-
დავაფასოთ ის, ვინც დავითზე და სოლომონზე დიდიასაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
სოლომონის ლოცვა სიბრძნისთვის
12. რა სთხოვა სოლომონმა ღმერთს ლოცვაში?
12 დავითის ვაჟი სოლომონიც იესოს პირველსახე იყო.c ახალგამეფებულ სოლომონს იეჰოვა ეჩვენა ღამით და უთხრა, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც სთხოვდა. სოლომონს შეეძლო სიმდიდრე, ძალაუფლება ან დღეგრძელობა ეთხოვა. მაგრამ მან იეჰოვას უთხრა: „მომეცი სიბრძნე და ცოდნა, რომ გამოვიდე ამ ხალხის წინაშე და შევიდე, რადგან ვინ განსჯის შენს მრავალრიცხოვან ხალხს?!“ (2 მატ. 1:7—10). იეჰოვამ შეისმინა სოლომონის ლოცვა (წაიკითხეთ 2 მატიანეს 1:11, 12).
13. რატომ შეიძლება ითქვას, რომ სოლომონი ბრძენთა ბრძენი იყო და საიდან ჰქონდა მას ეს სიბრძნე?
13 ვიდრე სოლომონი იეჰოვას ერთგული იყო, მისი სიბრძნე აღემატებოდა მისი თანამედროვეების სიბრძნეს. სოლომონმა „სამი ათასი იგავი“ წარმოთქვა (1 მეფ. 4:30, 32, 34). ბევრი მათგანი ბიბლიაში ჩაიწერა, რასაც დღემდე აფასებენ სიბრძნის მაძიებლები. საბას დედოფალმა 2 400 კილომეტრი გაიარა იმისათვის, რომ სოლომონი „რთული კითხვებით გამოეცადა“. ის განცვიფრებული დარჩა მისი სიბრძნით და მისი სამეფოს დიდებით (1 მეფ. 10:1—9). ბიბლიაში ნათქვამია, თუ საიდან ჰქონდა სოლომონს სიბრძნე: „დედამიწის ყველა ხალხი ესწრაფოდა სოლომონის სახის ხილვას მისი სიბრძნის მოსასმენად, რომელიც ღმერთმა ჩაუდო გულში“ (1 მეფ. 10:24).
მიჰყევით ბრძენ მეფეს
14. რა გაგებით იყო იესო „სოლომონზე დიდი“?
14 დედამიწაზე მცხოვრებთაგან მხოლოდ ერთი ადამიანი იყო სოლომონზე ბრძენი. ეს იესო ქრისტე იყო, რომელმაც საკუთარ თავს „სოლომონზე დიდი“ უწოდა (მათ. 12:42). ის „მარადიული სიცოცხლის სიტყვებს“ ლაპარაკობდა (იოან. 6:68). მთაზე ქადაგებისას მან განავრცო სოლომონის იგავებში ჩადებული ზოგიერთი პრინციპი. სოლომონმა ჩამოთვალა რამდენიმე ფაქტორი, რასაც ბედნიერება მოაქვს იეჰოვას თაყვანისმცემლებისთვის (იგავ. 3:13; 8:32, 33; 14:21; 16:20). იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნამდვილი ბედნიერება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რაც იეჰოვას თაყვანისმცემლობასა და მისი განზრახვების შესრულებას უკავშირდება. მან თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათ. 5:3). იესოს მოძღვრებისა და პრინციპების გამოყენება ადამიანს „სიცოცხლის წყაროსთან“, იეჰოვა ღმერთთან აახლოებს (ფსალმ. 36:9; იგავ. 22:11; მათ. 5:8). ქრისტე „ღვთის სიბრძნის“ განსახიერება იყო (1 კორ. 1:24, 30). იესო ქრისტეს, როგორც ღვთის სამეფოს მეფეს, ‘სიბრძნის სული’ აქვს (ეს. 11:2).
15. როგორ ვისარგებლოთ ღვთიური სიბრძნით?
15 როგორ უნდა ვისარგებლოთ ჩვენ, დიდი სოლომონის მიმდევრებმა, ღვთიური სიბრძნით? იეჰოვას სიბრძნე მის სიტყვაშია გადმოცემული. ამიტომ გულმოდგინედ უნდა ვიკვლიოთ ბიბლია, განსაკუთრებით იესოს სიტყვები, და გავაანალიზოთ წაკითხული (იგავ. 2:1—5). გარდა ამისა, ღმერთს სიბრძნე უნდა ვთხოვოთ. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, თუ ღმერთს დახმარებას ვთხოვთ, ის აუცილებლად შეისმენს ჩვენს სათხოვარს (იაკ. 1:5). წმინდა სულის დახმარებით ბიბლიაში მივაკვლევთ სიბრძნეს, რომელიც საჭიროა პრობლემების გადასაჭრელად და გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად (ლუკ. 11:13). სოლომონს „შემკრებიც“ ეწოდებოდა. ის ხალხს „გამუდმებით აძლევდა ცოდნას“ (ეკლ. 12:9, 10). იესო ქრისტიანული კრების თავია და ამგვარად თავისი ხალხის შემკრებიც (იოან. 10:16; კოლ. 1:18). ამიტომ, სწორად ვიქცევით, თუ ვესწრებით შეხვედრებს, სადაც ‘გამუდმებით გვეძლევა ცოდნა’.
16. რა მსგავსებაა სოლომონსა და იესოს შორის?
16 სოლომონმა ბევრი რამ გააკეთა. მან ქვეყანაში დიდი სამშენებლო პროექტები წამოიწყო. ორგანიზება გაუწია სასახლეების, გზების, წყლის არხების, სამარაგო ქალაქების, ეტლების სადგომი ქალაქებისა და მხედართა ქალაქების მშენებლობას (1 მეფ. 9:17—19). ეს სამშენებლო პროგრამა მთელი ქვეყნის კეთილდღეობას მოემსახურა. გარკვეული გაგებით, იესოც მშენებელია. თავისი კრება მან „კლდეზე“ ააშენა (მათ. 16:18). ის აგრეთვე უხელმძღვანელებს ყველა სამშენებლო პროგრამას, რომელიც ახალ ქვეყნიერებაში განხორციელდება (ეს. 65:21, 22).
მიჰყევით მშვიდობის მეფეს
17. ა) რით იყო გამორჩეული სოლომონის მმართველობის წლები? ბ) რისი გაკეთება არ შეეძლო სოლომონს?
17 სოლომონის სახელი მომდინარეობს სიტყვიდან, რომლის ფუძეც „მშვიდობას“ ნიშნავს. სოლომონი მეფობდა იერუსალიმში, რაც განიმარტება როგორც „ორმაგი მშვიდობის სამყოფელი“. მისი 40-წლიანი მეფობის განმავლობაში ისრაელში მშვიდობა არაფერს დაურღვევია. ბიბლიაში მისი მმართველობის წლები ასეა აღწერილი: „სოლომონის დროს უსაფრთხოდ ცხოვრობდა იუდა და ისრაელი, ყველა თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ, დანიდან ბეერ-შებამდე“ (1 მეფ. 4:25). უდიდესი სიბრძნის მიუხედავად, მას არ შეეძლო დაეცვა თავისი ქვეშევრდომები ავადმყოფობისგან, ცოდვისა და სიკვდილისგან, რასაც ვერ ვიტყვით დიდ სოლომონზე (წაიკითხეთ რომაელების 8:19—21 ).
18. რა მდგომარეობაა ქრისტიანულ კრებაში?
18 ქრისტიანულ კრებაში მშვიდობა სუფევს. ჩვენ ნამდვილ სულიერ სამოთხეში ვართ. მშვიდობა გვაქვს ღმერთთანაც და მოყვასთანაც. ეს ესაიას წინასწარმეტყველურად ჰქონდა აღწერილი: „თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (ეს. 2:3, 4). თუ ღვთის წმინდა სულს მივყვებით, არ დავარღვევთ სულიერ სამოთხეში არსებულ მშვიდობას.
19, 20. სიხარულის რა მიზეზები გვაქვს?
19 მომავალში ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება. ქრისტეს მმართველობის დროს ღვთის მორჩილი ადამიანები არნახული მშვიდობით დატკბებიან. საბოლოო ჯამში, ისინი გათავისუფლდებიან „ხრწნის მონობისგან“ და გასრულყოფილდებიან (რომ. 8:21). ათასწლიანი მეფობის დასასრულს ადამიანები საბოლოოდ გამოიცდებიან. ამის შემდეგ „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმ. 37:11; გამოცხ. 20:7—10). ჩვენ წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია, რამდენად უკეთესი იქნება იესო ქრისტეს მეფობა სოლომონის მეფობაზე.
-
-
დავაფასოთ ის, ვინც დავითზე და სოლომონზე დიდიასაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
c საინტერესოა, რომ სოლომონის მეორე სახელი იედიდია იყო, რაც ნიშნავს „უყვარს იაჰს“ (2 სამ. 12:24, 25).
-