საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ერთად ვადიდოთ იეჰოვას სახელი
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 მარტი
    • ერთად ვადიდოთ იეჰოვას სახელი

      „ჩემთან ერთად განადიდეთ იეჰოვა, ერთად ვადიდოთ მისი სახელი!“ (ფსალმუნი 34:3).

      1. რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა იესომ დედამიწაზე მსახურების დროს?

      იესო და მისი მოციქულები ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს, საღამოს, იერუსალიმში ერთი სახლის ზემოთა ოთახში შეიკრიბნენ და იეჰოვას განსადიდებელი სიმღერები იმღერეს (მათე 26:30). ამ დროს იესომ უკანასკნელად იმღერა მოციქულებთან ერთად. ღვთის სადიდებლებით მათი შეხვედრის დამთავრება მართებული იყო. დედამიწაზე მსახურების დროს იესო განადიდებდა მამას და მთელი გულით აცხადებდა მის სახელს (მათე 4:10; 6:9; 22:37, 38; იოანე 12:28; 17:6). ამგვარად, ის ეხმაურებოდა ფსალმუნმომღერლის გულთბილ მოწვევას: „ჩემთან ერთად განადიდეთ იეჰოვა, ერთად ვადიდოთ მისი სახელი!“ (ფსალმუნი 34:3). იესომ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა.

      2, 3. ა) საიდან ვიცით, რომ 34-ე ფსალმუნს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს? ბ) რას განვიხილავთ ამ და მომდევნო სტატიაში?

      2 სადიდებლების შესრულებიდან რამდენიმე საათში, მოციქულმა იოანემ ნახა, რომ იესო წამების ბოძზე დაკიდეს ორ ბოროტმოქმედთან ერთად, რომლებსაც სიკვდილის დაჩქარების მიზნით რომაელმა ჯარისკაცებმა ძვლები გადაუმტვრიეს. იოანემ დაწერა, რომ იესოს არ გადაუმტვრიეს ძვლები. როცა ჯარისკაცები იესოსთან მივიდნენ, ის უკვე მკვდარი იყო. თავის სახარებაში იოანემ აღნიშნა, რომ ამით შესრულდა 34-ე ფსალმუნში ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „მისი ძვალი არ გადატყდება“ (იოანე 19:32—36; ფსალმუნი 34:20).

      3 ქრისტიანებისთვის 34-ე ფსალმუნი მრავალმხრივ არის საინტერესო. ამ და მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, რა ვითარებაში დაწერა დავითმა ეს ფსალმუნი; ასევე განხილული იქნება გამამხნევებელი აზრები ამ ფსალმუნის თითოეული მუხლიდან.

      დავითი გაურბის საულს

      4. ა) რატომ სცხო სამუელმა დავითი ისრაელის მომავალ მეფედ? ბ) რატომ შეიყვარა საულმა დავითი?

      4 დავითი ახალგაზრდა იყო, როცა საული მეფობდა ისრაელზე. მაგრამ საული დაუმორჩილებელი გახდა და იეჰოვას კეთილგანწყობა დაკარგა. წინასწარმეტყველმა სამუელმა უთხრა მას: „დღეს გამოგგლიჯა იეჰოვამ ისრაელის მეფობა და შენს მოძმეს, შენზე უკეთესს მისცემს მას“ (1 სამუელი 15:28). მოგვიანებით იეჰოვამ სამუელს უთხრა, რომ ისრაელის მომავალ მეფედ იესეს უმცროსი ვაჟი, დავითი ეცხო. ამ პერიოდში მეფე საული ცუდ გუნებაზე იყო, რადგან ღვთის სული დაკარგა. ვინაიდან დავითი კარგად უკრავდა ქნარზე, ის გიბაში წაიყვანეს, რათა თავისი მუსიკით დაემშვიდებინა მეფე საული. „შეიყვარა იგი საულმა“ (1 სამუელი 16:11, 13, 21, 23).

      5. რატომ შეეცვალა საულს დავითის მიმართ დამოკიდებულება და როგორ მოიქცა დავითი?

      5 დრომ აჩვენა, რომ იეჰოვა დავითთან იყო. იეჰოვა დაეხმარა დავითს, დაემარცხებინა ფილისტიმელი გოლიათი და მხარი დაუჭირა იმით, რომ ისრაელმა განადიდა ის როგორც ნიჭიერი მებრძოლი. ამის გამო შურით აღვსილმა საულმა შეიძულა დავითი. მან ორჯერ ესროლა დავითს შუბი, როცა ის ქნარზე უკრავდა. ორივე შემთხვევაში დავითმა აიცდინა შუბი. როცა საულმა მესამედ სცადა ისრაელის მომავალი მეფის მოკვლა, დავითი მიხვდა, რომ უნდა გაქცეულიყო. საული განაგრძობდა დავითის ძებნას, რომ მოეკლა ის, ამიტომ დავითმა თავშესაფარს ისრაელის გარეთ დაუწყო ძებნა (1 სამუელი 18:11; 19:9, 10).

      6. რატომ ამოხოცა საულმა ქალაქ ნობის მოსახლეობა?

