-
აბრაამი და სარა დაემორჩილნენ ღმერთსიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 8
აბრაამი და სარა დაემორჩილნენ ღმერთს
ბაბილონიდან არც ისე შორს მდებარეობდა ქალაქი ური. ურში ხალხი იეჰოვას კი არა, სხვა ღმერთებს სცემდა თაყვანს. თუმცა ამ ქალაქში ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელიც იეჰოვას ემსახურებოდა. მას აბრაამი ერქვა.
იეჰოვამ უთხრა აბრაამს: დატოვე შენი ქვეყანა, ნათესავები და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ. შენგან ბევრ ხალხს წარმოვშობ. შენი მეშვეობით დედამიწაზე მცხოვრებ მრავალ ხალხს დიდ სიკეთეს გავუკეთებ.
აბრაამმა არ იცოდა, სად გზავნიდა იეჰოვა, მაგრამ ენდობოდა მას. აბრაამმა, მისმა ცოლმა სარამ, მამამისმა თერახმა და მისმა ძმისშვილმა ლოტმა ჩაალაგეს ბარგი და შორ გზას დაადგნენ.
აბრაამი 75 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად მივიდა იმ მიწაზე, რომელზეც იეჰოვას უნდოდა, რომ დაესახლებინა. იმ ადგილს ქანაანი ერქვა. იქ იეჰოვა აბრაამს დაელაპარაკა და უთხრა: მთელ ამ მიწას, რომელიც შენ ირგვლივ არის, შენს შვილებს მივცემ. საინტერესოა, როგორ შეასრულებდა იეჰოვა თავის დანაპირებს; აბრაამი და სარა ხომ უკვე მოხუცები იყვნენ და არც შვილები ჰყავდათ?!
„რწმენით აბრაამმა ყურად იღო მოწოდება, წასულიყო იმ ადგილას, რომელიც მემკვიდრეობად უნდა მიეღო, და წავიდა, თუმცა არ იცოდა, სად მიდიოდა“ (ებრაელები 11:8).
-
-
დაპირებული ვაჟიიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 9
დაპირებული ვაჟი
აბრაამი და სარა დიდი ხნის ცოლ-ქმარი იყვნენ, როცა დატოვეს ქალაქ ურში კარგი სახლი და კარვებში ცხოვრება დაიწყეს. მაგრამ სარა ამაზე არასოდეს წუწუნებდა, რადგან მთელი გულით ენდობოდა იეჰოვას.
სარას ისე ძალიან უნდოდა შვილი, რომ აბრაამს უთხრა: თუ ჩემი მსახური, აგარი გაგიჩენს შვილს, ჩემს შვილად მივიღებ. გარკვეული ხნის შემდეგ აბრაამსა და აგარს ეყოლათ ვაჟი, რომელსაც ისმაელი დაარქვეს.
გავიდა რამდენიმე წელი. ერთხელ, როცა აბრაამი 99 წლის იყო და სარა 89-ის, მათ სამი სტუმარი ეწვია. აბრაამმა ისინი ხის ჩრდილში დასვა და სუფრა გაუშალა. იცი, ვინ იყვნენ აბრაამის სტუმრები? ისინი ანგელოზები იყვნენ. მათ უთხრეს აბრაამს: მომავალ წელს, ზუსტად ამ დროს, შენ და შენს ცოლს შვილი გეყოლებათ. სარა ამ დროს კარავში იყო და ყველაფერი ესმოდა. ამ სიტყვების გაგონებაზე მას ჩუმად ჩაეცინა და გაიფიქრა: ნუთუ მართლა მეყოლება შვილი ამ ხნის ქალს?!
ერთი წლის შემდეგ სარას ვაჟი შეეძინა, როგორც ეს ანგელოზებს ჰქონდათ ნათქვამი. აბრაამმა შვილს ისაკი დაარქვა. ისაკი ნიშნავს „სიცილს“.
ისაკი დაახლოებით ხუთი წლის იყო, როცა სარამ დაინახა, რომ ისმაელი დასცინოდა მის ვაჟს. თავისი შვილი რომ დაეცვა, მან აბრაამს უთხრა, აგარი და ისმაელი სახლიდან გაეშვა. თავიდან აბრაამს არ უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ იეჰოვამ უთხრა მას: დაუჯერე სარას. მე ვიზრუნებ ისმაელზე. ჩემი დანაპირები ისაკის მეშვეობით შესრულდება.
„რწმენით სარამ … ძალა მიიღო შთამომავლის გასაჩენად, რადგან ერთგულად მიიჩნია ის, ვინც ეს აღუთქვა“ (ებრაელები 11:11).
-