საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან“
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აგვისტო
    • „თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან“

      „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).

      1, 2. ა) თქვენი აზრით, რაზე აქვს ხალხს დღეს მთელი ყურადღება გადატანილი? ბ) რა გავლენა შეიძლება იქონიოს ასეთმა აზროვნებამ ჩვენზე?

      ფული, ქონება, პრესტიჟი, მაღალანაზღაურებადი სამსახური და ოჯახი ბევრისთვის წარმატებისა და უსაფრთხოების საწინდარია. აშკარაა, რომ მდიდარ თუ ღარიბ ქვეყნებში მრავალს მთელი ყურადღება იმაზე აქვს გადატანილი, როგორ დააგროვოს სიმდიდრე და როგორ მიაღწიოს წარმატებას; სულიერისადმი ინტერესი კი — თუ ის საერთოდ აქვთ ადამიანებს — ძალიან სწრაფად იკარგება.

      2 სწორედ ეს არის ნაწინასწარმეტყველები ბიბლიაში. მასში ნათქვამია: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, . . უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“ (2 ტიმოთე 3:1—5). ასეთი აზროვნებისა და ცხოვრების წესის მქონე ხალხს შორის მცხოვრები ჭეშმარიტი ქრისტიანები გამუდმებით განიცდიან ზეწოლას. რა დაგვეხმარება იმაში, რომ ქვეყნიერებამ თავის ‘ყალიბში არ მოგვაქციოს’? (რომაელები 12:2, „ახალი აღთქმა თანამედროვე ინგლისურ ენაზე“).

      3. იესოს რომელ რჩევას განვიხილავთ ახლა?

      3 იესო ქრისტე, „ჩვენი რწმენის მეთაური და გამასრულყოფილებელი“, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის (ებრაელები 12:2). ერთხელ, როდესაც იესო ხალხს სულიერ საკითხებზე ესაუბრებოდა, ერთმა კაცმა საუბარი გააწყვეტინა და სთხოვა: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, მემკვიდრეობა გამიყოს“. პასუხად იესომ ამ კაცსა და ყველა მსმენელს სერიოზული რჩევა მისცა. მან სიხარბის შესახებ მკაცრად გააფრთხილა ისინი და დამაფიქრებელი თვალსაჩინო მაგალითიც მოუყვანა. ჩვენც ყურად უნდა ვიღოთ იესოს სიტყვები და დავფიქრდეთ, პირადად როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება (ლუკა 12:13—21).

      უადგილო თხოვნა

      4. რატომ იყო უადგილო ის, რომ ამ კაცმა იესოს საუბარი გააწყვეტინა?

      4 სანამ ის კაცი საუბარს გააწყვეტინებდა, იესო თავის მოწაფეებსა და სხვებს ეუბნებოდა, მორიდებოდნენ თვალთმაქცობას, გაბედულად ეღიარებინათ კაცის ძესთან ერთობა, და ამავე დროს არწმუნებდა, რომ მიიღებდნენ წმინდა სულის დახმარებას (ლუკა 12:1—12). ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხები იყო, რაზეც მოწაფეები სერიოზულად უნდა დაფიქრებულიყვნენ. ასეთ დამაფიქრებელ თემაზე საუბრისას ეს კაცი მოულოდნელად ერთვება და ქონების გაყოფით გამოწვეული ოჯახური უთანხმოების მოგვარებას სთხოვს იესოს. ამ შემთხვევიდან მნიშვნელოვანი რამის სწავლა შეგვიძლია.

      5. რა ცხადყო ამ კაცის მიერ დასმულმა კითხვამ?

      5 ერთ-ერთ რელიგიურ ნაშრომში ნათქვამია, რომ „ადამიანის მისწრაფება ხშირად იქიდან ჩანს, თუ რაზე ფიქრობს ის რელიგიური თემების მოსმენისას“. მაშინ, როდესაც იესო სერიოზულ სულიერ საკითხებზე ლაპარაკობდა, ეს კაცი, ალბათ, იმაზე ფიქრობდა, როგორ შეძლებდა ქონების მიღებას. ბიბლიაში ნათქვამი არ არის, ჰქონდა თუ არა ამ კაცს ჩივილის საფუძვლიანი მიზეზი. შეიძლება ის ცდილობდა, გამოეყენებინა იესოს ავტორიტეტი, რამდენადაც ის ყოველთვის სამართლიანად განსჯიდა ხალხს (ესაია 11:3, 4; მათე 22:16). ასე იყო თუ ისე, ამ კაცის დასმული კითხვა ცხადყოფდა, რომ მისი გულის მდგომარეობა არ იყო კარგი — ის არ აფასებდა სულიერს. განა არ გვაძლევს ეს იმის საფუძვლიან მიზეზს, რომ გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი?! მაგალითად, ქრისტიანული კრების შეხვედრებზე ადვილი შესაძლებელია, გონება გაგვეფანტოს ან იმაზე ვიფიქროთ, რაც მოგვიანებით გვაქვს გასაკეთებელი. მაგრამ ამ დროს ყურადღებით უნდა ვუსმინოთ პროგრამას და ვიფიქროთ, თუ როგორ გამოვიყენოთ მოსმენილი ცხოვრებაში, რათა ზეციერ მამასთან, იეჰოვა ღმერთთან, და თანაქრისტიანებთან უკეთესი ურთიერთობა გვქონდეს (ფსალმუნი 22:22; მარკოზი 4:24).

