-
მივესალმოთ ქრისტეს, დიდებულ მეფეს!საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 თებერვალი
-
-
მივესალმოთ ქრისტეს, დიდებულ მეფეს!
„წარმატებისკენ ისწრაფე შენი სიდიადით“ (ფსალმ. 45:4).
1, 2. რატომ არის 45-ე ფსალმუნი ჩვენთვის საინტერესო?
დიდებული მეფე თეთრ ცხენზეა ამხედრებული ჭეშმარიტებისა და სიმართლის გულისთვის და გამოდის, რათა დაიპყროს თავისი მტრები. საბოლოო გამარჯვების შემდეგ საყვარელ პატარძალზე ქორწინდება. მეფე მარადიულად ემახსოვრება თაობებს და მუდამ პატივს მიაგებენ მას დიდი ღვაწლისთვის. ეს არის 45-ე ფსალმუნის მთავარი თემა.
2 ეს ფსალმუნი მხოლოდ აღმაფრთოვანებელი მოვლენების ბედნიერ დასასრულზე როდი მოგვითხრობს. მოვლენებს, რომლებიც ამ ფსალმუნშია აღწერილი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ის მარტო ჩვენს აწმყოს კი არა, მომავალსაც ეხება. ამიტომ მოდი ვიყოთ ყურადღებით და დაწვრილებით განვიხილოთ ეს ფსალმუნი.
„გული კარგი საქმისკენ მეწევა“
3, 4. ა) რა არის „კარგი საქმე“, რომელიც გვეხება და როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს ჩვენს გულზე? ბ) რა მხრივ ეძღვნება ჩვენი საქმეები მეფეს და როგორ ხდება ჩვენი ენა „კალამივით“?
3 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:1. „კარგი საქმე“, რომელიც მეფეს ეძღვნება, ფსალმუნების დამწერის გულს ეხება და შედეგად, მას გული რაღაცის კეთებისკენ „ეწევა“. ებრაული ზმნა, რომელიც მუხლში ნათარგმნია როგორც „მეწევა“, დედნისეულ ენაზე ნიშნავს „დუღილს“. მეფესთან დაკავშირებული ამბავი ფსალმუნების დამწერს გულზე ისე ღრმად შეეხო, ისე „აუდუღა“ გრძნობები და ემოციები, რომ მისი ენა „დახელოვნებული გადამწერის კალამივით“ გახდა.
4 როგორ არის საქმე ჩვენს შემთხვევაში? სამეფოსთან დაკავშირებული სასიხარულო ცნობა არის ის კარგი რამ, რაც ეხება ჩვენს გულს. სამეფოს ცნობა განსაკუთრებულად „კარგი“ გახდა 1914 წელს. ამ წლიდან მოყოლებული ეს ცნობა მომავალ სამეფოს კი არ ეხება, არამედ რეალურ ხელისუფლებას, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს ზეცაში. ეს ცნობა არის „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:14). გვეწევა გული სამეფოს ცნობის ქადაგებისკენ? ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელი მონდომებით? ფსალმუნების დამწერისა არ იყოს, ჩვენი „საქმეებიც მეფეს ეძღვნება“, ჩვენს მეფეს, იესო ქრისტეს; ჩვენ ვაუწყებთ მის, როგორც გამეფებული ზეციერი სამეფოს მეფის შესახებ. უფრო მეტიც, ჩვენ ყველას ვიწვევთ — მმართველებს და მათ ქვეშევრდომებს — დაემორჩილონ მის მეფობას (ფსალმ. 2:1, 2, 4—12). როდესაც ქადაგების დროს ღვთის სიტყვას ვიყენებთ, ჩვენი ენა „დახელოვნებული გადამწერის კალამივით“ ხდება.
სიხარულით ვაუწყებთ ჩვენი მეფის, იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას
მეფის ბაგეებიდან მშვენება იღვრება
5. ა) რა მხრივ იყო იესო წარმოსადეგი? ბ) როგორ იღვრება მეფის ბაგეებიდან მშვენება და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მის მაგალითს?
5 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:2. წმინდა წერილებში თითქმის არაფერია ნათქვამი იესოს გარეგნობაზე. იესო სრულყოფილი მამაკაცი იყო და ორი აზრი არ არსებობს, რომ ის წარმოსადეგი და თვალტანადი ადამიანი იქნებოდა. თუმცა მას ყველაზე წარმოსადეგს იეჰოვასადმი მტკიცე და ურყევი ერთგულება ხდიდა. ამასთანავე, იესო ღვთის სამეფოს ცნობას მადლიანი სიტყვებით ამცნობდა ხალხს (ლუკ. 4:22; იოან. 7:46). პირადად ჩვენ თუ ვცდილობთ, გავითვალისწინოთ იესოს მაგალითი მსახურებაში და ისეთი სიტყვებით ვესაუბროთ ხალხს, რომ მათ გულებამდე მივაღწიოთ? (კოლ. 4:6).
6. რა მხრივ აკურთხა ღმერთმა იესო სამარადისოდ?
6 ვინაიდან იესო მთელი სულითა და გულით ემსახურებოდა მამას, მამამ აკურთხა თავისი ძე როგორც დედამიწაზე მსახურების დროს, ისე მას შემდეგ, რაც იესომ მსხვერპლად გაიღო თავისი სიცოცხლე. მოციქულმა პავლემ დაწერა: „როცა [იესომ] ადამიანის სახე მიიღო, თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე. ამის გამო ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი, რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის, და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად“ (ფილ. 2:8—11). ღმერთმა იესო სამარადისოდ აკურთხა, მკვდრეთით აღადგინა და უკვდავი სიცოცხლე უბოძა (რომ. 6:9).
მეფე თავის „მოზიარეებზე მეტად“ განდიდდა
7. რა გაგებით სცხო ღმერთმა იესო თავის „მოზიარეებზე მეტად“?
7 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:6, 7. იეჰოვამ იესო სამეფოს მეფედ სცხო, რადგან მას ძალიან უყვარს სიმართლე და სძულს ნებისმიერი რამ, რაც მამას შეურაცხყოფს. ღმერთმა იესო „სიხარულის ზეთით“ სცხო თავის „მოზიარეებზე მეტად“, ანუ იუდას იმ მეფეებზე მეტად, რომლებიც დავითის საგვარეულო ხაზიდან იყვნენ. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იეჰოვამ იესო იუდას სხვა მეფეებზე მეტად სცხო სიხარულის ზეთით? პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ იესო თავად იეჰოვამ სცხო და მეორე, იეჰოვამ ის მეფედაც სცხო და მღვდელმთავრადაც (ფსალმ. 2:2; ებრ. 5:5, 6). გარდა ამისა, ღმერთმა იესო წმინდა სულით სცხო და არა ზეთით; მისი მეფობა ზეციურია და არა მიწიერი.
8. ა) რას ნიშნავს სიტყვები, „ღმერთი იესოს ტახტია“? ბ) რატომ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ მისი მეფობა სამართლიანია?
8 იეჰოვამ თავისი ძე ზეციური სამეფოს მეფედ 1914 წელს დანიშნა. მისი სამეფოს კვერთხი სამართლიანობის კვერთხია. ეს კი იმაში გვარწმუნებს, რომ მისი მმართველობა სამართლიანი იქნება. იესოს აქვს მეფობის უფლება, რადგან „ღმერთი მისი ტახტია“, ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, თავად იეჰოვამ უბოძა მას მეფობა. უფრო მეტიც, იესოს „ტახტი სამარადისოდ, სამუდამოდ“ იარსებებს. აქედან გამომდინარე, ნუთუ არ გეამაყებათ, რომ ემსახურებით იეჰოვას მის მიერ დანიშნული ასეთი ძლევამოსილი მეფის ხელმძღვანელობით?!
მეფემ მახვილი შეიბა
9, 10. ა) როდის შეიბა ქრისტემ მახვილი და როგორ გამოიყენა ის დაუყოვნებლივ? ბ) როგორ გამოიყენებს ქრისტე თავის მახვილს მომავალში?
9 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:3. იეჰოვა მეფეს ავალებს, რომ „გვერდზე შეიბას მახვილი“. ამგვარად ღმერთი მას იმის უფლებას აძლევს, რომ ომი გაუმართოს ღვთის უზენაესობის მოწინააღმდეგეებს და მისი განაჩენი აღასრულოს მათზე (ფსალმ. 110:2). ქრისტე უძლეველი, მებრძოლი მეფეა, ამიტომ ბიბლია მას „ძლევამოსილს“ უწოდებს. მან მახვილი 1914 წელს შეიბა, როცა სატანასა და მის დემონებზე გაიმარჯვა და ისინი ზეციდან დედამიწაზე გადმოყარა (გამოცხ. 12:7—9).
10 ეს მხოლოდ წარმატებული დასაწყისი იყო მეფის მმართველობისა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მას სრულად უნდა დაეპყრო (გამოცხ. 6:2). იეჰოვას გადაწყვეტილი აქვს, რომ თავისი განაჩენი აღასრულოს სატანის ქვეყნიერებაზე და ის და მისი დემონები გაანადგუროს. პირველად უნდა განადგურდეს დიდი ბაბილონი, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი. იეჰოვა საზარელი „მეძავის“ გასანადგურებლად პოლიტიკურ მმართველებს გამოიყენებს (გამოცხ. 17:16, 17). შემდეგ მებრძოლი მეფე სატანის პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ გაილაშქრებს და გააცამტვერებს მას. ქრისტე, რომელსაც „უფსკრულის ანგელოზიც“ ეწოდება, ბოლოს სატანასა და მის დემონებს უფსკრულში ჩაყრის, რითაც, როგორც ბიბლიაში წერია, სრულად დაიპყრობს (გამოცხ. 9:1, 11; 20:1—3). ახლა ვნახოთ, როგორ აღწერს ამ ამაღელვებელ მოვლენებს 45-ე ფსალმუნი.
„ჭეშმარიტების გულისთვის“ ამხედრებული მეფე
11. რა გაგებით არის ამხედრებული ქრისტე ჭეშმარიტების გულისთვის?
11 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:4. იესო, მებრძოლი მეფე, ომს იმ მიზნით არ მართავს, რომ ტერიტორიები დაიპყროს და ხალხი დაიმონოს; მას სამართლიანი და კეთილშობილი მიზნები ამოძრავებს. ის ამხედრებულია „ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის“. ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ხომ იეჰოვას უზენაესობის საკითხია და ამ ჭეშმარიტებას უდავოდ სჭირდება დაცვა. სატანამ სადავო გახადა იეჰოვას მმართველობის უფლება, როდესაც მის წინააღმდეგ ამხედრდა. იმ დროიდან მოყოლებული იეჰოვას უზენაესობა ანუ მთავარი ჭეშმარიტება, დემონებმა და ადამიანებმა საკამათოდ აქციეს. ახლა კი დადგა დრო, რომ იეჰოვას ცხებულმა მეფემ ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცოს ეს ჭეშმარიტება, რომ იეჰოვა უზენაესი ხელისუფალია.
12. რა გაგებით არის ამხედრებული ქრისტე თავმდაბლობის გულისთვის?
12 ქრისტე აგრეთვე ამხედრებულია „თავმდაბლობის გულისთვის“. ღვთის მხოლოდშობილმა ძემ თავმდაბლობისა და მამის უზენაესობისადმი მორჩილების უბადლო და გასაოცარი მაგალითი დაგვიტოვა (ეს. 50:4, 5; იოან. 5:19). მეფის ყველა ერთგული ქვეშევრდომი მის მაგალითს უნდა მიჰყვეს და ყველაფერში თავმდაბლად დაემორჩილოს იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას. ვინც ასე მოიქცევა, ღვთის აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში დასახლდება (ზაქ. 14:16, 17).
13. რა გაგებით არის ამხედრებული ქრისტე სიმართლის გულისთვის?
13 ქრისტე „სიმართლის გულისთვისაც“ არის ამხედრებული. სიმართლე, რასაც მეფე იცავს, არის „ღვთის სიმართლე“ — იეჰოვას მოთხოვნები სწორსა და არასწორთან დაკავშირებით (რომ. 3:21; კან. 32:4). ამ მეფის, იესო ქრისტეს, შესახებ ესაიამ იწინასწარმეტყველა: „სიმართლისთვის იმეფებს მეფე“ (ეს. 32:1). იესოს მმართველობა საფუძველს ჩაუყრის „ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტ. 3:13). თითოეული ადამიანი, ვინც ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრებს, უნდა შეესაბამებოდეს იეჰოვას მოთხოვნებს (ეს. 11:1—5).
მეფე „შიშის მომგვრელ საქმეებს“ აკეთებს
14. როგორ მოიმოქმედებს ქრისტეს მარჯვენა „შიშის მომგვრელ საქმეებს“? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)
14 ცხენზე ამხედრებულ მეფეს გვერდზე მახვილი აქვს შებმული (ფსალმ. 45:3). დადგება დრო, როცა ის თავის მარჯვენას ჩასჭიდებს მახვილს და საბრძოლველად მომართავს. ფსალმუნების დამწერმა იწინასწარმეტყველა, რომ მეფის მარჯვენა „შიშის მომგვრელ საქმეებს“ მოიმოქმედებდა (ფსალმ. 45:4). როდესაც ცხენზე ამხედრებული იესო ქრისტე იეჰოვას განაჩენს აღასრულებს არმაგედონში, ის მტრების წინააღმდეგ „შიშის მომგვრელ საქმეებს“ მოიმოქმედებს. ჩვენთვის უცნობია, როგორი სახით გაანადგურებს იესო სატანის ქვეყნიერებას; მაგრამ ის ვიცით, რომ მისი მოქმედება შიშის ზარს დასცემს დედამიწის მკვიდრთ, მათ, ვინც ყურად არ იღო გაფრთხილება და არ დაემორჩილა მეფის მმართველობას (წაიკითხეთ ფსალმუნის 2:11, 12). როდესაც იესო აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებდა, ასეთი რამ თქვა: „ხალხს გული წაუვა შიშით და იმის მოლოდინით, რა დაატყდება თავს მსოფლიოს, რადგან ციური ძალები შეირყევა“. შემდეგ დასძინა: „მაშინ იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ღრუბლებში მომავალ კაცის ძეს“ (ლუკ. 21:26, 27).
15, 16. ვინ იბრძოლებს „ზეციერ ლაშქარში“ ქრისტესთან ერთად?
15 წიგნ „გამოცხადებაში“ საუბარია მეფეზე, რომელიც „ძლიერებითა და აღმატებული დიდებით“ მოდის განაჩენის აღსასრულებლად. ეს მოვლენა ამ წიგნში შემდეგნაირად არის აღწერილი: „ვიხილე გახსნილი ცა და, აი, თეთრი ცხენი. მასზე მჯდომს ერთგული და ჭეშმარიტი ეწოდება. ის სიმართლით ასამართლებს და სიმართლით იბრძვის . . . მას მიჰყვებოდა თეთრ ცხენებზე ამხედრებული თეთრი, სუფთა, ძვირფასი სელის სამოსლით შემოსილი ზეციერი ლაშქარი. მისი პირიდან დიდი ბასრი მახვილია გამოშვერილი, რათა დასცეს ის ხალხებს, და რკინის კვერთხით დამწყემსავს მათ. ის წნეხს ყოვლისშემძლე ღვთის რისხვის მძვინვარების საწნახელსაც“ (გამოცხ. 19:11, 14, 15).
16 ვინ იბრძოლებს ქრისტეს „ზეციერ ლაშქარში“ მასთან ერთად? როდესაც იესომ პირველად შეიბა მახვილი და ზეციდან სატანა და მისი დემონები განდევნა, მის გვერდით „მისი ანგელოზები“ იბრძოდნენ (გამოცხ. 12:7—9). ლოგიკურია დავასკვნათ, რომ არმაგედონის ომში ქრისტეს ლაშქარში ანგელოზები იბრძოლებენ. საინტერესოა, ამ ბრძოლაში კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას. იესო თავის ცხებულ ძმებს დაჰპირდა: „მძლეველსა და ჩემი საქმეების ბოლომდე დამცველს მივცემ ძალაუფლებას ხალხებზე, როგორიც მე მივიღე მამაჩემისგან; დამწყემსავს ის ხალხს რკინის კვერთხით და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან“ (გამოცხ. 2:26, 27). აქედან გამომდინარე, ქრისტეს ზეციერ ლაშქარში ცხებული ძმებიც იბრძოლებენ, რომლებსაც ზეციერი ჯილდო ექნებათ მიღებული. ქრისტეს ცხებული თანამმართველები იქნებიან მის გვერდით, როცა ის „შიშის მომგვრელ საქმეებს“ მოიმოქმედებს და რკინის კვერთხით დამწყემსავს ერებს.
მეფე სრულად იპყრობს
17. ა) რისი სიმბოლოა თეთრი ცხენი, რომელზეც ამხედრებულია ქრისტე? ბ) რას წარმოადგენს მახვილი და მშვილდი?
17 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:5. თეთრი ცხენი, რომელზეც ამხედრებულია მეფე, ომის სიმბოლოა, ომისა, რომელიც სამართლიანია იეჰოვას თვალში (გამოცხ. 6:2; 19:11). მეფეს მახვილის გარდა მშვილდიც აქვს, რის შესახებაც შემდეგი ბიბლიური მუხლიდან ვიგებთ: „გავიხედე და, აი, თეთრი ცხენი. მასზე მჯდომს მშვილდი ჰქონდა. მას გვირგვინი მიეცა, გამოვიდა და იპყრობდა, რათა სრულად დაეპყრო“. მახვილიცა და მშვილდიც ის სიმბოლური საშუალებებია, რომლებსაც ქრისტე მტრებზე განაჩენის აღსასრულებლად გამოიყენებს.
დედამიწის გასასუფთავებლად ფრინველებს მოუხმობენ (იხილეთ მე-18 აბზაცი)
18. როგორ დამტკიცდება, რომ ქრისტეს „ისრები“ „ბასრია“?
18 ფსალმუნის დამწერმა წინასწარმეტყველება პოეტური ენით წარმოთქვა: „შენი ბასრი ისრები მეფის მტრებს გულში ესობა; შენ ფეხქვეშ ეცემიან“. ბრძოლის ველი მთელ დედამიწაზე გაიშლება. როგორც იერემიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ, „იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე იქნებიან“ (იერ. 25:33). ამ მოვლენის შესახებ სხვა წინასწარმეტყველება ასეთ რამეს გვაუწყებს: «ვიხილე აგრეთვე მზეში მდგომი ანგელოზი. ის ხმამაღლა უხმობდა ცის ყველა ფრინველს: „მოდით, მოგროვდით ღვთის დიდ ვახშამზე, რათა ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მათზე ამხედრებულთა ხორცი, ყველას ხორცი: თავისუფლისა და მონისა, დიდისა და პატარისა“» (გამოცხ. 19:17, 18).
19. როგორ ისწრაფებს ქრისტე წარმატებისკენ და როგორ დაიპყრობს სრულად?
19 სატანის ბოროტი ქვეყნიერების განადგურების შემდეგ ქრისტე წარმატებისკენ ისწრაფებს თავისი სიდიადით (ფსალმ. 45:4). ის სრულად დაიპყრობს ანუ სატანასა და მის დემონებს უფსკრულში ჩაყრის; ისინი იქ მთელი მისი ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში იქნებიან სიკვდილის მსგავს უმოქმედო მდგომარეობაში (გამოცხ. 20:2, 3). ადამიანები გათავისუფლდებიან სატანის მარწუხებისგან და ყველას მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ დაემორჩილონ თავიანთ გამარჯვებულ და დიდებულ მეფეს. თუმცა სანამ ისინი დედამიწის სამოთხის ბაღად გადაქცევას იხილავენ, მათ კიდევ ერთი მიზეზი ექნებათ, რომ გაიხარონ თავიანთ მეფესთან და მის ზეციერ თანამმართველებთან ერთად. ამ სასიხარულო მოვლენის შესახებ შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.
-
-
იხარეთ კრავის ქორწილით!საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 თებერვალი
-
-
იხარეთ კრავის ქორწილით!
„ვიხაროთ და ვიმხიარულოთ . . . რადგან დადგა კრავის ქორწილის დრო“ (გამოცხ. 19:7).
1, 2. ა) ვისი ქორწილი გამოიწვევს ზეცაში განსაკუთრებულ სიხარულს? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?
როგორც წესი, საქორწილო სამზადისი გარკვეულ დროს მოითხოვს. თუმცა ამ სტატიაში ჩვენ განსაკუთრებულ ქორწილზე, სამეფო ქორწილზე, ვისაუბრებთ. ამ ქორწილისთვის მზადება დაახლოებით უკვე 2 000 წელია მიმდინარეობს და დღითი დღე გვიახლოვდება ეს ღირსშესანიშნავი დღე. მალე მეფის სასახლე მხიარული ჰანგებით აივსება და ზეცაში უამრავი ხმა შესძახებს: „ადიდეთ იაჰი, რადგან გამეფდა ჩვენი ღმერთი იეჰოვა, ყოვლისშემძლე. ვიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ მას, რადგან დადგა კრავის ქორწილის დრო და მისი პატარძალი გაემზადა“ (გამოცხ. 19:6, 7).
2 „კრავი“, რომლის ქორწილიც ზეცაში დიდ სიხარულს გამოიწვევს, იესო ქრისტეა (იოან. 1:29). როგორ სამოსში იქნება გამოწყობილი ნეფე ქორწილის დღეს? ვინ იქნება პატარძალი? როგორ ემზადებოდა პატარძალი ამ დღისთვის? როდის გაიმართება ქორწილი? როგორც აღვნიშნეთ, ამ ქორწილს ზეცაში დიდი სიხარული მოჰყვება; მაგრამ საინტერესოა, გაიზიარებენ ამ სიხარულს დედამიწაზე მარადიული ცხოვრების მომლოდინენიც? ცხადია, ყველას გვაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხების მიღება. ამიტომ მოდი განვაგრძოთ 45-ე ფსალმუნის განხილვა.
მისი ტანსაცმელი სასიამოვნო სურნელს აფრქვევს
3, 4. ა) როგორი სამოსით არის ნეფე შემოსილი და რა უორკეცებს მას სიხარულს? ბ) ვინ არიან „მეფეთა ასულები“ და „სამეფოს დედოფალი“, რომლებიც იზიარებენ ნეფის სიხარულს?
3 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:8, 9. ნეფე დიდებული სამეფო საქორწილო სამოსით იმოსება. მისი ტანსაცმელი „საუკეთესო სურნელებას“ აფრქვევს. ეს სურნელება სმირნისა და კასიის სურნელების მსგავსია, რომელთაც ისრაელში წმინდა საცხები ზეთის დასამზადებლად იყენებდნენ (გამ. 30:23—25).
4 ნეფის სიხარულს, რომელსაც ქორწილის მოახლოება იწვევს, სასახლეში აჟღერებული ზეციური ჰანგებიც აორკეცებს. მის სიხარულს იზიარებს „სამეფოს დედოფალიც“ ანუ ღვთის ორგანიზაციის ზეციერი ნაწილიც, რომელშიც შედიან „მეფეთა ასულები“, იგივე ანგელოზები. მართლაც, რა ამაღელვებელია ზეციურ ხმათა მოსმენა, რომლებიც აცხადებენ: „ვიხაროთ და ვიმხიარულოთ . . . რადგან დადგა კრავის ქორწილის დრო“.
პატარძალი ემზადება ქორწილისთვის
5. ვინ არის „კრავის ცოლი“?
5 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:10, 11. ჩვენთვის ცნობილია ნეფის ვინაობა, მაგრამ საინტერესოა, ვინ იქნება მისი პატარძალი. პატარძალში ერთი პიროვნება არ იგულისხმება. მასში შედიან ცხებული ქრისტიანები ანუ ქრისტიანული კრების წევრები — კრებისა, რომელსაც ქრისტე ხელმძღვანელობს (წაიკითხეთ ეფესოელების 5:23, 24). ისინი იესოს სამეფოს ნაწილი გახდებიან (ლუკ. 12:32). ეს 144 000 სულითცხებული ქრისტიანი მიჰყვება „კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს“ (გამოცხ. 14:1—4). ისინი „კრავზე“ ქორწინდებიან და მასთან ერთად იცხოვრებენ ზეციურ სამყოფელში (გამოცხ. 21:9; იოან. 14:2, 3).
6. რატომ ეწოდებათ ცხებულ ქრისტიანებს „მეფის ასული“ და რატომ უნდა დაივიწყონ მათ თავიანთი ხალხი?
6 მომავალ პატარძალს ბიბლიაში არა მარტო „ასული“, არამედ „მეფის ასულიც“ ეწოდება (ფსალმ. 45:13). ვინ არის ამ ბიბლიურ მუხლში მოხსენიებული „მეფე“? ამ კითხვაზე პასუხი ცხადი გახდება, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ცხებული ქრისტიანები იშვილა იეჰოვამ (რომ. 8:15—17). რაკიღა ცხებულები მომავალ ზეციერ პატარძალს წარმოადგენენ, მათ შემდეგი მითითება ეძლევათ: „დაივიწყე შენი ხალხი და მამაშენის [ხორციელი მამის] სახლი“. მათ უნდა იფიქრონ „ზეციერზე და არა მიწიერზე“ (კოლ. 3:1—4).
7. ა) როგორ ამზადებს ქრისტე თავის პატარძალს? ბ) როგორი დამოკიდებულება აქვს პატარძალს თავისი საქმროს მიმართ?
7 ქრისტე საუკუნეების განმავლობაში ამზადებს თავის პატარძალს ზეციური ქორწილისთვის. პავლე მოციქული წერდა: „ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის, რათა განეწმინდა იგი და გაესუფთავებინა სიტყვის საშუალებით წყალში განბანით, რომ საკუთარი თავისთვის წარედგინა კრება მთელი სიდიადით, რომელსაც არ ექნება ლაქა, ნაოჭი ან რაიმე მსგავსი, არამედ წმინდა და უმანკო იქნება“ (ეფეს. 5:25—27). მოციქულმა კორინთში მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანებს შემდეგი რამ მისწერა: „მოშურნე ვარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით, რადგან მე თვითონ დაგნიშნეთ ერთ კაცზე, რათა თქვენი თავი წმინდა ქალწულად წარვუდგინო ქრისტეს“ (2 კორ. 11:2). ნეფისთვის, იესო ქრისტესთვის ძალიან ძვირფასია მომავალი პატარძლის სულიერი „სილამაზე“. პატარძალი კი მას „ბატონს“ უწოდებს და „მდაბლად თაყვანს სცემს“ როგორც მომავალ მეუღლეს.
პატარძალი მეფესთან მიჰყავთ
8. რატომ შეეფერება პატარძალს სიტყვები „დიდებით არის მოსილი“?
8 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:13, 14ა. პატარძალი სამეფო ქორწილისთვის „დიდებით არის მოსილი“. გამოცხადების 21:2-ში მოხსენიებული პატარძალი ქმრისთვის არის მორთული და ქალაქთან, ახალ იერუსალიმთანაა შედარებული. ამ ზეციურ ქალაქს „ღვთის დიდება“ აქვს და ბზინავს „უძვირფასესი ქვასავით . . . როგორც გამჭვირვალე ბროლივით მბზინავი იასპი“ (გამოცხ. 21:10, 11). წიგნი „გამოცხადება“ ლამაზად აღგვიწერს ახალი იერუსალიმის დიდმშვენიერებას (გამოცხ. 21:18—21). მართლაც, რა კარგად გვიხატავს ფსალმუნების დამწერი პატარძალს, როცა ამბობს, რომ ის „დიდებით არის მოსილი“. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან სამეფო ქორწილი ხომ ზეცაში იმართება?!
9. ვინ არის „მეფე“, ვისაც პატარძალი მიუყვანეს და როგორ გამოიყურება პატარძალი?
9 ის, ვისთანაც პატარძალი მიჰყავთ, მესიის სამეფოს მეფეა. ის პატარძალს ამზადებს „სიტყვის საშუალებით წყალში განბანით“ ასუფთავებს და შედეგად პატარძალი „წმინდა და უმანკო“ ხდება (ეფეს. 5:26, 27). ამ მოვლენისთვის პატარძალი ღირსეულადაც უნდა გამოიყურებოდეს; და ის გამოიყურება კიდეც, რადგან ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „მისი ტანსაცმელი ოქროთია გაწყობილი“ და რომ მას „ნაქსოვ სამოსელში გამოწყობილს მიიყვანენ მეფესთან“. კრავის ქორწილისთვის „მას ნება მიეცა, ჩაეცვა მბრწყინავი და სუფთა, ძვირფასი სელის სამოსელი, რადგან ძვირფასი სელის სამოსელი წმინდების სიმართლის საქმეებს ნიშნავს“ (გამოცხ. 19:8).
დადგა ქორწილის დრო
10. როდის გაიმართება კრავის ქორწილი?
10 წაიკითხეთ გამოცხადების 19:7. საინტერესოა, როდის გაიმართება კრავის ქორწილი? როგორც ბიბლიიდან დავინახეთ, „მისი პატარძალი გაემზადა“ ქორწილისთვის, მაგრამ შემდეგი ბიბლიური მუხლები უშუალოდ ქორწილზე არ საუბრობს. ამ მუხლებში ნათლად და ცხადად არის აღწერილი დიდი გასაჭირის ბოლო ეტაპი (გამოცხ. 19:11—21). ნიშნავს ეს იმას, რომ ქორწილი მანამდე უნდა გაიმართოს, ვიდრე მეფე სრულად დაიპყრობს? არა, რადგან წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული მოვლენები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ არის წარმოდგენილი. 45-ე ფსალმუნი გვატყობინებს, რომ სამეფო ქორწილი მას შემდეგ გაიმართება, რაც მეფე, იესო ქრისტე, მახვილს შეიბამს და წარმატებას მოიპოვებს თავის მტრებზე (ფსალმ. 45:3, 4).
11. როგორი თანმიმდევრობით დაიპყრობს ქრისტე სრულად?
11 მაშასადამე, შეგვიძლია თამამად დავასკვნათ, რომ მოვლენები შემდეგი თანმიმდევრობით განვითარდება: უპირველესად, აღსრულდება განაჩენი „დიდ მეძავზე“, დიდ ბაბილონზე ანუ ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელზე (გამოცხ. 17:1, 5, 16, 17; 19:1, 2). შემდეგ ქრისტე ღვთის განაჩენს გამოუტანს სატანის ბოროტ ქვეყნიერებას და გაანადგურებს მას არმაგედონში, „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ (გამოცხ. 16:14—16; 19:19—21). ბოლოს მებრძოლი მეფე სრულად დაიპყრობს — სატანასა და მის დემონებს უფსკრულში ჩაყრის, სადაც ისინი სიკვდილის მსგავს უმოქმედო მდგომარეობაში იქნებიან (გამოცხ. 20:1—3).
12, 13. ა) როდის იქნება კრავის ქორწილი? ბ) ვინ გაიხარებს ზეცაში კრავის ქორწილით?
12 როდესაც ქრისტეს მოსვლის პერიოდში ცხებული ქრისტიანები მიწიერ ცხოვრებას ასრულებენ, ზეციური ცხოვრებით ჯილდოვდებიან. მაგრამ დიდი ბაბილონის განადგურების შემდეგ ქრისტე თავად შეაგროვებს პატარძლის კლასის დარჩენილ წევრებს (1 თეს. 4:16, 17). აქედან გამომდინარე, არმაგედონის დაწყებამდე პატარძლის კლასის ყველა წევრი ზეცაში შეიკრიბება. კრავის ქორწილი ამ ომის შემდეგ გაიმართება. ის ერთობ სასიხარულო მოვლენა იქნება. გამოცხადების 19:9-ში ვკითხულობთ: „ბედნიერნი არიან კრავის საქორწილო ვახშამზე მიწვეულნი“. ცხებული ქრისტიანები, პატარძლის კლასის წარმომადგენლები, ნამდვილად რომ ბედნიერები იქნებიან! მეფე ძალიან გაიხარებს, როდესაც ყველა ცხებული ქრისტიანი მის გვერდით იქნება და როცა ისინი სიმბოლური გაგებით შეჭამენ და დალევენ მის სუფრაზე, მის სამეფოში (ლუკ. 22:18, 28—30). თუმცა კრავის ქორწილით მხოლოდ ნეფე-პატარძალი როდი გაიხარებს.
13 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზეცაში უამრავი ხმა გაისმება და ისინი ერთხმად იმღერებენ: „ვიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ . . . [იეჰოვას], რადგან დადგა კრავის ქორწილის დრო და მისი პატარძალი გაემზადა“ (გამოცხ. 19:6, 7). მაგრამ საინტერესოა, შეუერთდებიან იეჰოვას მიწიერი მსახურები მათ ამ სიხარულში?
„სიხარულითა და მხიარულებით მოიყვანენ მათ“
14. ვინ არიან 45-ე ფსალმუნში მოხსენიებული პატარძლის „ქალწულები“?
14 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:12, 14ბ, 15. ზაქარიას წინასწარმეტყველების თანახმად, უკანასკნელ დროს ხალხს ყველა ერიდან სულიერი ისრაელის დარჩენილ ნაწილთან ერთად უნდა ეცა თაყვანი ღვთისთვის. ზაქარიამ დაწერა: „იმ დროს ყველა ენის ხალხიდან ათი კაცი მოეჭიდება იუდეველის კალთას და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქ. 8:23). ამ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულ „ათ კაცს“ ფსალმუნის 45:12-ში „ტვიროსის ასული“ და „მდიდარი ხალხი“ ეწოდება. მათ „ძღვენი“ მიაქვთ ცხებული ქრისტიანების დარჩენილ ნაწილთან ანუ მხარს უჭერენ მათ და იმის იმედი აქვთ, რომ ცხებული ქრისტიანები იეჰოვას მსახურებაში სულიერ დახმარებას გაუწევენ. 1935 წლიდან მოყოლებული ცხებულებმა მილიონობით ადამიანს გააგებინეს სიმართლე (დან. 12:3). ამ ხალხმა ანუ ცხებულთა ერთგულმა თანამსახურებმა „განწმინდეს“ თავიანთი ცხოვრება და სულიერი გაგებით ქალწულები გახდნენ. პატარძლის ამ „ქალწულებმა“ იეჰოვას მიუძღვნეს თავი და ერთგულება დაუმტკიცეს ნეფეს.
15. როგორ თანამშრომლობენ „ქალწულები“ პატარძლის კლასის დარჩენილ ნაწილთან?
15 პატარძლის კლასის დარჩენილი ნაწილი დიდად მადლიერია „ქალწულებისა“, რომლებიც შეუპოვრად ქადაგებენ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ . . . მთელ მსოფლიოში“ (მათ. 24:14). მხოლოდ „სული და პატარძალი“ როდი ამბობენ სიტყვას „მოდი!“, მომსმენიც ამბობს „მოდი!“ (გამოცხ. 22:17). დიახ ასეა, „სხვა ცხვარი“ ისმენს პატარძლის კლასის ნათქვამს „მოდი!“, სიხარულით უერთდება მას და მთელ მსოფლიოში გაისმის მათი ხმა „მოდი!“ (იოან. 10:16).
16. რა პატივი უბოძა იეჰოვამ „სხვა ცხვარს“?
16 დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულებს ძალიან უყვართ თავიანთი თანამსახურები და ბედნიერნი არიან, რომ ნეფის მამა, იეჰოვა, მათაც უბოძებს იმის პატივს, რომ ზეცაში გამართული კრავის ქორწილის სიხარული გაიზიარონ. წინასწარმეტყველების თანახმად, „ქალწულებს“ „სიხარულითა და მხიარულებით მიიყვანენ“. ნამდვილად, „სხვა ცხვარი“, რომელსაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვს, გაიზიარებს იმ დიდ სიხარულს, რომელიც ზეცაში გამართულ კრავის ქორწილს მოჰყვება. მართლაც რომ შესაფერისად წარმოგვიდგენს „უამრავ ხალხს“ წიგნი „გამოცხადება“, სადაც ნათქვამია, რომ ისინი „იდგნენ ტახტისა და კრავის წინ“. „სხვა ცხვარი“ დედამიწაზე წმინდა მსახურებას უსრულებს იეჰოვას სულიერი ტაძრის ეზოში (გამოცხ. 7:9, 15).
კრავის ქორწილი პატარძლის „ქალწულებს“ სიხარულს ჰგვრის (იხილეთ მე-16 აბზაცი)
„შენი წინაპრების ადგილს შენი ვაჟები დაიკავებენ“
17, 18. როგორ მოემსახურება კრავის ქორწილი ადამიანთა კეთილდღეობას და ვისი მამა გახდება ქრისტე ათასწლიანი პერიოდის განმავლობაში?
17 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:16. ქრისტეს პატარძლის „ქალწულებს“ ახალ ქვეყნიერებაში სიხარულის კიდევ უფრო მეტი მიზეზი ექნებათ, რადგან ნეფე-პატარძლის ქორწინება მრავალი ადამიანის კეთილდღეობას მოემსახურება. ნეფე თავის ყურადღებას დედამიწაზე გადმოიტანს და მკვდრეთით აღადგენს თავის მიწიერ „წინაპრებს“, რომლებიც მისი მიწიერი „ძეები“ გახდებიან (იოან. 5:25—29; ებრ. 11:35). ზოგ მათგანს ქრისტე „მთავრებად დანიშნავს მთელ დედამიწაზე“. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ქრისტე იმ ერთგულ უხუცესებსაც, რომლებიც დღეს ჩვენ გვერდით მსახურობენ, ახალ ქვეყნიერებაში ხელმძღვანელებად დანიშნავს (ეს. 32:1).
18 იესო ქრისტე ათასწლიანი მეფობის დროს სხვების მამაც გახდება. რეალურად, ყველა, ვინც მიიღებს იმ უძვირფასეს ძღვენს, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია, მიიღებს ამას მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენის გამოვლენის საფუძველზე (იოან. 3:16). ამგვარად იესო მათი „მარადიული მამა“ გახდება (ეს. 9:6, 7).
გვსურს, თაობიდან თაობას ვამცნოთ მისი სახელი
19, 20. როგორ ეხება ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს 45-ე ფსალმუნში ჩაწერილი მოვლენები?
19 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:1, 17. 45-ე ფსალმუნში აღწერილი მოვლენები ყველა ქრისტიანს ეხება. დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულთა დარჩენილ ნაწილს ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ მალე ზეცაში თავიანთი ძმებისა და ნეფის გვერდით იქნებიან. „სხვა ცხვარს“ დღეს ისე, როგორც არასდროს, სურს, დაემორჩილოს დიდებულ მეფეს, იესოს; ისინი აგრეთვე მადლიერნი არიან, რომ დედამიწაზე მყოფ პატარძლის კლასის დარჩენილ წევრებთან არიან და მათთან ერთად ემსახურებიან ღმერთს. ქორწილის შემდეგ ქრისტე და მისი თანამმართველები ენით აუწერელი კურთხევებით აავსებენ მთელ დედამიწას (გამოცხ. 7:17; 21:1—4).
20 რაკიღა ველით „კარგი საქმის“ შესრულებას, რომელიც მესიის სამეფოს მეფეს ეძღვნება, ნუთუ აღძრულნი არა ვართ, ყველას ვამცნოთ მისი სახელი?! დაე, თითოეული ჩვენგანი ვიყოთ მათ შორის, ვინც განადიდებს ამ დიდებულ მეფეს „სამარადისოდ, სამუდამოდ“!
-