      6 დავითი საზღვრის გადაკვეთამდე ქალაქ ნობში გაჩერდა, სადაც იეჰოვას კარავი იდგა. დავითს და მის ახალგაზრდა თანმხლებთ, რომლებიც, როგორც ჩანს, მასთან ერთად გაიქცნენ, მოშივდათ. საულმა გაიგო, რომ მღვდელმთავარმა დავითსა და მის კაცებს საკვები და მახვილი მისცა, რომელიც დავითის მიერ მოკლულ გოლიათს ეკუთვნოდა. განრისხებულმა საულმა ამოხოცა ქალაქის მოსახლეობა, მათ შორის 85 მღვდელი (1 სამუელი 21:1, 2; 22:12, 13, 18, 19; მათე 12:3, 4).

      დავითი კვლავ გადაურჩა სიკვდილს

      7. რატომ არ იყო გათი დავითისთვის უსაფრთხო თავშესაფარი?

      7 ნობიდან დავითმა დასავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრი გაიარა. ის ფილისტიმელთა ქვეყანაში, გოლიათის მშობლიურ ქალაქ გათში, მეფე აქიშთან ეძებდა თავშესაფარს. შესაძლოა, დავითი ფიქრობდა, რომ საული გათში არ დაუწყებდა ძებნას. მაგრამ გათის მეფის მსახურებმა დავითი მალევე იცნეს. როცა დავითი მიხვდა ამას, „ძალიან შეეშინდა აქიშისა, გათის მეფისა“ (1 სამუელი 21:10—12).

      8. ა) 56-ე ფსალმუნის თანახმად, რა შეემთხვა დავითს გათში? ბ) როგორ დააღწია თავი დავითმა სიკვდილს?

      8 ფილისტიმელებმა დავითი შეიპყრეს. შესაძლოა, მან ამ პერიოდში დაწერა ფსალმუნი, რომელშიც მთელი გულით ევედრებოდა იეჰოვას: „შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში!“ (ფსალმუნი 56:8 და ეპიგრაფი). ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ხედავდა მის მწუხარებას, ის სიყვარულით იზრუნებდა და დაიცავდა მას. დავითმა მოიფიქრა, როგორ მოეტყუებინა ფილისტიმელთა მეფე. მან თავი მოიგიჟიანა. „შეშლილი“ კაცის დანახვაზე მეფე აქიშმა გაკიცხა თავისი მსახურები. ნათელია, იეჰოვა მხარს უჭერდა დავითის გეგმას. დავითი ქალაქიდან გააძევეს. ის კიდევ ერთხელ გადაურჩა სიკვდილს (1 სამუელი 21:13—15).

      9, 10. რატომ დაწერა დავითმა 34-ე ფსალმუნი და, შესაძლოა, ვინ ჰყავდა მას მხედველობაში?

      9 ბიბლიაში არ არის ნათქვამი, დავითთან ერთად გაიქცნენ მისი მსახურები გათში თუ სათვალთვალოდ დარჩნენ ისრაელის ახლომდებარე სოფლებში. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ გაუხარდებოდათ დავითისგან იმის გაგება, რომ იეჰოვამ კვლავ გადაარჩინა ის სიკვდილს. როგორც ეპიგრაფიდან ჩანს, ამ მოვლენებმა განაპირობა 34-ე ფსალმუნის შექმნა. პირველ შვიდ მუხლში დავითი განადიდებს იეჰოვას მისი ხსნისთვის და მოუწოდებს თავის თანამოაზრეებს, მასთან ერთად განადიდონ იეჰოვა, თავისი ხალხის დიდებული მხსნელი (ფსალმუნი 34:3, 4, 7).

      10 დავითმა და მისმა მსახურებმა თავი შეაფარეს ადულამის გამოქვაბულს, რომელიც ისრაელის მთიან მხარეში, გათიდან აღმოსავლეთით 15 კილომეტრში მდებარეობდა. იქ თავი მოიყარეს საულის მმართველობით უკმაყოფილო ისრაელებმა და დავითს შეუერთდნენ (1 სამუელი 22:1, 2). შესაძლოა, დავითს ეს ხალხი ჰყავდა მხედველობაში, როცა ფსალმუნის 34:8—22-ში ჩაწერილ სიტყვებს ამბობდა. ამ მუხლებში მოცემული შეხსენებები დღეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია; 34-ე ფსალმუნის დაწვრილებითი განხილვა დიდ სარგებლობას მოგვიტანს.

      თქვენთვისაც უმთავრესია იეჰოვას განდიდება?

      11, 12. რა მიზეზები გვაქვს იეჰოვას განსადიდებლად?

      11„მუდამ ვაკურთხებ იეჰოვას, გამუდმებით ვაქებ მას ჩემი ბაგეებით“ (ფსალმუნი 34:1). დავითს დევნის დროს ბევრი საზრუნავი ჰქონდა, მაგრამ მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე ზრუნვამ მას იეჰოვას განდიდების სურვილი ვერ დააკარგვინა. ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ მას, როცა სირთულეებს ვხვდებით. ჩვენი უმთავრესი მიზანი იეჰოვას განდიდება უნდა იყოს, იქნება ეს სკოლაში, სამსახურში, თანაქრისტიანებთან ურთიერთობისას თუ მსახურებაში. დავფიქრდეთ, რამდენი მიზეზი გვაქვს იეჰოვას განსადიდებლად. მაგალითად, უსასრულოდ შეგვიძლია იეჰოვას დიდებული შემოქმედების კვლევა, რაც დიდ სიამოვნებას გვგვრის. ასევე დავფიქრდეთ, რამდენი რამ გააკეთა იეჰოვამ თავისი მიწიერი ორგანიზაციის მეშვეობით. გასაოცარია, როგორ იყენებს ჩვენს დროში იეჰოვა არასრულყოფილ, მაგრამ ერთგულ ადამიანებს თავისი ნების შესასრულებლად. განა შეიძლება, რომ ღვთის საქმეები იმ ადამიანების საქმეებს შევადაროთ, რომლებსაც ქვეყნიერება აღმერთებს? ალბათ, თქვენც დაეთანხმებით დავითის სიტყვებს: „არავინ არის შენი მსგავსი ღმერთებს შორის, იეჰოვა, ვერავინ აკეთებს შენებრ საქმეებს“ (ფსალმუნი 86:8).

      12 დავითის მსგავსად, აღძრულები ვართ, ყოველთვის განვადიდოთ იეჰოვა მისი შეუდარებელი საქმეების გამო. გვიხარია, რომ ღვთის სამეფოს სათავეში უკვე დგას დავითის მუდმივი მემკვიდრე, იესო ქრისტე (გამოცხადება 11:15). ეს ცხადყოფს, რომ ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა. ექვს მილიარდზე მეტი ადამიანის სიცოცხლე სასწორზე დევს. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვაუწყოთ ადამიანებს ღვთის სამეფოს შესახებ და იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს ის მალე კაცობრიობისთვის, და დავეხმაროთ მათ, ჩვენთან ერთად განადიდონ იეჰოვა. ჩვენ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ, სანამ დრო გვაქვს, ადამიანებს „სასიხარულო ცნობა“ ვაუწყოთ (მათე 24:14).

      13. ა) ვისით ამაყობდა დავითი და ვისზე იმოქმედა მისმა მაგალითმა? ბ) რა აღძრავთ დღეს თვინიერებს, რომ ქრისტიანულ კრებას დაუახლოვდნენ?

      13 „იეჰოვათი იამაყებს ჩემი სული, თვინიერები მოისმენენ და გაიხარებენ“ (ფსალმუნი 34:2). დავითი საკუთარი მიღწევებით არ ამაყობდა. მაგალითად, ის არ ტრაბახობდა, რომ გათის მეფის მოტყუება შეძლო. მან იცოდა, რომ გათში ის იეჰოვამ დაიცვა და გადაარჩინა (იგავები 21:1). ამიტომ, დავითი იეჰოვათი ამაყობდა და არა საკუთარი თავით. ასეთი მოქმედებით ის აღძრავდა თვინიერებს, იეჰოვას დაახლოებოდნენ. იესოც მსგავსად განადიდებდა იეჰოვას სახელს. შედეგად თავმდაბალი და მორჩილი ადამიანები ღმერთს უახლოვდებოდნენ. დღესაც თვინიერი ადამიანები ყველა ერიდან უერთდებიან ცხებული ქრისტიანების საერთაშორისო კრებას, რომელსაც სათავეში იესო უდგას (კოლოსელები 1:18). ამისკენ მათ აღძრავს თავმდაბალი მსახურების მიერ ღვთის სახელის განდიდება და ბიბლიის ცნობის მოსმენა. მათ ღვთის წმინდა სული ეხმარება ამ ცნობის გაგებაში (იოანე 6:44; საქმეები 16:14).

      ქრისტიანული შეხვედრები რწმენას გვიმტკიცებს

      14. ა) მარტო განადიდებდა დავითი იეჰოვას? ბ) რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ შეხვედრებთან დაკავშირებით?

      14 „ჩემთან ერთად განადიდეთ იეჰოვა, ერთად ვადიდოთ მისი სახელი!“ (ფსალმუნი 34:3). დავითი მარტო არ განადიდებდა იეჰოვას; ის იწვევდა თავის მეგობრებს, რომ მასთან ერთად განედიდებინათ ღვთის სახელი. მსგავსად ამისა, იესო ქრისტეს, დიდ დავითს, უხაროდა იეჰოვას სახალხოდ განდიდება სინაგოგებში, იერუსალიმის ტაძარში დღესასწაულების დროს და თავის მოწაფეებთან ერთად (ლუკა 2:49; 4:16—19; 10:21; იოანე 18:20). ჩვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს, მივბაძოთ იესოს მაგალითს და ყოველთვის განვადიდოთ იეჰოვა თანამორწმუნეებთან ერთად, განსაკუთრებით ახლა, როცა „ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელები 10:24, 25).

      15. ა) როგორ იმოქმედა დავითის მაგალითმა მის ხალხზე? ბ) როგორ გვეხმარება კრების შეხვედრები?