      6. რატომ არ დააკმაყოფილა იესომ ამ კაცის თხოვნა?

      6 რა მოტივიც უნდა ჰქონოდა ამ კაცს, იესომ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. ნაცვლად ამისა, მას უთხრა: „ადამიანო, ვინ დამნიშნა თქვენს მოსამართლედ ანდა გამნაწილებლად?“ (ლუკა 12:14). ამ სიტყვებით იესომ ყველასთვის კარგად ცნობილ ფაქტზე მიუთითა, კერძოდ იმაზე, რომ მოსეს კანონის თანახმად, ასეთი საკითხების მოსაგვარებლად ქალაქებში მოსამართლეები იყვნენ დანიშნული (კანონი 16:18—20; 21:15—17; რუთი 4:1, 2). მეორე მხრივ, იესოს ბევრად მნიშვნელოვანი რამ აფიქრებდა — სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების ქადაგება და ხალხისთვის ღვთის ნების სწავლება (იოანე 18:37). ნაცვლად იმისა, რომ ყოველდღიურმა საზრუნავმა ყურადღება ნაკლებად მნიშვნელოვანზე გადაგვატანინოს, საჭიროა, მივყვეთ იესოს მაგალითს, და ჩვენი დრო და ენერგია სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და ‘ყველა ერიდან ხალხის მოწაფეებად მომზადებას’ მოვახმაროთ (მათე 24:14; 28:19).

      ერიდეთ სიხარბეს

      7. რა სერიოზული რამ დაინახა იესომ ამ კაცში?

      7 იესომ, რომელსაც შეეძლო გულის ზრახვების ამოცნობა, მამაკაცის თხოვნის მიღმა უფრო სერიოზული რამ დაინახა. ამიტომ მისი თხოვნის უბრალოდ იგნორირების ნაცვლად, იესო შეეხო იმ მიზეზს, რამაც ეს კაცი აღძრა, თხოვნით მიემართა მისთვის, და თქვა: „იფხიზლეთ და თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).

      8. რა არის სიხარბე და სადამდე მიჰყავს მას ადამიანი?

      8 სიხარბე არ არის, უბრალოდ, იმის სურვილი, რომ გქონდეს ფული და გარკვეული ნივთები, რომლებიც გჭირდება. ის არის სიმდიდრის დაგროვების ან სხვისი ქონების დაუფლების დაუცხრომელი სურვილი. სიხარბე მას ახასიათებს, ვინც ყოველთვის მეტის მოხვეჭას ცდილობს და არასდროს კმაყოფილდება; სიხარბე არის შედეგებზე დაუფიქრებლად რაღაცის ქონის დაუოკებელი სურვილი, თუნდაც ეს რაღაც თავად სულ არ სჭირდებოდეს ან სხვას ეკუთვნოდეს. ხარბი ადამიანი იმდენად არის შეპყრობილი რაღაცის დაუფლების სურვილით, რომ ეს რაღაც მას, ფაქტობრივად, ღმერთად ექცევა. გაიხსენეთ, რომ მოციქული პავლე ხარბ ადამიანს აიგივებს კერპთაყვანისმცემელთან, რომელიც ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს (ეფესოელები 5:5; კოლოსელები 3:5).

      9. რა და რა სახით შეიძლება გამოვლინდეს სიხარბე? მოიყვანეთ მაგალითები.

      9 აღსანიშნავია, რომ იესო ხალხს აფრთხილებდა, თავი დაეცვათ „ყველანაირი სიხარბისგან“. არსებობს სხვადასხვაგვარი სიხარბე. მეათე მცნებაში რამდენიმე მათგანია მოხსენიებული: „არ ისურვო შენი მოძმის სახლი, არ ისურვო შენი მოძმის ცოლი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი ვირი და არაფერი, რაც შენი მოძმისაა“ (გამოსვლა 20:17). ბიბლიაში არაერთი ადამიანია მოხსენიებული, რომლებმაც სიხარბის ამა თუ იმ სახით გამოვლენის შედეგად სერიოზული ცოდვა ჩაიდინეს. პირველად სატანამ მოინდომა იმის მითვისება, რაც სხვას ეკუთვნოდა — იმ დიდების, პატივისა და ძალაუფლების მითვისება, რაც მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნოდა (გამოცხადება 4:11). ევამ მიითვისა უფლება, თავად განესაზღვრა, რა იყო სიკეთე და ბოროტება, რითაც დაჰყვა ცდუნებას და ამით ადამიანები ცოდვამდე და სიკვდილამდე მიიყვანა (დაბადება 3:4—7). დემონები ის ანგელოზები იყვნენ, რომლებიც არ დაკმაყოფილდნენ ‘თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობით და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო’, რათა ისეთი რამ გაეკეთებინათ, რისი უფლებაც არ ჰქონდათ (იუდა 6; დაბადება 6:2). დაფიქრდით აგრეთვე ბალაამსა და აქანზე, გეხაზსა და იუდაზე. ნაცვლად იმისა, რომ კმაყოფილი ყოფილიყვნენ იმით, რაც ჰქონდათ, ქონების დაგროვების დაუცხრომელმა სურვილმა ეს ადამიანები აღძრა, ბოროტად გამოეყენებინათ თავიანთი მდგომარეობა; ამან კი მათ უბედურება დაატეხა თავს.

