საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • „აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი“

      16. როგორ აკურთხებს იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს, მაგრამ რა დაემართებათ მის მიმტოვებლებს?

      16 წინასწარმეტყველება განსჯის იეჰოვას მიმტოვებლებს და აღწერს, რა განსხვავებული იქნება ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა მომავალი თვალთმაქც თაყვანისმცემელთა მომავლისგან: „ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით! აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი, თქვენ კი იყვირებთ გულმწუხარენი და ივალალებთ სულგამწარებულნი!“ (ესაია 65:13, 14). იეჰოვა აკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს. ისინი სიხარულით სავსე გულებით იყიჟინებენ. სიმაძღრე, დარწყულება და სიხარული იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა თავის თაყვანისმცემელთა ყოველგვარ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. მათგან განსხვავებით, მშიერ-მწყურვალი დარჩება ის, ვინც მიატოვა იეჰოვა. ღმერთი არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებებს. ისინი გამწარებული და დამწუხრებული იტირებენ და აყვირდებიან.

      17. რატომ აქვს დღეს ღვთის ხალხს სიხარულით ყიჟინს მიზეზი?

      17 იეჰოვას სიტყვები შესანიშნავად აღწერს იმ ადამიანთა სულიერ მდგომარეობას, რომლებიც მხოლოდ თავს აცხადებენ ღვთის მსახურებად. ქრისტიანულ სამყაროში მილიონობით ადამიანი სულგამწარებულია, მაშინ როდესაც იეჰოვას თაყვანისმცემლები სიხარულით ყიჟინებენ. მათ ნამდვილად აქვთ სიხარულის მიზეზი. ისინი კარგად იკვებებიან სულიერად. იეჰოვა უხვი სულიერი საზრდოთი უზრუნველყოფს მათ ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებისა და ქრისტიანული შეხვედრების საშუალებით. დიახ, ღვთის სიტყვაში მოცემული აღმშენებლობითი ჭეშმარიტებები და მანუგეშებელი აღთქმები ნამდვილად „გულმხიარულს“ გვხდის!

  • ‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • „შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას“

      20. როგორ შესრულდა იეჰოვას მიერ „ახალი მიწისა და ახალი ცის“ შესახებ დაპირება ძვ. წ. 537 წელს?

      20 იეჰოვა ახლა განავრცობს თავის აღთქმას და ამბობს, რომ ააღორძინებს მომნანიებელ მცირე ნაწილს ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. იეჰოვა ესაიას პირით ამბობს: «რადგან, აჰა, შევქმნი [„ვქმნი“, აქ] ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა» (ესაია 65:17). აღორძინების შესახებ იეჰოვას წინასწარმეტყველება უეჭველად უნდა შესრულდეს, რადგან იეჰოვა მომავალი აღორძინების შესახებ ისე ლაპარაკობს, თითქოს ის უკვე ხდებოდეს. ეს წინასწარმეტყველება პირველად ძვ. წ. 537 წელს შესრულდა, როდესაც იუდაელთა მცირე ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. რა იყო „ახალი ცა“ იმ დროს? მღვდელმთავარ იესოს მხარდაჭერით ზერუბაბელის მმართველობა, რომელიც იერუსალიმიდან ხორციელდებოდა. „ახალი მიწა“ იყო სამშობლოში დაბრუნებული მცირე ნაწილი, განწმენდილი საზოგადოება, რომელიც ემორჩილებოდა ამ მმართველობას და მხარს უჭერდა მას ქვეყანაში წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენაში (პირველი ეზრა 5:1, 2). აღორძინებით გამოწვეული სიხარული წარსულის ყოველგვარ ტანჯვას ჩრდილავდა; ხალხი აღარც კი იხსენებდა წინანდელ გასაჭირს (ფსალმუნი 125:1, 2).

      21. რა ახალი ცა შეიქმნა 1914 წელს?

      21 გავიხსენოთ, რომ პეტრე მოციქულმა გაიმეორა ესაიას წინასწარმეტყველების სიტყვები, რითაც ცხადყო, რომ ის მომავალშიც უნდა შესრულებულიყო. მან დაწერა: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). 1914 წელს დიდი ხნის ნანატრი ახალი ცა შეიქმნა. იმ წელს ზეციდან მმართველობა დაიწყო მესიანურმა სამეფომ, რომელიც იეჰოვამ მთელი დედამიწის მართვის უფლებამოსილებით აღჭურვა (ფსალმუნი 2:6—8). ეს სამეფო მთავრობა — ქრისტე და მისი 144000 თანამმართველი — ახალ ცას წარმოადგენს (გამოცხადება 14:1, სსგ).

      22. ვისგან შედგება ახალი მიწა და დღეს როგორ ემზადება ეს ხალხი იმისათვის, რომ ახალი საზოგადოების ბირთვად იქცეს?

      22 რა შეიძლება ითქვას ახალი მიწის შესახებ? როგორც ძველ დროში, ახალ მიწას ის ადამიანები შეადგენენ, რომლებიც თავიანთი ნებით ემორჩილებიან ახალი ზეციერი მთავრობის მმართველობას. დღესაც კი მილიონობით ადამიანი ემორჩილება ამ მთავრობას და ცდილობს, დაიცვას მისი კანონები, რომლებიც ბიბლიაშია მოცემული. ისინი ყველა ერიდან, ენიდან და რასიდან არიან შეკრებილი და ერთად ემსახურებიან გამეფებულ იესო ქრისტეს (მიქა 4:1—4). როდესაც დღევანდელი ბოროტი სისტემა აღარ იარსებებს, ეს ჯგუფი იმ ახალი მიწის ბირთვს შექმნის, რომელიც, საბოლოოდ, ღვთის მოშიში ადამიანების მსოფლიო საზოგადოებად გადაიქცევა და ღვთის სამეფოს მიწიერ ნაწილს დაიმკვიდრებს (მათე 25:34).

      23. რა ცნობას გვაწვდის „გამოცხადების“ წიგნი „ახალი ცისა და ახალი მიწის“ შესახებ, და როგორ შესრულდება ეს წინასწარმეტყველება?

      23 წიგნ „გამოცხადებაში“ აღწერილია მოციქულ იოანეს ხილვა იეჰოვას მოახლოებული დღის შესახებ, როდესაც ეს სისტემა განადგურდება. ამის შემდეგ სატანა უფსკრულში იქნება ჩაკეტილი (გამოცხადება 19:11—20:3). ამ ყოველივეს აღწერის შემდეგ იოანე ესაიას სიტყვებს იმეორებს: „ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა“. ამ დიდებული ხილვის შემდგომ მუხლებში აღწერილია დრო, როდესაც იეჰოვა ძირეულად შეცვლის და გააუმჯობესებს პირობებს დედამიწაზე (გამოცხადება 21:1, 3—5). ცხადია „ახალი ცისა და ახალი მიწის“ შესახებ ესაიას დაპირება შესანიშნავად შესრულდება ღვთის ახალ ქვეყნიერებაში! ახალი ზეციერი მთავრობის მმართველობისას ახალი მიწიერი საზოგადოება, როგორც სულიერი, ისე ფიზიკური სამოთხით გაიხარებს. ნამდვილად მანუგეშებელია დაპირება, რომ „აღარ გაიხსენება წინანდელნი [ავადმყოფობა, ტანჯვა და ყოველგვარი უბედურება] და ფიქრადაც არავის მოუვა“. ის, რასაც კი იმ დროს გავიხსენებთ, არასდროს მოგვაყენებს გულისტკივილს, რაც ასე სტანჯავს დღეს მრავალს.

      24. რატომ გაიხარებს იეჰოვა იერუსალიმის აღდგენით და რა აღარ გაისმება ქალაქის ქუჩებში?

      24 ესაიას წინასწარმეტყველება გრძელდება: «მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ [„იხარეთ და იმხიარულეთ“, აქ] სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს — გასახარებლად. მეც გავიხარებ იერუსალიმის გამო და ვიმხიარულებ ჩემი ხალხის გამო; აღარ გაისმება იქ ხმა ტირილისა და ხმა მოთქმისა» (ესაია 65:18, 19). მხოლოდ იუდაელები კი არ გაიხარებენ სამშობლოში დაბრუნების გამო, არამედ თავად ღმერთიც გაიხარებს მათთან ერთად, რადგან ის გაამშვენიერებს იერუსალიმს — კვლავ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრად აქცევს დედამიწაზე. აღარასოდეს იქნება უბედურება და აღარ გაისმება ხალხის ტირილის ხმა, რომელიც ათწლეულების წინათ ისმოდა ქალაქის ქუჩებში.

      25, 26. ა) ჩვენს დროში როგორ ქმნის იეჰოვა იერუსალიმს „სამხიარულოდ“? ბ) როგორ გამოიყენებს იეჰოვა ახალ იერუსალიმს, და რატომ შეგვიძლია ვიხაროთ დღეს?

      25 იეჰოვა დღესაც ქმნის იერუსალიმს „სამხიარულოდ“. როგორ? როგორც უკვე დავინახეთ, ახალ ცაში, რომელიც 1914 წელს შეიქმნა, საბოლოოდ, ზეციერი მთავრობის 144000 წევრი — თანამმართველი — გაერთიანდება. ისინი წინასწარმეტყველებაში „ახალ იერუსალიმად“ არიან აღწერილი (გამოცხადება 21:2). სწორედ ახალი იერუსალიმის შესახებ ამბობს ღმერთი: „აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს — გასახარებლად“. ამ ახალი იერუსალიმის მეშვეობით ღმერთი უხვად აკურთხებს მორჩილ ადამიანებს. აღარასოდეს გაისმება ტირილისა და მოთქმის ხმა, რადგან იეჰოვა ყველას აგვისრულებს „გულის წადილს“ (ფსალმუნი 36:3, 4).

      26 დღეს ნამდვილად გვაქვს სიხარულის ყოველგვარი მიზეზი! მალე იეჰოვა თავის დიდებულ სახელს განწმენდს ყველა მოწინააღმდეგის მოსპობით (ფსალმუნი 82:18, 19). ამის შემდეგ მხოლოდ ახალი ზეცა იქნება მმართველი. ნამდვილად შესანიშნავი მიზეზებია ღვთის შექმნილზე მარადიულად სიხარულისა და მხიარულებისთვის!

      უსაფრთხო მომავლის აღთქმა

      27. როგორ აღწერს ესაია უსაფრთხოებას, რომლითაც სამშობლოში დაბრუნებული იუდაელები გაიხარებენ?

      27 წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას როგორი ცხოვრება ელის სამშობლოში დაბრუნებულ იუდაელებს ახალი ცის მმართველობის დროს? იეჰოვა ამბობს: „არ იქნება იქ არც ბავშვი და არც მოხუცებული, რომლის დღეები არ იყოს ავსებული; რადგან ჭაბუკივით მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი კი ას წელსაც დაწყევლილი იქნება“ (ესაია 65:20). რა მშვენიერი სურათია იმ უსაფრთხოებისა, რომლითაც სამშობლოში დაბრუნებული იუდაელები გაიხარებენ! ნაადრევი სიკვდილი აღარ წაართმევს ხალხს ჩვილ ბავშვებს. ასეთი სიკვდილით აღარც ხანში შესულები დაიხოცებიან, რომელთაც ჯერ არ გაუვლიათ თავიანთი სიცოცხლის გზაd. რა მანუგეშებელია ესაიას სიტყვები იუდაელთათვის, რომლებიც იუდაში დაბრუნდებიან! ისინი უსაფრთხოდ იცხოვრებენ თავიანთ ქვეყანაში და შიში არ ექნებათ, რომ მტერი გაიტაცებს მათ პატარებს ან დაუხოცავს მამაკაცებს.

      28. რას ვიგებთ იეჰოვას სიტყვებიდან მისი სამეფოს მმართველობისას ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების შესახებ?

      28 რას ვიგებთ იეჰოვას სიტყვებიდან მოახლოებულ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების შესახებ? ღვთის სამეფოს ქვეშევრდომ ყველა ბავშვს უსაფრთხო მომავალი ექნება. არასდროს მოკვდება სიცოცხლით სავსე ღვთისმოშიში კაცი. მორჩილი კაცობრიობა უსაფრთხოებით გაიხარებს და სიცოცხლით დატკბება. რა დაემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ღვთის ურჩობას ირჩევენ? ისინი დაკარგავენ სიცოცხლის უპირატესობას. ურჩი ადამიანი „ასი წლისაც“ რომ იყოს, მოკვდება. ამ შემთხვევაში ის მხოლოდ „ჭაბუკი“ იქნება, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ მას შეეძლო მარადიულად ეცხოვრა.

      29. ა) როგორ გაიხარებს ღვთის მორჩილი ხალხი იუდას განახლებულ მიწაზე? ბ) რატომ არის ხე ხანგრძლივი სიცოცხლის სათანადო მაგალითი? (იხილეთ სქოლიო).

      29 იეჰოვა განაგრძობს იმის აღწერას, თუ რა პირობები იქნება განახლებულ იუდაში: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებელად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22). იუდას გაუკაცრიელებულ მიწაზე დაბრუნების შემდეგ, სადაც უეჭველად აღარც სახლები იქნება შემორჩენილი და არც ვაზი, ღვთის მორჩილ ხალხს საკუთარ სახლებში ცხოვრებისა და თავიანთი ვაზის ნაყოფის ჭამის შესაძლებლობა მიეცემა. ღმერთი აკურთხებს მათ შრომას, ხის ასაკივით ხანგრძლივი იქნება მათი სიცოცხლე და საკუთარი შრომის ნაყოფით გაიხარებენe.

      30. რით ხარობენ დღეს იეჰოვას მსახურები და რით გაიხარებენ ახალ ქვეყნიერებაში?

      30 ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დროშიც შესრულდა. იეჰოვას ხალხი 1919 წელს სულიერი ტყვეობიდან გათავისუფლდა და თავისი „მიწის“ ანუ მოღვაწეობისა და თაყვანისმცემლობის სფეროს აღორძინებას შეუდგა. მათ ჩამოაყალიბეს კრებები და სულიერი ნაყოფის აღება დაიწყეს. ამის შედეგად, იეჰოვას ხალხი დღესვე ტკბება სულიერი სამოთხითა და ღვთისგან მომდინარე მშვიდობით. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ასეთი მშვიდობა ფიზიკურ სამოთხეშიც იქნება. ბოლომდე ვერც კი წარმოვიდგენთ, რას მოიმოქმედებს იეჰოვა ახალ ქვეყნიერებაში თავისი თაყვანისმცემლების ხელით, რომლებსაც გულით სურთ ყველაფრის გაკეთება. რა სასიხარულო იქნება საკუთარი სახლის აშენება და მასში ცხოვრება! ღვთის სამეფოს ყველა ქვეშევრდომს ექნება სასიამოვნო სამუშაო. რა დიდი ჯილდო იქნება შრომის სანაცვლოდ ყოველთვის ‘სიკეთის პოვნა’! (ეკლესიასტე 3:13). გვექნება თუ არა საკმარისი დრო, რათა ჩვენი შრომის ნაყოფით გავიხაროთ? დიახ! ღვთის ერთგულ ადამიანთა მარადიული სიცოცხლე „ხის ასაკივით იქნება“ —ათასობით წელს და უფრო დიდხანსაც იცოცხლებენ!

      31, 32. ა) როგორ აკურთხებს იეჰოვა სამშობლოში დაბრუნებულ ტყვეებს? ბ) რის შესაძლებლობა მიეცემათ ღვთის ერთგულ ადამიანებს ახალ ქვეყნიერებაში?

      31 იეჰოვა სამშობლოში დაბრუნებულ ტყვეთა სხვა კურთხევებსაც აღწერს: „ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ შვილებს; რადგან უფლის კურთხეული მოდგმა იქნებიან ისინი და მათი შთამომავალნი მათთანვე იქნებიან“ (ესაია 65:23). სამშობლოში დაბრუნებულ იუდაელებს იეჰოვა აკურთხებს, ამიტომაც ისინი ამაოდ აღარ იშრომებენ. მშობლები ნაადრევად დასაღუპავად აღარ გააჩენენ შვილებს. ყოფილი ტყვეები მარტო არ გაიხარებენ აღორძინების კურთხევებით; მათი შთამომავალნიც მათთანვე იქნებიან. ღმერთს იმდენად სურს თავისი ხალხის საჭიროებების დაკმაყოფილება, რომ შემდეგ აღთქმას დებს: „ისე მოხდება, რომ ვიდრე მომიხმობდნენ, ხმას გავცემ; ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მოსმენილი მექნება უკვე“ (ესაია 65:24).

      32 როგორ შეასრულებს იეჰოვა ამ დაპირებებს მოახლოებულ ახალ ქვეყნიერებაში? ამას მომავალში ვნახავთ. იეჰოვა ყოველგვარ წვრილმანს არ გვაუწყებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მისი ერთგული ადამიანები აღარასოდეს ‘დაშვრებიან ფუჭად’. არმაგედონგადატანილ უამრავ ხალხს და ბავშვებს, რომლებიც შესაძლოა მომავალში დაიბადონ, ხანგრძლივი და სასიამოვნო სიცოცხლით — მარადიული სიცოცხლით — ტკბობის შესაძლებლობა მიეცემათ! ახალ ქვეყნიერებაში ის მკვდრეთით აღდგენილებიც გაიხარებენ, რომლებსაც ღვთის ნორმების მიხედვით ცხოვრების სურვილი ექნებათ. იეჰოვა მოუსმენს ხალხს და წინასწარაც კი დააკმაყოფილებს მათ საჭიროებებს. დიახ, იეჰოვა ნამდვილად აღაპყრობს ხელს და დააკმაყოფილებს „ყოველი სულდგმულის“ სათანადო მოთხოვნილებას (ფსალმუნი 144:16).

      33. რა გაგებით იქნებიან ცხოველები მშვიდობიანი, როდესაც იუდაელები სამშობლოში დაბრუნდებიან?

      33 რამდენად მასშტაბური იქნება აღთქმული მშვიდობა და უსაფრთხოება? იეჰოვა წინასწარმეტყველების ამ ნაწილს შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი“ (ესაია 65:25). სამშობლოში დაბრუნებულ ერთგულ იუდაელებზე იეჰოვა იზრუნებს. ლომი იმ გაგებით შეჭამს თივას ძროხასავით, რომ არაფერს ავნებს იუდაელებსა და მათ შინაურ ცხოველებს. ეს დანაპირები ნამდვილად შესრულდება, რადგან მთავრდება ასეთი სიტყვებით: „ამბობს უფალი“. იეჰოვა კი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას! (ესაია 55:10, 11).

      34. როგორ სრულდება იეჰოვას სიტყვები დღეს და როგორ შესრულდება ახალ ქვეყნიერებაში?

      34 იეჰოვას სიტყვები დღესაც დიდებულად სრულდება ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა შორის. 1919 წლიდან ღმერთმა აკურთხა თავისი ხალხის სულიერი მიწა და სულიერ სამოთხედ გადააქცია. ამ სულიერ სამოთხეში მოსულებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინეს თავიანთ ცხოვრებაში (ეფესელთა 4:22—24). ღვთის სულის დახმარებით, ადამიანები, რომლებიც ერთ დროს გამხეცებული ჩაგრავდნენ თანამოძმეებს, გამოსწორების გზას ადგებიან და იშორებენ არასასურველ თვისებებს. ამის შედეგად ისინი თანამორწმუნეებთან ერთად მშვიდობითა და გაერთიანებული თაყვანისმცემლობით ხარობენ. სულიერ სამოთხეში მყოფი ეჰოვას ხალხის კურთხევები მალე ფიზიკურ სამოთხეზეც გავრცელდება, სადაც ადამიანები ერთმანეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის გარდა ცხოველებთან მშვიდობიანი ურთიერთობითაც გაიხარებენ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის მიერ დადგენილ დროს ბოლომდე შესრულდება მის მიერ კაცობრიობისთვის მიცემული პირველი დავალება: „დაეუფლეთ მას [დედამიწას], ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28).

      35. რატომ გვაქვს ‘მუდამ მხიარულების’ ყოველგვარი მიზეზი?

      35 რა მადლიერები ვართ იეჰოვასი, რომ მან „ახალი ცა და ახალი მიწა“ აღგვითქვა! ეს დაპირება ძვ. წ. 537 წელს შესრულდა და დღესაც სრულდება. ამ ორი შესრულებიდან ვხედავთ იმ დიდებულ მომავალს, რომელიც მორჩილ კაცობრიობას ელის. იეჰოვამ ესაიას წინასწარმეტყველების მეშვეობით დაგვანახვა, თუ რას უმზადებს თავის მოყვარულებს. დღეს ნამდვილად ყოველგვარი მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ შევასრულოთ მისი სიტყვები — „იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე“ (ესაია 65:18).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება