-
სიბნელიდან სინათლეშისაგუშაგო კოშკი — 2016 | ნოემბერი
-
-
სიბნელიდან სინათლეში
იეჰოვამ „სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ“ (1 პეტ. 2:9).
1. რა მოხდა იერუსალიმის განადგურების დროს?
ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის მრავალრიცხოვანი ჯარი ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმში შეიჭრა, რასაც დიდი ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „[ნაბუქოდონოსორმა] მახვილით დაუხოცა მათ ჭაბუკები მათი საწმინდრის სახლში, და არ შეჰბრალებია მას არც ჭაბუკი, არც ქალწული, არც მოხუცებული და არც ღრმად მოხუცებული . . . გადაწვა ჭეშმარიტი ღვთის სახლი და დაანგრია იერუსალიმის გალავანი; ცეცხლს მისცა მისი საცხოვრებელი კოშკები და ყოველივე, რაც ძვირფასი იყო“ (2 მატ. 36:17, 19).
2. რის შესახებ აფრთხილებდა იეჰოვა იერუსალიმის მკვიდრთ და რა დაემართებოდათ იუდეველებს?
2 იერუსალიმის განადგურება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო მის მკვიდრთათვის. მრავალი წლის მანძილზე ღმერთი წინასწარმეტყველების მეშვეობით აფრთხილებდა იუდეველებს, რომ, თუ კვლავაც ჯიუტად დაარღვევდნენ მის კანონს, მათ ბაბილონელების ხელში ჩაყრიდა. ბევრი მახვილით დაიხოცებოდა, სიკვდილს გადარჩენილები კი, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე ბაბილონში იქნებოდნენ გადასახლებულები (იერ. 15:2). როგორი ცხოვრება ექნებოდათ გადასახლებულებს? არსებობს მსგავსება ბაბილონის ტყვეობასა და ქრისტიანულ ეპოქაში განვითარებულ მოვლენებს შორის? თუ არსებობს, ქრისტიანული ეპოქის რომელ მონაკვეთს ეხება ის?
გადასახლებულთა ცხოვრება
3. რით განსხვავდებოდა ისრაელთა ბაბილონში გადასახლება ეგვიპტეში მონობისგან?
3 ღვთის მიერ წინასწარმეტყველთა პირით ნათქვამი სიტყვები შესრულდა. მათ, ვისაც მოგვიანებით გადაასახლებდნენ, იეჰოვამ იერემიას მეშვეობით ურჩია, შეგუებოდნენ ახალ ვითარებას და საუკეთესოდ გამოეყენებინათ ის. „აიშენეთ სახლები [ბაბილონში] და იცხოვრეთ იქ, გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფი. მშვიდობა ეძებეთ იმ ქალაქში, სადაც გადაგასახლეთ და ლოცვით შეავედრეთ იეჰოვას ის, რადგან მისი მშვიდობა თქვენი მშვიდობა იქნება“ (იერ. 29:5, 7). ვინც დაემორჩილა ღვთის ნებას, შედარებით უზრუნველად ცხოვრობდა ბაბილონში. გადასახლებულ იუდეველებს გარკვეულწილად შეეძლოთ თავიანთი საქმეების მართვა და ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების უფლებაც ჰქონდათ. ძველ მსოფლიოში ბაბილონი ვაჭრობის ცენტრი იყო. აღმოჩენილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მრავალი იუდეველი კარგად დაეუფლა სავაჭრო საქმეს, ზოგი კი კარგი ხელოსანი გახდა; ზოგი იუდეველი გამდიდრდა კიდეც. გადასახლებულთა მდგომარეობა ძალიან განსხვავდებოდა საუკუნეებით ადრე ეგვიპტეში მონობისგან (წაიკითხეთ გამოსვლის 2:23—25).
4. ურჩი იუდეველების გარდა, კიდევ ვინ აღმოჩნდა ბაბილონის ტყვეობაში და რატომ ვერ სცემდნენ ღმერთს ისინი თაყვანს სათანადოდ?
4 ბაბილონში გადასახლებული იუდეველების მატერიალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული იყო. მაგრამ შეიძლებოდა იმავეს თქმა მათ სულიერ მოთხოვნილებებზეც? იეჰოვას ტაძარი და სამსხვერპლო განადგურებული იყო და სამღვდელოება მეტად ვეღარ ასრულებდა მსახურებას ორგანიზებულად. გადასახლებულთა შორის იყვნენ ღვთის ერთგული მსახურებიც, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ სხვებთან ერთად გადაასახლეს. მიუხედავად ამისა, ისინი შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ღვთის კანონის დაცვას. მაგალითად, დანიელმა და მისმა სამმა მეგობარმა — შადრაქმა, მეშაქმა და აბედნეგომ, უარი თქვეს იუდეველებისთვის აკრძალულ საკვებზე. ბიბლიიდან ჩანს, რომ დანიელი გამუდმებით მიმართავდა ღმერთს ლოცვით (დან. 1:8; 6:10). მაგრამ ამ წარმართულ სახელმწიფოში ღვთისმოშიშ იუდეველებს არ შეეძლოთ, რომ ზედმიწევნით დაეცვათ კანონი.
5. რას დაჰპირდა იეჰოვა თავის ხალხს და რატომ იყო ეს აღსანიშნავი?
5 ექნებოდათ ოდესმე ისრაელებს იმის საშუალება, რომ სათანადოდ ეცათ ღვთისთვის თაყვანი? იმ დროს ეს თითქმის შეუძლებელი ჩანდა, რადგან ბაბილონელები არასდროს ათავისუფლებდნენ ტყვეებს. მაგრამ ამას იეჰოვა გააკეთებდა. ის დაჰპირდა თავის ხალხს, რომ გაათავისუფლებდა, და ასეც მოიქცა. ღვთის დაპირებები არასდროს რჩება შეუსრულებელი! (ეს. 55:11).
მოხდა ჩვენს დროშიც მსგავსი რამ?
6, 7. რატომ გახდა საჭირო, ნათელი მოჰფენოდა ბაბილონის ტყვეობის საკითხს?
6 აღმოჩენილან ქრისტიანები ოდესმე ისრაელთა მსგავსად ტყვეობაში? წლების განმავლობაში ამ ჟურნალში იწერებოდა, რომ ღვთის მსახურები 1918 წელს აღმოჩნდნენ ბაბილონის ტყვეობაში, ტყვეობიდან მათი გათავისუფლება კი 1919 წელს მოხდა. თუმცა იმ მიზეზების გამო, რომლებიც განიხილება ამ და მომდევნო სტატიაში, საჭირო გახდა ამ საკითხის გადახედვა.
7 როგორც ვიცით, დიდ ბაბილონში ცრურელიგიური სამყარო იგულისხმება. მოხდა 1918 წელს ისეთი რამ, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ღვთის ხალხი დიდი ბაბილონის ტყვეობაში ამ წელს აღმოჩნდა? მსგავსი არაფერი მომხდარა. ფაქტები ცხადყოფს, რომ პირველ მსოფლიო ომამდე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ღვთის ცხებული მსახურები კი არ ექცეოდნენ დიდი ბაბილონის გავლენაში, არამედ თავისუფლდებოდნენ მისი მარწუხებისგან. მართალია, ცხებულები პირველი მსოფლიო ომის დროს იდევნებოდნენ, მაგრამ, ძირითადად, მათ ხელისუფლება ავიწროებდა და არა დიდი ბაბილონი. ამგვარად, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იეჰოვას ხალხი დიდი ბაბილონის ტყვეობაში 1918 წელს აღმოჩნდა.
როდის აღმოჩნდნენ ქრისტიანები ბაბილონის ტყვეობაში?
8. როგორ გაირყვნა ჭეშმარიტი ქრისტიანული კრება? ახსენით (იხილეთ სურათი 21-ე გვერდზე).
8 ღმერთმა ათასობით იუდეველი და პროზელიტი წმინდა სულით სცხო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. ამ ახალმოქცეულ ქრისტიანებს ეწოდა „რჩეული მოდგმა . . . სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება“ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:9, 10). მოციქულები სიცოცხლის ბოლომდე ფხიზლობდნენ ღვთის ხალხის კრებებზე. თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც უკუღმართად ლაპარაკობდნენ, რათა თან გაეყოლებინათ მოწაფეები. ასეთი ხალხი განსაკუთრებით მოციქულების სიკვდილის შემდეგ გააქტიურდა (საქ. 20:30; 2 თეს. 2:6—8). ბევრ მათგანს კრებაში პასუხისმგებლობები ეკისრა. ისინი მსახურობდნენ ზედამხედველებად, მოგვიანებით კი, როცა სამღვდელო კლასმა დაიწყო ჩამოყალიბება მათ „ეპისკოპოსები“ ეწოდათ. თუმცა იესოს თავისი მიმდევრებისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ყველანი ძმები ხართ“ (მათ. 23:8). არისტოტელესა და პლატონის ფილოსოფიით გატაცებულმა გამოჩენილმა მამაკაცებმა კრებაში შეიტანეს ცრურელიგიური მოძღვრებები, რომლებმაც თანდათანობით ჩაანაცვლა ღვთის სიტყვის წმინდა სწავლებები.
9. როგორ დაუჭირა რომმა მხარი განდგომილ ქრისტიანობას და რა მოჰყვა ამას შედეგად?
9 რომის წარმართმა იმპერატორმა კონსტანტინემ ახ. წ. 313 წელს განდგომილი ქრისტიანობა კანონიერად აღიარა. იმ დროიდან ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. მაგალითად, ნიკეის კრების შემდეგ კონსტანტინემ, რომელიც ესწრებოდა ამ შეხვედრას, ბრძანა, გადაესახლებინათ მღვდელი არიოზი, რადგან იესო ღმერთად არ აღიარა. მოგვიანებით, იმპერატორ თეოდოსიუს I-ის დროს (ახ. წ. 379—395), ქრისტიანობის წაბილწული ფორმა, რომელიც კათოლიციზმის სახელით გახდა ცნობილი, რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ წარმართული რომი მეოთხე საუკუნეში „გაქრისტიანდა“. ფაქტია, რომ ამ დროისთვის განდგომილი ქრისტიანობა უკვე რომის იმპერიის წარმართულ რელიგიებთან ერთად დიდი ბაბილონის ნაწილი იყო. მიუხედავად ამისა, მცირერიცხოვანი ცხებული ქრისტიანები, რომლებიც იესომ ხორბალს შეადარა, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ, ღვთისთვის ეცათ თაყვანი, თუმცა მოწინააღმდეგეები მათ ხმას ახშობდნენ (წაიკითხეთ მათეს 13:24, 25, 37—39). ისინი მართლაც ბაბილონის ტყვეობაში იყვნენ!
10. რის საფუძველზე შეიტანეს გულმართალმა ადამიანებმა ეკლესიის სწავლებებში ეჭვი ახ. წ. პირველი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში?
10 მიუხედავად ამისა, ახ. წ. პირველი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ბევრს შეეძლო, ბერძნულ ან ლათინურ ენებზე წაეკითხა ბიბლია. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ღვთის სიტყვის სწავლებები ეკლესიის მოძღვრებებისთვის შეედარებინათ. ბიბლიაში წაკითხულის საფუძველზე ზოგმა უარყო ეკლესიის არაბიბლიური სწავლებები. მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა ძალიან საშიში იყო და ზოგს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
11. რატომ აღმოჩნდა ბიბლია მხოლოდ სამღვდელოების ხელში?
11 დროთა განმავლობაში ხალხი აღარ იყენებდა იმ ენებს, რომლებზეც ბიბლია იყო ხელმისაწვდომი, ეკლესია კი ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ღვთის სიტყვის ხალხისთვის გასაგებ ენებზე თარგმნას. შედეგად, მხოლოდ სამღვდელოებასა და ზოგიერთ განათლებულ ადამიანს შეეძლო ბიბლიის კითხვა. თუმცა სასულიერო პირებიდანაც ყველამ არ იცოდა კარგად წერა-კითხვა. ეკლესიის სწავლებებისგან განსხვავებული აზრის ქონა მკაცრად ისჯებოდა. თუ ღვთის ცხებულ ერთგულ მსახურებს ექნებოდათ შეკრების შესაძლებლობა, მათ პატარ-პატარა ჯგუფებად მოუწევდათ შეკრება, რომ თვალში არავის მოხვედროდნენ. როგორც ძველად, ბაბილონის გადასახლების დროს, ცხებული „სამეფო სამღვდელოება“ ახლაც ვეღარ ასრულებდა მსახურებას ორგანიზებულად. დიდ ბაბილონს ხალხი თავის მარწუხებში ჰყავდა მოქცეული!
გამონათება
12, 13. რომელმა ორმა ფაქტორმა განაპირობა ხალხზე დიდი ბაბილონის გავლენის შესუსტება? ახსენით.
12 შეძლებდნენ ოდესმე ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთისთვის სათანადოდ და ღიად თაყვანისცემას? რა თქმა უნდა, შეძლებდნენ. ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის წყალობით სულიერი სინათლის პირველმა სხივებმა სიბნელეში გამოანათა. პირველი იყო მე-15 საუკუნის შუა პერიოდში საბეჭდი დაზგის გამოგონება. მანამდე ბიბლიას დიდი სიფრთხილით წერდნენ ხელით, რაც შრომატევადი საქმე იყო. ამიტომ ბიბლიის ასლები ცოტა იყო და ძვირი ღირდა. ამბობენ, რომ დახელოვნებულ გადამწერს ათი თვე სჭირდებოდა ბიბლიის ერთი ხელნაწერი ასლის გასაკეთებლად. გარდა ამისა, საწერი მასალა (ეტრატი ანუ პერგამენტი) ძალიან ძვირი ღირდა. ამისგან განსხვავებით დახელოვნებულ მესტამბეს ქაღალდზე დღეში 1 300 გვერდის დაბეჭდვა შეეძლო, რაც უფრო პრაქტიკული მეთოდი იყო!
საბეჭდი დაზგის გამოგონებისა და ბიბლიის მამაცი მთარგმნელების წყალობით დიდი ბაბილონის გავლენა შესუსტდა (იხილეთ აბზაცები 12, 13)
13 მეორე აღსანიშნავი ფაქტორი ის იყო, რომ მე-16 საუკუნის დასაწყისში რამდენიმე მამაცმა კაცმა გადაწყვიტა, ღვთის სიტყვა ხალხისთვის გასაგებ ენებზე ეთარგმნა. ბევრმა მთარგმნელმა ამის გამო სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. ეკლესია თავზარდაცემული იყო, რადგან წინამძღოლების აზრით, ღვთისმოშიში ადამიანების ხელში ბიბლია საშიში იარაღი იქნებოდა. როგორც კი ხელმისაწვდომი გახდა, ხალხმა ბიბლიის კითხვა დაიწყო. მისი წაკითხვის შემდეგ გაუჩნდათ კითხვები: სად არის მოხსენიებული ბიბლიაში განსაწმენდელი, მიცვალებულებისთვის წირვა-ლოცვა ან პაპები და კარდინალები? ასეთი კითხვები ეკლესიისთვის შეურაცხმყოფელი იყო. როგორ ბედავდა ხალხი ეკლესიის სწავლებებში ეჭვის შეტანას?! ეკლესია შეტევაზე გადავიდა. კაცებსაც და ქალებსაც ერეტიკოსებად რაცხავდნენ, რადგან ისინი უარყოფდნენ ეკლესიის სწავლებებს, რომელთაგან ზოგი იესო ქრისტემდე მცხოვრები არისტოტელესა და პლატონის წარმართულ ფილოსოფიებს ეფუძნებოდა. ეკლესიას სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდა, სახელმწიფო კი ამ განაჩენს ასრულებდა. მიზანი ის იყო, რომ ხალხს ბიბლიის კითხვისა და ეკლესიის სწავლებების ეჭვქვეშ დაყენების სურვილი დაჰკარგვოდა. ძირითადად, ეკლესია აღწევდა მიზანს. თუმცა ზოგიერთი გაბედული ადამიანი არ შეუშინდა დიდი ბაბილონის მუქარას. მათ გემო გაუგეს ღვთის სიტყვას და მეტის გაგება სურდათ. ამგვარად მომზადდა ნიადაგი, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს მომავალში თავი დაეღწიათ ცრუ რელიგიის მარწუხებისგან.
14. ა) რამ შეუწყო ხელი მე-19 საუკუნის მიწურულს ბიბლიური ჭეშმარიტების უკეთ გაგებას? ბ) როგორ ეძებდა ძმა რასელი ჭეშმარიტებას?
14 ბიბლიურ ჭეშმარიტებას მოწყურებული ბევრი ადამიანი გადაიხვეწა სხვა ქვეყნებში, სადაც ეკლესიას ნაკლები გავლენა ჰქონდა. მათ სურდათ, ეკითხათ ბიბლია და ნასწავლი ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ისე, რომ არავის ეკარნახა მათთვის, რა უნდა ეფიქრათ და რა არა. ერთ-ერთ ასეთ ქვეყანაში, შეერთებულ შტატებში, მე-19 საუკუნის მიწურულს ჩარლზ ტეიზ რასელმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დაიწყო ბიბლიის სისტემატური შესწავლა. თავიდან ძმა რასელის მიზანი იყო, გაერკვია, რომელი რელიგია ასწავლიდა ჭეშმარიტებას. მან გულდასმით შეადარა ბიბლიას სხვადასხვა რელიგიის სწავლებები, მათ შორის არაქრისტიანული რელიგიების სწავლებებიც. ის მალევე მიხვდა, რომ ღვთის სიტყვას არც ერთი რელიგია არ ეთანხმებოდა ბოლომდე. რასელი შეხვდა სხვადასხვა ეკლესიის სასულიერო პირებს იმ იმედით, რომ ისინიც გაიზიარებდნენ და თავიანთ მრევლსაც ასწავლიდნენ იმ ჭეშმარიტებას, რომელიც მან თავის თანამოაზრეებთან ერთად აღმოაჩინა ბიბლიაში. სასულიერო პირებს დიდი ინტერესი არ გამოუვლენიათ. ბიბლიის მკვლევრები მიხვდნენ, რომ ისინი ვერ ითანამშრომლებდნენ მათთან, ვისაც ცრუ რელიგიაში დარჩენა უნდოდა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:14).
15. ა) როდის აღმოჩნდნენ ქრისტიანები დიდი ბაბილონის უღელქვეშ? ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი შემდეგ სტატიაში?
15 როგორც დავინახეთ, ჭეშმარიტი ქრისტიანები დიდი ბაბილონის ტყვეობაში ბოლო მოციქულის სიკვდილიდან მალევე აღმოჩნდნენ. მაგრამ წამოიჭრება კითხვები: კიდევ რა მოწმობს იმაზე, რომ ცხებულები 1914 წლამდე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე თავისუფლდებოდნენ დიდი ბაბილონის გავლენისგან და ის მეტად ვეღარ დაიმონებდა მათ? სიმართლეა ის, რომ იეჰოვა უკმაყოფილო იყო თავისი მსახურებით, რომლებმაც პირველი მსოფლიო ომის დროს შეანელეს სამქადაგებლო საქმიანობა? დაარღვია ამ პერიოდში ჩვენი ძმებიდან ზოგმა ქრისტიანული ნეიტრალიტეტი და დაკარგეს მათ ამის გამო იეჰოვას კეთილგანწყობა? დაბოლოს, თუ ქრისტიანები ცრუ რელიგიის მონობაში ახ. წ. მეორე საუკუნეში აღმოჩნდნენ, როდის გათავისუფლდნენ ისინი? ამ საინტერესო კითხვებზე პასუხს შემდეგი სტატიიდან გავიგებთ.
-
-
მათ თავი დააღწიეს ცრუ რელიგიასსაგუშაგო კოშკი — 2016 | ნოემბერი
-
-
მათ თავი დააღწიეს ცრუ რელიგიას
„გამოდით მისგან, ჩემო ხალხო“ (გამოცხ. 18:4).
1. რატომ შეიძლებოდა ჰქონოდა ღვთის ხალხს დიდი ბაბილონისგან გათავისუფლების იმედი და რომელ კითხვებს ვუპასუხებთ ამ სტატიაში?
წინა სტატიიდან გავიგეთ, როგორ აღმოჩნდნენ ერთგული ქრისტიანები დიდი ბაბილონის ტყვეობაში. მაგრამ მათი ტყვეობა უსასრულოდ არ გაგრძელდებოდა. ღვთის ბრძანება, „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო“, აზრმოკლებული იქნებოდა, თუ ცრურელიგიური სამყაროს გავლენისგან ვერავინ გათავისუფლდებოდა (წაიკითხეთ გამოცხადების 18:4). საინტერესოა, როდის გათავისუფლდა საბოლოოდ ღვთის ხალხი დიდი ბაბილონის მარწუხებისგან. ვიდრე ამას გავიგებთ, ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს: რა პოზიცია ეკავათ ბიბლიის მკვლევრებს 1914 წლამდე დიდ ბაბილონთან მიმართებით? რამდენად აქტიურად ქადაგებდნენ ჩვენი და-ძმები პირველი მსოფლიო ომის დროს? მოწმობდა ბაბილონის ტყვეობაში ყოფნაზე ის, რომ ამ პერიოდში მათ გამოსწორება და შეგონება სჭირდებოდათ?
„ბაბილონის დაცემა“
2. რა პოზიცია დაიკავეს პირველმა ბიბლიის მკვლევრებმა ცრუ რელიგიასთან მიმართებით?
2 პირველ მსოფლიო ომამდე დიდი ხნით ადრე ჩარლზ ტეიზ რასელი და მისი თანამოაზრეები მიხვდნენ, რომ ქრისტიანული სამყაროს რელიგიები არ ასწავლიდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, კავშირი გაეწყვიტათ ცრუ რელიგიასთან, თუმცა იმ დროს ბოლომდე არ ესმოდათ, რას ნიშნავდა ეს. ჯერ კიდევ 1879 წლის ნოემბრის „სიონის საგუშაგო კოშკში“ ნათლად იყო დანახვებული მათი ბიბლიური პოზიცია: „ნებისმიერი ეკლესია, რომელიც აცხადებს, რომ უმანკოა და ქრისტეზეა დანიშნული, მაგრამ საქმეებით ქვეყნიერებასთან (მხეცთან) არის გაერთიანებული და მისი მხარდაჭერით სარგებლობს, ბიბლიური ენით რომ ვთქვათ, არის მეძავი ეკლესია“, ანუ დიდი ბაბილონის ნაწილი (წაიკითხეთ გამოცხადების 17:1, 2).
3. რით ცხადყვეს ბიბლიის მკვლევრებმა, რომ ხედავდნენ ცრუ რელიგიასთან კავშირის გაწყვეტის აუცილებლობას? (იხილეთ სურათი 26-ე გვერდზე)
3 ღვთისმოშიშმა მამაკაცებმა და ქალებმა იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. მათ ღვთისგან კურთხევის მიღების მოლოდინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდათ, თუ ცრურელიგიური ორგანიზაციების მხარდაჭერას შეწყვეტდნენ. შედეგად, ბევრმა ბიბლიის მკვლევარმა დაწერა წერილი, რომელშიც აცხადებდა, რომ ტოვებდა ეკლესიას. ზოგმა ეს წერილი თავის ეკლესიაში ხმამაღლა წაიკითხა. თუ ამის გაკეთება იკრძალებოდა, ზოგი წერილის ასლებს ეკლესიის თითოეულ წევრს უგზავნიდა. მათ აღარ სურდათ, ცრუ რელიგიასთან რაიმე საერთო ჰქონოდათ! ძველად, როცა ეკლესიას ზურგს სახელმწიფო უმაგრებდა, ასეთი გაბედული ნაბიჯი მათ ძვირად დაუჯდებოდათ, მაგრამ მე-19 საუკუნის მიწურულს ბევრ ქვეყანაში ეკლესია ნელ-ნელა კარგავდა სახელმწიფოს მხარდაჭერას. ამ ქვეყნებში ადამიანებს შიშის გარეშე შეეძლოთ რელიგიურ საკითხებზე საუბარი და ტრადიციული ეკლესიების სწავლებებისგან განსხვავებული აზრის ღიად გამოხატვა.
4. ნაცვლად იმისა, რომ დიდ ბაბილონს დამონებოდა, რას აკეთებდა ღვთის ხალხი პირველი მსოფლიო ომის დროს?
4 ბიბლიის მკვლევრები აცნობიერებდნენ, რომ საკმარისი არ იყო, ცრუ რელიგიის მიმართ თავიანთი დამოკიდებულების შესახებ მხოლოდ ნათესავებისთვის, მეგობრებისა და თავიანთი ეკლესიის წევრებისთვის ეცნობებინათ. მთელ მსოფლიოს უნდა გაეგო, რომ დიდი ბაბილონი სინამდვილეში რელიგიური მეძავი იყო! ამ მიზნით რამდენიმე ათასმა ბიბლიის მკვლევარმა 1917 წლის მიწურულსა და 1918 წლის დასაწყისში დიდი გულმოდგინებით გაავრცელა 10 მილიონი ბუკლეტი, რომელშიც დაბეჭდილი იყო სტატია სახელწოდებით „ბაბილონის დაცემა“. ამ სტატიამ ნიღაბი ახადა ქრისტიანულ სამყაროს და, როგორც მოსალოდნელი იყო, სასულიერო პირების განრისხება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ბიბლიის მკვლევრებმა უშიშრად განაგრძეს მნიშვნელოვანი საქმის კეთება. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ადამიანებზე მეტად ღმერთს დამორჩილებოდნენ, როგორც მმართველს (საქ. 5:29). რაზე მიუთითებდა ეს ყველაფერი? ნაცვლად იმისა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს დიდ ბაბილონს დამონებოდა, ღვთის ხალხი თავისუფლდებოდა მისი გავლენისგან და სხვებსაც ეხმარებოდა ამაში.
ღვთის ხალხის გულმოდგინება პირველი მსოფლიო ომის დროს
5. საიდან ვიცით, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს და-ძმები გულმოდგინედ მსახურობდნენ?
5 წარსულში ჩვენ ვფიქრობდით, რომ იეჰოვა უკმაყოფილო იყო თავისი ხალხით, რადგან გულმოდგინედ არ ქადაგებდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს. შედეგად ვასკვნიდით, რომ იეჰოვამ დაუშვა, ისინი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში დიდი ბაბილონის ტყვეობაში აღმოჩენილიყვნენ. თუმცა იმ ერთგულმა და-ძმებმა, რომლებიც 1914—1918 წლებში ემსახურებოდნენ ღმერთს, მოგვიანებით ცხადი გახადეს, რომ მთლიანობაში უფლის ხალხი ყველაფერს აკეთებდა სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად. ამაზე არაერთი ფაქტი მოწმობს. თეოკრატიული ისტორიის უკეთ გაგებამ მეტი ნათელი მოჰფინა ბიბლიაში აღწერილი ზოგიერთი მოვლენის მნიშვნელობას.
6, 7. ა) რა სირთულეებს შეხვდნენ ბიბლიის მკვლევრები პირველი მსოფლიო ომის დროს? ბ) რა მოწმობს ბიბლიის მკვლევრების გულმოდგინებაზე? მოიყვანეთ მაგალითები.
6 სინამდვილეში ბიბლიის მკვლევრებმა, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდნენ (1914—1918), სამქადაგებლო საქმეში ბევრს მიაღწიეს. თუმცა ამ საქმის შესრულება მათთვის ამა თუ იმ მიზეზის გამო ადვილი არ იყო. განვიხილოთ ორი მიზეზი. პირველი ის იყო, რომ იმ პერიოდში სამქადაგებლო საქმიანობა ძირითადად ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებით შემოიფარგლებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც 1918 წლის დასაწყისში ხელისუფლების წარმომადგენლებმა აკრძალეს წიგნი „დასრულებული საიდუმლო“, ბევრ ძმას ქადაგება გაუჭირდა. მათ ჯერ არ იცოდნენ, როგორ უნდა ექადაგათ მხოლოდ ბიბლიით. ისინი მიჩვეულები იყვნენ, რომ წიგნი „დასრულებული საიდუმლო“ მათ ნაცვლად „ლაპარაკობდა“. მეორე მიზეზი იყო ესპანური გრიპი, რომელიც 1918 წელს მთელ მსოფლიოს მოედო. ეს საშინელი სენი ისე სწრაფად გავრცელდა, რომ მაუწყებლები თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებოდნენ. მიუხედავად ამ და სხვა სირთულეებისა, ბიბლიის მკვლევრები, როგორც ჯგუფი, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სამქადაგებლო საქმიანობა არ შეჩერებულიყო.
ბიბლიის მკვლევრები გულმოდგინედ მსახურობდნენ (იხილეთ აბზაცები 6, 7)
7 მხოლოდ 1914 წელს ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფმა 9 მილიონზე მეტ ადამიანს უჩვენა „შემოქმედების ფოტოდრამა“, რომელიც კადრებისგან, სლაიდებისა და ხმის ჩანაწერისგან შედგებოდა. მასში ნაჩვენები იყო კაცობრიობის ისტორია პირველი ადამიანის შექმნიდან ქრისტეს ათასწლიანი მეფობის ბოლომდე. იმ დროს ეს უდიდესი მიღწევა იყო. იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც მხოლოდ 1914 წელს ნახეს ეს ფოტოდრამა, დღეს ღვთის სამეფოს მაუწყებელთა რიცხვზე მეტია! ანგარიშებიდან ისიც ჩანს, რომ შეერთებულ შტატებში შეხვედრებს 1916 წელს 809 393 ადამიანი დაესწრო, 1918 წელს კი მათი რიცხვი 949 444-მდე გაიზარდა. ბიბლიის მკვლევრები მართლაც გულმოდგინედ მსახურობდნენ!
8. როგორ ხდებოდა და-ძმების სულიერ საჭიროებებზე ზრუნვა პირველი მსოფლიო ომის დროს?
8 პირველი მსოფლიო ომის დროს ძმები ძალისხმევას არ აკლებდნენ, რომ გაფანტული ბიბლიის მკვლევრები სულიერი საზრდოთი მოემარაგებინათ და გაემხნევებინათ. ამის წყალობით ძმებს შეეძლოთ, გაეგრძელებინათ სამქადაგებლო საქმე. რიჩარდ ბარბერმა გაიხსენა, რის გაკეთებას ახერხებდნენ მაშინ: «რამდენიმე მიმომსვლელი ზედამხედველი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს, ვბეჭდავდით და ვავრცელებდით „საგუშაგო კოშკს“ და ვგზავნიდით კანადაშიც, სადაც ის აკრძალული იყო . . . და-ძმებს, რომელთაც კონფისკაციის შედეგად აღარ ჰქონდათ წიგნი „დასრულებული საიდუმლო“, ჯიბის ზომის წიგნები გავუგზავნე ფოსტით. ძმა რუტერფორდმა დაგვავალა, რომ შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე ქალაქში ორგანიზება გაგვეწია კონგრესებისთვის და და-ძმების გასამხნევებლად მომხსენებლები გაგვეგზავნა».
საჭირო იყო შეგონება და გამოსწორება
9. ა) რატომ სჭირდებოდა ღვთის ხალხს შეგონება და გამოსწორება 1914—1919 წლებში? ბ) გამოსწორების აუცილებლობის მიუხედავად, როგორი დასკვნის გაკეთება არ იქნებოდა სწორი?
9 თუმცა ყველაფერი, რასაც ღვთის ხალხი 1914—1919 წლებში აკეთებდა, როდი შეესაბამებოდა ბიბლიურ პრინციპებს. მიუხედავად მათი გულწრფელობისა, ძმებს ყოველთვის არ ჰქონდათ ხელისუფლების მორჩილებისადმი სწორი დამოკიდებულება (რომ. 13:1). შედეგად, ისინი, როგორც ჯგუფი, ომის მხარდამჭერი ღონისძიებების დროს ყოველთვის ვერ ინარჩუნებდნენ ნეიტრალიტეტს. მაგალითად, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომ 1918 წლის 30 მაისი მშვიდობისთვის ლოცვის დღედ გამოეცხადებინათ, „საგუშაგო კოშკმა“ მოუწოდა ბიბლიის მკვლევრებს, ამ დღეს მათაც ელოცათ მშვიდობისთვის. ზოგმა ძმამ შეიძინა ომის მხარდასაჭერად გამოცემული ობლიგაციები, ზოგი კი თოფითა და ხიშტით ჩაჯდა სანგრებში. მაგრამ არასწორი იქნებოდა, დაგვესკვნა, რომ ბიბლიის მკვლევრები ამ დროს აღმოჩნდნენ დიდი ბაბილონის ტყვეობაში, რადგან გამოსწორება და შეგონება სჭირდებოდათ. პირიქით, მათ ესმოდათ, რომ ცრუ რელიგიისგან გამოყოფა აუცილებელი იყო. ამიტომ პირველი მსოფლიო ომის დროს მათ თითქმის აღარაფერი აკავშირებდა ცრურელიგიურ სამყაროსთან (წაიკითხეთ ლუკას 12:47, 48).
10. როგორ ცხადყვეს ბიბლიის მკვლევრებმა, რომ აფასებდნენ სიცოცხლეს?
10 ბიბლიის მკვლევრებს ისე ნათლად არ ესმოდათ ქრისტიანული ნეიტრალიტეტის საკითხი, როგორც დღეს გვესმის, მაგრამ მათ კარგად იცოდნენ ბიბლიიდან, რომ ადამიანის მოკვლა დაუშვებელია. ამიტომ იმ რამდენიმე ძმასაც კი, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დროს იარაღასხმულები ისხდნენ სანგრებში, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, არავინ მოეკლა. მათგან ზოგი ფრონტის წინა ხაზზე გაუშვეს, რომ სხვებს დაეხოცათ ისინი.
11. რა რეაქცია ჰქონდათ ბიბლიის მკვლევრების პოზიციაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს?
11 მიუხედავად იმისა, რომ ომის დროს ძმების პოზიცია მთლად სწორი არ იყო, აშკარაა, მათ ეშმაკის რისხვა გამოიწვიეს. შედეგად, ეშმაკი შეეცადა, ძმებისთვის სირთულეები შეექმნა კანონის მეშვეობით (ფსალმ. 94:20). შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა, ჯეიმზ ფრანკლინ ბელმა, ძმა რუტერფორდთან და ძმა ვან ამბერგთან საუბრისას გაამხილა, რომ იუსტიციის სამინისტრომ კონგრესს წარუდგინა განსახილველად კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც სასიკვდილო განაჩენის გამოტანის უფლება ექნებოდათ მათთვის, ვინც უარს იტყოდა ომში მონაწილეობაზე. მას მხედველობაში ჰყავდა ბიბლიის მკვლევრები. ძმა რუტერფორდს განრისხებულმა გენერალმა ბელმა უთხრა: „ეს კანონპროექტი იმიტომ არ გავიდა, რომ [შეერთებული შტატების პრეზიდენტმა] უილსონმა არ მოიწონა. მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ ჩაგიგდოთ ხელში და გავაკეთებთ კიდეც ამას!“.
12, 13. ა) რატომ მიუსაჯეს რვა პასუხისმგებელ ძმას ხანგრძლივი პატიმრობა? ბ) დაუკარგა ძმებს პატიმრობამ იეჰოვასადმი მორჩილების სურვილი? ახსენით.
12 ეს სიტყვები მხოლოდ მუქარად არ დარჩენილა. ხელისუფლებამ დააპატიმრა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წარმომადგენლები — ძმა რუტერფორდი, ძმა ვან ამბერგი და კიდევ ექვსი ძმა. განაჩენის გამოტანის დროს მოსამართლემ განაცხადა: „რელიგიური პროპაგანდა, რომელსაც ეს მამაკაცები ეწევიან, უფრო საშიშია, ვიდრე გერმანიის ჯარის დანაყოფი . . . მათ ჩრდილი მიაყენეს არა მხოლოდ სასამართლო უწყების მოხელეებსა და სამხედრო-სადაზვერვო სააგენტოს, არამედ ეკლესიის ყველა მსახურს. ისინი მკაცრად უნდა დაისაჯონ“ („რწმენის მარში“, ა. მაკმილანი, გვ. 99 [ინგლ.]). ეს ასეც მოხდა. რვა ბიბლიის მკვლევარს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს ატლანტის ფედერალურ ციხეში (ჯორჯიის შტატი). თუმცა ომის დამთავრების შემდეგ ისინი გაათავისუფლეს და ბრალდებები მოუხსნეს.
13 ეს რვა მამაკაცი ციხეშიც კი მტკიცედ იცავდა წმინდა წერილებში ჩაწერილს ისე, როგორც ეს მაშინ ესმოდათ. წერილში, რომლითაც ისინი შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვდნენ, ეწერა: «წმინდა წერილებში გაცხადებულია უფლის ნება — „არ მოკლა“, ამიტომ, თუ [ბიბლიის საერთაშორისო მკვლევართა] ასოციაციის ნებისმიერი წევრი, რომელმაც თავი მიუძღვნა უფალს, განზრახ დაარღვევს მიძღვნის აღთქმას, დაკარგავს ღვთის კეთილგანწყობას და შეიძლება სამუდამოდაც კი განადგურდეს. ამიტომ შეუძლებელია მათ განზრახ და სუფთა სინდისით მოსპონ ადამიანთა სიცოცხლე». ეს გაბედული სიტყვები იყო. აშკარაა, რომ ძმები კომპრომისზე წასვლას არ აპირებდნენ!
ტყვეობისგან საბოლოოდ გათავისუფლება
14. როგორ აღწერს ბიბლია 1914—1919 წლებში განვითარებულ მოვლენებს?
14 მალაქიას 3:1—3-ში აღწერილია დრო (1914—1919), როცა იეჰოვა განწმენდდა „ლევის ძეებს“, ცხებულ ქრისტიანებს (წაიკითხეთ). იმ დროს იეჰოვა ღმერთი, „ჭეშმარიტი უფალი“, და იესო ქრისტე, „შეთანხმების მაცნე“, სულიერ ტაძარში მივიდნენ იქ მომსახურეთა შესამოწმებლად. საჭირო შეგონების მიღების შემდეგ, იეჰოვას განწმენდილი ხალხი მზად იყო ახალი დავალების შესასრულებლად. 1919 წელს „ერთგული და გონიერი მონა“ შინაურებისთვის სულიერი საზრდოს გასანაწილებლად დაინიშნა (მათ. 24:45). ახლა ღვთის ხალხი უკვე თავისუფალი იყო დიდი ბაბილონის გავლენისგან. მას შემდეგ ღვთის მსახურებს გამუდმებით ემატებათ ღვთის ნების შესახებ ცოდნა და უძლიერდებათ თავიანთი ზეციერი მამის სიყვარული. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ღვთის კურთხევებისთვის![1]
15. რისკენ უნდა აღგვძრას დიდი ბაბილონისგან გათავისუფლებამ?
15 რა ბედნიერები ვართ, რომ გავთავისუფლდით დიდი ბაბილონის ტყვეობისგან! სატანის მიერ ჭეშმარიტი ქრისტიანობის მოსპობის მცდელობა მარცხით დასრულდა. თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, თუ რატომ გვიბოძა იეჰოვამ ეს თავისუფლება (2 კორ. 6:1). უამრავი გულწრფელი ადამიანი კვლავ ცრუ რელიგიის ტყვეობაშია. მათ სჭირდებათ, რომ ვინმემ ტყვეობიდან თავის დასაღწევი გზა აჩვენოს. ამის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია. ამიტომ, მოდი მივბაძოთ წინა საუკუნეში მცხოვრებ ძმებს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს ხალხიც გათავისუფლდეს!
^ [1] (აბზაცი 14) ბაბილონში იუდეველთა 70-წლიან ტყვეობასა და განდგომილების პერიოდში ქრისტიანთა მდგომარეობას შორის ბევრი მსგავსება არსებობს. მაგრამ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იუდეველთა ტყვეობა ქრისტიანთა მდგომარეობის წინასწარმეტყველური პირველსახე იყო. მაგალითად, განსხვავებული იყო ტყვეობის ხანგრძლივობა. ამიტომ არ უნდა შევეცადოთ, რომ იუდეველთა ტყვეობის თითოეულ წვრილმანში წინასწარმეტყველური პარალელი დავინახოთ და ისინი რამენაირად მივუსადაგოთ იმას, რაც 1919 წლამდე გადახდა ცხებულ ქრისტიანებს.
-