-
იეჰოვას სიდიადე მიუწვდომელიასაგუშაგო კოშკი — 2004 | 15 იანვარი
-
-
იეჰოვას სიდიადე მიუწვდომელია
„დიდია უფალი და ქებულია ფრიად, და მისი სიდიადე მიუწვდომელია“ (ფსალმუნები 144:3).
1, 2. როგორი პიროვნება იყო დავითი და, ღმერთთან შედარებით, როგორ პიროვნებად მიიჩნევდა თავს?
ფსალმუნმომღერალი, რომელმაც 144-ე ფსალმუნი დაწერა, წარსულში მცხოვრები ერთ-ერთი ყველასთვის კარგად ცნობილი ადამიანია. სიყმაწვილეში მან აბჯარასხმული გოლიათი დაამარცხა და სიცოცხლეს გამოასალმა. წლების განმავლობაში ამ მებრძოლმა მეფემ უამრავ მტერს სძლია. მისი სახელია დავითი. ის ძველი ისრაელის მეორე მეფე იყო. დავითმა ღირსეული სახელი დაიმკვიდრა. მის შესახებ დღესაც კი მილიონობით ადამიანს სმენია.
2 ასეთი მიღწევების მიუხედავად, დავითი თავმდაბალი იყო. ის იეჰოვას უმღეროდა: „როცა შევხედავ შენს ცას — შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე: რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“ (ფსალმუნები 8:4, 5). დავითს დიდი წარმოდგენა არ ჰქონია თავის თავზე. ის აღიარებდა, რომ იეჰოვა იყო მტრების ხელიდან მისი დამხსნელი. დავითმა დაწერა: «ხსნის ფარს შენ მაძლევ და, შენი მოწყალება [„თავმდაბლობა“, აქ] განმადიდებს» (2 მეფეთა 22:1, 2, 36). იეჰოვა თავმდაბლობას ავლენს იმით, რომ ცოდვილი ადამიანების მიმართ გულმოწყალეა; და დავითი აფასებდა ღვთის დაუმსახურებელ წყალობას.
„აღგამაღლებ შენ, ჩემო ღმერთო და მეფეო“
3. ა) ვის მიიჩნევდა დავითი ისრაელის ჭეშმარიტ მეფედ? ბ) იეჰოვას განდიდების რამდენად ძლიერი სურვილი ჰქონდა დავითს?
3 მიუხედავად იმისა, რომ დავითი ღვთის მიერ იყო გამეფებული, ისრაელის ჭეშმარიტ მეფედ ის იეჰოვას მიიჩნევდა. დავითმა თქვა: „შენია, უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად“ (1 ნეშტთა 29:11). დავითი პატივს სცემდა ღვთის მმართველობას. „აღგამაღლებ შენ, ჩემო ღმერთო და მეფეო, — მღეროდა ის, — და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე. ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალმუნები 144:1, 2). დავითს ძლიერი სურვილი ჰქონდა ყოველდღე, მარადიულად განედიდებინა იეჰოვა.
4. რომელი ბრალდებების სიცრუეს ააშკარავებს 144-ე ფსალმუნი?
4 ას ორმოცდამეოთხე ფსალმუნი ძლიერი არგუმენტია სატანის განაცხადის წინააღმდეგ, რომ ღმერთი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და თავისუფლებას ართმევს თავის ქმნილებებს (დაბადება 3:1—5). გარდა ამისა, ეს ფსალმუნი ააშკარავებს სატანის სიტყვების სიცრუეს, რომ ღმერთს თავისი ქმნილებები მხოლოდ გამორჩენისთვის ემსახურებიან და არა სიყვარულის გამო (იობი 1:9—11; 2:4, 5). დავითის მსგავსად, ქრისტიანები დღესაც ნათელყოფენ სატანის ბრალდებების უსაფუძვლობას. მათთვის ძვირფასია ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით მარადიული სიცოცხლის იმედი, რადგან ძლიერი სურვილი აქვთ, მარადიულად განადიდონ იეჰოვა. დღეს იეჰოვას უკვე მილიონობით ადამიანი განადიდებს. ისინი რწმენას ავლენენ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი და სიყვარულით, მორჩილად ემსახურებიან იეჰოვას, როგორც მისდამი მიძღვნილი, მონათლული მსახურები (რომაელთა 5:8; 1 იოანე 5:3).
5, 6. ღვთის განდიდების რა შესაძლებლობები გვეძლევა?
5 დავფიქრდეთ, იეჰოვას მსახურებს მისი განდიდების რამდენი შესაძლებლობა გვეძლევა. შეგვიძლია ლოცვით განვადიდოთ იეჰოვა, როცა მის სიტყვაში, ბიბლიაში, ისეთ რამეს ვკითხულობთ, რაც ჩვენს გულს ეხება. გარდა ამისა, ღვთისადმი მადლიერება შეგვიძლია გამოვხატოთ, როდესაც ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის, თუ როგორ ეპყრობა ღმერთი თავის ხალხს ან როდესაც მისი სასწაულებრივი ქმნილებებით განსაკუთრებით ვიხიბლებით. იეჰოვა თანამორწმუნეებთან ერთად ქრისტიანულ შეხვედრებზე თუ პირად საუბრებში მის განზრახვებზე ლაპარაკითაც შეგვიძლია განვადიდოთ. ფაქტობრივად, ჩვენს ნებისმიერ „კეთილ საქმეს“, რომელიც ღვთის სამეფოს ინტერესებს ემსახურება, დიდება მოაქვს იეჰოვასთვის (მათე 5:16).
6 ასეთი კეთილი საქმეების მაგალითია ის, რომ უკანასკნელ წლებში იეჰოვას ხალხმა ღარიბ ქვეყნებში ღვთის თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი მრავალი დარბაზი ააშენა. მათი უმრავლესობა აშენდა სხვა ქვეყნებში მცხოვრები თანამორწმუნეების ფინანსური მხარდაჭერით. ზოგი ქრისტიანი თანამორწმუნეთა დასახმარებლად მოხალისედ მსახურობს სხვა ქვეყნებში სამეფო დარბაზების მშენებლობაზე. და მაინც, უმთავრესი კეთილი საქმე სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებით იეჰოვას განდიდებაა (მათე 24:14). როგორც 144-ე ფსალმუნიდან ვხედავთ, დავითი აფასებდა ღვთის მმართველობას და განადიდებდა მის მეფობას (ფსალმუნები 144:11, 12). თქვენც აფასებთ იმას, რომ ღმერთი ჩვენი მოსიყვარულე მმართველია? რეგულარულად საუბრობთ ხალხთან მისი სამეფოს შესახებ?
ღვთის სიდიადის მაგალითები
7. მოიყვანეთ ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნდა განვადიდოთ იეჰოვა.
7 ფსალმუნების 144:3-ში მოცემულია ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნდა განვადიდოთ იეჰოვა. დავითი ამბობს: „დიდია უფალი და ქებულია ფრიად, და მისი სიდიადე მიუწვდომელია“. იეჰოვას სიდიადეს საზღვარი არა აქვს. ადამიანისთვის შეუძლებელია ბოლომდე ჩასწვდეს მას. მიუხედავად ამისა, სარგებლობას მოგვიტანს იეჰოვას მიუწვდომელი სიდიადის რამდენიმე მაგალითის განხილვა.
8. რას ცხადყოფს სამყარო იეჰოვას სიდიადესა და ძალაზე?
8 გაიხსენეთ შემთხვევა, როცა ვარსკვლავებით მოჭედილ უღრუბლო ცას უყურებდით. განა შთამბეჭდავი სანახაობა არ იყო? განა არ აღიძარით, განგედიდებინათ იეჰოვა ციური სხეულების შექმნისთვის, რაც მის სიდიადეზე მეტყველებს? ის, რაც თქვენ დაინახეთ, ვარსკვლავების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო. როგორც ვარაუდობენ, სამყაროში ას მილიარდზე მეტი გალაქტიკაა. ჩვენ კი ტელესკოპის გარეშე მხოლოდ სამი მათგანის დანახვა შეგვიძლია. დიახ, ვარსკვლავები და გალაქტიკები, რომლებიც უკიდეგანო სამყაროს ქმნის, მართლაც რომ შესანიშნავად ცხადყოფს იეჰოვას შემოქმედებით ძალასა და მიუწვდომელ სიდიადეს (ესაია 40:26).
9, 10. ა) იეჰოვას სიდიადის რა მხარეები გამოვლინდა იესო ქრისტესთან დაკავშირებით? ბ) რა გავლენა უნდა იქონიოს იესოს მკვდრეთით აღდგენამ ჩვენს რწმენაზე?
9 განვიხილოთ იეჰოვას სიდიადის სხვა მხარეებიც, რომლებიც იესო ქრისტეს უკავშირდება. ღვთის სიდიადე იმით გამოვლინდა, რომ მან სიცოცხლე მისცა თავის პირველ ქმნილებას, მხოლოდშობილ ძეს და მრავალი წლის მანძილზე მას თავის „ოსტატად“ იყენებდა (იგავები 8:22—31, სსგ). იეჰოვამ სიდიადე და უდიდესი სიყვარული მაშინაც გამოავლინა, როცა კაცობრიობის გამოსასყიდ მსხვერპლად გაიღო მხოლოდშობილი ძე (მათე 20:28; იოანე 3:16; 1 იოანე 2:1, 2). ჩვენს გაგებას აღემატება ის, რომ იეჰოვამ იესოს დიდებული, უკვდავი სულიერი სხეული მისცა მკვდრეთით აღდგენის შემდეგ (1 პეტრე 3:18).
10 იესოს მკვდრეთით აღდგენასთან იეჰოვას მიუწვდომელი სიდიადის მრავალი შთამბეჭდავი მხარეა დაკავშირებული. უეჭველია, ღმერთმა იესოს მეხსიერებაში აღადგინა ყველაფერი, რაც კი ყოველივე უხილავის თუ ხილულის შექმნას უკავშირდებოდა (კოლასელთა 1:15, 16). ეს გულისხმობს სულიერი ქმნილებების, სამყაროს, დედამიწისა და ჩვენს პლანეტაზე არსებული სიცოცხლის ნებისმიერი ფორმის შექმნას. იეჰოვამ თავის ძეს გაახსენა ზეციერი ცხოვრება და ის, რაც დედამიწაზე ხდებოდა მის მოსვლამდე; გარდა ამისა, მეხსიერებაში აღუდგინა ყველაფერი, რაც დედამიწაზე მის სრულყოფილ ადამიანად ცხოვრებას ეხებოდა. დიახ, იესოს მკვდრეთით აღდგომაში იეჰოვას მიუწვდომელი სიდიადე გამოვლინდა. უფრო მეტიც, ეს დიდებული მოვლენა იმის გარანტიაა, რომ სხვებიც აღდგებიან. მან რწმენა უნდა განგვიმტკიცოს, რომ ღმერთი აღადგენს მილიონობით გარდაცვლილ ადამიანს, რომლებიც მის სრულყოფილ მეხსიერებაში არიან (იოანე 5:28, 29; საქმეები 17:31).
ღვთის სასწაულებრივი და ძლიერი საქმეები
11. რა სასწაულებრივი საქმე მოიმოქმედა იეჰოვამ, დაწყებული ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან?
11 იესოს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, იეჰოვამ სხვა არაერთი სასწაულებრივი საქმე მოიმოქმედა (ფსალმუნები 39:6). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მან დასაბამი მისცა ახალ ერს, „ღვთის ისრაელს“, რომელსაც ქრისტეს ცხებული მიმდევრები შეადგენენ (გალატელთა 6:16). ეს ახალი სულიერი ერი სასწაულებრივად გაიზარდა რიცხობრივად იმდროინდელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს მოციქულების სიკვდილის შემდეგ განდგომილებამ მოიკიდა ფეხი და, შედეგად, ქრისტიანული სამყარო ჩამოყალიბდა, იეჰოვამ თავისი განზრახვის განსახორციელებლად კვლავაც განაგრძო სასწაულებრივი საქმეების კეთება.
12. რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბიბლია დღეს მრავალ ენაზეა ნათარგმნი?
12 მაგალითად, მან იზრუნა იმაზე, რომ ბიბლია დღემდე შემონახულიყო და მსოფლიოს ყველა ძირითად ენაზე თარგმნილიყო. ბიბლია ხშირად ურთულეს მდგომარეობაში ითარგმნებოდა. მთარგმნელების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდნენ სატანის მიმდევრები. შეუძლებელი იქნებოდა 2 000-ზე მეტ ენაზე ბიბლიის თარგმნა, ეს რომ არ განეზრახა იეჰოვას — ღმერთს, რომლის სიდიადეც მიუწვდომელია.
13. როგორ გამოვლინდა იეჰოვას სიდიადე 1914 წლიდან მის სამეფოსთან დაკავშირებით?
13 იეჰოვას სიდიადე ღვთის სამეფოსთან დაკავშირებითაც გამოვლინდა. მაგალითად, 1914 წელს მან თავისი ძე, იესო ქრისტე, ამ სამეფოს ზეციერ ტახტზე აიყვანა. მალე იესომ სატანისა და მისი დემონების წინააღმდეგ გაილაშქრა და ზეციდან გამოდევნა ისინი. მათი მოქმედების საზღვრები დედამიწით შემოიფარგლა, მაგრამ სულ უფრო მეტად ახლოვდება დრო, როდესაც უფსკრულში იქნებიან ჩაყრილნი (გამოცხადება 12:9—12; 20:1—3). 1914 წელს მომხდარი მოვლენების შემდეგ იესოს ცხებული მიმდევრების სასტიკი დევნა დაიწყო, მაგრამ იეჰოვა განსაკუთრებულად უჭერს მათ მხარს იმ დროიდან, რაც ქრისტე უხილავად უკვე მოსულია (მათე 24:3; გამოცხადება 12:17).
14. რა სასწაულებრივი საქმე გააკეთა იეჰოვამ 1919 წელს და რა მოჰყვა ამას?
14 თავისი სიდიადე იეჰოვამ სხვა სასწაულებრივი საქმითაც გამოავლინა. 1919 წელს მან იესოს ცხებული მიმდევრები სულიერი უმოქმედობიდან გამოაცოცხლა (გამოცხადება 11:3—11). იმ დროიდან მოყოლებული ცხებული ქრისტიანები გულმოდგინედ ქადაგებენ ზეცაში დამყარებული ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას. მას შემდეგ შეიკრიბნენ სხვა ცხებული ქრისტიანებიც და მათი სრული რიცხვი, 144 000, შეივსო (გამოცხადება 14:1—3). ქრისტეს ცხებული მიმდევრების მეშვეობით იეჰოვამ საფუძველი ჩაუყარა „ახალ მიწას“, ანუ მართალ ადამიანთა საზოგადოებას (გამოცხადება 21:1). მაგრამ რა დაემართება „ახალ მიწას“, როცა ყველა ერთგული ცხებული ქრისტიანი ზეცაში წავა?
15. რა საქმეს უდგანან სათავეში ცხებული ქრისტიანები და რა არის შედეგი?
15 „საგუშაგო კოშკის“ 1935 წლის 1 აგვისტოსა და 15 აგვისტოს ნომრებში მოცემული იყო ორი მნიშვნელოვანი სტატია გამოცხადების მე-7 თავში მოხსენიებულ „უამრავ ხალხთან“ დაკავშირებით. ცხებულმა ქრისტიანებმა გულმოდგინედ დაიწყეს „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ იმ ადამიანების ძებნა და შეკრება, რომლებიც მათ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში შეუერთდებოდნენ. ეს „უამრავი ხალხი“ მოახლოებულ „დიდ გასაჭირს“ გადაიტანს და, როგორც „ახალი მიწის“ მუდმივი წევრები, მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე (გამოცხადება 7:9—14). სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმიანობის შედეგად, რომელსაც სათავეში ცხებული ქრისტიანები უდგანან, უკვე ექვს მილიონზე მეტ ადამიანს აქვს დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის იმედი. ვინ იმსახურებს ქებას იმისათვის, რომ სატანისა და მისი ქვეყნიერების წინააღმდეგობის მიუხედავად, ღვთის ხალხის რიცხვი იზრდება? (1 იოანე 5:19). მხოლოდ იეჰოვას შეეძლო ამის გაკეთება თავისი სულიწმიდის მეშვეობით (ესაია 60:22; ზაქარია 4:6).
იეჰოვას ‘დიდმშვენიერება და დიდება’
16. რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს პირდაპირი გაგებით იხილონ იეჰოვას ‘დიდმშვენიერება და დიდება’?
16 იეჰოვას სასწაულებრივი და ძლიერი საქმეები არასდროს ეძლევა დავიწყებას. დავითი წერდა: „თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ. შენს დიდმშვენიერებაზე, შენს დიდებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ. შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ“ (ფსალმუნები 144:4—6). მაგრამ როგორ შეეძლო დავითს ბევრი რამ სცოდნოდა იეჰოვას „დიდმშვენიერებაზე“, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ „ღმერთი არის სული“ და, აქედან გამომდინარე, ადამიანისთვის უხილავია? (იოანე 1:18; 4:24).
17, 18. რა ეხმარებოდა დავითს იეჰოვას ‘დიდმშვენიერებისა და დიდების’ დანახვაში?
17 მართალია, დავითი ღმერთს პირდაპირი გაგებით ვერ ხედავდა, მაგრამ მას შეეძლო სხვადასხვა გზით დაენახა იეჰოვას დიდება. მაგალითად, მას შესაძლებლობა ჰქონდა, საღვთო წერილში წაეკითხა ღვთის ძლიერი საქმეების შესახებ, მათ შორის ის, თუ როგორ გაანადგურა ღმერთმა ბოროტი წუთისოფელი მსოფლიო წარღვნით. დავითს ისიც ეცოდინებოდა, როგორ დამცირდნენ ეგვიპტის ცრუ ღმერთები, როცა ღმერთმა ისრაელები ეგვიპტიდან გაათავისუფლა. ეს მოვლენები იეჰოვას დიდებასა და სიდიადეზე მოწმობდნენ.
18 უეჭველია, იეჰოვას დიდების დანახვის შესაძლებლობას დავითს, წმინდა წერილების კითხვასთან ერთად, წაკითხულზე დაფიქრებაც აძლევდა. ის, ალბათ, ფიქრობდა იმაზე, თუ რა მოხდა, როცა იეჰოვამ რჯული მისცა ისრაელებს. როგორც ბიბლიაშია აღწერილი, იმ დროს იყო „გრგვინვა და ელვა და ქუფრი ღრუბელი მთაზე, და საყვირის ხმა მეტად ძლიერი“. სინის მთა ირყეოდა და ბოლავდა. მთის ძირას შეკრებილმა ისრაელებმა ცეცხლის შუაგულიდან გაიგონეს კიდეც „ათი მცნება“, როცა იეჰოვა ანგელოზის მეშვეობით ლაპარაკობდა (მეორე რჯული 4:32—36; 5:22—24; 10:4; გამოსვლა 19:16—20; საქმეები 7:38, 53). მაშინ ნამდვილად სასწაულებრივად გამოვლინდა იეჰოვას დიდებულება. მათზე, ვისაც ღვთის სიტყვა უყვარს და ვინც ფიქრობს ამ მოვლენებზე, უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს იეჰოვას ‘დიდმშვენიერება და დიდება’. დღეს ჩვენ ბიბლიის სხვა წიგნების კითხვაც შეგვიძლია. ზოგ მათგანში მოცემულია შთამბეჭდავი ხილვები, რომლებიც იეჰოვას დიდებულების უკეთ დანახვაში დაგვეხმარება (ეზეკიელი 1:26—28; დანიელი 7:9, 10; გამოცხადება, თავი 4).
19. რა დაგვეხმარება იეჰოვას დიდების დანახვაში?
19 დავითს ღვთის დიდების დანახვაში ისრაელისთვის მიცემული რჯულის შესწავლაც დაეხმარებოდა (მეორე რჯული 17:18—20; ფსალმუნები 18:8—12). იეჰოვას რჯულისადმი მორჩილება განადიდებდა და სხვა ერებისგან გამოყოფდა ისრაელს (მეორე რჯული 4:6—8). დავითის მსგავსად, საღვთო წერილის რეგულარული კითხვა, შესწავლა და წაკითხულზე დაფიქრება ჩვენც დაგვეხმარება იეჰოვას დიდების უკეთ დანახვასა და დაფასებაში.
ღვთის დიდებული თვისებები
20, 21. ა) იეჰოვას რომელ თვისებებთანაა დაკავშირებული მისი სიდიადე 144-ე ფსალმუნის მე-7—9 მუხლებში? ბ) რა გავლენას ახდენს ღვთის ზემოხსენებული თვისებები მათზე, ვისაც ღმერთი უყვარს?
20 როგორც უკვე განვიხილეთ, 144-ე ფსალმუნის პირველ ექვს მუხლში მოცემულია საფუძვლიანი მიზეზები, რომ იეჰოვა თავისი მიუწვდომელი სიდიადისთვის განვადიდოთ. მე-7—9 მუხლებში იეჰოვას განსადიდებლად ყურადღება მის თვისებებზეა გამახვილებული. დავითი მღერის: «ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას [„სიკარგისას“, აქ] გამოთქვამენ, და შენს სიმართლეს უმღერებენ. გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე. კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე».
21 დავითი უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იეჰოვას სიკარგესა და სიმართლეზე — თვისებებზე, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენა სატანა ეშმაკმა. რა გავლენას ახდეს ღვთის ეს თვისებები მათზე, ვისაც უყვარს ღმერთი და მის მმართველობას ემორჩილება? იეჰოვას სიკარგე და მისი სამართლიანი მმართველობა ღვთის თაყვანისმცემლებს უდიდეს სიხარულს ანიჭებს, რის გამოც ისინი ღმერთს განუწყვეტლივ განადიდებენ. იეჰოვა ‘კარგია ყველას მიმართ’. ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ ბევრს დაეხმარება, მოინანიონ და ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემლები გახდნენ, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო (საქმეები 14:15—17).
22. როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის მსახურებს?
22 დავითი ღვთის იმ თვისებებსაც აფასებდა, რომლებზეც იეჰოვამ თვითონ გაამახვილა ყურადღება, როდესაც «გაიარა . . . [მოსეს] წინაშე და წარმოთქვა: „უფალი, უფალი, ღმერთი შემბრალე და მოწყალე, სულგრძელი და დიდად მოწყალე, და ჭეშმარიტი“» (გამოსვლა 34:6). ამიტომაც, დავითს შეეძლო ეთქვა: „გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე“. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას სიდიადე მიუწვდომელია, ის პატივისცემით ეპყრობა თავის მიწიერ მსახურებს და მათდამი გულმოწყალებას ავლენს. ის საოცრად შემბრალეა და მზადაა, იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე მიუტევოს ცოდვილებს დანაშაული, როცა ინანიებენ. გარდა ამისა, იეჰოვა სულგრძელია. ის თავის მსახურებს შესაძლებლობას აძლევს, დაძლიონ სისუსტეები, რომლებიც მათ ხელს შეუშლიდა სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში გადასვლაში (2 პეტრე 3:9, 13, 14).
23. ღვთის რომელ მნიშვნელოვან თვისებას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
23 დავითი ხოტბას ასხამს იეჰოვას კიდევ ერთ თვისებას, სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს ანუ ურყევ სიყვარულს (ებრ. „ხესედ“), რომელიც 144-ე ფსალმუნში „მოწყალებად“ არის ნათარგმნი. შემდგომ მუხლებში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ ავლენს იეჰოვა ამ თვისებას და რა გავლენას ახდენს ის მის ერთგულ მსახურებზე. მომდევნო სტატიაში სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ.
-
-
იეჰოვა ერთგულებასა და სიყვარულს ავლენსსაგუშაგო კოშკი — 2004 | 15 იანვარი
-
-
იეჰოვა ერთგულებასა და სიყვარულს ავლენს
‘უფალი [„იეჰოვა“, აქ] დიდად მოწყალეა [ებრ. „ხესედ“]’ (ფსალმუნები 144:8).
1. რამდენად მოსიყვარულეა ღმერთი?
„ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ეს გულში ჩამწვდომი სიტყვები იმას ადასტურებს, რომ იეჰოვას მმართველობა სიყვარულზეა დაფუძნებული. იეჰოვას მიერ სიყვარულით შექმნილ მზესა და წვიმას სარგებლობა მათთვისაც კი მოაქვს, ვინც ღვთისადმი მორჩილებას არ ავლენს (მათე 5:44, 45). კაცობრიობისადმი სიყვარულიდან გამომდინარე, ღმერთი თავის მტრებსაც კი აძლევს მონანიების, მასთან დაახლოებისა და მარადიული სიცოცხლის მოპოვების შესაძლებლობას (იოანე 3:16). მაგრამ იეჰოვა მალე მიწის პირისგან აღგვის მათ, ვინც არ მოინანიებს, რათა ყველამ, ვისაც ღმერთი უყვარს, სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლით გაიხაროს (ფსალმუნები 36:9—11, 29; 2 პეტრე 3:13).
2. როგორ სიყვარულს ავლენს იეჰოვა ერთგული თაყვანისმცემლებისადმი?
2 თავისი თაყვანისმცემლებისადმი იეჰოვა განუწყვეტლივ ავლენს განსაკუთრებულ სიყვარულს. ასეთ სიყვარულზე მიუთითებს ებრაული სიტყვა „ხესედ“. ამ სიტყვის უფრო ზუსტი თარგმანი იქნებოდა „სიყვარულით გამოვლენილი სიკეთე“ ან „ერთგული ანუ ურყევი სიყვარული“. ძველი ისრაელის მეფე, დავითი, ძალიან აფასებდა ღვთის ამ თვისებას. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე თუ სხვებისადმი ღვთის დამოკიდებულებაზე დაფიქრების შედეგად, დავითს შეეძლო დარწმუნებით ეთქვა, რომ იეჰოვა უხვად ავლენს ასეთ სიყვარულს (ფსალმუნები 144:8).
ღვთის ერთგული თაყვანისმცემლების ამოცნობა
3, 4. ა) როგორ გვეხმარება 144-ე ფსალმუნი იეჰოვას ერთგულ მსახურთა ამოცნობაში? ბ) როგორ „აკურთხებენ“ ღმერთს მისი ერთგული მსახურები?
3 წინასწარმეტყველ სამუელის დედამ, ხანამ, იეჰოვას შესახებ თქვა, რომ ის «თავის წმიდათა [„ერთგულთა“, აქ] ნაბიჯებს იცავს» (1 მეფეთა 2:9). ვინ არიან ეს „ერთგულები“? პასუხს მეფე დავითის სიტყვებიდან ვიღებთ. იეჰოვას გასაოცარი თვისებებისთვის ხოტბის შესხმის შემდეგ ის ამბობს: «შენი უბიწონი გადიდებენ [„ერთგულნი გაკურთხებენ“, აქ] შენ» (ფსალმუნები 144:10 [145:10]). როგორ უნდა აკურთხონ ღმერთი ადამიანებმა? უპირველესად, ხოტბის შესხმითა და საკუთარი ბაგეებით განდიდებით.
4 იეჰოვას ერთგულები იმით ამოიცნობიან, რომ ბაგეებს მის განსადიდებლად იყენებენ. ძირითადად რაზე საუბრობენ და მსჯელობენ ისინი ერთად ყოფნისა და ქრისტიანული შეხვედრების დროს? ცხადია, იეჰოვას სამეფოზე! ღვთის ერთგული მსახურები უერთდებიან მეფე დავითს, რომელიც მღეროდა: „შენი [იეჰოვას] მეფობის დიდებას იტყვიან, და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ“ (ფსალმუნები 144:11).
5. საიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება, როცა თავისი ერთგული მსახურები განადიდებენ?
5 ისმენს იეჰოვა, როდესაც თავისი ერთგული მსახურები ხოტბას ასხამენ? დიახ, ის ყურადღებას აქცევს მათ სიტყვებს. ჩვენი დროის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში მალაქიამ დაწერა: „როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლისმოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის“ (მალაქია 3:16). იეჰოვას სიამოვნებს, როცა თავისი ერთგული თაყვანისმცემლები ხოტბას ასხამენ, და არასდროს ივიწყებს მათ.
6. რით ამოიცნობიან ღვთის ერთგული თაყვანისმცემლები?
6 იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემლები იმითაც ამოიცნობიან, რომ გამბედაობას ავლენენ და საკუთარი ინიციატივით ელაპარაკებიან მათ, ვინც ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელი არ არის. დიახ, ღვთის ერთგული მსახურები ‘ადამის ძეთ ღვთის სიძლიერესა და მისი მეფობის ბრწყინვალე დიდებას ამცნობენ’ (ფსალმუნები 144:12). ცდილობთ თქვენც ყოველი შესაძლებლობის გამოყენებას, რომ სხვებთან იეჰოვას მეფობაზე ისაუბროთ? ადამიანთა მთავრობები მალე აღარ იარსებებს, იეჰოვას მმართველობას კი დასასრული არ ექნება (1 ტიმოთე 1:17). დრო არ ითმენს; ადამიანებმა უნდა გაიგონ იეჰოვას მარადიული მეფობის შესახებ და მხარი უნდა დაუჭირონ მას. „შენი მეფობა — მეფობა ყველა საუკუნისა, — მღეროდა დავითი, — და შენი ბატონობა — თაობებში“ (ფსალმუნები 144:13).
7, 8. რა მოხდა 1914 წელს და რა ადასტურებს იმას, რომ ღმერთი დღეს თავისი ძის სამეფოს მეშვეობით მმართველობს?
7 იეჰოვას მსახურებს 1914 წლიდან მისი მეფობის შესახებ საუბრის უფრო მეტი მიზეზი აქვთ. იმ წელს ღმერთმა დაამყარა ზეციერი მესიანური სამეფო, რომლის ტახტზეც იესო ქრისტე, დავითის ძე, ავიდა. იეჰოვამ ამგვარად შეასრულა თავისი პირობა, რომ დავითის მეფობას სამუდამოდ განამტკიცებდა (2 მეფეთა 7:12, 13; ლუკა 1:32, 33).
8 იეჰოვა დღეს თავისი ძის, იესო ქრისტეს, სამეფოს მეშვეობით მმართველობს. ამის დამადასტურებელია იმ ნიშნის შესრულება, რომელიც მოწმობს, რომ იესო უკვე მოსულია. ნიშნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის საქმეა, რომელიც, იესო ქრისტეს სიტყვების თანახმად, ღვთის ყველა ერთგულ მსახურს უნდა შეესრულებინა. იესომ იწინასწარმეტყველა: «ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე [„სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“, აქ] მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული» (მათე 24:3—14). ღვთის ერთგული მსახურები მართლაც რომ გულმოდგინედ ასრულებენ იესოს წინასწარმეტყველებას. ამის შედეგია ის, რომ დღეს უკვე ექვს მილიონზე მეტი მამაკაცი, ქალი და ბავშვია ჩაბმული სამქადაგებლო საქმიანობაში, რომელიც არასდროს განმეორდება. მალე იეჰოვას სამეფოს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ბოლო მოეღება (გამოცხადება 11:15, 18).
იეჰოვას მმართველობის მიერ მოტანილი სარგებლობა
9, 10. როგორ განსხვავდება იეჰოვა მიწიერი მმართველებისგან?
9 ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანებისთვის მრავალი კურთხევა მოაქვს უზენაეს უფალ იეჰოვასთან ურთიერთობას (ფსალმუნები 70:5; 115:3). მაგალითად, თუ ღვთისმოშიშებას ვავლენთ და ცხოვრებაში სამართლიანი პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, იეჰოვას კეთილგანწყობილებასა და მასთან სულიერ სიახლოვეს ვგრძნობთ (საქმეები 10:34, 35; იაკობი 4:8). მიწიერ მმართველებს კი, ძირითადად, გამოჩენილ ადამიანებთან — ცნობილ სამხედრო პირებთან, მდიდარ ბიზნესმენებთან და სპორტსმენებთან თუ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებთან აქვთ ურთიერთობა. აფრიკული გაზეთის „სოუვეტანის“ თანახმად, ერთმა ცნობილმა სახელმწიფო მოღვაწემ თავისი ქვეყნის ღარიბი დასახლებების შესახებ თქვა: „გასაგებია, რომ უმრავლესობას ასეთ უბნებში გავლაც კი არ გვსურს, რადგან გვინდა დავივიწყოთ, რომ სადღაც ასეთი მდგომარეობა არსებობს. ამ დროს სინდისი გვქენჯნის და თავს უხერხულად ვგრძნობთ, რომ ძვირადღირებულ მანქანებში ვსხედვართ“.
10 ცხადია, ზოგი სახელმწიფო მოღვაწე გულწრფელადაა დაინტერესებული ხალხის კეთილდღეობით. მაგრამ ფაქტია, რომ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებს ის პოლიტიკოსებიც კი არ იცნობენ ახლოს, რომლებსაც ყველაზე კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ. საინტერესოა, არსებობს ისეთი მმართველი, რომელიც იმდენად ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, რომ გასაჭირში დაუყოვნებლივ მათ გვერდითაა? დიახ. დავითი წერდა: „უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა“ (ფსალმუნები 144:14).
11. რა განსაცდელებს ხვდებიან ღვთის ერთგული მსახურები და როგორ ეხმარება მათ ღმერთი?
11 იეჰოვას ერთგული მსახურები მრავალ განსაცდელს ხვდებიან საკუთარი არასრულყოფილებისა და „ბოროტის“, ანუ სატანის, ძალაუფლებაში მყოფ წუთისოფელში ცხოვრების გამო (1 იოანე 5:19, აქ; ფსალმუნები 33:20). ქრისტიანები იდევნებიან; ზოგი მათგანი ქრონიკული ავადმყოფობით იტანჯება ან ახლობლის სიკვდილის გამოა დამწუხრებული. ზოგჯერ საკუთარი შეცდომებია იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემელთა ‘წელში მოხრისა’ და გულგატეხილობის მიზეზი. რა განსაცდელსაც უნდა შეხვდნენ, იეჰოვა ყოველთვის მზად არის, ანუგეშოს და სულიერად განამტკიცოს თითოეული მათგანი. იეჰოვას მსგავსად, მეფე იესო ქრისტეც ასეთივე სიყვარულსა და ინტერესს ავლენს ერთგული მიმდევრების მიმართ (ფსალმუნები 71:12—14).
დროულად მოწოდებული დამაკმაყოფილებელი საზრდო
12, 13. როგორ აკმაყოფილებს იეჰოვა „ყოველ სულდგმულს“?
12 სიყვარულით ნაკარნახევი სიკეთიდან გამომდინარე, იეჰოვა ყოველმხრივ აკმაყოფილებს თავის მსახურთა მოთხოვნილებებს. ეს მათი ფიზიკური საზრდოთი უზრუნველყოფასაც გულისხმობს. მეფე დავითი წერდა: „ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე. აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს“ (ფსალმუნები 144:15, 16). იეჰოვას შეუძლია იზრუნოს იმაზე, რომ მის ერთგულ მსახურებს გასაჭირშიც კი ჰქონდეთ „დღეისთვის სამყოფი პური“ (ლუკა 11:3, აქ; 12:29, 30).
13 როგორც დავითი აღნიშნავს, იეჰოვა „ყოველ სულდგმულს“ აკმაყოფილებს; მათ შორის ცხოველებსაც. ხმელეთზე და წყალში მცენარეულობა რომ არ ყოფილიყო, თევზებს, ფრინველებსა და ხმელეთზე მცხოვრებ ცხოველებს არც ჟანგბადი ექნებოდათ და არც საკვები (ფსალმუნები 103:14). იეჰოვამ იზრუნა მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე.
14, 15. როგორ გვაძლევს იეჰოვა სულიერ საზრდოს?
14 ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანებს სულიერი მოთხოვნილებები გვაქვს (მათე 5:3). იეჰოვა ერთგული მსახურების სულიერ მოთხოვნილებებს სასწაულებრივად აკმაყოფილებს. სიკვდილამდე იესომ თავის მიმდევრებს აღუთქვა, რომ მათ ‘ერთგული და გონიერი მონა დროულად მისცემდა სულიერ საზრდოს’ (მათე 24:45). „ერთგული და გონიერი მონის“ კლასს დღეს 144 000 ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილი ნაწილი ქმნის. მათი მეშვეობით იეჰოვა ნამდვილად უხვად გვაძლევს სულიერ საზრდოს.
15 მაგალითად, იეჰოვას მოწმეთა უმრავლესობისთვის მშობლიურ ენაზეა ხელმისაწვდომი ბიბლიის ახალი და ზუსტი თარგმანი. „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მართლაც რომ დიდი კურთხევაა. ბიბლიების გარდა, 300-ზე მეტ ენაზე იბეჭდება ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელოების მილიონობით ეგზემპლარი. ასეთი სულიერი საზრდოთი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში არიან კურთხეულნი. ვისი დამსახურებაა ეს ყოველივე? იეჰოვა ღმერთის. ის უდიდეს სიყვარულს ავლენს იმით, რომ მონის კლასის მეშვეობით „თავის დროზე“ გვაძლევს საზრდოს. ეს შესაძლებლობას იძლევა, რომ ამჟამად არსებულ სულიერ სამოთხეში „ყოველი სულდგმული“ დაკმაყოფილდეს. გარდა ამისა, იეჰოვას მსახურებისთვის უდიდესი სიხარულის წყაროა იმედი იმისა, რომ მალე მთელი დედამიწა ნამდვილ სამოთხედ გადაიქცევა (ლუკა 23:42, 43, აქ).
16, 17. ა) რომელმა მაგალითებმა ცხადყო, რომ იეჰოვა თავის დროზე გვაძლევს სულიერ საზრდოს? ბ) როგორ აღწერს 144-ე ფსალმუნი სატანის მიერ წამოჭრილ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით ღვთის ერთგულ მსახურთა გრძნობებს?
16 განვიხილოთ ერთი მაგალითი, თუ როგორ გვაწვდის იეჰოვა სულიერ საზრდოს თავის დროზე. 1939 წელს ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. „საგუშაგო კოშკის“ იმავე წლის 1 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ნეიტრალიტეტი“. მასში მოცემულმა ნათელმა ინფორმაციამ ყველა ქვეყნის იეჰოვას მოწმეებს დაანახვა, რამდენად აუცილებელი იყო, რომ მტკიცედ დაეცვათ ნეიტრალიტეტი და მონაწილეობა არ მიეღოთ ერებს შორის ომში. ამას ექვსწლიან კონფლიქტში ჩაბმული ურთიერთმოწინააღმდეგე ქვეყნების მთავრობების მიერ მათი დევნა მოჰყვა. მაგრამ დევნისა და იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვის მიუხედავად, ღვთის ერთგული მსახურები განაგრძობდნენ მისი სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას. 1939—1946 წლებში ღმერთმა მათი საქმიანობა 157-პროცენტიანი ზრდით აკურთხა. უფრო მეტიც, ომის წლებში ღვთის მსახურთა ერთგულების შესანიშნავი მაგალითი დღესაც ბევრს ეხმარება ჭეშმარიტი რელიგიის ამოცნობაში (ესაია 2:2—4).
17 სულიერი საზრდო, რომელსაც იეჰოვა გვაძლევს, არა მარტო დროულია, არამედ — ყოველმხრივ დამაკმაყოფილებელი. იმ დროს, როცა ერები მეორე მსოფლიო ომში იყვნენ ჩაბმული, იეჰოვას ხალხს ყურადღება საკუთარ გადარჩენაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხზე ჰქონდა მიპყრობილი. იეჰოვა დაეხმარა მათ იმის გაგებაში, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელშიც მთელი სამყაროა ჩაბმული, იეჰოვას კანონიერ უზენაეს ხელისუფლებას უკავშირდება. სასიხარულოა, რომ თავიანთი ერთგულებით იეჰოვას თითოეულმა თაყვანისმცემელმა შეიტანა წვლილი იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების გამართლებაში და გამოააშკარავა ეშმაკის სიცრუე (იგავები 27:11). სატანისგან განსხვავებით, რომელიც ცილს სწამებს იეჰოვას და მის მმართველობას ეწინააღმდეგება, იეჰოვას ერთგული მსახურები კვლავაც აცხადებენ საჯაროდ: „მართალია უფალი ყველა თავის გზაზე“ (ფსალმუნები 144:17).
18. რომელმა მაგალითმა დაგვანახვა არც ისე დიდი ხნის წინ, რომ იეჰოვა დროულად გვაძლევს ყოველმხრივ დამაკმაყოფილებელ სულიერ საზრდოს?
18 მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი, რომ იეჰოვა თავის დროზე გვაძლევს სულიერ საზრდოს, რომელიც ჩვენს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. 2002—2003 წლების ასობით საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით „სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“, დელეგატებმა მიიღეს წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“. ამ წიგნში, რომელიც „ერთგულმა და გონიერმა“ მონამ მოგვიმზადა და იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს, ყურადღება გამახვილებულია იეჰოვას გასაოცარ თვისებებზე, მათ შორის იმ თვისებებზეც, რომლებიც 144-ე ფსალმუნშია მოხსენიებული. ეს შესანიშნავი წიგნი უეჭველად დაეხმარება იეჰოვას ერთგულ მსახურებს ღმერთთან უფრო მეტად დაახლოებაში.
ღმერთთან დაახლოების დრო
19. რა გადამწყვეტი მომენტია მოახლოებული და როგორ უნდა მოვიქცეთ იმ დროს?
19 დღეს უკვე მოახლოებულია იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების გადამწყვეტი მომენტი. ეზეკიელის წიგნის 38-ე თავის თანახმად, სატანა მალე შეასრულებს თავის როლს, როგორც ‘გოგი მაგოგის ქვეყნიდან’. ის იეჰოვას ხალხზე მსოფლიო მასშტაბით მიიტანს იერიშს და ყველანაირად ეცდება ღვთის მსახურთა ერთგულების შერყევას. მაშინ იეჰოვას თაყვანისმცემლებმა ისე, როგორც არასდროს, მთელი გულით უნდა მოუხმონ მის სახელს და დახმარებისთვის შეჰღაღადონ. უყურადღებოდ ხომ არ დატოვებს ღმერთი მათ, ვისაც მისდამი მოკრძალებული შიში აქვს და უყვარს იგი? არავითარ შემთხვევაში, რადგან 144-ე ფსალმუნში ნათქვამია: „ახლოსაა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით. მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ. იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს“ (ფსალმუნები 144:18—20).
20. როგორ შესრულდება უახლოეს მომავალში ფსალმუნების 144:18—20-ში ჩაწერილი სიტყვები?
20 რა ამაღელვებელი იქნება იეჰოვასთან სიახლოვისა და მისი გადამრჩენი ძალის საკუთარ თავზე გამოცდა, როცა ის თავის ყველა მტერს გაანადგურებს! იმ გადამწყვეტ მომენტში, რომელიც დღეს ასე ახლოსაა, იეჰოვა მხოლოდ მათ მოუსმენს, „ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით“. ღმერთი არავითარ შემთხვევაში არ მოუსმენს თვალთმაქცებს. ღვთის სიტყვიდან აშკარად ვხედავთ, რომ ბოროტი ადამიანების მიერ უკანასკნელ მომენტში თავის სახსნელად ღვთის სახელის გამოყენებას არ მოჰყვება სასურველი შედეგი (იგავები 1:28, 29; მიქა 3:4; ლუკა 13:24, 25).
21. რა ცხადყოფს იმას, რომ იეჰოვას ერთგულ მსახურებს უყვართ ღვთის სახელის მოხმობა?
21 დღეს განსაკუთრებით საჭიროა, რომ ღვთისმოშიშმა ადამიანებმა ‘ჭეშმარიტებით მოუხმონ’ იეჰოვას. ღვთის ერთგული მსახურები სახელით უხმობენ იეჰოვას ლოცვებში და მის სახელს კრების შეხვედრებზე კომენტარებშიც მოიხსენიებენ. გარდა ამისა, ისინი ღვთის სახელს პირად საუბრებშიც იხსენიებენ და ქადაგების დროსაც გაბედულად აუწყებენ ხალხს (რომაელთა 10:10, 13—15).
22. რატომ არის აუცილებელი, მოვერიდოთ წუთისოფლისთვის დამახასიათებელ მისწრაფებებსა და თვალსაზრისს?
22 იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა რომ შევინარჩუნოთ, ისიც აუცილებელია, რომ მოვერიდოთ ყველაფერს, რაც სულიერად დამღუპველია. მაგალითად, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ გაგვიტაცოს მატერიალიზმმა ან არაჯანსაღმა გართობამ და არ გავხდეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც პატიება არ შეუძლიათ ან სხვისი გასაჭირი სრულიად არ აღელვებთ (1 იოანე 2:15—17; 3:15—17). სათანადო ზომებს თუ არ მივიღებთ, ასეთმა მისწრაფებებმა და დამოკიდებულებამ, შესაძლოა, სერიოზული ცოდვა ჩაგვადენინოს და, საბოლოოდ, იეჰოვას კეთილგანწყობილება დაგვაკარგინოს (1 იოანე 2:1, 2; 3:6). გონივრულია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ იეჰოვა სიყვარულით ნაკარნახევ სიკეთეს, ანუ ურყევ სიყვარულს, ჩვენდამი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოავლენს, თუ მისი ერთგულები დავრჩებით (2 მეფეთა 22:26, აქ).
23. როგორი მომავალი ელოდება იეჰოვას ყველა ერთგულ მსახურს?
23 მაშ, წინ ვიყუროთ დიდებული მომავლისკენ, რომელიც იეჰოვას ყველა ერთგულ მსახურს ელოდება. ასე თუ მოვიქცევით, ჩვენც ვიქნებით მათ შორის, რომლებიც „ყოველდღე“, „უკუნითი უკუნისამდე“ აღამაღლებენ, აკურთხებენ და განადიდებენ იეჰოვას (ფსალმუნები 144:1, 2). მოდი ‘დავიცვათ თავი ღვთის სიყვარულში და დაველოდოთ საუკუნო სიცოცხლეს’ (იუდა 20, 21). დაე კვლავაც გამოვცადოთ საკუთარ თავზე ღვთის სასწაულებრივი თვისებები, მათ შორის სიყვარულით ნაკარნახევი სიკეთე, მისი ურყევი სიყვარული, რომელსაც ღმერთი თავისი ერთგული მსახურების მიმართ ავლენს. დაე ყოველთვის ვაკეთებდეთ იმას, რაზეც დავითი 144-ე ფსალმუნის უკანასკნელ მუხლში ლაპარაკობს: „ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი, და აქებს ყოველი ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე!“
-