      10. იესოს გაფრთხილების თანახმად, როგორ უნდა ვიფხიზლოთ?

      10 მართლაც მართებულია, რომ სიხარბის შესახებ გაფრთხილებას იესო ასეთი სიტყვებით იწყებს: „იფხიზლეთ“! რატომ? ადამიანები ადვილად ამჩნევენ სხვებში ამ თვისებას, მაგრამ თავად იშვიათად აღიარებენ, რომ ხარბები არიან. პავლე მოციქული საფუძვლიანად აღნიშნავს: „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“ (1 ტიმოთე 6:9, 10). მოწაფე იაკობი კი ამბობს, რომ არასწორი სურვილი, „როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას“ (იაკობი 1:15). იესოს გაფრთხილების თანახმად, უნდა ვიფხიზლოთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს თვისება სხვებში დავინახოთ, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავი გამოვიკვლიოთ და დავინახოთ, რა ხდება ჩვენს გულში, რათა თავი დავიცვათ „ყველანაირი სიხარბისგან“.

      ქონების სიუხვე

      11, 12. ა) სიხარბესთან დაკავშირებით რა გაფრთხილება მოგვცა იესომ? ბ) რატომ უნდა ვიღოთ ყურად იესოს გაფრთხილება?

      11 არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც თავი უნდა დავიცვათ სიხარბისგან. ყურადღება მიაქციეთ, როგორ განაგრძობს იესო საუბარს: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). ამაზე ღირს სერიოზულად დაფიქრება ჩვენს დროში, როდესაც ხალხი ქონებას დიდ ყურადღებას აქცევს და მას ბედნიერებისა და წარმატების საწინდრად მიიჩნევს. იესოს სიტყვების თანახმად, ნამდვილად აზრიანი და კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება იმაზე არ არის დამოკიდებული, თუ რა ქონების პატრონია ადამიანი.

      12 მაგრამ ზოგიერთმა შეიძლება ეს აზრი არ გაიზიაროს. ისინი შეიძლება ამბობდნენ, რომ მდიდარი უფრო კომფორტულად და ლაღად ცხოვრობს, რაც მის ცხოვრებას უფრო ღირებულს ხდის. ამიტომ ისინი დღე და ღამე მუშაობენ, რათა შეიძინონ ქონება, მათ შორის, უახლესი ელექტროტექნიკა. მათი აზრით, ამას მოაქვს კარგი ცხოვრება. მაგრამ ვინც ამგვარად აზროვნებს, ვერ სწვდება იესოს სიტყვების არსს.

      13. როგორია სიცოცხლესა და ქონებასთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი?

      13 იესო იმაზე კი არ ამახვილებდა ყურადღებას, სიმდიდრე კარგია თუ ცუდი, არამედ იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლე „მის ქონებაზე“ არ არის დამოკიდებული. ყველამ ვიცით, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად ადამიანს ბევრი რამ არ სჭირდება. მას ესაჭიროება ცოტაოდენი საკვები, სხეულის შესამოსი და თავის დასადები ადგილი. მდიდრებს ეს ყველაფერი თავზე საყრელად აქვთ, ღარიბებს კი აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დღე-ღამის გასწორება უწევთ. ეს განსხვავება მხოლოდ მაშინ ქრება, როცა კაცი კვდება და ყველაფერი მთავრდება (ეკლესიასტე 9:5, 6). ამგვარად, ადამიანის სიცოცხლეს აზრიანსა და ღირებულს ვერ გახდის ვერანაირი ნივთი, რისი შეძენაც შესაძლებელია, და არც უნდა გახადოს. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში მაშინ დავრწმუნდებით, როდესაც გამოვიკვლევთ, როგორ სიცოცხლეზე ლაპარაკობდა იესო.

      14. რას ვიგებთ ბიბლიაში „სიცოცხლედ“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვის მნიშვნელობიდან?

      14 როდესაც იესომ თქვა, რომ ადამიანის „სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“, ლუკას სახარებაში „სიცოცხლედ“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „ზოე“ ცხოვრების წესს კი არ გულისხმობს, არამედ თავად სიცოცხლეს, ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებითa. ფაქტობრივად, იესომ თქვა, რომ მდიდრები ვართ თუ ღარიბები, ფუფუნებაში ვცხოვრობთ თუ თვიდან თვემდე ძლივს გაგვაქვს თავი, ჩვენზე დიდად არ არის დამოკიდებული, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ ან ვიქნებით თუ არა ხვალ ცოცხალი. მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს?“ (მათე 6:27). ბიბლია ცხადყოფს, რომ მხოლოდ იეჰოვაა „სიცოცხლის წყარო“ და მხოლოდ მას შეუძლია თავის ერთგულებს „ჭეშმარიტი სიცოცხლე“ ანუ „მარადიული სიცოცხლე“ მისცეს, იქნება ეს ზეცაში თუ დედამიწაზე (ფსალმუნი 36:9; 1 ტიმოთე 6:12, 19).

      15. რატომ არის მრავალი ქონებაზე დაიმედებული?

      15 იესოს სიტყვები იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად ადვილად შეიძლება, კაცს სიცოცხლეზე დამახინჯებული თვალსაზრისი განუვითარდეს. მდიდარი თუ ღარიბი ყველა არასრულყოფილია, და ყველას ერთი ბოლო აქვს. ძველად მცხოვრებმა მოსემ თქვა: „ჩვენი დღეების ხანგრძლივობა სამოცდაათი წელია; განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცი წელი, მაგრამ ისინი გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე; სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ“ (ფსალმუნი 90:10; იობი 14:1, 2; 1 პეტრე 1:24). ამიტომ ისინი, ვისაც ღმერთთან ახლო ურთიერთობა არა აქვთ, ხშირად ივითარებენ მათ აზროვნებას, ვინც პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად ამბობს: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორინთელები 15:32). სხვები ფიქრობენ, რომ სიცოცხლე წუთიერი და მოულოდნელობებით სავსეა; ამიტომ ცდილობენ დააგროვონ ქონება და ამით უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება და სტაბილური ცხოვრება. შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ თუ ბევრ ისეთ რამეს ფლობენ, რაც მატერიალურია, ეს გარკვეულწილად უსაფრთხოს გახდის მათ ცხოვრებას. ამგვარად, ისინი დღე-ღამეს ასწორებენ იმისათვის, რომ ქონება დააგროვონ, რადგან ჰგონიათ, რომ ეს უსაფრთხოებასა და ბედნიერებას მოუტანთ (ფსალმუნი 49:6, 11, 12).

      უსაფრთხო მომავალი

      16. რა არ ხდის სიცოცხლეს ჭეშმარიტად ღირებულს?

      16 ცხოვრების მაღალი დონე — მაგალითად, საკვების სიუხვე, კარგი ტანსაცმელი, სახლი თუ ფუფუნების საგნები — საშუალებას აძლევს ადამიანს კომფორტულად იცხოვროს ან უკეთესი სამედიცინო დახმარებით ისარგებლოს და, ამგვარად, სიცოცხლე რამდენიმე წლით გაიხანგრძლივოს. მაგრამ არის ასეთი ცხოვრება უფრო აზრიანი და უსაფრთხო? სიცოცხლეს ჭეშმარიტად ღირებულს ის არ ხდის, თუ რამდენ ხანს ცოცხლობს ადამიანი ან რა ქონების პატრონია. მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ საშიშია მასზე დაიმედება. მან ტიმოთეს მისწერა: „მიუთითე ახლანდელ ქვეყნიერებაში მცხოვრებ მდიდრებს, რომ ქედმაღლები არ იყვნენ და იმედი არასაიმედო სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე დაამყარონ, რომელიც ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს“ (1 ტიმოთე 6:17).

      17, 18. ა) ქონებასთან დაკავშირებით ვინ დაგვიტოვა მისაბაძი მაგალითი? ბ) იესოს რომელ იგავს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      17 არაგონივრულია სიმდიდრეზე დაიმედება, რადგან ის არასაიმედოა. პატრიარქი იობი ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ სიმდიდრემ ვერ იხსნა იგი მოულოდნელად თავს დატეხილი უბედურებისგან; მან ყველაფერი თვალის დახამხამებაში დაკარგა. მას მხოლოდ ღმერთთან ახლო ურთიერთობამ აატანინა ეს უბედურება (იობი 1:1, 3, 20—22). აბრაამისთვის ქონების სიუხვეს ხელი არ შეუშლია იეჰოვასგან მიღებული რთული დავალების შესრულებაში, რის გამოც ის „მრავალი ერის მამად“ იქცა (დაბადება 12:1, 4; 17:4—6). კარგი იქნება, თუ მივბაძავთ ამ და სხვა ერთგულ მსახურებს. ახალგაზრდა ვართ თუ ხანდაზმული, საჭიროა გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი, რათა დავინახოთ, რა არის ცხოვრებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რაზე ვამყარებთ იმედს (ეფესოელები 5:10; ფილიპელები 1:10).

      18 მართლაც რომ მნიშვნელოვანი და პრაქტიკულია იესოს სიტყვები, რომლებიც სიხარბესა და ზოგადად ცხოვრების შესახებ სწორ თვალსაზრისს ეხება. მაგრამ იესოს მეტის თქმა სურდა, რის გამოც შემდეგ მან მსმენელებს დამაფიქრებელი იგავი მოუთხრო უგუნურ მდიდარზე. როგორ გვეხება ეს იგავი დღეს ჩვენ და რისი სწავლა შეგვიძლია აქედან? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.

      [სქოლიო]

      a სიცოცხლედ ნათარგმნი სხვა ბერძნული სიტყვა „ბიოს“, ისეთი სიტყვების ფუძისეული ნაწილია, როგორიცაა „ბიოგრაფია“ და „ბიოლოგია“. „ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, სიტყვა „ბიოს“ ნიშნავს, როგორც „სიცოცხლის ხანგრძლივობას“, ისე „ცხოვრების წესსა“ თუ „საარსებო საშუალებებს“.

  • ხართ ღვთის თვალში მდიდარი?
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აგვისტო
    • ხართ ღვთის თვალში მდიდარი?

      „ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი“ (ლუკა 12:21).

      1, 2. ა) რისთვის მიდიან ადამიანები დიდ მსხვერპლზე? ბ) რა სირთულეებსა და საშიშროებას შეიძლება წააწყდეს ქრისტიანი?

      განძის ძიება მხოლოდ თამაში და ბავშვებისთვის საყვარელი გართობა როდია. ის რეალობაა, რის წინაშეც არაერთგან და არაერთხელ დამდგარან ადამიანები. მაგალითად, XIX საუკუნეში ავსტრალიას, სამხრეთ აფრიკას, კანადასა და შეერთებულ შტატებს ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილი ხალხი მიაწყდა; სიმდიდრის საძიებლად ისინი მზად იყვნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლი, საყვარელი ადამიანები და შორეულ, უცხო და ზოგჯერ მტრულად განწყობილ ქვეყნებშიც კი გამგზავრებულიყვნენ. დიახ, მრავალი ოცნებად ქცეული სიმდიდრის ხელში ჩასაგდებად მზად არის, თავი დიდ საფრთხეში ჩაიგდოს და უზარმაზარ მსხვერპლზე წავიდეს.

      2 მართალია დღეს ხალხი პირდაპირი გაგებით განძს არ ეძებს, მაგრამ ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ისინი მძიმედ შრომობენ. თანამედროვე მსოფლიოში ფულის გამომუშავება რთული, დამამძიმებელი და დამქანცველია. ადამიანი ადვილად შეიძლება საკვებზე, ჩასაცმელსა და საცხოვრებელზე ზრუნვამ ისე შთანთქოს, რომ უფრო მნიშვნელოვანი რამ უგულებელყოს ან დაავიწყდეს (რომაელები 14:17). იესოს მოყვანილ იგავში ზუსტად არის აღწერილი ეს სული; იგავი ლუკას 12:16—21-ში წერია.

      3. მოკლედ მოყევით ლუკას 12:16—21-ში ჩაწერილი იგავი.

      3 იესომ ეს იგავი მაშინ მოიყვანა, როდესაც სიხარბისგან თავის დაცვის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა, რაც წინა სტატიაში განვიხილეთ. სიხარბის შესახებ გაფრთხილების შემდეგ იესო მოგვითხრობს ერთ მდიდარ კაცზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა დოვლათით სავსე ბეღლებით, დაანგრია ისინი და მეტი მოსავლის დასაბინავებლად უფრო დიდი ბეღლები ააშენა. როდესაც მან იფიქრა, რომ უკვე შეეძლო დაესვენა და ცხოვრებით გაეხარა, სწორედ მაშინ უთხრა ღმერთმა, რომ მოკვდებოდა და მთელი მისი ქონება სხვას დარჩებოდა. ბოლოს იესომ თქვა: „ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი“ (ლუკა 12:21). რისი სწავლა შეგვიძლია ამ იგავიდან? როგორ გამოვიყენებდით ნასწავლს პირად ცხოვრებაში?

      რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი კაცი

      4. როგორ შეიძლებოდა დაგვეხასიათებინა იესოს იგავში მოხსენიებული მდიდარი კაცი?

      4 ეს იგავი ბევრისთვის არის ცნობილი. იესომ იგავი ასე დაიწყო: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა“. იესოს არ უთქვამს, რომ ამ კაცმა სიმდიდრე არაპატიოსანი ან არაკანონიერი გზით შეიძინა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ცუდი კაცი არ ყოფილა. იესოს სიტყვების საფუძველზე, გონივრულია, ვიფიქროთ, რომ იგავში მოხსენიებული კაცი მუყაითი მშრომელი იყო. სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ, ეს კაცი მომავლისთვის, შესაძლოა, თავისი ცოლ-შვილის კეთილდღეობისთვის, იღვწოდა. ამგვარად, ქვეყნიერებაში მიღებული თვალსაზრისიდან გამომდინარე, ეს კაცი შეიძლება გამრჯე, თავისი მოვალეობის პირნათლად შემსრულებელ კაცად ჩაითვალოს.

      5. რა მდგომარეობაში აღმოჩნდა იესოს იგავში მოხსენიებული მდიდარი კაცი?

      5 იესომ იგავში ეს კაცი მდიდარ კაცად მოიხსენია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას უკვე დიდი ქონება ჰქონდა დაგროვილი. მაგრამ, როგორც იესომ აღნიშნა, მდიდარი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმაზე მეტი მოსავალი მოუვიდა, ვიდრე ელოდა, და იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე სჭირდებოდა და შესანახი ადგილი ჰქონდა. რა უნდა გაეკეთებინა მას?

      6. რა არჩევნის წინაშე დგას დღეს ბევრი ღვთის მსახური?

      6 დღეს მრავალი იეჰოვას მოწმე მსგავს მდგომაროებაში ვარდება. ჭეშმარიტი ქრისტიანები ცდილობენ, იყვნენ პატიოსანი, მუყაითი და კეთილსინდისიერი მშრომელები (კოლოსელები 3:22, 23). სხვასთან მუშაობენ თუ საკუთარ ბიზნესს უძღვებიან, ისინი ხშირად წარმატებებს აღწევენ და საქმეს საუკეთესოდაც კი ეუფლებიან. ქრისტიანებს გადაწყვეტილების მიღება უწევთ, როდესაც დაწინაურებას ან სარფიან წინადადებას სთავაზობენ. უნდა დათანხმდნენ ისინი შეთავაზებულ წინადადებაზე ან უნდა გამოიყენონ მეტი ფულის გამომუშავების შანსი? ბევრი იეჰოვას მოწმე წარჩინებული მოსწავლეა სკოლაში, რომლებსაც შეიძლება შესთავაზონ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ღირებულების გადახდა. უნდა მიჰბაძონ უმრავლესობას და უნდა მიიღონ ასეთი წინადადება?

      7. როგორ გაართვა თავი რთულ მდგომარეობას იესოს იგავში მოხსენიებულმა მდიდარმა კაცმა?

      7 დავუბრუნდეთ იესოს იგავს და ვნახოთ, რა გააკეთა მდიდარმა კაცმა, როდესაც იმდენი მოსავალი მოუვიდა, რომ მისი დაბინავება ვეღარ შეძლო. მან გადაწყვიტა, დაენგრია ბეღლები და უფრო დიდები აეშენებინა, რათა მთელი თავისი ხორბალი და დოვლათი დაებინავებინა. როგორც ჩანს, ამან მას თავი უსაფრთხოდ აგრძნობინა, კმაყოფილება მიანიჭა და გულში თქვა: „ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი დოვლათი გაქვს დაგროვებული, მრავალი წლის სამყოფი, დაისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე“ (ლუკა 12:19).

      რატომ ეწოდა „უგუნური“?

      8. რა გამორჩა მხედველობიდან იესოს იგავში მოხსენიებულ მდიდარ კაცს?

      8 მაგრამ, როგორც იესომ აღნიშნა, უსაფრთხოების გრძნობა, რასაც მდიდარი კაცი ესწრაფოდა, მხოლოდ მოჩვენებითი იყო. რამდენად პრაქტიკულიც უნდა ჩანდეს ამ კაცის გეგმები, მას ერთი მნიშვნელოვანი რამ — ღვთის ნება — გამორჩა მხედველობიდან. ეს კაცი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა — როგორ დაესვენა, ეჭამა, ესვა და ემხიარულა. მისი აზრით, თუ მას „ბევრი დოვლათი“ ექნებოდა, „მრავალ წელსაც“ იცოცხლებდა. მაგრამ მისდა სამწუხაროდ, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. როგორც მანამდე აღნიშნა იესომ, „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). იმ ღამეს მოულოდნელად მდიდარს მთელი თავისი ჯაფა წყალში ჩაეყარა, რადგან ღმერთმა უთხრა: „უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და ვიღას დარჩება, რაც მოაგროვე?“ (ლუკა 12:20).

      9. რატომ ეწოდა იგავში მოხსენიებულ კაცს უგუნური?

      9 ახლა ყურადღებას გავამახვილებთ იესოს იგავის მთავარ ნაწილზე. ღმერთმა ამ კაცს უგუნური უწოდა. ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად, უგუნურად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „ყოველთვის წვდომის უნარის ნაკლებობაზე მიუთითებს“ (Exegetical Dictionary of the New Testament). როგორც ლექსიკონშია ნათქვამი, იგავში ღმერთი ნათელყოფს, რომ „მდიდრების სამომავლო გეგმები ფუჭია“. ეს სიტყვა იმაზე კი არ მიუთითებს, რომ ადამიანს ცოდნა არ აქვს, არამედ იმაზე, რომ „ადამიანი არ აღიარებს ღმერთზე დამოკიდებულებას“. იესოს მიერ მდიდარი კაცის აღწერისას გვახსენდება ის, რაც მან მოგვიანებით უთხრა ლაოდიკეაში (მცირე აზიაში) მცხოვრებ პირველი საუკუნის ქრისტიანებს: „ამბობ, მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მჭირდებაო, ის კი არ იცი, რომ საწყალი, საცოდავი, ღარიბი, ბრმა და შიშველი ხარ“ (გამოცხადება 3:17).

      10. რატომ არ არის „ბევრი დოვლათი“ იმის გარანტია, რომ ადამიანი „მრავალ წელს“ იცოცხლებს?

      10 კარგია, თუ დავფიქრდებით ამ იგავზე. ჩვენც ამ კაცს ხომ არ ვგავართ — თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისათვის, რომ „ბევრი დოვლათი“ დავაგროვოთ, მაგრამ არ ვაკეთებთ იმ აუცილებელს, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, „მრავალ წელს“ გვეცოცხლა? (იოანე 3:16; 17:3). ბიბლიაში ნათქვამია: „ძვირფასეულობა ფუჭი იქნება რისხვის დღეს“ და „თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა“ (იგავები 11:4, 28). ამიტომ იესო ასეთი გამაფრთხილებელი სიტყვებით ამთავრებს იგავს: „ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი“ (ლუკა 12:21).

      11. რატომ არის ამაო ქონებაზე დაიმედება და უსაფრთხოების საწინდრად მისი მიჩნევა?

      11 იესოს სიტყვებით „ასე ემართება“, იმის თქმა სურდა, რომ, რაც მდიდარ კაცს დაემართა, იგივე დაემართება ყველას, ვინც მხოლოდ ქონებაზეა დაიმედებული და მას მიიჩნევს უსაფრთხოების საწინდრად. არასწორი ის კი არ არის, რომ ვინმე „თავისთვის აგროვებს“, არამედ ის, რომ „ღვთის თვალში არ არის მდიდარი“. მოწაფე იაკობიც მსგავსად გვაფრთხილებს: „ახლა თქვენ მისმინეთ, ვინც ამბობთ, დღეს ან ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთი წელი დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოგებას ვნახავთო. ის კი არ იცით, რას მოგიტანთ ხვალინდელი დღე“. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი? იაკობი განაგრძობს: „პირიქით, უნდა ამბობდეთ, თუ იეჰოვა ინებებს და ვიცოცხლებთ, ან ამას გავაკეთებთ, ან იმასო“ (იაკობი 4:13—15). მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა ქონების პატრონია ადამიანი, ყველაფერი ამაოა, თუ ღვთის თვალში არ არის მდიდარი. რას ნიშნავს, ვიყოთ ღვთის თვალში მდიდარი?

      ღვთის თვალში მდიდარი

      12. როგორ გავმდიდრდებით ღვთის თვალში?

      12 იესოს ნათქვამის თანახმად, ღვთის თვალში გამდიდრება „თავისთვის განძის დაგროვების“ საპირისპიროა. ამგვარად, იესომ თქვა, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი სიმდიდრის დაგროვება არ უნდა იყოს, და განსაკუთრებულ კმაყოფილებას არც ქონება უნდა გვანიჭებდეს. ნაცვლად ამისა, მთელი ჩვენი შესაძლებლობები იეჰოვასთან ურთიერთობის განსამტკიცებლად უნდა გამოვიყენოთ. ამგვარად უეჭველად გავმდიდრდებით ღვთის თვალში. რატომ უნდა გავმდიდრდეთ ღვთის თვალში? იმიტომ, რომ ამას ბევრი კურთხევა მოაქვს. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“ (იგავები 10:22).

      13. როგორ „ამდიდრებს კაცს“ იეჰოვას კურთხევა?

      13 როდესაც იეჰოვა აკურთხებს თავის ხალხს, ის ყოველთვის საუკეთესოს აძლევს მათ (იაკობი 1:17). მაგალითად, როცა იეჰოვამ ისრაელებს აღთქმული ქვეყანა მისცა, იქ „რძე და თაფლი“ მოედინებოდა. მართალია, ეგვიპტის მიწაც ასევეა აღწერილი, მაგრამ ისრაელებისთვის იეჰოვას მიერ მიცემული მიწა, სულ მცირე, ერთი მნიშვნელოვანი რამით განსხვავდებოდა. ისრაელებისთვის მოსეს მიერ ნათქვამი სიტყვების თანახმად, ის იყო „მიწა, რომელზეც იეჰოვა . . . ღმერთი“ ზრუნავდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისრაელებს არაფერი მოაკლდებოდათ, რადგან იეჰოვა იზრუნებდა მათზე. სანამ ისრაელები იეჰოვას ერთგულები იყვნენ, იეჰოვა უხვად აკურთხებდა მათ და მათი ცხოვრების დონე გარშემო მცხოვრები ხალხების ცხოვრების დონესთან შედარებით ბევრად უკეთესი იყო. დიახ, იეჰოვას კურთხევა „ამდიდრებს კაცს“! (რიცხვები 16:13; კანონი 4:5—8; 11:8—15).

      14. რით სარგებლობენ ისინი, ვინც ღვთის თვალში არიან მდიდრები?

      14 მდიდრები, ჩვეულებრივ, იმაზე ფიქრობენ, სხვების წინაშე როგორ წარმოაჩინონ თავი. ხშირად ეს მათ ცხოვრებაზე აისახება. მათ სურთ, შთაბეჭდილება მოახდინონ ხალხზე, რასაც ბიბლია „ქონებით ტრაბახს“ უწოდებს (1 იოანე 2:16). ამის საპირისპიროდ, ისინი, ვინც ღვთის თვალში არიან მდიდრები, სარგებლობენ მისი წყალობით, მისი მოწონებითა და კეთილგანწყობით, და მასთან თბილი ურთიერთობა აქვთ. ამ ყველაფრის გამო ისინი თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ გრძნობენ, რასაც მათ ვერანაირი ქონება ვერ განაცდევინებდა (ესაია 40:11). მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღვთის თვალში გავმდიდრდეთ?

      როგორ გავმდიდრდეთ ღვთის თვალში

      15. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ღვთის თვალში მდიდრები ვიყოთ?

      15 იესოს იგავში მოხსენიებული მამაკაცი თავდაუზოგავად მხოლოდ საკუთარი თავის გამდიდრების მიზნით შრომობდა, და მას უგუნური ეწოდა. მისგან განსხვავებით ჩვენ ღვთის თვალში მდიდრები რომ ვიყოთ, საჭიროა, გულმოდგინედ ვიშრომოთ და სრული მონაწილეობა მივიღოთ ნამდვილად ღირებულ საქმიანობაში. ამაში შედის ის, რაც იესომ დაგვავალა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათე 28:19). როდესაც ჩვენს დროს, ენერგიასა და ნიჭს სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადებისთვის ვიყენებთ, და არა საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ეს შეიძლება კაპიტალის დაბანდებას შევადაროთ. ისინი, ვინც ამგვარად იქცევიან, სანაცვლოდ „მოგებას“ — უხვ კურთხევებს იღებენ, როგორც ამას ქვემოთ მოყვანილი შემთხვევები აჩვენებს (იგავები 19:17).

      16, 17. მოყევით შემთხვევები, რომლებიდანაც ჩანს, თუ როგორ მდიდრდება ადამიანი ღვთის თვალში.

      16 განვიხილოთ ერთი აზიელი ქრისტიანი მამაკაცის შემთხვევა. მას, როგორც გამოთვლითი ტექნიკის სპეციალისტს, მაღალანაზღაურებადი სამსახური ჰქონდა. მაგრამ ამ სამუშაოს თითქმის მთელი მისი დრო მიჰქონდა, რის გამოც ის თავს სულიერად გამოფიტულად გრძნობდა. ბოლოს, ნაცვლად იმისა, რომ უფრო მეტი წარმატებისთვის მიეღწია, მან მიატოვა თავისი სამუშაო და ქუჩაში ნაყინის გაყიდვა დაიწყო, რათა უფრო მეტი დრო დაეთმო თავისი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და კრებაში დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულებისთვის. ყოფილ თანამშრომლებს სასაცილოდ არ ეყოთ ეს, მაგრამ როგორ განვითარდა მოვლენები? „სინამდვილეში უფრო მეტი შემოსავალი მქონდა, ვიდრე მაშინ, როცა კომპიუტერს ვუჯექი, — ამბობს ეს ძმა. — გავხალისდი, რადგან მშვიდი ცხოვრება დავიწყე და იმ დაძაბულობისგან გავთავისუფლდი, რაც ძველ სამუშაოს მუდამ თან ახლდა. და, რაც ყველაზე მთავარია, ახლა უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს იეჰოვასთან“. აღნიშნულმა ცვლილებამ ამ ქრისტიანს შესაძლებლობა მისცა, სრული დროით მსახურება დაეწყო; ახლა ის თავის ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურობს. იეჰოვას კურთხევა მართლაც „ამდიდრებს კაცს“!

      17 ვნახოთ იმ ქრისტიანი ქალის შემთხვევაც, რომელიც ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ის სწავლობდა საფრანგეთის, მექსიკისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში; მას შესანიშნავი კარიერის შექმნა შეეძლო. „ყველაფერში წარმატებული ვიყავი და ყველა კარი ღია იყო ჩემთვის — ამბობს ის. — მაგრამ შინაგან სიცარიელესა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ვერსად გავურბოდი“. მოგვიანებით მან იეჰოვას შესახებ გაიგო. ის ყვება: „სულიერ ზრდასთან ერთად ჩემში ძლიერდებოდა იმის სურვილი, რომ მესიამოვნებინა იეჰოვასთვის; მინდოდა, მცირედით მაინც გამომეხატა მადლიერება იეჰოვას სიკეთისთვის, რამაც აღმძრა, სრული დროით მემსახურა“. მან მიატოვა თავისი სამსახური და მალე მოინათლა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ის სიხარულით მსახურობს სრული დროით. „ზოგი ფიქრობს, რომ ჩემი ნიჭი არაფერში გამომიყენებია — ყვება ის. — მაგრამ ისინი ხედავენ, რომ ბედნიერი ვარ და მოსწონთ ის პრინციპები, რომელთა თანახმადაც ვცხოვრობ. ყოველდღე ვევედრები იეჰოვას, რომ მისთვის მოსაწონი თავმდაბალი ადამიანი ვიყო“.

      18. როგორ შეგვიძლია პავლეს მსგავსად მდიდრები ვიყოთ ღვთის თვალში?

      18 სავლეს, რომელიც მოციქული პავლე გახდა, შეეძლო შესანიშნავი კარიერა ჰქონოდა. მაგრამ მოგვიანებით მან დაწერა: „ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის“ (ფილიპელები 3:7, 8). პავლესთვის სიმდიდრე, რომელიც ქრისტეს მეშვეობით დააგროვა, აღემატებოდა ყველაფერს, რისი შეთავაზებაც მისთვის ქვეყნიერებას შეეძლო. მსგავსად, თუ ჩვენს ეგოისტურ ამბიციებს არ ავყვებით და ღვთისმოსაობით ვიცხოვრებთ, ჩვენც მდიდრები ვიქნებით ღვთის თვალში. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს“ (იგავები 22:4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება