-
ღვთის მაცნის მიერ გაძლიერებულიყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
„სათნო კაცი“ გაძლიერებულია
14. რა დახმარება ესაჭიროებოდა დანიელს ანგელოზის ცნობის მოსმენამდე?
14 იეჰოვას ანგელოზს მეტად მნიშვნელოვანი და სერიოზული ცნობა ჰქონდა დანიელისთვის გადასაცემი. მის მოსმენამდე დანიელს დახმარება ესაჭიროებოდა, რომ ძალები მოეკრიბა და დამშვიდებულიყო. როგორც ჩანს, ანგელოზმა იცოდა ეს და ამიტომაც სიყვარულით დაეხმარა მას და გაამხნევა. ვნახოთ, რას გვიამბობს დანიელი იქ მომხდარის შესახებ.
15. რა გააკეთა ანგელოზმა დანიელის დასახმარებლად?
15 „მისი ლაპარაკის ხმის გაგონებისთანავე, თავზარდაცემული მიწაზე პირქვე დავემხე“, — ამბობს ის. როგორც ჩანს, დანიელი შიშისა და მღელვარებისგან დაემხო მიწაზე. რა გააკეთა ანგელოზმა მის დასახმარებლად? „და, აჰა, — ამბობს დანიელი, — ხელი შემეხო და მუხლებზე და ხელის მტევნებზე წამომაყენა“. გარდა ამისა, ანგელოზმა შემდეგი სიტყვებით გაამხნევა წინასწარმეტყველი: „დანიელ, სათნო კაცო! ჩასწვდი ამ სიტყვებს, მე რომ გეუბნები და დადექი შენ ალაგას, რადგან შენთანა ვარ ახლა გამოგზავნილი“. დახმარების ხელმა და მანუგეშებელმა სიტყვებმა ძალა შეჰმატა დანიელს. მართალია ‘ცახცახებდა’, მაგრამ ფეხზე ‘იდგა’ (დანიელი 10:9—11).
16. ა) საიდან ჩანს, რომ იეჰოვა სწრაფად პასუხობს თავის მსახურებს ლოცვაზე? ბ) რატომ დააყოვნა ანგელოზმა დანიელთან მისვლა? (ჩართეთ ჩარჩო). გ) რა ცნობა ჰქონდა ანგელოზს დანიელისთვის გადასაცემი?
16 ანგელოზმა უთხრა დანიელს, რომ მის სანუგეშებლად იყო მისული. „ნუ გეშინია, დანიელ! — უთხრა მან. — რადგან პირველივე დღიდან, რაც შენი გული გონიერებასა და შენი ღმერთის წინაშე მორჩილებას მიეცი, შესმენილია შენი სიტყვები და მეც შენი სიტყვების გამო მოვედი“. შემდეგ აუხსნა, რატომ დააყოვნა მასთან მისვლა. „სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთი დღე მეწინააღმდეგებოდა და, აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთ-ერთი პირველ მთავართაგანი, რადგან მე სპარსეთის მეფესთან დავრჩი“, — უთხრა ანგელოზმა. მან მიქაელის დახმარებით შეძლო თავისი დავალების შესრულება — დანიელისთვის უმნიშვნელოვანესი ცნობის გადაცემა. „მოვედი, რომ გაგაგებინო, რა ბედი ეწევა შენს ერს უკანასკნელ დღეებში, რადგან ეს ხილვაც მომავალ დღეებს შეეხება“, — უთხრა მას ანგელოზმა (დანიელი 10:12—14).
17, 18. როგორ დაეხმარა ანგელოზი დანიელს მეორეჯერ და რა შეძლო დანიელმა ამის შემდეგ?
17 ანგელოზის ასეთმა ინტერესის აღმძვრელმა სიტყვებმა არათუ გამოაცოცხლა დანიელი, არამედ საპირისპიროდ იმოქმედა მასზე. „როცა ამ სიტყვებს მეუბნებოდა, მიწაზე პირქვე ვიყავი დამხობილი და დამუნჯებული“, — ამბობს ის. მაგრამ ანგელოზი მზად იყო, სიყვარულით მეორეჯერ აღმოეჩინა მისთვის დახმარება. „და, აჰა, კაცის ძის მსგავსი შეეხო ჩემს ბაგეს, მე გავხსენი პირი და ავმეტყველდი“, — ამბობს დანიელი (დანიელი 10:15, 16ა)b.
18 დანიელს ძალა შეემატა, როგორც კი ანგელოზი ბაგეზე შეეხო (შეადარეთ ესაია 6:7). როდესაც ლაპარაკი შეძლო, აუხსნა ანგელოზს, რამდენად მძიმე იყო მისთვის ის წუთები: „ჩემო ბატონო, გამტანჯა ამ სანახავმა და ძალა გამომეცალა. როგორ შეუძლია ამ ბატონის მონა-მორჩილს ელაპარაკოს ამ ბატონს? რადგან აღარც ძალა შემრჩა და აღარც სული მიდგას“ (დანიელი 10:16ბ, 17).
19. როგორ დაეხმარა ანგელოზი დანიელს მესამედ და რა მოჰყვა ამას?
19 ეს არ ყოფილა ჩივილი ან თავის მართლება. დანიელი მხოლოდ თავის მძიმე მდგომარეობას აღწერდა, რის გამოც ანგელოზმა უყურადღებოდ არ დატოვა მისი ნათქვამი. ამჯერად მან უკვე მესამედ აღმოუჩინა დანიელს დახმარება. „მაშინ კვლავ შემეხო კაცის სახებისმაგვარი და გამამაგრა“, — ამბობს წინასწარმეტყველი. ანგელოზმა არა მხოლოდ ხელის შეხებით, არამედ მანუგეშებელი სიტყვებითაც გაამაგრა დანიელი: „ნუ გეშინია, სათნო კაცო, მშვიდობა შენდა! გამაგრდი, გამაგრდი“. ამგვარი დახმარება და მანუგეშებელი სიტყვები სწორედ ის იყო, რაც დანიელს სჭირდებოდა. შედეგი? დანიელი ამბობს: „როცა მელაპარაკებოდა, გავმაგრდი“. ახლა დანიელი ღვთისგან ახალი რთული დავალების მისაღებად იყო მზად (დანიელი 10:18, 19).
20. რატომ დასჭირდა ანგელოზს ძალისხმევა დავალების შესასრულებლად?
20 მას შემდეგ, რაც ანგელოზმა გაამაგრა, გააძლიერა და დაამშვიდა დანიელი, კიდევ ერთხელ გაუმეორა მისვლის მიზეზი: „თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა სპარსეთის მთავართან საომრად უნდა გავბრუნდე და როდესაც მე გავალ, აჰა, მაშინ მოვა იავანის მთავარი. მაგრამ მე გაუწყებ ჭეშმარიტების წიგნში დაწერილს: მათ წინააღმდეგ არავინა მყავს შემწე, მიქაელის, თქვენი მთავრის მეტი“ (დანიელი 10:20, 21).
21, 22. ა) როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის მსახურებს, როგორც დანიელის მაგალითიდან ჩანს? ბ) რისთვის იყო დანიელი გაძლიერებული?
21 რა დიდი სიყვარული და ყურადღება გამოავლინა იეჰოვამ! ის ყოველთვის ითვალისწინებს თავისი მსახურების შესაძლებლობებსა და სისუსტეებს. იეჰოვა თავის მსახურებს მხოლოდ იმას ავალებს, რაშიც დარწმუნებულია, რომ შესრულებას შესძლებენ, თუმცა, შესაძლებელია, თვითონ მათ ზოგჯერ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდეთ. იეჰოვა აგრეთვე მზად არის, მოუსმინოს მათ და საჭირო დახმარება აღმოუჩინოს დავალების შესასრულებლად. ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვა, ამ მხრივ ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევს. ჩვენც შეგვიძლია ყოველთვის გავამხნევოთ და გავაძლიეროთ თანამორწმუნეები (ებრაელთა 10:24).
22 ანგელოზის მანუგეშებელმა სიტყვებმა დიდად გაამხნევა დანიელი. ხანდაზმულობის მიუხედავად, ახლა ის განმტკიცებული და მომზადებული იყო ღვთისგან მოესმინა და დაეწერა ახალი მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება, რომელსაც სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის.
-
-
ღვთის მაცნის მიერ გაძლიერებულიყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
b შესაძლებელია, იმავე ანგელოზმა გამოაცოცხლა დანიელი ბაგეზე ხელის შეხებით, რომელიც ელაპარაკებოდა მას, მაგრამ ისიც დასაშვებია, რომ სხვა ანგელოზი, მაგალითად გაბრიელი შეხებოდა. როგორც უნდა ყოფილიყო, დანიელი ანგელოზმა გააძლიერა.
-