-
ფული და ზნეობა რას ვსწავლობთ ისტორიიდან?საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 თებერვალი
-
-
ფული და ზნეობა რას ვსწავლობთ ისტორიიდან?
ათას ექვსას ოცდაათი წლის შვიდ აპრილს დაახლოებით ოთხასი კაცი მიცურავდა ოთხი გემით ინგლისიდან ამერიკაში. მათ შორის ზოგი ძალიან განათლებული იყო, ზოგიც ვაჭრობას ეწეოდა. ზოგიერთები პარლამენტის წევრებიც კი იყვნენ. ევროპაში მიმდინარე ოცდაათწლიანი ომის (1618-1648) გამო ინგლისში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ამიტომ დატოვეს მათ სახლები, ნათესავები, თავიანთი საქმე და უცხოეთში წავიდნენ ცხოვრების უკეთესი პირობების საძებნელად.
ეს არ იყო მხოლოდ ოპტიმისტურად განწყობილი ჯგუფი, რომელიც გამდიდრების მიზნით ყველანაირ შესაძლებლობას იყენებდა. ესენი იყვნენ გულმოდგინე პურიტანები, რომლებმაც რელიგიურ დევნას დააღწიეს თავი.a მათი მიზანი იყო, ისეთი საზოგადოება ჩამოეყალიბებინათ, სადაც ისინი და მათი შთამომავლები მატერიალურად უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ და არც ბიბლიურ პრინციპებს დაარღვევდნენ. გემით მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სეილემში ჩასვლიდან მცირე ხანში, პურიტანებმა პატარა ტერიტორია მიითვისეს ზღვის სანაპიროსთან. ამ ადგილს ბოსტონი უწოდეს.
გაწონასწორება რთული აღმოჩნდა
პურიტანების ლიდერმა, ბოსტონის მმართველმა ჯონ უინტროპმა ყველაფერი გააკეთა, რომ ყველას ჰქონოდა სიმდიდრე და ახალი კოლონიის მოსახლეობისთვის სარგებლობა მოეტანა. მას სურდა, რომ ხალხს ფულიც ჰქონოდა და პატიოსნებიც ყოფილიყვნენ. მაგრამ გაწონასწორება რთული აღმოჩნდა. თუმცა სირთულეებს მოელოდა, ის გულდასმით ესაუბრებოდა თანამოაზრეებს „ღვთისმოშიშ“ საზოგადოებაში სიმდიდრის როლის შესახებ.
პურიტანი სხვა ლიდერების მსგავსად, უინტროპს სჯეროდა, რომ სიმდიდრისკენ სწრაფვაში არაფერი იყო ცუდი. ის ირწმუნებოდა, რომ გამდიდრების მთავარი მიზანი სხვების დახმარება იყო; რაც უფრო მდიდარი იყო ადამიანი, მით მეტი სიკეთის გაკეთება შეეძლო. „პურიტანებს ყველაზე მეტად სიმდიდრის საკითხი აღელვებდათ, — აღნიშნავს ისტორიკოსი პატრიცია ოტული. — სიმდიდრე როგორც ღვთის კურთხევის მაჩვენებელი იყო, ისე გაამაყებისა და. . . სხვა ცოდვების ჩადენის ძლიერი ცდუნება“.
უინტროპი ზომიერებისკენ მოუწოდებდა მოსახლეობას, რათა არიდებოდნენ ცოდვებს, რომლებიც შეიძლება სიმდიდრესა და ფუფუნებას გამოეწვია. მალე კოლონიის მცხოვრებლები წინ აღუდგნენ უინტროპს, რადგან ის აიძულებდა ხალხს, ყოფილიყვნენ ღვთისმოსავნი და ჰყვარებოდათ ერთმანეთი. ხალხი მას შემდეგ დაუპირისპირდა უინტროპს, რაც მან სხვების პირად საქმეებში დაიწყო ჩარევა. ზოგიერთები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, ხმის მიცემით აერჩიათ ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. სხვები ფიქრობდნენ, რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად უკეთესი იყო, საცხოვრებლად მეზობლად მდებარე შტატ კონექტიკუტში გადასულიყვნენ.
„უკეთესი პირობები, კეთილდღეობა და დემოკრატია, — აღნიშნავს ზემოთ მოხსენიებული ისტორიკოსი, — ძალიან მნიშვნელოვანი იყო მასაჩუსეტსის შტატში მცხოვრები პურიტანებისთვის. ისინი უინტროპის იდეებს პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ“. უინტროპი სიღარიბეში გარდაიცვალა 1649 წელს, 61 წლის ასაკში. თუმცა ბოსტონი მრავალი გაჭირვების გადატანის მიუხედავად კვლავაც განაგრძობდა არსებობას, უინტროპის ოცნება იდეალური საზოგადოების შესახებ არ განხორციელებულა.
კვლავაც ძიებაში
იდეალურ ქვეყნიერებაზე მხოლოდ ჯონ უინტროპი როდი ოცნებობდა. ყოველ წელს აფრიკიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და ლათინური ამერიკიდან ასობით ათასი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ იმ იმედით, რომ უკეთეს პირობებში იცხოვრებს. ზოგიერთ მათგანზე დიდ გავლენას ახდენს ასობით ახალი წიგნი, სემინარები და ვებ-საიტები, რაც ჰპირდება მათ, რომ გამდიდრების საიდუმლოებას გაუზიარებს. ცხადია, ბევრი კვლავაც დიდ ძალისხმევას ახმარს ფულის შოვნას და იმედოვნებს, რომ ზნეობრივ ნორმებს არასოდეს უგულებელყოფს.
სინამდვილეში, შედეგი არც ისე სახარბიელოა. სიმდიდრის ძიებაში ხშირად ზნეობრივ სიწმინდეს იღებენ მსხვერპლად და ზოგჯერ ღვთისადმი რწმენასაც კი. ამიტომ, შესაძლოა დაგებადოთ კითხვები: შეიძლება ადამიანი იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი და ამავე დროს მდიდარი? ოდესმე იარსებებს ღვთისმოშიში საზოგადოება, სადაც ხალხი მდიდარი იქნება და ამასთანავე, ზნეობრივ ნორმებსაც დაიცავს? ბიბლია გვპასუხობს ამ კითხვებზე, რასაც შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.
[სქოლიოები]
a ასე ეწოდათ მე-16 საუკუნეში ინგლისელ პროტესტანტებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ანგლიკანური ეკლესიის გაწმენდას რომის კათოლიციზმის ნაშთებისგან.
-
-
ნამდვილი კეთილდღეობა ღვთის ახალ ქვეყნიერებაშისაგუშაგო კოშკი — 2006 | 1 თებერვალი
-
-
ნამდვილი კეთილდღეობა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში
დეივიდი,a ქრისტიანი მშობელი, შეერთებულ შტატებში წავიდა; ის დარწმუნებული იყო, რომ ეს უკეთესი იქნებოდა თავისი ოჯახისთვის. მართალია ოჯახიდან მოშორებით ყოფნა არ უნდოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში იცხოვრებდნენ უკეთესად, თუ ბევრი ფული ექნებოდათ. ასე რომ, ნიუ-იორკში მცხოვრებ ნათესავებს დათანხმდა იქ წასვლაზე და მალე მუშაობა დაიწყო.
რაც დრო გადიოდა, დეივიდს იმედები უცრუვდებოდა. სულიერი საქმეებისთვის ცოტა დრო ჰქონდა და თითქმის დაკარგა კიდეც ღვთისადმი რწმენა. როდესაც სხვადასხვა ცდუნების წინაშე აღმოჩნდა, რეალურად მაშინ გაათვითცნობიერა თავისი მდგომარეობა. მას ყურადღება მატერიალიზმზე ჰქონდა მიპყრობილი, რის შედეგადაც ის თანდათანობით ყველაზე მნიშვნელოვანს ჩამოშორდა. საჭირო იყო ცვლილებების მოხდენა.
დეივიდის მსგავსად, ბევრი ემიგრანტი, რომლებიც ღარიბი ქვეყნებიდან არიან, იმედოვნებენ, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. თუმცა ძალიან ხშირად სულიერად ზარალდებიან. ზოგს აინტერესებს: „შეიძლება ქრისტიანი სიმდიდრისკენ ისწრაფოდეს და ღმერთშიც იყოს მდიდარი?“ ცნობილი მწერლები და სასულიერო პირები ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია. მაგრამ დეივიდის მსგავსად, სხვებიც მიხვდნენ, რომ ეს არცთუ ისე ადვილია (ლუკა 18:24).
ფული ბოროტება არ არის
ფული ადამიანმა გამოიგონა. ამაში ცუდი არაფერია. სინამდვილეში, ეს მხოლოდ რაიმეს ყიდვის, შეძენის საშუალებაა. ამრიგად, როდესაც ფულს მართებულად იყენებთ, ის შეიძლება კარგ მიზანს მოემსახუროს. მაგალითად, ბიბლიაში წერია, რომ ‘ფული დაიფარავს კაცს’, განსაკუთრებით სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემების დროს (ეკლესიასტე 7:12, სსგ). როგორც ჩანს, ზოგისთვის „ფული ყველაფერზე პასუხს აგებს“ (ეკლესიასტე 10:19, სსგ).
ბიბლია განსჯის სიზარმაცეს და შრომისკენ მოგვიწოდებს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ოჯახზე და ცოტა მეტი თუ გვექნება, ‘გაჭირვებულსაც მივცემთ’ (ეფესოელები 4:28; 1 ტიმოთე 5:8). უფრო მეტიც, ნაცვლად იმისა, რომ უარი ვთქვათ პირად ქონებაზე, ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, ვისარგებლოთ მისით. შედეგად ‘მივიღებთ ჩვენს წილს’ და გავიხარებთ შრომის ნაყოფით (ეკლესიასტე 5:18—20). ბიბლიაში რამდენიმე მაგალითია ღვთის იმ ერთგული მსახურების შესახებ, რომლებიც მდიდრები იყვნენ.
მდიდრები იყვნენ, მაგრამ ერთგულები
ღვთის ერთგულ მსახურს აბრაამს ჰყავდა ასობით მსახური, ცხვრის დიდი ფარა, საქონლის ჯოგი და ჰქონდა ბევრი ოქრო–ვერცხლი (დაბადება 12:5; 13:2, 6, 7). მსგავსად ცხოვრობდა მართალი იობიც. ის საკმაოდ დიდ სიმდიდრეს ფლობდა (იობი 1:3; 42:11, 12). ჩვენი ეპოქის გადასახედიდანაც კი იობი და აბრაამი მდიდრები იყვნენ, მაგრამ ისინი ღმერთშიც მდიდრები იყვნენ.
მოციქული პავლე აბრაამს ‘ყველა მორწმუნის მამას’ უწოდებს. ის არც ძუნწი იყო და არც მეტისმეტად უყვარდა თავისი ქონება (რომაელები 4:11; დაბადება 13:9; 18:1—18). ღმერთმა იობს „ალალი [და] წრფელი“ უწოდა (იობი 1:8). ის ყოველთვის მზად იყო ღარიბისა და გაჭირვებულის დასახმარებლად (იობი 29:12—16). აბრაამიც და იობიც ღმერთზე იყვნენ მინდობილნი და არა სიმდიდრეზე (დაბადება 14:22—24; იობი 1:21, 22; რომაელები 4:9—12).
განვიხილოთ სოლომონის მაგალითიც. იერუსალიმის სამეფო ტახტის მემკვიდრე სოლომონი არა მარტო ღვთიური სიბრძნით დაჯილდოვდა, არამედ სიმდიდრითა და დიდებითაც (3 მეფეთა 3:4—14). ის ღვთის ერთგული იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში კი, „ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი“ (3 მეფეთა 11:1—8). მისი შემთხვევა აჩვენებს, თუ რა საშიშროებები შეიძლება წარმოქმნას მატერიალურმა კეთილდღეობამ. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
სიმდიდრის საშიშროება
ყველაზე სერიოზულ საფრთხეს ფულისა და ნივთებისადმი სიყვარული ქმნის. ზოგს სიმდიდრის ქონის დიდი სურვილი აქვს და ვერასოდეს იკმაყოფილებს ამ სურვილს. სოლომონმა მეფობის დასაწყისშივე შენიშნა ეს ტენდენცია სხვებში. მან დაწერა: „ვერცხლის მოყვარული ვერ გაძღება ვერცხლით, და ვისაც სიმდიდრე უყვარს, ვერ გაძღება მით. ესეც ამაოებაა“ (ეკლესიასტე 5:10). მოგვიანებით იესო და პავლე აფრთხილებდნენ ქრისტიანებს ასეთი მაცდური სიყვარულის შესახებ (მარკოზი 4:18, 19; 2 ტიმოთე 3:2).
როდესაც ფულის შოვნა ცხოვრების მთავარ მიზნად იქცევა, ადვილად შესაძლებელია ისეთი ცდუნების ქვეშ მოვექცეთ, როგორიცაა ტყუილი, ქურდობა, ღალატი და ა.შ. ერთ–ერთმა მოციქულმა იუდა ისკარიოტელმა იესო ოცდაათ ვერცხლად გასცა (მარკოზი 14:11; იოანე 12:6). ზოგიერთებმა ფულის გადამეტებული სიყვარულის გამო ის ღმერთზე წინ დააყენეს (1 ტიმოთე 6:10). ამიტომ ქრისტიანები ყოველთვის უნდა შეეცადონ, გულწრფელად შეამოწმონ საკუთარი მოტივი, თუ რა მიზნით სურთ ბევრი ფული (ებრაელები 13:5).
სიმდიდრისკენ სწრაფვაც ქმნის საფრთხეს, რომლის ამოცნობა უფრო რთულია. უპირველეს ყოვლისა, სიმდიდრის ქონა ხელს უწყობს საკუთარ თავზე დაიმედებას. იესო ამას გულისხმობდა „სიმდიდრის მაცდუნებელ ძალაში“ (მათე 13:22). მოწაფე იაკობიც აფრთხილებდა ქრისტიანებს, რომ ნუ დაივიწყებდნენ ღმერთს, როდესაც რაიმეს დაგეგმავდნენ (იაკობი 4:13—16). რადგან ფული ადამიანს დამოუკიდებელს ხდის, ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ მან ღვთის ნაცვლად ფულზე დაამყაროს იმედი (იგავები 30:7—9; საქმეები 8:18—24).
და კიდევ ერთი საშიშროება ის არის, რომ როგორც დასაწყისში მოხსენიებული დეივიდი მიხვდა, სიმდიდრისკენ სწრაფვას ბევრი დრო და ენერგია მიაქვს; ამას კი თანდათანობით სულიერი საქმეებისგან ჩამოშორება მოჰყვება (ლუკა 12:13—21). აგრეთვე, მდიდარი ყოველთვის ცდუნების წინაშე დგას, ფულს ძირითადად სიამოვნების მომგვრელ საქმეებში იყენებს ანუ პირადი მისწრაფებებისთვის.
შესაძლებელია, რომ გარკვეულწილად ფუფუნებით ცხოვრებას გამოეწვია სოლომონის სულიერად მოდუნება და დაცემა? (ლუკა 21:34). მან კარგად იცოდა, რომ ღმერთი კრძალავდა სხვა ერის ადამიანებზე დაქორწინებას; თუმცა მას დაახლოებით ათასი ცოლი ჰყავდა (მეორე რჯული 7:3). სოლომონს ძალიან სურდა, ესიამოვნებინა უცხოელი ცოლებისთვის და ცდილობდა, მათი რელიგიისთვის დამახასიათებელი წეს–ჩვეულებები აღენიშნა. როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, სოლომონის გული თანდათანობით ჩამოშორდა იეჰოვას.
ეს მაგალითები იესოს რჩევის ჭეშმარიტებას ცხადყოფს: „ვერ შეძლებთ ღვთის მონაც იყოთ და სიმდიდრისაც“ (მათე 6:24). მაშ როგორ შეუძლია ქრისტიანს წარმატებით გაუმკლავდეს დღეს არსებულ ეკონომიურ სირთულეებს? და რაც უფრო მნიშვნელოვანია, რა იმედი არსებობს უკეთეს ცხოვრებასთან დაკავშირებით?
წინ ნამდვილი კეთილდღეობა გველის
აბრაამის, იობისა და ისრაელი ერისგან განსხვავებით, იესოს მიმდევრებს დავალებული აქვთ, ‘მოწაფეებად მოამზადონ ხალხი ყველა ერიდან’ (მათე 28:19, 20). ამ დავალების შესრულება მოითხოვს დროს და ძალისხმევას, რაც შეიძლებოდა ქვეყნიერებაში წარმატების მიღწევისთვის გამოგვეყენებინა. იმისათვის რომ წარმატებულები ვიყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია იესოს სიტყვები გავითვალისწინოთ: „ამიტომ, უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათე 6:33).
მას შემდეგ, რაც დეივიდმა ლამის დაკარგა ოჯახი და ღმერთთან ურთიერთობა, მან შეცდომა გამოასწორა და ცხოვრება სათანადო გზით წარმართა. როდესაც დეივიდმა ბიბლიის შესწავლა და ლოცვა კვლავ განაახლა და პირველ ადგილზე დააყენა მსახურება, როგორც იესო დაჰპირდა თავის მიმდევრებს, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. ცოლთან და ბავშვებთან ურთიერთობა თანდათანობით აღდგა. ის მხიარული და კმაყოფილია, და კვლავაც გულმოდგინებით შრომობს. მართალია არ გამდიდრებულა, მაგრამ მწარე გამოცდილებიდან ბევრი რამ ისწავლა.
დეივიდი მიხვდა, თუ რა არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო, შეერთებულ შტატებში რომ წავიდა. მან მიზნად დაისახა, რომ აღარასოდეს დაუშვებდა, ფულს ებატონა მის გადაწყვეტილებებზე. მან უკვე იცის, რომ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასის — მოსიყვარულე ოჯახის, კარგი მეგობრების და ღმერთთან ურთიერთობის — შეძენა ფულით შეუძლებელია (იგავები 17:17; 24:27; ესაია 55:1, 2). მართლაც, პატიოსნება გაცილებით ფასეულია, ვიდრე სიმდიდრე (იგავები 19:1; 22:1). დეივიდს თავის ოჯახთან ერთად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ყოველთვის სათანადოდ დაადგინოს პრიორიტეტები (ფილიპელები 1:10).
ადამიანები ძალისხმევას არ იშურებენ, შექმნან მდიდარი და მაღალზნეობრივი საზოგადოება, მაგრამ მარცხს განიცდიან. თუმცა ღმერთი გვპირდება, რომ მისი სამეფო მოგვიტანს სულიერ და მატერიალურ კეთილდღეობას, რაც ბედნიერებისთვისაა საჭირო (ფსალმუნები 71:16; ესაია 65:21—23). იესო ასწავლიდა, რომ ნამდვილი ბედნიერებისთვის უპირველესად საჭიროა სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (მათე 5:3). ასე რომ, მიუხედავად იმისა, მდიდრები ვართ თუ ღარიბები, დღეს მთავარი სულიერი საკითხებისთვის უპირატესობის მინიჭებაა; ეს კი ღვთის ახალი ქვეყნიერებისთვის მოგვამზადებს (1 ტიმოთე 6:17—19). ასეთი ქვეყნიერება მოგვიტანს ნამდვილ კეთილდღეობას.
[სქოლიოები]
a სახელი შეცვლილია.
-