-
კითხვების ეფექტურად გამოყენებამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
გაკვეთილი 44
კითხვების ეფექტურად გამოყენება
რადგან კითხვები პასუხს მოითხოვს — სიტყვიერად იქნება ეს თუ გონებაში — ისინი მსმენელს პასიურობის საშუალებას არ აძლევს. კითხვებით საუბრის დაწყებაც შეგიძლია, რასაც შეიძლება საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოჰყვეს. როგორც მომხსენებელმა და მასწავლებელმა, კითხვები შეგიძლია გამოიყენო მსმენელის ინტერესის აღსაძვრელად, მის დასაფიქრებლად ან შენივე სიტყვების ხაზგასასმელად. კითხვების ოსტატურად დასმით ადამიანს ეხმარები, იყოს აქტიური მსმენელი და იფიქროს მოსმენილზე. გახსოვდეს შენი მიზანი და კითხვები ამ მიზნის გათვალისწინებით დასვი.
-
-
კითხვების ეფექტურად გამოყენებამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
კითხვებით მნიშვნელოვან აზრებზე გადასვლა. მსმენელთა ჯგუფს ესაუბრები თუ ცალკეულ პიროვნებას, ეცადე, რომ მნიშვნელოვან აზრებზე გადასვლამდე დასვა კითხვები. შენ მიერ დასმული კითხვები მსმენელისთვის საინტერესო საკითხს უნდა ეხებოდეს. აგრეთვე შეგიძლია გამოიყენო ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი შეკითხვებიც, რომლებზეც, ერთი შეხედვით, პასუხის გაცემა ძნელია. თუ კითხვის დასმის შემდეგ ხანმოკლე პაუზას გააკეთებ, ამით მსმენელს ერთიორად გაუზრდი ინტერესს.
ერთხელ წინასწარმეტყველმა მიქამ ერთიმეორის მიყოლებით რამდენიმე კითხვა დასვა. მან ჯერ იკითხა, რას მოითხოვდა ღმერთი თავისი თაყვანისმცემლებისგან. შემდეგ დასვა კიდევ ოთხი კითხვა, რომლებშიც პირველი კითხვის სავარაუდო პასუხები იყო მოცემული. ეს შეკითხვები მკითხველს დაეხმარებოდა იმ მნიშვნელოვანი პასუხის კარგად გაგებაში, რომლითაც მიქამ მსჯელობა დაასრულა (მიქ. 6:6—8). შენც ხომ არ გამოიყენებდი სწავლების დროს მსგავს მეთოდს? სცადე.
თემის ირგვლივ მსჯელობა. კითხვების გამოყენებით შეგიძლია მსმენელს დაეხმარო იმაში, რომ მიხვდეს მსჯელობის ლოგიკას. იეჰოვა ასე მოიქცა, როდესაც ისრაელებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცა, როგორც ეს მალაქიას 1:2—10-შია ნაჩვენები. მან თავიდან ასეთი რამ უთხრა მათ: „მე მიყვარხართ“. ისინი არ აფასებდნენ ამ სიყვარულს, ამიტომ იეჰოვა ეკითხება: „განა ესავი იაკობის ძმა არ იყო?!“. შემდეგ იეჰოვა მოიხსენიებს ედომის გაუკაცრიელებას იმის საჩვენებლად, რომ ბოროტების გამო ეს ერი არ უყვარდა. გარდა ამისა, მას მოჰყავს მაგალითები და, ამავე დროს, სვამს კითხვებს იმის ხაზგასასმელად, რომ ისრაელი სათანადოდ არ პასუხობს მის სიყვარულს. ზოგიერთი კითხვა ისეთი ფორმით არის მოცემული, თითქოს მას ორგული მღვდლები სვამენ, ზოგს კი უშუალოდ იეჰოვა უსვამს მღვდლებს. ეს დიალოგი ჩვენს ყურადღებას იპყრობს და გულგრილს არავის ტოვებს. მსჯელობის ლოგიკა უზადოა, ხოლო მასში მოცემული ცნობა — დაუვიწყარი.
ზოგიერთი მომხსენებელი მსგავსი ოსტატობით იყენებს კითხვებს. თუმცა მსმენელი ამ დროს ხმამაღლა არ პასუხობს, ის გონებითაა ჩაბმული მსჯელობაში, თითქოს დიალოგში მონაწილეობს.
-
-
კითხვების ეფექტურად გამოყენებამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
ხაზგასმის მიზნით დასმული კითხვები. კითხვების გამოყენება აზრის ხაზგასასმელადაც შეიძლება. პავლემ ამ მიზნით გამოიყენა კითხვები რომაელების 8:31, 32-ში: „თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ გამოვა ჩვენ წინააღმდეგ? ის, ვინც საკუთარი ძე გაიმეტა და ყველა ჩვენგანისთვის შესწირა, განა მასთან ერთად სხვა ყველაფერსაც არ გვიბოძებს?“. ყურადღება მიაქციე იმას, რომ თითოეული წინადადების კითხვითი ნაწილი აძლიერებს ამ წინადადების პირველ ნაწილში მოცემულ აზრს.
წინასწარმეტყველმა ესაიამ ბაბილონის მეფისთვის იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენი დაწერა და ამ სიტყვების უტყუარობისადმი თავისი მტკიცე ნდობა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გადაწყვიტა და ვინ ჩაშლის?! მისი ხელი გაწვდილია და უკან ვინ წააღებინებს მას?!“ (ეს. 14:27). კითხვის შინაარსი ისეთია, რომ მასში მოცემული მტკიცების უარყოფა შეუძლებელია და, ამგვარად, პასუხს არ საჭიროებს.
მცდარი აზროვნების გამოსააშკარავებელი კითხვები. კარგად გააზრებული კითხვები მცდარი აზროვნების გამოსააშკარავებელი ეფექტური საშუალებაა. სანამ ერთ მამაკაცს განკურნავდა, იესომ ფარისევლებსა და კანონის მცოდნეებს ასეთი კითხვა დაუსვა: „ნებადართულია შაბათს განკურნება?“. მამაკაცის განკურნების შემდეგ კი მათ ჰკითხა: „რომელიმე თქვენგანს რომ შაბათს შვილი ან ხარი ჭაში ჩაუვარდეს, განა მაშინვე არ ამოიყვანს?“ (ლუკ. 14:1—6). იესო პასუხს არ ელოდა და არც მათ უცდიათ პასუხის გაცემა. კითხვებით მათი მცდარი აზროვნება გამოაშკარავდა.
დროდადრო შეიძლება ჭეშმარიტ ქრისტიანებსაც განუვითარდეთ მცდარი აზროვნება. პირველ საუკუნეში მცხოვრები ზოგიერთი კორინთელი ქრისტიანი სულიერ ძმებს სასამართლოში უჩიოდა იმ პრობლემების გამო, რომლებიც მათ ერთმანეთში უნდა გადაეწყვიტათ. როგორ მოიქცა ამ შემთხვევაში პავლე? მათი აზროვნების გამოსასწორებლად პავლემ რამდენიმე მიზანმიმართული კითხვა დასვა (1 კორ. 6:1—8).
-