      15 „ვკითხე იეჰოვას და მიპასუხა, ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა“ (ფსალმუნი 34:4). იეჰოვასგან ხსნა ბევრს ნიშნავდა დავითისთვის. მან თქვა: „მოუხმო დაჩაგრულმა იეჰოვას და მანაც მოუსმინა, ყველა გასაჭირიდან დაიხსნა იგი“ (ფსალმუნი 34:6). თანამორწმუნეებთან ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს, თუ როგორ გვეხმარება იეჰოვა გასაჭირში. ეს რწმენას უძლიერებს თანამორწმუნეებს ისევე, როგორც დავითთან ურთიერთობა აძლიერებდა მასთან მყოფებს. დავითის ხალხმა‘შეხედა იეჰოვას, სახეები გაუბრწყინდათ; სახეშერცხვენილნი არ იყვნენ’ (ფსალმუნი 34:5). ისინი მეფე საულს გაურბოდნენ, თუმცა შერცხვენილნი არ იყვნენ. მათ სჯეროდათ, რომ ღმერთი მხარში ედგა დავითს, ამიტომ სახე უბრწყინავდათ. დღესაც ბიბლიის შემსწავლელები და ისინი, ვინც დიდი ხანია, ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან, იეჰოვასგან ელოდებიან დახმარებას. მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ღვთის მხარდაჭერა, ამიტომ მათი გაბრწყინებული სახეები მეტყველებს მათ ძლიერ სურვილზე, რომ ღვთის ერთგულები დარჩნენ.

      დააფასე ანგელოზების დახმარება

      16. როგორ გვეხმარება იეჰოვა ანგელოზების მეშვეობით?

      16 „იეჰოვას ანგელოზი დაბანაკებულია მის მოშიშთა გარშემო და იხსნის მათ“ (ფსალმუნი 34:7). დავითი არ ფიქრობდა, რომ იეჰოვა მხოლოდ მას ეხმარებოდა. მართალია, დავითი იეჰოვას ცხებული, ისრაელის მომავალი მეფე იყო, მაგრამ მან იცოდა, რომ იეჰოვა განურჩევლად იცავდა ერთგულ თაყვანისმცემლებს ანგელოზების მეშვეობით. დღესაც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს საკუთარი გამოცდილებიდან შეუძლიათ თქვან, რომ იეჰოვა იცავს მათ. ნაცისტურ გერმანიაში, ანგოლაში, მალავიში, მოზამბიკსა და სხვა ქვეყნებში, მთავრობა ცდილობდა იეჰოვას მოწმეების განადგურებას, მაგრამ ამაოდ. ამ ქვეყნებში იეჰოვას მოწმეები კვლავაც განადიდებენ ღვთის სახელს, რაც ცხადყოფს, რომ იეჰოვა ანგელოზების მეშვეობით იცავს და ხელმძღვანელობს თავის ხალხს (ებრაელები 1:14).

      17. როგორ გვეხმარებიან ღვთის ანგელოზები?

      17 იეჰოვას ანგელოზებს შეუძლიათ ისე წარმართონ საქმე, რომ ჩამოაშორონ იეჰოვას ხალხს ისინი, ვინც სხვებს აბრკოლებს (მათე 13:41; 18:6, 10). შესაძლოა, ჩვენ ვერც კი ვხვდებით, როგორ გვარიდებენ ანგელოზები დაბრკოლებებს ღვთის მსახურებაში და გვიცავენ იმ საფრთხეებისგან, რომლებიც ხელს უშლის იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას. უპირველესად, ისინი გვხელმძღვანელობენ, რომ მთელ კაცობრიობას ვამცნოთ „მარადიული სასიხარულო ცნობა“ იქაც კი, სადაც ქადაგება სახიფათოა (გამოცხადება 14:6). იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ პუბლიკაციებში არაერთი შემთხვევაა მოთხრობილი, თუ როგორ გვეხმარებიან ანგელოზებიa. ამის იმდენად ბევრი მაგალითი გვაქვს, რომ შეუძლებელია ისინი შემთხვევით ხდებოდეს.

      18. ა) რა უნდა გავაკეთოთ, რომ ანგელოზები დაგვეხმარონ? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      18 თუ გვინდა, რომ ანგელოზებმა კვლავაც გვიხელმძღვანელონ და დაგვიცვან, წინააღმდეგობების დროსაც უნდა განვაგრძოთ იეჰოვას სახელის განდიდება. გახსოვდეთ, ღვთის ანგელოზი დაბანაკებულია მხოლოდ „[იეჰოვას] მოშიშთა გარშემო“! მაგრამ, რა იგულისხმება ამაში? რა არის ღვთის შიში და როგორ შეგვიძლია მისი სწავლა? რატომ სურს მოსიყვარულე ღმერთს, მისი გვეშინოდეს? ეს კითხვები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.

      [სქოლიო]

      a იხილეთ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვერდი 550 [რუს.]; 2005 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული“, გვერდი 53, 54 [რუს.]; 2000 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 5, 6; 1991 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 27 [რუს.]; 1991 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 26 [რუს.].

  • გეშინოდეთ იეჰოვასი და იყავით ბედნიერნი
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 მარტი
    • გეშინოდეთ იეჰოვასი და იყავით ბედნიერნი

      „იეჰოვას წმინდებო, გეშინოდეთ მისი, რადგან მის მოშიშებს არაფერი მოაკლდებათ“ (ფსალმუნი 34:9).

      1, 2. ა) რა განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს ქრისტიანულ სამყაროში ღვთის შიშზე? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

      ქრისტიანული სამყაროს მქადაგებლები ხშირად ადამიანებს ღვთისადმი შიშს უნერგავენ ჯოჯოხეთის შესახებ სწავლებით. ეს სწავლება ეწინააღმდეგება იმას, რასაც ბიბლია გვასწავლის იეჰოვას, მოსიყვარულე და სამართლიანი ღმერთის შესახებ (დაბადება 3:19; კანონი 32:4; რომაელები 6:23; 1 იოანე 4:8). ქრისტიანული სამყაროს სხვა წარმომადგენლებს სრულიად სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ; ისინი არასდროს ახსენებენ ღვთის შიშს. ისინი ასწავლიან, რომ ღმერთი შემწყნარებელია და იწონებს ყველა ადამიანს, მიუხედავად მათი ცხოვრების წესისა. მაგრამ ბიბლია არც ამას გვასწავლის (გალატელები 5:19—21).

      2 ბიბლია მოგვიწოდებს, გვეშინოდეს ღვთისა (გამოცხადება 14:7). მაგრამ იბადება კითხვები: რატომ სურს მოსიყვარულე ღმერთს, რომ მისი გვეშინოდეს? როგორ შიშს უნდა ვავლენდეთ ღვთისადმი? და რა კურთხევას მოგვიტანს ღვთისმოშიშება? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად განვაგრძოთ 34-ე ფსალმუნის განხილვა.

      რატომ უნდა გვეშინოდეს ღვთის?

      3. ა) როგორ გესმით მითითება, ღვთისა გეშინოდეთ? ბ) რატომ არიან იეჰოვას მოშიშები ბედნიერები?

      3 იეჰოვასი უნდა გვეშინოდეს, რადგან ის სამყაროს შემოქმედი და უზენაესი მმართველია (1 პეტრე 2:17). თუმცა ამაში პანიკური შიში არ იგულისხმება, თითქოს ის სასტიკი ღმერთი იყოს. ჩვენ მისდამი მოწიწებული შიში გვაქვს, რადგან ვიცით, როგორი ღმერთია იეჰოვა. ჩვენ გვეშინია, არ ვაწყენინოთ მას. ღვთის შიში დამთრგუნველი ან შემზარავი კი არ არის, არამედ დადებითად მოქმედებს ადამიანებზე. იეჰოვას, „ბედნიერ ღმერთს“, სურს, რომ ადამიანები ბედნიერები იყვნენ (1 ტიმოთე 1:11). ბედნიერება კი ღვთის მოთხოვნების თანახმად ცხოვრებას მოაქვს. ამიტომ ბევრს უწევს ცხოვრების წესის შეცვლა. ყველა, ვინც ასე იქცევა, საკუთარ თავზე გამოსცდის ფსალმუნმომღერალი დავითის სიტყვებს: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა! ბედნიერია კაცი, ვინც თავს აფარებს მას. იეჰოვას წმინდებო, გეშინოდეთ მისი, რადგან მის მოშიშებს არაფერი მოაკლდებათ“ (ფსალმუნი 34:8, 9). იეჰოვას მოშიშებს ისეთი არაფერი მოაკლდებათ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან მათ კარგი ურთიერთობა აქვთ ღმერთთან.

      4. რაში არწმუნებდნენ ხალხს დავითი და იესო?

      4 დავითმა მასთან მყოფ კაცებს პატივისცემის ნიშნად „წმინდები“ უწოდა, როგორც ეს იმ დროს იყო მიღებული. ისინი ღვთის წმინდა ერს ეკუთვნოდნენ. მათ დავითის გამო არაერთხელ ჩაიგდეს თავი საფრთხეში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მეფე საულს გაურბოდნენ, დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა მათ ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე იზრუნებდა. დავითმა დაწერა: „ფაფრიან ლომებს საჭმელი არ ჰყოფნით და მშივრები დადიან, იეჰოვას მაძიებლებს კი არაფერი მოაკლდებათ“ (ფსალმუნი 34:10). იესოც ამაში არწმუნებდა თავის მიმდევრებს (მათე 6:33).

      5. ა) ძირითადად, როგორი ადამიანები იყვნენ იესოს მიმდევრები? ბ) რა თქვა იესომ შიშზე?

      5 იესოს მსმენელებიდან ბევრი ებრაელი ღარიბი და დაჩაგრული იყო. ამიტომ იესოს „გული ეწვოდა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათე 9:36). ეყოფოდათ მათ გამბედაობა, რომ იესოს მიმდევრები გამხდარიყვნენ? ამისთვის მათ იეჰოვას შიში უნდა ჰქონოდათ და არა ადამიანების. იესომ თქვა: „ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს და მეტი აღარაფრის გაკეთება არ შეუძლია. მე გეტყვით, ვისი უნდა გეშინოდეთ: იმისი გეშინოდეთ, ვისაც მოკვლაც შეუძლია და გეენაში ჩაგდების ძალაუფლებაც აქვს. გეუბნებით: მისი გეშინოდეთ. განა ხუთ ბეღურას ორ მონეტად არ ყიდიან? მაგრამ ღმერთს არც ერთი მათგანი არ ავიწყდება. თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია. ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (ლუკა 12:4—7).

      6. ა) იესოს რომელი სიტყვები მატებს ძალას ქრისტიანებს? ბ) რატომ არის იესო ღვთისადმი შიშის გამოვლენის საუკეთესო მაგალითი?

      6 როდესაც იეჰოვას მოშიშებს მტრები აიძულებენ, ღვთისადმი მსახურება შეწყვიტონ, მათ შეუძლიათ გაიხსენონ იესოს სიტყვები: „ვინც სხვების წინაშე აღიარებს, რომ ერთობაშია ჩემთან, კაცის ძეც აღიარებს ღვთის ანგელოზთა წინაშე, რომ ერთობაშია მასთან. ვინც მე უარმყოფს სხვების წინაშე, უარყოფილი იქნება ღვთის ანგელოზთა წინაშე“ (ლუკა 12:8, 9). ეს სიტყვები ძალას მატებს ქრისტიანებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აკრძალულია. ისინი სიფრთხილეს ავლენენ და კვლავაც განადიდებენ იეჰოვას ქრისტიანულ შეხვედრებზე და მსახურებაში (საქმეები 5:29). იესომ „ღვთის შიშის“ გამოვლენის საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა (ებრაელები 5:7). იესოზე შესრულდა წინასწარმეტყველება: „მასზე დაივანებს იეჰოვას სული . . . იეჰოვას შიშის სული; სიამოვნებას მოჰგვრის მას იეჰოვას შიში“ (ესაია 11:2, 3). ამიტომ იესოს საუკეთესოდ შეუძლია დაგვანახვოს, თუ რა კურთხევები მოაქვს ღვთისადმი შიშს.

      7. ა) რომელ მოწვევას ეხმაურებიან ქრისტიანები? ბ) როგორ შეუძლიათ მშობლებს მიბაძონ დავითის კარგ მაგალითს?

      7 ყველა, ვინც ბაძავს იესოს და მისი სწავლების თანახმად ცხოვრობს, ეხმაურება მოწვევას: „მოდით, შვილებო, მომისმინეთ, იეჰოვას შიშს გასწავლით“ (ფსალმუნი 34:11). დავითი, ჩვეულებრივ, თავის ხალხს შვილებს უწოდებდა, რადგან ისინი ხელმძღვანელობისთვის მას მიმართავდნენ. ის სულიერად აძლიერებდა თავის ხალხს, რათა მათ ერთობა და ღვთის კეთილგანწყობა ჰქონოდათ. რა შესანიშნავი მაგალითია ქრისტიანი მშობლებისთვის! იეჰოვამ ძალაუფლება მისცა მშობლებს, რომ შვილები ‘იეჰოვას მოსაწონად აღზარდონ და დაარიგონ’ (ეფესოელები 6:4). თუ მშობლები ყოველდღე ესაუბრებიან შვილებს სულიერ საკითხებზე და მათთან რეგულარულად სწავლობენ ბიბლიას, ისინი ეხმარებიან შვილებს, ჰქონდეთ იეჰოვას შიში და ბედნიერები იყვნენ (კანონი 6:6, 7).

      როგორ გამოვავლინოთ ღვთის შიში ცხოვრებაში?

      8, 9. ა) რატომ გვსურს, ღვთისმოშიშებით ვიცხოვროთ? ბ) რა იგულისხმება ენის დაცვაში?

      8 როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, იეჰოვას შიში სიხარულს არ გვართმევს. დავითმა იკითხა: „ვის სიამოვნებს სიცოცხლე და ვის სურს კარგი დღეების ხილვა?“ (ფსალმუნი 34:12). ცხადია, იეჰოვას შიში მნიშვნელოვანია, რომ ბედნიერები და დღეგრძელები ვიყოთ. მაგრამ ერთია, თქვა, რომ გეშინია ღმერთის და მეორეა, საქმით დაამტკიცო ეს. დავითმა ახსნა, თუ როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ ღვთის შიში.

      9 „ენა ცუდის თქმისგან დაიცავი და ბაგეები — მზაკვრული ლაპარაკისგან“ (ფსალმუნი 34:13). პეტრე მოციქულმა ღვთის სულის შთაგონებით ეს აზრი გაიმეორა, როცა ქრისტიანებს ურჩია, ძმათმოყვარენი ყოფილიყვნენ (1 პეტრე 3:8—12). თუ ცუდის თქმისგან ენას ვიცავთ, ჭორებს არ ვავრცელებთ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენი საუბრები გამამხნევებელი იყოს სხვებისთვის. გარდა ამისა, ვცდილობთ, გამბედავები ვიყოთ და ყოველთვის ჭეშმარიტება ვილაპარაკოთ (ეფესოელები 4:25, 29, 31; იაკობი 5:16).

      10. ა) ახსენით, რას ნიშნავს, ზურგი ვაქციოთ ბოროტებას. ბ) რა იგულისხმება კარგის კეთებაში?

      10 „ზურგი აქციე ბოროტებას და სიკეთე აკეთე; მშვიდობა ეძიე და მისკენ ისწრაფე“ (ფსალმუნი 34:14). ჩვენ ვერიდებით სექსუალურ უზნეობას, პორნოგრაფიას, ქურდობას, სპირიტიზმს, ძალადობას, ლოთობას და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას, ანუ ყველაფერს, რასაც იეჰოვა განსჯის. ჩვენ აგრეთვე ვერიდებით გართობის ისეთ სახეობებს, რომლებშიც ჭარბობს ასეთი სისაძაგლეები (ეფესოელები 5:10—12). ჩვენ დროს კარგი საქმეებისთვის ვიყენებთ. ყველაზე დიდი სიკეთე სამეფოს შესახებ რეგულარულად ქადაგება და მოწაფეების მომზადების საქმიანობაა, რითაც სხვებს გადარჩენაში ვეხმარებით (მათე 24:14; 28:19, 20). კარგის კეთებაში აგრეთვე იგულისხმება ქრისტიანული შეხვედრებისთვის მომზადება და მათზე დასწრება, მსოფლიო საქმისთვის მატერიალური შესაწირავების გაღება, სამეფო დარბაზის მოვლა და თანაქრისტიანების მოთხოვნილებებზე ზრუნვა.

      11. ა) როგორ ცხადყო დავითმა, რომ არამარტო სიტყვებით, არამედ საქმეებითაც უჭერდა მხარს მშვიდობას? ბ) როგორ შეგიძლიათ ისწრაფოთ მშვიდობისკენ კრებაში?

      11 დავითმა მშვიდობისკენ სწრაფვის კარგი მაგალითი მოგვცა. მას ორჯერ ჰქონდა საულის მოკვლის შესაძლებლობა. ორივე შემთხვევაში მან თავი აარიდა ძალადობას; ის პატივისცემით ელაპარაკებოდა მეფეს, რომ მშვიდობა აღედგინა (1 სამუელი 24:8—11; 26:17—20). როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კრების სიმშვიდეს საფრთხე ემუქრება? ჩვენ უნდა ‘ვეძიოთ მშვიდობა და მისკენ ვისწრაფოთ’. ამიტომ, თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენსა და თანაქრისტიანს შორის ურთიერთობა დაიძაბა, უნდა გავითვალისწინოთ იესოს რჩევა, „ჯერ შენს ძმას შეურიგდი“, და შემდეგ მივიღოთ მონაწილეობა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში (მათე 5:23, 24; ეფესოელები 4:26).

      ღვთისმოშიშებას უამრავი კურთხევა მოაქვს

      12, 13. ა) რა კურთხევებს იღებენ ღვთისმოშიშები დღეს? ბ) რა უდიდეს ჯილდოს მიიღებენ მალე ღვთის ერთგული თაყვანისმცემლები?

      12 „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ“ (ფსალმუნი 34:15). ღვთის დამოკიდებულება დავითის მიმართ ამტკიცებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას. დღეს ჩვენც განვიცდით სიხარულსა და შინაგან სიმშვიდეს, რადგან ვიცით, რომ იეჰოვას თვალი ჩვენკენ აქვს მოპყრობილი. ჩვენ გვჯერა, რომ ის ყოველთვის ზრუნავს ჩვენს მოთხოვნილებებზე, მაშინაც კი, თუ გასაჭირში ვართ. ჩვენ ვიცით, რომ მალე წინასწარმეტყველების თანახმად, გოგი მაგოგის მიწიდან თავს დაესხმება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს და „იეჰოვას . . . შიშის მომგვრელი დღე“ დაიწყება (იოელი 2:11, 31; ეზეკიელი 38:14—18, 21—23). რაც არ უნდა შეგვემთხვეს, ჩვენზეც შესრულდება დავითის სიტყვები: „მართლებმა შეღაღადეს იეჰოვას, მანაც მოუსმინა და ყველა გასაჭირიდან დაიხსნა ისინი“ (ფსალმუნი 34:17).

      13 რა სასიხარულო იქნება იმის დანახვა, რომ იეჰოვა განადიდებს თავის დიდებულ სახელს! მაშინ, როგორც არასდროს, უდიდესი შიშისა და მოწიწების გრძნობა დაგვეუფლება, ჩვენს მოწინააღმდეგეებს კი დამამცირებელი აღსასრული ექნებათ. „იეჰოვას ცუდის გამკეთებელთა წინააღმდეგ აქვს სახე მიმართული, რათა მოსპოს დედამიწაზე მათი სახსენებელი“ (ფსალმუნი 34:16). რა დიდებული კურთხევა იქნება იეჰოვასგან ხსნა და ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება!

      ღვთის დაპირებები მოთმინებაში გვეხმარება

      14. რა დაგვეხმარება განსაცდელების დროს მოთმინებაში?

      14 იეჰოვას რომ დავემორჩილოთ ამ მტრულად განწყობილ და უზნეო ქვეყნიერებაში, მოთმინება გვჭირდება. ღვთის შიში დიდ დახმარებას გვიწევს, რომ მორჩილება ვისწავლოთ. დღეს ძნელად ასატანი დროა, ამიტომ იეჰოვას ზოგი მსახური დიდი განსაცდელების წინაშე დგას, რაც გულს უტეხს და სულს უმწარებს მათ. მაგრამ ღვთის მსახურებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იეჰოვას თუ მიენდობიან, ის მოთმინების ძალას მისცემს მათ. რა მანუგეშებელია დავითის სიტყვები: „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:18). ის განაგრძობს: „მრავალი უბედურება ხვდება მართალს, მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას“ (ფსალმუნი 34:19). რამდენ განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, იეჰოვას შეუძლია ჩვენი ხსნა.

      15, 16. ა) რა უბედურების შესახებ გაიგო დავითმა 34-ე ფსალმუნის დაწერიდან მალევე? ბ) რა დაგვეხმარება განსაცდელების გადატანაში?

      15 ოცდამეთოთხმეტე ფსალმუნის დაწერიდან მალევე, დავითმა შეიტყო, რომ ნობის მცხოვრებლებს უბედურება დაატყდათ — საულმა გაჟლიტა ქალაქის მოსახლეობა და მღვდლების დიდი ნაწილი. ალბათ, ძალიან დამამწუხრებელი იქნებოდა დავითისთვის იმის გახსენება, რომ ნობში მის ჩასვლას საულის რისხვა მოჰყვა (1 სამუელი 22:13, 18—21). ის უეჭველად მიმართავდა იეჰოვას დახმარებისთვის და ნუგეშცემული იქნებოდა მართალთა აღდგომის იმედით (საქმეები 24:15).

      16 დღეს ჩვენც გვანუგეშებს მკვდრეთით აღდგომის იმედი. ჩვენ ვიცით, რომ მტრებს არ შეუძლიათ გამოუსწორებელი ზიანის მოყენება (მათე 10:28). დავითიც დარწმუნებული იყო ამაში. მან თქვა: „ის იცავს [მართლის] ძვლებს, არც ერთი მათგანი არ გადატყდება“ (ფსალმუნი 34:20). ეს მუხლი პირდაპირი გაგებით შესრულდა იესოზე. თუმცა იესო სასტიკად მოკლეს, არც ერთი მისი ძვალი არ გადატეხილა (იოანე 19:36). მაგრამ ფსალმუნის 34:20 ჩვენც გვეხება. ეს მუხლი გვარწმუნებს, რომ რა სირთულეების წინაშეც არ უნდა იყვნენ სულითცხებულები და მათი თანამსახური „სხვა ცხვრები“, გამოუსწორებელ ზიანს მათ ვერავინ მიაყენებს. გადატანითი მნიშვნელობით, მათი ძვლები არასდროს გადატყდება (იოანე 10:16).

      17. რა უბედურება დაატყდებათ თავს იეჰოვას ხალხის მოძულეებს?

      17 ბოროტებისთვის საქმე სხვაგვარად დგას. მალე ისინი მოიმკიან იმ ბოროტების ნაყოფს, რასაც თესავდნენ. „უბედურება მოკლავს ბოროტს; მართლის მოძულეები დამნაშავეებად ჩაითვლებიან“ (ფსალმუნი 34:21). ყველას, ვინც ღვთის ხალხის დევნას განაგრძობს, არნახული უბედურება დაატყდება თავს. იესო ქრისტეს გამოცხადებისას „ისინი სასჯელად მარადიულ განადგურებას მიიღებენ“ (2 თესალონიკელები 1:9).

      18. რა გაგებით არის გამოსყიდული დღეს „უამრავი ხალხი“ და რა ელით მათ მომავალში?

      18 დავითის ფსალმუნი მთავრდება შემდეგი გამამხნევებელი სიტყვებით: „იეჰოვა გამოისყიდის თავის მსახურთა სულებს; არც ერთი, ვინც მას აფარებს თავს, დამნაშავედ არ ჩაითვლება“ (ფსალმუნი 34:22). თავისი ორმოცწლიანი მეფობის დასასრულს დავითმა თქვა: „[ღმერთმა] ყველა გასაჭირიდან იხსნა ჩემი სული“ (1 მეფეები 1:29). დავითის მსგავსად, მალე იეჰოვას მოშიშებიც გაიხსენებენ წარსულს და გაიხარებენ იმით, რომ გამოსყიდულნი არიან ყველა დანაშაულისგან და გათავისუფლებულნი — ყველა განსაცდელისგან. ცხებული ქრისტიანების დიდმა ნაწილმა უკვე მიიღო ზეციერი ჯილდო. დღეს „უამრავი ხალხი“ ყველა ერიდან უერთდება იესოს ძმებს ღვთის მსახურებაში და შედეგად იეჰოვას თვალში ისინი წმინდები არიან. ეს შესაძლებელი გახდა იესოს დაღვრილი სისხლისადმი რწმენის საფუძველზე. ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს ისინი სრულად ისარგებლებენ იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდით და სრულყოფილებას მიაღწევენ (გამოცხადება 7:9, 14, 17; 21:3—5).

      19. რის კეთებას განაგრძობს კვლავაც „უამრავი ხალხი“?

      19 რატომ მიიღებს ღვთის თაყვანისმცემელი „უამრავი ხალხი“ ამ კურთხევებს? მათ ეშინიათ იეჰოვასი, მოწიწებით ემსახურებიან მას და მოკრძალებით ემორჩილებიან. მართლაც, ღვთის შიშს ბედნიერება მოაქვს უკვე დღეს და გვეხმარება, ‘ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს’ — მარადიულ სიცოცხლეს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (1 ტიმოთე 6:12, 18, 19; გამოცხადება 15:3, 4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება