-
ისინი „ხედავდნენ“ დანაპირებსსაგუშაგო კოშკი — 2015 | 15 მაისი
-
-
მომავლის „დანახვა“ მათ ძალას მატებდა
4. რას ეფუძნებოდა ის, რასაც აბელი წარმოიდგენდა?
4 „ხედავდა“ აბელი, პირველი ერთგული ადამიანი, იეჰოვას დანაპირებს? დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, იცოდა თუ არა მან, როგორ უნდა შესრულებულიყო ღვთის დანაპირები, კერძოდ, გველისთვის ნათქვამი სიტყვები: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბ. 3:14, 15). თუმცა ალბათ, აბელი ბევრს ფიქრობდა ღვთის დანაპირებზე, წარმოისახავდა მას, ვინც ქუსლში დაიგესლებოდა და ვინც კაცობრიობას სრულყოფილებას დაუბრუნებდა, სრულყოფილებას, რომლითაც ცოდვის ჩადენამდე ადამი და ევა ტკბებოდნენ. როგორც არ უნდა წარმოესახა აბელს მომავალი, ერთი რამ ცხადია: მისი რწმენა ღვთის დანაპირებზე იყო დაფუძნებული და ამიტომაც მოიწონა იეჰოვამ მისი მსხვერპლი (წაიკითხეთ დაბადების 4:3—5; ებრაელების 11:4).
5. რატომ გაამხნევებდა ენოქს მომავლის წარმოსახვა?
5 ერთგულ ენოქს ღვთისადმი დიდი რწმენა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი უღვთო ხალხს შორის ცხოვრობდა, რომლებიც ღვთის წინააღმდეგ აღმაშფოთებელ სიტყვებს ამბობდნენ. ენოქმა ღვთის შთაგონებით იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა მოვიდოდა თავის უთვალავ წმინდასთან ერთად, რათა აღესრულებინა სამართალი ყველას მიმართ და ემხილა ყველა უღვთო მათ უღვთო საქმეებში, რომლებსაც უღვთოობით სჩადიოდნენ, და ემხილა უღვთო ცოდვილები თავის წინააღმდეგ ნათქვამ ყველა აღმაშფოთებელ სიტყვაში (იუდ. 14, 15). ენოქი, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ წარმოისახავდა ქვეყნიერებას უღვთო ხალხის გარეშე (წაიკითხეთ ებრაელების 11:5, 6).
6. რაზე შეიძლება ეფიქრა ნოეს წარღვნის შემდეგ?
6 ნოე რწმენის წყალობით წარღვნას გადაურჩა (ებრ. 11:7). წარღვნის შემდეგ იგი რწმენამ აღძრა, რომ ღვთისთვის ცხოველური შესაწირავი აღევლინა (დაბ. 8:20). აბელის მსგავსად, მასაც მტკიცედ სწამდა, რომ კაცობრიობა საბოლოოდ გათავისუფლდებოდა ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებიდან. მიუხედავად იმისა, რომ წარღვნის შემდეგ შავბნელი პერიოდი დადგა, როცა ნიმროდმა ღვთის წინააღმდეგ გაილაშქრა, ნოეს მაინც არ დაუკარგავს ღვთისადმი რწმენა და იმედი (დაბ. 10:8—12). ალბათ, მას ამხნევებდა იმაზე ფიქრი, რომ ერთ მშვენიერ დღეს კაცობრიობა ადამიანთა უსამართლო მმართველობას თავს დააღწევდა და მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილისგანაც გათავისუფლდებოდა. ამ დროის „დანახვა“ ჩვენც შეგვიძლია — ის ხომ კარსაა მომდგარი! (რომ. 6:23).
„ხედავდნენ“ დანაპირების შესრულებას
7. როგორი მომავალის წარმოსახვა შეეძლოთ აბრაამს, ისაკსა და იაკობს?
7 აბრაამს, ისაკსა და იაკობს შეეძლოთ წარმოედგინათ დიდებული მომავალი, ვინაიდან მათ ღმერთი დაჰპირდა, რომ მათი შთამომავლის მეშვეობით დედამიწის ყველა ერი იკურთხებოდა (დაბ. 22:18; 26:4; 28:14). დანაპირების თანახმად, პატრიარქების შთამომავლები უნდა გამრავლებულიყვნენ და უნდა დაემკვიდრებინათ აღთქმული მიწა (დაბ. 15:5—7). ეს ღვთისმოშიში მამაკაცები რწმენით აღთქმულ მიწაზე დასახლებულ თავიანთ შთამომავალს „ხედავდნენ“. მართალია, პირველმა მშობლებმა სრულყოფილება დაკარგეს, მაგრამ იეჰოვამ თავისი ერთგული მსახურები დაარწმუნა, რომ ადამიანებს სრულყოფილება კვლავ დაუბრუნდებოდათ.
8. რა დაეხმარა აბრაამს ძლიერი რწმენის გამოვლენაში?
8 როგორც ჩანს, აბრაამს წარმოსახვის უნარმა, რომლითაც ის გონებაში ღვთის დანაპირებს აცოცხლებდა, რწმენის გასაოცარი საქმეები ჩაადენინა. საღვთო წერილი ხაზგასმით ამბობს, რომ აბრაამსა და სხვა ერთგულ მსახურებს მართალია, დანაპირები თავიანთ სიცოცხლეში არ მიუღიათ, მაგრამ ისინი შორიდან „ხედავდნენ“ მას და ხარობდნენ (წაიკითხეთ ებრაელების 11:8—13). აბრაამს ღვთისგან უამრავი მტკიცებულება ჰქონდა, რაც მას შესაძლებლობას აძლევდა, რეალურად წარმოესახა მომავალი, ანუ „დაენახა“ ის, რაც არასოდეს „ენახა“.
9. რა მხრივ აღმოჩნდა აბრაამისთვის სასიკეთო დანაპირებისადმი რწმენა?
9 დანაპირებისადმი რწმენამ აბრაამს ღვთის ნების შესრულების სურვილი განუმტკიცა. რწმენით მან ქალაქი ური დატოვა და ქანაანის არც ერთ ქალაქში არ დასახლებულა. ურის მსგავსად, ამ ქალაქებსაც „არასაიმედო საძირკველი“ ჰქონდათ, ვინაიდან მათ უღვთო მმართველები ჰყავდათ (იეს. 24:2). აბრაამი „ელოდა ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია“ (ებრ. 11:10). მას მუდმივ საცხოვრებლად მხოლოდ ის ადგილი ესახებოდა, სადაც იეჰოვა იმმართველებდა. აბელს, ენოქს, ნოეს, აბრაამსა და სხვა ერთგულ მსახურებსაც მკვდრეთით აღდგომის სწამდათ და სულმოუთქმელად ელოდნენ იმ დროს, როცა იცხოვრებდნენ დედამიწაზე, სადაც ღვთის სამეფო დამყარდებოდა, ანუ ბიბლიური ენით რომ ვთქვათ, ელოდნენ „ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს“. ღვთის სამეფოს კურთხევებზე ფიქრი ამ ადამიანებს იეჰოვასადმი რწმენას უასკეცებდა (წაიკითხეთ ებრაელების 11:15, 16).
10. როგორ დაეხმარა სარას ის, რომ იმედის თვალით უმზერდა მომავალს?
10 მოდი, ახლა აბრაამის მეუღლეზე, სარაზე, ვისაუბროთ. მართალია, ის 90 წლის უშვილო ქალი იყო, მაგრამ იმედის თვალით უმზერდა მომავალს, რაც მას რწმენის გამოვლენაში ეხმარებოდა. ფაქტობრივად, სარა „ხედავდა“ შთამომავალს, რომელიც იეჰოვას დაპირებული კურთხევებით ხარობდა (ებრ. 11:11, 12). რატომ ჰქონდა მას ასეთი მოლოდინი? იმიტომ, რომ იეჰოვას აბრაამისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ვაკურთხებ მას [სარას] და ძეს მოგცემ მისგან; ვაკურთხებ მას და მრავალ ერად იქცევა იგი; ხალხთა მეფეები გამოვლენ მისგან“ (დაბ. 17:16). ისაკის დაბადების შემდეგ სარას საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, წარმოედგინა, თუ როგორ შესრულდებოდა იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემული დაპირებიდან ის, რაც ჯერ არ იყო შესრულებული! საბედნიეროდ, ჩვენც მსგავსი ძღვენი გვხვდა წილად — გონებაში გავაცოცხლოთ ღვთის დანაპირები და გვჯეროდეს, რომ ის უეჭველად შესრულდება!
უმზირეთ ჯილდოს
11, 12. როგორ განივითარა მოსემ იეჰოვასადმი სიყვარული?
11 მოსეც ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, ვინც ერწმუნა იეჰოვას და მის მიმართ ძლიერი სიყვარული განივითარა. ახალგაზრდა მოსეს ეგვიპტეში სამეფო კარზე შესაძლოა ძალაუფლება და სიმდიდრე შეჰყვარებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, მოსემ თავისი მშობლებისგან იცოდა, თუ ვინ იყო იეჰოვა და რა განზრახვა ჰქონდა მას, კერძოდ, რომ დაეხსნა ებრაელები ეგვიპტელთა მონობიდან და მათთვის აღთქმული მიწა დაემკვიდრებინა (დაბ. 13:14, 15; გამ. 2:5—10). როგორ ფიქრობთ, თუ მოსე ხშირად იმ კურთხევებზე იფიქრებდა, რაც ღვთის ხალხს ელოდა, მის გულში სახელის მოხვეჭის სურვილი უფრო გაიდგამდა ფესვს თუ იეჰოვას სიყვარული?
12 ბიბლიაში ვკითხულობთ: „რწმენით მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, და არჩია, ღვთის ხალხთან ერთად მასაც სასტიკად მოპყრობოდნენ, ვიდრე დროებითი ცოდვიანი განცხრომა ჰქონოდა. ეგვიპტის განძზე მეტ სიმდიდრედ ცხებულობის გამო შეურაცხყოფა მიაჩნდა, რადგან ჯილდოს ხედავდა“ (ებრ. 11:24—26).
13. რა მხრივ წაადგა მოსეს ღვთის დანაპირებზე სიღრმისეულად ფიქრი?
13 რაც უფრო მეტად ფიქრობდა მოსე ისრაელებისთვის მიცემულ იეჰოვას დანაპირებზე, მით უფრო უძლიერდებოდა ღვთისადმი რწმენა და სიყვარული. სხვა ღვთისმოშიში ადამიანების მსგავსად, მასაც შეეძლო თვალწინ წარმოესახა დრო, როცა იეჰოვა კაცობრიობას სიკვდილის ბორკილებიდან გაათავისუფლებდა (იობ. 14:14, 15; ებრ. 11:17—19). რა გასაკვირია, რომ მოსეს შეჰყვარებოდა ღმერთი, რომელიც დიდად თანამგრძნობი იყო, როგორც ებრაელების, ისე სხვა ადამიანების მიმართ. ღვთის სიყვარული და მისადმი რწმენა მოსეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო (კან. 6:4, 5). მაშინაც კი, როდესაც ფარაონი მას სიკვდილით დაემუქრა, ღვთის სიყვარულმა, რწმენამ და ალბათ, მშვენიერი მომავლის წარმოსახვამ, მოსეს ძალა შემატა, რომ გაბედულად შეხვედროდა ფარაონის მუქარას (გამ. 10:28, 29).
-
-
ისინი „ხედავდნენ“ დანაპირებსსაგუშაგო კოშკი — 2015 | 15 მაისი
-
-
18. რა მხრივაა ჩვენთვის სასიკეთო ღვთის დანაპირების შესრულებაზე ფიქრი?
18 მიწიერი იმედის მქონე მსახურთათვის იეჰოვას დანაპირებზე ფიქრს ყოველთვის სიკეთე მოჰქონდა. აბელი იეჰოვას განზრახვის შესახებ საკმარის ინფორმაციას ფლობდა, რათა გონებაში უკეთესი მომავალი წარმოესახა, გამოევლინა რწმენა და ჰქონოდა რეალური იმედი. აბრაამის რწმენას გასაოცარი საქმეები სწორედ იმიტომ ახლდა, რომ იგი „ხედავდა“ ღვთის ნაწინასწარმეტყველებ აღთქმულ „შთამომავალს“ (დაბ. 3:15). მოსე „ჯილდოს ხედავდა“, რწმენით მოქმედებდა და იეჰოვა უფრო მეტად უყვარდებოდა (ებრ. 11:26). ჩვენც გაგვიძლიერდება ღვთისადმი რწმენა და გაგვიღრმავდება მისადმი სიყვარული, თუ გონებაში წარმოვისახავთ, როგორ შესრულდება ღვთის დანაპირები.
-