-
იეჰოვაა ჩვენი მწყემსისაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ნოემბერი
-
-
„ბოროტება არ მაშინებს, რადგან შენა ხარ ჩემთან“
13. რით გამოხატა დავითმა ფსალმუნის 23:4-ში იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა და რატომ არ არის ეს გასაკვირი?
13 დავითი მოიხსენიებს თავისი ნდობის მესამე მიზეზს: იეჰოვას იცავს თავის ცხვარს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „უკუნი სიბნელით მოცულ ხევში დავაბიჯებ, მაგრამ ბოროტება არ მაშინებს, რადგან შენა ხარ ჩემთან; შენი ჯოხი და შენი კვერთხი მანუგეშებენ“ (ფსალმუნები 23:4, აქ). დავითი ამ სიტყვებში უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას იეჰოვასთან ახლო ურთიერთობაზე, რადგან მისადმი მიმართვისას „შენ“ ნაცვალსახელს იყენებს. ეს გასაკვირიც არაა, რადგან დავითი ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ დაეხმარა ღმერთი გაჭირვების დროს. დავითს მრავალჯერ მოუწია „სიბნელით მოცულ ხევში“ სიარული — მაშინ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მაგრამ ის არ დაემონა შიშს, რადგან გრძნობდა, რომ ღმერთი — თავისი შემართული „ჯოხითა“ და „კვერთხით“ — მასთან იყო. დავითს ანუგეშებდა იმის ცოდნა, რომ იეჰოვა იცავდა მას და ეჭვგარეშეა, იზიდავდა, რომ დაახლოებოდა მასb.
14. როგორ გვარწმუნებს ბიბლია, რომ იეჰოვა გვიცავს, მაგრამ რას არ ნიშნავს ეს?
14 როგორ იცავს იეჰოვა დღეს თავის ცხვარს? ბიბლია გვარწმუნებს, რომ ვერავითარი მოწინააღმდეგე — დემონი იქნება ის თუ ადამიანი — ვერასდროს შეძლებს, მიწის პირისაგან აღგავოს მისი ცხვრები. იეჰოვა არასოდეს დაუშვებს ამას (ესაია 54:17; 2 პეტრე 2:9). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მწყემსი ყოველგვარი უბედურებისგან დაგვიფარავს. ჩვენ მსგავსი განსაცდელები გვაქვს, რაც მთელ კაცობრიობას, და იმავე წინააღმდეგობას ვხვდებით, რასაც ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი (2 ტიმოთე 3:12; იაკობი 1:2). ამ დროს თითოეული ჩვენგანი, შეიძლება ითქვას, „უკუნი სიბნელით მოცულ ხევში დავაბიჯებთ“. მაგალითად, შეიძლება დევნის ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო სიკვდილის პირას ვიყოთ. ან შეიძლება ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი იყოს სიკვდილის პირას ან მოკვდეს კიდეც. ასეთ ბნელ დროში ჩვენი მწყემსი ჩვენ გვერდითაა და გვიცავს. როგორ?
15, 16. ა) როგორ გვეხმარება იეჰოვა იმ განსაცდელებთან გამკლავებაში, რომელთაც შეიძლება წავაწყდეთ? ბ) მოყევით შემთხვევა, საიდანაც ჩანს, როგორ დახმარებას გვიწევს იეჰოვა განსაცდელების დროს.
15 იეჰოვა არ გვპირდება სასწაულებრივ ჩარევასc. მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ: იეჰოვა დაგვეხმარება ყველანაირი დაბრკოლების გადალახვაში, რასაც კი შევხვდებით. ის სიბრძნეს მოგვცემს, რათა თავი გავართვათ „ნებისმიერ განსაცდელს“ (იაკობი 1:2—5). მწყემსი თავის ჯოხს ანუ კვერთხს არა მხოლოდ მტაცებლების მოსაგერიებლად იყენებს, არამედ მსუბუქად უბიძგებს თავის ცხვრებს, რათა მათ სწორი მიმართულებით იარონ. იეჰოვა მსუბუქად გვიბიძგებს ჩვენ, შესაძლოა თანამორწმუნის საშუალებით, მივყვეთ ბიბლიურ რჩევას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ჩვენს მდგომარეობაზე. გარდა ამისა, იეჰოვა ძალას მოგვცემს, რათა ყველაფერი გადავიტანოთ (ფილიპელები 4:13). თავისი წმინდა სულის საშუალებით მას შეუძლია უზრუნველგვყოს „ძალით, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7). ღვთის სული შეგვაძლებინებს, გადავიტანოთ ნებისმიერი განსაცდელი, რომლებიც შეიძლება სატანამ დაგვატეხოს თავს (1 კორინთელები 10:13). განა არ გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყოველთვის მზად არის დასახმარებლად?
16 დიახ, რის გამოც არ უნდა აღმოვჩნდეთ ბნელ ხევში, მარტონი არ დავდივართ. ჩვენი მწყემსი ჩვენთან არის და გვეხმარება იმ საკითხებში, რომელთაც შესაძლოა თავიდან ვერ ვწვდებით. განვიხილოთ ერთი ქრისტიანი უხუცესის მაგალითი, რომელსაც ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ის ამბობს: „უნდა გამოგიტყდეთ, რომ თავიდან გაურკვევლობაში ვიყავი, არ ვიცოდი, იეჰოვა ამით გულისწყრომას გამოხატავდა ჩემდამი თუ სიყვარულს. მაგრამ გადავწყვიტე, არ მიმეტოვებინა ის. ნაცვლად ამისა, ჩემი საწუხარი მას მივანდე. იეჰოვა დამეხმარა და ხშირად მანუგეშებდა ჩემი სულიერი და-ძმების მეშვეობით. ბევრმა გამიზიარა თავისი გამოცდილება, თუ როგორ ართმევდნენ თავს სერიოზულ დაავადებებს. მათი გაწონასწორებული თვალსაზრისი დამეხმარა, მხსომებოდა, რომ არაფერი იყო უჩვეულო იმაში, თუ ბოლომდე არ განვიკურნებოდი. პრაქტიკულმა დახმარებამ, მათ შორის ზოგიერთის მხრიდან სიკეთით სავსე და გულის ამაჩუყებელმა წინადადებებმა, დამარწმუნა, რომ იეჰოვა უკმაყოფილო არ იყო ჩემით. რა თქმა უნდა, მე კვლავაც უნდა განვაგრძო ჩემს დაავადებასთან ბრძოლა. არ ვიცი, რა შედეგს გამოიღებს ეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვა ჩემთანაა და ის კვლავაც დამეხმარება ამ განსაცდელის დროს“.
-