საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყრმობიდანვე შეუპოვრად ვემსახურები იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 აგვისტო
    • და გამოცდებიც მოგვიწია. 17 წლის ასაკში, 1942 წლის 15 დეკემბერს, გესტაპომ ამიყვანა და მომათავსა ქალაქ გერას საპატიმრო ცენტრში. დაახლოებით ერთ კვირაში დედაც დააპატიმრეს და იმავე ციხეში მოათავსეს. რადგან ჯერ არასრულწლოვანი ვიყავი, სასამართლოს არ შეეძლო ჩემი გასამართლება. ამიტომ მე და დედამ ექვსი თვე დავყავით პატიმრობაში, სანამ სასამართლო ელოდებოდა, როდის გავხდებოდი 18 წლის. იმავე დღეს, როცა 18 წელი შემისრულდა, მე და დედაჩემი სასამართლოს წინაშე წარვდექით.

      სანამ რაღაცის გააზრებას მოვასწრებდი, ყველაფერი დამთავრებული იყო. ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, რომ დედას აღარასოდეს ვიხილავდი. მხოლოდ ის მახსოვს, რომ სასამართლოში დედა ჩემ გვერდით იჯდა ხის შავ სკამზე. ორივე დამნაშავეებად გვცნეს. მე მომისაჯეს ოთხწლიანი პატიმრობა, ხოლო დედას — წელიწად-ნახევრიანი.

      იმ დროს იეჰოვას ათასობით მოწმე იჯდა ციხეებში და ბანაკებში. მაგრამ მე გადამიყვანეს ქალაქ შტოლბერგის ციხეში, სადაც ერთადერთი მოწმე ვიყავი. ერთ წელზე მეტი სამარტოო ტუსაღობაში დავყავი, მაგრამ იეჰოვა ჩემთან იყო. ჩემი სულიერი გადარჩენის გასაღები იყო სიყვარული, რომელიც მისადმი ყრმობიდანვე განვავითარე.

      ციხეში ყოფნის ორ-ნახევარი წლის შემდეგ, 1945 წლის 9 მაისს, სასიხარულო ცნობა მივიღეთ — ომი დამთავრდა! იმ დღეს გამათავისუფლეს. ას ათი კილომეტრის ფეხით გავლის შემდეგ მივედი სახლში, გამოფიტულობისა და შიმშილისგან სრულიად დასნეულებული. ჯანმრთელობის აღდგენისთვის რამდენიმე თვე დამჭირდა.

      დაბრუნებისას ძალიან არასასიამოვნო ამბები დამხვდა. პირველი იყო დედის შესახებ. ციხეში წელიწად-ნახევრის მანძილზე ყოფნის შემდეგ ნაცისტებმა მოსთხოვეს ხელი მოეწერა საბუთისთვის, რითაც იეჰოვას მიმართ რწმენა უნდა უარეყო. დედა არ დათანხმდა. ამიტომ გესტაპომ ის რავენსბრიუკის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსა. ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ის იქ ტიფისგან გარდაიცვალა. ის ძალიან მამაცი ქრისტიანი იყო — გულმოდგინე მოღვაწე, რომელიც არასოდეს კარგავდა იმედს. დაე იეჰოვამ კეთილად გაუხსენოს მას.

  • ყრმობიდანვე შეუპოვრად ვემსახურები იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 აგვისტო
    • სამწუხაროდ, ეს თავისუფლება დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ომის შემდეგ გერმანია დაიყო და ის ნაწილი, სადაც მე ვცხოვრობდი, კომუნისტების ძალაუფლების ქვეშ მოექცა. 1950 წლის სექტემბერს აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო პოლიციამ, რომელიც ცნობილი იყო როგორც „შტაზი“, დაიწყო ძმების სისტემატური დაპატიმრება. ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები სასაცილო იყო. ამერიკის მთავრობის ჯაშუშობას მაბრალებდნენ. მათ სახელმწიფოში, კერძოდ კი ქალაქ ბრანდერბუგში არსებულ „შტაზის“ ყველაზე ცუდ ციხეში მომათავსეს.

      მხარდაჭერა სულიერი ძმებისგან

      „შტაზის“ ციხეში დღე არ მაძინებდნენ, ღამე კი დაკითხვებს მიწყობდნენ. ეს წამება რამდენიმე დღე გრძელდებოდა, შემდეგ კი მდგომარეობა გაუარესდა. ერთ დილას, ჩემს საკანში დაბრუნების ნაცვლად, მათ მომათავსეს სამარცხვინო „უ-ბოოტ ცელენ“-ში (U–Boot Zellen), რომელიც წყალქვეშა ნავის საკნებად იყო ცნობილი, რადგან სარდაფის სიღრმეში იყო განლაგებული. მათ გააღეს ძველი, ჟანგიანი რკინის კარი და მიბრძანეს შიგ შევსულიყავი. უნდა გადამებიჯებინა კარის მაღალი ზღურბლისთვის. ნაბიჯის გადადგმისთანავე ვიგრძენი, რომ იატაკი წყლით იყო დაფარული. კარი საშინელი ჭრიალით მიმიჯახუნეს. იქ არც შუქი იყო და არც ფანჯრები. უკუნი სიბნელე იყო.

      არც დაჯდომა შემეძლო, არც დაწოლა და არც ძილი, რადგან იატაკი რამდენიმე სანტიმეტრით წყლით იყო დაფარული. რამდენიმე ხანში, რომელიც მარადიულობად მომეჩვენა, ისევ ამომიყვანეს მორიგი დაკითხვისთვის, რომელიც ძლიერი შუქის ქვეშ მიმდინარეობდა. არ ვიცი რა იყო უარესი — მთელი დღე წყალში სრულ სიბნელეში დგომა თუ მთელი ღამის განმავლობაში ჩემსკენ მომართული პროჟექტორების მტკივნეული შუქის ატანა.

      რამდენჯერმე დამემუქრნენ დახვრეტით. რამდენიმე ღამის განმავლობაში დაკითხვის შემდეგ ჩემთან მოვიდა მაღალი წოდების რუსი ოფიცერი. შესაძლებლობა მომეცა, მეთქვა მისთვის, რომ გერმანიის „შტაზი“ ნაცისტურ გესტაპოზე უარესად მექცეოდა. მე ვუთხარი მას, რომ იეჰოვას მოწმეები ნეიტრალურები იყვნენ ნაცისტური მთავრობის დროს და ნეიტრალურები იყვნენ კომუნისტების მთავრობის დროსაც და რომ, სადაც არ უნდა ვიყოთ მსოფლიოში, ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში. ვუთხარი, რომ, ამის საპირისპიროდ, მრავალი, ვინც ახლა „შტაზის“ ოფიცერი იყო, ერთ დროს ნორჩ ჰიტლერელთა ორგანიზაციის წევრები იყვნენ, სადაც მათ, ალბათ, ასწავლეს უდანაშაულო ადამიანების სასტიკი დევნა. ლაპარაკის დროს ჩემი სხეული კანკალებდა სიცივის, შიმშილისა და დაძაბუნებულობისგან.

      საკვირველი იყო — რუსი ოფიცერი არ გაბრაზებულა ჩემზე. პირიქით, საბანი დამაფარა და კარგად მომექცა. მისი მოსვლიდან მცირე ხნის შემდეგ უფრო კეთილმოწყობილ საკანში ჩამსვეს. რამდენიმე დღის შემდეგ გადამცეს გერმანიის სასამართლოს. სანამ ჩემს საქმეს განიხილავდნენ, დიდ სიამოვნებას მგვრიდა სხვა ხუთ მოწმესთან ერთად ერთ საკანში ყოფნა. ამდენი საშინელი მოპყრობის ატანის შემდეგ რა გამომაცოცხლებელი იყო ჩემს სულიერ ძმებთან ურთიერთობა! (ფსალმუნი 132:1).

      სასამართლომ შპიონაჟში დამდო ბრალი და გამოსასწორებელ კოლონიაში ოთხი წლით პატიმრობა მომისაჯა. ეს ლმობიერ სასჯელად ითვლებოდა. ზოგ ძმას ათ წელზე მეტი მიუსაჯეს. მე კი მაგრად დაცულ გამოსასწორებელ კოლონიაში გამგზავნეს. მეგონა, თაგვიც ვერ გაძვრებოდა ამ ციხიდან — იმდენად ძლიერი დაცვა იყო. მაგრამ იეჰოვას დახმარებით რამდენიმე გულადმა ძმამ ჩუმად შემოიტანა მთლიანი ბიბლია. ის ცალკეულ წიგნებად დაყვეს და ეს წიგნები პატიმარ ძმებში მიმოდიოდა.

      როგორ ვაკეთებდით ამას? ეს ძალიან ძნელი იყო. ერთმანეთთან დაკავშირების ერთადერთი შესაძლებლობა აბანოში გვქონდა, სადაც ორ კვირაში ერთხელ მივყავდით. ერთხელ, როცა შხაპს ვღებულობდი, ძმამ მიჩურჩულა, რომ ბიბლიის რამდენიმე გვერდი დამალული ჰქონდა თავის პირსახოცში. დაბანის შემდეგ ჩემი პირსახოცის ნაცვლად მისი უნდა ამეღო.

      ერთმა ყარაულმა დაინახა, რომ ძმა მეჩურჩულებოდა, და ძალიან მაგრად სცემა ხელკეტით. მე სწრაფად ვტაცე ხელი პირსახოცს და სხვა პატიმრებში გავერიე. კიდევ კარგი, ბიბლიის ფურცლებით რომ არ დამიჭირეს, თორემ ჩვენი სულიერი კვების პროგრამა საფრთხეში ჩავარდებოდა. ჩვენ კიდევ მრავალი მსგავსი რამ გამოვიარეთ. ბიბლიას მალულად ვკითხულობდით, დიდი საფრთხის ქვეშ. ამ დროს მართლაც დროული იყო მოციქული პეტრეს სიტყვები: „მღვიძარენი იყავით, იფხიზლეთ“ (1 პეტრე 5:8).

      რაღაც მიზეზის გამო ხელმძღვანელობა ზოგ ჩვენგანს პერიოდულად ერთი კოლონიიდან მეორეში აგზავნიდა. ოთხი წლის განმავლობაში ათამდე სხვადასხვა გამოსასწორებელ კოლონიაში გადამიყვანეს. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვპოულობდი ძმებს. მე ძალიან შემიყვარდა ის ძმები და ყოველთვის მწყდებოდა გული, როცა ვშორდებოდი მათ.

      ბოლოს ლაიფციგის ციხეში გამგზავნეს, საიდანაც გამათავისუფლეს. ციხის მცველი კი, რომელმაც გამომიშვა, არ გამომემშვიდობა, არამედ მითხრა: „მალე ისევ გიხილავთ“. მას თავისი ბოროტი აზროვნებით ისევ ციხეში უნდოდა ჩემი ჩასმა. მე ხშირად ვფიქრობ ფსალმუნის 123-ე თავის მე-2 და მე-3 მუხლების შესახებ, სადაც წერია: „უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგა ჩვენს წინააღმდეგ კაცი, მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება