო ბრიუგემაიერო, დაფიქრდით: თქვენ იცით, რა არის ციხე და არ გვინდა, რომ კვლავ იქ აღმოჩნდეთ. შეგიძლიათ იეჰოვას მოწმედ დარჩეთ, განაგრძოთ ბიბლიის შესწავლა და ქადაგება. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ უახლესი ინფორმაცია მოგვაწოდოთ. იფიქრეთ თქვენს ცოლსა და პატარა ქალიშვილზე“. ამ ბოლო სიტყვებმა თავზარი დამცა. მაგრამ ვიცოდი, რომ ციხეში ყოფნისას იეჰოვა უკეთესად იზრუნებდა ჩემს ოჯახზე. და ეს ასეც მოხდა!

      მთავრობა აიძულებდა ენს, სრულ განაკვეთზე ემუშავა, ბავშვს კი სხვები მოუვლიდნენ, მაგრამ ის ვერ დაიყოლიეს. ენი ღამით მუშაობდა და დღისით რუთს უვლიდა. თანამორწმუნეები იმდენად ზრუნავდნენ მატერიალურად ჩემს ოჯახზე, რომ ენი სხვების დახმარებასაც ახერხებდა. მე კი ისევ თითქმის ექვსი წელი გავატარე ციხეში.

      რწმენის შენარჩუნება ციხეში

      ციხეში მოხვედრისთანავე საკანში მყოფმა მოწმეებმა მკითხეს, ახალი ხომ არაფერი გამოიცა. ბედნიერი ვიყავი, რომ გულმოდგინედ ვიკვლევდი „საგუშაგო კოშკს“ და რეგულარულად ვესწრებოდი კრების შეხვედრებს, რამაც საშუალება მომცა, ძმები სულიერად გამემხნევებინა!

      მცველებს ბიბლია ვთხოვეთ, მაგრამ მათ გვიპასუხეს: „გინდ პატიმარი ყაჩაღისთვის მიგიცია იარაღი და გინდ იეჰოვას მოწმისთვის ბიბლია“. ყოველ დღე პასუხისმგებელი ძმები წყვეტდნენ, თუ რომელ ბიბლიურ მუხლს განვიხილავდით. დღის განმავლობაში ნახევარი საათით ვსეირნობდით ეზოში, მაგრამ ვარჯიშსა და სუფთა ჰაერზე მეტად იმ დღისთვის შერჩეული მუხლი გვაინტერესებდა. თუმცა ერთმანეთისგან ხუთი მეტრი გვაშორებდა და საუბრის უფლებაც არ გვქონდა, მაინც ვახერხებდით ამ ბიბლიური მუხლის ერთმანეთისთვის გადაცემას. საკანში ვბრუნდებოდით და ვაჯამებდით გაგონილს, შემდეგ კი დღის ბიბლიურ მუხლზე ვმსჯელობდით.

      ერთხელაც ერთმა პატიმარმა დაგვასმინა. მე სამარტოო საკანში ჩამსვეს. რა ბედნიერი ვიყავი, რომ ამ დროისთვის უკვე ზეპირად ვიცოდი ასობით ბიბლიური მუხლი! ამ უქმე დღეების განმავლობაში სხვადასხვა ბიბლიურ საკითხზე ვფიქრობდი. შემდეგ სხვა ციხეში გადამიყვანეს, სადაც საკანში ჩემ გარდა კიდევ ორი მოწმე იჯდა. ყველაზე სასიხარულო კი ის იყო, რომ მცველმა ბიბლია მოგვცა. სამარტოო საკანში გატარებული ექვსი თვის შემდეგ ძალიან ვაფასებდი, რომ კვლავ მომეცა თანამორწმუნეებთან ბიბლიურ თემებზე საუბრის შესაძლებლობა.

      ჩემმა ძმამ პიტერმა გვიამბო, რა დაეხმარა ციხეში ყოფნისას: „წარმოვიდგინე, რომ ახალ ქვეყნიერებაში ვცხოვრობდი. გამუდმებით ბიბლიურ მუხლებზე ვფიქრობდი. ძმები ერთმანეთს ბიბლიურ შეკითხვებს ვუსვამდით ან მუხლების ცოდნაში ვამოწმებდით. ამან ძალიან გაგვაძლიერა. ციხეში ცხოვრება ადვილი არ იყო. ზოგჯერ 11 კაცი ვიყავით ერთ საკანში, რომლის ფართობიც მხოლოდ 12 კვადრატული მეტრი იყო. ეს იყო ჩვენი სასადილო, საძინებელი, აბაზანა და საპირფარეშოც კი. ნერვები დაწყვეტაზე გვქონდა“.

      ჩემმა მეორე ძმამ, იოხენმა თავისი პატიმრობის შესახებ თქვა: „ვმღეროდი იმ საგალობლებს, რომლებიც ზეპირად მახსოვდა. ყოველდღე ვფიქრობდი რომელიმე ბიბლიურ მუხლზე. გათავისუფლების შემდეგაც ვაგრძელებდი ასეთ სულიერ სწავლებას. მთელი ოჯახი ყოველდღე ერთად განვიხილავდით ბიბლიის ყოველდღიურ მუხლს და ერთად ვემზადებოდით კრების შეხვედრებისთვის“.

      დედას ციხიდან ათავისუფლებენ

      დაახლოებით ორწლიანი პატიმრობის შემდეგ დედა ციხიდან გაათავისუფლეს. მან ჰანელორესა და საბინასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და მათ რწმენას კარგი საფუძველი ჩაუყარა. ის აგრეთვე ასწავლიდა გოგონებს, როგორ გამკლავებოდნენ სკოლაში რწმენის გამო წამოჭრილ პრობლემებს. ჰანელორე ამბობს: „ოჯახში ერთმანეთს მხარში ვედექით, ამიტომ არასასიამოვნო შედეგების არ გვეშინოდა. ჩვენი ოჯახი იმდენად შეკრული იყო, რომ პრობლემებს ადვილად ვუმკლავდებოდით“.

      ჰანელორე დასძენს: «ძმებს სულიერ საზრდოს ვუგზავნიდით ციხეში. გასანთლულ ქაღალდზე წვრილად ვწერდით მთლიან „საგუშაგო კოშკს“. შემდეგ წყალგაუმტარ ქაღალდში ვახვევდით და ამანათში ქლიავის ჩირში ვდებდით, რასაც ყოველთვე ვუგზავნიდით ციხეში. გვიხაროდა, როცა ვიგებდით, რომ ქლიავის ჩირი „ძალიან გემრიელი“ იყო. მთელი ყურადღება ამ საქმეზე გვქონდა გადატანილი. ეს შესანიშნავი დრო იყო!»

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება