-
‘სამლოცველო სახლი ყველა ხალხისთვის’საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივლისი
-
-
‘სამლოცველო სახლი ყველა ხალხისთვის’
„არ წერია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ხალხისთვისო?“ (მარკოზი 11:17).
1. ღმერთთან როგორი ურთიერთობით სარგებლობდნენ თავდაპირველად ადამი და ევა?
როდესაც ადამი და ევა შეიქმნენ, ისინი სარგებლობდნენ ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობით. იეჰოვამ კომუნიკაცია დაამყარა მათთან და განუცხადა თავისი დიდებული განზრახვა ადამიანის მოდგმასთან დაკავშირებით. ცხადია, მათ ხშირად ექნებოდათ ძლიერი სურვილი, რომ განედიდებინათ იეჰოვა მისი დიდებული შემოქმედების გამო. როდესაც ადამი და ევა მსჯელობდნენ თავიანთი როლის შესახებ, როგორც ადამიანთა ოჯახის მომავალი მამა და დედა, მათ, თუკი დასჭირდებოდათ ხელმძღვანელობა, შეეძლოთ თავიანთი სახლის, სამოთხის ნებისმიერი ადგილიდან მიემართათ ღვთისთვის. მათ არ ესაჭიროებოდათ მღვდლის მიერ გაწეული მსახურება ტაძარში (დაბადება 1:28).
2. როგორი ცვლილებები მოხდა, როდესაც ადამმა და ევამ შესცოდეს?
2 მდგომარეობა მაშინ შეიცვალა, როდესაც ამბოხებულმა ანგელოზმა ევას უთხრა, რომ ‘ღვთის მსგავსი’ გახდებოდა. ამით აცდუნა ევა, რათა ეფიქრა, რომ, თუ იეჰოვას უზენაესობას უარყოფდა, ცხოვრებას გაიუმჯობესებდა. ევამ ირწმუნა სატანის ტყუილი და შეჭამა ხილი იმ ხიდან, რომლიდანაც ჭამა ღმერთმა აუკრძალა. შემდეგ სატანამ გამოიყენა ევა, რომ ეცდუნებინა მეუღლე. სამწუხაროდ, ადამმა უსმინა ცოდვილ მეუღლეს, რითაც ცხადყო, რომ მასთან ურთიერთობას უფრო აფასებდა, ვიდრე ღმერთთან (დაბადება 3:4–7). შედეგად, ადამმა და ევამ სატანა თავის ღმერთად აირჩიეს (შეადარე 2 კორინთელთა 4:4.)
3. რა ცუდი შედეგები მოჰყვა ადამისა და ევას აჯანყებას?
3 ასეთი მოქმედებით ადამიანთა პირველმა წყვილმა მარტოოდენ ძვირფასი ურთიერთობა კი არ დაკარგა ღმერთთან, არამედ დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედიც (დაბადება 2:16, 17). მათი ცოდვილი სხეულის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა, და ბოლოს მოკვდნენ. მათმა შთამომავლობამ მემკვიდრეობით მიიღო არასრულყოფილი მდგომარეობა. „ამიტომ, — ბიბლიის განმარტების თანახმად, — სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში“ (რომაელთა 5:12).
4. რა იმედი ჩაუსახა ღმერთმა ცოდვილ კაცობრიობას?
4 აუცილებელი იყო რაღაც, რომ ცოდვილი კაცობრიობა შერიგებოდა თავიანთ წმინდა შემოქმედს. როდესაც ღმერთმა განაჩენი გამოუტანა ადამსა და ევას, მათი მომავალი შთამომავლებისთვის მომავლის იმედი აინთო, რადგან იეჰოვას აღთქმა შეეხებოდა იმ ‘თესლს’, რომელიც იხსნიდა კაცობრიობას სატანის აჯანყების შედეგებისგან (დაბადება 3:15). მოგვიანებით ღმერთმა განაცხადა, რომ კურთხეული თესლი მოვიდოდა აბრაამის მეშვეობით (დაბადება 22:18). რადგანაც ეს სიყვარულით აღსავსე განზრახვა ჰქონდა ჩაფიქრებული, ღმერთმა ამოირჩია აბრაამის შთამომავლობა, ისრაელი, რომ ეს ერი გამხდარიყო მისი რჩეული ხალხი.
5. რატომ უნდა გვაინტერესებდეს ისრაელებთან დადებული ღვთის რჯულის კავშირის ყოველი წვრილმანი?
5 ძველი წელთაღრიცხვით 1513 წელს ღმერთთან კავშირში შევიდა ისრაელი და გამოთქვა თანხმობა, რომ დამორჩილებოდა მის კანონებს. მათთვის, ვისაც დღეს სურს ღმერთისადმი თავყვანისმცემლობა ეს რჯულის კავშირი ძალიან საინტერესო იმიტომ უნდა იყოს, რომ მიუთითებს აღთქმულ თესლზე. პავლემ თქვა, რომ ის შეიცავდა ‘მომავალ სიკეთეთა აჩრდილს’ (ებრაელთა 10:1). როდესაც პავლემ აღნიშნა ეს, ის მსჯელობდა თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ მოძრავ კარავში ისრაელი მღვდლების მსახურებაზე. კარავს ეწოდებოდა ‘უფლის სახლი’ (პირველი მეფეთა 1:9, 24). იეჰოვას მიწიერ სახლში წმინდა მსახურების შესრულებასთან დაკავშირებული განხილვა დაგვეხმარება, რომ უფრო მეტად დავაფასოთ ის წყალობით აღსავსე ღონისძიება, რის მეშვეობითაც კაცობრიობის შერიგება ხდება ღმერთთან.
წმიდათაწმიდა
6. რა იყო მოთავსებული წმიდათა წმიდაში და როგორ იყო გამოხატული ღვთის თანდასწრება მასში?
6 „უზენაესი ხელით ქმნილში კი არ არის დამკვიდრებული“ (საქმეები 7:48). მაგრამ ღვთის თანდასწრება, მის მიწიერ სახლში, წარმოდგენილი იყო ღრუბლით, რომელიც ჩანდა ნაგებობის შიგნითა ნაწილში, რომელსაც წმიდათაწმიდას უწოდებდნენ (ლევიანნი 16:2, აქ). როგორც ჩანს, ეს ღრუბელი ბრწყინვალედ ანათებდა და ამით წმიდათაწმიდას უზრუნველყოფდა სინათლით. ღრუბელი იდგა ‘მოწმობის კიდობნად’ წოდებული წმინდა ყუთის თავზე, რომელშიც იდო ქვის ფილები, რომლებზეც ამოკვეთილი იყო ღვთის მიერ ისრაელისადმი მიცემული ზოგიერთი მცნება. კიდობნის სახურავზე გამოსახული იყო ორი ოქროს ქერუბიმი ფართოდ გაშლილი ფრთებით, რაც ასახავდა ღვთის ზეციერი ორგანიზაციის მაღალი რანგის სულიერ ქმნილებებს. საოცარი სინათლის ღრუბელი იდგა ზუსტად სახურავის თავზე, ორ ქერუბიმს შორის (გამოსვლა 25:22). ეს ასახავდა ყოვლადძლიერი ღმერთის ზეციერი ეტლის ტახტზე ასვლას, რასაც მხარს უჭერენ ცოცხალი ქერუბიმები (პირველი ნეშტთა 28:18). ეს განმარტავს იმას, თუ რატომ ლოცულობდა მეფე ხიზკიაჰუ: „ცაბაოთ უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე მჯდომელო!“ (ესაია 37:16).
წმიდა
7. რა იდგა წმიდაში?
7 კარვის მეორე ნაწილს უწოდებდნენ წმიდას. წმიდაში შესასვლელის მარცხნივ იდგა შვიდლამპრიანი შანდალი და მარჯვნივ — პურის დასადები ტაბლა. პირდაპირ იდგა სამსხვერპლო, საიდანაც დამწვარი საკმევლის სურნელი ადიოდა. ის იდგა იმ ფარდის წინ, რომელიც წმიდას ყოფდა წმიდათაწმიდისგან.
8. რა მოვალეობებს ასრულებდა რეგულარულად მღვდელი წმიდა ადგილას?
8 ყოველ დილა-საღამოს მღვდელი უნდა შესულიყო კარავში და საკმევლის სამსხვერპლოზე უნდა ეკმია საკმეველი (გამოსვლა 30:7, 8). დილით, სანამ საკმეველი იწვოდა, ოქროს შანდლის შვიდი ლამპარი ხელახლა უნდა შევსებულიყო ზეთით. საღამოობით ანთებდნენ ლამპრებს, რომ წმიდა გაენათებინათ. ყოველ შაბათს მღვდელს 12 ახალი პურის კვერი უნდა დაედო ტაბლაზე (ლევიანნი 24:4–8).
ეზო
9. რისთვის იყო გათვალისწინებული წყლის საბანელი და რას გვასწავლის ეს ჩვენ?
9 კარავს აგრეთვე ჰქონდა ეზო, რომელიც შემოსაზღვრული იყო კარვის ნაჭრებით. ამ ეზოში იყო დიდი საბანელი, სადაც მღვდლები ხელ-ფეხს იბანდნენ წმიდაში შესვლამდე. მათ მაშინაც უნდა დაებანათ ხელ-ფეხი, ვიდრე ეზოში მდებარე სამსხვერპლოზე მსხვერპლს შესწირავდნენ (გამოსვლა 30:18–21). სისუფთავესთან დაკავშირებული ეს მოთხოვნა მკაცრი გაფრთხილებაა ღვთის დღევანდელი მსახურებისთვის და უნდა ცდილობდნენ, იყვნენ წმინდა ფიზიკურად, მორალურად, გონებრივად და სულიერად, თუკი სურთ, რომ მათი თაყვანისცემა მისაღები იყოს ღვთისთვის (2 კორინთელთა 7:1). დროგამოშვებით, შეშა, რომელიც საჭირო იყო სამსხვერპლო ცეცხლისთვის და წყალი — საბანელისთვის, ახალი მარაგით უნდა შევსებულიყო ტაძრის არაისრაელი მონების მიერ (იესო ნავეს ძე 9:27).
10. რომელია ის ზოგიერთი შესაწირავი, რომლებიც სამსხვერპლოზე მიჰქონდათ შესაწირავად?
10 ყოველ დილა-საღამოს სამსხვერპლოზე იწვოდა შესაწირავი კრავი, მასთან ერთად მარცვლეული და საღვრელი შესაწირავი (გამოსვლა 29:38–41). სხვა შესაწირავების მიტანა ხდებოდა განსაკუთრებულ დღეებში. ზოგჯერ შესაწირავის მიტანა ხდებოდა პირადი ცოდვის გამოც (ლევიანნი 5:5, 6). სხვა დროს ისრაელი ერის წარმომადგენელს შეეძლო ნებაყოფლობით მიეტანა სამადლობელი შესაწირავი, რომლის ნაწილსაც ჭამდნენ მღვდლები და ისინიც, რომლებმაც მიიტანეს შესაწირავი. ეს ცხადყოფდა, რომ ცოდვილ ადამიანს შეეძლო მშვიდობა ჰქონოდა ღმერთთან და სიმბოლურად რომ ვთქვათ, მასთან ერთად დამტკბარიყო საჭმლით. თვით უცხოელ მდგმურსაც შეეძლო გამხდარიყო იეჰოვას თაყვანისმცემელი და ჰქონოდა უპირატესობა, ნებაყოფლობითი შესაწირავი მიეტანა მის სახლში. იმ მიზნით, რომ სათანადო პატივი მიეგოთ იეჰოვასთვის, მღვდლები მხოლოდ საუკეთესო ხარისხის შესაწირავს ღებულობდნენ. მარცვლეული შესაწირავის ფქვილი წმინდად დაფქული უნდა ყოფილიყო, ხოლო ცხოველური შესაწირავი — უნაკლო (ლევიანნი 2:1; 22:18–20; მალაქია 1:6–8).
11. ა) რა კეთდებოდა ცხოველური შესაწირავის სისხლით და რას მიანიშნებდა ეს? ბ) როგორია ღვთის თვალსაზრისი როგორც ადამიანის, ასევე ცხოველის სისხლთან დაკავშირებით?
11 შესაწირავების სისხლი მიჰქონდათ სამსხვერპლოსთან. ეს კეთდებოდა იმისთვის, რათა ყოველდღიურად შეეხსენებინათ ერისთვის, რომ ცოდვილები იყვნენ და მათთვის აუცილებელი იყო გამომსყიდველი, რომლის დაღვრილი სისხლი მარადიულად გამოისყიდდა მათ ცოდვებისგან და იხსნიდა სიკვდილისაგან (რომაელთა 7:24, 25; გალატელთა 3:24; შეადარე ებრაელთა 10:3). სისხლის ასე წმინდად გამოყენება შეახსენებდა ისრაელებს, რომ სისხლი წარმოადგენდა სიცოცხლეს და რომ სიცოცხლე ეკუთვნის ღმერთს. ადამიანების მიერ სისხლის სხვა ნებისმიერი მიზნისთვის გამოყენებას ღმერთი ყოველთვის კრძალავდა (დაბადება 9:4; ლევიანნი 17:10–12; საქმეები 15:28, 29).
განწმენდის დღე
12, 13. ა) რა იყო განწმენდის დღე? ბ) რა უნდა გაეკეთებინა მღვდელმთავარს, ვიდრე სისხლს წმიდათაწმიდაში შეიტანდა?
12 წელიწადში ერთხელ, ერთ-ერთ დღეს უწოდებდნენ განწმენდის დღეს, ვინაიდან ამ დღეს მთელ ისრაელს, მათ შორის უცხო ქვეყნებიდან მოსულ მდგმურებსაც, რომლებიც თაყვანს სცემდნენ იეჰოვას, უნდა ემარხულათ და გათავისუფლებულიყვნენ ყოველგვარი სამუშაოდან (ლევიანნი 16:29, 30). ამ მნიშვნელოვან დღეს ერი სიმბოლურად იწმინდებოდა ცოდვებისგან, რომ მეორე წელს კვლავ ესარგებლა მშვიდობიანი ურთიერთობით ღმერთთან. მოდი, წარმოვიდგინოთ ის სცენა და განვიხილოთ ზოგიერთი მთავარი პუნქტი.
13 მღვდელმთავარი არის კარვის ეზოში. მან უკვე დაიბანა ხელ-ფეხი საბანლის წყლით და კლავს შესაწირავ ხბოს. ხბოს სისხლს ასხამს თასში; ამ სისხლს განსაკუთრებულად გამოიყენებს, რომ მოხდეს მღვდელთა მუხლის, ლევიანების, ცოდვებისგან გამოსყიდვა (ლევიანნი 16:4, 6, 11). მაგრამ, სანამ შესაწირთან კიდევ რამეს შეასრულებდეს, მღვდელმთავარმა უნდა მოამზადოს სხვა რამ. ის სურნელოვან საკმეველს იღებს (როგორც ჩანს ციცხვით) და სამსხვერპლოდან აღებულ გავარვარებულ ნაკვერჩხლებთან ერთად საცეცხლურში ათავსებს. ახლა ის შედის წმიდაში და მიდის წმიდათაწმიდის ფარდასთან. ის ნელა გადის ფარდის იქით და დგება მოწმობის კიდობანთან. შემდეგ, ისე რომ, ძეხორციელი ვერ ხედავს, საკმეველს ღვრის მოგიზგიზე ნაკვერჩხალზე და წმიდათაწმიდა ივსება ტკბილი სურნელის მქონე ღრუბლით (ლევიანნი 16:12, 13, აქ).
14. რატომ უნდა შესულიყო მღვდელმთავარი წმიდათაწმიდაში ორი სხვადასხვა ცხოველის სისხლით?
14 ახლა კი მზადაა ღმერთი, გამოავლინოს წყალობა და, სიმბოლურად რომ ვთქვათ, გული მოულბეს. ამიტომ ეწოდა კიდობნის სახურავს „წყალობის ადგილი“ ან „გულის მოლბობის თავსარქველი“ (ებრაელთა 9:5, აქ, სქოლიო). მღვდელმთავარი გამოდის წმიდათაწმიდიდან, იღებს ხბოს სისხლს და კვლავ წმიდათაწმიდაში შედის. როგორც რჯულში იყო მითითებული, ის თითს აწებს სისხლში და შვიდჯერ ასხურებს კიდობნის სახურავის წინ (ლევიანნი 16:14). შემდეგ ის კვლავ ეზოში ბრუნდება და კლავს ვაცს, რომელიც არის ცოდვის შესაწირავი ‘ხალხისთვის’. მას მიაქვს ვაცის სისხლის გარკვეული ნაწილი წმიდათაწმიდაში და ზუსტად ისევე მოქმედებს, როგორც ხბოს სისხლის შეტანის დროს (ლევიანნი 16:15). განწმენდის დღეს სხვა მნიშვნელოვანი მსახურებებიც ხდებოდა. მაგალითად, მღვდელმთავარს ხელები უნდა დაედო მეორე ვაცის თავზე და უნდა ეღიარებინა ‘ისრაელის ყველა უკეთურება’. შემდეგ ამ ვაცს უდაბნოში უშვებდნენ, რომ, სიმბოლურად, მთელი ერის ცოდვები წაეღო. ამგვარად ხდებოდა ‘მღვდლების და მთელი კრებულის’ ყოველწლიური განწმენდა (ლევიანნი 16:16, 21, 22, 33).
15. ა) რით ჰგავდა სოლომონის ტაძარი კარავს? ბ) რას ამბობს ებრაელთა მიმართ ეპისტოლე იმ წმინდა მსახურების შესახებ, რომელიც სრულდებოდა როგორც კარავში, აგრეთვე ტაძარში?
15 ისრაელი ხალხის ღმერთთან კავშირის ისტორიის პირველი 486 წლის განმავლობაში, მოძრავი კარავი წარმოადგენდა იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობის ადგილს. შემდეგ ისრაელის მეფეს, სოლომონს, მიენიჭა უპირატესობა, აეგო მუდმივი შენობა. რადგანაც ეს ტაძარი უნდა ყოფილიყო უფრო დიდი და უფრო გულმოდგინედ დამუშავებული, ღვთის მიერ მითითებული გეგმა კარვის ნიმუშის მსგავსად იყო გაკეთებული. კარვის მსგავსად ის იყო ნიმუში, რომელიც ასახავდა უფრო დიდ და უფრო ეფექტურ ღონისძიებას თაყვანისმცემლობისთვის. რაც იეჰოვას უნდა ‘აეშენებინა და არა ადამიანს’ (ებრაელთა 8:2, 5; 9:9, 11).
პირველი ტაძარი, ხოლო შემდეგ — მეორე
16. ა) სიყვარულით აღსავსე რა სათხოვარი წარმოთქვა სოლომონმა ტაძრის მიძღვნის დროს? ბ) როგორ აჩვენა იეჰოვამ, რომ ისმინა სოლომონის ლოცვა?
16 როდესაც მოხდა დიდებული ტაძრის მიძღვნა, სოლომონმა აგრეთვე ღვთის მიერ შთაგონებული სათხოვარიც წარმოთქვა: „იმ უცხოელსაც უსმინე, რომელიც არ არის შენი ერისაგანი, ისრაელიანი, მაგრამ შორეული ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო. ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, და შეუსრულე, რასაც შეგთხოვს უცხოელი, რომ მთელი ქვეყნის ხალხებმა გაიგონონ შენი სახელი და შიში მიეცეთ შენი ერის, ისრაელის მსგავსად, რათა იცოდნენ, რომ შენი სახელი ჰქვია ამ სახლს, მე რომ ავაშენე“ (მეორე ნეშტთა 6:32, 33). ღმერთმა თვალსაჩინოდ აჩვენა, რომ შეისმინა სოლომონის ლოცვა, რომელიც ტაძრის მიძღვნისას წარმოთქვა. ძლიერი ცეცხლი გადმოვიდა ზეციდან და შთანთქა სამსხვერპლოზე მოთავსებული ცხოველური შესაწირავი, იეჰოვას დიდებამ აავსო მთელი ტაძარი (მეორე ნეშტთა 7:1–3).
17. რა დაემართა ბოლოს სოლომონის აშენებულ ტაძარს და რატომ?
17 სამწუხაროდ, ისრაელებს გაუნელდათ იეჰოვასადმი ბრძნული შიში. დროთა განმავლობაში მათ წაბილწეს მისი დიდებული სახელი სისხლისღვრით, კერპთაყვანისმცემლობით, სიძვით, სისხლის აღრევითა და ობლების, ქვრივებისა და უცხოელების მიმართ ცუდად მოპყრობით (ეზეკიელი 22:2, 3, 7, 11, 12, 26, 29). ამიტომ, ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს მათზე აღსრულდა განაჩენი, რომელიც თავს დაატეხეს ბაბილონის ჯარებმა, როდესაც გაანადგურეს ტაძარი. ისრაელები, რომლებიც ცოცხლები გადარჩნენ, ბაბილონში წაასხეს ტყვედ.
18. მეორე ტაძრის დროს რა უპირატესობები მიეცათ არაისრაელ მამაკაცებს, რომლებიც მთელი გულით უჭერდნენ მხარს იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობას?
18 ის ებრაელები, რომლებმაც მოინანიეს, 70 წლის შემდეგ დაბრუნდნენ იერუსალიმში და მათ მიეცათ უპირატესობა, აღედგინათ იეჰოვას ტაძარი. საინტერესოა, რომ საკმაოდ მცირე იყო იმ მღვდელთა და ლევიანთა რიცხვი, რომლებსაც მეორე ტაძარში უნდა ემსახურათ. შედეგად შეწირულებს, ტაძრის მონების შთამომავლებს, რომლებიც არაისრაელი წარმოშობის იყვნენ, მიეცათ დიდი უპირატესობა, რომ ყოფილიყვნენ ღვთის ტაძრის მსახურები. მაგრამ ისინი ვერასოდეს გახდებოდნენ მღვდლისა და ლევიანის თანასწორნი (პირველი ეზრა 7:24; 8:17, 20).
19. რას დაჰპირდა ღმერთი მეორე ტაძართან დაკავშირებით და როგორ შესრულდა ეს სიტყვები?
19 თავდაპირველად ეგონათ, რომ თითქოს მეორე ტაძარი ვერ იქნებოდა პირველის შესადარი (ანგია 2:3). მაგრამ იეჰოვამ წარმოთქვა დაპირება: „შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს. . . პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება“ (ანგია 2:7, 9). ამ სიტყვების სიმართლე, რაც მეორე ტაძარს შეეხებოდა, შესრულდა, ტაძარმა მოიპოვა უფრო მეტი დიდება. მისი დიდება, პირველთან შედარებით, 164 წლით მეტ ხანს გაგრძელდა და უფრო მეტი თაყვანისმცემელი, უფრო მეტი ქვეყნიდან, შეგროვდა მის ეზოებში (შეადარე საქმეები 2:5–11). მეორე ტაძრის განახლება დაიწყო მეფე ჰეროდეს დროს და მისი ეზოები უფრო გაფართოვდა. მასიურ ქვებზე ამაღლებული პლატფორმითა და მშვენიერი კოლონადებით გარშემორტყმული, ისეთივე ბრწყინვალე იყო, როგორც სოლომონის აშენებული თავდაპირველი ტაძარი. მას ჰქონდა აგრეთვე დიდი გარეთა ეზო იმ სხვადასხვა ერის ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ თაყვანი ეცათ იეჰოვასთვის. ქვის ბარიერი წარმართთა ამ ეზოს ჰყოფდა იმ ეზოსგან, რომელიც მხოლოდ ისრაელებისთვის იყო განკუთვნილი.
20. ა) რა შესანიშნავი უპირატესობით გამოირჩეოდა აღდგენილი ტაძარი? ბ) რა ცხადყოფს, რომ ებრაელებს არასწორი თვალსაზრისი ჰქონდათ ტაძართან დაკავშირებით და რა გააკეთა იესომ ამის საპასუხოდ?
20 მეორე ტაძარს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ღვთის ძე, იესო ქრისტე, ასწავლიდა მის ეზოებში. მაგრამ, როგორც პირველი ტაძრის შემთხვევაში, ებრაელებს, საერთო ჯამში, არ ჰქონდათ სწორი თვალსაზრისი იმ უპირატესობაზე, რომელიც ჰქონდათ მათ, როგორც ღვთის სახლის მეურვეებს. წარმოიდგინეთ, მათ დაუშვეს, რომ ვაჭრებს თავიანთი საქმიანობა გაეჩაღებინათ ტაძრის წარმართთა ეზოებში. უფრო მეტიც, ხალხს ნება დართეს, რომ ტაძარი გზის შესამოკლებლად გამოეყენებინათ, როდესაც რაღაც საქონელი გადაჰქონდათ იერუსალიმის მიდამოებში. სიკვდილამდე ოთხი დღით ადრე იესომ განწმინდა ტაძარი ასეთი ქვეყნიური ჩვეულებებისგან, როდესაც ამბობდა: „არ წერია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ხალხისთვისო? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ“ (მარკოზი 11:15–17).
ღმერთი მარადიულად ტოვებს მიწიერ სახლს
21. რა განაცხადა იესომ იერუსალიმის ტაძართან დაკავშირებით?
21 რადგანაც იესო გაბედულად მოქმედებდა ღვთის წმინდა მსახურების შესრულებისას, ებრაელმა რელიგიის წინამძღოლებმა გადაწყვიტეს, რომ მოეკლათ ის (მარკოზი 11:18). იესომ იცოდა, რომ მალე მოკლავდნენ და ებრაელ რელიგიის წინამძღოლებს უთხრა: „აჰა, გრჩებათ ოხრად თქვენი სახლი“ (მათე 23:37, 38). ამგვარად, მან მიუთითა, რომ მალე ღმერთი უარყოფდა მათი თაყვანისმცემლობის ფორმას, რომელსაც იერუსალიმის სიმბოლურ ტაძარში ატარებდნენ. ის მეტად აღარ იქნებოდა ‘სამლოცველო სახლი ყველა ხალხისთვის’. როდესაც მისმა მოწაფეებმა მიუთითეს ტაძრის შესანიშნავ შენობებზე, მან თქვა: „ხედავთ ყოველივე ამას? . . ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ გადაიქცეს“ (მათე 24:1, 2).
22. ა) როგორ შესრულდა იესოს სიტყვები ტაძრის შესახებ? ბ) იმის ნაცვლად, რომ იმედები მიწიერ ქალაქზე დაემყარებინათ, რას ეძებდნენ ადრინდელი ქრისტიანები?
22 იესოს წინასწარმეტყველება 37 წლის შემდეგ შესრულდა, ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს, როდესაც რომის ჯარებმა გაანადგურეს იერუსალიმი და მისი ტაძარი. ამით დასაბუთდა ის გამაოგნებელი მტკიცება, რომ ღმერთმა ნამდვილად მიატოვა სიმბოლური სახლი. იესოს არ უწინასწარმეტყველებია იერუსალიმის ტაძრის ხელახალი აღდგენა. ამ მიწიერი ქალაქის შესახებ პავლე მოციქულმა ებრაელ ქრისტიანებს მისწერა: „არ გაგვაჩნია აქ მუდმივი ქალაქი, არამედ მომავალს ვეძებთ“ (ებრაელთა 13:14). ადრინდელი ქრისტიანები ელოდნენ, რომ გამხდარიყვნენ ქალაქის მსგავსი ღვთის სამეფოს, ‘ზეციერი იერუსალიმის’, ნაწილი (ებრაელთა 12:22). ამგვარად, დედამიწაზე იეჰოვასადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრს მეტად აღარ წარმოადგენს ფიზიკური ტაძარი. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ უდიდეს ღონისძიებას, რომელიც ღმერთმა გაითვალისწინა მათთვის, რომლებსაც სურთ თაყვანი სცენ მას „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:21, 24).
-
-
იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარისაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივლისი
-
-
იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი
„გვყავს ისეთი მღვდელმთავარი, რომელიც. . . არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა ადამიანმა“ (ებრაელთა 8:1, 2).
1. სიყვარულით აღსავსე როგორი მზრუნველობა გასწია იეჰოვამ ცოდვილი კაცობრიობისთვის?
იეჰოვა ღმერთმა ადამიანების მიმართ დიდი სიყვარულით გაიღო მსხვერპლი, რომ ჩამოერეცხა მათთვის წუთისოფლის ცოდვები (იოანე 1:29; 3:16). ამისთვის საჭირო იყო, რომ ღმერთს თავისი მხოლოდშობილი ძის სიცოცხლე ზეციდან ებრაელი ქალწულის, სახელად მარიამის საშვილოსნოში გადმოეტანა. იეჰოვას ანგელოზმა ნათლად აუხსნა მარიამს, რომ ბავშვი, რომელიც მას ჩაესახებოდა, იქნებოდა ‘წოდებული წმიდა შობილად, ღვთის ძედ’ (ლუკა 1:34, 35). იოსები, რომელიც დანიშნული იყო მარიამზე, გაფრთხილებული იყო იესოს სასწაულებრივი ჩასახვის შესახებ და იმის შესახებაც გაიგო, რომ იესო ‘იხსნიდა თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან’ (მათე 1:20, 21).
2. რა გააკეთა იესომ, როდესაც დაახლოებით 30 წლის იყო და რატომ?
2 როდესაც იესო გაიზრდებოდა, გაიგებდა თავის სასწაულებრივ დაბადებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს. მან იცოდა, რომ მის ზეციერ მამას განზრახული ჰქონდა, მისი მეშვეობით განეხორციელებინა სიცოცხლის გადამრჩენი საქმე დედამიწაზე. როდესაც ის დაახლოებით 30 წლის ჩამოყალიბებული მამაკაცი გახდა, წავიდა ღვთის წინასწარმეტყველ იოანესთან, რომ მდინარე იორდანეში მონათლულიყო (მარკოზი 1:9; ლუკა 3:23).
3. ა) რას გულისხმობდა იესო სიტყვებში: „მსხვერპლი და შესაწირი არ ისურვე“? ბ) რომელი შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა იესომ მათ, რომელთაც სურთ გახდნენ მისი მოწაფეები?
3 იესო, როცა ინათლებოდა, ლოცულობდა (ლუკა 3:21). როგორც ჩანს, თავისი სიცოცხლის ამ წუთიდან მან დაიწყო ფსალმუნის 39:7–9 მუხლებში ჩაწერილ სიტყვების შესრულება, რომელიც მოგვიანებით პავლე მოციქულმაც აღნიშნა: „მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე“ (ებრაელთა 10:5). ამით იესომ გამოავლინა ცოდნა იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთს ‘არ სურდა’ ცხოველური შესაწირის მიტანა გაგრძელებულიყო იერუსალიმის ტაძარში. მან შეიგნო, რომ ღმერთმა სრულყოფილი ფიზიკური სხეული გაამზადა მისთვის, რომ მსხვერპლად შეწირულიყო. ეს გააუქმებდა შემდგომი ცხოველური შესაწირავების მიტანის აუცილებლობას. მან გამოავლინა წრფელი სურვილი, რომ დამორჩილებოდა ღვთის ნებას და ლოცვისას განაგრძო: „აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო“ (ებრაელთა 10:7). გაბედულებისა და უანგარო თავდადების რა დიდებული მაგალითი დაუტოვა იესომ მათ, რომლებიც შემდგომში მისი მოწაფეები გახდებოდნენ! (მარკოზი 8:34).
4. როგორ გამოავლინა იეჰოვამ მოწონება იმის მიმართ, რომ იესომ შესთავაზა საკუთარი თავი?
4 მოიწონა თუ არა იეჰოვამ იესოს ლოცვა, რომელიც ნათლობის დროს წარმოთქვა? დაე, თავად იესოს არჩეულმა მოციქულმა გვიპასუხოს: «ნათელღებული იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი, და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა ციდან მეტყველი: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“» (მათე 3:16, 17; ლუკა 3:21, 22).
5. რას ასახავდა დედამიწაზე არსებული ტაძრის სამსხვერპლო?
5 ღვთის მიერ იესოს სხეულის მომავალ შესაწირავად მიღება სულიერი გაგებით ნიშნავდა, რომ გამოჩნდა იერუსალიმის ტაძრის სამსხვერპლოზე უფრო დიდებული სამსხვერპლო. ფიზიკური სამსხვერპლო, სადაც ცხოველებს სწირავდნენ მსხვერპლად, ასიმბოლოებდა იმ სულიერ სამსხვერპლოს, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენდა ღვთის ‘ნებას’, ანუ ღონისძიებას, რომ იესოს მიწიერი სიცოცხლე იეჰოვას მიეღო, როგორც შესაწირავი (ებრაელთა 10:10). აი, რატომ წერდა პავლე მოციქული თანაქრისტიანებს: „ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის [ანუ ტაძრის] მსახურთ“ (ებრაელთა 13:10). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის სარგებლობა მოაქვს ცოდვის გამომსყიდველ იმ უდიდეს მსხვერპლს, რომელიც ებრაელ მღვდელთა უმრავლესობამ უარყო.
6. ა) რა გამოჩნდა იესოს ნათლობის დროს? ბ) რას ნიშნავს ტიტულები მესია, ანუ ქრისტე?
6 იესოს ცხება სულიწმიდით ნიშნავდა, რომ ღმერთმა წარმოქმნა მთელი სულიერი ტაძრის ორგანიზაცია იესოს მღვდელმთავრად მსახურებისთვის (საქმეები 10:38; ებრაელთა 5:5). მოწაფე ლუკა ღვთის მიერ იყო შთაგონებული, რომ დაწვრილებით დაეწერა ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც იმ წელიწადთან იყო დაკავშირებული, — ეს იყო „ტიბერიოს კეისრის მეფობის მეთხუთმეტე წელს“ (ლუკა 3:1–3). ეს მიუთითებს ახალი წელთაღრიცხვით 29 წელზე — იერუსალიმის კედლების აღსადგენად მეფე არტაქსერქსეს [ართახშასთას] ბრძანების გამოცემიდან ზუსტად 69 წელიწად კვირის, ანუ 483 წლის გასვლის შემდეგ დამდგარ დროზე (ნეემია 2:1, 5–8). წინასწარმეტყველების თანახმად, ‘ცხებული მეფე’ გამოჩნდებოდა წინასწარ მითითებულ წელს (დანიელი 9:25). როგორც ჩანს, მრავალი ებრაელი მოელოდა ამას. როგორც ლუკა გვატყობინებს, „ხალხი მოლოდინში იყო“, რომ გამოჩნდებოდა მესია, ანუ ქრისტე, ხოლო ეს სიტყვები სწორედ ის ებრაული და ბერძნული ტიტულებია, რომელთაც ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვთ — „ცხებული“ (ლუკა 3:15).
7. ა) როდის სცხო ღმერთმა სულიწმიდით წმიდათაწმიდა და რას ნიშნავდა ეს? ბ) კიდევ რა მოხდა იესოს ნათლობის დროს?
7 იესოს ნათლობის დროს დიდებული სულიერი ტაძრის ორგანიზაციაში ღვთის ზეციერი სამყოფელი იქნა ცხებული, ანუ გამოყოფილი, როგორც ‘წმიდათაწმიდა’ (დანიელი 9:24). ამოქმედდა ‘ჭეშმარიტი კარავი [ანუ ტაძარი], რომელიც უფალმა ააშენა და არა ადამიანმა’ (ებრაელთა 8:2). აგრეთვე წყლითა და სულიწმიდით ნათლობის დროს ადამიანი იესო ქრისტე იშვა, როგორც ღვთის სულიერი ძე (შეადარე იოანე 3:3). ეს ნიშნავდა, რომ სათანადო დროს ღმერთი მოუხმობდა თავის ძეს ზეციერი ცხოვრებისთვის, სადაც ის იმსახურებდა თავისი მამის მარჯვნივ, როგორც მეფე და მღვდელმთავარი „მელქისედეკის წესით“ (ებრაელთა 6:20; ფსალმუნი 109:1, 4).
ზეციერი წმიდათაწმიდა
8. კიდევ რა შტრიხები დაეკისრა ღვთის ტახტს ზეცაში?
8 იესოს ნათლობის დღეს ღვთის ზეციერ ტახტს ახალი შტრიხები დაეკისრა. ღვთის თვალსაზრისი სრულყოფილი ადამიანის მსხვერპლად შეწირვასთან დაკავშირებით, რომ გამოესყიდა წუთისოფლის ცოდვები, მკვეთრად გამოხატავს მის სიწმინდეს ცოდვილი ადამიანებისგან საპირისპიროდ. ღვთის წყალობა აგრეთვე ხაზგასმით გამოვლინდა, როცა მან გამოავლინა მზადყოფნა, ყოფილიყო ლმობიერი, ანუ შემწყალებელი. ამგვარად, ღვთის ტახტი ზეცაში გახდა ტაძრის შიგნითა ნაწილის მსგავსი, სადაც მღვდელმთავარი მხოლოდ წელიწადში ერთხელ შედიოდა ცხოველის სისხლით, რომ მოეხდინა ცოდვების გამოსყიდვის ილუსტრაცია.
9. ა) რას ასიმბოლოებდა წმიდასა და წმიდათაწმიდას შორის ჩამოფარებული ფარდა? ბ) როგორ შევიდა იესო ფარდის მიღმა ღვთის სულიერ ტაძარში?
9 ფარდა, რომელიც წმიდას წმიდათაწმიდისგან ჰყოფდა, წარმოადგენდა იესოს ხორციელ სხეულს (ებრაელთა 10:19, 20). ეს იყო ბარიერი, რომელიც იესოს, როგორც ადამიანს დედამიწაზე ყოფნისას, ხელს უშლიდა, შესულიყო თავისი მამის თანდასწრებაში (1 კორინთელთა 15:50). იესოს სიკვდილის დროს „ტაძრის კრეტსაბმელი [ფარდა] გაიხა ორად ზემოდან ძირამდე“ (მათე 27:51). ეს დრამატულად მიუთითებდა, რომ ბარიერი, რომელიც ხელს უშლიდა იესოს, შესულიყო ზეცაში, აღარ არსებობდა. სამი დღის შემდეგ იეჰოვა ღმერთმა მოახდინა შემდგომში კარგად ცნობილი სასწაული. მან იესო აღადგინა მკვდრეთით არა როგორც მოკვდავი ადამიანი ხორცითა და სისხლით, არამედ, როგორც დიდებული სულიერი ქმნილება „უკუნისამდე დარჩენით“ (ებრაელთა 7:24). ორმოცი დღის შემდეგ იესო ამაღლდა ზეცად და შევიდა ნამდვილ „წმიდათაწმიდაში“ და ‘წარდგა ჩვენთვის ღვთის წინაშე’ (ებრაელთა 9:24).
10. ა) რა მოხდა მას შემდეგ, რაც იესომ მსხვერპლის საფასურად საკუთარი თავი შესთავაზა ზეციერ მამას? ბ) რას ნიშნავდა სულიწმიდით ცხება იესოს მოწაფეებისთვის?
10 მიიღო თუ არა ღმერთმა იესოს მიერ დაღვრილი სისხლი, როგორც წუთისოფლის ცოდვების გამოსასყიდი? რასაკვირველია, მიიღო. ამის ნათელი მტკიცება მოხდა იესოს აღდგომიდან ზუსტად 50 დღის შემდეგ, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. ღვთის წმინდა სული გადმოვიდა იესოს 120 მოწაფეზე, რომლებიც შეკრებილი იყვნენ იერუსალიმში (საქმეები 2:1, 4, 33). თავიანთი მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს მსგავსად, ისინი ღვთის დიდებული სულიერი ტაძრის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ცხებული იყვნენ „წმიდა სამღვდელოებად, ღვთის სასურველ სულიერ მსხვერპლად“ (1 პეტრე 2:5). გარდა ამისა, ამ ცხებულებმა შეადგინეს ახალი ერი, ღვთის სულიერი ისრაელის „წმიდა ერი“. ამის შემდეგ ისრაელთან დაკავშირებული ყველა წინასწარმეტყველება, რომლებიც დადებითია, მაგალითად იერემიას 31:31-ში ჩაწერილი ‘ახალ აღთქმასთან’ დაკავშირებული დანაპირები, ‘ღვთის ნამდვილ ისრაელს’, ცხებულ ქრისტიანთა კრებას შეეხება (1 პეტრე 2:9; გალატელთა 6:16).
ღვთის სულიერი ტაძრის სხვა შტრიხები
11, 12. ა) რას ასახავდა მღვდელთა ეზო იესოს შემთხვევაში და რას ასახავდა მისი ცხებული მიმდევრების შემთხვევაში? ბ) რას ასახავს წყლის საბანელი და როგორ გამოიყენებოდა ის?
11 რადგანაც წმიდათაწმიდა ასახავდა ‘თვით ზეცას’, სადაც ღმერთი ზის ტახტზე, ღვთის სულიერი ტაძრის სხვა შტრიხები უკავშირდება დედამიწას (ებრაელთა 9:24). იერუსალიმის ტაძარში იყო მღვდლების შიგნითა ეზო, სადაც იდგა სამსხვერპლო და წყლის დიდი საბანელი, რომელსაც მღვდლები იყენებდნენ დასაბანად, ვიდრე შეასრულებდნენ წმინდა მსახურებას. რას ასახავს ყოველივე ეს ღვთის სულიერი ტაძრის ორგანიზაციაში?
12 იესო ქრისტესთან დაკავშირებით მღვდლების შიგნითა ეზო ასახავდა მის უცოდველ მდგომარეობას, რადგანაც ის იყო სრულყოფილი ადამიანი, ძე ღვთის. ქრისტეს სულითცხებული მიმდევრები, რომლებიც რწმენას ავლენენ მის მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ, აღიარებული არიან სამართლიანებად. ამგვარად, ღმერთს შეუძლია სამართლიანად მოეპყროს მათ, როგორც უცოდველთ (რომაელთა 5:1; 8:1, 33). ამიტომ ეს ეზო აგრეთვე ასახავს ადამიანებისთვის მიწერილ სამართლიან მდგომარეობას, რითაც წმინდა სამღვდელოების ყოველი წევრი ტკბება ღვთის წინაშე. ამავე დროს, სულითცხებული ქრისტიანები ჯერ კიდევ არასრულყოფილები არიან და სჩადიან ცოდვებს. ეზოში მოთავსებული წყლის საბანელი ასახავს ღვთის სიტყვას, რომელსაც მღვდელმთავარი იესო იყენებს, რომ წმინდა სამღვდელოება წარმატებით განწმინდოს. ასეთი განწმენდის პროცესის დაქვემდებარებით მათ მოიპოვეს პატივისცემა, რასაც დიდება მოაქვს ღვთისთვის და სხვა ადამიანები მოჰყავს ღვთისადმი წმინდა თაყვანისმცემლობისაკენ (ეფესელთა 5:25, 26; შეადარე მალაქია 3:1–3).
წმიდა
13, 14. ა) რას ასახავს ტაძრის წმიდა იესოსა და მისი ცხებული მიმდევრების შემთხვევაში? ბ) რას ასახავს ოქროს შანდალი?
13 ტაძრის პირველი დარბაზი ასახავს ეზოსთან შედარებით უფრო ამაღლებულ მდგომარეობას. სრულყოფილ ადამიანთან, იესო ქრისტესთან დაკავშირებით, ეს ასახავს მის მეორედ დაბადებას, როგორც ღვთის სულიერი ძის, რომლის დაბრუნებაც ზეციერი ცხოვრებისთვის წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა. მას შემდეგ, რაც სულითცხებული მიმდევრები მართლებად გამოცხადდნენ ქრისტეს დაღვრილი სისხლის მიმართ რწმენის გამო, მათ განიცადეს ღვთის სულის განსაკუთრებული ზემოქმედება (რომაელთა 8:14–17). „წყლისა [ესე იგი მათი ნათლობით] და სულისგან“ კვლავ ‘შობით’ ისინი არიან, როგორც ღვთის სულიერი ძეები. როგორც ასეთი, მათ აქვთ იმედი, რომ აღდგენილი იქნებიან ზეციერი ცხოვრებისთვის, როგორც ღვთის სულიერი ძეები, იმ შემთხვევაში, თუ სიკვდილამდე ერთგულები დარჩებიან (იოანე 3:5, 7; გამოცხადება 2:10).
14 გარეთ მყოფი თაყვანისმცემლები ვერ ხედავდნენ მღვდლებს, რომლებიც მსახურობდნენ მიწიერი ტაძრის წმიდაში. მსგავსად ამისა, ცხებული ქრისტიანები ისეთ სულიერ მდგომარეობაში არიან, რასაც ვერ ეზიარება და ბოლომდე ვერ ხვდება ღვთის თაყვანისმცემელთა უმრავლესობა, რომლებსაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვთ. კარვის ოქროს შანდალი ასახავს ცხებული ქრისტიანების განათებულ მდგომარეობას. ღვთის წმინდა სულის მოქმედება არის ლამპრის ზეთის მსგავსი, რომელიც ბიბლიაზე ასხივებს სინათლეს. ამის შედეგად მიღებულ ცოდნას ქრისტიანები თავისთვის არ ინახავენ. პირიქით, ისინი ემორჩილებიან იესოს, რომელმაც თქვა: „თქვენ ხართ წუთისოფლის ნათელი. . . ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათე 5:14, 16).
15. რას ასიმბოლოებს ტაბლაზე მოთავსებული პური?
15 ასეთი განათებული მდგომარეობა რომ შეინარჩუნონ, სულითცხებული ქრისტიანები სიმბოლურად რეგულარულად უნდა იკვებებოდნენ იმ ტაბლის პურის კვერებით. სულიერი კვებისთვის მათი უმთავრესი წყარო არის ღვთის სიტყვა, რომლის წასაკითხავად ყოველდღიურად ესწრაფვიან და წაკითხულზე ფიქრობენ. იესომ აგრეთვე აღუთქვა, რომ ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით „დროულად“ უზრუნველყოფდა მათ ‘საზრდოთი’ (მათე 24:45). ეს „მონა“ არის ცხებულ ქრისტიანთა სხვადასხვა დროს მცხოვრები წარმომადგენლები დედამიწაზე. ქრისტემ ეს ცხებულები გამოიყენა, რომ მიეწოდებინა ინფორმაცია ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულებასთან დაკავშირებით და დროული მითითება მიეცა, თუ როგორ გამოეყენებინათ ბიბლიური პრინციპები თანამედროვე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ, ცხებული ქრისტიანები მადლიერების გრძნობით იკვებებიან ასეთი სულიერი საზრდოთი. მაგრამ მათი სულიერი სიცოცხლის მასაზრდოებელი საშუალება მხოლოდ გულსა და გონებაში ღვთის შემეცნების მიღებაზე არ არის დამოკიდებული. იესომ თქვა: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“ (იოანე 4:34). მსგავსად ამისა, სულითცხებული ქრისტიანები კმაყოფილებას განიცდიან, რომ ყოველდღიურად ასრულებენ ღვთისგან გაცხადებულ ნებას.
16. რას ასახავს საკმევლის სამსხვერპლოსთან მსახურება?
16 დილა-საღამოს მღვდელი წმიდაში საკმევლის სამსხვერპლოზე საკმეველს უკმევდა ღმერთს. ამავე დროს, ღმერთის ის თაყვანისმცემლები, რომლებიც არ იყვნენ მღვდლები, ტაძრის გარეთა ეზოში იდგნენ და ლოცულობდნენ (ლუკა 1:8-10). „საკმევლები — განმარტავს ბიბლია — წმიდათა ლოცვებია“ (გამოცხადება 5:8). „წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენს წინაშე“ — წერდა ფსალმუნმომღერალი დავითი (ფსალმუნი 140:2). სულითცხებული ქრისტიანებიც აფასებენ იესოს მეშვეობით იეჰოვასთან ლოცვით მიახლოების უპირატესობას. გულიდან გამომავალი ლოცვები ჰგავს ტკბილ სურნელოვან საკმეველს. სულითცხებული ქრისტიანები სხვა საშუალებებითაც განადიდებენ ღმერთს, ისინი თავიანთი ‘ბაგეებით’ ასწავლიან სხვებს. მათი სიმტკიცე გაჭირვებისას და მათი უმწიკვლოება განსაცდელისას, განსაკუთრებულ სიამოვნებას ჰგვრის ღმერთს (1 პეტრე 2:20, 21).
17. რას შეიცავდა წინასწარმეტყველური სურათის განხორციელება, თუ გავითვალისწინებთ მღვდელმთავრის პირველ შესვლას წმიდათაწმიდაში მიტევების დღეს?
17 მიტევების დღეს ისრაელის მღვდელმთავარი შედიოდა წმიდათაწმიდაში და ოქროს აქანდაზზე წვავდა საკმეველს, რომელზეც ნაკვერჩხლებიც იყო. ეს უნდა გაკეთებულიყო იმ დრომდე, სანამ შეიტანდა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლის სისხლს. ამ წინასწარმეტყველური სურათის განხორციელებით, იესომ, როგორც ადამიანმა, შეინარჩუნა აბსოლუტური უმწიკვლოება ღვთის წინაშე, ვიდრე გაიღებდა თავის სიცოცხლეს, როგორც ერთადერთ მარადიულ მსხვერპლს ჩვენი ცოდვების გამო. ამგვარად მან ცხადყო, რომ სრულყოფილ ადამიანს შეუძლია უმწიკვლოების შენარჩუნება ღვთის წინაშე მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე გამოცდებს დაატეხს თავს სატანა (იგავნი 27:11). როდესაც გამოცდის წინაშე იყო, იესომ „ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, სიკვდილისაგან მისი დასხნის შემძლეს, და შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო“ (ებრაელთა 5:7). ასეთი მოქმედებით მან განადიდა იეჰოვა, როგორც სამართლიანი და უფლებით აღჭურვილი სამყაროს უზენაესი მმართველი. ღმერთმა დააჯილდოვა იესო იმით, რომ მკვდრეთით აღადგინა და მისცა მარადიული ზეციერი სიცოცხლე. ასეთი ამაღლებული მდგომარეობით, იესო ყურადღებას ამახვილებს დედამიწაზე მისი მოსვლის მეორეხარისხოვან მიზეზზე, სახელდობრ, რომ ღმერთთან შეარიგოს მომნანიებელი ცოდვილი კაცობრიობა (ებრაელთა 4:14–16).
ღვთის სულიერი ტაძრის უფრო აღმატებული დიდება
18. როგორ მოუტანა განსაკუთრებული დიდება იეჰოვამ თავის სულიერ ტაძარს?
18 „პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება“, — იწინასწარმეტყველა იეჰოვამ (ანგია 2:9). იესო ქრისტეს უკვდავ მეფედ და მღვდელმთავრად აღდგენით, იეჰოვამ მნიშვნელოვანი დიდება მოუტანა სულიერ ტაძარს. ახლა იესოს შესწევს ძალა, რომ ‘მის მორჩილთ მარადიული ხსნა’ მოუტანოს (ებრაელთა 5:9). პირველები, რომლებმაც გამოავლინეს ასეთი მორჩილება, იყო 120 მოწაფე, რომელთაც სულიწმიდა მიიღეს ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. წიგნი „გამოცხადება“ წინასწარმეტყველებს, რომ ისრაელის ამ სულიერი ძეების საბოლოო რიცხვი 144 000-ია (გამოცხადება 7:4). სიკვდილის შემდეგ მრავალი მათგანი უგრძნობ მდგომარეობაში იწვა საერთო საკაცობრიო საფლავში იმ დრომდე, სანამ იქნებოდა ქრისტეს თანდასწრება მეფური ძალაუფლებით. წინასწარმეტყველური ქრონოლოგია, რომელიც ჩაწერილია დანიელის 4:10–17, 20–27-ში, მიუთითებს 1914 წელზე, როგორც მტერთა შორის იესოს მმართველობის დასაწყისზე (ფსალმუნი 109:2). იმ დღემდე, ცხებული ქრისტიანები ათწლეულების განმავლობაში დიდი ენთუზიაზმით მოელოდნენ ამ წელს. პირველმა მსოფლიო ომმა, რომელსაც თან ახლდა ადამიანთა ვარამი, ცხადყო, რომ იესო 1914 წელს ნამდვილად გამეფდა (მათე 24:3, 7, 8). ამის შემდეგ, ძალიან მალე, „ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყების“ დრო დადგა და იესო ახორციელებდა აღთქმას, რომელიც მისცა ცხებულ მოწაფეებს, რომლებმაც სიკვდილის ძილით დაიძინეს: „ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ“ (1 პეტრე 4:17; იოანე 14:3).
19. როგორ შევა 144 000-ის დარჩენილი ნაწილი ზეციერ წმიდათაწმიდაში?
19 წმინდა სამღვდელოების 144 000 წევრი ჯერ კიდევ ყველა საბოლოოდ არ დაბეჭდილა და არ შეკრებილა ზეციერ სახლში. მათი დარჩენილი ნაწილი ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობს და ისეთ სულიერ მდგომარეობაში არიან, რომელსაც ასახავს წმიდა, რომელიც ღვთის წმინდა თანდასწრებისგან გამოყოფილია ‘ფარდით’, ანუ ბარიერით, რაც ფიზიკური სხეულია. სიკვდილამდე ერთგულთა აღდგომა წამიერად ხდება და ისინი, როგორც უკვდავი სულიერი ქმნილებები, უერთდებიან 144 000-სს ზეცაში (1 კორინთელთა 15:51–53).
20. წმინდა სამღვდელოების დარჩენილი ნაწილი რა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ამჟამად დედამიწაზე და რა შედეგებით?
20 დიდებულ მღვდელმთავართან ერთად მომსახურე ამდენი მღვდელი ზეცაში ღვთის სულიერ ტაძარს დიდებას ჰმატებს. ამავე დროს, წმინდა სამღვდელოების დედამიწაზე დარჩენილი ნაწილი ასრულებს ღირსეულ საქმეს. მათი ქადაგების მეშვეობით, ღმერთი ‘არყევს ყველა ხალხს’ თავისი განკითხვის გამოცხადებით, როგორც ნაწინასწარმეტყველებია ანგიას 2:7-ში. ამავე დროს, ღვთის მილიონობით თაყვანისმცემელი, რომლებიც აღწერილი არიან როგორც ‘ხალხისთვის საწადელი’, იკრიბებიან იეჰოვას ტაძრის მიწიერ ეზოებში. როგორ ეთვისებიან ისინი ღვთის ორგანიზაციას თაყვანისმცემლობისთვის და რა მომავალ დიდებას უნდა მოველოდეთ ღვთის დიდებული სულიერი ტაძრისგან? ეს საკითხები განხილული იქნება შემდეგ სტატიაში.
-
-
ახლოვდება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ტრიუმფისაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივლისი
-
-
ახლოვდება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ტრიუმფი
„იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე“ (ზაქარია 14:9).
1. რა განიცადეს სულით ცხებულმა ქრისტიანებმა პირველი მსოფლიო ომის დროს და როგორ იყო ეს ნაწინასწარმეტყველები?
პირველი მსოფლიო ომის დროს გამძვინვარებული ერების ხელში ცხებული ქრისტიანები იტანჯებოდნენ მრავალი სიძნელეებითა და დაპატიმრებებით. იეჰოვას განდიდების შესაწირავები მკაცრად იყო შეზღუდული და ამიტომაც ისინი სულიერ ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ყოველივე ეს ნაწინასწარმეტყველები იყო ზაქარიას 14:2-ში, რომელიც აღწერს იერუსალიმზე ერების თავდასხმას. ამ წინასწარმეტყველების ქალაქი არის ‘ზეციერი იერუსალიმი’, ღვთის ზეციერი სამეფოსა და ‘ღვთისა და კრავის ტახტის’ ადგილსამყოფელი (ებრაელთა 12:22, 28; 13:14; გამოცხადება 22:3). ღვთის სულით ცხებულები დედამიწაზე ამ ქალაქის წარმომადგენლები არიან. მათგან მხოლოდ ერთგულებმა გადაიტანეს თავდასხმა, არ დაუშვეს, რომ ‘ქალაქიდან’, როგორც ტყვეები გადასახლებულიყვნენa.
2, 3. ა) როგორია იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობის ტრიუმფი 1919 წლიდან? ბ) რა მოვლენები მოხდა 1935 წლიდან?
2 ერთგული სულითცხებულები 1919 წელს გათავისუფლდნენ ტყვეობიდან და დაუყოვნებლივ გამოიყენეს ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც მოჰყვა ომს. როგორც ზეციერი იერუსალიმის წარმომადგენლები, აფასებენ დიდებულ შესაძლებლობას, რომ იქადაგონ კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ და მხარი დაუჭირონ 144 000-ის ბოლო წევრების შეგროვებას (მათე 24:14; 2 კორინთელთა 5:20). მათ 1931 წელს აირჩიეს შესაფერისი ბიბლიური სახელი, „იეჰოვას მოწმეები“ (ესაია 43:10, 12).
3 მას შემდეგ ღვთის სულით ცხებული მოწმეები შეუფერხებლად მიიწევენ წინ. ნაცისტური პოლიტიკისა და მილიტარისტური ორგანიზაციის საშუალებით თვით ჰიტლერმა ვერ დაადუმა ისინი. მსოფლიო მასშტაბის დევნის მიუხედავად, მათმა საქმიანობამ მთელ დედამიწაზე გამოიღო ნაყოფი. განსაკუთრებით კი 1935 წლიდან, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო გამოცხადებაში, მათ შეუერთდა ყოველი ერიდან მოსული „უამრავი ხალხი“. ესენიც მიძღვნილი, მონათლული ქრისტიანები არიან და მათაც „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის [იესო ქრისტეს] სისხლით“ (გამოცხადება 7:9, 14). მაგრამ ისინი არ არიან სულიწმიდით ცხებულები და არა აქვთ ზეციერი იმედი. მათი იმედია, მიიღონ ის, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს, სახელდობრ, სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე სამოთხეში დედამიწაზე (ფსალმუნი 36:29; მათე 25:34). ამჟამად უამრავი ხალხის რიცხვი ხუთ მილიონზე მეტია. დღეს იეჰოვასადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ტრიუმფია, მაგრამ საბოლოო ტრიუმფის დრო ჯერ არ დამდგარა.
უცხოტომელები ღვთის სულიერ ტაძარში
4, 5. ა) სად არის იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობის ადგილი უამრავი ხალხისთვის? ბ) რა უპირატესობის გამო ხარობენ ისინი და ამით რომელი წინასწარმეტყველება სრულდება?
4 როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, უამრავი ‘ხალხი ემსახურება მას [ღმერთს] დღე და ღამე მის ტაძარში’ (გამოცხადება 7:15, სქოლიო, აქ). რადგანაც ისინი არ არიან სულიერი, სამღვდელო ისრაელი, იოანემ, როგორც ჩანს, ისინი იხილა ტაძრის გარეთ, წარმართთა ეზოში (1 პეტრე 2:5). რა დიდებული გახდა იეჰოვას სულიერი ტაძარი, როდესაც მისი მიდამოები გაივსო უამრავი ხალხით, რომლებიც სულიერი ისრაელის ცხებულთა დარჩენილ ნაწილთან ერთად არიან და განადიდებენ იეჰოვას!
5 უამრავი ხალხის მსახურება არ არის იმ მსახურების მსგავსი, როგორიც სრულდებოდა მღვდლების შიგნითა ეზოში. ისინი არ არიან გამოცხადებული მართლებად, რომ არჩეული ყოფილიყვნენ ღვთის შვილებად, როგორც სულიერი ძეები (რომაელთა 8:1, 15). მაგრამ, მიუხედავად ამისა, რადგანაც ისინი რწმენას ავლენენ ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ, ღვთის წინაშე წმინდად დგანან. ისინი მართლებად არიან გამოცხადებული იმ განზრახვით, რომ იყვნენ იეჰოვას მეგობრები (შეადარე იაკობი 2:21, 23). მათაც აქვთ უპირატესობა, რომ ღვთის სულიერ სამსხვერპლოზე მიიტანონ შესაწირავი. ამგვარად, უამრავ ხალხზე დიდებულად სრულდება ესაიას 56:6, 7-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „უცხოთა შვილებს, რომლებიც მიეკრნენ უფალს, რომ ემსახურონ უფალს და უყვარდეთ მისი სახელი. . . მივიყვან ჩემს წმიდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ. მათი აღსავლენნი და მათი მსხვერპლნი სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა“.
6. ა) როგორი შესაწირავი მიაქვთ უცხოტომელებს? ბ) რას შეახსენებს მათ წყლის ჭურჭელი, რომელიც მღვდლების ეზოში იყო?
6 იმ შესაწირავთა შორის, რასაც ეს უცხოტომელები სწირავენ, არის ‘მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფი [წმიდად დაფქული მარცვლეული შესაწირის მსგავსად]’ და აგრეთვე — „ქველმოქმედება და გაზიარება“ (ებრაელთა 13:15, 16). წყლის დიდი ჭურჭელი, რომელსაც მღვდლები დასაბანად იყენებდნენ, მნიშვნელოვანი შეხსენებაა უცხოტომელთათვის. მათაც უნდა ჰქონდეთ სულიერი და მორალური სისუფთავე, რადგან ღვთის სიტყვა უფრო ნათელი გახდა მათთვის.
წმიდა და მისი მოწყობილობა
7. ა) რა თვალსაზრისი აქვს უამრავ ხალხს წმინდა სამღვდელოების უპირატესობაზე? ბ) როგორი დამატებითი უპირატესობები მიიღო ზოგიერთმა უცხოტომელმა?
7 აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა წმიდასა და მის მოწყობილობას უცხოტომელებისგან შემდგარი უამრავი ხალხისთვის? ისინი არასოდეს იქნებიან იმ მდგომარეობაში, რაც ასახულია წმიდაში. ღვთის სულიერი ძეების მსგავსად, ისინი ზეციერი მოქალაქეობით არ დაბადებულან მეორედ. ჰბადებს თუ არა ეს მათში სიხარბეს და შურის გრძნობას? არამც და არამც. პირიქით, მათ უხარიათ ის უპირატესობა, რომ მხარს უჭერენ 144 000-ის დარჩენილ ნაწილს და ღრმა მადლიერებას ავლენენ ღვთის განზრახვების მიმართ შვილებად არჩეულ იმ სულიერ ძეებთან დაკავშირებით, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ქრისტესთან ერთად ადამიანების გასრულყოფილებაში. უცხოტომელთაგან შემდგარი უამრავი ხალხი აფასებს ღვთისგან ბოძებულ დიდებულ დაუმსახურებელ სიკეთეს, რომ დასაჩუქრდა დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედით. ზოგიერთ მათგანს, ძველ დროს შეწირულების მსგავსად, მიეცა უპირატესობა, ზედამხედველობაში მხარი დაუჭიროს წმინდა სამღვდელოებასb (ესაია 61:5). ქრისტემ მათგან დანიშნა ‘მთავრები დედამიწაზე’ (ფსალმუნი 44:17).
8, 9. რით არის სასარგებლო უამრავი ხალხისთვის წმიდას მოწყობილობის განხილვა?
8 მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერასოდეს შევლენ სიმბოლურ წმიდაში, უცხოტომელი უამრავი ხალხი მნიშვნელოვან გაკვეთილს სწავლობს წმიდას მოწყობილობისგან. როგორც შანდლისთვის იყო აუცილებელი ზეთის მარაგი, ასევე უცხოტომელებს სჭირდებათ სულიწმიდა, რომ აითვისონ ღვთის სიტყვის პროგრესული ჭეშმარიტება, რომელიც ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით მოედინება (მათე 24:45–47). შემდეგ ღვთის სული ეხმარება მათ, რომ გამოეხმაურონ მოწვევას: «სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!“ გამგონემაც თქვას: „მოდი!“ მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხადება 22:17). ამგვარად, შანდალი უამრავ ხალხს შეახსენებს, რომ მათი მოვალეობაა, ანათონ, როგორც ქრისტიანებმა და არ დაანაღვლიანონ ღვთის სულიწმიდა თავიანთი ყოფაქცევით, ფიქრებით, სიტყვებითა თუ საქმეებით (ეფესელთა 4:30).
9 ტაბლა, რომელზეც ეწყო პურები, უამრავ ხალხს შეახსენებს, რომ სულიერი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია რეგულარული კვება სულიერი საზრდოთი, როგორც ბიბლიიდან, ასევე იმ პუბლიკაციებიდან, რომელსაც გვთავაზობს „ერთგული და გონიერი მონა“ (მათე 4:4). საკმევლის სამსხვერპლო შეახსენებს მათ, რომ იეჰოვასადმი გულმხურვალე ლოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რათა იეჰოვა დაეხმაროს მათ უმწიკვლოების შენარჩუნებაში (ლუკა 21:36). მათ ლოცვაში უნდა იყოს მგრძნობიარე გამოთქმები ქება-დიდებისა და მადლიერების გამოსახატავად (ფსალმუნი 105:1). საკმევლის სამსხვერპლო იმასაც შეახსენებს მათ, რომ სხვა საშუალებებითაც არის აუცილებელი იეჰოვას განდიდება, მაგალითად, ქრისტიანული შეხვედრების დროს სამეფოს საგალობლების მთელი გულით მღერითა და შეხვედრებისთვის კარგად მომზადებით, რომ ყველასთან ეფექტურად ‘ვაღიაროთ გადასარჩენად’ (რომაელთა 10:10).
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის სრული ტრიუმფი
10. ა) როგორ დიდებულ მომავალს ველით? ბ) რა უნდა მოხდეს უპირველესად?
10 დღეს ყოველი ერიდან „უთვალავი ხალხი“ იკრიბება იეჰოვას სახლში თაყვანისმცემლობისთვის (ესაია 2:2, 3). ამას ადასტურებს გამოცხადების 15:4-ში ჩაწერილი სიტყვებიც: „ვის არ შეეშინდება, უფალო, და არ ადიდებს შენს სახეს [სახელს, სსგ]? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდნენ შენი სამართალნი“. შემდგომი მოვლენები აღწერილია ზაქარიას მე-14 თავში. ახლო მომავალში წუთისოფლის ადამიანთა მტრობა მიაღწევს აპოგეას, როდესაც შეიკრიბებიან უკანასკნელად, რომ იომონ იერუსალიმის წინააღმდეგ — ზეციერი ისრაელის მიწიერი წარმომადგენლების წინააღმდეგ. შემდეგ მოქმედებას დაიწყებს იეჰოვა. როგორც მეომარი ღმერთი „შეებრძოლება ამ ხალხს“, რომელმაც გამოიწვია ეს ბრძოლა (ზაქარია 14:2, 3).
11, 12. ა) როგორ გამოეხმაურება იეჰოვა თავის ტაძარში მყოფ თაყვანისმცემლებზე თავდასხმას? ბ) როგორი იქნება ღვთის ომის შედეგი?
11 „ეს იქნება სატანჯველი, რომლითაც დასტანჯავს უფალი ყველა ხალხს, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე; ზეზეულად შემოალპებათ ხორცი, დაულპებათ თვალები ფოსოებში და ენა დაულპებათ პირში. იმ დღეს იქნება, რომ დიდი აღრეულობა ჩამოვარდება მათ შორის უფლისაგან: ხელს ჩასჭიდებენ ერთიმეორეს და ერთის ხელი მეორის ხელის წინააღმდეგ აღიმართება“ (ზაქარია 14:12, 13).
12 ეს სასჯელი სიმბოლურია თუ პირდაპირი აღწერილობა, მოვიცადოთ და ვნახავთ. მაგრამ ერთი რამ ნათელია. იმ დროს, როცა ღვთის მტრები დაიწყებენ მოქმედებას, რომ გლობალური შეტევა მიიტანონ იეჰოვას მსახურებზე, ისინი შეჩერდებიან ღვთის ყოვლისშემძლე ძალის შემზარავი გამოვლენის ხილვით. ბაგეები დაუდუმდებათ. და იქნება ისე, თითქოს, მათ მოწინააღმდეგე ენები გაეხრწნათ. მათი ერთობლივი მიზანი მათვე დაუბნელებს მხედველობას, ისე, თითქოს, თვალებიც გაეხრწნათ. მათი ფიზიკური ძალები, რისი იმედითაც სურთ შებრძოლება, გამოიფიტება. მათ აერევათ გონება, მიუბრუნდებიან ერთიმეორეს და ამოხოცავენ. ამგვარად ამოწყდებიან ღვთის თაყვანისმცემლობის მიწიერი მტრები. ასე რომ, ყოველი ერი იძულებული იქნება აღიაროს იეჰოვას უზენაესი მმართველობა. შესრულდება წინასწარმეტყველება: „იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე“ (ზაქარია 14:9). შემდეგ, ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დაწყებისას, სატანა და მისი დემონები შებოჭილი იქნებიან და ქრისტეს მეფობას მოჰყვება უხვი და დიდებული კურთხევა ადამიანებისთვის (გამოცხადება 20:1, 2; 21:3, 4).
აღდგომა დედამიწაზე
13. ვინ არიან ისინი, რომლებიც ‘დატოვებულ იქნენ’?
13 ზაქარიას წინასწარმეტყველების მე-14 თავის მე-16 მუხლში გრძელდება: „მოხდება ისე, რომ ვინც კი გადარჩება [იქნა დატოვებული, აქ] იმ ხალხებიდან, იერუსალიმს რომ ესხმოდნენ თავს, წლიდან წლამდე ივლიან მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ“. ბიბლიის თანახმად, დღეს მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ამ ბოროტი სისტემის აღსასრულამდე იცხოვრებენ და რომლებიც განაჩენის თანახმად, კვლავაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მტრებს წარმოადგენენ, სასჯელად მიიზღავენ „მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან“ (2 თესალონიკელთა 1:7–9; იხილე აგრეთვე მათე 25:31–33, 46). მათ არ ელით აღდგომა. როგორც ჩანს, რომლებიც ‘დატოვებულ იქნენ’, არიან ის ადამიანები, რომლებიც მოკვდნენ ღვთის საბოლოო ბრძოლამდე და რომლებისთვისაც არსებობს ბიბლიაზე დაფუძნებული აღდგომის იმედი. „მოდის ჟამი, — თქვა იესომ, — როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი — სამსჯავროს აღდგომისთვის“ (იოანე 5:28, 29).
14. ა) რა უნდა გააკეთონ მკვდრეთით აღდგენილებმა, რომ მიიღონ მარადიული სიცოცხლე? ბ) რა დაემართება მას, ვინც უარყოფს, რომ თავი მიუძღვნას იეჰოვას და იყოს ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი?
14 ყველა, ვინც მკვდრეთით აღდგება, უნდა შეეცადოს ისე მოიქცეს, რომ მისი აღდგომა სასიცოცხლოდ იქცეს და არა განსასჯელად. ისინი უნდა მივიდნენ იეჰოვას ტაძრის მიწიერ ეზოებში და ქედმოხრილი მიეძღვნან ღმერთს იესო ქრისტეს მეშვეობით. ნებისმიერი მკვდრეთით აღმდგარი, რომელიც უარყოფს, შეასრულოს ღვთის ნება, ისევე იქნება დატანჯული, როგორც ახლანდელი ერები (ზაქარია 14:18). ვინ იცის, აღდგომის შემდეგ რამდენი პიროვნება შეუერთდება სიხარულით უამრავ ხალხს სიმბოლური კარვობის დღესასწაულის აღნიშვნისას? უეჭველია, მათი რიცხვი უთვალავი იქნება და შედეგად იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი უფრო და უფრო დიდებული გახდება!
კარვობის სიმბოლური დღესასწაული
15. ა) რომელია ძველი ისრაელის კარვობის დღესასწაულის ზოგიერთი შესანიშნავი თავისებურება? ბ) რატომ სწირავდნენ 70 ხბოს დღესასწაულის განმავლობაში?
15 ძველ ისრაელს ყოველწლიურად მოეთხოვებოდა კარვობის დღესასწაულის აღნიშვნა. ეს დღესასწაული გრძელდებოდა მთელი კვირა და სრულდებოდა მომკილის შეგროვებით. ეს იყო სამადლობელი, სიხარულით აღსავსე დღესასწაული. მთელი კვირის განმავლობაში ისინი დროებით კარვებში ცხოვრობდნენ, რომლებიც გადახურული იყო ხეების ფოთლებით, განსაკუთრებით კი, პალმის ტოტებით. ეს დღესასწაული ისრაელებს შეახსენებდა, თუ როგორ იხსნა ღმერთმა მათი მამა-პაპა ეგვიპტის მონობისგან და როგორ ზრუნავდა მათზე, როდესაც ისინი 40 წლიანი ხეტიალის დროს ცხოვრობდნენ კარვებში, უდაბნოში, სანამ აღთქმულ მიწას მიაღწევდნენ (ლევიანნი 23:39–43). დღესასწაულის განმავლობაში ტაძრის სამსხვერპლოზე სწირავდნენ 70 ხბოს. როგორც ფაქტები ცხადყოფს, დღესასწაული წინასწარმეტყველურად მიუთითებდა სრულყოფილ და უნაკლო, სიცოცხლის მხსნელ ღონისძიებაზე, რომელიც იესო ქრისტემ შეასრულა. მრავალი პიროვნებისთვის, შესაძლოა, უთვალავი მცხოვრებისთვის, რომლებიც ნოეს 70 ოჯახის შთამომავლები არიან, იესოს მიერ გაღებული გამომსყიდველური მსხვერპლი კურთხევის მომტანი იქნეს (დაბადება 10:1–29; რიცხვნი 29:12–34; მათე 20:28).
16, 17. ა) როდის იწყებოდა, ხოლმე, სიმბოლური კარვობის დღესასწაული და როგორ ტარდებოდა? ბ) როგორ მონაწილეობს უამრავი ხალხი დღესასწაულში?
16 ამგვარად, ძველი კარვობის დღესასწაული მიუთითებდა ცოდვისგან გამოსყიდული ადამიანების სიხარულით აღსავსე შეკრებაზე იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარში. ამ დღესასწაულის შესრულება დაიწყო ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღესასწაულისას, როდესაც დაიწყო სულიერი ისრაელების სიხარულით აღსავსე ქრისტიანული შეკრება (საქმე 2:41, 46, 47). ეს სულითცხებულები აფასებდნენ, რომ სატანის წუთისოფელში მხოლოდ ‘დროებითი მცხოვრებლები’ იყვნენ და მათი ნამდვილი ‘მოქალაქეობა არის ზეცაში’ (1 პეტრე 2:11, აქ; ფილიპელთა 3:20). ეს სასიხარულო დღესასწაული დროებით დაჩრდილა განდგომილებამ, რომელმაც წარმოშვა ქრისტიანული სამყარო (2 თესალონიკელთა 2:1–3). მაგრამ დღესასწაული გაგრძელდა 1919 წელს, 144 000 სულიერი ისრაელის დარჩენილი წევრების სასიხარულო შეკრებით, რომლებსაც შემდეგ შეუერთდა გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული ყოველი ერის წარმომადგენელი უამრავი ხალხი.
17 უამრავი ხალხის წარმოსახვა პალმის ტოტებით ხელში ცხადყოფს, რომ ისინიც სიხარულით ზეიმობენ სიმბოლური კარვობის დღესასწაულს. როგორც მიძღვნილი ქრისტიანები, ისინი სიხარულით მონაწილეობენ ტაძარში იეჰოვას თაყვანისმცემელთა შეკრების საქმეში. გარდა ამისა, მათ კარგად ესმით, რომ როგორც ცოდვილებს, არა აქვთ მარადიული ცხოვრების უფლება დედამიწაზე. მათ მომავალში მკვდრეთით აღდგენილებთან ერთად უნდა შეინარჩუნონ რწმენა იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ, სანამ ადამიანურ სრულყოფილებას მიაღწევენ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლოს (გამოცხადება 20:5).
18. ა) რა მოხდება ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლოს? ბ) როგორი იქნება იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობის საბოლოო ტრიუმფი?
18 შემდეგ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები დედამიწაზე იდგებიან ღვთის წინაშე ადამიანური სრულყოფილებით და მათთვის საჭირო აღარ იქნება ზეციერი სამღვდელოება. დადგება დრო, როდესაც იესო ქრისტე „მეფობას გადასცემს უფალსა და მამას“ (1 კორინთელთა 15:24). სატანა „მცირე ხნით“ გათავისუფლდება, რომ გამოსცადოს სრულყოფილი კაცობრიობა. ყოველი, ვინც არ აღმოჩნდება ერთგული, მარადიულად განადგურდება სატანასა და მის დემონებთან ერთად. ხოლო რომლებიც ერთგულები დარჩებიან, დაჯილდოვდებიან მარადიული სიცოცხლით. ისინი იქნებიან მიწიერი სამოთხის მარადიული მაცხოვრებლები. ამგვარი იქნება სიმბოლური კარვობის დღესასწაულის დიდებული და წარმატებული დასასრული. იქნება იეჰოვასადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მარადიული დიდებისა და ადამიანების მარადიული ბედნიერების ტრიუმფი (გამოცხადება 20:3, 7–10, 14, 15).
-