-
დაეხმარეთ მამაკაცებს სულიერ წინსვლაშისაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ნოემბერი
-
-
დაეხმარეთ მამაკაცებს სულიერ წინსვლაში
„ამიერიდან ცოცხალ ადამიანებს დაიჭერ“ (ლუკ. 5:10).
1, 2. ა) როგორ ეხმაურებოდნენ მამაკაცები იესოს ქადაგებას? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
გალილეაში მსახურების დროს იესო და მისი მოწაფეები ერთხელ ნავით უკაცრიელ ადგილას წავიდნენ. მაგრამ ხალხი ფეხით გაჰყვა მათ. იმ დღეს იქ მივიდა „ხუთი ათასამდე კაცი . . . თუ არ ჩავთვლით ქალებსა და ბავშვებს“ (მათ. 14:21). სხვა დროს, განკურნებისა და მოსმენის მიზნით, იესოსთან ქალებისა და ბავშვების გარდა, ოთხი ათასი კაცი მივიდა (მათ. 15:38). როგორც ჩანს, მათ შორის, ვისაც იესოს სწავლებები აინტერესებდა, მრავალი მამაკაცი იყო. მაგრამ იესო მოელოდა, რომ ჭეშმარიტებას სხვა მრავალიც გაიგებდა. ამიტომ, როცა მოწაფეებს თევზი სასწაულებრივად დააჭერინა, სიმონს უთხრა: „ამიერიდან ცოცხალ ადამიანებს დაიჭერ“ (ლუკ. 5:10). იესოს მოწაფეებს ბადეები კაცობრიობის „ზღვაში“ უნდა ესროლათ და მრავალი მამაკაცის დაჭერის მოლოდინი ჰქონოდათ.
2 მსგავსადვე, მამაკაცები დღესაც ინტერესდებიან ბიბლიური ცნობით და იწყებენ შესწავლას (მათ. 5:3). მაგრამ ზოგიერთი მათგანი სულიერად წინ ვერ მიიწევს. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ასეთებს? იესო მამაკაცებს განსაკუთრებულად არ უქადაგებდა, თუმცა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას. იესოს მსგავსად ჩვენც შეგვიძლია დავეხმაროთ მამაკაცებს გაუმკლავდნენ დღეს არსებულ სამ ძირითად პრობლემას: 1) თავის რჩენას, 2) იმის შიშს, თუ რას იტყვიან სხვები და 3) არასრულფასოვნების გრძნობას.
თავის რჩენა
3, 4. ა) რა არის მამაკაცების უმრავლესობის უმთავრესი საზრუნავი? ბ) რატომ აყენებს ზოგიერთი მამაკაცი მატერიალურ უზრუნველყოფას სულიერ მიზნებზე წინ?
3 ერთმა მწიგნობარმა იესოს უთხრა: „მოძღვარო, სადაც წახვალ, ყველგან გამოგყვები“. მაგრამ როდესაც იესომ უთხრა, რომ „კაცის ძეს . . . თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“, მწიგნობარმა აზრი შეიცვალა. ბიბლიიდან არ ჩანს, გახდა თუ არა ის იესოს მიმდევარი. შესაძლოა მწიგნობარი ზედმეტად ფიქრობდა, სად იცხოვრებდა და თავს რით ირჩენდა (მათ. 8:19, 20).
4 მამაკაცები მატერიალურ უზრუნველყოფას ხშირად აყენებენ სულიერ მიზნებზე წინ. უმრავლესობა მათგანისთვის ცხოვრებაში უმთავრესი უმაღლესი განათლება და მაღალანაზღაურებადი სამსახურია. მათი აზრით, ფული უფრო საჭიროა და უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს ადამიანს, ვიდრე ბიბლიის შესწავლა და ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარება. ბიბლიური სწავლებები შეიძლება ეხება მათ გულს, მაგრამ „ქვეყნიერების საზრუნავი [და] სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა“ აშთობს მათ ინტერესს (მარ. 4:18, 19). განვიხილოთ, როგორ ეხმარებოდა იესო თავის მოწაფეებს პრიორიტეტების დადგენაში.
5, 6. რა დაეხმარა ანდრიას, პეტრეს, იაკობსა და იოანეს, რომ პირველ ადგილზე სამქადაგებლო საქმიანობა დაეყენებინათ და არა მატერიალურზე ზრუნვა?
5 ანდრია და მისი ძმა სიმონ პეტრე მეთევზეები იყვნენ. აგრეთვე მეთევზეობით ირჩენდნენ თავს იოანე და მისი ძმა იაკობი, თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად. მათ საქმე იმდენად კარგად მისდიოდათ, რომ მუშების დაქირავებაც კი შეეძლოთ (მარ. 1:16—20). როდესაც იოანე ნათლისმცემლისგან ანდრიამ და იოანემ პირველად გაიგეს იესოს შესახებ, დარწმუნებული იყვნენ, რომ მესია იპოვეს. ანდრიამ ეს ამბავი თავის ძმა სიმონ პეტრეს აცნობა, იოანემ კი, შესაძლოა — თავის ძმა იაკობს (იოან. 1:29, 35—41). ამის შემდეგ, თვეების განმავლობაში, ოთხივე თან ახლდა იესოს, როცა ის გალილეაში, იუდეასა და სამარიაში ქადაგებდა. მოგვიანებით ისინი კვლავ მეთევზეობას დაუბრუნდნენ. მათ აინტერესებდათ სულიერი საკითხები, მაგრამ მსახურება მათ ცხოვრებაში პირველ ადგილზე არ იდგა.
6 გარკვეული ხნის შემდეგ, იესომ პეტრეს და ანდრიას მოუწოდა, გაჰყოლოდნენ მას და „ადამიანთა მებადურები“ გამხდარიყვნენ. როგორ გამოეხმაურნენ ისინი? „მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ“. მსგავსადვე მოიქცნენ იაკობი და იოანე. მათაც „მაშინვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ“ (მათ. 4:18—22). რა დაეხმარა ამ მამაკაცებს, სრული დროით მსახურება დაეწყოთ? ხომ არ იყო ეს დაუფიქრებელი და ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება? რა თქმა უნდა, არა. თვეების განმავლობაში ისინი უსმენდნენ იესოს, ხედავდნენ მის მიერ მოხდენილ სასწაულებს და იმას, თუ რა გულმოდგინედ იცავდა სიმართლეს. ისინი თავად იყვნენ იმის მოწმენი, რომ იესოს ქადაგებას ბევრი ეხმაურებოდა. შედეგად იეჰოვასადმი მათი რწმენა და ნდობა უფრო განმტკიცდა.
7. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს იეჰოვასადმი ნდობის განვითარებაში?
7 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და ბიბლიის შემსწავლელებს დავეხმაროთ, განივითარონ იეჰოვასადმი ნდობა? (იგავ. 3:5, 6). დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ვასწავლით. სწავლებისას კარგი იქნება, თუ ყურადღებას გავამახვილებთ ღვთის დაპირებაზე, რომ ის უხვად გვაკურთხებს, თუ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დავაყენებთ (წაიკითხეთ მალაქიას 3:10; მათეს 6:33 ). შეგვიძლია, ბიბლიიდან დავანახვოთ, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ხალხზე. მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ჩვენი მაგალითიდანაც ბევრს სწავლობენ. როცა შემსწავლელს ვუყვებით, პირადად ჩვენ როგორ დაგვეხმარა იეჰოვა, ეს მას იეჰოვასადმი ნდობის განვითარებაში ეხმარება. აგრეთვე შეგვიძლია გავუზიაროთ ჩვენს პუბლიკაციებში მოცემული გამამხნევებელი შემთხვევები.a
8. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი ბიბლიის შემსწავლელისთვის, „იგემოს და ნახოს, რომ კარგია იეჰოვა“? ბ) როგორ აღვძრათ შემსწავლელი, პირადად გამოსცადოს, რომ იეჰოვა კარგია?
8 ძლიერი რწმენის განვითარებისთვის უფრო მეტი მოითხოვება, ვიდრე იმის წაკითხვა და მოსმენა, როგორ აკურთხა იეჰოვამ სხვები. ბიბლიის შემსწავლელმა პირადად უნდა გამოსცადოს იეჰოვას სიკეთე. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა! ბედნიერია კაცი, ვინც თავს აფარებს მას“ (ფსალმ. 34:8). როგორ დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელს იმის დანახვაში, რომ კარგია იეჰოვა? დავუშვათ, მას ფინანსური პრობლემები აქვს. ამავე დროს ის ცდილობს დასძლიოს ცუდი ჩვევა, მაგალითად, მოწევა, აზარტული თამაშები ან გადამეტებული სმა (იგავ. 23:20, 21; 2 კორ. 7:1; 1 ტიმ. 6:10). კარგი იქნება, თუ ვურჩევთ, ღმერთს ლოცვით მიმართოს და სთხოვოს, დაეხმაროს ამ ცუდი ჩვევის დაძლევაში. შედეგად ის პირადად გამოსცდის, რომ იეჰოვა კარგია. წარმოიდგინეთ, როგორ შედეგებს მივაღწევთ, თუ შემსწავლელს აღვძრავთ, ყოველკვირეულად შეისწავლოს ბიბლია, მოემზადოს კრების შეხვედრებისთვის, დაესწროს მათ და ასეთი სახით პირველ ადგილზე სულიერი საკითხები დააყენოს. დიახ, როცა ის პირადად დაინახავს, რომ იეჰოვამ აკურთხა მისი ძალისხმევა, რწმენა უფრო და უფრო გაუძლიერდება.
იმის შიში, თუ რას იტყვიან სხვები
9, 10. ა) რატომ მალავდნენ ნიკოდემე და იოსებ არიმათეელი, რომ აინტერესებდათ იესოს სწავლებები? ბ) რატომ იკავებს ზოგი მამაკაცი თავს, გახდეს ქრისტეს მიმდევარი?
9 ზოგი თავს იკავებს, გახდეს იესოს მიმდევარი იმის შიშით, თუ რას იტყვიან სხვები. ნიკოდემესა და იოსებ არიმათეელს აინტერესებდათ იესოს სწავლებები, მაგრამ მალავდნენ ამას, რადგან ეშინოდათ, თუ რას იტყოდნენ ან რას იზამდნენ სხვა იუდეველები (იოან. 3:1, 2; 19:38). ეს შიში არ იყო საფუძველს მოკლებული. რელიგიურ წინამძღოლებს იმდენად სძულდათ იესო, რომ სინაგოგიდან მოკვეთით ემუქრებოდნენ ყველას, ვინც მისადმი რწმენას გამოავლენდა (იოან. 9:22).
10 ზოგ ქვეყანაში დღეს, თუ მამაკაცი ავლენს ინტერესს ღვთისადმი, ბიბლიის ან რელიგიისადმი, შეიძლება წინააღმდეგობას შეხვდეს თანამშრომლების, მეგობრების ან ნათესავების მხრიდან. ზოგან რელიგიის შეცვლის შესახებ საუბარიც კი შეიძლება სახიფათო იყოს. წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება განსაკუთრებით მაშინ იყოს რთული, როცა მამაკაცი სამხედროა, პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა ან რაიმე თანამდებობა უკავია. მაგალითად, გერმანიაში მცხოვრებმა ერთმა მამაკაცმა აღიარა: „რასაც თქვენ, იეჰოვას მოწმეები, ბიბლიის შესახებ ქადაგებთ, ჭეშმარიტებაა. მაგრამ მე რომ დღეს იეჰოვას მოწმე გავხდე, ხვალ ამის შესახებ ყველა გაიგებს. რას იფიქრებენ თანამშრომლები, მეზობლები ან ოჯახის წევრები? ამას ნამდვილად ვერ ავიტან“.
11. როგორ დაეხმარა იესო თავის მოწაფეებს, დაეძლიათ კაცთმოშიშება?
11 იესოს მოციქულები არ იყვნენ მშიშრები, თუმცა კაცთმოშიშებასთან მაინც უწევდათ ბრძოლა (მარ. 14:50, 66—72). როგორ დაეხმარა იესო თავის მოწაფეებს, წინააღმდეგობის მიუხედავად, სულიერად გაზრდილიყვნენ? იესომ მოამზადა ისინი მომავალი განსაცდელებისთვის. მან თქვა: „ბედნიერნი ხართ, თუ ხალხს სძულხართ, თავიდან გიშორებენ, გლანძღავენ და თქვენს სახელს ბოროტად მიიჩნევენ კაცის ძის გამო“ (ლუკ. 6:22). იესომ გააფრთხილა მოწაფეები, რომ „კაცის ძის გამო“ მათაც გალანძღავდნენ. მან დაარწმუნა, რომ თუ იეჰოვას დახმარებასა და ძალას სთხოვდნენ, ის მხარში ამოუდგებოდა მათ (ლუკ. 12:4—12). იესომ ახლებსაც მოუწოდა, ეთანამშრომლათ მოციქულებთან და ყოფილიყვნენ მათი მეგობრები (მარ. 10:29, 30).
12. როგორ დავეხმაროთ ახლებს, დასძლიონ კაცთმოშიშება?
12 ჩვენც უნდა დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს, დასძლიონ კაცთმოშიშება. განსაცდელების გადატანა უფრო ადვილია მაშინ, როცა წინასწარ ვართ ამისთვის მზად (იოან. 15:19). მაგალითად, კარგი იქნება, თუ ბიბლიის შემსწავლელს დავეხმარებით მარტივი შეთავაზების მომზადებაში. აგრეთვე ვასწავლით, როგორ უპასუხოს ბიბლიის დახმარებით თანამშრომლების ან სხვების მიერ დასმულ კითხვებს. ჩვენ კი ვმეგობრობთ ბიბლიის შემსწავლელთან, მაგრამ კარგი იქნებოდა მისთვის კრების სხვა წევრებიც გაგვეცნო, განსაკუთრებით ისინი, ვინც შეიძლება მსგავს სიტუაციაში იყო. ამ ყველაფერთან ერთად უნდა ვასწავლოთ გულწრფელად და რეგულარულად ლოცვა. ლოცვის მეშვეობით ის დაუახლოვდება ღმერთს და იეჰოვა გახდება მისი თავშესაფარი და კლდე (წაიკითხეთ ფსალმუნის 94:21—23; იაკობის 4:8 ).
არასრულფასოვნების გრძნობა
13. როგორ შეიძლება არასრულფასოვნების გრძნობის გამო ზოგმა თავი შეიკავოს თეოკრატიულ საქმიანობაში მონაწილეობისგან?
13 ზოგიერთი მამაკაცი თავს იკავებს თეოკრატიულ საქმიანობაში მონაწილეობისგან იმის გამო, რომ კარგად ვერ კითხულობს, აზრების გასაგებად გადმოცემა უჭირს ან, უბრალოდ, მორცხვია. ზოგს კი არ შეუძლია საჯაროდ გამოხატოს თავისი შეხედულებები და გრძნობები. მათ შესწავლების ჩატარება, ქრისტიანულ შეხვედრებზე კომენტარების გაკეთება და თავიანთ რწმენაზე სხვებთან საუბარი გადაულახავ პრობლემად ეჩვენებათ. ერთი ქრისტიანი ძმა აღიარებს: „როცა ახალგაზრდა ვიყავი, კარდაკარ მსახურების დროს სწრაფად მივიდოდი კართან, თავს ისე მოვაჩვენებდი თითქოს ზარს ვრეკავდი და შემდეგ ჩუმად მოვდიოდი იმ იმედით, რომ ვერავინ გაიგებდა და დამინახავდა . . . იმაზე ფიქრიც კი ცუდად მხდიდა, რომ კარდაკარ უნდა წავსულიყავი“.
14. რატომ ვერ შეძლეს იესოს მოწაფეებმა დემონით შეპყრობილი ბიჭის განკურნება?
14 შესაძლოა, იესოს მოწაფეებიც განიცდიდნენ არასრულფასოვნების გრძნობას, როცა დემონით შეპყრობილი ბიჭი ვერ განკურნეს. ბიჭის მამა იესოსთან მივიდა და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ვაჟი, ბნედიანია და იტანჯება, ხან ცეცხლში ვარდება, ხან — წყალში. შენს მოწაფეებს მივუყვანე, მაგრამ ვერ განკურნეს“. იესომ განდევნა დემონი ბიჭისგან და ისიც განიკურნა. მოგვიანებით მოწაფეებმა ჰკითხეს იესოს: „ჩვენ რატომ ვერ განვდევნეთ?“ იესომ უპასუხა: „მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და ამ მთას უთხრათ, აქედან იქით გადადიო, გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“ (მათ. 17:14—20). იეჰოვასადმი რწმენაა საჭირო, რომ მთისმაგვარი დაბრკოლებები გადავლახოთ. რა შეიძლება მოხდეს, თუ ადამიანი დაკარგავს რწმენას და საკუთარ შესაძლებლობებს დაეყრდნობა? ის წარმატებას ვერ მიაღწევს და არასრულფასოვნების გრძნობა დაეუფლება.
15, 16. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს, დასძლიონ არასრულფასოვნების გრძნობა?
15 ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რითაც ბიბლიის შემსწავლელს არასრულფასოვნების გრძნობის დაძლევაში დავეხმარებით არის ის, რომ აღვძრათ, მიენდოს იეჰოვას და არა საკუთარ თავს. პეტრემ დაწერა: „დაიმდაბლეთ თავი ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ, და ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტ. 5:6, 7). ბიბლიის შემსწავლელს უნდა დავეხმაროთ სულიერ ზრდაში. სულიერად მოწიფული ადამიანი აფასებს სულიერ საკითხებს. მას უყვარს ღვთის სიტყვა და ცხოვრებაში „სულის ნაყოფს“ ავლენს (გალ. 5:22, 23). მისთვის ლოცვა მნიშვნელოვანია (ფილ. 4:6, 7). ასეთი ადამიანი ღმერთს მიმართავს დახმარებისთვის, რომ მიიღოს საჭირო გამბედაობა და ძალა, რათა გაუმკლავდეს ნებისმიერ სიტუაციას და წარმატებით შეასრულოს მისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 1:7, 8 ).
16 ზოგ შემსწავლელს შეიძლება პრაქტიკული დახმარება დასჭირდეს, რომ გაიუმჯობესოს კითხვისა თუ მეტყველების უნარი. სხვები წარსულში ჩადენილი არასწორი საქციელის გამო, თავს უღირსად თვლიან, ემსახურონ იეჰოვას. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა მათთდამი სიყვარულისა და მოთმინების გამოვლენა. იესომ თქვა: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“ (მათ. 9:12).
დაეხმარეთ რაც შეიძლება მეტ მამაკაცს
17, 18. ა) როგორ შეგვიძლია მეტი მამაკაცის პოვნა მსახურებაში? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
17 ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი მამაკაცი გამოეხმაუროს იმ მანუგეშებელ ცნობას, რომელსაც მხოლოდ ბიბლიაში ვპოულობთ (2 ტიმ. 3:16, 17). როგორ შეგვიძლია უფრო და უფრო მეტი მამაკაცის პოვნა ქადაგებისას? ამის გაკეთება შეიძლება, თუ უფრო მეტად ვიმსახურებთ საღამოობით, შაბათ-კვირას ან დღესასწაულების დროს, როცა მამაკაცები ძირითადად სახლში არიან. კარდაკარ მსახურებისას ძმებს შეუძლიათ იკითხონ ოჯახის თავი, რომ მას ესაუბრონ. მოდი, შეძლებისდაგვარად, სამსახურში მამაკაცებს არაფორმალურად ვუქადაგოთ და კრების წევრების არა იეჰოვას მოწმე მეუღლეებს ვესაუბროთ.
18 თუ ყველას ვუქადაგებთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ გულწრფელი ადამიანები დადებითად გამოეხმაურებიან სასიხარულო ცნობას. მოდი, მოთმინებით დავეხმაროთ ყველას, ვინც ჭეშმარიტებისადმი გულწრფელ ინტერესს ავლენს. მაგრამ, როგორ დავეხმაროთ მონათლულ მამაკაცებს, რომ ღვთის ორგანიზაციაში ისწრაფონ გარკვეული პასუხისმგებლობებისკენ? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.
[სქოლიო]
a იხილეთ „იეჰოვას მოწმეების წელიწდეული“ და „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში მოცემული ბიოგრაფიები.
-
-
დაეხმარეთ ძმებს, ისწრაფონ პასუხისმგებლობებისკენსაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ნოემბერი
-
-
დაეხმარეთ ძმებს, ისწრაფონ პასუხისმგებლობებისკენ
„ყოველი, ვინც სრულყოფილად განისწავლება, თავისი მასწავლებელივით იქნება“ (ლუკ. 6:40).
1. დედამიწაზე მსახურების დროს, როგორ ჩაუყარა იესომ საფუძველი კრებას?
მოციქულმა იოანემ თავისი სახარების დასკვნით ნაწილში დაწერა: „სხვაც ბევრი რამ გააკეთა იესომ. ყველაფერი დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, ქვეყნიერებაც ვერ დაიტევდა დაწერილ გრაგნილებს“ (იოან. 21:25). თავისი ხანმოკლე, მაგრამ აქტიური მსახურების განმავლობაში სხვა მრავალ საქმესთან ერთად იესომ მოამზადა და ორგანიზება გაუწია მამაკაცებს, რათა მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მათ გაეგრძელებინათ მის მიერ დაწყებული საქმე. ახ. წ. 33 წელს, იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ ჩამოყალიბდა პატარა ჯგუფი, რომელიც სულ მალე ათასობით მაუწყებლისგან შემდგარი ერთი დიდი კრება გახდა (საქ. 2:41, 42; 4:4; 6:7).
2, 3. ა) რატომ გვჭირდება უფრო და უფრო მეტი მონათლული მამაკაცი? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 დღეს მთელ მსოფლიოში 100 000-ზე მეტ კრებაში სამეფოს შვიდ მილიონზე მეტი აქტიური მაუწყებელია. ამიტომაც უფრო და უფრო მეტი მამაკაცია საჭირო, რომლებიც სულიერ საკითხებში ხელმძღვანელობას გაუწევენ მათ. მაგალითად, საჭიროა ბევრი ქრისტიანი უხუცესი. ნამდვილად შესაქები არიან ისინი, ვინც პასუხისმგებლობებისკენ ისწრაფვიან, რადგან „კარგი საქმე ნდომებიათ“ (1 ტიმ. 3:1).
3 მაგრამ შეუძლებელია, რომ კრებაში მამაკაცები ამა თუ იმ პასუხისმგებლობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს ავტომატურად შეესაბამებოდნენ. მხოლოდ ქვეყნიური განათლება და ცხოვრებისეული გამოცდილება ვერ მოამზადებს მამაკაცს ასეთი საქმისთვის. მამაკაცი სულიერად მოწიფული უნდა იყოს, რომ კრებაში პასუხისმგებლობები შეასრულოს. მთავარია მას ჰქონდეს სულიერი თვისებები და არა რაიმე განსაკუთრებული უნარი თუ მიღწევები. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მამაკაცებს, რომ შეესაბამებოდნენ კრებაში პასუხისმგებლობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს? იესომ თქვა: „ყოველი, ვინც სრულყოფილად განისწავლება, თავისი მასწავლებელივით იქნება“ (ლუკ. 6:40). ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე საშუალებას, როგორ დაეხმარა დიდებული მასწავლებელი იესო ქრისტე თავის მოწაფეებს, რომ დიდი პასუხისმგებლობისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისი ყოფილიყვნენ და გავიგებთ, რის სწავლა შეგვიძლია მისი მოქმედებიდან.
„მეგობრები გიწოდეთ“
4. როგორ ცხადყო იესომ, რომ თავისი მოწაფეების კარგი მეგობარი იყო?
4 იესო თავის მოწაფეებს ექცეოდა, როგორც მეგობრებს და ზემოდან არასდროს დაჰყურებდა. ის მათ დროს უთმობდა, ენდობოდა და რაც მამამისისგან მოუსმენია, ყველაფერს ამცნობდა (წაიკითხეთ იოანეს 15:15 ). წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდნენ მოწაფეები, როდესაც იესო უპასუხებდა მათ კითხვას: „რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათ. 24:3, 4). იესო თავის მიმდევრებს საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებსაც უზიარებდა. მაგალითად, სიკვდილის წინა ღამეს იესომ პეტრე, იაკობი და იოანე გეთსემანეს ბაღში წაიყვანა, სადაც მხურვალედ ილოცა. შესაძლოა, ამ სამ მოციქულს არ ესმოდა იესოს ლოცვა, მაგრამ მათ შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ მისი განცდები (მარ. 14:33—38). დაფიქრდით აგრეთვე, როგორ იმოქმედებდა მათზე მანამდე მომხდარი იესოს გარდასახვის ხილვა (მარ. 9:2—8; 2 პეტ. 1:16—18). ახლო მეგობრული დამოკიდებულება, რომელიც იესოს თავის მოწაფეებთან ჰქონდა, დაეხმარებოდა მათ, მომავალში შეესრულებინათ მნიშვნელოვანი საქმეები.
5. როგორ შეუძლიათ ქრისტიან უხუცესებს სხვების დახმარება?
5 იესოს მსგავსად ქრისტიანი უხუცესებიც მეგობრულად ეპყრობიან და ეხმარებიან სხვებს. ისინი თბილ, ახლო ურთიერთობას ავითარებენ თანამორწმუნეებთან, უთმობენ მათ დროს და ავლენენ პირად ინტერესს. უხუცესებს ესმით, რომ გარკვეული საკითხები არ უნდა გაახმაურონ, მაგრამ ისინი არც ზედმეტად კონფიდენციალურები უნდა იყვნენ. უხუცესები ენდობიან ძმებს და უზიარებენ ბიბლიურ ცოდნას. ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაჰყურებენ ზევიდან შედარებით ახალგაზრდა მომსახურეებს. ნაცვლად ამისა, უხუცესები ამ ახალგაზრდებში ხედავენ პოტენციალის მქონე სულიერ მამაკაცებს, რომელთაც შეუძლიათ კრებაში ძვირფასი მსახურების გაწევა.
„მაგალითი მოგეცით“
6, 7. ახსენით, რა მაგალითს აძლევდა იესო თავის მოწაფეებს და რა გავლენას ახდენდა ეს მათზე.
6 მიუხედავად იმისა, რომ მოციქულები აფასებდნენ სულიერ საკითხებს, მათ აზროვნებაზე გავლენას ახდენდა მათი წარმომავლობა და გარემო (მათ. 19:9, 10; ლუკ. 9:46—48; იოან. 4:27). იესო არასდროს აკრიტიკებდა და არ ურისხდებოდა თავის მოწაფეებს. ის ითვალისწინებდა მათ შესაძლებლობებს და მათგან მეტისმეტს არ მოითხოვდა. იესო არც იმის გაკეთებას ითხოვდა, რასაც თვითონ არ აკეთებდა. ნაცვლად ამისა, ის მათ თავისი პირადი მაგალითით ასწავლიდა (წაიკითხეთ იოანეს 13:15 ).
7 რა მაგალითი დაუტოვა იესომ თავის მოწაფეებს? (1 პეტ. 2:21). ის უბრალოდ ცხოვრობდა და ეს საშუალებას აძლევდა, თავისუფლად მომსახურებოდა სხვებს (ლუკ. 9:58). იესო თავმდაბალი იყო და ყოველთვის ღვთის სიტყვიდან ასწავლიდა (იოან. 5:19; 17:14, 17). ის უშუალო და კეთილი იყო. ყველაფერს, რასაც აკეთებდა, სიყვარულიდან გამომდინარე აკეთებდა (მათ. 19:13—15; იოან. 15:12). იესოს მაგალითი დადებით გავლენას ახდენდა მის მოციქულებზე. მაგალითად, იაკობი უშიშარი და სიკვდილამდე ღვთის ერთგული იყო (საქ. 12:1, 2). იოანე კი 60 წელზე მეტ ხანს გულმოდგინედ ემსახურებოდა ღმერთს (გამოცხ. 1:1, 2, 9).
8. რა მაგალითს აძლევენ უხუცესები ახალგაზრდა მამაკაცებს და სხვებს?
8 უხუცესები, რომლებიც თავმდაბლობას, თავგანწირულ სულისკვეთებასა და სიყვარულს ავლენენ, კარგ მაგალითს აძლევენ ახალგაზრდა მამაკაცებს (1 პეტ. 5:2, 3). უფრო მეტიც, უხუცესებს ახარებთ, როდესაც ხედავენ, ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც ჰბაძავენ მათ რწმენის გამოვლენაში, ქრისტიანულ ცხოვრებასა და სწავლებაში (ებრ. 13:7).
იესომ მითითებები მისცა და გაგზავნა ისინი
9. საიდან ვიცით, რომ იესო ამზადებდა თავის მოწაფეებს სამქადაგებლო საქმიანობისთვის?
9 დედამიწაზე ორი წლის განმავლობაში გულმოდგინედ ქადაგების შემდეგ იესომ საქადაგოდ 12 მოციქული გაგზავნა. მაგრამ სანამ გაგზავნიდა მათ მითითებები მისცა (მათ. 10:5—14). როდესაც ათასობით ადამიანი სასწაულებრივად დააპურა, იესომ თავის მოწაფეებს ურჩია, როგორ გაეწიათ ხალხისთვის ორგანიზება და გაენაწილებინათ საკვები (ლუკ. 9:12—17). იესო თავის მოწაფეებს ყოველთვის ნათელ, კონკრეტულ მითითებებს აძლევდა და ასეთი სახით ამზადებდა მათ. მოგვიანებით, ასეთი ბრწყინვალე დასწავლებისა და წმინდა სულის მეშვეობით, მოციქულებმა ორგანიზება გაუწიეს ფართო მასშტაბიან სამქადაგებლო საქმიანობას, რომელიც ახ. წ. 33 წელს დაიწყო.
10, 11. როგორ ეხმარებიან უხუცესები ახალბედა ძმებს ამა თუ იმ დავალების შესრულებაში?
10 დღეს ადამიანი სულიერი მითითებების მიღებას იწყებს მაშინ, როცა ბიბლიის შესწავლაზე თანხმდება. შეიძლება საჭირო იყოს, დავეხმაროთ მათ კითხვის უნარის განვითარებაში. ბიბლიის შესწავლის დროს შეგვიძლია სხვა მხრივაც დავეხმაროთ. თუ ის რეგულარულად დაესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს, გაიგებს, რა არის საჭირო თეოკრატიული მსახურების სკოლაში მონაწილეობისთვის და როგორ გახდეს მოუნათლავი მაუწყებელი. მონათვლის შემდეგ ის შეიძლება სხვა მხრივაც განისწავლოს, მაგალითად როგორ მოუაროს სამეფო დარბაზს. უხუცესებს აგრეთვე შეუძლიათ დაეხმარონ მას იმის გაგებაში, თუ როგორ უნდა აკმაყოფილებდეს მომსახურედ მსახურებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.
11 როდესაც უხუცესი მონათლულ ძმას გარკვეულ პასუხისმგებლობებს აკისრებს, ის სიამოვნებით უხსნის მას, როგორ გაართვას თავი ამ დავალებას და აძლევს საჭირო მითითებებს. ახალბედა ძმას უნდა ესმოდეს, რას მოელიან მისგან. თუ მისთვის რთულია დავალების შესრულება, მოსიყვარულე უხუცესი მაშინვე არ დაასკვნის, რომ ის ამ საქმისთვის არ გამოდგება. ნაცვლად ამისა, უხუცესი რბილად მიუდგება, ხელახლა აუხსნის, რა უნდა გააკეთოს და როგორ. უხუცესებმა იციან, რომ სხვების მომსახურებას ბედნიერება მოაქვს. ამიტომ უხარიათ, როდესაც ძმები დადებითად ეხმაურებიან მათ ძალისხმევას (საქ. 20:35).
„რჩევის მომსმენი . . . ბრძენია“
12. რატომ იყო იესოს რჩევები პრაქტიკული?
12 იესო თავის მოწაფეებს საჭირო დროს საჭირო რჩევას აძლევდა. მაგალითად, მან გაკიცხა იაკობი და იოანე, რადგან როცა ზოგიერთმა სამარიელმა არ მიიღო ქრისტე, მათ მოისურვეს, ზეციდან ცეცხლი ჩამოსულიყო და ისინი გაენადგურებინა (ლუკ. 9:52—55). სხვა დროს კი, როცა იაკობისა და იოანეს დედამ სთხოვა იესოს, რომ მის შვილებს ღვთის სამეფოში სხვებზე მაღალი მდგომარეობა ჰქონოდათ, იესომ ამ ძმებს პირდაპირ უთხრა: „ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს ადგილები მათთვის არის, ვისაც ჩემმა ზეციერმა მამამ მოუმზადა“ (მათ. 20:20—23). იესოს რჩევები ყოველთვის ნათელი, პრაქტიკული და ღვთის პრინციპებზე დაფუძნებული იყო. ის თავის მოწაფეებს ასწავლიდა, რომ ამ პრინციპებით ეხელმძღვანელათ (მათ. 17:24—27). იესო ითვალისწინებდა თავისი მიმდევრების შეზღუდულ შესაძლებლობებს და მათგან სრულყოფილებას არ მოელოდა. ის მათ რჩევებს იმიტომ აძლევდა, რომ ძალიან უყვარდა ისინი (იოან. 13:1).
13, 14. ა) ვის სჭირდება რჩევა? ბ) რა რჩევები შეიძლება მისცეს უხუცესმა მას, ვინც სულიერად წინ არ მიიწევს?
13 ყველა მამაკაცს, ვისაც სურს კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობა მიიღოს, დროდადრო სჭირდება მითითება თუ ბიბლიური რჩევა. იგავების 12:15-ში ვკითხულობთ: „უგუნურს თავისი გზა სწორი ჰგონია, რჩევის მომსმენი კი ბრძენია“. ერთმა ახალგაზრდა ძმამ თქვა: „ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა საკუთარი არასრულყოფილება იყო. მაგრამ ერთი უხუცესის რჩევა დამეხმარა, სწორი თვალსაზრისი მქონოდა ამ საკითხზე“.
14 თუ უხუცესები ამჩნევენ, რომ ზოგიერთი საქციელი ძმას სულიერ წინსვლაში უშლის ხელს, ისინი თავმდაბლობის სულში შეეცდებიან მის გამოსწორებას (გალ. 6:1). ზოგჯერ რჩევა შეიძლება კონკრეტულ თვისებებს ეხებოდეს. მაგალითად, ძმა თავდაუზოგავად არ მსახურობს. უხუცესმა მას შეიძლება ყურადღება გაუმახვილოს იესოზე; შეახსენოს, რომ ის სამეფოს გულმოდგინე მქადაგებელი იყო და თავის მიმდევრებსაც მოწაფეების მომზადება დაავალა (მათ. 28:19, 20; ლუკ. 8:1). თუ ძმა ამბიციურია, უხუცესს შეუძლია დაანახვოს, როგორ დაეხმარა იესო თავის მოწაფეებს იმის გაგებაში, რამდენად საშიშია დიდებისკენ სწრაფვა (ლუკ. 22:24—27). რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, თუ ძმას უჭირს პატიება? ალბათ, დამხმარე იქნება მონის მაგალითი, რომელმაც არ აპატია თავის მევალეს მცირე რაოდენობის თანხა, მაშინ როცა, თავად მას ბევრად მეტი ეპატია (მათ. 18:21—35). როცა საჭიროა რჩევის მიცემა, კარგი იქნება, თუ უხუცესი ამას მომავლისთვის არ გადადებს და რაც შეიძლება მალე გააკეთებს (წაიკითხეთ იგავების 27:9 ).
„გაიწაფე“
15. როგორ შეუძლიათ ოჯახის წევრებს, დაეხმარონ ძმას, თავი გაართვას პასუხისმგებლობებს?
15 მართალია, მამაკაცების სულიერ წინსვლაში უხუცესებს დიდი წვლილი მიუძღვით, მაგრამ დახმარება სხვებსაც შეუძლიათ. მაგალითად, მამაკაცის ოჯახის წევრებს შეუძლიათ და უნდა დაეხმარონ კიდეც მას. თუ ის უკვე უხუცესია, მოსიყვარულე მეუღლისა და შვილების დახმარება მართლაც ფასდაუდებელია. იმისათვის, რომ მამაკაცმა წარმატებით გაართვას თავი კრებაში პასუხისმგებლობებს, ოჯახის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია. ოჯახის წევრების ასეთ თავგანწირვის სულისკვეთებას აფასებენ, როგორც თავად უხუცესები, ასევე სხვები (იგავ. 15:20; 31:10, 23).
16. ა) პირველ რიგში, ვის უნდა ჰქონდეს სხვების მომსახურების სურვილი? ბ) როგორ შეუძლია, მამაკაცს ისწრაფოს კრებაში პასუხისმგებლობებისკენ?
16 სხვებს შეუძლიათ დახმარება და მხარდაჭერა, მაგრამ, პირველ რიგში, მამაკაცს თავად უნდა სურდეს, მოემსახუროს სხვებს (წაიკითხეთ გალატელების 6:5 ). აუცილებელი არ არის მამაკაცი მომსახურე ან უხუცესი იყოს იმისათვის, რომ სხვებს დაეხმაროს და მსახურებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. კრებაში პასუხისმგებლობების მიღებისკენ სწრაფვა ნიშნავს, რომ ის ცდილობს შეესაბამებოდეს ღვთის სიტყვაში მოცემულ მოთხოვნებს (1 ტიმ. 3:1—13; ტიტ. 1:5—9; 1 პეტ. 5:1—3). თუ მამაკაცს სურს, იმსახუროს მომსახურედ ან უხუცესად, ყურადღება უნდა მიაქციოს იმ სულიერ მხარეებს, რომლებშიც საჭიროებს გაუმჯობესებას. ეს შეიძლება იყოს ბიბლიის რეგულარული კითხვა, კარგი პირადი შესწავლა, შესწავლილზე ღრმად დაფიქრება, გულითადი ლოცვა და ქრისტიანულ მსახურებაში გულმოდგინედ მონაწილეობა. ასეთი სახით ის გაითვალისწინებს პავლეს რჩევას, რომელიც მან ტიმოთეს მისწერა: „ღვთისადმი ერთგულებისკენ ისწრაფე და მასში გაიწაფე“ (1 ტიმ. 4:7).
17, 18. რა დაეხმარება მონათლულ ძმას, დაძლიოს შიში, არასრულფასოვნების გრძნობა ან მსახურების სურვილის ნაკლებობა?
17 მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი, თუ არ ისწრაფვის პასუხისმგებლობებისკენ შიშის ან არასრულფასოვნების გრძნობის გამო? კარგი იქნება, თუ ის დაფიქრდება, რამდენ რამეს აკეთებენ ჩვენთვის იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე. სინამდვილეში, იეჰოვა „ყოველდღიურად ატარებს ჩვენს ტვირთს“ (ფსალმ. 68:19). ასე რომ, ჩვენი ზეციერი მამა ეხმარება ძმებს კრებაში პასუხისმგებლობების შესრულებაში. აგრეთვე კარგი იქნება, თუ ძმა, რომელიც არ მსახურობს მომსახურედ ან უხუცესად, იფიქრებს, რომ ღვთის ორგანიზაციაში სულ უფრო და უფრო მეტი მოწიფული მამაკაცია საჭირო. ასეთ საკითხებზე დაფიქრება აღძრავს ძმას, დასძლიოს უარყოფითი გრძნობები. მას შეუძლია სთხოვოს ღმერთს წმინდა სული, რომ განივითაროს ამ სულისთვის დამახასიათებელი თვისებები, მშვიდობა და თავშეკავება; ეს თვისებები კი დაეხმარება შიშისა და არასრულფასოვნების გრძნობის დაძლევაში (ლუკ. 11:13; გალ. 5:22, 23). ასე რომ, ძმებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, იეჰოვა აკურთხებს სწორი მოტივებით გაწეულ ძალისხმევას.
18 მაგრამ შეიძლება, რომ მონათლულ მამაკაცს არ ჰქონდეს მსახურების სურვილი? რა დაეხმარება ასეთ ძმებს? მოციქულმა პავლემ დაწერა: „ღმერთი თავისი ნების გამო მოქმედებს თქვენში, რათა სურვილიც გქონდეთ და მოქმედებდეთ კიდეც“ (ფილ. 2:13). მსახურების სურვილი ღვთისგან მოდის და იეჰოვას სული განამტკიცებს ძმებს, რომ შეასრულონ წმინდა მსახურება (ფილ. 4:13). გარდა ამისა, ქრისტიანს შეუძლია ლოცვაში სთხოვოს ღმერთს, დაეხმაროს იმის კეთებაში, რაც სწორია (ფსალმ. 25:4, 5).
19. რაში გვარწმუნებს ბიბლიაში მოხსენიებული „შვიდი მწყემსი და რვა მთავარი“?
19 იეჰოვა აკურთხებს სხვების დახმარებისთვის გაწეულ უხუცესების ძალისხმევას. მის კურთხევებს ისინიც იღებენ, რომლებიც კრებაში პასუხისმგებლობებისკენ ისწრაფვიან. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღვთის ხალხს ეყოლებოდა „შვიდი მწყემსი, რვა მთავარი“, ანუ უნარიანი მამაკაცები, რომლებიც იეჰოვას ორგანიზაციაში ხელმძღვანელობას გასწევდნენ (მიქ. 5:5). მართლაც კურთხევაა, რომ უამრავი ქრისტიანი მამაკაცი სწავლობს, როგორ იზრუნოს კრებაზე და თავმდაბლურად ასრულებს პასუხისმგებლობებს იეჰოვას განსადიდებლად!
-