-
„როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება?“საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 ნოემბერი
-
-
„ბორკილებით დაუმძიმეს ფეხები“
ჩვენ ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორი იყო იმ დროს ეგვიპტის ციხეები. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ასეთი ადგილების ნანგრევები, რომლებსაც ჰქონდა საკნები და დილეგები. იოსებმა საპატიმრო აღწერა ისეთი სიტყვით, რომელიც პირდაპირი გაგებით ნიშნავს „ორმოს“, ბნელ და უსიცოცხლო ადგილს (დაბადება 40:15). ფსალმუნებიდან ვიგებთ, რომ იოსები სხვა მხრივაც იტანჯებოდა: „ბორკილებით დაუმძიმეს ფეხები, რკინით შეიბორკა მისი სული“ (ფსალმუნი 105:17, 18). ეგვიპტელები ზოგჯერ პატიმრებს ხელებს ზურგს უკან წააღებინებდნენ და მკლავებზე ბორკილებს ადებდნენ. ზოგ პატიმარს კისერზე რკინის საყელურსაც უკეთებდნენ. წარმოიდგინეთ, რისი ატანა მოუწევდა სრულიად უდანაშაულო იოსებს ასეთი არაადამიანური მოპყრობის გამო.
ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ეს არ გაგრძელებულა ერთი და ორი დღე. მას წლები მოუწია ამ საშინელ ადგილას ყოფნა.a იოსებს იმის იმედიც კი გადაწურული ჰქონდა, რომ ოდესმე გაათავისუფლებდნენ. გადიოდა დღეები, კვირები და თვეები. რა დაეხმარა იოსებს სასოწარკვეთილებას არ მისცემოდა?
პასუხს ბიბლიიდან ვიგებთ: „იეჰოვა იყო იოსებთან, სიკეთეს არ აკლებდა მას“ (დაბადება 39:21). ვერც ციხის კედლები, ვერც ბორკილები და ვერც ბნელი დილეგები ვერ შეუშლის იეჰოვას ხელს, რომ თავის მსახურებს სიყვარული აგრძნობინოს (რომაელები 8:38, 39). რთული წარმოსადგენი არ არის, როგორ გადმოუღვრიდა გრძნობებსა და განცდებს იოსები თავის საყვარელ მამას ლოცვაში და როგორ მოჰგვრიდა მას შინაგან სიმშვიდეს „ყოველგვარი ნუგეშის მამა“ (2 კორინთელები 1:3, 4; ფილიპელები 4:6, 7). გარდა ამისა, იეჰოვამ იოსებს „წყალობა აპოვნინა საპყრობილის ზედამხედველის თვალში“.
როგორც წესი, პატიმრებს სხვადასხვა საქმეს ავალებდნენ. იოსები ამჯერადაც აძლევდა იეჰოვას კურთხევის საფუძველს. ის კეთილსინდისიერად ასრულებდა ნებისმიერ დავალებას, დანარჩენს კი იეჰოვას ანდობდა. იეჰოვას კურთხევით მან აქაც მოიპოვა ნდობა და პატივისცემა, ისევე როგორც ერთ დროს ფოტიფარის სახლში. წმინდა წერილებში ვკითხულობთ: „საპყრობილის ზედამხედველმა იოსებს ჩააბარა ყველა, ვინც საპყრობილეში იყო; მისი განკარგულების გარეშე არაფერი კეთდებოდა. არ ზრუნავდა საპყრობილის ზედამხედველი იმაზე, რაც მას ებარა, რადგან იეჰოვა იყო იოსებთან და ყველა საქმეში იეჰოვა უმართავდა ხელს“ (დაბადება 39:22, 23). რა მანუგეშებელი იქნებოდა იოსებისთვის იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ზრუნავდა მასზე.
იოსები ციხეშიც მუყაითად შრომობდა, რის გამოც იეჰოვამ აკურთხა
ჩვენს ცხოვრებაშიც შეიძლება დადგეს მძიმე დღეები, ზოგი ჩვენგანი შეიძლება საშინელი უსამართლობის მსხვერპლიც კი გახდეს. ასეთ დროს იოსების მაგალითი ძალიან დაგვეხმარება. თუ გამუდმებით ვილოცებთ, ვუერთგულებთ იეჰოვას მითითებებს და ყველანაირად ვეცდებით იმის კეთებას, რაც მის თვალში სწორია, იეჰოვას ჩვენი კურთხევის საფუძველს მივცემთ.
-
-
„როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება?“საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 ნოემბერი
-
-
a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იოსები 17-18 წლისა იყო, როცა ფოტიფარის სახლში მიიყვანეს და შესაძლოა რამდენიმე წელიც გავიდა, სანამ ახალგაზრდა მამაკაცად ჩამოყალიბდებოდა. ციხიდან რომ გამოვიდა, ის უკვე 30 წლის იყო (დაბადება 37:2; 39:6; 41:46).
-